სამეფოს შესახებ ჭეშმარიტების თესლის თესვა
„დილით თესე შენი თესლი და მწუხრისას ნუ დაისვენებს შენი ხელი“ (ეკლესიასტე 11:6).
1. რა გაგებით თესავენ დღეს ქრისტიანები?
ძველად სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ებრაელთა საზოგადოებაში. ამიტომაც იყო, რომ იესო, რომელმაც დედამიწაზე ყოფნისას მთელი ცხოვრება აღთქმულ ქვეყანაში გაატარა, თვალსაჩინო მაგალითებად სოფლის მეურნეობის თემებს იყენებდა. მაგალითად, სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგება მან თესლის თესვას შეადარა (მათე 13:1—9, 18—23; ლუკა 8:5—15). მიუხედავად იმისა, ვცხოვრობთ თუ არა ისეთ საზოგადოებაში, სადაც სოფლის მეურნეობაა წამყვანი დარგი, სულიერი თესლის თესვა ქრისტიანისთვის დღემდე უმნიშვნელოვანესი საქმეა.
2. რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობა და რა კეთდება დღეს მის შესასრულებლად?
2 ამ უკანასკნელ ჟამს ბიბლიური ჭეშმარიტების თესლის თესვაში მონაწილეობის მიღება დიდი პატივია. რომაელთა 10:14, 15-ში კარგად არის ნაჩვენები ამ საქმიანობის მნიშვნელოვნება: «როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე? და როგორ იქადაგონ, თუ წარგზავნილები არ არიან? როგორც წერია: „რა მშვენიერია სიკეთის მახარებელთა ფერხნი!“» (რომაელთა 10:14, 15). არასოდეს ყოფილა ღვთის მიერ დავალებული საქმიანობის დადებითი განწყობილებით, მთელი ძალებით წინ წაწევა ისე მნიშვნელოვანი, როგორც დღეს. ამ მიზეზის გამო იეჰოვას მოწმეები აქტიურად არიან ჩაბმული ბიბლიისა და ბიბლიის შესასწავლი დამხმარე საშუალებების 340 ენაზე გამოცემასა და გავრცელების საქმიანობაში. ამ მასალის მომზადებას 18 000-ზე მეტი მოხალისის შრომა სჭირდება, რომლებიც საქმიანობას მთავარ სამმართველოსა და სხვადასხვა ქვეყნის ფილიალებში ეწევიან. ბიბლიური ლიტერატურის გავრცელებაში კი მთელ მსოფლიოში იეჰოვას თითქმის ექვსი მილიონი მოწმე მონაწილეობს.
3. რა მიიღწევა სამეფოს შესახებ ჭეშმარიტების თესლის თესვით?
3 რა არის ამ მძიმე შრომის ნაყოფი? როგორც ქრისტიანობის გარიჟრაჟზე, დღესაც მრავალი იღებს ჭეშმარიტებას (საქმეები 2:41, 46, 47). მაგრამ სამეფოს ახალმონათლულ მქადაგებელთა დიდ რაოდენობაზე მეტად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მათი გრანდიოზული დამოწმება იეჰოვას სახელის წმინდადყოფასა და იეჰოვას, როგორც ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთის, გამართლებას უწყობს ხელს (მათე 6:9). გარდა ამისა, ღვთის სიტყვის ცოდნა მრავალთა ცხოვრებას აუმჯობესებს და ამ ცოდნამ შეიძლება ისინი ხსნამდე მიიყვანოს (საქმეები 13:47).
4. როგორ ზრუნავდნენ მოციქულები იმ ადამიანებზე, რომლებსაც კეთილ ცნობას აუწყებდნენ?
