ყოველდღე ითანამშრომლეთ იეჰოვასთან
„ჩვენ ღვთის თანამშრომელნი ვართ“ (1 კორ. 3:9)
1. რა მხრივ შეგვიძლია იეჰოვასთან თანამშრომლობა?
შემოქმედმა განჭვრიტა, რომ სრულყოფილი ადამიანები მასთან ითანამშრომლებდნენ მისი განზრახვების შესასრულებლად. არასრულყოფილების მიუხედავად, ღვთის ერთგულებს შეუძლიათ იეჰოვასთან ყოველდღიურად თანამშრომლობა. მაგალითად, სასიხარულო ცნობის ქადაგებითა და მოწაფეების მომზადების საქმიანობაში მონაწილეობით „ღვთის თანამშრომელნი“ ვხდებით (1 კორ. 3:5—9). დაფიქრდით, რამხელა პატივი გვხვდა წილად, რომ ვითანამშრომლოთ ყოვლისშემძლე ღმერთთან და მისთვის მნიშვნელოვანი საქმის შესრულებაში მივიღოთ მონაწილეობა. თუმცა იეჰოვასთან თანამშრომლობის საშუალებას მხოლოდ ქადაგება და მოწაფეების მომზადების საქმე როდი გვაძლევს. ამ სტატიაში შევეხებით ისეთ მხარეებს, როგორიცაა: ოჯახის წევრებისა თუ თანაქრისტიანების დახმარება, სტუმართმოყვარეობის გამოვლენა, თეოკრატიულ პროექტებში მოხალისედ მსახურება და მსახურების გაფართოება (კოლ. 3:23).
2. რატომ იქნება არაგონივრული, თუ საკუთარ შესაძლებლობებს სხვისას შევადარებთ?
2 ამ სტატიის განხილვისას შეეცადეთ, რომ საკუთარი შესაძლებლობები სხვისას არ შეადაროთ. გახსოვდეთ, რომ ყველას განსხვავებული ჯანმრთელობა, ასაკი, მდგომარეობა და შესაძლებლობები გვაქვს. მოციქულმა პავლემ ღვთივშთაგონებით თქვა: „თითოეულმა თავისი საქმე გამოსცადოს და მხოლოდ მაშინ ექნება დიდი სიხარულის მიზეზი თავისით და არა საკუთარი თავის სხვასთან შედარებით“ (გალ. 6:4).
დაეხმარეთ ოჯახის წევრებსა და თანაქრისტიანებს
3. რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ის, ვინც ოჯახზე ზრუნავს, ღმერთთან თანამშრომლობს?
3 იეჰოვა თავისი მსახურებისგან მოელის, რომ ოჯახის წევრებზე იზრუნებენ. მაგალითად, შეიძლება მუშაობთ, რათა თქვენს ახლობლებზე იზრუნოთ. დედებს სახლში ყოფნა და თავიანთ პატარებზე ზრუნვა უწევთ, ზოგი კი თავის დაუძლურებულ მშობლებზე ზრუნავს. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა საქმე უმნიშვნელოვანესია. ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „ცხადია, ვინც თავისიანებზე არ ზრუნავს, განსაკუთრებით კი ოჯახის წევრებზე, რწმენა უარყო და ურწმუნოზე უარესია“ (1 ტიმ. 5:8). თუ თქვენც გაკისრიათ ეს პასუხისმგებლობები, ალბათ, თეოკრატიულ საქმეებში მონაწილეობას იმდენ დროს ვერ უთმობთ, რამდენიც გსურთ. მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ! იეჰოვა იწონებს თავის მსახურებს, რომლებიც ოჯახზე ზრუნავენ (1 კორ. 10:31).
4. როგორ აყენებენ მშობლები საკუთარ ინტერესებზე წინ თეოკრატიულ ინტერესებს და რა შედეგი მოაქვს ამას?
