იეჰოვას მრავალი ძე მიჰყავს დიდებამდე
„შეჰფეროდა მას [ღმერთს]. . . ვინც მრავალი ძე მოიყვანა დიდებამდე, მათი გადარჩენის წინამძღვარი სრულეყო ტანჯვით“ (ებრაელთა 2:10).
1. რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ადამიანების მიმართ იეჰოვას განზრახვა შესრულდება?
იეჰოვამ დედამიწა სრულყოფილი კაცობრიობისთვის მარადიულ სახლად შექმნა, სადაც ადამიანები მარადიული სიცოცხლით უნდა დამტკბარიყვნენ (ეკლესიასტე 1:4; ესაია 45:12, 18). თუმცა, ჩვენმა წინაპარმა, ადამმა, შესცოდა და შედეგად შთამომავლობასაც ცოდვა და სიკვდილი მოგვიტანა. მაგრამ ღმერთი ადამიანების მიმართ განზრახვას თავისი აღთქმული თესლის, იესო ქრისტეს, საშუალებით განახორციელებს (დაბადება 3:15; 22:18; რომაელთა 5:12–21; გალატელთა 3:16). ადამიანებისადმი სიყვარულიდან გამომდინარე, იეჰოვამ „მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 3:16). ასევე, სიყვარულმა აღძრა იესო, რომ ‘თავი შეეწირა მრავალთა გამოსასყიდად’ (მათე 20:28). ეს ‘გამოსასყიდი’ იმ უფლებებსა და პერსპექტივებს გვიბრუნებს, რომლებიც ადამმა დაკარგა და მარადიულად სიცოცხლის შესაძლებლობას გვაძლევს (1 ტიმოთე 2:5, 6; იოანე 17:3).
2. როგორ იყო იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის წინასახეობა ისრაელის ყოველწლიური გამოსყიდვის დღე?
2 იესოს გამომსყიდველურ მსხვერპლად შეწირვის წინასახეობა გამოსყიდვის ყოველწლიური დღე იყო. ამ დღეს ისრაელის მღვდელმთავარი პირველად ცოდვის გამოსასყიდ ხბოს სწირავდა და მისი სისხლი კარვის, ხოლო მოგვიანებით ტაძრის წმიდათა წმიდაში წმინდა კიდობანთან მიჰქონდა. ამ ყოველივეს საკუთარი თავის, ოჯახისა და ლევიანების განსაწმენდად ასრულებდა. მსგავსად, იესო ქრისტემ თავისი სისხლის ფასი ღმერთს პირველად სულიერი ‘ძმების’ ცოდვათა დასაფარავად წარუდგინა (ებრაელთა 2:12; 10:19–22; ლევიანნი 16:6, 11–14). გამოსყიდვის დღეს მღვდელმთავარი ასევე ცოდვის გამოსასყიდ ვაცს სწირავდა, მისი სისხლი წმიდათა წმიდაში შეჰქონდა და ასეთი სახით ისრაელის თორმეტი ტომის ცოდვებს გამოისყიდდა, რომლებიც სამღვდელო მოდგმას არ წარმოადგენდნენ. ასევე მღვდელმთავარი იესო ქრისტე თავის სისხლს ყველა იმ ადამიანის ცოდვების გამოსასყიდად გამოიყენებს, რომლებიც მის მიმართ რწმენას გამოამჟღავნებენ (ლევიანნი 16:15).
დიდებამდე მიყვანილნი
3. რას აკეთებდა იეჰოვა 1 900 წლის მანძილზე ებრაელთა 2:9, 10-ის თანახმად?
3 ათას ცხრაასი წლის მანძილზე ღმერთი იესოს ‘ძმებთან’ დაკავშირებით განსაკუთრებულად მოქმედებდა. ამის შესახებ მოციქული პავლე წერდა: „ვხედავთ, რომ სიკვდილის განცდის გამო დიდებით და პატივით დაგვირგვინებულია იესო, რომელიც ოდნავ იყო დამცირებული ანგელოზთა წინაშე, რათა მას ღვთის მადლით ეგემა სიკვდილი ყველას გულისათვის. ვინაიდან შეჰფეროდა მას [იეჰოვა ღმერთს], ვისთვისაც არის ყოველივე და ვისგანაც არის ყოველივე, ვინც მრავალი ძე მოიყვანა დიდებამდე, მათი გადარჩენის წინამძღვარი სრულეყო ტანჯვით“ (ებრაელთა 2:9, 10). გადარჩენის წინამძღვარი იესო ქრისტეა, რომელმაც დედამიწაზე ადამიანად ცხოვრების პერიოდში მრავალი ტანჯვის გადატანით სრულყოფილი მორჩილება ისწავლა (ებრაელთა 5:7–10). იესო პირველი უნდა შობილიყო, როგორც ღვთის სულიერი ძე.
