მშობლებო, იხარეთ თქვენი შვილებით
„გაიხარებს შენი დედ-მამა“ (იგავნი 23:25).
1. რატომ ხარობენ მშობლები თავიანთი შვილებით?
რამდენად სასიამოვნოა, როდესაც ხედავ, თუ როგორ იზრდება ნორჩი მცენარე და მშვენიერ, მაჩრდილობელ ხედ ყალიბდება — ხოლო რამდენად უფრო დიდია სიამოვნება, თუ ნორჩი მცენარე შენ თვითონ ჩარგე და მოუარე! მსგავსად, მშობლები, რომლებიც შვილებზე ზრუნავენ და ზრდიან, რომ ღვთის მოწიფული მსახურები იყვნენ, დიდ სიხარულს განიცდიან მათ გამო, ისე, როგორც ბიბლიის იგავშია ნათქვამი: „მართლის მამა მოილხენს და ბრძენის მშობელი მისით გაიხარებს. გაიხარებს შენი დედ-მამა, შენი მშობლები მოილხენენ“ (იგავნი 23:24, 25).
2, 3. ა) როგორ აირიდებენ მშობლები თავიდან ნაღველსა და დარდს? ბ) რა ესაჭიროება როგორც ნორჩ მცენარეს, ასევე ბავშვს იმისთვის, რომ სიხარულის წყარო იყოს?
2 მაგრამ ბავშვი ავტომატურად არ ხდება ‘მართალი’ და ‘ბრძენი’. პატარები რომ ‘დარდისა’ და ‘ნაღველის’ წყარო არ გახდნენ, ისეთივე ძალისხმევაა საჭირო, როგორც ნორჩი მცენარის დიდებულ ხედ ჩამოყალიბებისას (იგავნი 17:21, 25). მაგალითად, ნორჩ მცენარეს საყრდენად უკეთებენ სარებს, რომ სწორი და ძლიერი გაიზარდოს. წყლის რეგულარულად მიწოდებაც ძალიან მნიშვნელოვანია და შესაძლოა ნორჩ მცენარეს პარაზიტებისგან დაცვაც დასჭირდეს. გარდა ამისა, აუცილებელია გასხვლაც, რომ ხე მშვენიერი გამოვიდეს.
3 როგორც ღვთის სიტყვა ცხადყოფს, აუცილებელია ბავშვების ღვთისმოშიშობით აღზრდა, ბიბლიის ჭეშმარიტების წყლით მორწყვა, ზნეობრივი გახრწნილობისგან დაცვა და სიყვარულით აღსავსე დასჯა, ანუ არასასურველი ხასიათების გასხვლა. ყოველივე ამისთვის მამებს განსაკუთრებით მოუწოდებენ, რომ ბავშვები „უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“ აღზარდონ (ეფესელთა 6:4). რას ნიშნავს ეს?
იეჰოვას სიტყვებზე ყურადღების გამახვილება
4. რა პასუხისმგებლობა აკისრიათ მშობლებს ბავშვების მიმართ და რა არის აუცილებელი მის შესრულებამდე?
4 უფლის ‘დარიგება’ ნიშნავს იმას, რაც ჩვენს აზროვნებას იეჰოვას ნებასთან ათანხმებს. მშობლებმა იეჰოვას აზრები უნდა ჩაუდონ თავიანთ პატარებს გონებაში. და მშობლებმა აგრეთვე ღვთის მაგალითს უნდა მიბაძონ, რომ თანაგრძნობით შეაგონონ, ანუ სწორად აღზარდონ (ფსალმუნი 102:10, 11; იგავნი 3:11, 12). მაგრამ, ვიდრე მშობლები შეძლებენ ამის გაკეთებას, ჯერ თავად უნდა აითვისონ იეჰოვას სიტყვები, როგორც ღვთის წინასწარმეტყველმა მოსემ მიუთითა ძველი დროის ისრაელებს: „გულში გქონდეს [იეჰოვას] ეს სიტყვები, რომლებიც დღეს გამოგიცხადე“ (მეორე რჯული 6:6).
5. როდის და როგორ უნდა დაერიგებინათ ისრაელში მშობლებს შვილები და რას ნიშნავს ‘შეგონება’?
