„ყოველივეს თავისი დრო აქვს“
„ყოველივეს თავისი დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“ (ეკლესიასტე 3:1).
1. რა სირთულეს აწყდება არასრულყოფილი ადამიანი და რა მოჰყვება ამას ზოგ შემთხვევაში?
ჩვენ, ადამიანები, ხშირად ვამბობთ: „ეს აქამდე უნდა გამეკეთებინა“. ან შეიძლება აღვნიშნავთ: „არ უნდა მეჩქარა“. მსგავსი ფრაზები იმაზე მეტყველებს, რომ არასრულყოფილი ადამიანისთვის ძნელია, სწორად განსაზღვროს, ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტის ზუსტი დრო. ეს კი ურთიერთობების გაფუჭების მიზეზი ხდება, რასაც ადამიანი გულგატეხილობამდე და იმედგაცრუებამდე მიჰყავს. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს იეჰოვა ღმერთისა და მისი ორგანიზაციისადმი რწმენის მოსუსტებაა.
2, 3. ა) რატომ არის გონივრული იეჰოვას მიერ გარკვეული მოვლენებისთვის განსაზღვრულ დროს დაველოდოთ? ბ) როგორი გაწონასწორებული თვალსაზრისი უნდა გვქონდეს ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესრულებასთან დაკავშირებით?
2 იეჰოვას ისეთი სიბრძნე და გამჭრიახობა აქვს, რომელიც ადამიანისთვის მიუწვდომელია. ამიტომ, თუ უნდა, შეუძლია წინასწარ იცოდეს, როგორ დასრულდება ესა თუ ის მოვლენა და ‘დასაბამითვე გამოაცხადოს მომავალი’ (ესაია 46:10). ასე რომ, იეჰოვას შეუძლია შეუცდომლად ყველაზე ხელსაყრელ დროს გააკეთოს ის, რაც სურს. ამიტომ გონივრულად მოვიქცევით, თუ დროსთან დაკავშირებით არ მივენდობით ჩვენს არასაიმედო გრძნობას და იეჰოვას მიერ გარკვეული მოვლენებისთვის განსაზღვრულ დროს დაველოდებით.
3 მაგალითად, მოწიფული ქრისტიანები ერთგულად ელოდებიან გარკვეული ბიბლიური წინასწარმეტყველებების იეჰოვას მიერ დანიშნულ დროს შესრულებას. ისინი განაგრძობენ მსახურებას და გონებაში ნათლად აქვთ ჩაბეჭდილი პრინციპი, რომელიც წიგნის „გოდება იერემიასი“ 3:26-შია მოცემული: „კარგია, როცა კაცი მდუმარედ მოელის ხსნას უფლისაგან“ (შეადარეთ აბაკუმი 3:16). ამავე დროს ისინი დარწმუნებული არიან, რომ იეჰოვას მიერ გამოცხადებული განაჩენი, რომც დაგვიანდეს, ‘უსათუოდ მოვა, არ დაბრკოლდება’ (აბაკუმი 2:3).
4. როგორ დაგვეხმარება ამოსის 3:7 და მათეს 24:45, რომ მოთმინებით დაველოდოთ იეჰოვას?
4 მეორე მხრივ, თუ ბოლომდე ვერ ვიგებთ რომელიმე ბიბლიურ მუხლს ან საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ გამოცემულ პუბლიკაციებში მოცემულ ახსნა-განმარტებას, განა ეს მოუთმენლობის გამოვლენის საფუძველს უნდა გვაძლევდეს? გონივრულია, დაველოდოთ დროს, რომელიც იეჰოვას საკითხების ნათელსაყოფად აქვს დანიშნული. „რადგან არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ არ გაუცხადა თავისი საიდუმლო თავის მორჩილთ, წინასწარმეტყველთ“ (ამოსი 3:7). რა შესანიშნავი აღთქმაა! მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ იეჰოვა საიდუმლოებს მაშინ გვიმხელს, როდესაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ. ამ მიზნით ღმერთმა „ერთგული და გონიერი მონა“ თავისი ხალხისთვის ‘[სულიერი] საზრდოს დროულად მიცემის’ უფლებით აღჭურვა (მათე 24:45). ამიტომ მეტისმეტად არ უნდა დაგვაფიქროს ან შეგვაწუხოს რომელიმე საკითხის ბოლომდე აუხსნელობამ. ნაცვლად ამისა, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ, თუ მოთმინებით დაველოდებით იეჰოვას, ის ერთგული მონის მეშვეობით „დროულად“ მოგვაწვდის ჩვენთვის აუცილებელ ინფორმაციას.