4. როდის და როგორ იშვა იესო ღვთის სულიერ ძედ?
4 იეჰოვამ თავისი წმინდა სულით ანუ მოქმედი ძალით იესო ქრისტე სულიერ ძედ შვა, რათა იგი ზეციერ დიდებამდე მიეყვანა. იესო ღვთის ნების შესასრულებლად თავისი მზადყოფნის სიმბოლოდ იოანე ნათლისმცემლის მიერ წყალში სრული ჩაძირვით მოინათლა. ლუკას სახარება გვაუწყებს: «როცა მთელი ხალხი ინათლებოდა და იესოც მოინათლა და ლოცულობდა, გაიხსნა ცა და გარდმოხდა მასზედ სულიწმიდა ხორციელი სახით, როგორც მტრედი, და გაისმა ზეცით ხმა: „შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“» (ლუკა 3:21, 22). იოანემ იხილა იესოზე გარდმომავალი წმინდა სული და გაიგონა იეჰოვას ხმა, რითაც ცხადი გახდა, რომ მან მოიწონა იგი, როგორც საყვარელი ძე. იმ დროს იეჰოვამ სულიწმიდის საშუალებით, ‘დიდებამდე მოყვანილ მრავალ ძეთაგან’ პირველად, იესო შვა სულიერ ძედ.
5. ვის და რამდენ პიროვნებას უნდა მიეღო პირველ რიგში სარგებლობა იესოს მსხვერპლიდან?
5 იესოს მსხვერპლიდან პირველად მის „ძმებს“ უნდა მიეღოთ სარგებლობა (ებრაელთა 2:12–18). მოციქულმა იოანემ ხილვაში ისინი უკვე განდიდებულნი, ზეციერი სიონის მთაზე კრავთან, მკვდრეთით აღმდგარ უფალ იესო ქრისტესთან, ერთად მდგარნი იხილა. იოანემ ასევე მათი რიცხვიც გვაუწყა: „გავიხედე და, აი, კრავი დგას სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი, რომელთაც შუბლებზე აწერიათ მისი სახელი და მისი მამის სახელი. . . ისინი არიან ადამიანებისგან გამოსყიდულები, როგორც პირველნაყოფი ღმერთისა და კრავისათვის. სიცრუე არ იპოვებოდა მათ პირში; ისინი უბიწონი არიან ღმერთის ტახტის წინაშე“ (გამოცხადება 14:1–5, „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, 1990 წლის გამოცემა). ამგვარად, ‘დიდებამდე მოყვანილი სულიერი ძეების’ რიცხვი შეადგენს მხოლოდ 144 001 — იესოსა და მის სულიერ ძმებს.
‘ღვთისგან შობილნი’
6, 7. ვინ არიან ‘ღვთისგან შობილნი’ და რას ნიშნავს ეს მათთვის?
6 ისინი, ვისთვისაც იეჰოვა მამა გახდა, ‘ღვთისგან არიან შობილნი’. ასეთი პიროვნებების მიმართ მოციქული იოანე წერდა: „ყოველი, ვინც ღვთისაგან არის შობილი, არ სჩადის ცოდვას, ვინაიდან მისი [იეჰოვას] თესლი იმყოფება მასში, და არ ძალუძს შეცოდება, ვინაიდან ღვთისაგან არის შობილი“ (1 იოანე 3:9). ეს თესლი ღვთის წმინდა სულია. იგი ღვთის სიტყვასთან ერთად მოქმედებით 144 000-დან თითოეულს ‘ხელახლა შობს’ და ზეციერ იმედს აძლევს (1 პეტრე 1:3–5, 23).