5 ბიბლიის რეგულარული შესწავლა, მასზე ფიქრი და ლოცვა უნარს აძლევს მშობლებს, შეასრულონ მოსეს შემდეგი მითითება: „ჩააგონებდე [იეჰოვას სიტყვებს] შენს შვილებს და უთხრობდე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას“. ებრაული სიტყვა, რომელიც გადმოითარგმნა სიტყვით ‘ჩაგონება’, ნიშნავს „გამეორებას“, „არაერთხელ თქმას“, „გონებაში ღრმად ჩაბეჭდვას“. ყურადღება მიაქციე, შემდეგ მოსე როგორ ხაზგასმით აღნიშნავს იეჰოვას სიტყვების ყოველთვის პირველ ადგილზე დაყენების აუცილებლობას: „შეიბი ნიშნად ხელზე და ტვიფრად შუბლზე. წააწერე შენი სახლის წირთხლებს და კარებს“. ნათელია, იეჰოვა მშობლებისგან მოითხოვს, რომ ბავშვებს ყოველთვის სიყვარულით მიაქციონ ყურადღება! (მეორე რჯული 6:7–9).
6. რა უნდა შეეგონებინათ მშობლებს შვილებისთვის და რით იყო ეს სასარგებლო?
6 რომელია იეჰოვას „ეს სიტყვები“, რომლებიც მშობლებმა შვილებს უნდა ჩააგონონ? მოსემ ამ სიტყვებამდე გაიმეორა ის, რასაც ყველა ათ მცნებას უწოდებს, მაგალითად: არ მოკლა, არ იმრუშო, არ მოიპარო, ნუ იქნები ცრუ მოწმე, არ ისურვო. ასეთი მორალური მოთხოვნები და აგრეთვე მცნება: „გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით“ ძირითადად იყო ის, რაც ისრაელში მშობელს უნდა ჩაენერგა შვილისთვის (მეორე რჯული 5:6–18; 6:1–5). ხომ თანახმა ხართ, რომ ასეთი სწავლება დღეს ნამდვილად ესაჭიროებათ შვილებს?
7. ა) რასთან არიან ბავშვები შედარებული ბიბლიაში? ბ) რას განვიხილავთ ახლა?
7 ისრაელში მამების მისამართით ნათქვამი იყო: „ცოლი შენი, ვითარცა ვაზი მსხმოიარე შენი სახლის კიდეებში; შენი შვილები, ვითარცა ყლორტები ზეთისხილისა, შენი სუფრის გარშემო“ (ფსალმუნი 127:3). მაგრამ მწუხარების ნაცვლად, მშობლებმა სიხარული რომ იგრძნონ თავიანთი „ნორჩი მცენარით“, ყოველდღიურად პირადად უნდა დაინტერესდნენ შვილებით (იგავნი 10:1; 13:24; 29:15, 17). მოდი, განვიხილოთ, თუ როგორ შეუძლიათ მშობლებს ჩააგონონ, სულიერად მორწყან, დაიცვან და სიყვარულით აღზარდონ შვილები ისე, რომ ნამდვილი სიხარული იგრძნონ მათით.
აღზრდა ჩვილობიდანვე
8. ა) ვინ იყვნენ ტიმოთეს აღსაზრდელად საჭირო სარები? ბ) როდის დაიწყო მისი აღზრდა და რა იყო შედეგი?
8 განვიხილოთ ტიმოთეს მაგალითი, რომელსაც საყრდენად ჰყავდა, სიმბოლურად რომ ვთქვათ, მყარად ჩამაგრებული, აღზრდისთვის საჭირო ორი სარი — დედა და ბებია. რადგან ტიმოთეს მამა იყო ბერძენი და, როგორც ჩანს, ურწმუნო, ებრაელმა დედა ევნიკემ, და მისმა მშობელმა ლოისმა აღზარდეს ის ‘ბავშვობიდან [ჩვილობიდან, აქ] საღვთო წერილებით’ (2 ტიმოთე 1:5; 3:15; საქმეები 16:1). მათი მონდომება, რომ ტიმოთეს პატარაობიდანვე ასწავლიდნენ „მის [იეჰოვას] სასწაულებს რაც მოიმოქმედა“, უხვად დაჯილდოვდა (ფსალმუნი 77:1, 3, 4). როგორც ჩანს, შორეულ ქვეყნებში ტიმოთე ჯერ კიდევ მაშინ გაემგზავრა მისიონერად, როდესაც მოზარდი იყო და მნიშვნელოვანი ღვაწლი შეიტანა ადრინდელი ქრისტიანული კრებების გაძლიერებაში (საქმეები 16:2–5; 1 კორინთელთა 4:17; ფილიპელთა 2:19–23).