4 ქრისტიანი მშობლები თანამშრომლობენ იეჰოვასთან, როცა შვილებს თეოკრატიული მიზნების დასახვაში ეხმარებიან. მოგვიანებით მათი შვილები სრული დროით მსახურები ხდებიან და დაშორებულ ტერიტორიებზეც კი გადადიან საქადაგებლად. ზოგი დღეს მისიონერია, სხვები პიონერად მსახურობენ იქ, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა, ზოგიც ბეთელში მსახურობს. დაშორებულ ტერიტორიაზე მსახურების გამო ოჯახის წევრები ისე ხშირად ვეღარ ნახულობენ ერთმანეთს, როგორც უწინ. მიუხედავად ამისა, უანგარო მშობლები მოუწოდებენ შვილებს, არ შეწყვიტონ თავიანთი მსახურება. მათ დიდ სიხარულსა და კმაყოფილებას ანიჭებს იმის ცოდნა, რომ მათი შვილები სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებენ (3 იოან. 4). შესაძლოა ამ მშობლებიდან ბევრი ხანას მსგავსად ფიქრობს, რომელმაც თქვა, რომ თავისი ვაჟი სამუელი იეჰოვას მიაბარა. იეჰოვასთან ასეთ თანამშრომლობას მშობლები მართებულად მიიჩნევენ დიდ პატივად. მათ სხვაგვარად ვერც კი წარმოუდგენიათ (1 სამ. 1:28).
5. რა პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა შეგიძლიათ კრების წევრებისთვის? (იხილეთ სურათი 23-ე გვერდზე)
5 თუ სერიოზული ოჯახური პასუხისმგებლობები არ გაკისრიათ, შეგიძლიათ დაეხმაროთ დაუძლურებულ და ხანდაზმულ თანაქრისტიანებს ან მათ, ვინც ავადმყოფ ოჯახის წევრებს უვლის ან სხვა მხრივ საჭიროებს მხარში დგომას? კარგი იქნება, თუ მიმოიხედავთ კრებაში და შენიშნავთ, ვის სჭირდება დახმარება. იქნებ შეგიძლიათ ქრისტიანი დის მოხუც მშობელთან დარჩეთ, სანამ ის სხვა საქმეებს გააკეთებს. ან იქნებ შეგიძლიათ კრებაზე წაყვანა შესთავაზოთ მათ, ვისაც დახმარება სჭირდება, გაეგზავნოთ საყიდლებსა თუ სხვა საქმეებზე ან მოინახულოთ საავადმყოფოში? თუ ასე მოიქცევით, შეიძლება იეჰოვამ მათ ლოცვებს თქვენი მეშვეობით უპასუხოს და ამგვარად ითანამშრომლოთ იეჰოვასთან (წაიკითხეთ 1 კორინთელების 10:24).
იყავით სტუმართმოყვარენი
6. რა იგულისხმება სტუმართმოყვარეობის გამოვლენაში?
6 ღვთის თანამსახურები სტუმართმოყვარენი არიან. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში „სტუმართმოყვარეობად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა „უცხოთა სიყვარულს“ ნიშნავს (ებრ. 13:2). ღვთის სიტყვაში მოთხრობილი შემთხვევები ასეთი სიყვარულის გამოვლენას გვასწავლის (დაბ. 18:1—5). თანამორწმუნეებს ვეხმარებით თუ სხვებს, ხელიდან არ უნდა გავუშვათ შესაძლებლობა და რეგულარულად უნდა აღმოვუჩინოთ მათ დახმარება (გალ. 6:10).
7. რატომ არის კარგი სრული დროით მსახურების მიმართ სტუმართმოყვარეობის გამოჩენა?
7 შეგიძლიათ ითანამშრომლოთ ღმერთთან და სტუმართმოყვარულად მიიღოთ სრული დროით მსახურები, რომელთაც ღამის გასათევი სჭირდებათ? (წაიკითხეთ 3 იოანეს 5, 8). ასეთ დროს ხშირად გვეძლევა ურთიერთგამხნევების შესაძლებლობა (რომ. 1:11, 12). განვიხილოთ ოლაფის შემთხვევა. ის იხსენებს, რომ რამდენიმე ათეული წლის წინ ვერავინ დააბინავა მათ კრებაში მისული დაუქორწინებელი სარაიონო ზედამხედველი. ახალგაზრდა ოლაფმა სთხოვა მშობლებს, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არ იყვნენ, შეიძლებოდა თუ არა სარაიონო ზედამხედველი მათ ოჯახში დარჩენილიყო. ისინი დათანხმდნენ, თუმცა ოლაფს დივანზე მოუწევდა დაძინება. მას უღირდა ამ მსხვერპლზე წასვლა. „შესანიშნავი კვირა იყო, — იხსენებს ოლაფი. — მე და სარაიონო ზედამხედველი ყოველდღე დილაადრიან ვდგებოდით და საუზმის დროს ბევრ საინტერესო თემაზე ვსაუბრობდით. ამ გამამხნევებელმა საუბრებმა სრული დროით მსახურების სურვილი გამიჩინა“. უკვე 40 წელზე მეტია ოლაფი მისიონერია და არაერთ ქვეყანაში მოუწია მსახურება.
