თვალსაჩინო გახადეთ თქვენი წინსვლა
«ამაზე იზრუნე და ამაზე იდექი, რათა ყველასათვის ცხადი იყოს შენი წარმატება [„წინსვლა“, აქ]» (1 ტიმოთე 4:15).
1. როგორ შეგიძლიათ გამოიცნოთ, როდის მწიფდება და იჭმება ხილი?
წარმოიდგინეთ თქვენი საყვარელი ხილი — ატამი, მსხალი, ყურძენი ან სხვა. გაარჩევთ, როდის მწიფს და იჭმება? რა თქმა უნდა. მისი სურნელება, შეფერილობა და ხელით მოსინჯვა უკვე გარწმუნებთ იმაში, რომ მალე პირს ჩაიტკბარუნებთ. გემოს გაუსინჯავთ თუ არა შეიძლება სიამოვნებისგან წამოიძახოთ კიდეც: რა წვნიანია, რა ტკბილია! ის დიდ სიხარულსა და სიამოვნებას გგვრით.
2. როგორ ხდება მოწიფულობა თვალსაჩინო და რა გავლენას ახდენს ის პირად ურთიერთობებზე?
2 ამ უბრალო, მაგრამ ცოცხალ თვალსაჩინო მაგალითს თავისი ანალოგები აქვს ცხოვრების სხვა სფეროებში. მაგალითად, ხილის სიმწიფის მსგავსად, ადამიანის სულიერი მოწიფულობაც სხვადასხვამხრივ ხდება თვალსაჩინო. ჩვენ ვხვდებით, რომ ადამიანი მოწიფულია, როდესაც ვამჩნევთ მის გამჭრიახობას, გონიერებას, სიბრძნეს და ასე შემდეგ (იობი 32:7—9). მართლაც რომ სასიამოვნოა ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა და მუშაობა, რომელთა დამოკიდებულებანი და მოქმედებანი ამ თვისებებს ირეკლავს (იგავნი 13:20).
3. რას ვგებულობთ მოწიფულობის შესახებ იესოს მიერ თავისი თანამედროვე ადამიანების შეფასებიდან?
3 მეორე მხრივ, ადამიანი შეიძლება მოწიფული იყოს ფიზიკურად, მაგრამ მისი საუბარი და საქციელი შეიძლება მის ემოციურ და სულიერ მოუმწიფებლობაზე მეტყველებდეს. მაგალითად, თავის თანამედროვე ჭირვეულ მოდგმაზე საუბრისას იესომ თქვა: „მოვიდა იოანე, არც ჭამს, არც სვამს, და ამბობენ: ეშმაკი ჰყავსო. მოვიდა ძე კაცისა, ჭამს და სვამს, და ამბობენ: აჰა, კაცი, რომელსაც უყვარს ჭამა და ღვინის სმა“. თუმცა ეს ხალხი ფიზიკურად მოწიფული იყო, იესომ თქვა, რომ ისინი ‘ბავშვებივით’ — მოუმწიფებელი ადამიანებივით — იქცეოდნენ. ამიტომ მან დასძინა: „სიბრძნე საქმეებითაა გამართლებული“ (მათე 11:16—19).
4. როგორ ხდება თვალსაჩინო წინსვლა და მოწიფულობა?