7 იესო დაბადებიდანვე ღვთის ძედ იწოდებოდა, ისევე როგოც სრულყოფილი ადამი იყო ძე „ღვთისა“ (ლუკა 1:35; 3:38). თუმცა აღსანიშნავია, რომ იესოს მონათვლისას იეჰოვამ განაცხადა: „შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“ (მარკოზი 1:11). ამ განაცხადითა და მასზე სულიწმიდის გადასვლით ნათელი გახდა, რომ იეჰოვამ იესო სულიერ ძედ შვა. ფიგურალურად, იესო მაშინ ‘ხელახლა იშვა’ და ზეცაში ღვთის სულიერ ძედ კვლავ ცხოვრების ნება მიიღო. მის მსგავსად, მისი სულიერი ძმებიც, რომელთა რიცხვი 144 000-ს შეადგენს, ‘ხელახლა იშვნენ’ (იოანე 3:1–8; იხილე 1992 წლის 15 ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“ [რუს.], გვერდები 3–6). როგორც იესო, ისინიც ღვთის მიერ ცხებულები არიან და კეთილი ცნობის ქადაგება ევალებათ (ესაია 61:1, 2; ლუკა 4:16–21; 1 იოანე 2:20).
სულიერი ძეობის მტკიცება
8. სულიერი ძეობის რა მტკიცება არსებობდა ა) იესოს შემთხვევაში? ბ) მისი პირველი მოწაფეების შემთხვევაში?
8 იესო რომ სულით იყო შობილი, ამის დამამტკიცებელი აშკარა ნიშანი არსებობდა. იოანე ნათლისმცემელმა დაინახა მასზე გარდმომავალი სულიწმიდა და ახლად ცხებული მესიის სულიერი ძეობის შესახებ ღვთის განაცხადი მოისმინა. მაგრამ როგორ უნდა სცოდნოდათ იესოს მოწაფეებს, რომ სულით იყვნენ ნაშობნი? იესომ ზეცად ამაღლების დღეს თქვა: „იოანე ნათლავდა წყლით, თქვენ კი, არც თუ მრავალი დღის შემდეგ, მოინათლებით სულიწმიდით“ (საქმეები 1:5). იესოს მოწაფეები ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ‘სულიწმიდით მოინათლნენ.’ სულიწმიდის გადასვლისას „იყო ხმაური ზეციდან, თითქოს ძლიერმა ქარმა დაჰბერაო“ და „გაყოფილი ენები, თითქოს ცეცხლისანი“ მოეფინა თითოეულ მოწაფეს. განსაკუთრებით აღსანიშნავი კი ის იყო, რომ მოწაფეებმა „იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე, როგორც სული ამეტყველებდა მათ“. ასე რომ, არსებობდა აშკარა მტკიცება იმისა, რომ ზეციერ დიდებაში ღვთის ძეების მიმყვანი გზა ქრისტეს მიმდევრებისთვის გახსნილი იყო (საქმეები 2:1–4, 14–21; იოველი 3:1, 2).
9. რა მტკიცება არსებობდა, რომ სამარიელები, კორნელიოსი და პირველ საუკუნეში მცხოვრები სხვა პიროვნებები სულით იყვნენ ნაშობნი?
9 რამოდენიმე ხნის შემდეგ ფილიპე სამარიაში ქადაგებდა. თუმცა სამარიელებმა მისი ცნობა მიიღეს და მოინათლნენ, მათ არ ჰქონიათ იმის მტკიცება, რომ ღვთისგან იყვნენ შობილნი. როდესაც მოციქულებმა პეტრემ და იოანემ ილოცეს და ხელები დაასხეს იმ მორწმუნეებს, „მათაც მიიღეს სულიწმიდა“ ისეთი სახით, რომ მხილველებისთვისაც ცხადი გახდა (საქმეები 8:4–25). ეს იმის მტკიცება იყო, რომ მორწმუნე სამარიელები სულით იშვნენ, როგორც სულიერი ძეები. მსგავსად, ახ. წ. 36 წელს კორნელიოსმა და სხვა წარმართებმაც მიიღეს ღვთისგან მომდინარე ჭეშმარიტება. პეტრე და მისი თანმხლები იუდეველი მორწმუნეები „გაოცდნენ, რომ სულიწმიდის ნიჭი წარმართებსაც მოეფინათ, რადგან ესმოდათ, რომ ლაპარაკობდნენ ენებზე და ადიდებდნენ ღმერთს“ (საქმეები 10:44–48). პირველი საუკუნის ბევრმა ქრისტიანმა მიიღო ‘სულის ნიჭი’, და ენებზე ლაპარაკი დაიწყო (1 კორინთელთა 14:12, 32, აქ). ეს მათთვის მტკიცება იყო, რომ სულით ნაშობ ძეებს წარმოადგენდნენ. მაგრამ, როგორ შეეძლოთ შემდგომი დროის ქრისტიანებს სცოდნოდათ, იყვნენ თუ არა სულით ნაშობნი?
