იოანეს სახარება
18 ეს ყველაფერი რომ თქვა, იესო მოწაფეებთან ერთად კედრონის ხევის+ გაღმა გავიდა, სადაც ბაღი იყო. ისინი ბაღში შევიდნენ.+ 2 მისმა გამცემმა იუდამაც იცოდა ეს ადგილი, რადგან იესო და მისი მოწაფეები იქ ხშირად იკრიბებოდნენ. 3 წაიყვანა იუდამ ჯარისკაცთა რაზმი და უფროს მღვდელთა და ფარისეველთა მცველები და მივიდნენ იქ ჩირაღდნებით, ლამპრებითა და იარაღით.+ 4 იესომ იცოდა, რაც მოელოდა. ამიტომ წინ გადადგა ნაბიჯი და ჰკითხა მათ: „ვის ეძებთ?“ 5 მათ მიუგეს: „იესო ნაზარეთელს!“+ მან უთხრა: „მე ვარ!“ მისი გამცემი იუდაც მათთან ერთად იყო.+
6 როცა უთხრა, მე ვარო, მათ უკან დაიხიეს და მიწაზე დაემხვნენ.+ 7 იესომ კვლავ ჰკითხა: „ვის ეძებთ?“ მათ უპასუხეს: „იესო ნაზარეთელს!“ 8 იესომ მიუგო: „გითხარით, მე ვარ-მეთქი! თუ მე მეძებთ, ესენი გაუშვით!“ 9 ამგვარად შესრულდა მისი ნათქვამი: „მათგან, ვინც შენ მომეცი, არცერთი არ დამიკარგავს“.+
10 მაშინ სიმონ-პეტრემ მახვილი იშიშვლა, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა.+ მონას მალქე ერქვა. 11 იესომ პეტრეს უთხრა: „ჩააგე მახვილი ქარქაშში!+ განა არ უნდა შევსვა სასმისი, რომელიც მამამ მომცა?!“+
12 მაშინ ჯარისკაცებმა, ათასისთავმა და იუდეველთა მცველებმა შეიპყრეს იესო და შებოჭეს. 13 თავდაპირველად იგი ანასთან წაიყვანეს, კაიაფას+ სიმამრთან. კაიაფა იმ წელს მღვდელმთავრად მსახურობდა.+ 14 ეს ის კაიაფა იყო, რომელმაც იუდეველებს ურჩია, რომ მათთვისვე იქნებოდა უმჯობესი, თუკი ერთი ადამიანი მოკვდებოდა ხალხისთვის.+
15 იესოს მიჰყვებოდნენ სიმონ-პეტრე და კიდევ ერთი მოწაფე.+ ეს მოწაფე მღვდელმთავრის ნაცნობი იყო და იესოსთან ერთად შევიდა მღვდელმთავრის ეზოში, 16 პეტრე კი გარეთ იდგა, კართან. მაშინ ის მოწაფე, მღვდელმთავრის ნაცნობი რომ იყო, გარეთ გავიდა, კართან მსახურ გოგონას დაელაპარაკა და პეტრეც შიგნით შეიყვანა. 17 მსახურმა გოგონამ პეტრეს ჰკითხა: „შენც ამ კაცის მოწაფე არ ხარ?“ პეტრემ მიუგო: „არა!“+ 18 იქვე იდგნენ მონები და მცველები. რაკი ციოდა, ნახშირით ცეცხლი დაენთოთ და თბებოდნენ. პეტრეც მათთან იდგა და თბებოდა.