9. როგორ შეიძლება ისწავლოს ბავშვმა მატერიალიზმის ხაფანგისგან თავის არიდება?
9 მშობლებო, როგორ „სარს“ წარმოადგენთ აღზრდისთვის? მაგალითად, გსურთ, რომ თქვენს შვილებს მატერიალურ ნივთებზე გაწონასწორებული თვალსაზრისი განუვითარდეთ? ამისთვის სწორი მაგალითი უნდა მისცეთ და არ უნდა იყოთ გატაცებული ყოველი უახლესი ტექნიკით ან სხვა არასაჭირო ნივთებით. თუ თქვენი არჩევანია მატერიალური ფუფუნება, ნუ გაგიკვირდებათ, რომ ბავშვები თქვენ მოგბაძავენ (მათე 6:24; 1 ტიმოთე 6:9, 10). თუ აღზრდისთვის საჭირო სარები მრუდეა, ნორჩი მცენარე სწორი როგორ გაიზრდება?
10. ვის მითითებებს უნდა ეძებდნენ ყოველთვის მშობლები და რა პოზიცია უნდა ეკავოთ?
10 მშობლები, რომლებისთვისაც სიხარული მოაქვთ შვილებს, მათი აღზრდისთვის ყოველთვის ღმერთთან ეძებენ დახმარებას და ყოველთვის ცდილობენ გაითვალისწინონ ის, რაც ბავშვების სულიერი ინტერესებისთვის საუკეთესოა. ოთხი შვილის დედა გვიყვებოდა: «სანამ შვილები შეგვეძინებოდა, განუწყვეტლივ ვევედრებოდით იეჰოვას დახმარებისთვის, რომ კარგი მშობლები ვყოფილიყავით, მისი სიტყვიდან გვეხელმძღვანელა და ცხოვრებაში გამოგვეყენებინა. — შემდეგ აგრძელებს: — „იეჰოვა ყველაფერში პირველია“, ეს ფრაზა მხოლოდ სიტყვებად კი არ რჩებოდა, არამედ მის თანახმადაც ვცხოვრობდით» (მსაჯულნი 13:8).
„წყლით“ რეგულარული მორწყვა
11. რა სჭირდება ზრდისთვის როგორც ნორჩ მცენარეს, ასევე ბავშვს?
11 ნორჩ მცენარეს განსაკუთრებით ესაჭიროება რეგულარული მორწყვა და ეს აშკარაა, რადგანაც ვიცით, თუ რა კარგად იზრდება მდინარესთან დარგული ხე (შეადარე გამოცხადება 22:1, 2). პატარებიც იმ შემთხვევაში ხარობენ, თუ ბიბლიის ჭეშმარიტების წყლით რეგულარულად ირწყვებიან. მშობლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ის, თუ რამდენ ხანს ახდენს კონცენტრირებას ბავშვი. შესაძლოა, მოკლე დარიგება და ხშირი შესწავლა უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე რამდენიმე და ხანგრძლივი. უმნიშვნელოდ ნუ მიიჩნევთ დროის პატარა მონაკვეთში ჩატარებული შესწავლის ფასეულობას. ერთად ყოფნისთვის დროის გამოყოფა მნიშვნელოვანია მშობელსა და შვილს შორის მტკიცე ურთიერთობის დამყარებისთვის და ბიბლიაც ხშირად ერთად ყოფნისკენ მოუწოდებს (მეორე რჯული 6:6–9; 11:18–21; იგავნი 22:6).