5. რა სარგებლობას მოგვიტანს ეკლესიასტეს 3:1—8-ის მხედველობაში მიღება?
5 ბრძენმა მეფე სოლომონმა მოიხსენია 28 რამ და აღნიშნა, რომ თითოეულ მათგანს „თავისი დრო აქვს“ (ეკლესიასტე 3:1—8). სოლომონის სიტყვების მნიშვნელობის გაგება ხელს შეგვიწყობს, განვსაზღვროთ ღვთის თვალსაზრისით, როდის არის გარკვეული მოქმედება დროული თუ უდროო (ებრაელთა 5:14). ეს კი, თავის მხრივ, შესაბამისად დაგვეხმარება ცხოვრებაში.
„ჟამი ტირილისა და ჟამი სიცილისა“
6, 7. ა) რა არის დღეს ხალხის ‘ტირილის’ მიზეზი? ბ) როგორ ცდილობს წუთისოფელი მდგომარეობის სერიოზულობაზე თვალის დახუჭვას?
6 არსებობს „ჟამი ტირილისა და ჟამი სიცილისა“; ვინ არ ამჯობინებს პირველს უკანასკნელს? (ეკლესიასტე 3:4). სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ წუთისოფელში, რომელიც უმთავრესად ტირილის საფუძველს გვიქმნის. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით უმეტესწილად არასასიამოვნო ახალი ამბები გადმოიცემა. საშინელი გრძნობა გვიპყრობს, როდესაც ვისმენთ, რომ თანასკოლელები ერთმანეთს ხოცავენ; მშობლები შვილებს სასტიკად ეპყრობიან; ტერორისტები ხოცავენ ან ასახიჩრებენ უდანაშაულო მსხვერპლს, ან კიდევ სტიქიური უბედურებები ანადგურებს ადამიანებსა და მათ ქონებას. ტელეეკრანებიდან შემოგვყურებენ შიმშილისგან ქანცგაწყვეტილი, თვალებჩაცვენილი ბავშვები, მშობლიურ კერას მოწყვეტილი ლტოლვილები, და ჩვენს ყურადღებას ითხოვენ. ადრე ჩვენთვის უცხო გამოთქმები — ეთნიკური წმენდა, შიდს-ი, ბაქტერიოლოგიური ომი და ელ-ნინიო — ახლა თითოეული, თავის მხრივ, გულსა და გონებას გვიფორიაქებს.
7 ეჭვგარეშეა, დღევანდელი წუთისოფელი მწუხარებითა და სულიერი ტრავმებით არის აღსავსე. მიუხედავად ამისა, მდგომარეობის ვითომ შესარბილებლად შოუ-ბიზნესი რეგულარულად წარმოგვიდგენს ზერელე, უგემოვნო, ხშირად უზნეობისა და ძალადობის ამსახველ გასართობ პროგრამებს, რომლებიც იმისთვის არის გამიზნული, რომ სხვების ტანჯვა-წამება ჩვენთვის ჩვეულებრივი რამ გახდეს. მაგრამ უადგილო ხუმრობები და ხარხარი, რომელსაც ასეთი გართობები იწვევს, ნამდვილ სიხარულში არ უნდა აგვერიოს. სიხარულს, რომელიც ღვთის სულის ნაყოფია, სატანის წუთისოფელი, უბრალოდ, ვერ მოგვცემს (გალატელთა 5:22, 23; ეფესელთა 5:3, 4).
8. დღეს რას უნდა მიანიჭონ ქრისტიანებმა უპირატესობა, სიცილსა თუ ტირილს? განმარტეთ.
8 ჩვენ გვესმის, რომ წუთისოფელი სავალალო მდგომარეობაშია და დღეს არ არის სიცილისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭების დრო. ახლა არ არის მხოლოდ დროს ტარებისა და გართობისთვის ცხოვრების ან ‘სიცილის’ სულიერ საკითხებზე წინ დაყენების ჟამი (შეადარეთ ეკლესიასტე 7:2—4). „ამ წუთისოფლით მოსარგებლენი“ უნდა იყვნენ „როგორც არამოსარგებლენი“ — ამბობდა პავლე. რატომ? „ვინაიდან წარმავალია წუთუსოფლის სახე“ (1 კორინთელთა 7:31). ჭეშმარიტი ქრისტიანების თითოეული დღე იმაზე მოწმობს, რომ მათ ბოლომდე ესმით იმ დროის სერიოზულობა, რომელშიც ცხოვრობენ (ფილიპელთა 4:8).
