წიგნი ღვთისგან
„წინასწარმეტყველება არასოდეს არ წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღვთისაგან წარმოთქვამდნენ მას“ (2 პეტრე 1:21).
1, 2. ა) რატომ შეაქვს ეჭვი ზოგიერთს ბიბლიის აქტუალურობაში დღევანდელ დღეს? ბ) რომელი სამი მტკიცება შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომ ბიბლია არის წიგნი ღვთისგან?
არის ბიბლია ადამიანებისთვის აქტუალური დღეს, როდესაც XXI საუკუნეს ვუახლოვდებით? ზოგი ფიქრობს, რომ არა. „არავინ გამოესარჩლება ქიმიის 1924 წელს გამოცემული სახელმძღვანელოს გამოყენებას დღევანდელ ქიმიის გაკვეთილებზე“, — დაწერა დოქტორმა ელი ს. ჩეზენმა, როცა ხსნიდა, თუ რატომ ფიქრობს, რომ ბიბლია მოძველებულია. ერთი შეხედვით, თითქოს გონივრული არგუმენტია. ბოლოს და ბოლოს, იმ დროიდან, რაც ბიბლია დაიწერა, განვითარდა მეცნიერება, ადამიანმა მრავალი რამ შეიცნო ფსიქოლოგიასა და ადამიანის ქცევის შესახებ. ამიტომაც უკვირს ზოგს: „როგორ შეიძლება, რომ ასეთი ძველი წიგნი არ ცდებოდეს მეცნიერულ საკითხებში? როგორ შეუძლია მას ისეთი რჩევის მიცემა, რომელიც დღევანდელ ცხოვრებაში პრაქტიკული იქნება?“
2 ამას თვითონ ბიბლია პასუხობს. მე-2 პეტრეს 1:21 გვეუბნება, რომ ბიბლიის წინასწარმეტყველები „სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღვთისაგან წარმოთქვამდნენ“ წინასწარმეტყველებას. ამგვარად ბიბლია აღნიშნავს, რომ ის არის წიგნი ღვთისგან. მაგრამ, როგორ შეგვიძლია სხვებს გავაგებინოთ ეს? განვიხილოთ, სამი მტკიცება, რომ ბიბლია არის წიგნი ღვთისგან: 1) მეცნიერულად ზუსტია; 2) მასში მოცემული პრინციპები მარადიულია, რომელთა გამოყენება დღესაც სარგებლობის მომტანია; 3) შეიცავს წინასწარმეტყველებებს, რომლებიც შესრულდა, როგორც ამას ისტორიული ფაქტები ადასტურებს.
წიგნი, რომელიც ეთანხმება მეცნიერებას
3. რატომ არ წარმოადგენს ბიბლიისთვის საშიშროებას მეცნიერული აღმოჩენები?
3 ბიბლია მეცნიერული სახელმძღვანელო არაა. მაგრამ ის ჭეშმარიტების წიგნია, ხოლო ჭეშმარიტებას შეუძლია, რომ დროის მსვლელობას გაუძლოს (იოანე 17:17). ბიბლიისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს მეცნიერული აღმოჩენები. მეცნიერებასთან დაკავშირებულ საკითხებში ბიბლიას არაფერი აქვს საერთო ძველ „მეცნიერულ“ თეორიებთან, რომლებიც მხოლოდ მითები აღმოჩნდა. სინამდვილეში მისი ცნობები არა მარტო მეცნიერულად სწორია, არამედ ასევე აშკარად ეწინააღმდეგება ძველ დროში გაბატონებულ შეხედულებებს. მაგალითად, განვიხილოთ, როგორი შეთანხმებულობაა ბიბლიასა და მედიცინას შორის.
4, 5. ა) რა არ ესმოდათ ძველი დროის ექიმებს დაავადების შესახებ? ბ) რატომ ეცოდინებოდა ეგვიპტის მკურნალთა სამედიცინო პრაქტიკა მოსეს უეჭველად?