12. რა მნიშვნელობა ენიჭება პატარებთან ერთად ლოცვას?
12 ერთ-ერთი შეხვედრა პატარებთან შეგიძლია დღის დასასრულს მოაწყო. ერთი ახალგაზრდა იხსენებს: „მშობლები ძილის წინ ყოველთვის ჩამოგვისხდებოდნენ ხოლმე საწოლზე და ისმენდნენ ჩვენს ლოცვას“. ასეთი მოქმედების დიდ მნიშვნელობაზე მეორემ თქვა: „ასე განმივითარდა ძილის წინ იეჰოვასადმი ლოცვის ჩვევა“. როდესაც ბავშვებს ყოველდღიურად ესმით იეჰოვას შესახებ მშობლების საუბარი და ლოცვა, იეჰოვა მათთვის რეალური პიროვნება ხდება. ერთმა ყმაწვილმა თქვა: „მე შემეძლო დამეხუჭა თვალები, მიმემართა იეჰოვასთვის და მაშინვე წარმომიდგებოდა ნამდვილი, ბაბუასნაირი პიროვნება. მშობლები დამეხმარნენ, მიმხვდარიყავი, რომ იეჰოვას უკავია დიდი ადგილი ყოველივე იმაში, რასაც ვაკეთებთ და ვამბობთ“.
13. რას შეიძლება ითვალისწინებდეს რეგულარული სწავლება?
13 პატარებს ბიბლიის ჭეშმარიტების წყლის ათვისებაში რომ დაეხმარონ, მშობლებს შეუძლიათ ბევრი სასარგებლო რამ ჩართონ დარიგებებში. ორი მცირეწლოვანი ბავშვის მშობლები ამბობდნენ: „მათ შეგონება დავუწყეთ იმ დროიდან, როდესაც სულ რამდენიმე კვირის იყვნენ და ვასწავლიდით სამეფო დარბაზში წყნარად ყოფნას“. ერთ-ერთმა მამამ აგვიწერა, თუ რა ჩვევა ჰქონდათ ოჯახში: „ჩამოვწერდით ხოლმე ბიბლიის წიგნებს პატარ-პატარა ფურცლებზე და ყოველი ჩვენგანი რიგრიგობით ცდილობდა თანმიმდევრულად დაეწყო. პატარები ყოველთვის მოუთმენლად ელოდნენ ამას“. ბევრ ოჯახში ჭამამდე ან ჭამის შემდეგ ხდება მოკლე შესწავლა. ერთმა მამამ თქვა: „ჩვენს ოჯახში ბიბლიის მუხლის ყოველდღიური განხილვისთვის საუკეთესო დრო ვახშამია“.
14. ა) რომელ სულიერად სასარგებულო საქმეებში შეიძლება მონაწილეობდნენ პატარები ჩვენთან ერთად? ბ) რა შესაძლებლობები აქვთ ბავშვებს სწავლისთვის?
14 ბავშვებს ძალიან უყვართ ცოცხლად აღწერილი ბიბლიის ამბების მოსმენა წიგნიდან: „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“a. «როდესაც ბავშვები ძალიან პატარები იყვნენ, — იხსენებს ერთი წყვილი, — „ბიბლიური მოთხრობებიდან“ მთელ თავს ვუკითხავდით, შემდეგ ბავშვები შესაფერისად გამოეწყობოდნენ და იმის მიხედვით პატარ-პატარა დრამებს დგამდნენ. მათ ეს ძალიან უყვარდათ და ხშირად შესწავლის დროს უფრო მეტი მოთხრობის დადგმას ითხოვდნენ». ნუ იფიქრებ, რომ ბავშვის ათვისების უნარი შეზღუდულია! ოთხი წლის პატარამ „ბიბლიური მოთხრობების“ წიგნიდან ყველა თავი ზეპირად დაიმახსოვრა და ბიბლიის კითხვაც კი ისწავლა! ერთი ახალგაზრდა იხსენებს, რომ ბავშვობისას (დაახლოებით სამ წლინახევრის ასაკში), არასწორად გამოთქვამდა ფრაზას: „განაჩენი“, მაგრამ მამა ამხნევებდა, არ შეეწყვიტა ვარჯიში, რომ სწორად გამოეთქვა ფრაზა.