ტირილის მიუხედავად, მართლაც ბედნიერნი!
9. რა სავალალო მდგომარეობა არსებობდა წარღვნამდელ წუთისოფელში და რას ნიშნავს ეს დღეს ჩვენთვის?
9 მსოფლიო წარღვნამდე მცხოვრებნი სიცოცხლეს სერიოზულად არ უყურებდნენ. ისინი ყოველდღიური ცხოვრებით ცხოვრობდნენ, სულაც არ ტიროდნენ ‘ქვეყნად ადამიანთა უკეთურობის მატებაზე’ და გულგრილად უყურებდნენ ‘უსამართლობით ქვეყნის ავსებას’ (დაბადება 6:5, 11). იესომ აღნიშნა მაშინდელ წუთისოფელში არსებული სავალალო მდგომარეობა და იწინასწარმეტყველა, რომ ხალხი იგივე პოზიციას დაიკავებდა დღესაც. მან გაგვაფრთხილა: „როგორც წარღვნამდელ დღეებში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა, და არ იცოდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და ყველა არ წალეკა — ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც“ (მათე 24:38, 39).
10. როგორ გამოავლინეს ანგიას დღეებში მცხოვრებმა ისრაელებმა იეჰოვას მიერ დადგენილი დროის მიმართ უპატივცემლობა?
10 წარღვნიდან დაახლოებით 1 850 წლის შემდეგ, ანგიას დღეებში, მრავალმა ისრაელმა სულიერი საკითხებისადმი მსგავსი არასერიოზული დამოკიდებულება გამოავლინა. პირადი ინტერესების ძიებაში ჩაფლულებს მხედველობიდან გამორჩათ, რომ მაშინ პირველ ადგილზე საკუთარი კი არა, იეჰოვას ინტერესების დაყენების დრო იყო. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ეს ხალხი ამბობს, ჯერ არ დამდგარაო ჟამი, უფლის სახლის აშენების ჟამი. იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის პირით: იმის ჟამი კი არის, რომ გადახურულ სახლებში ისხდეთ, ეს სახლი კი მიგდებული იყოს? ახლა ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დაუკვირდით თქვენს საქციელს“ (ანგია 1:1—5).
11. საკუთარი თავისთვის რომელი კითხვების დასმა იქნებოდა მართებული?
11 იეჰოვას დღევანდელი მოწმეები, რომლებსაც იეჰოვასგან ისეთივე პასუხისმგებლობები და პატივი გვაქვს მონიჭებული, როგორიც — ანგიას დროს მცხოვრებ ისრაელებს, უნდა დავუკვირდეთ ჩვენს საქციელს და ეს მთელი სერიოზულობით გავაკეთოთ. ‘ვტირივართ’ წუთისოფლის მდგომარეობის და ღვთის სახელის შეურაცხყოფის გამო? გვაყენებს ტკივილს ის, რომ ხალხი უარყოფს ღვთის არსებობას ან აშკარად უგულებელყოფს მის სამართლიან პრინციპებს? იმავეს ვგრძნობთ, რასაც ის ნიშანდადებულები გრძნობდნენ, რომლებიც 2 500 წლის წინათ ეზეკიელმა ხილვაში იხილა? მათ შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ: „უთხრა მას [კაცს, რომელსაც მწერლის სამელნე ჰქონდა წელზე] უფალმა: ჩაიარე ქალაქში, იერუსალიმში, და ნიშანი დაადე შუბლზე იმ ხალხს, რომელიც კვნესის და მოთქვამს იქ ჩადენილ სისაძაგლეთა გამო“ (ეზეკიელი 9:4).
12. რით არის დღეს ხალხისთვის მნიშვნელოვანი ეზეკიელის 9:5, 6?
