მკითხველთა შეკითხვები
რამდენად უნდა შეეწინააღმდეგოს ერთგული ქრისტიანი ცოლი მეუღლეს მაშინ, როცა ქმარს განქორწინება სურს?
როდესაც ქორწინება დააფუძნა, ღმერთმა თქვა, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს უნდა ‘მიწებებოდა’ (დაბადება 2:18—24). ადამიანები არასრულყოფილები გახდნენ, რამაც მრავალ ქორწინებაში პრობლემები გამოიწვია, მაგრამ ღვთის სურვილია, რომ მეუღლეები ერთად დარჩნენ. მოციქული პავლე წერდა: „დაქორწინებულებს ვამცნებ არა მე, არამედ უფალი: ცოლი არ გაეყაროს ქმარს. ხოლო თუ გაეყრება, უქორწინოდ დარჩეს ანდა ქმარს შეურიგდეს. ქმარი ნუ დატოვებს თავის ცოლს“ (1 კორინთელთა 7:10, 11).
ეს სიტყვები გვიჩვენებს, რომ არასრულყოფილ ადამიანებში ზოგჯერ ერთ-ერთ მეუღლეს დაშორება სურს. მაგალითად, პავლემ თქვა, თუ ერთ-ერთი მეუღლე ოჯახს დატოვებს, ორივენი „უქორწინოდ“ უნდა დარჩნენ. რატომ? ერთ-ერთი მეუღლე შეიძლება სახლიდან წავიდეს, მაგრამ ღვთის თვალში ორივენი კვლავ დაკავშირებული არიან ერთმანეთთან. პავლეს შეეძლო ამის თქმა, რადგან იესომ დაადგინა ნორმა ქრისტიანული ქორწინებისთვის: «ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის [ბერძნულად „პორნეია“] მიზეზის გარეშე და სხვას შეირთავს, მრუშობს» (მათე 19:9). დიახ, განქორწინების ერთადერთი საფუძველი, როდესაც საღვთო წერილის მიხედვით ქორწინების კავშირი წყდება, არის „სიძვა“, ანუ სექსუალური უზნეობა. როგორც ჩანს, პავლეს მიერ მოხსენიებულ შემთხვევაში, არც ერთი მეუღლეთაგანი უზნეობას არ სჩადის, ამიტომ როდესაც ქმარი ან ცოლი ოჯახიდან მიდის, ქორწინება ამით არ მთავრდება ღვთის თვალში.
შემდეგ პავლე საუბრობს მდგომარეობაზე, როცა ჭეშმარიტ ქრისტიანს ურწმუნო მეუღლე ჰყავს. განვიხილოთ პავლეს მითითებები: „თუ ურწმუნოს სურს გაყრა, გაეყაროს. ასეთ ვითარებაში ძმა ან და დამონებულნი არ არიან, რადგან მშვიდობისაკენ მოგვიწოდა ღმერთმა“ (1 კორინთელთა 7:12—16). რა უნდა გააკეთოს ერთგულმა ცოლმა, თუ ურწმუნო ქმარი ტოვებს მას და კანონიერად განქორწინებასაც კი ცდილობს?
ცოლს შესაძლოა სურდეს, რომ ქმარი მასთან დარჩეს. შეიძლება მას კვლავ უყვარს ქმარი; გრძნობს, რომ კვლავ აქვთ ერთმანეთისადმი ემოციური და სექსუალური ლტოლვა და იცის, რომ მას და მათ მცირეწლოვან შვილებს მატერიალური მხარდაჭერა სჭირდებათ. აგრეთვე ის შესაძლოა იმედოვნებს, რომ დროთა განმავლობაში მისი ქმარი მორწმუნე გახდება და გადარჩება. მაგრამ, თუ ქმარი ცდილობს განქორწინებას (არაბიბლიურ საფუძველზე), ცოლს შეუძლია, „გაყრის“ ნება მისცეს, როგორც ამის შესახებ პავლე წერდა. იგივე შეიძლება გაკეთდეს იმ შემთხვევაში, თუ მორწმუნე ქმარი უგულებელყოფს ქორწინებაზე ღვთის თვალსაზრისს და დაჟინებით ცდილობს განცალკევებას.