4 როგორც იესოს სიტყვებიდან შეგვიძლია დავინახოთ, ფლობს თუ არა ადამიანი სიბრძნეს — მოწიფულობის უტყუარ ნიშანს — ამას მის მიერ გაკეთებული საქმეები და მიღებული შედეგები აჩვენებს. ყურადღება მიაქციეთ ამასთან დაკავშირებით მოციქულ პავლეს მიერ ტიმოთესადმი მიცემულ რჩევას. მას შემდეგ, რაც ჩამოთვალა, თუ რისკენ უნდა ესწრაფა ტიმოთეს, პავლემ თქვა: «ამაზე იზრუნე და ამაზე იდექი, რათა ყველასათვის ცხადი იყოს შენი წარმატება [„წინსვლა“, აქ]» (1 ტიმოთე 4:15). დიახ, მოწიფულობისკენ ქრისტიანის წინსვლა თვალსაჩინო ანუ ადვილად შესამჩნევია. მოკაშკაშე სინათლის მსგავსად, ქრისტიანული მოწიფულობა უხილავი ან მიჩქმალული თვისება როდია (მათე 5:14—16). ამიტომ, ჩვენ განვიხილავთ ორ ძირითად მხარეს, რომლებშიც შეიძლება წინსვლა და მოწიფულობა თვალსაჩინო გახდეს. ესენია: 1) შემეცნებაში, გაგებასა და სიბრძნეში გაზრდა; 2) სულის ნაყოფის გამოვლენა.
ერთიანობა რწმენასა და შემეცნებაში
5. როგორ შეიძლება განიმარტოს მოწიფულობა?
5 ლექსიკონების უმრავლესობა მოწიფულობას განმარტავს, როგორც სრული განვითარების, ზრდასრულობის მდგომარეობას, და ადამიანის მიერ საბოლოო სტადიის ან სასურველი დონის მიღწევას. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ხილი მოწეული ანუ მწიფეა მაშინ, როცა დასრულებული აქვს ზრდის ბუნებრივი ციკლი და ისეთ სტადიას მიაღწია, როცა მისი ფორმა, შეფერილობა, სურნელი და გემო, სასურველად შეიძლება ჩაითვალოს. მაშასადამე, მოწიფულობა ჩინებულობის, სრულქმნილობის და თვით სრულყოფილების სინონიმურია (ესაია 18:5; მათე 5:45—48; იაკობი 1:4).
6, 7. ა) საიდან ვიცით, რომ იეჰოვა დიდად არის დაინტერესებული იმით, რომ ყველა მისი თაყვანისმცემელი წინ მიიწევდეს სულიერი მოწიფულობისკენ? ბ) რასთან არის მჭიდროდ დაკავშირებული სულიერი მოწიფულობა?
6 იეჰოვა ღმერთი დიდად არის დაინტერესებული იმით, რომ ყველა მისი თაყვანისმცემელი წინ მიიწევდეს სულიერი მოწიფულობისკენ. ამ მიზნით მან ქრისტიანული კრება შესანიშნავი ღონისძიებებით უზრუნველყო. მოციქულმა პავლემ ეფესოელ ქრისტიანებს მისწერა: «მან დააყენა ერთნი მოციქულებად, მეორენი წინასწარმეტყველებად, ზოგნი მახარებლად, ზოგნი მწყემსებად და მოძღვრებად, რათა სრულეყოთ წმიდანი მსახურების საქმისათვის — ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად, ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთიანობას და ღვთის ძის შემეცნებას სრულ [„სრულქმნილ“, სსგ] კაცად, ქრისტეს სისავსის ასაკის ზომას. რათა აღარ ვიყოთ ბალღები, რომელთაც არყევს და იტაცებს მოძღვრების ყოველგვარი ქარი ადამიანთა ცბიერებით, ცდუნების მზაკვრული ხელოვნებით» (ეფესელთა 4:11—14).
7 ამ მუხლებში პავლემ განმარტა, რომ იმ მიზეზებში, რის გამოც ღმერთმა ასეთი უხვი სულიერი ღონისძიებებით უზრუნველყო კრება, შემდეგიც შედის: ყველამ უნდა მიაღწიოს ‘რწმენისა და შემეცნების ერთიანობას’; ყველა უნდა გახდეს ‘სრულქმნილი კაცი’; და ყველას უნდა ჰქონდეს ‘ქრისტეს ასაკის ზომა’. მხოლოდ ამის შემდეგ ვიქნებით უსაფრთხოდ და არ დავემსგავსებით ბავშვებს, — სულიერი გაგებით, — რომელთაც არყევთ ცრუ იდეები და მოძღვრება. ამრიგად, ვხედავთ, რომ სულიერი მოწიფულობისკენ წინსვლა და ‘რწმენისა და ღვთის ძის შემეცნების ერთიანობის’ მიღწევა მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. პავლეს რჩევა რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტს მოიცავს, რომლებიც კარგი იქნებოდა მხედველობაში მიგვეღო.