12 ის, რომ დღეს ჩვენთვის ეს ინფორმაცია ძალზე მნიშვნელოვანია, ჩანს იმ ექვსი მამაკაცისთვის მიცემული დავალებიდან, რომლებსაც ხელში შემმუსვრელი იარაღი ეპყრათ: „მოიარეთ ქალაქი მათ კვალზე და მუსრეთ, ნუ შეიბრალებს თქვენი თვალი და ნუ დაინდობთ. მოხუცი და ჭაბუკი, ქალწული, ბავშვები და ქალები სრულიად ამოხოცეთ; ვისაც ნიშანი ადევს, ხელი არ ახლოთ. ჩემი საწმიდარიდან დაიწყეთ“ (ეზეკიელი 9:5, 6). გადარჩენა დიდ გასაჭირში, რომელიც სწრაფად გვიახლოვდება, ჩვენ მიერ იმ ფაქტის შეგნებაზეა დამოკიდებული, რომ დღეს ძირითადად ტირილის დროა.
13, 14. ა) ვინ შერაცხა იესომ ნეტარად ანუ ბედნიერად? ბ) ახსენით, რატომ ფიქრობთ, რომ ამ აღწერილობას იეჰოვას მოწმეები შეესაბამებიან.
13 მაგრამ, წუთისოფლის სავალალო მდგომარეობის გამო ‘ტირილი’ იეჰოვას მსახურებს უბედურ ადამიანებად არ ხდის. პირიქით! ისინი დედამიწის მკვიდრთა შორის უბედნიერესები არიან. იესომ აღნიშნა, რა არის ბედნიერების განმსაზღვრელი ფაქტორი: «ნეტარ არიან სულით ღარიბნი [„ის, ვისაც შეგნებული აქვს თავისი სულიერი მოთხოვნილებები“, აქ] . . . ნეტარ არიან მგლოვიარენი . . . თვინიერნი . . . სიმართლისათვის მშიერ-მწყურვალნი . . . მოწყალენი . . . გულით სუფთანი . . . მშვიდობის მყოფელნი . . . სიმართლისათვის დევნილნი» (მათე 5:3—10). მართლაც, იმის მრავალი მტკიცება არსებობს, რომ იეჰოვას მოწმეები, მთლიანობაში, მეტად შეესაბამებიან ამ აღწერილობას, ვიდრე ყველა სხვა რელიგიური ორგანიზაცია.
14 იეჰოვას ბედნიერ ხალხს განსაკუთრებით 1919 წლიდან, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენიდან, ‘სიცილისთვის’ საფუძვლიანი მიზეზი აქვს. სულიერად ისინიც ისევე არიან აღფრთოვანებული, როგორც ძვ. წ. VI საუკუნეში ბაბილონიდან დაბრუნებულები: „როცა დააბრუნებს უფალი ტყვეს სიონისას, თავი სიზმარში გვეგონება. მაშინ აივსება სიცილით პირი ჩვენი და ენა ჩვენი — გალობით . . . დიადი საქმე მოიმოქმედა უფალმა ჩვენთან. გავმხიარულდით“ (ფსალმუნი 125:1—3). მაგრამ, სულიერი მხიარულების დროსაც კი, იეჰოვას მოწმეებს ყოველთვის ახსოვთ ჩვენი დროის მნიშვნელოვნება. როგორც კი ახალი ქვეყნიერება დამყარდება და დედამიწის მოსახლეობა „ჭეშმარიტ სიცოცხლეს“ მიაღწევს, სიცილის დრო დადგება, რომელიც სამუდამოდ შეცვლის ტირილს (1 ტიმოთე 6:19; გამოცხადება 21:3, 4).
„ჟამი გარდახვევად და ჟამი განშორებად გარდამხვევლისა“
15. რატომ არ ეკიდებიან ზერელედ ქრისტიანები მეგობრების არჩევას?
15 ქრისტიანები ზერელედ არ ეკიდებიან მეგობრების არჩევის საკითხს. მათ ყოველთვის ახსოვთ პავლეს გაფრთხილება: „ნუ დაიბნევით: ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს“ (1 კორინთელთა 15:33). ბრძენმა მეფე სოლომონმა აღნიშნა: „ბრძენკაცებთან მოსიარულე თავად დაბრძენდება, ბრიყვთა მეგობარი კი გაუბედურდება“ (იგავნი 13:20).
16, 17. როგორი თვალსაზრისი აქვთ იეჰოვას მოწმეებს მეგობრობასთან, საპირისპირო სქესის ადამიანებთან ახლო ურთიერთობასა და ქორწინებასთან დაკავშირებით და რატომ?