4 ძველი დროის ექიმებს ბოლომდე არ ესმოდათ, თუ როგორ ვრცელდებოდა დაავადება, და არც ბოლომდე ჰქონდათ შეგნებული სანიტარიის მნიშვნელობა ავადმყოფობის თავიდან ასაცილებლად. ძველი სამედიცინო პრაქტიკის უმეტესი ნაწილი დღევანდელი სტანდარტებით ბარბაროსულად ჩაითვლებოდა. უძველესი სამედიცინო ტექსტი, რომელიც კი არსებობს, არის ებერსის პაპირუსი, ძვ. წ. 1550 წლით დათარიღებული ეგვიპტური სამედიცინო ცოდნის კრებული. ის შეიცავს 700 სამკურნალო საშუალებას სხვადასხვა სნეულებისთვის, „ნიანგის ნაკბენით დაწყებული ფეხის ფრჩხილის ტკივილით დამთავრებული“. ამ საშუალებების უმრავლესობა უეფექტო იყო, ხოლო ზოგი მათგანი — ძალიან სახიფათო. ჭრილობის სამკურნალოდ ერთი რეცეპტი რეკომენდაციას უწევდა ადამიანის ექსკრემენტის სხვა ნივთიერებებთან ნარევის გამოყენებას.
5 ეგვიპტური სამედიცინო საშუალებების ეს ტექსტი დაახლოებით იმავე დროს დაიწერა, როდესაც ბიბლიის პირველი წიგნები, რომელშიც მოსეს რჯული შედის. მოსე ძვ. წ. 1593 წელს დაიბადა და ეგვიპტეში იზრდებოდა (გამოსვლა 2:1–10). რამდენადაც ის ფარაონის სახლეულის წევრი იყო, მოსე „ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით განისწავლა“ (საქმეები 7:22). ის იცნობდა ეგვიპტის „მკურნალებს“ (დაბადება 50:1–3). მოახდინა რამე გავლენა მოსეს წერილებზე მათმა უეფექტო და სახიფათო სამედიცინო პრაქტიკამ?
6. რა სანიტარულ წესებს ჩათვლიდა გონივრულად თანამედროვე მედიცინა, რომლებსაც მოსეს რჯული შეიცავდა?
6 პირიქით, მოსეს რჯული შეიცავდა სანიტარულ წესებს, რომლებსაც თანამედროვე მედიცინა გონივრულად ჩათვლიდა. მაგალითად, კანონი სამხედრო დაბანაკებასთან დაკავშირებით მოითხოვდა ექსკრემენტების მიწაში ჩაფლვას ბანაკის გარეთ (მეორე რჯული 23:13). ეს მნიშვნელოვნად მოწინავე პროფილაქტიკური ზომა იყო. ხელს უწყობდა წყლის სუფთად შენახვას და უზრუნველყოფდა დაცვას ბუზების მეშვეობით გავრცელებადი ბაქტერიული დიზენტერიისა და ფაღარათის გამომწვევი სხვა დაავადებებისგან, რომლებიც დღემდე ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს კლავს, ძირითადად, განვითარებად ქვეყნებში.
7. რა სანიტარული წესები იყო მოსეს რჯულში, რომლებიც ხელს უშლიდა ინფექციური დაავადებების გავრცელებას?
7 მოსეს რჯულში მოცემული იყო კიდევ სხვა სანიტარული წესები, რომლებიც ინფექციური დაავადებების გავრცელებას უშლიდა ხელს. პიროვნებას, რომელსაც ჰქონდა ან ეჭვობდნენ, რომ ექნებოდა რამე გადამდები დაავადება, კარანტინში ამყოფებდნენ (ლევიანნი 13:1–5). ტანსაცმელი ან ჭურჭელი, რომლებიც შეეხო მკვდარ (შესაძლოა დაავადებისგან) ცხოველს, მეორედ გამოყენებამდე უნდა გაერეცხათ ან გაენადგურებინათ (ლევიანნი 11:27, 28, 32, 33). ნებისმიერი პიროვნება, რომელიც შეეხებოდა გვამს, უწმინდურად ითვლებოდა და მას განმწმენდი პროცედურები უნდა გაევლო, რომლებშიც შედიოდა დაბანვა და ტანსაცმლის გარეცხვა. უწმინდურობის შვიდდღიანი პერიოდის განმავლობაში უნდა მორიდებოდა ფიზიკურ კონტაქტს სხვებთან (რიცხვნი 19:1–13).