15. რა საკითხებს შეიძლება შევეხოთ ბავშვებთან საუბრისას და რა ცხადყოფს, რომ ასეთი საუბრები მნიშვნელოვანია?
15 პატარასთან შესწავლის დრო შეიძლება იმისთვისაც იქნეს გამოყენებული, რომ მოამზადო, სხვასაც გაუნაწილოს ჭეშმარიტების წყალი, მაგალითად შეხვედრებზე გააკეთოს კომენტარები (ებრაელთა 10:24, 25). „მომზადების დროს კომენტარი ჩემი სიტყვებით უნდა მეთქვა, — იხსენებს ერთი გოგონა. — ნებას არ მრთავდნენ, მექანიკურად ამომეკითხა სიტყვები“. ამასთანავე, ბავშვებს შეიძლება ასწავლოთ, რომ სამქადაგებლო მსახურებაში მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღონ. ქალი, რომელიც ღვთისმოშიშმა მშობლებმა აღზარდეს, გვიამბობს: „ჩვენ უბრალოდ კუდში არ დავდევდით მშობლებს მათ საქმეზე. ვიცოდით, რომ მონაწილეობაც უნდა მიგვეღო, იქნებოდა ეს კარზე ზარის დარეკვა თუ ცნობის ფურცლის დატოვება. ყოველი გულდასმითი მომზადების შედეგად შაბათ-კვირის დადგომამდე, ვიცოდით, რაც უნდა გვეთქვა. შაბათ დილით, როცა ვიღვიძებდით, არასოდეს ვსვამდით კითხვას, მივდიოდით თუ არა მსახურებაში. ვიცოდით, რომ აუცილებლად წავიდოდით“.
16. რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვებთან ოჯახური შესწავლის რეგულარული ჩატარება?
16 ბიბლიის ჭეშმარიტების წყლით პატარების რეგულარულად მორწყვის დიდი მნიშვნელობა, შეუძლებელია გადაჭარბებულად მივიჩნიოთ, ეს მიანიშნებს, რომ ოჯახში ბიბლიის ყოველკვირეული შესწავლა მნიშვნელოვანია. ორი ბავშვის მამა ამბობს, რომ „ბავშვების გაღიზიანების ერთ-ერთი ფაქტორი არის არარეგულარულობა“ (ეფესელთა 6:4). მან თქვა: „მეუღლესთან ერთად ავირჩიე დღე და საათი, რომ ამ გეგმის თანახმად, ყოველთვის ერთგულად ჩამეტარებინა ოჯახური შესწავლა. ძალიან მალე ბავშვები შესწავლის დაწყებას სწორედ დაგეგმილ დროს ელოდნენ ხოლმე“. ასეთი შეგონება პატარაობიდანვე ძალიან მნიშვნელოვანია და საყოველთაოდ არის აღიარებული ის ჭეშმარიტება, რომ ‘ყლორტს საითაც გადახრი, ხეც ისე გაიზრდება’.
17. რა არის ბიბლიის ჭეშმარიტებების სწავლების მსგავსად მნიშვნელოვანი ბავშვისთვის?
17 პატარის უზრუნველყოფა ბიბლიის ჭეშმარიტებით მნიშვნელოვანია, მაგრამ მშობლების მაგალითიც დიდ როლს თამაშობს. ხედავენ თუ არა ბავშვები, რომ მეცადინეობ, რეგულარულად ესწრები შეხვედრებს, მონაწილეობ სამქადაგებლო მსახურებაში, ერთი სიტყვით, გრძნობ სიხარულს იეჰოვას ნების შესრულებით? (ფსალმუნი 39:9). ეს მათთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რა თქვა ერთმა ქალიშვილმა დედის შესახებ, რომელიც მეუღლის წინააღმდეგობას იტანდა და იეჰოვას ექვსი ერთგული მოწმე აღუზარდა: „ყველაზე მეტად, რაც ჩვენზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა, იყო თვითონ დედის მაგალითი — მაგალითი, რომელიც სიტყვებზე მეტს ამბობდა“.
