თავი 6
რა ხდება სიკვდილის შემდეგ?
რა ემართება ადამიანს, როცა კვდება?
რატომ კვდება ადამიანი?
რატომ არის მანუგეშებელი სიკვდილის შესახებ სიმართლის ცოდნა?
1—3. რა კითხვები ებადებათ ადამიანებს სიკვდილთან დაკავშირებით და რას ასწავლიან ამ საკითხზე სხვადასხვა რელიგიები?
ათასწლეულებია, რაც ხალხს მსგავსი კითხვები აფიქრებს. ეს მართლაც მნიშვნელოვანი კითხვებია. იმისდა მიუხედავად, თუ ვინ ვართ და სად ვცხოვრობთ, ამ კითხვებზე პასუხი ყველას გვაინტერესებს.
2 როგორც წინა თავში განვიხილეთ, იესო ქრისტეს მიერ გადახდილი გამოსასყიდი მარადიული ცხოვრების შესაძლებლობას გვაძლევს. ჩვენ აგრეთვე გავიგეთ, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად, დადგება დრო, როცა „აღარ იქნება სიკვდილი“ (გამოცხადება 21:4). მანამდე კი ყველა ადამიანი კვდება. „ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან“, — თქვა ბრძენმა მეფე სოლომონმა (ეკლესიასტე 9:5). ჩვენ ყოველმხრივ ვცდილობთ, გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე. მაგრამ მაინც გვაფიქრებს, თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ.
3 როცა საყვარელი ადამიანი გვიკვდება, დამწუხრებულები ვართ. ამ დროს შეიძლება ვფიქრობთ: „რა დაემართა მას? ხომ არ იტანჯება? გვიწევს მფარველობას იქიდან, სადაც არის? შეგვიძლია მისი დახმარება? ვნახავთ მას ოდესმე?“. რელიგიური მიმდინარეობები ამ კითხვებზე განსხვავებულ პასუხებს იძლევიან. ზოგი რელიგიის მიმდევრებს სწამთ, რომ ვინც ცხოვრებაში კარგს აკეთებს, ცაში წავა, ხოლო ვინც — ცუდს, ჯოჯოხეთში დაიტანჯება. სხვებს სჯერათ, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანები საიქიოში მიდიან, სადაც მათი წინაპრები არიან. ზოგი რელიგიური სწავლების მიხედვით კი, სიკვდილის შემდეგ ადამიანი სულიერ სამყაროში გადადის, სადაც განისჯება და შემდეგ გარდაისახება ანუ ახლიდან დაიბადება სხვა სხეულში.
4. რა აზრს იზიარებს მრავალი რელიგია სიკვდილთან დაკავშირებით?
4 ასეთ რელიგიურ სწავლებებში ჩადებულია საერთო აზრი: ადამიანში არსებობს რაღაც, რაც ფიზიკური სხეულის სიკვდილის შემდეგ განაგრძობს სიცოცხლეს. დღემდე არსებული თითქმის ყველა რელიგიური მიმდინარეობის თანახმად, ადამიანს სიკვდილის შემდეგაც აქვს დანახვის, გაგებისა და აზროვნების უნარი. მაგრამ განა შესაძლებელია ეს? ადამიანის გრძნობები და აზრები დაკავშირებულია ტვინის ფუნქციონირებასთან, სიკვდილის დროს კი ტვინი წყვეტს მუშაობას. შეუძლებელია, რომ ჩვენმა მოგონებებმა და გრძნობებმა ტვინისგან დამოუკიდებლად სასწაულებრივი სახით კვლავ განაგრძოს არსებობა.
რა ხდება სიკვდილის დროს სინამდვილეში?
5, 6. რას გვასწავლის ბიბლია მკვდრების მდგომარეობასთან დაკავშირებით?