8, 9. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსეს რჯულის სანიტარული კოდექსი იმდროინდელ ცოდნას აღემატებოდა?
8 ეს სანიტარული კოდექსი ცხადყოფს სიბრძნეს, რომელიც მის დროინდელ ცოდნას აღემატებოდა. თანამედროვე მედიცინამ ბევრი რამ შეისწავლა დაავადების გავრცელებისა და მისი თავიდან აცილების შესახებ. მაგალითად, მე-19 საუკუნეში მედიცინის განვითარების შედეგად აღმოჩენილი იქნა ანტისეპტიკეს წინამორბედი — სისუფთავის საშუალებით დაინფიცირების შემცირება. შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა დაინფიცირება და ნაადრევი სიკვდილიანობა. ევროპის მრავალ ქვეყანასა და შეერთებულ შტატებში 1900 წლისთვის სიცოცხლის ხანგრძლივობა 50 წელზე ნაკლები იყო. მას შემდეგ კი საგრძნობლად გაიზარდა არა მარტო მედიცინის განვითარების გამო, რამაც შესაძლებელი გახადა დაავადებასთან ბრძოლა, არამედ ასევე უკეთესი სანიტარული და საცხოვრებელი პირობების შექმნის გამო.
9 მაგრამ ათასობით წლით ადრე, ვიდრე მედიცინა შეისწავლიდა, როგორ ვრცელდება დაავადება, ბიბლიამ მოიხსენია გონივრული პროფილაქტიკური ზომები დაავადებებისგან დასაცავად. გასაკვირი არ არის, რომ, მოსეს მის დროს მცხოვრებ ისრაელებზე შეეძლო ეთქვა, რომ ისინი ჩვეულებრივ 70 თუ 80 წლამდე ცხოვრობდნენ (ფსალმუნი 89:10). საიდან იცოდა მოსემ ასეთი სანიტარული წესები? ბიბლია თვითონვე ხსნის: კანონთა კრებული „გადაეცა. . . ანგელოზთა მეშვეობით“ (გალატელთა 3:19). დიახ, ბიბლია ადამიანთა სიბრძნით დაწერილი წიგნი არ არის; ის არის წიგნი ღვთისგან.
პრაქტიკული წიგნი თანამედროვე ცხოვრებისთვის
10. რა შეიძლება ითქვას ბიბლიურ რჩევებზე, თუმცა მისი დაწერა დაახლოებით 2 000 წლის წინ დამთავრდა?
10 წიგნები, რომლებიც რჩევებს იძლევა, მოძველებული ხდება, მალე ექვემდებარება გადამუშავებას ან ადგილს უთმობს სხვა წიგნებს. მაგრამ ბიბლია მართლაც უნიკალურია. „მცნებანი შენნი მტკიცეა ფრიად,“ — ნათქვამია ფსალმუნის 92:5-ში. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიის წერა დაახლოებით 2 000 წლის წინ დამთავრდა, მისი სიტყვები კვლავაც გამოსადეგია. მათ თანაბარი სარგებლობა მოაქვთ ყველა ჩვენგანისთვის, განურჩევლად კანის ფერისა ან ქვეყნისა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. განვიხილოთ ზოგიერთი მაგალითი, რომელიც აჩვენებს, რომ ბიბლიის რჩევები მარადიულია და „მტკიცეა ფრიად“.