4 მოციქულებს ბოლომდე ესმოდათ სიცოცხლის მომცემი კეთილი ცნობის მნიშვნელოვნება და ძალიან აღელვებდათ მათი მდგომარეობა, ვისაც უქადაგებდნენ. ეს ნათლად ჩანს მოციქულ პავლეს სიტყვებიდან: „თქვენდამი გულმხურვალთ გვსურდა მოგვეცა თქვენთვის არა მარტო ღვთის სახარება, არამედ ჩვენი სულიც, იმიტომ რომ საყვარელნი გახდით ჩვენთვის“ (1 თესალონიკელთა 2:8). ადამიანებისადმი ასეთი ნამდვილი მზრუნველობით პავლე და სხვა მოციქულები იესოსა და იმ ზეციერ ანგელოზებს ჰბაძავდნენ, რომლებსაც დიდი წვლილი შეაქვთ ამ სიცოცხლის მხსნელ საქმიანობაში. მოდი განვიხილოთ ის მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც ღვთის ეს ზეციერი მსახურები ასრულებენ სამეფოს შესახებ ჭეშმარიტების თესვაში და ვნახოთ, როგორ წაგვახალისებს მათი მაგალითი ჩვენი როლის შესასრულებლად.
იესო — სამეფოს შესახებ ჭეშმარიტების თესლის მთესველი
5. დედამიწაზე ყოფნისას, ძირითადად, რა საქმიანობით იყო იესო დაკავებული?
5 იესოს, სრულყოფილ ადამიანს, თავის თანამედროვეთათვის ბევრი რამის გაკეთება შეეძლო. მაგალითად, მას შეეძლო აღმოეფხვრა მრავალი არასწორი აზრი, რომლებიც იმ დროს მედიცინაში იყო დამკვიდრებული ან შეეძლო მეცნიერების რომელიმე სხვა სფეროში გაეუმჯობესებინა ადამიანთა გაგება. მაგრამ მსახურების დასაწყისიდანვე მან ცხადყო, რომ მისი დავალება კეთილი ცნობის ქადაგება იყო (ლუკა 4:17—21). მაშინ კი, როდესაც მისი მსახურების პერიოდი იწურებოდა, თქვა: „მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი წუთისოფელში, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო“ (იოანე 18:37). ასე რომ, ის სამეფოს შესახებ ჭეშმარიტების თესლის თესვით იყო დაკავებული. თავისი თანამედროვეებისთვის ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ სწავლება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ნებისმიერი სხვა განათლება, რომლის მიცემაც იესოს შეეძლო (რომაელთა 11:33—36).
6, 7. ა) რა მნიშვნელოვანი ვალდებულება აიღო ზეცად ამაღლებამდე იესომ საკუთარ თავზე და როგორ ასრულებს მას? ბ) როგორ მოქმედებს პირადად თქვენზე სამქადაგებლო საქმიანობის მიმართ იესოს დამოკიდებულება?
6 იესომ საკუთარი თავი სამეფოს შესახებ ჭეშმარიტების თესლის მთესველად მოიხსენია (იოანე 4:35—38). ის ნებისმიერ შემთხვევას იყენებდა კეთილი ცნობის თესლის დასათესად. მაშინაც კი, როდესაც ძელზე კვდებოდა, დედამიწაზე მომავალი სამოთხის შესახებ კეთილ ცნობას ქადაგებდა (ლუკა 23:43, აქ). გარდა ამისა, კეთილი ცნობის ქადაგებაზე მისი უდიდესი მზრუნველობა წამების ძელზე სიკვდილით არ დამთავრებულა. ზეცად ამაღლებამდე მან მოციქულებს დაავალა, განეგრძოთ სამეფოს შესახებ ჭეშმარიტების თესლის თესვა და მოწაფეების მომზადება. შემდეგ კი მნიშვნელოვანი პირობა მისცა: „აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ, ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე“ (მათე 28:19, 20, სსგ).
7 ამ სიტყვებით იესომ საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება, მხარი დაეჭირა, ეხელმძღვანელა და დაეცვა კეთილი ცნობის ქადაგება „დღემუდამ, ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე“. იესო დღემდე განაგრძობს სამქადაგებლო საქმიანობისადმი პირადი ინტერესის გამოვლენას. ის არის სამეფოს შესახებ ჭეშმარიტების თესვაში ჩვენი წინამძღვარი (მათე 23:10). როგორც ქრისტიანული კრების თავი, იეჰოვას წინაშე ის აგებს პასუხს ამ მსოფლიო საქმიანობაზე (ეფესელთა 1:22, 23; კოლასელთა 1:18).
