თქვენ ხართ სანდო მმართველი!
„თქვენ საკუთარ თავს აღარ ეკუთვნით“ (1 კორ. 6:19).
1. რა ახსენდებათ ადამიანებს, როდესაც ფიქრობენ მონობაზე?
დაახლოებით 2 500 წლის წინ ერთმა ბერძენმა დრამატურგმა დაწერა: „არავინ იდგამს მონობის უღელს თავისი ნებით“. დღეს ბევრი ეთანხმება ამ აზრს. მონობაზე ფიქრისას ადამიანებს თვალწინ დაჩაგრული ხალხი წარმოუდგებათ, რომლებსაც იძულებით ამუშავებენ და რომელთა შრომასა და მსხვერპლს სარგებლობა მოაქვს, ოღონდ არა მონებისთვის, არამედ მათი ბატონებისთვის.
2, 3. ა) რა პასუხისმგებლობები აქვთ მინდობილი მონებს ანუ ქრისტეს მსახურებს? ბ)მმართველებთან დაკავშირებით რა კითხვებს განვიხილავთ?
2 იესომ აღნიშნა, რომ მისი მოწაფეები იქნებოდნენ თავმდაბალი მსახურები ანუ მონები. მაგრამ ის, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები მონები არიან, სულაც არ ნიშნავს, რომ მათ ამცირებენ ან ჩაგრავენ. ამ მონებს პატივს სცემენ და ენდობიან. მაგალითად, დავფიქრდეთ, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე რა თქვა იესომ ერთ „მონაზე“. ქრისტემ იწინასწარმეტყველა, რომ ის გარკვეულ დავალებებს მისცემდა „ერთგულ და გონიერ მონას“. მან დასძინა, რომ ამ მონას ექნებოდა სერიოზული პასუხისმგებლობა და პატივი. იესო მას მთელ თავის „ქონებას“ ჩააბარებდა (მათ. 24:45—47).
3 აღსანიშნავია, რომ პარალელურ მუხლებში ამ მონას ეწოდება „მმართველი“ (წაიკითხეთ ლუკას 12:42—44). დღეს მცხოვრები გულმოდგინე ქრისტიანების უმეტესობა არ არის ამ ერთგული მმართველის ნაწილი. მაგრამ წმინდა წერილებიდან ვხედავთ, რომ ყველა, ვინც ღმერთს ემსახურება, მმართველია. რა პასუხისმგებლობები აკისრიათ მათ? როგორ უნდა უყურებდნენ ისინი ამ პასუხისმგებლობებს? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად განვიხილოთ, თუ რა მოვალეობები ეკისრათ ძველად მმართველებს.
მმართველები და მათი მოვალეობები
4, 5. რა მოვალეობები ეკისრათ ძველად მმართველებს? მოიყვანეთ მაგალითი.
4 ძველად მმართველი იყო სანდო მონა, რომელიც ბატონის სახლეულობასა და მის სავაჭრო საქმეებს განკარგავდა. როგორც წესი, მას საკმაო ძალაუფლება ჰქონდა; ის განაგებდა ბატონის ქონებასა და ფულს და ზედამხედველობდა სხვა მონებს. ამის მაგალითია ელიეზერი, რომელსაც ევალებოდა აბრაამის მთელ ქონებაზე ზრუნვა. შესაძლოა, ის გაგზავნა აბრაამმა შუამდინარეთში, თავისი ვაჟისთვის, ისაკისთვის, ცოლის მოსაყვანად. ეს მართლაც, მნიშვნელოვანი და სერიოზული დავალება იყო (დაბ. 13:2; 15:2; 24:2—4).
5 აბრაამის შვილთაშვილი იოსები ფოტიფარის სახლზე იყო დაყენებული (დაბ. 39:1, 2). მოგვიანებით იოსებსაც ჰყავდა მმართველი, რომელსაც მისი სახლი ებარა. ამ მმართველმა ორგანიზება გაუწია, რომ სათანადოდ დახვედროდნენ იოსების ათ ძმას. სწორედ მან განახორციელა იოსების გეგმა „მოპარულ“ ვერცხლის სასმისთან დაკავშირებით. აშკარაა, რომ მმართველებს თავიანთი ბატონები ძალიან ენდობოდნენ (დაბ. 43:19—25; 44:1—12).
6. მმართველის რა სხვადასხვა მოვალეობა აკისრიათ ქრისტიან უხუცესებს?