11. რა თვალსაზრისი ჰქონდა მრავალ მშობელს აღზრდასთან დაკავშირებით რამდენიმე ათწლეულის წინ?
11 რამდენიმე ათწლეულის წინ მრავალი მშობელი, ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებული „სიახლეების შემომღები იდეებით“ წახალისებული, ფიქრობდა, რომ „აკრძალვა აკრძალულია“. ისინი შიშობდნენ, რომ შეზღუდვები ბავშვებს ტრავმასა და გულგატეხილობას მიაყენებდა. კეთილმოსურნე მრჩევლები მშობლებისგან დაჟინებით მოითხოვდნენ, ბავშვების შეგონების გარდა, ყოველივეს მორიდებოდნენ, მაგრამ ახლა მრავალი ასეთი სპეციალისტი „მშობლებს არწმუნებს, რომ უფრო მკაცრები იყვნენ და ისევ მორჩილებაში ჰყავდეთ ბავშვები,“ — იუწყება „ნიუ-იორკ ტაიმზი“ (The New York Times).
12. რას ნიშნავს ‘დარიგებად’ გადათარგმნილი ბერძნული არსებითი სახელი და რატომ სჭირდებათ ბავშვებს ასეთი დარიგება?
12 ბიბლია კი ყოველთვის იძლეოდა ნათელ, გონივრულ რჩევა-დარიგებას ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით. ის მშობლებს ურჩევს: „მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“ (ეფესელთა 6:4). ბერძნული არსებითი სახელი, რომელიც ითარგმნა სიტყვით ‘დარიგება’, ნიშნავს „აღზრდას, მომზადებას ან სწავლებას“. ბიბლია ამბობს, რომ დარიგება ანუ სწავლება ცხადყოფს მშობლიურ სიყვარულს (იგავნი 13:24). ბავშვები ვითარდებიან ნათელი ზნეობრივი ხელმძღვანელობით, რაც ეხმარება მათ, რომ ჩამოუყალიბდეთ კარგისა და ცუდის გარჩევის უნარი. სათანადო დარიგების დროს ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ; ის უჩვენებს მათ, რომ მშობლები ზრუნავენ მათზე და იმაზე, თუ როგორ პიროვნებებად ყალიბდებიან (შეადარე იგავნი 4:10–13).
13. ა) რა გაფრთხილებას აძლევს ბიბლია მშობლებს დარიგებასთან დაკავშირებით? ბ) როგორ დარიგებას გვირჩევს ბიბლია?
13 მაგრამ დარიგებასთან დაკავშირებით ბიბლია მშობლებს აფრთხილებს, რომ მშობლის ძალაუფლება ბოროტად არასოდეს გამოიყენონ (იგავნი 22:15). ბავშვი არასდროს უნდა დაისაჯოს სისასტიკით. ძალადობა მიუღებელი უნდა იყოს ოჯახისთვის, რომელიც ბიბლიის პრინციპებით ცხოვრობს (ფსალმუნი 10:5). ასევე უცხო უნდა იყოს ემოციური ტკივილის მიყენება — უხეში სიტყვები, გაუთავებელი კრიტიკა და მომშხამავი სარკაზმი, რამაც შეიძლება მორალურად გაანადგუროს ბავშვი (შეადარე იგავნი 12:18). ბიბლია გონივრულად აფრთხილებს მშობლებს: «ნუ განარისხებთ [„გარდამეტებულად ნუ მისცემთ შენიშვნებს“, „ფილიპსის“ თარგმანი] თქვენს შვილებს, რათა არ დაეცნენ სულით» (კოლასელთა 3:21, სსგ). ბიბლია გამაფრთხილებელი ზომების მიღების რჩევას იძლევა. მეორე რჯულის 11:19 მშობლებს მოუწოდებს, რომ შვილებში ზნეობრივი და სულიერი ღირებულებების ჩასანერგავად თავისუფალი დრო გამოიყენონ. ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული ასეთი ნათელი, გონივრული რჩევა, დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც ბიბლიურ დროში.