ანგელოზები სასიხარულო ახალ ამბავს გვამცნობენ
8, 9. ა) როგორ ავლენენ ანგელოზები ადამიანთა საქმიანობისადმი ნამდვილ ინტერესს? ბ) რა გაგებით შეიძლება ითქვას, რომ თეატრალური სანახაობა ვართ ანგელოზებისთვის?
8 როდესაც იეჰოვა დედამიწას ქმნიდა, ანგელოზები „გალობდნენ. . . და ყიჟინობდნენ“ (იობი 38:4—7). მას შემდეგ ეს ზეციერი ქმნილებები ძალიან არიან დაინტერესებული ადამიანთა საქმიანობით. იეჰოვა მათ ადამიანებისთვის ღვთიური ცნობების გადასაცემად იყენებს (ფსალმუნი 102:20). ეს განსაკუთრებით ჩვენს დღეებში კეთილი ცნობის გავრცელებასთან დაკავშირებით მართლდება. მოციქულმა იოანემ გამოცხადებაში იხილა «სხვა ანგელოზი, რომელიც ზეცის შუა დაფრინავდა. მას ჰქონდა მარადიული სახარება, დედამიწის მკვიდრთათვის — ყოველი ერის და ტომის, ენისა და ხალხისათვის სახარებლად. ამბობდა დიდი ხმით: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, ვინაიდან დადგა მისი სამსჯავროს ჟამი“» (გამოცხადება 14:6, 7).
9 ბიბლია ანგელოზების შესახებ აღნიშნავს, რომ ისინი ‘მომსახურე სულები არიან, მათდა სამსახურად წარმოგზავნილნი, ვინც ხსნა უნდა დაიმკვიდროს’ (ებრაელთა 1:14). როგორც ანგელოზებს, რომლებიც დიდი მონდომებით ასრულებენ თავიანთ დავალებას, მათ საშუალება აქვთ, დაგვაკვირდნენ ჩვენ და ჩვენს საქმიანობას. თითქოს თეატრის სცენის ყველაზე თვალშისაცემ ადგილას ვიდგეთ, ჩვენი საქმიანობა ზეციერი აუდიტორიის წინაშე მიმდინარეობს (1 კორინთელთა 4:9). რამდენად გამომაფხიზლებელი და აღმაფრთოვანებელია იმის ცოდნა, რომ სამეფოს თესლის თესვაში მარტო არა ვართ!
დიდი მონდომებით ვასრულებთ ჩვენს როლს
10. როგორ შეიძლება ეკლესიასტეს 11:6-ში ჩაწერილი გონივრული რჩევის სამქადაგებლო საქმიანობაში გამოყენება?
10 რატომ არიან იესო და მისი ანგელოზები ჩვენი საქმიანობით ასე დაინტერესებული? იესომ ამის ერთ-ერთი საფუძველი მოიყვანა, როდესაც თქვა: „გეუბნებით: ასევე იქნება სიხარული ღვთის ანგელოზებთან ერთი მონანიე ცოდვილის გამო“ (ლუკა 15:10). ჩვენც ვიზიარებთ ადამიანთა მიმართ მათ ნამდვილ ინტერესს. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, სამეფოს შესახებ ჭეშმარიტების თესლი ყველგან გავავრცელოთ. ეკლესიასტეს 11:6-ში ჩაწერილი სიტყვები შეიძლება ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით იქნეს გამოყენებული. ამ მუხლში ბიბლია გვარიგებს: „დილით თესე შენი თესლი და მწუხრისას ნუ დაისვენებს შენი ხელი; რადგან არ იცი, რომელი უფრო სასიკეთოა; იქნებ ორივე ერთნაირად კარგი გამოდგეს“. მართალია, ჩვენი ცნობის მიმღებ ყოველ ერთ ადამიანზე ასობით და ზოგჯერ ათასობით ისეთი ადამიანი მოდის, რომლებიც არ იღებენ მას, მაგრამ ანგელოზებთან ერთად ჩვენც ვხარობთ, როდესაც თუნდაც ‘ერთი ცოდვილი’ იღებს ხსნის შესახებ ცნობას.
11. რამდენად ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს ბიბლიაზე დაფუძნებული ლიტერატურა?