8. რატომ უნდა გამოვავლინოთ სიკეთე მაშინაც კი, როცა თავიდან არ აფასებენ მას? მოიყვანეთ მაგალითი.
8 „უცხოთა“ მიმართ სიყვარულის გამოვლენა სხვადასხვა მხრივ შეგიძლიათ მაშინაც კი, თუ თავიდან ამას არ აფასებენ. მაგალითად, ესპანეთში ერთმა მაუწყებელმა ბიბლიის შესწავლის დროს შენიშნა, რომ შემსწავლელი, სახელად ჯესიკა, რომელიც ეკვადორიდან იყო, ცრემლებს ვერ იკავებდა. როცა მაუწყებელი დაინტერესდა, რატომ ტიროდა, ჯესიკამ უთხრა, რომ ესპანეთში ემიგრირებამდე ის სიღატაკეში ცხოვრობდა. ერთ დღეს საჭმელი საერთოდ არ ჰქონდათ და თავისი პატარა გოგონა მხოლოდ წყალზე ჰყავდა. ჯესიკა ბავშვის დაძინებას ცდილობდა და თან ღმერთს ლოცვაში დახმარებას სთხოვდა. მალევე მის კარზე ორმა იეჰოვას მოწმემ დააკაკუნა, თუმცა ჯესიკამ მათ უხეშად უპასუხა, დების მიერ შეთავაზებული ჟურნალი დახია და უთხრა: „ეს ვაჭამო ბავშვს?!“. დები მის დამშვიდებას შეეცადნენ, მაგრამ ამაოდ. მოგვიანებით მათ ჯესიკას კართან საჭმლით სავსე კალათა დატოვეს, რამაც ძალიან იმოქმედა მასზე. ჯესიკა შესწავლის დროს მიხვდა, რომ მაშინ ღმერთმა ლოცვაზე უპასუხა, მაგრამ მან ეს არ დააფასა. ახლა მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ იეჰოვასთვის ემსახურა. რა შესანიშნავი შედეგი მოჰყვა დების მიერ გამოვლენილ გულუხვობას! (ეკლ. 11:1, 6).
მოხალისედ მსახურება თეოკრატიულ პროექტებში
9, 10. ა) როდის გაჩნდა ბიბლიურ დროში ღვთის ხალხს შორის მოხალისეების საჭიროება? ბ) დღეს როგორ შეუძლიათ მონდომებულ ძმებს კრების დახმარება?
9 ისრაელების ისტორიის მანძილზე არაერთხელ შეიქმნა მოხალისეების საჭიროება (გამ. 36:2; 1 მატ. 29:5; ნეემ. 11:2). დღესაც არაერთი საშუალება გვეძლევა, რომ ნებაყოფლობით გავიღოთ და-ძმების დასახმარებლად საკუთარი დრო, ენერგია და შესაძლებლობები. ასე მოქმედებას უდიდესი სიხარული და აურაცხელი კურთხევები მოჰყვება.
10 ღვთის სიტყვა მოუწოდებს ძმებს, ითანამშრომლონ იეჰოვასთან და მომსახურედ ან უხუცესად მსახურებისკენ ისწრაფონ (1 ტიმ. 3:1, 8, 9; 1 პეტ. 5:2, 3). ასეთი ძმები მზად არიან, და-ძმებს როგორც პრაქტიკული, ისე სულიერი დახმარება აღმოუჩინონ (საქ. 6:1—4). უთხოვიათ თქვენთვის უხუცესებს, რომ მომწესრიგებლად გემსახურათ ან ლიტერატურაზე, უბნებზე, დარბაზის მოვლა-პატრონობასა თუ სხვა მსგავს საქმეებზე გეზრუნათ? ის ძმები, რომლებიც უკვე ასრულებენ ამ საქმეებს, დაგვერწმუნებიან, რომ ასეთი სახის მსახურებას დიდი სიხარული მოაქვს.
11. როგორ დაეხმარნენ ერთ დას სამშენებლო პროექტებზე შეძენილი მეგობრები?