სულიწმიდის დამოწმება
10, 11. როგორ ახსნიდი რომაელთა 8:15–17-ზე დაყრდნობით, რომ სული ემოწმება მათ, ვინც ქრისტეს თანამემკვიდრენი არიან?
10 ყველას, 144 000-ვე სულით ცხებულ ქრისტიანს აშკარა მტკიცება აქვს, რომ ღვთის სული გააჩნია. ამის თაობაზე პავლე წერდა: «მიღებული გაქვთ შვილობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: „აბბა, მამაო!“ სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ. ხოლო თუ შვილები — მემკვიდრენიც, ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი, თუ სინამდვილეში მასთან ერთად ვიტანჯებით, რათა მასთან ერთად ვიდიდოთ კიდეც» (რომაელთა 8:15–17). სულით ცხებულ ქრისტიანებს თავიანთი ზეციერი მამის მიმართ გააჩნიათ ისეთი გრძნობები, როგორიც შვილს მამის მიმართ აქვს (გალატელთა 4:6, 7). ისინი სრულიად დარწმუნებული არიან, რომ ღვთის მიერ ზეციერ სამეფოში ქრისტეს თანამემკვიდრე სულიერ ძეებად იშვნენ. ეს იეჰოვას წმინდა სულის ძალით ხდება.
11 ღვთის სულიწმიდის ზემოქმედებით, ცხებულთა სული ანუ შინაგანი განწყობილება აღძრავს მათ, გამოეხმაურონ იმას, რასაც ღვთის სიტყვა ზეციერი იმედის შესახებ იუწყება. მაგალითად, როდესაც ისინი ბიბლიაში იეჰოვას სულიერი შვილების შესახებ კითხულობენ, თავისთავად ხვდებიან, რომ ეს მათ ეხებათ (1 იოანე 3:2). იციან, რომ ‘მოინათლნენ ქრისტე იესოში’ და მის სიკვდილში (რომაელთა 6:3). ისინი მტკიცედ არიან დარწმუნებული, რომ ღვთის სულიერი ძეები არიან და სიკვდილის შემდეგ, იესოს მსგავსად, ზეციერი დიდებისთვის იქნებიან აღდგენილნი.
12. რას აღძრავს სულიწმიდა ცხებულ ქრისტიანებში?
12 პიროვნება სულიერი ძე ძლიერი სურვილის შედეგად არ ხდება. სულიერ ძეებს ზეცაში ამაღლების სურვილი დედამიწაზე არსებული სირთულეებისა და განსაცდელების გამო არ უჩნდებათ (იობი 14:1). არამედ, ჭეშმარიტ სულით ცხებულებში იეჰოვას სული აღძრავს ისეთ იმედსა და სურვილს, რომელიც ადამიანებისთვის საერთოდ უჩვეულოა. ასეთმა პიროვნებებმა იციან, რომ სამოთხეში დედამიწაზე ბედნიერ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად სრულყოფილი ადამიანის მარადიული ცხოვრება შესანიშნავი იქნება. მაგრამ მათი გული ამგვარი ცხოვრებისკენ არ არის მიმართული. მიუხედავად იმისა, რომ მიჩვეული არიან დედამიწაზე ცხოვრებას, სულით ცხებულ ქრისტიანებში ზეციერი იმედი იმდენად ძლიერია, რომ სიამოვნებით სწირავენ ნებისმიერ მიწიერ პერსპექტივას (2 პეტრე 1:13, 14).
13. რა იყო პავლეს ‘ნატვრა’ 2 კორინთელთა 5:1–5-ის თანახმად და რას გვეუბნება ეს სულით ნაშობი ძეების შესახებ?