14, 15. ა) რა მხრივ გვაძლევს ბიბლია უფრო მეტს, ვიდრე მხოლოდ ბრძნულ რჩევას? ბ) რა ბიბლიური სწავლებები ეხმარება სხვადასხვა რასისა და ეროვნების ადამიანებს, რომ ერთმანეთი თანასწორად ჩათვალონ?
14 ბიბლია უფრო მეტს გვაძლევს, ვიდრე მხოლოდ გონივრულ რჩევას. მისი ცნობა გულს ეხება. ებრაელთა 4:12 ამბობს: „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, და აღწევს სიმშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფის ადგილამდე, და სჯის გულის აზრებსა და ზრახვებს“. განვიხილოთ მაგალითი, თუ რა აღმძვრელი ძალა აქვს ბიბლიას.
15 დღეს ხალხი დაყოფილია რასობრივი, ეროვნული და ეთნიკური ბარიერებით. ასეთი ხელოვნური კედლები დღემდე უწყობს ხელს უდანაშაულო ადამიანების მასიურ მკვლელობას ომებში მთელი მსოფლიო მასშტაბით. მეორე მხრივ კი ბიბლია შეიცავს სწავლებებს, რომლებიც სხვადასხვა რასისა და ეროვნების ადამიანებს ეხმარება, რომ ერთმანეთი თანაბრად ჩათვალონ. მაგალითად, საქმეების 17:26-ში ნათქვამია, რომ ღმერთმა „ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი მოდგმა“. ეს ცხადყოფს, რომ სინამდვილეში არის ერთი რასა — ადამიანთა რასა! შემდეგ ბიბლია მოგვიწოდებს, ‘მივბაძოთ ღმერთს’, რომლის შესახებაც ამბობს: „[ის] მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის“ (ეფესელთა 5:1; საქმეები 10:34, 35). ეს შემეცნება გამაერთიანებელ გავლენას ახდენს მათზე, რომლებიც სინამდვილეში ცდილობენ ბიბლიის სწავლებების თანახმად ცხოვრებას. ის უფრო ღრმად იდგამს ფესვებს გულში და ამსხვრევს ადამიანის მიერ შექმნილ ბარიერებს, რომლებიც ყოფს ხალხს. მართლა აქტუალურია ის დღევანდელ ქვეყნიერებაში?
16. მოიყვანე შემთხვევა, რომელიც აჩვენებს, რომ იეჰოვას მოწმეებს ჭეშმარიტი საერთაშორისო ძმობა აქვთ.
16 ეს უდავოდ სიმართლეა! იეჰოვას მოწმეები კარგად არიან ცნობილი თავიანთი საერთაშორისო ძმობით, რომელიც სხვადასხვა წარმოშობის ადამიანებს აერთიანებს, რომლებსაც, ჩვეულებრივ, ერთმანეთთან მშვიდობა არ ექნებოდათ. რუანდაში ეთნიკური დაპირისპირების დროს, ორივე ტომის იეჰოვას მოწმეებს შეფარებული ჰყავდათ მოწინააღმდეგე ტომის თავიანთი ძმები და დები, რითაც საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში იგდებდნენ. იყო შემთხვევა, როდესაც მოწმემ ხუტუს ტომიდან სახლში დამალა ტუტსი მოწმის ექვსსულიანი ოჯახი თავისი კრებიდან. სამწუხაროდ, ბოლოს ტუტსი ოჯახი იპოვეს და დახოცეს ისინი. ხუტუ ძმას ოჯახთან ერთად კი მკვლელების რისხვის გამო ტანზანიაში გაქცევა მოუხდა. მსგავსი შემთხვევები მრავლად იყო. იეჰოვას მოწმეები უყოყმანოდ აღიარებენ, რომ ბიბლიური ცნობის აღმძვრელი ძალა მათს გულებს შეეხო და ამან გახადა შესაძლებელი ასეთი ერთობა. ბიბლიას შეუძლია სიძულვილით აღსავსე ქვეყნიერებაშიც კი გააერთიანოს ადამიანები, რაც ძლიერი მტკიცებაა, რომ ის არის წიგნი ღვთისგან.