8. რა არის საჭირო რწმენასა და შემეცნებაში „ერთიანობის“ მისაღწევად?
8 პირველი, ვინაიდან „ერთიანობას“ შენარჩუნება სჭირდება, და ამასთან რწმენა და შემეცნებაც უშუალოდ არის დაკავშირებული, მოწიფულ ქრისტიანს ერთობა და სრული თანხმობა უნდა ჰქონდეს თანამორწმუნეებთან. ის არ ცდილობს, რომ თავისი აზრი გაიტანოს ან პირადი შეხედულებები იქონიოს ბიბლიურ საკითხებთან დაკავშირებით. ნაცვლად ამისა, ის სრულიად დარწმუნებულია იმ ჭეშმარიტებაში, რომელსაც იეჰოვა თავისი ძის იესო ქრისტეს და „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით გვიმჟღავნებს. თუ რეგულარულად „ვიგემებთ“ სულიერ საზრდოს, რომელსაც „დროულად“ ვიღებთ ქრისტიანული პუბლიკაციების, შეხვედრებისა და კონგრესების მეშვეობით, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ თანაქრისტიანებთან რწმენასა და შემეცნებაში „ერთიანობას“ შევინარჩუნებთ (მათე 24:45).
9. ახსენით, რა მნიშვნელობით გამოიყენა პავლემ ეფესელთა მიმართ მიწერილ წერილში სიტყვა „რწმენა“.
9 მეორე, სიტყვა „რწმენაში“, რომელიც ზემოთ მოყვანილ მუხლში გვხვდება, ნაგულისხმებია არა ცალ-ცალკე აღებული თითოეული ქრისტიანის რწმენა, არამედ ჩვენი მრწამსის ერთიანობა, მისი „სიგანე და სიგრძე და სიმაღლე და სიღრმე“ (ეფესელთა 3:18; 4:5; კოლასელთა 1:23; 2:7). მართლაც, როგორ შეუძლია ქრისტიანს, ერთიანობა იქონიოს თანამორწმუნეებთან, თუ ის ერთიანი „რწმენის“ მხოლოდ ამა თუ იმ მხარეს მიიჩნევს სარწმუნოდ? ეს იმას ნიშნავს, რომ არ უნდა დავკმაყოფილდეთ ბიბლიის მხოლოდ ძირითადი მოძღვრების ანდა ჭეშმარიტების ბუნდოვანი ან ზედაპირული ცოდნით. პირიქით, ღვთის სიტყვის ღრმად გამოსაკვლევად ჩვენ დაინტერესებული უნდა ვიყოთ ყველა იმ ღონისძიებიდან სარგებლობის მიღებით, რომლითაც იეჰოვა უზრუნველგვყოფს თავისი ორგანიზაციის მეშვეობით. უნდა ვეცადოთ, რამდენადაც შესაძლებელია, ზუსტი და სრული ცოდნა შევიძინოთ ღვთის ნება-სურვილისა და განზრახვის შესახებ. ამაში შედის დროის გამოყოფა ბიბლიისა და ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციების კითხვისა და შესწავლისათვის, დახმარებისა და ხელმძღვანელობისთვის ღვთისადმი ლოცვა, ქრისტიანულ შეხვედრებზე რეგულარულად დასწრება და სამეფოს შესახებ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმიანობაში სრულად მონაწილეობა (იგავნი 2:1—5).