11 კეთილი ცნობის ქადაგებაში ბევრი რამ შედის. ამ საქმიანობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამხმარე საშუალება ბიბლიაზე დაფუძნებული ის პუბლიკაციებია, რომლებსაც იეჰოვას მოწმეები იყენებენ. გარკვეულწილად ეს პუბლიკაციები იმ თესლის მსგავსია, რომელიც ყველგან ითესება. ჩვენ არ ვიცით, სად „გაიხარებს“ ის. ზოგჯერ პუბლიკაცია შეიძლება ხელიდან ხელში გადადიოდეს, სანამ ვინმე წაიკითხავს. იესო და ანგელოზები, გარკვეულწილად, მოვლენებსაც ხელმძღვანელობენ, რათა ისინი გულმართალ ადამიანთა სასარგებლოდ წარიმართოს. განვიხილოთ რამდენიმე შემთხვევა, რომლებიც თვალსაჩინოდ გვიჩვენებს, რა შესანიშნავად მოქმედებს იეჰოვა და რა მოულოდნელი შედეგები მოაქვს ვინმესთვის დატოვებული ლიტერატურის გამოყენებას.
ჭეშმარიტი ღვთის საქმეები
12. როგორ აღმოჩნდა ერთი ძველი ჟურნალი ის საშუალება, რომელიც ერთ ოჯახს იეჰოვას გაცნობაში დაეხმარა?
12 რობერტი, ლაილა და მათი შვილები 1953 წელს დიდი ქალაქიდან პენსილვანიის (აშშ) ერთ-ერთი სოფლის ძველ, ნახევრად დანგრეულ სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად. გადასვლიდან ცოტა ხნის შემდეგ რობერტმა კიბის ქვევით სააბაზანოს მოწყობა გადაწყვიტა, იქ, სადაც დახურული სათავსო იყო. რამდენიმე ფიცრის მოძრობის შემდეგ რობერტმა დაინახა, რომ კედლის უკან თაგვებს დაფლეთილი ქაღალდები, კაკლის ნაჭუჭები და სხვა ნაგავი მოეგროვებინათ. აქვე, იყო ჟურნალ „ოქროს ხანის“ ერთი ნომერი. რობერტი განსაკუთრებით დააინტერესა სტატიამ, რომელიც ბავშვების აღზრდას ეხებოდა. მასზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჟურნალში მოცემულმა ნათელმა, ბიბლიაზე დაფუძნებულმა რჩევებმა, რომ ლაილას უთხრა: ‘ჩვენ „ოქროს ხანის“ რელიგია უნდა მივიღოთ’. რამდენიმე კვირაში მათ იეჰოვას მოწმეებმა მიაკითხეს, მაგრამ რობერტმა უთხრა, რომ მათი ოჯახი მხოლოდ „ოქროს ხანის რელიგიით“ იყო დაინტერესებული. მოწმეებმა აუხსნეს, რომ „ოქროს ხანას“ ახლა ახალი სახელწოდება, „გამოიღვიძეთ!“, ჰქონდა. რობერტმა და ლაილამ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის რეგულარულად შესწავლა დაიწყეს და ბოლოს მოინათლნენ. შემდეგ მშობლებმა თავიანთ მხრივ, ჭეშმარიტების თესლი შვილებში ჩათესეს და შესანიშნავი ნაყოფიც მოიმკეს. დღეს ამ ოჯახის 20-ზე მეტი წევრი, რობერტისა და ლაილას შვიდი შვილის ჩათვლით, იეჰოვა ღმერთის მონათლული მსახურები არიან.
13. რამ აღძრა პუერტო-რიკოელი ცოლ-ქმარი ბიბლიისადმი ინტერესის გამოსავლენად?
