თავი 6
როგორ ავირჩიოთ ჯანსაღი გართობა?
„ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ“ (1 კორინთელები 10:31)
1, 2. რა არჩევანის გაკეთება გვიწევს გართობასთან დაკავშირებით?
წარმოიდგინე, რომ ვაშლის ჩაკბეჩას აპირებ, მაგრამ მოულოდნელად ამჩნევ, რომ სიდამპლე შეჰპარვია. რას გააკეთებ? შეგიძლია სიდამპლეს ყურადღება არ მიაქციო და ვაშლი მთლიანად შეჭამო; შეგიძლია ვაშლი გადააგდო ან, უბრალოდ, დამპალი ნაწილი მოაჭრა და დანარჩენი მიირთვა. როგორ მოიქცევი?
2 გართობა გარკვეულწილად შეგვიძლია ამ ვაშლს შევადაროთ. ბუნებრივია, გინდა დროდადრო გაერთო, თუმცა იცი, რომ ქვეყნიერების მიერ შემოთავაზებული გართობა უმეტესწილად არაჯანსაღი და გამხრწნელია. მაშ, როგორ მოიქცევი? ზოგისთვის ყველანაირი გართობა მისაღებია, ზოგი კი საერთოდ უარს ამბობს გართობაზე, რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი საფრთხე. ზოგი საზიანო გართობას ერიდება, მაგრამ დროდადრო ჯანსაღი გართობა სიამოვნებს. როგორი გართობა უნდა აირჩიო, რომ ღვთის სიყვარულში დარჩე?
3. რას განვიხილავთ თავდაპირველად?
3 უმეტესობა ჩვენგანი, ალბათ, მესამე კატეგორიას მიეკუთვნება. განტვირთვა ყველას გვჭირდება, თუმცა გვინდა, რომ ის ჯანსაღი იყოს. ამიტომ საჭიროა, განვსაზღვროთ, რა ითვლება ჯანსაღ გართობად და რა — არა. თავდაპირველად, განვიხილოთ, რა გავლენას ახდენს ჩვენ მიერ არჩეული გართობა იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობაზე.
„ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ“
4. რატომ უნდა დაფიქრდეს ქრისტიანი, რომელმაც თავი მიუძღვნა იეჰოვას, თუ რით გაერთობა?
4 ერთმა ხანდაზმულმა ძმამ, რომელიც 1946 წელს მოინათლა, თქვა: „მიზნად მაქვს დასახული, არ გამოვტოვო არც ერთი მოხსენება მოსანათლავებისთვის და ყოველთვის ყურადღებით მოვუსმინო, თითქოს თავად ვინათლებოდე“. რატომ აკეთებს ის ამას? ძმა განმარტავს: „იმ დროის გახსენება, როცა თავი მივუძღვენი იეჰოვას, მეხმარება, დავრჩე მისი ერთგული“. ალბათ, შენც ასე ფიქრობ. თუ ყოველთვის გემახსოვრება, რომ იეჰოვას ერთგულება აღუთქვი და დაჰპირდი, რომ მთელი ცხოვრება მისი მსახური იქნებოდი, ეს დაგეხმარება, ბოლომდე უერთგულო მას (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 5:4). ფაქტია, მიძღვნაზე ფიქრი გავლენას ახდენს არა მხოლოდ ქრისტიანული მსახურებისადმი შენს თვალსაზრისზე, არამედ ცხოვრების სხვა სფეროებზეც, მათ შორის გართობაზე. მოციქულმა პავლემ პირველ საუკუნეში მცხოვრებ ქრისტიანებს ყურადღება გაუმახვილა ამ უცილობელ ჭეშმარიტებაზე: „ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ“ (1 კორინთელები 10:31).
5. როგორ გვეხმარება ლევიანების 22:18—20, დავინახოთ, რა გაფრთხილებაა მოცემული რომაელების 12:1-ში?