6 საუკუნეების შემდეგ მოციქულმა პავლემ დაწერა, რომ ქრისტიანი ზედამხედველები უნდა ყოფილიყვნენ ღვთის მიერ დაყენებული მმართველები (ტიტ. 1:7). ისინი მწყემსავენ „ღვთის სამწყსოს“, და-ძმებს მითითებებს აძლევენ და კრებებს ხელმძღვანელობენ (1 პეტ. 5:1, 2). რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობები მრავალგვარია. მაგალითად, ქრისტიან ზედამხედველთა უმეტესობა მსახურობს რომელიმე კრებაში. მიმომსვლელი ზედამხედველები ზრუნავენ არაერთ კრებაზე; ფილიალის კომიტეტის წევრები კი ზედამხედველობას უწევენ მათ ქვეყანაში არსებულ ყველა კრებას. მაგრამ ყველა უხუცესისგან მოითხოვება თავიანთი პასუხისმგებლობების ერთგულად შესრულება; ისინი ღვთის წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი (ებრ. 13:17).
7. საიდან ვიცით, რომ ყველა ქრისტიანი, გარკვეულწილად, მმართველია?
7 რა შეიძლება ითქვას იმ უამრავ ერთგულ ქრისტიანზე, რომლებიც არ მსახურობენ ზედამხედველებად? მოციქულმა პეტრემ ყველა ქრისტიანს მისწერა: „რა ძღვენიც მიიღეთ თითოეულმა, იმ ძღვნით ემსახურეთ ერთმანეთს, როგორც ღვთის მრავალმხრივ გამოვლენილი წყალობის კარგი მმართველები“ (1 პეტ. 1:1; 4:10). ღმერთმა თავისი წყალობით თითოეული ჩვენგანი დაგვაჯილდოვა ამა თუ იმ ძღვნით, უნარითა და ნიჭით, რომლებიც შეგვიძლია თანაქრისტიანების სასარგებლოდ გამოვიყენოთ. შესაბამისად, ღვთის ყველა მსახური არის მმართველი, რომელთაც იეჰოვა აფასებს, ენდობა და აკისრებს პასუხისმგებლობებს.
ჩვენ ღმერთს ვეკუთვნით
8. რა არის პირველი მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც უნდა გვახსოვდეს?
8 განვიხილოთ სამი პრინციპი, რომლებიც უნდა გვახსოვდეს როგორც მმართველებს. პირველი: ჩვენ ყველა ვეკუთვნით ღმერთს და ანგარიშვალდებულნი ვართ მის წინაშე. პავლემ დაწერა: „თქვენ საკუთარ თავს აღარ ეკუთვნით, რადგან ფასით ხართ ნაყიდნი“ (1 კორ. 6:19, 20). და ეს ფასი ქრისტეს მიერ ჩვენთვის დაღვრილი სისხლია. ვინაიდან იეჰოვას ვეკუთვნით, ვალდებული ვართ, დავემორჩილოთ მის მითითებებს, რომლებიც დამამძიმებელი არ არის (რომ. 14:8; 1 იოან. 5:3). ჩვენ ქრისტეს მონებიც ვართ. ძველ დროს მცხოვრები მმართველების მსგავსად, დიდი თავისუფლება გვაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ისე ვაკეთოთ, როგორც გვინდა. ჩვენ უნდა მივყვეთ მითითებებს. არ აქვს მნიშვნელობა, რა პასუხისმგებლობები გვაკისრია, მაინც ღვთისა და ქრისტეს მსახურები ვართ.
9. როგორ აღწერა იესომ ბატონისა და მონის ურთიერთობა?
9 იესო გვეხმარება, გავიგოთ, როგორი ურთიერთობა აქვთ ბატონსა და მონას. ერთხელ ის მოუყვა მოწაფეებს ერთი მონის შესახებ, რომელიც სახლში მთელი დღის მუშაობის შემდეგ დაბრუნდა. უთხრა ბატონმა მას „დროზე მოდი სუფრასთანო“? არა. ბატონმა უბრძანა: „მომიმზადე ვახშამი, შემოირტყი სარტყელი და მემსახურე, სანამ ვჭამ და ვსვამ, შენ კი მერე ჭამე და სვიო“. რის თქმა უნდოდა იესოს ამ მაგალითით? «ასევე თქვენც, როცა შეასრულებთ ყველაფერს, რაც გევალებათ, თქვით: „უსარგებლო მონები ვართ. ის გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა“» (ლუკ. 17:7—10).
