თავი მეხუთე
მათმა რწმენამ უდიდეს გამოცდას გაუძლო
1. რა გავრცელებული თვალსაზრისი არსებობს ღვთისა და სამშობლოს ერთგულებასთან დაკავშირებით?
როგორ ფიქრობთ, ღვთის ერთგულები უნდა ვიყოთ თუ სამშობლოსი? მრავალი იტყვის: „ორივეს ჯეროვან პატივს ვცემ. ვიცავ რელიგიურ წეს-ჩვეულებებს და, ამავე დროს, ერთგულებას ვპირდები დედასამშობლოს“.
2. როგორ ხელმძღვანელობდა ძველ ბაბილონში მეფე როგორც რელიგიურ, ისე პოლიტიკურ საქმეებს?
2 რწმენასა და პატრიოტიზმს შორის ზღვარი დღეს შეიძლება ძნელი შესამჩნევია, მაგრამ ძველ ბაბილონში ის, ფაქტობრივად, არ არსებობდა. საერო და სასულიერო საქმეები ისე იყო ერთმანეთში გათქვეფილი, რომ ზოგჯერ მათი განსხვავება შეუძლებელი ხდებოდა. „ძველ ბაბილონში, — წერს პროფესორი ჩარლზ ფ. პფიფერი, — მეფე ქურუმთა მთავარიც იყო და ქვეყნის მმართველიც. ის ასრულებდა მსხვერპლშეწირვას და ხელმძღვანელობდა თავისი ქვეშევრდომების რელიგიურ ცხოვრებას“.
3. საიდან ჩანს, რომ ნაბუქოდონოსორი დიდმნიშვნელოვნად თვლიდა თავის რელიგიურ შეხედულებებს?
3 განვიხილოთ მეფე ნაბუქოდონოსორის მაგალითი. მისი სახელი ნიშნავს „ო, ნაბუ, დაიფარე მემკვიდრე!“. ნაბუ ბაბილონელთა სიბრძნისა და მიწათმოქმედების ღმერთი იყო. ნაბუქოდონოსორი დიდმნიშვნელოვნად თვლიდა თავის რელიგიურ შეხედულებებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის მრავალ ტაძარს უგებდა და უმკობდა ბაბილონელთა ღვთაებებს და განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა მარდუქს, რომლის წყალობადაც თვლიდა ბრძოლაში გამარჯვებებსa. აგრეთვე, როგორც ჩანს, ნაბუქოდონოსორი ბრძოლის წინ მკითხავებს მიმართავდა და მათი ნათქვამის მიხედვით ადგენდა გეგმებს (ეზეკიელი 21:23—28).
4. აღწერეთ ბაბილონის რელიგიური ატმოსფერო.
4 ფაქტობრივად, მთელი ბაბილონი რელიგიური სულით იყო გაჟღენთილი. ქალაქის 50-ზე მეტ ტაძარში უამრავ ღვთაებას სცემდნენ თაყვანს, მათ შორის ტრიადას — ანუს (ცის ღვთაება), ენლილს (ხმელეთის, ჰაერისა და ქარიშხლის ღვთაება) და ეას (წყალთა ღვთაება). მეორე ტრიადას კი ქმნიდა — სინი (მთვარის ღმერთი), შამაში (მზის ღმერთი) და იშთარი (ნაყოფიერების ქალღმერთი). ჯადოსნობა, მისნობა და ასტროლოგია მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ბაბილონელთა თაყვანისმცემლობაში.
5. რა სირთულეებს უქმნიდა ტყვეობაში მყოფ იუდეველებს ბაბილონის რელიგიური გარემო?
5 მრავალი ღვთაების თაყვანისმცემელ ბაბილონელებს შორის ცხოვრება დიდ სირთულეებს უქმნიდა ტყვეობაში მყოფ იუდეველებს. ჯერ კიდევ საუკუნეებით ადრე გააფრთხილა მოსემ ისრაელები, რომ საშინელ ნაყოფს მოიმკიდნენ, თუ არ დაემორჩილებოდნენ უზენაეს კანონმდებელს. მოსემ უთხრა მათ: „წაგიყვანთ უფალი შენ და შენს მეფეს, რომელსაც დაისვამ იმ ხალხთან, რომელსაც არ იცნობ შენ და არც შენი მამა-პაპა იცნობდა, და დაუწყებენ იქ მსახურებას უცხო ღმერთებს — ხესა და ქვას“ (მეორე რჯული 28:15, 36).