5 მთელი ჩვენი ცხოვრება იეჰოვას თაყვანისცემის გარშემო ტრიალებს. ეს რომ თანაქრისტიანებს კარგად გაეთავისებინათ, პავლემ რომაელების მიმართ მიწერილ წერილში ძლიერი, საკმაოდ ღრმა მნიშვნელობის შედარება გამოიყენა. მან თანაქრისტიანებს მოუწოდა: „წარადგინეთ თქვენი სხეულები ცოცხალ, წმინდა, ღვთისთვის მოსაწონ მსხვერპლად, რაც გააზრებული წმინდა მსახურებაა“ (რომაელები 12:1). „სხეულში“ იგულისხმება გონება, გული და ფიზიკური ძალა, ანუ ყველაფერი, რასაც იეჰოვას მსახურებისთვის ვიყენებთ (მარკოზი 12:30). პავლემ მთელი სულითა და გულით მსახურება მსხვერპლს შეადარა. ამგვარად მან მიანიშნა ქრისტიანებს, თუ როგორი მოქმედება იქნებოდა მათი მხრიდან სწორი. მოსეს კანონის თანახმად, ღმერთს არ მოსწონდა ნაკლიანი მსხვერპლი (ლევიანები 22:18—20). მსგავსად, თუ ქრისტიანის მიერ გაღებულ „სულიერ მსხვერპლს“ ნაკლი აქვს, ღმერთისთვის ის მიუღებელი იქნება. როგორ შეიძლება ეს მოხდეს?
6, 7. როგორ შეიძლება ქრისტიანმა შებღალოს თავისი სხეული და რა შეიძლება მოჰყვეს ამას?
6 რომში მცხოვრებ ქრისტიანებს პავლემ ურჩია: „ნუ . . . მისცემთ თქვენი სხეულის ნაწილებს ცოდვას“. პავლემ აგრეთვე მოუწოდა მათ, რომ, ასე ვთქვათ, მოეკლათ „სხეულის საქმეები“ (რომაელები 6:12—14; 8:13). მანამდე, ამავე წერილში მან მოიხსენია „სხეულის საქმეებიდან“ ზოგიერთი; მათ შესახებ, ვინც სცოდავს, პავლე წერდა: „პირი წყევლით . . . აქვთ სავსე“; „ფეხმარდნი არიან სისხლის დასაღვრელად“ და „ღვთის შიში არა აქვთ თვალწინ“ (რომაელები 3:13—18). ქრისტიანი ბღალავს თავის სხეულს, თუ მის ნაწილებს მსგავსი ცოდვების ჩასადენად იყენებს. მაგალითად, თუ ქრისტიანი განზრახ ათვალიერებს გამრყვნელ პორნოგრაფიულ მასალას ან უყურებს სადისტურ კადრებს, ის თვალებს, ასე ვთქვათ, ცოდვას აძლევს და ამგვარად ბღალავს მთელ სხეულს. ამიტომ მისი თაყვანისცემა ღვთისთვის მიუღებელია და მისი მსხვერპლი — უწმინდური (კანონი 15:21; 1 პეტრე 1:14—16; 2 პეტრე 3:11). მართლაც, რა ძვირად შეიძლება დაუჯდეს ადამიანს არაჯანსაღი გართობის არჩევა!
7 ცხადია, გართობის არჩევა სერიოზული საკითხია. ამიტომ ჩვენ გვინდა ავირჩიოთ გართობა, რომელიც კი არ შებღალავს ჩვენს მსხვერპლს, არამედ უფრო მიმზიდველს გახდის. მოდი გავიგოთ, როგორ შეგვიძლია განვსაზღვროთ, რა არის ჯანსაღი გართობა და რა — არა.
„ბოროტება შეიზიზღეთ“
8, 9. ა) რომელ ორ კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ გართობა? ბ) გართობის რომელ სახეობებს უნდა მოვერიდოთ, და რატომ?
8 გართობა, ძირითადად, ორ კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ. პირველს ქრისტიანი კატეგორიულად ერიდება, მეორე კი მისი პირადი გადასაწყვეტია. თავდაპირველად, განვიხილოთ, გართობის როგორ სახეობებს უნდა მოერიდონ ქრისტიანები.