10. საიდან ვიცით, რომ იეჰოვა აფასებს ჩვენს ძალისხმევას, რომელსაც მის მსახურებას ვახმართ?
10 რა თქმა უნდა, იეჰოვა აფასებს ჩვენს ძალისხმევას, რომელსაც მის მსახურებას ვახმართ. ბიბლია გვარწმუნებს: „ღმერთი უმართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა და სიყვარული, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ“ (ებრ. 6:10). იეჰოვა არასდროს გვთხოვს იმაზე მეტს, ვიდრე შეგვიძლია. უფრო მეტიც, ღვთის მოთხოვნები ისევ და ისევ ჩვენ სასიკეთოდ მოქმედებს და არ არის დამამძიმებელი. იესოს იგავში მონა საკუთარი თავის სიამოვნებაზე არ ფიქრობს და პირად ინტერესებს პირველ ადგილზე არ აყენებს. ამ იგავიდან ვსწავლობთ, რომ როდესაც თავს ვუძღვნით ღმერთს, მისი ნების შესრულებას ცხოვრებაში პირველ ადგილზე ვაყენებთ. თქვენც ხომ ასე ფიქრობთ?
რას მოითხოვს იეჰოვა თითოეული ჩვენგანისგან
11, 12. როგორც მმართველებმა, რა თვისებები უნდა გამოვავლინოთ და რას უნდა ვერიდოთ?
11 მეორე პრინციპი: როგორც მმართველები, ყველა ერთსა და იმავე ძირითად მოთხოვნებს ვემორჩილებით. მართალია, ქრისტიანულ კრებაში ცოტას აქვს მინდობილი პასუხისმგებლობა, მაგრამ მოთხოვნათა უმეტესობა ყველასთვის საერთოა. მაგალითად, ჩვენ, როგორც ქრისტეს მოწაფეებს და იეჰოვას მოწმეებს, გვიყვარს ერთმანეთი. იესომ თქვა, რომ სიყვარული არის ჭეშმარიტი ქრისტიანების ამოსაცნობი ნიშანი (იოან. 13:35). მაგრამ ჩვენი სიყვარული მარტო საძმოთი არ შემოიფარგლება. ვცდილობთ, სიყვარული მათ მიმართაც გამოვავლინოთ, ვინც ჩვენს რწმენას არ იზიარებს. ეს არის ის, რაც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია და უნდა აკეთოს კიდეც.
12 ჩვენგან კარგი საქციელიც მოითხოვება. უნდა მოვერიდოთ ისეთ საქციელსა და ცხოვრების სტილს, როგორსაც ღვთის სიტყვა განსჯის. პავლემ დაწერა: „ვერც მეძავები, ვერც კერპთაყვანისმცემლები, ვერც მრუშები, ვერც ის კაცები, რომლებსაც გარყვნილებისთვის იყენებენ, ვერც მამათმავლები, ვერც ქურდები, ვერც ხარბები, ვერც ლოთები, ვერც მლანძღველები და ვერც გამომძალველები ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს“ (1 კორ. 6:9, 10). უნდა აღინიშნოს, რომ ღვთის სამართლიანი მოთხოვნების თანახმად ცხოვრებას ძალისხმევა სჭირდება. მაგრამ ასეთი ძალისხმევა ნამდვილად ღირს, ვინაიდან ამას ჩვენთვის უამრავი კურთხევა მოაქვს, მაგალითად: ვეწევით ისეთ ცხოვრებას, რომელიც კარგი ჯანმრთელობის საწინდარია, სხვებთან გვაქვს კარგი ურთიერთობა და ვიმსახურებთ ღვთის მოწონებას (წაიკითხეთ ესაიას 48:17, 18).
13, 14. რა პასუხისმგებლობა აკისრია ყველა ქრისტიანს და როგორ უნდა ვუყურებდეთ ჩვენ მას?
13 გავიხსენოთ, რომ მმართველი საქმით იყო დაკავებული. ჩვენც ასე ვართ. გვაქვს ძვირფასი ძღვენი — ვიცით ჭეშმარიტება. ღმერთი კი მოელის, რომ ამ ცოდნას ჩვენ სხვებს გავუზიარებთ (მათ. 28:19, 20). პავლემ დაწერა: „დაე, დაინახონ, რომ ქრისტეს ხელქვეითები და ღვთის წმინდა საიდუმლოთა მმართველები ვართ“ (1 კორ. 4:1). პავლემ იცოდა, რომ მმართველად ყოფნაში იგულისხმებოდა, ბატონის ანუ იესოს მითითებისამებრ, როგორც „წმინდა საიდუმლოებებზე“ გულდასმით ზრუნვა, ისე მისი სხვებისთვის გაზიარება (1 კორ. 9:16).