19 უფროსმა მღვდელმა იესოს გამოჰკითხა, ვინ იყვნენ მისი მოწაფეები და რას ასწავლიდა. 20 იესომ უპასუხა: „მე სახალხოდ ველაპარაკებოდი ქვეყნიერებას. ყოველთვის ვასწავლიდი სინაგოგასა და ტაძარში,+ სადაც იუდეველები იკრიბებიან. ფარულად არაფერი მილაპარაკია. 21 მე რატომ მეკითხები? მათ ჰკითხე, ვინც მისმენდა. მათ იციან, რასაც ვამბობდი“. 22 ეს რომ თქვა, ერთმა იქ მდგომმა მცველმა სილა გააწნა იესოს+ და უთხრა: „ასე უნდა უპასუხო უფროს მღვდელს?!“ 23 იესომ მიუგო: „თუ რამე არასწორად ვთქვი, მითხარი, და, თუ სწორად ვთქვი, რაღას მირტყამ?!“ 24 მაშინ ანამ ის შებოჭილი გაუგზავნა მღვდელმთავარ კაიაფას.+
25 სიმონ-პეტრე კვლავაც ცეცხლთან იდგა და თბებოდა. მას ჰკითხეს: „შენც მისი მოწაფე არა ხარ?“ მან უპასუხა: „არა!“+ 26 მღვდელმთავრის ერთმა მონამ, იმ კაცის ნათესავმა, რომელსაც პეტრემ ყური ჩამოათალა,+ უთხრა: „შენ არ გნახე ბაღში მასთან ერთად?!“ 27 პეტრემ კვლავაც იუარა და მამალმაც იყივლა.+
28 კაიაფასგან იესო იუდეის მმართველის სახლში წაიყვანეს.+ ახალი გათენებული იყო. თვითონ არ შესულან სახლში, რომ არ წაბილწულიყვნენ+ და პასექის ჭამა შეძლებოდათ. 29 ამიტომ პილატე გარეთ გამოვიდა და ჰკითხა მათ: „რაში სდებთ ბრალს ამ კაცს?“ 30 მათ მიუგეს: „დამნაშავე რომ არ ყოფილიყო, არ გადმოგცემდით!“ 31 პილატემ უთხრა მათ: „წაიყვანეთ და თქვენი კანონით გაასამართლეთ!“+ იუდეველებმა მიუგეს: „ჩვენ არავის მოკვლის უფლება არ გვაქვს!“+ 32 ეს იმიტომ მოხდა, რომ შესრულებულიყო იესოს ნათქვამი, თუ როგორ მოკვდებოდა.+
33 პილატე სახლში შებრუნდა, იესოს მოუხმო და ჰკითხა: „შენა ხარ იუდეველთა მეფე?“+ 34 იესომ უპასუხა: „ამას თავად მიხვდი თუ სხვებმა გითხრეს?“ 35 პილატემ მიუგო: „განა მე იუდეველი ვარ?! შენმა ხალხმა და უფროსმა მღვდლებმა გადმომცეს შენი თავი. რა ჩაიდინე?“ 36 იესომ უპასუხა:+ „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის.+ ამ ქვეყნიერების ნაწილი რომ ყოფილიყო, ჩემი მსახურები იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს არ ჩავვარდნოდი ხელში.+ მაგრამ ჩემი სამეფო არ არის მიწიერი“. 37 მაშინ პილატემ მას ჰკითხა: „ესე იგი, მეფე ხარ?!“ იესომ მიუგო: „შენ თვითონ ამბობ, რომ მეფე ვარ!+ მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი ქვეყნიერებაში, რომ ჭეშმარიტების შესახებ დამემოწმებინა.+ ყველა, ვინც ჭეშმარიტების მხარესაა, მისმენს“. 38 პილატემ ჰკითხა: „ჭეშმარიტება რაღაა?“
ეს რომ თქვა, კვლავ იუდეველებთან გამოვიდა და უთხრა მათ: „ვერაფერში ვდებ ბრალს.+ 39 თანაც ჩვეულება გაქვთ, რომ პასექზე ერთი კაცი გაგითავისუფლოთ.+ გინდათ, იუდეველთა მეფე გაგითავისუფლოთ?“ 40 ისინი კვლავ აყვირდნენ: „ეგ არა! ბარაბა!“ ბარაბა ყაჩაღი იყო.+