13 დაახლოებით 40 წლის წინათ უილიამი და ადა, პუერტო-რიკოელი ცოლ-ქმარი, საერთოდ არ იყვნენ ბიბლიის შესწავლით დაინტერესებული. როდესაც იეჰოვას მოწმეები აკაკუნებდნენ, მათ კარს არავინ უღებდა, თითქოს სახლში არავინ იყო. ერთხელ უილიამი სახლის შესაკეთებლად საჭირო მასალის შესაძენად მივიდა იქ, სადაც ნახმარ ნივთებს ყიდდნენ. უკან დაბრუნებისას ერთ დიდ ნაგვის ყუთში მომწვანო-მოყვითალო წიგნი შენიშნა. ეს იყო წიგნი „რელიგია“, რომელიც 1940 წელს იეჰოვას მოწმეებმა გამოსცეს. უილიამმა წიგნი სახლში წაიღო და დიდად აღაფრთოვანა ცრუ და ჭეშმარიტ რელიგიებს შორის არსებული სხვაობის შესახებ წაკითხვამ. როდესაც იეჰოვას მოწმეები კვლავ მივიდნენ მათთან სახლში, უილიამმა და ადამ სიხარულით მოუსმინეს და ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. რამდენიმე თვის შემდეგ ისინი მოინათლნენ საერთაშორისო კონგრესზე „ღვთის ნება“, რომელიც 1958 წელს ჩატარდა. მას შემდეგ ისინი 50-ზე მეტ ადამიანს დაეხმარნენ ქრისტიანული საძმოს წევრად გახდომაში.
14. როგორც ეს შემთხვევა ცხადყოფს, რა პოტენციური შესაძლებლობები აქვს ბიბლიაზე დაფუძნებულ ჩვენს ლიტერატურას?
14 კარლი 11 წლის ცელქი ბიჭი იყო. თავისი აზრით, ყოველთვის რაღაც ხიფათში ეხვეოდა. მამამისი გერმანელი მეთოდისტი მქადაგებელი იყო და ასწავლიდა, რომ ცუდი ადამიანები სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვიან. ამიტომ, კარლს ძალიან ეშინოდა ჯოჯოხეთის. 1917 წლის ერთ მშვენიერ დღეს ბიჭმა ქუჩაში შენიშნა ქაღალდის ნაგლეჯი, რომელზეც რაღაც იყო დაბეჭდილი. მან აიღო ეს ნაგლეჯი და როდესაც კითხვა დაიწყო თვალში მაშინვე მოხვდა შეკითხვა: „რა არის ჯოჯოხეთი?“ ეს იყო ჯოჯოხეთის შესახებ საჯარო ლექციაზე მოსაწვევი ბარათი, რომელსაც ბიბლიის მკვლევარები (დღეს ისინი იეჰოვას მოწმეების სახელით არიან ცნობილი) ავრცელებდნენ. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ბიბლიის შესწავლის რამდენიმე გაკვეთილის გავლის შემდეგ კარლი მოინათლა და, ამგვარად, ბიბლიის ერთ-ერთი მკვლევარი გახდა. 1925 წელს ის იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ სამმართველოში მიიწვიეს, სადაც დღემდე მსახურობს. მისი ქრისტიანული ცხოვრების გზა, რომელიც რვა ათეულ წელზე მეტია, რაც გრძელდება, ქუჩაში ნაპოვნი ქაღალდის ნაგლეჯიდან დაიწყო.
15. რის გაკეთება შეუძლია იეჰოვას, როდესაც ამას საჭიროდ მიიჩნევს?
15 მართალია, ადამიანებს არ შეუძლიათ იმის განსაზღვრა, მიიღეს თუ არა ამ შემთხვევებში ანგელოზებმა მონაწილეობა ან, თუ მიიღეს — რა ზომით, მაგრამ არასოდეს უნდა შეგვეპაროს ეჭვი იმაში, რომ იესო და ანგელოზები აქტიურად მონაწილეობენ სამქადაგებლო საქმიანობაში და რომ იეჰოვას შეუძლია ისე წარმართოს მოვლენები, როგორც თავად მიიჩნევს საჭიროდ. ზემოთ მოყვანილი და სხვა მრავალი მსგავსი შემთხვევა თვალსაჩინოდ ცხადყოფს, რომ ჩვენს ლიტერატურას, მას შემდეგ, რაც გავცემთ, მრავალი სიკეთის მოტანა შეუძლია.
ჩვენ განძი მოგვანდეს
16. რის სწავლა შეგვიძლია მე-2 კორინთელთა 4:7-ში ჩაწერილი სიტყვებიდან?