9 როგორც პირველ თავში მოვიხსენიეთ, გართობის ზოგიერთ სახეობას ბიბლია პირდაპირ განსჯის. მაგალითად, სადისტური და დემონური შინაარსის, აგრეთვე პორნოგრაფიის, უხამსობისა და ამაზრზენი უზნეობის შემცველი ვებ-გვერდები, კინოფილმები, ტელეგადაცემები და სიმღერები ღვთისთვის მიუღებელი საქციელისკენ უბიძგებს ადამიანს. ამგვარი უზნეო გართობა დადებით შუქში წარმოადგენს ისეთ ქმედებებს, რომლებიც ბიბლიის პრინციპებსა და კანონებს ეწინააღმდეგება, ამიტომ ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა ზურგი უნდა აქციონ მას (საქმეები 15:28, 29; 1 კორინთელები 6:9, 10; გამოცხადება 21:8). თუ მტკიცედ იტყვი უარს არაჯანსაღ გართობაზე, შენ დაუმტკიცებ იეჰოვას, რომ ნამდვილად „ზურგი აქციე ბოროტებას“, შეიზიზღე ის და „უთვალთმაქცო რწმენა“გაქვს (რომაელები 12:9; ფსალმუნი 34:14; 1 ტიმოთე 1:5).
10. როგორი აზროვნებაა სახიფათო, და რატომ?
10 ზოგი ფიქრობს, რომ უზნეობის ყურება უწყინარია. ისინი ამბობენ: „ასეთი ფილმებისა და გადაცემების ყურება სრულებითაც არ ნიშნავს, რომ მეც იმავეს გავაკეთებ“. მაგრამ მსგავსი აზროვნება სახიფათოა და შეიძლება ადამიანი შეცდომაში შეიყვანოს (წაიკითხეთ იერემიას 17:9). თუ სიამოვნებას გვანიჭებს იმის ყურება, რასაც იეჰოვა გმობს, როგორღა გვეზიზღება ბოროტება? თუ მივეჩვევით ასეთ გართობას, დროთა განმავლობაში ჩვენი გული უგრძნობი გახდება (ფსალმუნი 119:70; 1 ტიმოთე 4:1, 2). ამან შეიძლება გავლენა იქონიოს როგორც ჩვენს საქციელზე, ისე სხვების ცოდვებისადმი ჩვენს დამოკიდებულებაზე.
11. როგორ მართლდება გალატელების 6:7-ში ჩაწერილი სიტყვები?
11 სამწუხაროდ, ზოგმა ქრისტიანმა სწორედ იმიტომ ჩაიდინა უზნეობა, რომ ჩვევად ექცა უზნეობის ყურება. მათ მწარე გამოცდილებიდან ისწავლეს, რომ „კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის“ (გალატელები 6:7). მაგრამ ასეთი სამწუხარო შედეგების თავიდან არიდება შესაძლებელია. თუ საკუთარ გონებაში, ასე ვთქვათ, თესავ იმას, რაც ზნეობრივად სუფთაა, კარგ ნაყოფს მოიმკი (იხილეთ ჩარჩო „როგორი გართობა უნდა ავირჩიო?“).
ბიბლიის პრინციპების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება
12. როგორ უკავშირდება გალატელების 6:5 გართობას და რა ხელმძღვანელობა გვეძლევა, როცა საქმე პირად არჩევანს ეხება?
12 ახლა ვისაუბროთ მეორე კატეგორიაზე, ანუ ისეთი სახის გართობაზე, რომელსაც ბიბლია პირდაპირ არ გმობს, მაგრამ არც იწონებს. ამგვარი გართობის არჩევისას ქრისტიანმა თავად უნდა განსაზღვროს, რა შეიძლება ჩაითვალოს ჯანსაღ გართობად (წაიკითხეთ გალატელების 6:5). თუმცა სწორი არჩევანის გასაკეთებლად ხელმძღვანელობაც გვეძლევა. ბიბლიაში მოცემული არაერთი პრინციპი ანუ უცვლელი ჭეშმარიტება გვეხმარება, გავიგოთ იეჰოვას თვალსაზრისი. თუ ამ პრინციპებზე ვიფიქრებთ, ჩავწვდებით „იეჰოვას ნებას“ ყველაფერში, მათ შორის გართობის საკითხშიც (ეფესოელები 5:17).
13. რა აღგვძრავს, მოვერიდოთ ისეთ გართობას, რომელიც იეჰოვას სძულს?