5 ის, თუ რა ხდება სიკვდილის დროს, საიდუმლოებით მოცული არ არის იეჰოვა ღმერთისთვის, რომელმაც ადამიანის ტვინი შექმნა. მან იცის ჭეშმარიტება და თავის სიტყვაში, ბიბლიაში, გვიხსნის, თუ რა მდგომარეობაში არიან მკვდრები. ბიბლია გვასწავლის, რომ როდესაც ადამიანი კვდება, ის წყვეტს არსებობას. სიკვდილი არის სიცოცხლის საპირისპირო მდგომარეობა. მკვდრებს არც დანახვა შეუძლიათ, არც ფიქრი და არც რამის გაგება. ფიზიკური სხეულის სიკვდილის დროს ადამიანი მთლიანად წყვეტს არსებობას. ადამიანს არავითარი უკვდავი სული არა აქვს.a
6 როგორც სოლომონმა დაწერა, „მკვდრებმა არაფერი იციან“. ამ საკითხის შესახებ ის შემდეგ უფრო კონკრეტულად ამბობს, რომ მკვდრებს არც სიყვარული შეუძლიათ, არც სიძულვილი და მათთვის არ არსებობს „არც საქმე, არც ჩანაფიქრი, არც ცოდნა და არც სიბრძნე არ არის სამარეში“ (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 9:5, 6, 10). მსგავსად ამისა, ფსალმუნის 146:4-ში ნათქვამია, რომ ადამიანის სიკვდილისთანავე „ქრება მისი ფიქრები“. ჩვენ მოკვდავნი ვართ და სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს ვერ განვაგრძობთ. ჩვენი სიცოცხლე შეგვიძლია სანთლის ალს შევადაროთ. როდესაც სანთელს ვაქრობთ, ალი არსად არ მიდის. ის უბრალოდ ქრება, აღარ არსებობს.
რა თქვა იესომ სიკვდილის შესახებ?
7. რას შეადარა იესომ სიკვდილი?
7 იესო ქრისტეს სიტყვებიდან ვხედავთ, თუ რა მდგომარეობაში არიან მკვდრები. როდესაც მისი მეგობარი, ლაზარე მოკვდა, იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „ჩვენმა მეგობარმა ლაზარემ დაიძინა“. მოწაფეებს ეგონათ, რომ იესო პირდაპირი გაგებით ძილს გულისხმობდა და უთხრეს: „თუ დაიძინა, გამოჯანმრთელდება“. მაგრამ იესო ამას არ გულისხმობდა. მან მოწაფეებს აუხსნა: „ლაზარე მოკვდა“ (წაიკითხეთ იოანეს 11:11—14). ყურადღება მიაქციე, რომ იესომ სიკვდილი ძილს შეადარა. ლაზარე არც ცაში წასულა და არც ცეცხლოვან ჯოჯოხეთში. ის არც ანგელოზებს შეხვედრია და არც თავის წინაპრებს. ლაზარე არც სხვა ადამიანად გარდასახულა. ის თითქოს ღრმა ძილში იყო, ვერაფერს გრძნობდა. სიკვდილი ბიბლიის სხვა მუხლებშიცაა ძილთან შედარებული. მაგალითად, როცა იესოს მოწაფე სტეფანე ჩაქოლეს, როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, მან „სიკვდილის ძილით დაიძინა“ (საქმეები 7:60). მსგავსად ამისა, მოციქულმა პავლემ დაწერა, რომ ზოგმა ქრისტიანმა „სიკვდილის ძილით დაიძინა“ (1 კორინთელები 15:6).
8. საიდან ვიცით, რომ ღმერთს არ სურდა ადამიანების სიკვდილი?
8 უნდა მომკვდარიყვნენ ადამიანები ღვთის თავდაპირველი განზრახვის თანახმად? არა. იეჰოვამ ადამიანი დედამიწაზე მარადიული ცხოვრებისთვის შექმნა. როგორც უკვე გავიგეთ ამ წიგნიდან, ღმერთმა ადამიანთა პირველი წყვილი სამოთხეში დაასახლა. მან ადამსა და ევას სრულყოფილი ჯანმრთელობა მისცა. იეჰოვას მათთვის მხოლოდ საუკეთესო სურდა. რომელ მშობელს სურს, რომ მისი შვილი დაბერდეს და მოკვდეს? ცხადია, არც ერთს. იეჰოვას უყვარდა თავისი შვილები; მას უნდოდა, რომ ისინი ბედნიერები ყოფილიყვნენ და არასოდეს მომკვდარიყვნენ. ბიბლიაში ადამიანების შესახებ ნათქვამია, რომ იეჰოვამ „მარადიულობაც კი ჩადო მათ გულებში“ (ეკლესიასტე 3:11). ღმერთმა მარადიული ცხოვრების სურვილით შეგვქმნა. მან იმაზეც იზრუნა, რომ ეს სურვილი რეალობად იქცეს.