11 თეოკრატიულ პროექტებში მონაწილეობა ახალი მეგობრების შეძენის შესაძლებლობას გვაძლევს. დავფიქრდეთ მარჯის შემთხვევაზე, რომელიც 18 წელი მსახურობს სამეფო დარბაზების მშენებლობაზე. ამ წლების მანძილზე მან არაერთ ახალგაზრდა დას შეასწავლა თავისი საქმე. მისი აზრით, ასეთი პროექტები ერთმანეთის გამხნევების შესანიშნავი საშუალებაა (რომ. 1:12). სამშენებლო პროექტებზე შეძენილი მეგობრები მას მძიმე პერიოდში გვერდში ედგნენ და ამხნევებდნენ. მიგიღიათ მონაწილეობა სამშენებლო პროექტებში? მზად ხართ, გამოსცადოთ ასეთი სახის მსახურება მაშინაც კი, თუ ამ მხრივ არანაირი გამოცდილება არა გაქვთ?
12. როგორ შეგიძლიათ სტიქიური უბედურების დროს დაზარალებული და-ძმების დახმარება?
12 სტიქიური უბედურებების დროს ღვთის მსახურები და-ძმებს პრაქტიკულ დახმარებას უწევენ, რითაც ღმერთთან თანამშრომლობენ. მაგალითად, ისინი დაზარალებულებს ფინანსურად ეხმარებიან (იოან. 13:34, 35; საქ. 11:27—30). გარდა ამისა, დასუფთავებასა თუ აღდგენით სამუშაოებში იღებენ მონაწილეობას. ერთი პოლონელი და გაბრიელა ძალიან გამხნევდა, როცა წყალდიდობის შემდეგ, რომელმაც მისი სახლი მიწასთან გაასწორა, მეზობელი კრებებიდან ძმები მივიდნენ მის დასახმარებლად. ის ამბობს: „დანაკარგზე ლაპარაკი არ მინდა, რადგან ეს მხოლოდ მატერიალური ნივთებია. მინდა, აღვნიშნო, თუ რამდენი რამ შევიძინე. ამ შემთხვევამ დამარწმუნა, რომ ქრისტიანული კრების წევრობა განსაკუთრებული პატივია და უდიდესი სიხარული და ბედნიერება მოაქვს“. ბევრი სტიქიური უბედურებით დაზარალებული, ვისაც დახმარება აღმოუჩინეს, იზიარებს გაბრიელას აზრს. დიდ კმაყოფილებას განიცდიან ის და-ძმებიც, რომლებიც თანამშრომლობენ იეჰოვასთან და ეხმარებიან დაზარალებულებს (წაიკითხეთ საქმეების 20:35; 2 კორინთელების 9:6, 7).
13. როგორ შეიძლება მოხალისედ მსახურებამ განამტკიცოს იეჰოვასთან ჩვენი ურთიერთობა? მოიყვანეთ მაგალითი.
13 სტეფანის და სხვა და-ძმებს შესაძლებლობა მიეცათ, დახმარებოდნენ შეერთებულ შტატებში ჩასულ ლტოლვილ თანაქრისტიანებს და ამგვარად ეთანამშრომლათ იეჰოვასთან. ისინი ომისგან განადგურებული ქვეყნიდან ჩასულ ოჯახებს საცხოვრებლის მოძებნასა და მის მოწყობაში ეხმარებოდნენ. „იმ სიხარულმა და მადლიერებამ, რომელსაც მსოფლიო საძმოს მიერ გამოვლენილი სიყვარულისთვის გამოხატავდნენ, ჩვენზე ძალიან იმოქმედა, — იხსენებს სტეფანი. — ისინი ფიქრობდნენ, რომ ჩვენ ვეხმარებოდით, სინამდვილეში კი ისინი გვეხმარებოდნენ“. ის დასძენს: „მათმა სიყვარულმა, ერთობამ, რწმენამ და იეჰოვაზე მინდობამ, რასაც საკუთარი თვალით ვხედავდით, კიდევ უფრო გაგვიძლიერა იეჰოვასადმი სიყვარული. შედეგად, უფრო დავაფასეთ ის ყველაფერი, რასაც იეჰოვა თავისი ორგანიზაციის მეშვეობით გვაძლევს“.
გააფართოეთ მსახურება
14, 15. ა) როგორი სულისკვეთება გამოავლინა წინასწარმეტყველმა ესაიამ? ბ) როგორ ავლენენ სამეფოს მქადაგებლები მსგავს სულისკვეთებას?