16 მოციქული პავლე ლაპარაკობდა ‘განძზე’, რომელიც ‘თიხის ჭურჭლებში’ ინახება. ეს განძი არის ქადაგებასთან დაკავშირებით ღვთის მიერ მოცემული დავალება, ხოლო თიხის ჭურჭლები არიან ადამიანები, რომლებსაც იეჰოვამ ის მიანდო. რადგან ეს ადამიანები არასრულყოფილები არიან და შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ, პავლე დასძენს, რომ ამ დავალების შესასრულებლად საჭირო ‘აღმატებული ძლიერება ღვთისაა და არა ჩვენი’ (2 კორინთელთა 4:7). დიახ, ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა მოგვცემს ამ დავალების შესასრულებლად საჭირო ძალას.
17. რას შეიძლება წავაწყდეთ სამეფოს შესახებ ჭეშმარიტების თესლის თესვისას და, მიუხედავად ამისა, რატომ არ უნდა დავკარგოთ დადებითი განწყობილება?
17 ხშირად ჩვენ მსხვერპლის გაღება გვიწევს. შეიძლება ზოგ უბანზე ქადაგება რთული ან მოუხერხებელი იყოს. არის ტერიტორიები, სადაც მცხოვრებთა უმეტესობა მეტისმეტად აპათიური და მტრულად განწყობილიც კია. დიდი ძალისხმევაა საჭირო ქადაგების გასაგრძელებლად ასეთ ტერიტორიებზე, სადაც შედეგს ვერ ვხედავთ. მაგრამ, როდესაც საქმე ასეთ მნიშვნელოვან საკითხს ეხება, არავითარი მცდელობა არ არის მეტისმეტად დიდი. გახსოვდეთ, თქვენ მიერ დათესილ თესლს ახლა ადამიანებისთვის ბედნიერების მოტანა შეუძლია, მომავალში კი — მარადიული სიცოცხლის. არაერთხელ დადასტურებულა ფსალმუნის 125:6-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტება: „მიდის და ტირის მთესველი თესლისა, მოდის და სიმღერით მოაქვს ძნები თავისი“.
18. როგორ შეგვიძლია ყოველთვის ყურადღებით მოვეკიდოთ ჩვენს მსახურებას და რატომ უნდა გავაკეთოთ ეს?
18 მოდი ხელიდან არ გავუშვათ სამეფოს შესახებ ჭეშმარიტების თესლის უხვად დათესვის არც ერთი შესაძლებლობა. არასოდეს დავივიწყოთ, რომ, თუმცა თესლს ჩვენ ვთესავთ და ვრწყავთ, იეჰოვა ზრდის მას (1 კორინთელთა 3:6, 7). მაგრამ სწორედ ისე, როგორც იესო და ანგელოზები ასრულებენ ამ საქმიანობაში თავიანთ დავალებას, იეჰოვა მოელის, რომ ჩვენც ბოლომდე აღვასრულებთ ჩვენს მსახურებას (2 ტიმოთე 4:5). ყოველთვის ყურადღებით ვიყოთ მსახურებაში ჩვენი სწავლების, განწყობილებისა და მონდომების მიმართ. რატომ? ამ კითხვაზე პავლე გვპასუხობს: „ასეთი მოქმედებით შენს თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც“ (1 ტიმოთე 4:16).
რა შევისწავლეთ?
• რა მხრივ მოაქვს ჩვენ მიერ გაწეულ თესვის საქმიანობას დადებითი შედეგები?
• როგორ მონაწილეობენ დღეს სამქადაგებლო საქმიანობაში იესო ქრისტე და ანგელოზები?
• რატომ უნდა ვთესოთ უხვად სამეფოს შესახებ ჭეშმარიტების თესლი?
• როდესაც აპათიას ან მტრულ განწყობილებას ვაწყდებით, რამ უნდა აღგვძრას ქადაგების გასაგრძელებლად?
[სურათი 15 გვერდზე]
ძველი დროის ისრაელი მიწათმოქმედივით დღეს ქრისტიანები უხვად თესავენ სამეფოს შესახებ ჭეშმარიტების თესლს.
[სურათი 16, 17 გვერდებზე]
იეჰოვას მოწმეები 340 ენაზე გამოსცემენ და ავრცელებენ ბიბლიაზე დაფუძნებულ მრავალფეროვან ლიტერატურას.