რატომ კვდება ადამიანი?
9. რა აუკრძალა იეჰოვამ ადამს და რატომ არ იყო რთული მორჩილების გამოვლენა?
9 მაშ, რატომ კვდება ადამიანი? პასუხის მისაღებად საჭიროა გავიხსენოთ, თუ რა მოხდა, როცა დედამიწაზე მხოლოდ პირველი მამაკაცი და ქალი ცხოვრობდნენ. ბიბლია მოგვითხრობს: „აღმოაცენა ყოველგვარი ხე, თვალწარმტაცი და საჭმელად ვარგისი ნაყოფის მომცემი“ (დაბადება 2:9). იეჰოვამ ადამს ერთი რამ აუკრძალა: „ბაღის ყოველი ხიდან შეგიძლია ჭამო, რამდენიც გესიამოვნება, მაგრამ სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ, იმ დღესვე მოკვდები“ (დაბადება 2:16, 17). ღვთის მითითების შესრულება სულაც არ იყო რთული. სამოთხეში ბევრი სხვა ხე იყო, რომლის ნაყოფის ჭამაც შეეძლოთ ადამსა და ევას. ზემოხსენებული მითითება პირველ წყვილს აძლევდა განსაკუთრებულ შესაძლებლობას, რომ მადლიერება გამოევლინათ ღვთის მიმართ, რომელმაც მათ ყველაფერი მისცა, მათ შორის სრულყოფილი სიცოცხლე. მორჩილებით ისინი პატივისცემასაც გამოავლენდნენ ზეციერი მამის ძალაუფლებისადმი და იმასაც ცხადყოფდნენ, რომ სურდათ მისი ხელმძღვანელობით ცხოვრება.
10, 11. ა) როგორ გამოავლინეს ღვთისადმი დაუმორჩილებლობა პირველმა მამაკაცმა და ქალმა? ბ) რატომ არ ჰქონდა არანაირი გამართლება ადამისა და ევას ურჩობას?
10 სამწუხაროდ, ადამმა და ევამ არჩიეს, არ დამორჩილებოდნენ იეჰოვას. გველის საშუალებით სატანამ ევას ჰკითხა: „მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის ყველა ხიდან არ ჭამოთო?“. ევამ უპასუხა: „ბაღის ხის ნაყოფები შეგვიძლია ვჭამოთ, მაგრამ იმ ხის ნაყოფზე, რომელიც ბაღის შუაგულში დგას, ღმერთმა გვითხრა: არ შეჭამოთ, არც კი შეეხოთ, რომ არ მოკვდეთო“ (დაბადება 3:1—3).
11 „არა, არ მოკვდებით, — უთხრა სატანამ. — იცის ღმერთმა, რომ რა დღესაც შეჭამთ მის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით სიკეთისა და ბოროტების მცოდნენი გახდებით“ (დაბადება 3:4, 5). სატანას სურდა ევას დარწმუნება, რომ აკრძალული ნაყოფის ჭამა მისთვის კარგი იქნებოდა. სატანის სიტყვებიდან გამომდინარე, ევას შეეძლო თვითონ გადაეწყვიტა, რა იყო სწორი და რა — არასწორი და საკუთარი სურვილისამებრ მოქცეულიყო. სატანამ აგრეთვე სიცრუეში დაადანაშაულა იეჰოვა, თითქოსდა ნაყოფის ჭამას სულაც არ მოყვებოდა ის, რის შესახებაც მან პირველი წყვილი გააფრთხილა. ევამ დაუჯერა სატანას; მან მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. შემდეგ ქმარსაც მისცა და მანაც შეჭამა. იმას ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ მათ ეს არცოდნის გამო დაემართათ. მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ზუსტად იმას აკეთებდნენ, რაც ღვთის მითითებისამებრ არ უნდა გაეკეთებინათ. ისინი შეგნებულად არ დაემორჩილნენ ღვთის ამ მარტივ და გონივრულ მითითებას. ადამმა და ევამ თავიანთი ურჩობით ზეციერი მამისა და მისი ძალაუფლების მიმართ სიძულვილი გამოხატეს. მოსიყვარულე შემოქმედისადმი ასეთ უპატივცემულობას არანაირი გამართლება არ ჰქონდა!
12. რა შეიძლება დაგვეხმაროს იმის დანახვაში, თუ რა იგრძნო იეჰოვამ, როცა ადამი და ევა მას აუმხედრდნენ?