6. რატომ უნდა ყოფილიყო დანიელის, ხანანიას, მისაელისა და ყაზარიასთვის ბაბილონში ცხოვრება განსაკუთრებულ სირთულეებთან დაკავშირებული?
6 იუდეველები ზუსტად ასეთ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნება მათთვის — განსაკუთრებით კი დანიელის, ხანანიას, მისაელისა და ყაზარიასთვის — მართლაც დიდ სირთულეებთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. ეს ოთხი ებრაელი ახალგაზრდა ხომ სამეფო კარზე სამსახურისთვის მოსამზადებლად ჰყავდა ამორჩეული მეფეს (დანიელი 1:3—5). გაიხსენეთ, რომ მათ ბაბილონური სახელები — ბელტეშაცარი, შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო — დაარქვეს, როგორც ჩანს, იმ მიზნით, რომ ზეგავლენა მოეხდინათ და ბაბილონელთა ყალიბში მოექციათb. ეს ახალგაზრდები სამეფო კარზე მსახურობდნენ, რის გამოც ბაბილონელთა ღვთაებების თაყვანისცემაზე მათი უარი უყურადღებოდ არ დარჩებოდა და ღალატადაც კი იქნებოდა მიჩნეული.
ოქროს კერპი საშიშროების წინაშე აყენებს ახალგაზრდებს
7. ა) აღწერეთ ნაბუქოდონოსორის მიერ აღმართული კერპი. ბ) რა მიზანს ემსახურებოდა ის?
7 როგორც ჩანს, თავისი სამეფოს ერთიანობის კიდევ უფრო განმტკიცების მიზნით ნაბუქოდონოსორმა დურას ველზე ოქროს კერპი აღმართა. კერპის სიმაღლე 60 წყრთა (27 მეტრი), ხოლო სიგანე 6 წყრთა (2,7 მეტრი) იყოc. ზოგის აზრით, კერპი მაღალ კვარცხლბეკიანი სვეტი ან ობელისკი უნდა ყოფილიყო, რომელზეც ადამიანის მსგავსი, შესაძლებელია ნაბუქოდონოსორის ან ღვთაება ნაბუს, უზარმაზარი ქანდაკება იდგა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ვეებერთელა კერპი ბაბილონის სამეფოს სიმბოლო იყო და იმ მიზნით იყო დადგმული, რომ ყველას დაენახა და თაყვანი ეცა მისთვის (დანიელი 3:1).
8. ა) ვინ იყვნენ მიწვეული კერპის კურთხევის ცერემონიალზე და რა მოეთხოვებოდათ მათ? ბ) როგორ დაისჯებოდა ის, ვინც კერპის წინაშე არ დაემხობოდა?
8 ნაბუქოდონოსორმა კერპის კურთხევის ცერემონიალი მოაწყო. შეჰყარა სატრაპნი, მთავარნი, მეფისნაცვალნი, მრჩეველნი, მეგანძურნი, მსაჯულნი, რჯულისკაცნი და მხარეთა განმგებელნი. მაწვევარმა შესძახა: „ხალხნო, ტომებო და ენანო! თქვენ გებრძანებათ! როგორც კი საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და ყველა სხვა სამუსიკო საკრავის ხმას გაიგონებთ, პირქვე უნდა დაემხოთ და თაყვანი სცეთ იმ ოქროს კერპს, მეფე ნაბუქოდონოსორმა რომ აღმართა. ვინც არ დაემხობა და თაყვანს არა სცემს, იმწამსვე ცეცხლით გახურებულ ღუმელში იქნება ჩაგდებული“ (დანიელი 3:2—6).