ჭეშმარიტი წინასწარმეტყველებების წიგნი
17. რით განსხვავდება ბიბლიური წინასწარმეტყველებები ადამიანის პროგნოზისგან?
17 „წერილის არავითარი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება“, — ამბობს მე-2 პეტრეს 1:20. ბიბლიის წინასწარმეტყველები ვარაუდებს არ გამოთქვამდნენ, რომლებიც არსებული მსოფლიო მოვლენების ანალიზის საფუძველზე მათი შესაძლო განვითარების შესახებ საკუთარი თვალსაზრისიდან გამომდინარეობდა. არც ისეთ ბუნდოვან მოვლენებს წინასწარმეტყველებდნენ, რისი დაკავშირებაც მომავალში მომხდარ ნებისმიერ ამბავთან შეიძლებოდა. განვიხილოთ ბიბლიური წინასწარმეტყველების ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც არაჩვეულებრივად კონკრეტული იყო და მაშინ მცხოვრები ხალხის მოლოდინისგან სრულიად განსხვავდებოდა.
18. რატომ გრძნობდა თავს უდავოდ უსაფრთხოდ ძველი ბაბილონის მოსახლეობა, მაგრამ რა იწინასწარმეტყველა ბაბილონის შესახებ ესაიამ?
18 ერთი შეხედვით, ძვ. წ. VII საუკუნისთვის ბაბილონი ბაბილონეთის იმპერიის უძლეველი დედაქალაქი იყო. ქალაქი გადაშლილი იყო ევფრატის მდინარეზე და მდინარის წყლებს ფართო, ღრმა თხრილისა და არხთა ქსელისთვის იყენებდნენ. ქალაქი ასევე დაცული იყო ორმაგი კედლის ძლიერი სისტემით, რომელიც გამაგრებული იყო დამცავი კოშკებით. ბაბილონის მოსახლეობა თავს უდავოდ უსაფრთხოდ გრძნობდა. მაგრამ, ძვ. წ. VIII საუკუნეში, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ბაბილონი თავისი დიდების მწვერვალს მიაღწევდა, ესაიამ იწინასწარმეტყველა: „ბაბილონი. . . დაემსგავსება უფლისგან დაქცეულ სოდომსა და გომორას. არასოდეს გაკაცრიელდება და არ გაშენდება უკუნისამდე; არაბი არ დაიკარვებს იქ და არც მწყემსები დაიბინავებენ“ (ესაია 13:19, 20). ყურადღება მიაქციე, რომ წინასწარმეტყველება არა მარტო ბაბილონის დაქცევას იუწყებოდა, არამედ იმასაც ამბობდა, რომ ის სამუდამოდ გაუკაცრიელდებოდა. რა გაბედული წინასწარმეტყველება იყო! შეეძლო ესაიას ეს წინასწარმეტყველება დანგრეული ბაბილონის ნახვის შემდეგ დაეწერა? ისტორია გვპასუხობს, რომ არა!
19. რატომ არ იყო ესაიას წინასწარმეტყველება ბოლომდე შესრულებული ძვ. წ. 539 წლის 5 ოქტომბერს?