14 ამასთანავე, ჭეშმარიტებაზე სხვებთან საუბარი სიყვარულის გამოვლენაა. რა თქმა უნდა, ყველა ქრისტიანს განსხვავებული მდგომარეობა აქვს და ამიტომ ყველას არ შეუძლია ერთნაირად მსახურება. იეჰოვას ესმის ეს. მნიშვნელოვანია, ვაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია. ასე ჩვენ გამოვავლენთ ღვთისადმი და მოყვასისადმი უანგარო სიყვარულს.
მნიშვნელოვანია ერთგულება
15—17. ა) რატომ არის მმართველისთვის მნიშვნელოვანი ერთგულება? ბ) რა მაგალითით გვაჩვენა იესომ ორგულობის შედეგები?
15 მესამე პრინციპი დაკავშირებულია წინა ორთან: ჩვენ უნდა ვიყოთ ერთგული და სანდო. მმართველს შეიძლება ბევრი კარგი თვისება და უნარი ჰქონდეს, მაგრამ ამას ფასი არ ექნება, თუ ის უპასუხისმგებლოა და არ არის ბატონის ერთგული. ერთგულება მნიშვნელოვანია, რომ იყოთ წარმატებული მმართველი. გავიხსენოთ პავლეს სიტყვები: „მმართველებისგან ერთგულება მოითხოვება“ (1 კორ. 4:2).
16 უდავოა, რომ თუ ერთგულები ვიქნებით, ჯილდოს მივიღებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ დავიმსახურებთ ღვთის მოწონებას. ამ პრინციპს ვხედავთ იესოს იგავში ტალანტების შესახებ. მონებმა, რომლებმაც „ფული ბრუნვაში გაუშვეს“, ქება დაიმსახურეს და უხვი კურთხევები მიიღეს. ხოლო მას, ვინც თავის დავალებას უპასუხისმგებლოდ მოეკიდა, „ბოროტი“, „ზარმაცი“ და „უვარგისი“ მონა ეწოდა. ტალანტი, რომელიც მას მისცეს, წაართვეს, თვითონ კი გააგდეს (წაიკითხეთ მათეს 25:14—18, 23, 26, 28—30).
17 იესომ აგრეთვე მოიხსენია, თუ რა შედეგები მოყვება ორგულობას. მან თქვა: «ერთ მდიდარ კაცს სახლის მმართველი ჰყავდა, რომელზეც ამბავი მიუტანეს, შენს ქონებას ანიავებსო. მან დაიბარა იგი და უთხრა: „ეს რა მესმის შენზე? ჩამაბარე შენი მმართველობის ანგარიში, აღარ იქნები სახლის მმართველი“» (ლუკ. 16:1, 2). ბატონმა დაითხოვა მმართველი, ვინაიდან მან გაანიავა მისი ქონება. მართლაც, რა დამაფიქრებელი გაკვეთილია! ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ ღმერთმა რაც არ უნდა გვთხოვოს, ყველაფერში ერთგულები ვიყოთ.
გონივრულია საკუთარი თავის სხვებთან შედარება?
18. რატომ არ უნდა შევადაროთ საკუთარი თავი სხვებს?
18 თითოეულ ჩვენგანს შეუძლია საკუთარ თავს ჰკითხოს: როგორი მმართველი ვარ? პრობლემებმა შეიძლება მაშინ იჩინოს თავი, როცა საკუთარ თავს სხვებს ვადარებთ. ბიბლია გვირჩევს: „თითოეულმა თავისი საქმე გამოსცადოს და მხოლოდ მაშინ ექნება დიდი სიხარულის მიზეზი თავისით და არა საკუთარი თავის სხვასთან შედარებით“ (გალ. 6:4). საკუთარი თავის სხვებთან შედარების ნაცვლად, იმაზე უნდა ვიფიქროთ, პირადად რის გაკეთება შეგვიძლია. ეს არა მარტო სიამაყისგან დაგვიცავს, არამედ გულგატეხილობისგანაც. იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენი მდგომარეობაც იცვლება. შესაძლოა, ცუდი ჯანმრთელობის, ასაკისა და სხვადასხვა პასუხისმგებლობის გამო იმდენს ვეღარ ვაკეთებთ, რამდენსაც ადრე. მეორე მხრივ, ჩვენ შეიძლება იმაზე მეტის გაკეთება შევძლოთ, ვიდრე ახლა ვაკეთებთ. თუ ასეა, რატომ არ შევეცდებოდით, უფრო მეტის გაკეთებას?