პატარების დაცვა
18. ა) როგორ შეუძლიათ მშობლებს იზრუნონ ბავშვებისთვის აუცილებელ დაცვაზე? ბ) რა დარიგებებს ღებულობდნენ პატარები ისრაელში გამრავლების ორგანოებთან დაკავშირებით?
18 როგორც ნორჩ მცენარეს ესაჭიროება მავნე პარაზიტებისგან დაცვა, ასევე ამ ბოროტ სისტემაში ესაჭიროებათ პატარებს ‘ბოროტი ადამიანებისგან’ დაცვა (2 ტიმოთე 3:1–5, 13). როგორ შეუძლიათ მშობლებს, დაიცვან პატარები? ღვთიური სიბრძნის შეძენაში დახმარებით! (ეკლესიასტე 7:12). იეჰოვამ ისრაელებს უბრძანა — მათ შორის, მათ ‘ბავშვებსაც’ — ესმინათ რჯულის კითხვისთვის, რომელშიც ახსნილი იყო როგორც სწორი, ასევე არასწორი სექსუალური ურთიერთობები (მეორე რჯული 31:12; ლევიანნი 18:6–24). გამრავლების ორგანოები არაერთხელ არის მოხსენიებული ბიბლიაში, მათ შორის ‘კვერცხები’ და ‘სასქესო ორგანო’ (ლევიანნი 15:1–3, აქ; 15:16; 21:20; რიცხვნი 25:8, აქ; მეორე რჯული 23:10). დღევანდელი წუთისოფლის უკიდურესი გარყვნილების გამო პატარებმა უნდა იცოდნენ სხეულის ასეთი ორგანოების, რომლებსაც ღმერთმა „ძალიან კარგი“ უწოდა, როგორც სწორი, ასევე არასწორი გამოყენების შესახებ (დაბადება 1:31; 1 კორინთელთა 12:21–24).
19. რომელია ის სათანადო დარიგება, რომელიც პატარას მისი სხეულის ორგანოების შესახებ უნდა მიეცეს?
19 მშობლებმა ან მოწიფულმა აღმზრდელმა, გონივრულად უნდა აუხსნან შვილს მისი სხეულის ყოველი ორგანოს დანიშნულება. მათ უნდა აუხსნან, რომ სხვებს უფლება არა აქვთ სხეულის ამ ნაწილებს შეეხონ. რადგანაც ბავშვებზე აკიდების მოყვარულები ხშირად ამოწმებენ ბავშვის რეაგირებას შემპარავი სექსუალური გათამაშების დროს, ამიტომ ბავშვს უნდა ასწავლოთ, რომ მტკიცედ გაუწიოს წინააღმდეგობა და თქვას: „შენზე სხვებსაც ვეტყვი!“ ასწავლე პატარებს, რომ იმ პიროვნების საშინელი მუქარის მიუხედავად, რომლის შეხებამაც უხერხულად აგრძნობინა თავი, ყოველთვის გითხრან მასზე.
სიყვარულით აღსავსე დასჯა
20. ა) რით ჰგავს დასჯა გასხვლას? ბ) როგორია დასჯისას თავდაპირველი გრძნობა, მაგრამ რა არის შედეგი?
20 პატარებისთვის სიყვარულით აღსავსე დასჯა ისევე სასარგებლოა, როგორც ხისთვის გასხვლა (იგავნი 1:8, 9; 4:13; 13:1). როდესაც ცუდი ყლორტები ისხვლება, სასურველი ყლორტები კარგად ვითარდება. ასე რომ, თუ თქვენი შვილები ყურადღებას ამახვილებენ მატერიალურ ქონებაზე ან გული ცუდი ამხანაგებისა და გართობებისკენ მიუწევთ, ასეთი ცუდი მიდრეკილებები, ყლორტების მსგავსად, უნდა გაისხლას. თუ მათ მოაცილებთ, შვილს ეხმარებით, სულიერი მიმართულებით გაიზარდოს. ასეთი დასჯა თავდაპირველად შეიძლება სასიამოვნო არ ჩანდეს, ისევე როგორც, შესაძლოა, ხისთვის არის არასასიამოვნო გასხვლის პროცესი. დასჯის შესანიშნავი შედეგი არის განახლებული ზრდა იმ მიმართულებით, როგორც გინდა, რომ ბავშვი გაიზარდოს (ებრაელთა 12:5–11).