19 ძვ. წ. 539 წლის 5 ოქტომბრის ღამეს ბაბილონი მიდიისა და სპარსეთის ჯარებმა აიღეს, რომლებსაც დიდი კიროსი მეთაურობდა. მაგრამ იმ დროისთვის ესაიას წინასწარმეტყველება ბოლომდე შესრულებული არ იყო. კიროსის მიერ დაპყრობის შემდეგ დასახლებული ბაბილონი — თუმცა ძველებურად დიდებული აღარ იყო — არ გაუკაცრიელებულა საუკუნეების განმავლობაში. ძვ. წ. II საუკუნეში, დაახლოებით იმ პერიოდში, როდესაც მკვდარ ზღვაში აღმოჩენილი ესაიას გრაგნილი დამზადდა, ბაბილონი, რომლის ხელში ჩაგდების დიდი სურვილით მეზობელი ერები იბრძოდნენ, პართელებს ემორჩილებოდა. ებრაელი ისტორიკოსი, იოსებ ფლავიუსი, იუწყება, რომ ძვ. წ. I საუკუნეში იქ „უამრავი“ იუდეველი ცხოვრობდა. ერთ-ერთი წიგნის (The Cambridge Ancient History) თანახმად, ახ. წ. 24 წელს პალმირელმა ვაჭრებმა ბაბილონში ხელსაყრელი სავაჭრო დასახლებები დააარსეს. ასე რომ, ახ. წ. I საუკუნეში ბაბილონი ჯერ კიდევ არ იყო მთლიანად გაუკაცრიელებული; მაგრამ ესაიას წიგნის წერა დიდი ხნის წინ დამთავრებული იყო (1 პეტრე 5:13).
20. რა მტკიცება არსებობს, რომ ბაბილონი საბოლოოდ „ნანგრევებად“ იქცა?
20 ესაია სიცოცხლეში ვერ მოესწრო ბაბილონის გაუკაცრიელებას. მაგრამ როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ბაბილონი საბოლოოდ ჩვეულებრივ „ნანგრევებად“ იქცა (იერემია 51:37). ებრაულის მცოდნე იერონიმეს თანახმად (ახ. წ. IV საუკუნე), მის დღეებში ბაბილონი სანადირო ადგილად იქცა, სადაც „ყველანაირი ნადირი“ დაეხეტებოდა, და ის დღემდე უკაცრიელია. თუ აღადგენენ ბაბილონს, როგორც ტურიზმის ობიექტს, ამან შეიძლება მიიზიდოს დამთვალიერებლები, მაგრამ, როგორც ესაიამ იწინასწარმეტყველა, ‘მონაგარი და მისხისმისხი’ სამარადჟამოდ აღმოიფხვრა (ესაია 14:22).
21. რატომ შეეძლოთ ერთგულ წინასწარმეტყველებს გასაოცარი სიზუსტით ეწინასწარმეტყველებინათ მომავალი?
21 წინასწარმეტყველ ესაიას ვარაუდი არ წარმოუთქვამს. მან არც მომხდარი ისტორია დაწერა, რათა ეს წინასწარმეტყველებად გაესაღებინა. ესაია ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი იყო. იგივე შეიძლება ითქვას ბიბლიის სხვა ერთგულ წინასწარმეტყველებზე. რატომ შეეძლოთ ამ მამაკაცებს გაეკეთებინათ ის, რაც არც ერთ სხვა ადამიანს არ შეუძლია — გასაოცარი სიზუსტით ეწინასწარმეტყველებინათ მომავალი? პასუხი ნათელია. წინასწარმეტყველების წყარო წინასწარმეტყველების ღმერთი, იეჰოვა, იყო, რომელიც ‘დასაბამითვე აცხადებს მომავალს’ (ესაია 46:10).
22. რატომ უნდა გავაკეთოთ შეძლებისდაგვარად ყველაფერი, რომ გულწრფელი ადამიანები გავამხნევოთ, გამოიკვლიონ ბიბლია?