19. რატომ არ უნდა გაგვიტყდეს გული, თუ არ მივიღებთ გარკვეულ პასუხისმგებლობას?
19 კიდევ ერთი მხარე, რომელზეც უნდა დავფიქრდეთ ის არის, თუ რა პასუხისმგებლობები გვაქვს ან გვსურს, რომ მივიღოთ. მაგალითად, შეიძლება ძმას სურდეს კრებაში უხუცესად მსახურება ან კონგრესზე თემით გამოსვლა. კარგია, თუ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რომ შევესაბამებოდეთ ასეთი პასუხისმგებლობების მისაღებად საჭირო მოთხოვნებს; მაგრამ გული არ უნდა გაგვიტყდეს, თუ ვერ მივიღებთ მათ მაშინ, როცა ჩვენ ველით. გარკვეული მიზეზების გამო, რომლებიც შესაძლოა, არ გვესმის, ესა თუ ის პასუხისმგებლობა შეიძლება ბევრად უფრო გვიან მივიღოთ, ვიდრე ველით. გავიხსენოთ, რომ მოსეს ეგონა, მზად იყო ისრაელების ეგვიპტიდან გამოსაყვანად, მაგრამ მას ამისთვის 40 წელი ცდა მოუწია. ამ დროის განმავლობაში მოსეს განუვითარდა თვისებები, რომლებიც ქედმოუხრელი და მოჯანყე ხალხის გასაძღოლად სჭირდებოდა (საქ. 7:22—25, 30—34).
20. რა შეგვიძლია ვისწავლოთ იონათანის მაგალითიდან?
20 ზოგჯერ შეიძლება გარკვეული პასუხისმგებლობა არასდროს მივიღოთ. ასე იყო იონათანის შემთხვევაშიც. ის იყო საულის ვაჟი და ისრაელის მომდევნო მეფე ის უნდა გამხდარიყო. მაგრამ ღმერთმა მეფედ ბევრად ახალგაზრდა დავითი აირჩია. როგორ შეხვდა ამას იონათანი? ის არ შეეწინააღმდეგა ღვთის ამ გადაწყვეტილებას და საკუთარი სიცოცხლე არაერთხელ ჩაიგდო საფრთხეში, დავითისთვის რომ მხარი დაეჭირა. მან უთხრა დავითს: „შენ გახდები ისრაელის მეფე, მე კი შენ შემდეგ მეორე კაცი ვიქნები“ (1 სამ. 23:17). რას ვსწავლობთ ამ შემთხვევიდან? იონათანს ამის გამო წუწუნი არ დაუწყია და, მამამისისგან განსხვავებით, არ შეშურებია დავითის. ნაცვლად იმისა, რომ შეგვშურდეს მათი, ვისაც ამა თუ იმ პასუხისმგებლობას ანიჭებენ, თითოეული ჩვენგანი კონცენტრირებული უნდა იყოს დაკისრებული დავალებების შესრულებაზე. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ახალ ქვეყნიერებაში იეჰოვა დააკმაყოფილებს თავის ყველა მსახურის მართებულ სურვილებს.
21. როგორი მმართველები უნდა ვიყოთ?
21 ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ სანდო მმართველები და არა მონები, რომელთაც ამცირებენ და ჩაგრავენ. პირიქით, იეჰოვა გვაფასებს და გვენდობა. მან მოგვანდო საქმე, რომელიც აღარასოდეს გამეორდება — ამ ქვეყნიერების ბოლო დღეებში სასიხარულო ცნობის გაცხადება. ამ საქმის კეთებისას გვაქვს დიდი თავისუფლება, თუ როგორ შევასრულებთ ჩვენს პასუხისმგებლობებს. ამიტომ, მოდი, ვიყოთ ერთგული მმართველები და ყოველთვის დავაფასოთ ის, რომ ვართ სამყაროში ყველაზე უდიდესი პიროვნების მსახურები.