9. რას გამოხატავდა ნაბუქოდონოსორის მიერ აღმართული კერპის წინაშე დამხობა?
9 არსებობს მოსაზრება, რომ ამ ცერემონიალით ნაბუქოდონოსორი შეეცადა, იძულებულეყო იუდეველები, კომპრომისზე წასულიყვნენ და მიეტოვებინათ იეჰოვას თაყვანისცემა. სინამდვილეში კი ეს ასე არ უნდა ყოფილიყო, რადგან იქ მხოლოდ მეფის მოხელეები იყვნენ მიწვეული. ამიტომაც ცერემონიალს მხოლოდ ის იუდეველები დაესწრებოდნენ, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ მეფის კართან. როგორც ჩანს, კერპის წინაშე დამხობა მმართველი კლასის ერთიანობის განსამტკიცებლად იყო გამიზნული. მეცნიერი ჯონ უოლვორდი აღნიშნავს: „მეფის მოხელეთა ამგვარი მოქმედება, ჯერ ერთი, იმ მხრივ იყო მნიშვნელოვანი, რომ ნაბუქოდონოსორის სამეფოს ძლიერებას გამოხატავდა და, მეორე მხრივ, იმით, რომ ამგვარად ისინი განადიდებდნენ ღვთაებებს, რომელთა წყალობადაც თვლიდნენ ბაბილონელები ბრძოლაში გამარჯვებებს“.
იეჰოვას მსახურები კომპრომისზე არ მიდიან
10. რატომ არ იტყოდნენ უარს არაიუდეველები ნაბუქოდონოსორის ბრძანების შესრულებაზე?
10 მიუხედავად იმისა, რომ ცერემონიალზე შეკრებილ ხალხს თავ-თავიანთი მფარველი ღვთაებები ჰყავდა, მათ უმრავლესობას ოდნავადაც არ შეაწუხებდა სინდისი კერპის თაყვანისცემის გამო. „მათთვის ჩვეულებრივი რამ იყო კერპთაყვანისმცემლობა და ერთი ღმერთის თაყვანისცემა ხელს არ უშლიდა მათ სხვა ღმერთის თაყვანისცემაში, — ხსნის ბიბლიის ერთი მკვლევარი. — ეს ეთანხმებოდა კერპთაყვანისმცემელთა შეხედულებას, რომ არსებობდა მრავალი ღმერთი . . . და რომ არაფერი იყო ცუდი იმაში, თუ რომელიმე ერისა და ქვეყნის ღვთაებებს მიაგებდნენ პატივს“.
11. რატომ არ დაემხნენ კერპის წინაშე შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო?
11 იუდეველები ამ საკითხს სრულიად განსხვავებულად უყურებდნენ. მათთვის თავიანთ ღმერთს, იეჰოვას, ნაბრძანები ჰქონდა: „არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ. არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთი“ (გამოსვლა 20:4, 5). ამიტომაც, როდესაც მუსიკის ხმაზე კერპის წინაშე ყველა იქ შეკრებილი დაემხო, ახალგაზრდა ებრაელები — შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო — არ განძრეულან (დანიელი 3:7).
12. რაში და რატომ დასდო ბრალი ზოგმა ქალდეველმა სამ ებრაელს?
12 კერპის თაყვანისცემაზე სამი ებრაელის უარმა გააშმაგა ზოგი ქალდეველი. ისინი დაუყოვნებლივ ეახლნენ მეფეს და „იუდაელებს დაუწყეს ბრალის დადება“d. მათ საერთოდ არ აინტერესებდათ უარის თქმის მიზეზი. ბრალმდებლებს სურდათ, ებრაელი ახალგაზრდები დაუმორჩილებლობისა და ღალატის გამო დასჯილიყვნენ, ამიტომაც მეფეს მოახსენეს: „არიან იუდაელნი, რომელთაც შენ ბაბილონის ქვეყნის საქმეები ჩააბარე — შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო. მეფეო, ეს ხალხი არ ემორჩილება შენს განკარგულებას. ისინი არც შენს ღმერთებს არ ემსახურებიან და არც იმ ოქროს კერპს სცემენ თაყვანს, შენ რომ აღმართე“ (დანიელი 3:8—12).