13 ასეთ ქრისტიანებს ზეციერი ცხოვრების ღვთის მიერ ბოძებული იმდენად ძლიერი იმედი გააჩნიათ, რომ მათი გრძნობები პავლეს გრძნობების მსგავსია, რომელიც წერდა: „ვიცით, რომ, როცა დაინგრევა ეს ჩვენი მიწიერი სახლი — კარავი, ღვთისაგან გვაქვს შენობა ცაში, ხელთუქმნელი სახლი, საუკუნო. ვინაიდან მართლაც ვოხრავთ და ვნატრობთ ჩვენი ზეციური სახლით შემოსვას, თუ შემოსილნიც შიშვლები არ აღმოვჩნდით. ვინაიდან, მართლაც, ამ კარავში ტვირთქვეშ ვოხრავთ, რადგან გახდა კი არა გვსურს, არამედ შემოსვა, რათა მოკვდავი შთაინთქას სიცოცხლით. სწორედ ამისათვის შეგვამზადა ჩვენ ღმერთმა და მოგვცა სული საწინდრად“ (2 კორინთელთა 5:1–5). პავლეს ‘ნატვრა’ ზეცაში უკვდავ სულიერ ქმნილებად აღდგენა იყო. ადამიანის სხეულზე საუბრისას მან გამოიყენა მეტაფორა და იგი შეადარა კარავს, რომელიც ინგრევა, სახლს, რომელიც სუსტია და დროებით სამყოფელს წარმოადგენს. თუმცა მოკვდავ ადამიანებად დედამიწაზე ცხოვრობენ, ქრისტიანები, რომელთაც ზეციერი ცხოვრების დამკვიდრების საწინდრად სულიწმიდა აქვთ, მოუთმენლად ელიან ‘შენობას ღვთისგან’ უკვდავსა და უხრწნელ სულიერ სხეულს (1 კორინთელთა 15:50–53). პავლეს მსგავსად მათაც გულწრფელად შეუძლიათ თქვან: „მხნედა ვართ და გვირჩევნია [ადამიანის] სხეულს განვშორდეთ და უფალთან [ზეცაში] დავბინავდეთ“ (2 კორინთელთა 5:8).
განსაკუთრებულ კავშირში შეყვანილნი
14. რომელი კავშირი ახსენა იესომ პირველად, როდესაც გახსენების საღამო დააარსა და რა როლს ასრულებს ეს სულიერ ისრაელებთან დაკავშირებით?
14 სულით ნაშობი ქრისტიანები დარწმუნებული არიან, რომ მათთან ორი განსაკუთრებული კავშირია დადებული. იესომ ერთ-ერთი მათგანი მოიხსენია, როდესაც თავისი მოსალოდნელი სიკვდილის გახსენების საღამოს დაარსებისას უფუარი პური და ღვინო გამოიყენა და ღვინის სასმისის შესახებ თქვა: «ეს სასმისი არის ახალი აღთქმა [„კავშირი“, აქ] ჩემს სისხლში, თქვენთვის რომ იღვრება» (ლუკა 22:20; 1 კორინთელთა 11:25). ვის შორის დაიდო ახალი კავშირი? იეჰოვა ღმერთსა და სულიერი ისრაელის წევრებს შორის, რომლებიც იეჰოვამ ზეციერ დიდებამდე უნდა მიიყვანოს (იერემია 31:30–33; გალატელთა 6:15, 16; ებრაელთა 12:22–24). იესოს დაღვრილი სისხლით ამოქმედებული ახალი კავშირი ერებიდან კრებს ხალხს იეჰოვას სახელისთვის და ამ სულით ნაშობ ქრისტიანებს აბრაამის ‘თესლის’ ნაწილად ხდის (გალატელთა 3:26–29; საქმეები 15:14). ახალი კავშირის საშუალებით სულიერი ისრაელის ყველა წევრი ზეცაში მარადიულად საცხოვრებლად აღდგება და დიდებამდე იქნება მიყვანილი. ‘საუკუნო კავშირი’ მარადიული სარგებლობის მომტანი იქნება. მომავალი გვიჩვენებს, ეს კავშირი ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროსა და მას მერეც იმოქმედებს თუ არა სხვაგვარად (ებრაელთა 13:20).
15. რომელ სხვა კავშირში იყვნენ შეყვანილი იესოს ცხებული მიმდევრები ლუკას 22:28–30-ის თანახმად და როდის მოხდა ეს?