13 ცხადია, განსჯის უნარი ყველა ქრისტიანს ერთნაირად არა აქვს გაწაფული (ფილიპელები 1:9). გარდა ამისა, გართობის საკითხში ქრისტიანების გემოვნება განსხვავდება. ამიტომ არ უნდა მოველოდეთ, რომ ყველა ერთნაირ გადაწყვეტილებას მიიღებს. და მაინც, თუ გულსა და გონებაში ჩავიბეჭდავთ ღვთის პრინციპებს, მოვერიდებით გართობას, რომელიც იეჰოვას სძულს (ფსალმუნი 119:11, 129; 1 პეტრე 2:16).
14. ა) რა მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ გართობის არჩევისას? ბ) რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ცხოვრებაში სამეფოს ინტერესები ყოველთვის პირველ ადგილზე იდგეს?
14 გართობის არჩევისას გასათვალისწინებელია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი — დრო. შენ მიერ არჩეული გართობა იმაზე მეტყველებს, თუ რას მიიჩნევ მისაღებად, ხოლო გართობისთვის დათმობილი დრო — რა უფრო მნიშვნელოვანია შენთვის. რა თქმა უნდა, ქრისტიანებისთვის სულიერი საქმეები ყველაზე მნიშვნელოვანია (წაიკითხეთ მათეს 6:33). მაგრამ, რა უნდა გააკეთო, რომ შენს ცხოვრებაში ყოველთვის უმთავრესი ადგილი ეკავოს სამეფოს ინტერესებს? პავლე მოციქულმა დაწერა: „კარგად დაუკვირდით, რომ ისე კი არ იაროთ, როგორც უგუნურებმა, არამედ როგორც ბრძენებმა, გამოისყიდეთ თქვენთვის ხელსაყრელი დრო“ (ეფესოელები 5:15, 16). თუ განსაზღვრულ დროს გამოყოფ გართობისთვის, დრო უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვისაც დაგრჩება, რომლებიც შენს სულიერ კეთილდღეობას მოემსახურება (ფილიპელები 1:10).
15. რატომ არის გონივრული გართობის არჩევისას მეტი სიფრთხილის გამოჩენა?
15 გონივრულია, რომ გართობის არჩევას მეტი სიფრთხილით მოვეკიდოთ. რას ვგულისხმობთ ამაში? დავუბრუნდეთ ვაშლის მაგალითს. თუ გვინდა, რომ ვაშლის დამპალი ნაწილი შემთხვევით არ შემოგვეჭამოს, ღრმად ამოვჭრით ამ ნაწილს. ბრძნულია, თუ გართობის არჩევისას მსგავსად მოვიქცევით. გონიერი ქრისტიანი მხოლოდ ისეთ გართობას კი არ ერიდება, რომელიც აშკარად ეწინააღმდეგება ბიბლიის პრინციპებს, არამედ ისეთ გართობასაც, რომელიც საეჭვო ჩანს და სულიერობისთვის, ასე ვთქვათ, მავნე ელემენტებს შეიცავს (იგავები 4:25—27). ღვთის სიტყვაში მოცემული რჩევების გათვალისწინება დაგეხმარება, რომ სწორედ ასე მოიქცე.
„რაც წმინდაა“
16. ა) როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ზნეობაზე ისეთივე თვალსაზრისი გვაქვს, როგორიც იეჰოვას? ბ) როგორ შეიძლება ბიბლიის პრინციპების გათვალისწინება შენი ცხოვრების წესად იქცეს?
16 გართობის არჩევისას ჭეშმარიტი ქრისტიანები უპირველესად იეჰოვას თვალსაზრისს ითვალისწინებენ. მისი აზრებისა და ნორმების შესახებ ბიბლიიდან ვიგებთ. იეჰოვასთვის საძულველი ზოგი რამ მეფე სოლომონმა მოიხსენია, მაგალითად „მატყუარა ენა, უდანაშაულო სისხლის მღვრელი ხელები, ავისმზრახველი გული, საბოროტოდ მარდი ფეხები“ (იგავები 6:16—19). როგორ უნდა იმოქმედოს იეჰოვას თვალსაზრისმა შენზე? „იეჰოვას მოყვარულნო, შეიძულეთ ბოროტება“, — მოგვიწოდა ფსალმუნმომღერალმა (ფსალმუნი 97:10). შენ მიერ არჩეულმა გართობამ უნდა ცხადყოს, რომ ნამდვილად გძულს ის, რაც იეჰოვას სძულს (გალატელები 5:19—21). გახსოვდეს: ის, თუ როგორი ადამიანი ხარ სინამდვილეში, იქიდან ჩანს, რასაც მარტო ყოფნისას აკეთებ და არა ხალხში ყოფნისას (ფსალმუნი 11:4; 16:8). ასე რომ, თუ ცხოვრების ყველა სფეროში მთელი გულით გაითვალისწინებ იეჰოვას თვალსაზრისს ზნეობაზე, ყოველთვის ბიბლიის პრინციპების თანახმად იმოქმედებ და ეს შენი ცხოვრების წესად იქცევა (2 კორინთელები 3:18).
17. რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს გართობის არჩევამდე?
17 კიდევ რის გაკეთებაა საჭირო, რომ დარწმუნდე, ითვალისწინებ თუ არა გართობის არჩევისას იეჰოვას თვალსაზრისს? დაფიქრდი: „რა გავლენას მოახდენს ჩემი არჩევანი ჩემზე და ღმერთთან ჩემს ურთიერთობაზე?“. ფილმის ყურებამდე ჰკითხე საკუთარ თავს: „როგორ იმოქმედებს ფილმის შინაარსი ჩემს სინდისზე?“. განვიხილოთ, რომელი პრინციპები დაგვეხმარება ამ დროს.
18, 19. ა) როგორ გვეხმარება ფილიპელების 4:8-ში მოცემული პრინციპი, დავადგინოთ, ჯანსაღია თუ არა ჩვენ მიერ არჩეული გართობა? ბ) კიდევ რომელი პრინციპები დაგეხმარება ჯანსაღი გართობის არჩევაში? (იხილეთ სქოლიო)
18 მნიშვნელოვანი პრინციპი მოცემულია ფილიპელების 4:8-ში, სადაც ვკითხულობთ: „რაც ჭეშმარიტია, რაც სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს, რაც მართალია, რაც წმინდაა, რაც სიყვარულის ღირსია, რაც მოსაწონია, რაც ზნეობრივი და საქებარია, იმაზე იფიქრეთ“. ცხადია, აქ პავლე გართობაზე კი არა, გულის ზრახვებზე საუბრობს; ჩვენი გულის ზრახვები სასიამოვნო რომ იყოს იეჰოვასთვის, ყველაფერში მისი ნება უნდა გავითვალისწინოთ (ფსალმუნი 19:14). მაგრამ როგორ შეგიძლია პავლეს სიტყვების მხედველობაში მიღება გართობის არჩევისას?
19 ჰკითხე საკუთარ თავს: «ავსებს ჩემ მიერ არჩეული კინოფილმები, ვიდეოთამაშები, მუსიკა და სხვა გასართობი საშუალებები ჩემს გონებას იმით, „რაც წმინდაა“?». მაგალითად, ფილმის ყურების შემდეგ უმეტესად რა წარმოგიდგება გონებაში? თუ გონებაში წარმოგიდგება ის, რაც სასიამოვნო და სუფთაა, მაშინ გართობა ჯანსაღია. მაგრამ, თუ ფილმის ყურების შემდეგ უწმინდურებაზე ფიქრობ, მაშინ გართობა არაჯანსაღი და საზიანოც კია (მათე 12:33; მარკოზი 7:20—23). რატომ ვამბობთ ამას? უწმინდურებაზე ფიქრს შეუძლია შინაგანი სიმშვიდე დაგიკარგოს, ბიბლიით განსწავლული სინდისი გაგიუხეშოს და ღმერთთან ურთიერთობა გაგიფუჭოს (ეფესოელები 5:5; 1 ტიმოთე 1:5, 19). ვინაიდან ასეთი გართობა შენზე უარყოფითად აისახება, ყველანაირად ეცადე, რომ მოერიდო მას (რომაელები 12:2).a მიჰბაძე ფსალმუნმომღერალს, რომელიც ევედრებოდა იეჰოვას: „თვალი ამარიდებინე არარაობას“ (ფსალმუნი 119:37).
გაითვალისწინე სხვები
20, 21. რა კავშირშია 1 კორინთელების 10:23, 24-ში ჩაწერილი პრინციპი ჯანსაღი გართობის არჩევასთან?