13, 14. რა გააკეთა ნაბუქოდონოსორმა, როდესაც შადრაქის, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოს მოქმედების შესახებ შეიტყო?
13 როგორ გაუცრუვდებოდა იმედი ნაბუქოდონოსორს, როდესაც ებრაელები არ დაემორჩილებოდნენ მის ბრძანებას! მისთვის ცხადი გახდებოდა, რომ სრულიად უშედეგოდ ცდილობდა შადრაქის, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოს ბაბილონის ერთგულ პიროვნებებად ჩამოყალიბებას. მან ხომ ამ მიზნით შეასწავლა ქალდეველთა სიბრძნე და სახელებიც კი შეუცვალა მათ! მაგრამ როგორ ცდებოდა ნაბუქოდონოსორი, თუ ფიქრობდა, რომ საუკეთესო განათლების მიცემით მათ უცხო ღმერთების თაყვანისცემას დააწყებინებდა და სახელების შეცვლით მეობას დააკარგვინებდა! შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო იეჰოვას ერთგულები დარჩნენ.
14 განრისხებულმა ნაბუქოდონოსორმა დაუყოვნებლივ მოიხმო ისინი და ჰკითხა: «შადრაქ, მეშაქ და ყაბედ-ნეგო, ნუთუ განზრახ [„მართლა“, აქ] არ ემსახურებით ჩემს ღმერთებს და თაყვანს არ სცემთ იმ ოქროს კერპს, მე რომ აღვმართე?». ის, უეჭველად, გაოცებული წარმოთქვამდა ამ სიტყვებს. ბოლოს და ბოლოს, ალბათ, ფიქრობდა, რომ შეუძლებელი იყო, საღი აზროვნების მქონე ამ სამ ახალგაზრდას არად ჩაეგდო მეფის ასეთი პირდაპირი ბრძანება, თანაც როდესაც იცოდნენ, რომ დაუმორჩილებლობას მკაცრი სასჯელი მოჰყვებოდა (დანიელი 3:13, 14).
15, 16. რის შესაძლებლობა მისცა ნაბუქოდონოსორმა სამ ებრაელს?
15 ნაბუქოდონოსორმა კიდევ ერთი შესაძლებლობა მისცა ებრაელ ახალგაზრდებს. „ახლა კი მოემზადეთ, — უთხრა მეფემ მათ, — და საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და სხვა ყველანაირი სამუსიკო საკრავის ხმის გაგონებაზე, დაემხეთ და თაყვანი ეცით იმ კერპს, მე რომ გავაკეთე: მაგრამ თუ თაყვანი არ გიციათ, იმწამსვე ცეცხლით გახურებულ ღუმელში იქნებით ჩაყრილი. რომელი ღმერთი დაგიხსნით მაშინ ჩემი ხელიდან?“ (დანიელი 3:15).
16 როგორც ჩანს, ნაბუქოდონოსორს მალევე გადაავიწყდა სიზმარში ნანახი კერპის ამბავი (ეს ამბავი მეორე თავშია მოთხრობილი). შესაძლოა მას აღარც ის ახსოვდა, რომ თვითონვე უთხრა დანიელს: „თქვენი ღმერთი ჭეშმარიტად ღმერთთა ღმერთია, მეფეთა მეფეა“ (დანიელი 2:47). ახლა კი ნაბუქოდონოსორი თითქოს იმას ამბობდა, რომ იეჰოვას არ შეეძლო სასჯელისგან ამ ებრაელების დახსნა.
17. რა უპასუხეს შადრაქმა, მეშაქმა და ყაბედ-ნეგომ მეფეს?