16 იეჰოვას მსახურები მეგობრებად იმ ადამიანებს ირჩევენ, ვისაც მათსავით უყვარს იეჰოვა და მისი სამართლიანობა. მათ უყვართ და უხარიათ მეგობრებთან ურთიერთობა, მაგრამ ამავე დროს, გონიერებას ავლენენ და საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ახლო ურთიერთობის შესახებ არ იზიარებენ დღეს ზოგ ქვეყანაში ფართოდ გავრცელებულ ზედმეტად თავისუფალ, ყველაფერზე ნების დამრთველ თვალსაზრისს. ისინი საპირისპირო სქესის ადამიანებთან ახლო ურთიერთობას უწყინარ გართობად კი არ მიიჩნევენ, არამედ — ქორწინებისკენ, სამუდამო კავშირისკენ, გადადგმულ სერიოზულ ნაბიჯად, რომელსაც მხოლოდ ფიზიკურად, გონებრივად და სულიერად მომზადებული და, ბიბლიის საფუძველზე, ამ უფლების მქონე ადამიანი უნდა დგამდეს (1 კორინთელთა 7:36).
17 ზოგი შეიძლება ფიქრობს, რომ საპირისპირო სქესის ადამიანებთან ახლო ურთიერთობასა და ქორწინებასთან დაკავშირებით ასეთი თვალსაზრისი დრომოჭმულია, მაგრამ იეჰოვას მოწმეები, მეგობრებისა და ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას ცდილობენ, ასეთი აზროვნების გავლენის ქვეშ არ მოექცნენ. მათ იციან, რომ „სიბრძნე საქმეებითაა გამართლებული“ (მათე 11:19). იეჰოვამ ყველაფერი უკეთესად იცის. ამიტომაც მოწმეები სერიოზულად ეკიდებიან მის რჩევას, დაქორწინდნენ მხოლოდ „უფალში“ (1 კორინთელთა 7:39; 2 კორინთელთა 6:14). ისინი ცდილობენ ოჯახის შექმნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ მიიღონ და იმის იმედით არ არიან, რომ, თუ ერთმანეთს ვერ შეეწყვნენ, საქმეს განქორწინებით ან ცალკე ცხოვრებით მოაგვარებენ. იეჰოვას მსახურები დიდ დროს უთმობენ შესაფერისი მეუღლის პოვნას, რადგან ესმით, რომ ქორწინების აღთქმის დადების შემდეგ, იეჰოვას კანონის თანახმად, „ისინი უკვე ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მათე 19:6; მარკოზი 10:9).
18. რა შეიძლება იყოს ქორწინების კარგი საწყისი?
18 ქორწინებისას ადამიანი იღებს ვალდებულებას, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა შეასრულოს. ამიტომ ამ ნაბიჯის გადადგმის წინ გულმოდგინე ანალიზია საჭირო. მამაკაცმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას კითხვა: „არის ის ისეთი ადამიანი, როგორიც მე მჭირდება?“ ასევე მნიშვნელოვანია კითხვა: „ვარ მე სწორედ ის პიროვნება, რომელიც მას სჭირდება? ვარ ისეთი მოწიფული ქრისტიანი, რომელსაც შეუძლია მის სულიერ მოთხოვნილებებზე ზრუნვა?“ მომავალი წყვილიდან თითოეული იეჰოვას წინაშე ვალდებულია, სულიერად ძლიერი იყოს და მყარი საფუძველი ჩაუყაროს ქორწინებას, რომელიც ღვთის მოწონებას დაიმსახურებს. ათასობით ქრისტიანი წყვილი დაადასტურებს, რომ სრული დროით მსახურება ბედნიერი ქორწინების შესანიშნავი დასაწყისია და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიღებას გაცემა სჯობს.
19. რატომ არ ქორწინდება ზოგი ქრისტიანი?
19 ზოგი ქრისტიანი ‘გარდამხვევლისგან განშორებას’ ირჩევს და არ ქორწინდება, რათა ამგვარად კეთილი ცნობის გასავრცელებლად მეტის გაკეთება შეძლოს (ეკლესიასტე 3:5, „ძველი აღთქმის ორტომეული, 1884). სხვები ქორწინებას იმ დრომდე აყოვნებენ, სანამ სულიერად ისე არ მომწიფდებიან, რომ ღირსეული თანაქრისტიანის ყურადღების მიპყრობა შეძლონ. მაგრამ მოდი ის დაუქორწინებელი ქრისტიანებიც არ დავივიწყოთ, რომლებსაც ძალიან უნდათ ვინმესთან ახლო ურთიერთობა და ის კურთხევები, რომლებიც ქორწინებას მოაქვს, მაგრამ ჯერ ვერ პოულობენ პარტნიორს. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვა იწონებს ქორწინებასთან დაკავშირებით მათ მიერ ღვთის პრინციპებისადმი გამოვლენილ უკომპრომისო ერთგულებას. ჩვენ კი კარგად ვიქცევით, თუ ვაფასებთ მათ და სათანადო მხარდაჭერასაც ვუწევთ, რასაც ისინი მართლაც იმსახურებენ.