10. რა იგულისხმება ეფესელთა 4:13-ში გამოყენებულ ფრაზაში — „ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ“?
10 მესამე, პავლემ იმ სამი მიზნის შესახებ საუბარი, რომლებიც ქრისტიანებმა უნდა დაისახონ, ასეთი სიტყვებით დაიწყო: „ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ“. ერთი ბიბლიური ცნობარი გამოთქმა „ყველანი“-ს შესახებ ამბობს, რომ მასში იგულისხმება „ყველანი არა ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, არამედ ყველანი ერთად“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თითოეულმა ჩვენგანმა, მთელ საძმოსთან ერთად, გონივრულად უნდა მოახმაროს ძალ-ღონე ქრისტიანული მოწიფულობისკენ სწრაფვას. ნაშრომში „განმმარტებლის ბიბლია“ ნათქვამია: „სხვებისგან განცალკევებული ადამიანისთვის შეუძლებელია სრული სულიერი წარმატების მიღწევა, ისევე როგორც სხეულის ერთი რომელიმე ორგანო ვერ განვითარდება სრულფასოვნად, თუ მთელი სხეული არ განაგრძობს სრულფასოვნად ზრდას“. პავლემ შეახსენა ეფესოელ ქრისტიანებს, რომ მათ „ყველა წმიდასთან ერთად“ უნდა ეღვაწათ და სრულად ჩასწვდომოდნენ რწმენის რაობას (ეფესელთა 3:18ა).
11. ა) რას არ ნიშნავს სულიერი წინსვლა? ბ) რა უნდა გავაკეთოთ, სულიერად რომ გავიზარდოთ?
11 პავლეს სიტყვებიდან ნათელი ხდება, რომ სულიერი წინსვლა, უბრალოდ, გონების ცოდნითა და სწავლებებით ავსებას არ ნიშნავს. მოწიფული ქრისტიანი სხვებს არ ჩრდილავს თავისი ბრწყინვალე შესაძლებლობებით. ნაცვლად ამისა, როგორც ბიბლია ამბობს: „მართალთა გზა დილის ნათელივითაა: უფროდაუფრო ნათდება დღის დადგომამდე“ (იგავნი 4:18). დიახ, „გზა“ ‘ნათდება უფროდაუფრო’ და არა ცალკეული ადამიანი. თუ განუწყვეტლივ მოვახმართ ძალ-ღონეს იმას, რომ არ ჩამოვრჩეთ ღვთის სიტყვის მარადჟამს ნათებად ცოდნას, რომლითაც იეჰოვა უზრუნველყოფს თავის ხალხს, სულიერად გავიზრდებით. ამ შემთხვევაში არ ჩამორჩენა გულისხმობს იმას, რომ წინ მივიწევდეთ, ეს კი ყველა ჩვენგანს შეგვიძლია (ფსალმუნი 96:11; 118:105).
გამოავლინეთ „სულის ნაყოფი“
12. რატომ არის სულის ნაყოფის გამოვლენა მნიშვნელოვანი, როდესაც სულიერ წინსვლას ვესწრაფვით?
12 თუმცა ‘რწმენასა და შემეცნებაში ერთიანობის’ მიღწევა მნიშვნელოვანია, არანაკლებ მნიშვნელოვანია ღვთის სულის ნაყოფის გამოვლენა ცხოვრების ყველა სფეროში. რატომ? იმიტომ რომ, როგორც დავინახეთ, მოწიფულობა უხილავი და შეუმჩნეველი კი არ არის, არამედ ადვილად შესამჩნევია მისთვის დამახასიათებელი თვისებების წყალობით, რომლებსაც სხვებისთვის სარგებლობის მოტანა და მათი გაძლიერება შეუძლია. რა თქმა უნდა, სულიერი წინსვლისკენ სწრაფვა იმას არ ნიშნავს, რომ უბრალოდ კულტურული ადამიანის შთაბეჭდილება დავტოვოთ ანდა მოჩვენებითი მანერები ვიქონიოთ. ნაცვლად ამისა, თუ სულიერად გავიზრდებით, რაც ღვთის სულის ხელმძღვანელობისადმი მორჩილებას მოჰყვება, ჩვენს დამოკიდებულებასა და ქცევაში შესანიშნავი ცვლილებები მოხდება. „მოიქეცით სულიერად და არ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს“, — თქვა მოციქულმა პავლემ (გალატელთა 5:16).