მაგრამ ამ შემთხვევაში ცოლმა შეიძლება ჩათვალოს, რომ მას და ბავშვებს კანონზე დაფუძნებული დაცვა ესაჭიროებათ. როგორ? მას შეიძლება სურს, შეინარჩუნოს საყვარელ შვილებზე მეურვეობა, რათა შეეძლოს დედობრივი სიყვარულის გამოვლენა, ზნეობრივი ფასეულობების ახსნა და მათში შესანიშნავ ბიბლიურ სწავლებებზე დაფუძნებული რწმენის ჩანერგვა (2 ტიმოთე 3:15). განქორწინებამ შეიძლება საფრთხის წინაშე დააყენოს მისი უფლებები. აქედან გამომდინარე მას შეუძლია მიიღოს ზომები უფლებამოსილ პირებთან სათანადოდ წარსადგენად, რათა დაიცვას ბავშვებზე მეურვეობის თავისი უფლება და დარწმუნდეს, რომ თავის ქმარს მიტოვებული ოჯახის მატერიალურად მხარდაჭერის ვალდებულება დაეკისრება. ზოგიერთ ქვეყანაში ქალს, რომელიც ეწინააღმდეგება განქორწინებას, შეუძლია ხელი მოაწეროს იურიდიულ დოკუმენტებს, რომლებიც მას შვილებზე მეურვეობის უფლებით უზრუნველყოფს და ფინანსურად მხარდაჭერას აღუთქვამს; ამ დოკუმენტზე ხელმოწერა არ ნიშნავს, რომ ის თანახმაა განქორწინებაზე. ზოგან კი დოკუმენტების შინაარსი იმის მაჩვენებელია, რომ ცოლი თანახმაა განქორწინებაზე; ამგვარად, თუ ქმარი დამნაშავეა მრუშობაში, ცოლი კი ხელს აწერს ამ დოკუმენტებს, ეს ნიშნავს, რომ ის უარს ამბობს ქმარზე.
საზოგადოებასა და კრებაში უმეტესობას არ ეცოდინება განქორწინებასთან დაკავშირებული დეტალები, მაგალითად მოხდა თუ არა განქორწინება საღვთო წერილის საფუძველზე. ამიტომ, სანამ საქმე აქამდე მივიდოდეს, გონივრული იქნება, განქორწინების ბიბლიური საფუძვლის შესახებ ცოლმა აცნობოს (უმჯობესია წერილობით) თავმჯდომარე ზედამხედველს და კრების სხვა უხუცესს; ამგვარად, ფაქტები ხელმისაწვდომი იქნება, თუ ამ საკითხთან დაკავშირებით ოდესმე რამე კითხვა წამოიჭრება. კრების უფლებამოსილი პირებისთვის იმის შეტყობინება, რომ ცოლი ამჯობინებს ოჯახის შენარჩუნებას, მაგრამ, უბრალოდ, არ ეწინააღმდეგება ქმრის გადაწყვეტილებას, იმის დამადასტურებელი იქნება, რომ ცოლი ხელს არ ჰკრავს ქმარს. საინტერესოა ისიც, რომ ზოგიერთი ურწმუნო ქმარი მოგვიანებით გონს მოეგო, კვლავ მოინდომა ოჯახში დაბრუნება, ხელმეორედ კანონიერად დაქორწინდა ყოფილ ცოლზე და იეჰოვას თაყვანისმცემელი გახდა.
მოდი დავუბრუნდეთ იესოს სიტყვებს: „ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე და სხვას შეირთავს, მრუშობს“. თუ ქმარი ნამდვილად დამნაშავეა სექსუალურ უზნეობაში, მაგრამ სურს ცოლთან დარჩენა, მან (უდანაშაულო მეუღლემ) ან უნდა აპატიოს მას და კვლავ გაიზიაროს მასთან ერთად ცოლქმრული სარეცელი, ან უნდა უარყოს. თუ ცოლს სურს, აპატიოს და იცხოვროს თავის კანონიერ ქმართან, ასე მოქცევით მისი ზნეობრიობა არ ილახება (ოსია 1:1—3; 3:1—3).