20. რატომ ‘შორდებიან გარმდამხვეველს’ ზოგჯერ დაქორწინებულებიც კი?
20 საჭიროა თუ არა, რომ დროდადრო დაქორწინებულებიც კი ‘განშორდნენ გარდამხვეველს’? როგორც ჩანს, გარკვეულწილად საჭიროა, რადგან პავლე წერდა: „ამას გეტყვით ძმანო: ჟამი იწურება, ამიტომ ამიერიდან ცოლიანები იყავით, როგორც უცოლონი“ (1 კორინთელთა 7:29). შესაბამისად, თეოკრატიულ დავალებებს ზოგჯერ მეორე ადგილზე გადააქვს ოჯახური სიხარული და კურთხევები. ამ საკითხთან დაკავშირებით გაწონასწორებული თვალსაზრისი კი არ შეასუსტებს, არამედ გააძლიერებს ოჯახურ კვანძებს, რადგან ის ცოლ-ქმარს შეახსენებს, რომ იეჰოვა ყოველთვის უნდა იყოს მათი ურთიერთობის განმამტკიცებელი მთავარი ფიგურა (ეკლესიასტე 4:12).
21. რატომ არ უნდა განვსაჯოთ ცოლ-ქმარი შვილების ყოლა-არყოლის საკითხში მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო?
21 გარდა ამისა, ზოგი ცოლ-ქმარი შვილების ყოლისგანაც თავს იკავებს, რათა უფრო თავისუფლად ემსახუროს ღმერთს. ეს მათი მხრიდან მსხვერპლია, რისთვისაც იეჰოვა შესაბამისად დააჯილდოებს. უნდა აღინიშნოს, რომ თუმცა ბიბლია კეთილი ცნობის გავრცელების ხელშესაწყობად დაუქორწინებლად დარჩენას იწონებს, იმავე მიზეზით შვილების გაჩენაზე უარის თქმის შესახებ მითითება არსად არის მოცემული (მათე 19:10—12; 1 კორინთელთა 7:38; შეადარეთ მათე 24:19 და ლუკა 23:28—30). ამგვარად, წყვილებმა პირადი მდგომარეობისა და სინდისის კარნახით უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, ხოლო მიღებული გადაწყვეტილებისთვის არავინ უნდა გააკრიტიკოს ისინი.
22. რის განსაზღვრაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი?
22 დიახ, „ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“. ‘ომისა და მშვიდობის ჟამიც’ კი არსებობს (ეკლესიასტე 3:1, 8). მომდევნო სტატიაში განვიხილავთ, რატომ არის მნიშვნელოვანი იმის განსაზღვრა, თუ ამ ორიდან ახლა რომელში ვცხოვრობთ.
შეგიძლიათ ახსნათ?
◻ რატომ არის მნიშვნელოვანი, გვესმოდეს, რომ „ყოველივეს თავისი დრო აქვს“?
◻ რატომ არის დღეს ძირითადად ‘ტირილის ჟამი’?
◻ ‘ტირილის’ მიუხედავად, რატომ არიან ქრისტიანები ჭეშმარიტად ბედნიერები?
◻ როგორ გვიჩვენებს ზოგი ქრისტიანის მოქმედება, რომ ისინი დღევანდელობას ‘გარდამხვევლისგან განშორების ჟამად’ მიიჩნევს?
[სურათები 6, 7 გვერდებზე]
თუმცა ქრისტიანები ‘ტირიან’ წუთისოფელში არსებული მდგომარეობის გამო . . .
. . . ისინი ფაქტობრივად მთელ მსოფლიოში უბედნიერესი ხალხია.
[სურათი 8 გვერდზე]
სრული დროით მსახურება ბედნიერი ქორწინებისთვის შესანიშნავი საფუძველია.