17 შადრაქს, მეშაქსა და ყაბედ-ნეგოს არ დასჭირვებიათ დიდხანს ფიქრი. მათ დაუყოვნებლივ მიუგეს მეფეს: „ნაბუქოდონოსორ, ძნელი არ არის ჩვენთვის მაგ კითხვაზე პასუხის გაცემა. აჰა, არსებობს ჩვენი ღმერთი, რომელსაც ვემსახურებით. მას შესწევს ძალა, რომ ცეცხლით გახურებული ღუმლიდანაც გადაგვარჩინოს და შენი ხელიდანაც გვიხსნას, მეფეო! ასე რომც არ მოხდეს, იცოდე, მეფეო, ჩვენ მაინც არ ვემსახურებით შენს ღმერთებს და თაყვანს არ ვცემთ იმ ოქროს კერპს, შენ რომ დადგი“ (დანიელი 3:16—18).
გახურებულ ღუმელში
18, 19. რა მოხდა, როდესაც სამი ებრაელი გახურებულ ღუმელში ჩაყარეს?
18 განრისხებულმა ნაბუქოდონოსორმა ბრძანა, რომ ღუმელი შვიდმაგად გაეხურებინათ. შემდეგ კი „უძლიერეს ვაჟკაცებს“ უბრძანა, შეეკრათ შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო და „გავარვარებულ ღუმელში“ ჩაეყარათ. მათ შეასრულეს მეფის ბრძანება — ეს სამი ებრაელი ახალგაზრდა შეკრეს და ტანსაცმლიანად ჩაყარეს ცეცხლში, რომ მაშინვე დამწვარიყვნენ. მაგრამ ცეცხლის ალმა მათ ნაცვლად ნაბუქოდონოსორის მსახურები შთანთქა (დანიელი 3:19—22).
19 ამ დროს დიდი საოცრება ხდებოდა. შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო გახურებული ღუმლის შუაგულში იყვნენ, მაგრამ არ იწვოდნენ. წარმოიდგინეთ ნაბუქოდონოსორის გაოცება! ახალგაზრდები საიმედოდ შეკრული ჩაყარეს აბრიალებულ ცეცხლში, მაგრამ ისინი ცოცხლები იყვნენ და ხელფეხგახსნილი მიმოდიოდნენ! ნაბუქოდონოსორმა სხვა რამეც შენიშნა. „ჩვენ სამი შეკრული კაცი არ ჩავაგდეთ ღუმელში?“ — ჰკითხა მეფემ თავის მრჩევლებს. „ჭეშმარიტად ასე იყო, მეფეო!“ — მიუგეს მათ. „აჰა, — წამოიძახა ნაბუქოდონოსორმა, — ოთხ ხელ-ფეხ გახსნილ კაცს ვხედავ, შუაგულ ცეცხლში მიმოდიან ისინი უვნებელად; მეოთხე შესახედაობით ღვთის შვილს ჰგავს“ (დანიელი 3:23, 91, 92).
20, 21. ა) რის მოწმე გახდა ნაბუქოდონოსორი, როდესაც შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო ღუმლიდან გამოვიდნენ? ბ) რა აღიარა მეფემ?
20 ნაბუქოდონოსორი გავარვარებულ ღუმელს მიუახლოვდა. „შადრაქ, მეშაქ და ყაბედ-ნეგო, მაღალი ღმერთის მორჩილნო, — შესძახა მან, — გამოდით და აქ მოდით!“. ახალგაზრდები გამოვიდნენ ცეცხლიდან. რაღა თქმა უნდა, ეს სასწაული ყველა თვითმხილველს განაცვიფრებდა — მათ შორის სატრაპებს, მთავრებს, მეფისნაცვლებსა და მეფის მრჩევლებს. ახალგაზრდები თითქოს არც კი გაჰკარებოდნენ ღუმელს. არც კვამლის სუნი უდიოდათ და თმის ღერიც კი არ შესტუსოდათ თავზე (დანიელი 3:93, 94).