იმ შემთხვევაში, თუ უზნეო ქმარი განქორწინებას ცდილობს, ცოლს შეიძლება მაინც სურდეს პატიება და მზად იყოს მის უკან მისაღებად. ცოლს შეუძლია გადაწყვიტოს, თავისი სინდისიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე, განაცხადოს თუ არა თანხმობა განქორწინებაზე. ზოგიერთ ქვეყანაში ქალს, რომელიც უარს ამბობს განქორწინებაზე, შეუძლია ხელი მოაწეროს დოკუმენტებს, რომლებშიც დაფიქსირებულია დედის მიერ შვილებზე მეურვეობის გარანტია და მათი ფინანსურად მხარდაჭერის პირობა, მაგრამ მასში არ არის მოხსენიებული, რომ ცოლი ეთანხმება ქმარს განქორწინებაზე. ასეთ დოკუმენტებზე ხელმოწერა არ არის იმის მაჩვენებელი, რომ ცოლი უარყოფს ქმარს. მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში, როცა ცოლი განქორწინების წინააღმდეგია, მას შეიძლება სთხოვონ, ხელი მოაწეროს დოკუმენტებს, რომლებიდანაც ჩანს, რომ ის განქორწინებაზე თანახმაა. განქორწინების ასეთ დოკუმენტებზე ხელმოწერა ნათელოფს, რომ ის უარს ამბობს დამნაშავე მეუღლეზე.
გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ამ შემთხვევაშიც გონივრული იქნებოდა, რომ ცოლს კრების პასუხისმგებელი ძმებისთვის გადაეცა წერილი, სადაც ახსნილი იქნებოდა, თუ რა ნაბიჯები იქნა გადადგმული და რა მოტივით. მას შეუძლია აღნიშნოს, რომ ქმარმა იცის მისი სურვილის შესახებ, რომ სურს პატიება და კვლავ მასთან ყოფნა. ეს იმის მიმანიშნებელი იქნება, რომ განქორწინება მისი სურვილის საწინააღმდეგოდ მოხდა; ქმარზე უარის თქმის ნაცვლად, იგი მზად იყო პატიებისთვის. მას შემდეგ, რაც ნათელი გახდება, რომ მას პატიება და ოჯახის შენარჩუნება სურდა, დოკუმენტებზე ხელის მოწერა, რომლებშიც უბრალოდ მოცემულია მატერიალურ მხარდაჭერასთან და/ან მეურვეობასთან დაკავშირებული საკითხები, ქმარზე უარის თქმის მიმანიშნებელი არ იქნებაa.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდება ცოლის პოზიცია — რომ ის მზად არის პატიებისთვის განქორწინების შემდეგაც კი, არც ცოლი და არც ქმარი თავისუფალნი არ არიან სხვაზე დასაქორწინებლად. თუ უარყოფილ იქნა უდანაშაულო ცოლის პატიება, მოგვიანებით კი ქმარზე უარის თქმა გადაწყვიტა მისი უზნეობის გამო, ამის შემდეგ ორივე თავისუფალი იქნება. იესომ დაგვანახვა, რომ უდანაშაულო მეუღლეს ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს (მათე 5:32; 19:9; ლუკა 16:18).
[სქოლიო]
a იურიდიული პროცედურები და დოკუმენტები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარია. იურიდიულ დოკუმენტში მოცემული განქორწინებასთან დაკავშირებული პირობები ხელის მოწერამდე საგულდაგულოდ უნდა იქნეს გამოკვლეული. თუ უდანაშაულო მეუღლე ხელს აწერს დოკუმენტს, რომლითაც ცხადყოფს, რომ ის თანახმაა განქორწინებაზე, ეს მეუღლეზე უარის თქმას ნიშნავს (მათე 5:37).