12 მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: ვთქვათ, გაზარდე შვილი, რომელსაც მზრუნველობას არ აკლებდი. მან კი ისეთი რამ გააკეთა, რითაც ცხადყო, რომ არც პატივს გცემს და არც უყვარხარ. რას იგრძნობდი ამ დროს? ეს დიდ ტკივილს მოგაყენებდა. წარმოიდგინე, რა გულსატკენი იქნებოდა იეჰოვასთვის ადამისა და ევას საქციელი, როდესაც ისინი მას აუმხედრდნენ.
13. იეჰოვას სიტყვების თანახმად, რა დაემართებოდა ადამს და რას ნიშნავდა ეს?
13 იეჰოვას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა, რომ ამ ურჩი წყვილისთვის მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მიეცა. საბოლოოდ ადამი და ევა დაიხოცნენ, როგორც ღმერთს ჰქონდა მათთვის ნათქვამი. მათ შეწყვიტეს არსებობა. ისინი არ გადასულან სულიერ სამყაროში. ამას ვხედავთ იქიდან, რაც იეჰოვამ უთხრა ადამს, როცა ის დაუმორჩილებლობის შედეგების პირისპირ აღმოჩნდა: „მიწას დაუბრუნდები, რადგან მისგან ხარ აღებული; მტვერი ხარ და მტვრადვე იქცევი“ (დაბადება 3:19). ღმერთმა ადამი მიწის მტვრისგან შექმნა (დაბადება 2:7). მანამდე ადამი არ არსებობდა. ამრიგად, სიტყვებში „მტვრადვე იქცევი“, იეჰოვა გულისხმობდა, რომ ადამი დაუბრუნდებოდა თავდაპირველ მდგომარეობას, ანუ აღარ იარსებებდა. ადამი ისეთივე უსიცოცხლო იქნებოდა, როგორც მტვერი, რომლისგანაც იყო აღებული.
14. რატომ კვდება ადამიანი?
14 ადამსა და ევას ჰქონდათ შესაძლებლობა, დღემდე ცოცხლები ყოფილიყვნენ. მაგრამ ისინი დაიხოცნენ, რადგან არ დაემორჩილნენ ღმერთს და შესცოდეს. დღეს ადამიანები იმიტომ კვდებიან, რომ მათმა წინაპარმა, ადამმა, ყველა თავის შთამომავალს ცოდვა და სიკვდილი გადასცა (წაიკითხეთ რომაელების 5:12). ცოდვა, ასე ვთქვათ, მემკვიდრეობითი დაავადებაა, რომელსაც ვერავინ გაექცევა, სიკვდილი კი ცოდვის შედეგია. ის კაცობრიობის მტერია (1 კორინთელები 15:26). ჩვენ ძალიან მადლიერი უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვამ იზრუნა გამოსასყიდზე, რათა დაგვიხსნას ამ საშინელი მტრის ხელიდან!
რატომ არის მანუგეშებელი სიმართლის ცოდნა მკვდრების მდგომარეობის შესახებ
15. რატომ არის მანუგეშებელი იმის ცოდნა, რასაც ბიბლია გვასწავლის მკვდრების მდგომარეობის შესახებ?
15 მანუგეშებელია იმის ცოდნა, რასაც ბიბლია გვასწავლის მკვდრების მდგომარეობის შესახებ. როგორც დავინახეთ, გარდაცვლილები არ იტანჯებიან და არც არავითარ ტკივილს გრძნობენ. მათ არ შეუძლიათ, ზიანი მოგვაყენონ და ამიტომ არ არსებობს იმის მიზეზი, რომ გვეშინოდეს მათი. ისინი არ საჭიროებენ ჩვენს დახმარებას და ვერც თვითონ დაგვეხმარებიან. ჩვენ ვერ დაველაპარაკებით მათ და ვერც ისინი დაგველაპარაკებიან. ბევრი სასულიერო პირი ამბობს, რომ შეუძლია გარდაცვლილთა დახმარება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება; ზოგი იჯერებს ამას და ფულსაც კი უხდის მათ. სიმართლის ცოდნა გვიცავს იმისგან, რომ შეცდომაში არ შეგვიყვანონ მათ, ვინც ასეთ სიცრუეს ასწავლის.