21 ნაბუქოდონოსორი იძულებული იყო ეღიარებინა იეჰოვას უზენაესობა. „კურთხეულია ღმერთი შადრაქის, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოსი, — თქვა მან, — რომელმაც თავისი ანგელოზი გამომიგზავნა და იხსნა თავისი მორჩილნი, რადგან მისი მოესავნი იყვნენ ისინი, არ დაემორჩილნენ მეფის განკარგულებას და საკუთარი ტანიც კი გასწირეს, რომ თავიანთი ღმერთის გარდა, სხვა ღმერთისთვის არ ემსახურათ და თაყვანი არ ეცათ“. შემდეგ მეფემ მკაცრად გააფრთხილა ყველა: „ვიძლევი ბრძანებას: თუ ვინმე რომელიმე ხალხიდან, ტომიდან ან ენიდან შადრაქის, მეშაქის და ყაბედ-ნეგოს ღმერთზე აუგს იტყვის, ასო-ასო აიკუწება, მისი სახლი კი ნანგრევებად იქცევა. რადგან არ არსებობს სხვა ღმერთი, მის მსგავსად რომ შეეძლოს ხსნა“. ნაბუქოდონოსორმა ებრაელი ახალგაზრდები სამეფო კარზე დააბრუნა და „აღამაღლა ბაბილონის ქვეყანაში“ (დანიელი 3:95—97).
რწმენა და რწმენის გამოცდები დღეს
22. რა მხრივ ხვდებიან დღეს იეჰოვას მსახურები შადრაქის, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოს მსგავს მდგომარეობაში?
22 იეჰოვას თაყვანისმცემლები დღესაც ხვდებიან მსგავს მდგომარეობებში. მათ შეიძლება არ უწევთ პირდაპირი გაგებით გადასახლებაში ცხოვრება, მაგრამ იესოს სიტყვების თანახმად, ისინი „არ არიან წუთისოფლისანი“ (იოანე 17:14). ისინი „უცხოტომელები“ არიან, რადგან მათთვის უცხოა წუთისოფლის ხალხის აზროვნება, საქციელი და წეს-ჩვეულებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ბიბლიას. ქრისტიანები ‘არ უნდა დაემსგავსონ წუთისოფელს’, როგორც ეს მოციქულმა პავლემ დაწერა (რომაელთა 12:2).
23. როგორ გამოავლინეს სიმტკიცე ებრაელმა ახალგაზრდებმა და როგორ უნდა მიბაძონ მათ ქრისტიანებმა?
23 ებრაელმა ახალგაზრდებმა არ დაუშვეს, რომ ბაბილონელებს დამსგავსებოდნენ. ვერც ქალდეველთა სიბრძნემ მოახდინა მათზე ზეგავლენა. მათ მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი, ბოლომდე იეჰოვას ერთგულები დარჩენილიყვნენ. ქრისტიანებსაც, მათ მსგავსად, სიმტკიცის გამოვლენა მართებთ. მათ არ უნდა რცხვენოდეთ, რომ არ ჰგვანან წუთისოფელს. „გადადის წუთისოფელი და მისი გულისთქმა“ (1 იოანე 2:17). ასე რომ, აზრს მოკლებული და უსარგებლო იქნებოდა, თუ ამ წარმავალ წუთისოფელს დავემსგავსებოდით.
24. რით ჰგავს ჭეშმარიტი ქრისტიანების პოზიცია სამი ებრაელის პოზიციას?
24 ქრისტიანებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რომ მოერიდონ ნებისმიერი სახის კერპთაყვანისმცემლობას, მათ შორის მის შეუმჩნეველ ფორმებს (1 იოანე 5:21)e. შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო მორჩილად და ღირსეულად იდგნენ ოქროს კერპის წინაშე, მაგრამ მათ ესმოდათ, რომ მის წინ დამხობა პატივისცემაზე მეტს ნიშნავდა. ეს იქნებოდა თაყვანისცემა, რომელში მონაწილეობითაც იეჰოვას რისხვას დაიტეხდნენ თავს (მეორე რჯული 5:8—10). ჯონ უოლვორდი წერს: „ეს, ფაქტობრივად, არაფრით განსხვავდებოდა დროშისთვის სალმის მიცემისგან, თუმცა რწმენასა და პატრიოტიზმს შორის არსებული მჭიდრო კავშირის გათვალისწინებით, რელიგიური რიტუალის მნიშვნელობაც შეიძლება ჰქონოდა“. დღეს ჭეშმარიტი ქრისტიანები ასეთსავე სიმტკიცეს იჩენენ და ნებისმიერ კერპთაყვანისმცემლობას ერიდებიან.