13. რა სახის ცვლილებაა წინსვლის აშკარა ნიშანი?
13 შემდეგ პავლემ „ხორცის საქმეების“ ჩამოთვლა დაიწყო, რომლებიც მრავალრიცხოვანი და „აშკარაა“. ვიდრე ადამიანი მიხვდებოდეს, თუ რამდენად ღირებულია ღვთის მოთხოვნები, მისი ცხოვრების გზა წუთისოფლისეულ ჩარჩოებშია მოქცეული და იგი შესაძლოა ჩაფლულია ზოგიერთ იმ საქმეში, რომლებიც პავლემ მოიხსენია: „სიძვა, უწმიდურება, და თავაშვებულობა, კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, შური, რისხვა, შუღლი, უთანხმოებანი, მწვალებლობა, სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა და სხვა ასეთი“ (გალატელთა 5:19—21). მაგრამ როდესაც ადამიანი წინ მიიწევს სულიერად, იგი ნელ-ნელა იმარჯვებს „ხორცის“ ამ არასასურველ „საქმეებზე“ და მის ნაცვლად „სულის ნაყოფს“ ავლენს. უცხო თვალისთვის ეს შესამჩნევი ცვლილება იმის აშკარა ნიშანია, რომ ეს ადამიანი წინ მიიწევს ქრისტიანული მოწიფულობისკენ (გალატელთა 5:22).
14. განმარტეთ ორი გამოთქმა — „ხორცის საქმეები“ და „სულის ნაყოფი“.
14 ახლა, მოდი უფრო კარგად დავუკვირდეთ ორ გამოთქმას: „ხორცის საქმეები“ და „სულის ნაყოფი“. „საქმეები“ არის შედეგი იმისა, რასაც ადამიანი აკეთებს, მისი მოქმედებების ნაყოფი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პავლეს მიერ ხორცის საქმეებად მოხსენიებული ქმედებანი, ან შეგნებულად გადადგმული ნაბიჯების, ან კიდევ ადამიანის არასრულყოფილი სხეულის ზეგავლენის შედეგებია (რომაელთა 1:24, 28; 7:21—25). მეორე მხრივ, გამოთქმა „სულის ნაყოფი“ იმაზე მიანიშნებს, რომ სულის ნაყოფებად მოხსენიებული თვისებები ხასიათის სრულყოფის ან პიროვნული თვისებების გაუმჯობესებისთვის დახარჯული ძალ-ღონის შედეგად კი არ არის შეძენილი, არამედ ადამიანზე ღვთის სულის მოქმედების შედეგად. ისე, როგორც ხე მოგვცემს ნაყოფს სათანადოდ მოვლის შემთხვევაში, ადამიანიც სულის ნაყოფს გამოავლენს, როდესაც მის ცხოვრებას დაუბრკოლებლად ხელმძღვანელობს სულიწმიდა (ფსალმუნი 1:1—3).
15. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ „სულის ნაყოფის“ ყველა თვისებას მივაქციოთ ყურადღება?