14 გსურთ, უფრო მეტად ითანამშრომლოთ იეჰოვასთან? მზად ხართ, იქ გადახვიდეთ საქადაგებლად, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა? ფაქტია, გულუხვობის გამოსავლენად მაინცდამაინც შორს წასვლა არ არის საჭირო, მაგრამ ზოგ და-ძმას მდგომარეობა აძლევს საშუალებას, რომ დაშორებულ ტერიტორიებზე იმსახურონ. მათ ისეთივე სულისკვეთება აქვთ, როგორიც წინასწარმეტყველ ესაიას, რომელმაც იეჰოვას კითხვაზე „ვინ გავგზავნო, ვინ გაგვეგზავნება?“, თქვა: „მე წავალ! მე გამგზავნე!“ (ეს. 6:8). თქვენც გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა, რომ მსგავსად გამოეხმაუროთ თეოკრატიულ საჭიროებებს? როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება?
15 ქადაგებასა და მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებით იესომ თქვა: „სამკალი ბევრია, მუშები კი ცოტანი არიან. ამიტომ ევედრეთ სამკლის ბატონს, მუშები გამოგზავნოს თავის სამკალში“ (მათ. 9:37, 38). შეგიძლიათ იქ იმსახუროთ პიონერად, სადაც მეტი საჭიროებაა, ან სხვას დაეხმაროთ ამაში? ბევრმა და-ძმამ გამოსცადა, რომ იეჰოვასა და მოყვასის მიმართ სიყვარულის გამოვლენის საუკეთესო საშუალება ისეთ ტერიტორიებზე პიონერად მსახურებაა, სადაც „მუშები“ არიან საჭირო. დაფიქრდით, კიდევ როგორ შეგიძლიათ მსახურების გაფართოება, რასაც ენით აუწერელი სიხარული მოაქვს?
16, 17. კიდევ როგორ შეგიძლიათ მსახურების გაფართოება?
16 მზად ხართ, დროებით თუ შტატგარეშე თანამშრომლად იმსახუროთ ბეთელში ან თეოკრატიული შენობების მშენებლობაზე? იეჰოვას ორგანიზაციაში ყოველთვის საჭირონი არიან ისეთი და-ძმები, რომლებიც მზადყოფნით მსახურობენ იქ, სადაც ამის საჭიროებაა და აკეთებენ ყველაფერს, რასაც კი დაავალებენ. მათ შეიძლება სულაც არ იმუშაონ თავიანთი სპეციალობით და ისეთი საქმის გაკეთება მოუწიოთ, რის გამოცდილებაც საერთოდ არა აქვთ. თუმცა იეჰოვა აფასებს იმ და-ძმების თავგანწირვის სულს, რომლებიც მზადყოფნით მსახურობენ იქ, სადაც ამის დიდი საჭიროებაა (ფსალმ. 110:3).
17 გსურთ, მეტი ცოდნა მიიღოთ, რათა უკეთ იყოთ მომზადებული წმინდა მსახურების შესასრულებლად? თუ ასეა, შეგიძლიათ სამეფოს მახარობელთა სკოლის ბლანკი შეავსოთ. ამ სკოლაში სულიერად მოაზროვნე და-ძმები სწავლობენ, რომლებიც სრული დროით მსახურობენ და მზად არიან მსახურების გასაფართოებლად. ისინი, ვინც სამეფოს მახარობელთა სკოლის ბლანკს ავსებენ, მზად უნდა იყვნენ, იქ იმსახურონ, სადაც სკოლის დამთავრების შემდეგ დანიშნავენ. მზად ხართ, ხელიდან არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა და უფრო მეტი გააკეთოთ იეჰოვას მსახურებაში? (1 კორ. 9:23).
18. რა კურთხევებს ვიღებთ, როცა ყოველდღე ვთანამშრომლობთ იეჰოვასთან?
18 როგორც იეჰოვას ხალხი, ჩვენ ყოველდღე ვზრუნავთ სხვებზე და ვავლენთ გულუხვობას, სიკარგეს, სიკეთესა და სიყვარულს. შედეგად სიხარულს, მშვიდობასა და ბედნიერებას ვიღებთ (გალ. 5:22, 23). არა აქვს მნიშვნელობა, რამდენის გაკეთების საშუალებას გაძლევთ მდგომარეობა, თქვენც იგრძნობთ სიხარულს, თუ მიჰბაძავთ იეჰოვას გულუხვობაში და იქნებით მისი ძვირფასი თანამშრომლები (იგავ. 3:9, 10).