25. რას გვასწავლის შადრაქის, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოს მაგალითი?
25 შადრაქის, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოს მაგალითიდან ბევრის სწავლა შეუძლია ყველას, ვისაც იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნება აქვს განზრახული. მოციქულ პავლეს, როგორც ჩანს, ეს სამი ებრაელი ჰყავდა მხედველობაში, როდესაც მრავალ მორწმუნეს შორის ისინიც მოიხსენია, რომლებიც „შრეტდნენ ცეცხლის ძალას“ (ებრაელთა 11:33, 34). იეჰოვა აკურთხებს ყველას, ვინც მსგავს რწმენას გამოავლენს. მან სამი ებრაელი გავარვარებული ღუმლიდან დაიხსნა. შეგვიძლია იმაშიც დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის აღადგენს თავის ყველა ერთგულ მსახურს, რომლებმაც უმწიკვლოების შენარჩუნებისას სიცოცხლე დაკარგეს, და მარადიული სიცოცხლით აკურთხებს მათ. იეჰოვა ნამდვილად „იცავს მის წმიდათა სულებს, ბოროტთა ხელიდან იხსნის მათ“ (ფსალმუნი 96:10).
[სქოლიოები]
a არსებობს მოსაზრება, რომ მარდუქი, რომელიც ბაბილონის დამფუძნებლად ითვლებოდა, გაღმერთებული ნებროთი იყო. მაგრამ ეს მოსაზრება დამტკიცებული არ არის.
b „ბელტეშაცარი“ ნიშნავს „დაიფარე მეფის სიცოცხლე“. „შადრაქი“ შესაძლოა ნიშნავს შუმერული მთვარის ღმერთი „აკუს ბრძანებას“. „მეშაქი“, როგორც ჩანს, შუმერული ღმერთის სახელთანაა დაკავშირებული, ხოლო „ყაბედ-ნეგო“ ნიშნავს ნაბუს, ანუ „ნეგოს მსახურს“.
c კერპის დიდი ზომის გამო, ბიბლიის ზოგი მკვლევარი ფიქრობს, რომ ის ხისგან გაკეთებული და მოოქრული იყო.
d არამეული ფრაზა, რომელიც ნათარგმნია როგორც „ბრალის დადება“, სიტყვასიტყვით ნიშნავს ვინმეს „ხორცის ჭამას“ — ცილისწამებით ვინმეს, ასე ვთქვათ, დაგლეჯას.
e მაგალითად, ბიბლია სიხარბესა და ანგარებას კერპთაყვანისმცემლობასთან აიგიავებს (ფილიპელთა 3:18, 19; კოლასელთა 3:5).
როგორ უპასუხებდით?
• რატომ არ დაემხნენ შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო ნაბუქოდონოსორის მიერ აღმართული კერპის წინაშე?
• როგორ მოიქცა ნაბუქოდონოსორი, როდესაც სამი ებრაელის მოქმედების შესახებ შეიტყო?
• როგორ აკურთხა იეჰოვამ ებრაელი ახალგაზრდები რწმენის გამოვლენისთვის?
• რას გვასწავლის შადრაქის, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოს მაგალითი?
[სურათი 70 გვერდზე]
1. სატაძრო კოშკი (ზიკურატი) ბაბილონში.
2. მარდუქის ტაძარი.
3. ბრინჯაოს ფირფიტა, რომელზეც ღვთაებები მარდუქი (მარცხნივ) და ნაბუ (მარჯვნივ) გველეშაპებზე დგანან.
4. მედალიონი დიდი მშენებლობებით სახელმოხვეჭილი ნაბუქოდონოსორის გამოსახულებით.
[მთელი 68 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]
[მთელი 76 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]
[მთელი 78 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]