15 ‘მრავალ ძეთაგან’ თითოეული, რომლებიც იეჰოვამ ‘დიდებამდე უნდა მიიყვანოს’, ასევე ზეციერი სამეფოს კავშირში არიან შეყვანილნი. მისსა და თავის მიმდევრებს შორის დადებული კავშირის შესახებ იესომ თქვა: „თქვენ კი ისინი ხართ, რომელნიც ჩემთან დარჩით ჩემს განსაცდელში. მეც ისევე აღგითქვით, როგორც მე აღმითქვა მამაჩემმა სასუფეველი, რომ ჭამოთ და სვათ ჩემს სუფრაზე ჩემ სასუფეველში და დასხდეთ ტახტებზე ისრაელის თორმეტი ტომის განსაკითხავად“ (ლუკა 22:28–30). ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე სულიწმიდით იესოს მოწაფეების ცხებით სამეფოს კავშირი ძალაში შევიდა. ქრისტესა და მის თანამეფეებს შორის ეს კავშირი ყოველთვის მოქმედი იქნება (გამოცხადება 22:5). ამგვარად, სულით ნაშობი ქრისტიანები დარწმუნებული არიან, რომ ახალ კავშირსა და სამეფოს კავშირში არიან შეყვანილნი. ამიტომ, უფლის სერობის აღნიშვნისას მხოლოდ ჯერ კიდევ დედამიწაზე დარჩენილ სულით ცხებულ ქრისტიანთა მცირე ჯგუფი ღებულობს პურს, რომელიც იესოს უცოდველ სხეულს ასიმბოლოებს და ღვინოს, რომელიც იესოს დაღვრილი უმანკო სისხლის აღმნიშვნელია, რომლის მეშვეობითაც ახალი კავშირი ძალაში შევიდა (1 კორინთელთა 11:23–26 იხილე 1989 წლის 1 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“ [ინგლ.], გვერდები 17–20).
მოწოდებულნი, რჩეულნი და სარწმუნონი
16, 17. ა) რას უნდა ეცადოს 144 000-ის თითოეული წევრი, რომ ‘დიდებამდე იყოს მიყვანილი’? ბ) ვის ასიმბოლოებს ‘ათი მეფე’ და როგორ ეპყრობიან ისინი ქრისტეს ‘ძმების’ დედამიწაზე დარჩენილ ნაწილს?
16 იესოს გამომსყიდველური მსხვერპლი პირველად 144 000 სულით ცხებულისთვის გამოიყენება, რომლის საფუძველზეც ისინი ზეციერი ცხოვრებისთვის მოწოდებულნი და ღვთის მიერ სულით შობით რჩეულნი ხდებიან. რა თქმა უნდა, ‘დიდებამდე მიყვანილნი’ რომ იყვნენ, ისინი უნდა ‘ეცადონ განამტკიცონ თავიანთი მოწოდება და რჩეულობა’ და სიკვდილამდე ერთგულები დარჩნენ (2 პეტრე 1:10; ეფესელთა 1:3–7; გამოცხადება 2:10). დედამიწაზე სულით ცხებულთა მცირე დარჩენილი ნაწილი უმწიკვლოებას ინარჩუნებს სიმბოლური ‘ათი მეფის’, ანუ მთელი პოლიტიკური ძალების წინააღმდეგობის მიუხედავად. „ისინი შეებრძოლებიან კრავს, — თქვა ანგელოზმა, — და კრავი გაიმარჯვებს მათზე, ვინაიდან ის არის უფალთ უფალი და მეფეთ მეფე, და მასთან მყოფნი მოწოდებულნი, რჩეულნი და სარწმუნონი არიან“ (გამოცხადება 17:12–14).
17 ადამიანთა მმართველები ვერაფერს გახდებიან იესოს, ‘მეფეთ მეფის’ წინააღმდეგ, რამეთუ იგი ზეცაშია. მაგრამ ისინი ჯერ კიდევ დედამიწაზე მყოფ მის „ძმებს“ მტრობენ (გამოცხადება 12:17). ამ მტრობას ბოლო მოეღება ღვთის ომის, არმაგედონის, დროს, როდესაც „მეფეთ მეფე“ და მისი ‘ძმები’, „მოწოდებულნი, რჩეულნი და სარწმუნონი“ გამარჯვებას მოიპოვებენ (გამოცხადება 16:14, 16). მანამდე კი სულით ნაშობი ქრისტიანები უამრავ საქმეს ასრულებენ. რით არიან ისინი დაკავებულნი, ვიდრე იეჰოვას მიერ დიდებამდე იქნებიან მიყვანილნი?
როგორ უპასუხებდი?
□ ვინ მიჰყავს ღმერთს ‘ზეციერ დიდებამდე’?
□ რას ნიშნავს ‘ღვთისგან შობა’?
□ როგორ ‘ემოწმება სული’ ზოგიერთ ქრისტიანს?
□ რომელ ორ კავშირში იყვნენ შეყვანილი სულით ნაშობი ქრისტიანები?
[სურათი 15 გვერდზე]
ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ნათელი გახდა, რომ ზეციერი დიდებისკენ მიმავალი გზა გაიხსნა.