15 კიდევ ერთი საინტერესო მომენტი ის არის, რომ პავლემ სიტყვა „ნაყოფით“ გააერთიანა თავის მიერ მოხსენიებული ყველა სასურველი თვისება. სული არ გვაძლევს მრავალ სხვადასხვა ნაყოფს, და არც არჩევნის წინაშე ვდგებით, ჩვენი საყვარელი ნაყოფის არჩევა რომ შეგვეძლოს. პავლეს მიერ ჩამოთვლილი ყველა თვისება — სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება — თანაბრად მნიშვნელოვანია და ერთად აღებული, მათი წყალობით, ახალ ქრისტიან პიროვნებად ჩამოყალიბება ხდება შესაძლებელი (ეფესელთა 4:24; კოლასელთა 3:10). ამიტომ, თუმცა შეიძლება შევამჩნიოთ, რომ ჩვენი ხასიათიდან და მისწრაფებებიდან გამომდინარე, ამ თვისებებიდან ზოგიერთი უფრო სჭარბობს ჩვენს ცხოვრებაში, მნიშვნელოვანია, პავლეს მიერ მოხსენიებულ ყველა თვისებაზე გავამახვილოთ ყურადღება. თუ ასე მოვიქცევით, შევძლებთ იმას, რომ ჩვენი ცხოვრების გზაზე უფრო სრულად ავირეკლოთ ქრისტეს მსგავსი პიროვნება (1 პეტრე 2:12, 21).
16. რა არის ჩვენი მიზანი ქრისტიანული მოწიფულობისკენ სწრაფვისას და როგორ შეგვიძლია ამ მიზნის მიღწევა?
16 პავლეს მსჯელობიდან მნიშვნელოვანი გაკვეთილის სწავლა შეგვიძლია; კერძოდ, ქრისტიანული მოწიფულობისკენ სწრაფვისას ჩვენი მიზანი არც დიდი ცოდნისა და განათლების მოპოვებაა და არც დახვეწილი თვისებების შეძენა. ჩვენი მიზანია, ისეთ მდგომარეობას მივაღწიოთ, როდესაც ღვთის სული შეუფერხებლად წარმართავს ჩვენს ნაბიჯებს ცხოვრების გზაზე. რამდენადაც ჩვენს აზროვნებასა და მოქმედებებს ღვთის სულის ხელმძღვანელობას დავუქვემდებარებთ, იმდენად უფრო მოწიფულები გავხდებით სულიერად. როგორ შეგვიძლია ამ მიზნის მიღწევა? საშუალება უნდა მივცეთ ღვთის სულს, გავლენა მოახდინოს ჩვენს გულსა და გონებაზე. ამაში ქრისტიანულ შეხვედრებზე რეგულარულად დასწრება და მონაწილეობაც შედის. გარდა ამისა, რეგულარულად უნდა ვსწავლობდეთ და ვფიქრდებოდეთ ღვთის სიტყვაზე; ეს კი საშუალებას მოგვცემს, სხვებთან ურთიერთობისას, სხვადასხვა არჩევანის გაკეთებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას მასში მოცემული პრინციპებით ვიხელმძღვანელოთ. თუ ასე მოვიქცევით, ჩვენი წინსვლა, უთუოდ, თვალსაჩინო იქნება.
წაიწიეთ წინ ღვთის განსადიდებლად
17. როგორ არის წინსვლა დაკავშირებული ჩვენი ზეციერი მამის განდიდებასთან?
17 როდესაც ჩვენი წინსვლა თვალსაჩინო ხდება, საბოლოო ჯამში, ამას ჩვენთვის კი არ მოაქვს დიდება და ქება, არამედ ჩვენი ზეციერი მამა იეჰოვასთვის, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, სულიერ მოწიფულობას მივაღწიოთ. სიკვდილის წინა საღამოს იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „ამით განდიდდება მამაჩემი, თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ და ჩემი მოწაფეები იქნებით“ (იოანე 15:8). როგორც სულის ნაყოფით, რომელსაც ისინი ავლენდნენ, ისე სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობაში გამოღებული ნაყოფით, მოწაფეებმა იეჰოვას მოუტანეს დიდება (საქმეები 11:4, 18; 13:48).
18. ა) რა სასიხარულო მკა მიმდინარეობს დღეს? ბ) რა სირთულის წინაშე გვაყენებს ეს მკა?