20 პავლემ მოიხსენია მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ გადაწყვეტილების მიღებისას. მან დაწერა: „ყველაფერი ნებადართულია, მაგრამ ყველაფერი როდი აშენებს. თითოეულმა ის კი არ ეძებოს, რაც თავისთვისაა სასარგებლო, არამედ ის, რაც სხვისთვისაა სასარგებლო“ (1 კორინთელები 10:23, 24). რა კავშირშია ეს პრინციპი ჯანსაღი გართობის არჩევასთან? ჰკითხე საკუთარ თავს: „რა გავლენას მოახდენს ჩემ მიერ არჩეული გართობა სხვებზე?“.
21 სინდისმა შეიძლება ნება დაგრთოს, იმით გაერთო, რაც, შენი აზრით, „ნებადართული“ და მისაღებია. მაგრამ თუ შეამჩნევ, რომ ასეთი გართობა მიუღებელია იმ ქრისტიანებისთვის, რომელთაც მეტად მგრძნობიარე სინდისი აქვთ, შეიძლება უარი თქვა მასზე. რატომ? შენ არ გსურს, თანამორწმუნეებს ხელი შეუშალო იმაში, რომ ღვთისადმი ერთგულები დარჩნენ, რითაც პავლეს სიტყვების თანახმად, „ძმების წინააღმდეგ და ქრისტეს წინააღმდეგ“ შესცოდავდი. შენ სერიოზულად ეკიდები რჩევას: „ნუ დააბრკოლებთ“ (1 კორინთელები 8:12; 10:32). დღეს ჭეშმარიტი ქრისტიანები ითვალისწინებენ პავლეს გონივრულ რჩევას და ერიდებიან გართობას, რომელიც შესაძლოა ნებადართულია, მაგრამ არ აშენებს (რომაელები 14:1; 15:1).
22. რატომ არ უნდა მოახვიოს ქრისტიანმა სხვებს საკუთარი აზრი, როცა საქმე პირად არჩევანს ეხება?
22 სხვების ინტერესების გათვალისწინების დროს კიდევ ერთი რამე უნდა გვახსოვდეს. ქრისტიანმა, რომლის სინდისიც მეტისმეტად მგრძნობიარეა, არ უნდა დაიჟინოს, რომ კრებაში ყველამ მისი თვალსაზრისი გაიზიაროს გართობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაემსგავსება მძღოლს, რომელიც სხვა მძღოლებისგან მოითხოვს, მისი არჩეული სიჩქარით იარონ. ასეთი მოთხოვნა არაგონივრულია. ქრისტიანულმა სიყვარულმა უნდა აღძრას ის, პატივი სცეს თანამორწმუნის განსხვავებულ აზრს, თუ ბიბლიის პრინციპები არ ირღვევა. ამგვარად, მისი „კეთილგონიერება“ ყველასთვის ცხადი გახდება (ფილიპელები 4:5; ეკლესიასტე 7:16).
23. როგორ შეგიძლია დარწმუნდე, რომ ჯანსაღი გართობა აირჩიე?
23 დაბოლოს, როგორ შეგიძლია დარწმუნდე, რომ ჯანსაღი გართობა აირჩიე? უარყავი ნებისმიერი გართობა, რომელშიც წარმოდგენილია ისეთი უხამსობა და გარყვნილება, რასაც ღვთის სიტყვა განსჯის. როდესაც არჩევანი მიდგება ისეთი სახის გართობაზე, რომლის შესახებაც ბიბლიაში კონკრეტულად არაფერია ნათქვამი, იხელმძღვანელე ბიბლიური პრინციპებით. მოერიდე გართობას, რომელიც სინდისს გაგიუხეშებს და მზად იყავი ისეთი გართობის დასათმობად, რომელიც დააბრკოლებს სხვებს, განსაკუთრებით თანამორწმუნეებს. ამგვარად განადიდებ ღმერთს და შენ და შენი ოჯახი ღვთის სიყვარულში დარჩებით.
a გართობასთან დაკავშირებული ზოგიერთი პრინციპი მოცემულია იგავების 3:31-სა და 13:20-ში, ეფესოელების 5:3, 4-სა და კოლოსელების 3:5, 8, 20-ში.