22 მაშ, ღირს ბიბლიის გამოკვლევა? ჩვენ ვიცით, რომ პასუხი დადებითია! მაგრამ მრავალი ადამიანი ამაში დარწმუნებული არ არის. მათ ბიბლიის შესახებ საკუთარი თვალსაზრისი აქვთ ჩამოყალიბებული, მაშინაც კი, როცა შესაძლოა არც კი ჰქონდეთ წაკითხული ის. გაიხსენე წინა სტატიის დასაწყისში მოხსენიებული პროფესორი. ის დათანხმდა ბიბლიის შესწავლაზე და გულდასმითი გამოკვლევის შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ ბიბლია არის წიგნი ღვთისგან. საბოლოოდ მოინათლა და იეჰოვას ერთ-ერთი მოწმე გახდა, ხოლო დღეს ის უხუცესად მსახურობს! მოდით შეძლებისდაგვარად ყველაფერი გავაკეთოთ, რომ გულწრფელი ადამიანები გავამხნევოთ პირადად გამოიკვლიონ ბიბლია და შემდეგ ჩამოიყალიბონ აზრი მის შესახებ. დარწმუნებული ვართ, რომ, თუ ისინი გულწრფელად პირადად გამოიკვლევენ ბიბლიას, მიხვდებიან, რომ ეს უბადლო წიგნი, ბიბლია, მართლაც არის წიგნი ყველასთვის!
შეგიძლია თუ არა, ახსნა?
◻ როგორ გამოიყენებდი მოსეს რჯულს იმის საჩვენებლად, რომ ბიბლია ადამიანისგან არ გამომდინარეობს?
◻ რა მარადიული პრინციპებია ბიბლიაში, რომელთა გამოყენებაც თანამედროვე ცხოვრებაში პრაქტიკულია?
◻ რატომ არ შეიძლებოდა, რომ ესაიას 13:19, 20-ში ნაწინასწარმეტყველები სიტყვები უკვე მომხდარი მოვლენების საფუძველზე დაწერილიყო?
◻ რის გასაკეთებლად უნდა გავამხნევოთ გულწრფელი ადამიანები და რატომ?
[ჩარჩო 19 გვერდზე]
რა შეიძლება ითქვას დაუმტკიცებელი საკითხების თაობაზე?
ბიბლიაში ბევრი ისეთი რამ არის ნათქვამი, რომლისთვისაც მტკიცება არ არსებობს. მაგალითად, რასაც ის სულიერი არსებების უხილავი სამყაროს შესახებ ამბობს შეუძლებელია, რომ დამტკიცებული ან უარყოფილი იყოს მეცნიერულად. ასეთმა დაუმტკიცებელმა ცნობებმა აუცილებლად უნდა დაუპირისპიროს ბიბლია მეცნიერებას?
ამ კითხვის წინაშე აღმოჩნდა ერთი მეცნიერი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. „უნდა ვაღიარო, რომ თავიდან ჩემთვის რთული იყო ბიბლიისადმი რწმენა მქონოდა, რადგან მის ზოგიერთ ნათქვამს, მეცნიერულად ვერ ვასაბუთებდი“, — იხსენებს ის. ამ გულწრფელმა ადამიანმა განაგრძო ბიბლიის შესწავლა და ბოლოს დარწმუნდა — არსებული მტკიცებები ადასტურებს, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა. „ამან შეამცირა ჩემი ძლიერი სურვილი, რომ ბიბლიის თითოეული ნათქვამი დამემტკიცებინა“, — გვიხსნის ის. „პიროვნება, რომელიც მჭიდრო კავშირშია მეცნიერებასთან, მზად უნდა იყოს, ბიბლია სულიერი თვალსაზრისით გამოიკვლიოს, სხვაგვარად ის ვერასდროს შეიცნობს ჭეშმარიტებას. არ უნდა მოველოდეთ, რომ ბიბლიის ყოველ ნათქვამს მეცნიერება დაასაბუთებს. მაგრამ, თუ განსაზღვრული მტკიცებები შეუძლებელია დამოწმდეს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ისინი არასწორია. მთავარი ის არის, რომ ისეთ საკითხებში, რომელთა დამტკიცებაც შესაძლებელია, ბიბლიის სიზუსტე დადასტურებულია“.
[სურათი 17 გვერდზე]
მოსეს მიერ ჩაწერილი სანიტარული წესები წინ უსწრებდა იმ დროს არსებულ ცოდნას.