21, 22. ა) რა ცხადყოფს, რომ დასჯა არც დამსჯელისთვის არის სასიამოვნო და, არც დასჯილისთვის? ბ) რატომ არ უნდა შეიკავონ მშობლებმა დასჯისგან თავი?
21 საყოველთაოდ აღიარებულია, რომ დასჯა არ არის სასიამოვნო არც მშობლისთვის და არც ბავშვისთვის. „ჩემი ბიჭი ძალიან ბევრ დროს ატარებდა იმ ახალგაზრდასთან, რომელზეც უხუცესებმა მითხრეს, რომ არ წარმოადგენდა კარგ ახალგაზრდას მისთვის — იხსენებდა ერთი მამა. — მე უფრო სწრაფად უნდა მემოქმედა, ვიდრე სინამდვილეში მოვიქეცი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბიჭი არ იყო ჩათრეული საშინელ საქციელში, დიდი დრო მოვანდომე მისი აზროვნების გამოსწორებას“. თავის მხრივ, შვილი აღნიშნავს: „როდესაც საუკეთესო მეგობარს ჩამომაცილეს, თავს განადგურებულად ვგრძნობდი. — შემდეგ აგრძელებს: — ეს მათი მხრიდან კარგი გადაწყვეტილება იყო, რადგან ის ძალიან მალე გაირიცხა“.
22 „სიცოცხლის გზაა სამხილებელი შეგონება“, — ამბობს ღვთის სიტყვა. ამგვარად, როგორი ძნელიც არ უნდა იყოს შენთვის, შვილის დასჯა ნუ დაგენანება (იგავნი 6:23; 23:13; 29:17). თავის დროზე ისინი მადლიერები იქნებიან, რომ გამოასწორეთ. „მახსოვს რა ნაწყენი ვიყავი მშობლებზე, როდესაც დამსაჯეს, — იხსენებს ერთი ახალგაზრდა. — მაგრამ დღეს მე უფრო ნაწყენი ვიქნებოდი, ასე რომ არ მოქცეულიყვნენ“.
ძალისხმევის ჯილდო
23. რატომ ღირს ძალისხმევად პატარისთვის სიყვარულით აღსავსე ყურადღება?
23 არავითარი ეჭვი არ არსებობს იმაში, რომ ბავშვები, რომლებსაც სიხარული მოაქვთ როგორც მშობლებისთვის, ასევე სხვებისთვისაც, ყოველდღიური, მოსიყვარულე ყურადღების ნაყოფს წარმოადგენენ. აღსანიშნავია, რომ ძალისხმევა, რომელიც მოახმარეთ მათ — ხორციელ თუ სულიერ შვილებს — ღირს იმ შესანიშნავ ჯილდოდ, რომელიც სიხარულის მომტანია. ხანდაზმულმა იოანე მოციქულმა ეს ნათლად აჩვენა, როდესაც დაწერა: „არ არის ჩემთვის იმაზე მეტი სიხარული, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებით დადიან“ (3 იოანე 4).
[სქოლიოები]
a გამოქვეყნებულია საგუშაგო კოშკის ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების მიერ.
გახსოვს თუ არა შენ?
◻ რა ესაჭიროებათ როგორც ნორჩ მცენარეებს, ასევე ბავშვებს, რომ საქებარი გახდნენ?
◻ როგორ შეუძლიათ მშობლებს იყვნენ აღზრდისთვის საჭირო სარები?
◻ რა საკითხს შეიძლება შევეხოთ პატარის სწავლებისას და რა უნდა ვასწავლოთ მტკიცე წინააღმდეგობის გასაწევად?
◻ რა მხრივ არის ბავშვისთვის დასჯა სასარგებლო, ისევე როგორც ხისთვის გასხვლა?
[საავტორო უფლება 19 გვერდზე]
Green Chimney’s Farm ნებართვით.