18 ღვთის ხალხი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მონაწილეობს სულიერ მკაში, დღეს უხვად იღებს კურთხევებს იეჰოვასგან. უკვე რამდენიმე წელია, რაც ყოველწლიურად 300 000-მდე ადამიანი უძღვნის თავს იეჰოვას და მიძღვნის ნიშნად წყალში ინათლება. ეს სიხარულით გვივსებს გულებს და, უეჭველია, იეჰოვასაც უხარებს გულს (იგავნი 27:11). მაგრამ, ამას რომ განუწყვეტლივ მოჰქონდეს ჩვენთვის სიხარული, ხოლო იეჰოვასთვის დიდება, ყველა ამ ახლად მონათლულმა ‘ასევე უნდა იაროს [ქრისტეში] ფესვგადგმულმა და მისით აღშენებულმა, რწმენით განმტკიცებულმა’ (კოლასელთა 2:6, 7). ყოველივე ეს კი იეჰოვას ხალხს ორმაგი სირთულის წინაშე აყენებს. ერთი მხრივ, თუ თქვენ ახლად მონათლული ხართ, იქნებით თუ არა მზად, რომ ყოველი ღონე იხმაროთ, რათა „თქვენი წინსვლა ყველასთვის თვალსაჩინო გახდეს“? მეორე მხრივ კი, თუ თქვენ უკვე რამდენიმე წელია, რაც ჭეშმარიტებაში ხართ, იქნებით თუ არა მზად, თქვენს თავზე აიღოთ ახლების სულიერ კეთილდღეობაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა? ნებისმიერ შემთხვევაში, ნათელია, რომ საჭიროა მოწიფულობისკენ შეუპოვრად განვაგრძოთ წინსვლა (ფილიპელთა 3:16; ებრაელთა 6:1).
19. რა უპირატესობა გექნებათ და რა კურთხევებს მიიღებთ, თუ თვალსაჩინოს გახდით თქვენს წინსვლას?
19 შესანიშნავი კურთხევები ელის ყველას, ვინც იღწვის, რათა თავიანთი წინსვლა თვალსაჩინო გახდეს. გაიხსენეთ პავლეს გამამხნევებელი სიტყვები, რომლებიც მას შემდეგ წარმოთქვა, რაც ტიმოთეს წინსვლისკენ მოუწოდა: „გაუფრთხილდი თავს და სწავლებას. ამას უერთგულე, რადგან ასეთი მოქმედებით შენს თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც“ (1 ტიმოთე 4:16). თუ გულმოდგინედ ეცდებით, რომ თქვენი წინსვლა თვალსაჩინო გახდეს, თქვენც შეძლებთ ძვირფასი უპირატესობით სარგებლობას — განადიდოთ ღვთის სახელი და კურთხევები მიიღოთ მისგან.
გახსოვთ თუ არა?
• როგორ შეიძლება თვალსაჩინო გახდეს სულიერი მოწიფულობა?
• რა სახის შემეცნება და გაგება ირეკლავს მოწიფულობას?
• როგორ მიანიშნებს „სულის ნაყოფის“ გამოვლენა სულიერ მოწიფულობაზე?
• რა სირთულეებთან გასამკლავებლად უნდა ვიყოთ მზად, როდესაც შეუპოვრად განვაგრძობთ მოწიფულობისკენ სწრაფვას?
[სურათი 13 გვერდზე]
სიმწიფე ანუ მოწიფულობა ადვილად შესამჩნევია.
[სურათი 15 გვერდზე]
ჩვენ სულიერად წავიწევთ წინ, თუკი ფეხდაფეხ მივყვებით ჭეშმარიტებას, რომელიც უფრო და უფრო ნათდება.
[სურათი 17 გვერდზე]
ლოცვა „სულის ნაყოფის“ გამოვლენაში გვეხმარება.