16. ვინ ახდენს გავლენას მრავალი რელიგიური მიმდინარეობის სწავლებებზე, და როგორ?
16 ეთანხმება შენი რელიგია იმას, რასაც ბიბლია ასწავლის მკვდრების მდგომარეობის შესახებ? მრავალი რელიგიური მიმდინარეობის სწავლებები სრულიად განსხვავებულია. რატომ? მათ სწავლებებზე სატანამ მოახდინა გავლენა. ის ცრუ რელიგიას იყენებს, რათა დაარწმუნოს ადამიანები, რომ სიკვდილის შემდეგ ცხოვრებას სულიერ სამყაროში განაგრძობენ. ეს არის სატანის ერთ-ერთი სიცრუე, რომლის საშუალებითაც ცდილობს, ხალხი იეჰოვა ღმერთს ჩამოაშოროს.
17. რატომ შეურაცხყოფს იეჰოვა ღმერთს სწავლება მარადიული სატანჯველის შესახებ?
17 როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზოგი რელიგიური მიმდინარეობა ასწავლის, რომ ბოროტი ადამიანები სიკვდილის შემდეგ ცეცხლოვან ჯოჯოხეთში მოხვდებიან და მარადიულად დაიტანჯებიან. ეს სწავლება შეურაცხყოფს ღმერთს. იეჰოვა მოსიყვარულე ღმერთია და შეუძლებელია, რომ მან ასე დატანჯოს ადამიანები (წაიკითხეთ 1 იოანეს 4:8). რას იფიქრებდი იმ ადამიანზე, რომელიც შვილს დასჯის მიზნით ხელებს ცეცხლში აყოფინებს? პატივს სცემდი ასეთ მშობელს? გექნებოდა მისი გაცნობის სურვილი? ცხადია, არა. ალბათ, მას სასტიკ ადამიანად ჩათვლიდი. სატანას სურს დაგვაჯეროს, რომ იეჰოვა ადამიანებს მარადიულად ტანჯავს ცეცხლოვან საწამებელში!
18. რა რელიგიურ სიცრუეს ეფუძნება გარდაცვლილთა თაყვანისცემა?
18 სატანა ზოგი რელიგიის საშუალებით ხალხს იმასაც აჯერებს, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანები სულებად იქცევიან, რომელთაც ცოცხლებმა პატივი უნდა მიაგონ. ამ სწავლების მიხედვით, მიცვალებულთა სულები ცოცხლებს შეიძლება ძლიერ მფარველებად ან დაუნდობელ მტრებად ექცნენ. ბევრი იჯერებს ამ სიცრუეს, რის გამოც მკვდრების შიში აქვთ და მათ თაყვანს სცემენ. ამის საპირისპიროდ, ბიბლია გვასწავლის, რომ მიცვალებულები უგრძნობ მდგომარეობაში არიან, მათ სიკვდილის ძილით სძინავთ; ჩვენ მხოლოდ შემოქმედს, ჭეშმარიტ ღმერთს, იეჰოვას უნდა ვცეთ თაყვანი (გამოცხადება 4:11).
19. რომელი სხვა ბიბლიური სწავლების უკეთ გაგებაში გვეხმარება მკვდრების მდგომარეობის შესახებ სიმართლის ცოდნა?
19 მკვდრების მდგომარეობის შესახებ ჭეშმარიტების ცოდნა დაგიცავს იმისგან, რომ არ მოტყუვდე რელიგიური სიცრუით. ეს აგრეთვე დაგეხმარება სხვა ბიბლიური სწავლებების უკეთ გაგებაში. მაგალითად, როცა რწმუნდები, რომ ადამიანები სიკვდილის შემდეგ სულიერ სამყაროში არ გადადიან, უკეთესად გესმის სამოთხეში დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის დანაპირების მნიშვნელობა.
20. რა საკითხს განვიხილავთ მომდევნო თავში?
20 დიდი ხნის წინათ ერთმა ღვთისმოშიშმა მამაკაცმა, იობმა, წამოჭრა კითხვა: „თუ მოკვდება კაცი, განა კვლავ იცოცხლებს?“ (იობი 14:14). შესაძლებელია, რომ გარდაცვლილი, რომელიც აღარ არსებობს, კვლავ დაუბრუნდეს სიცოცხლეს? მომდევნო თავიდან გავიგებთ, რომ ის, რასაც ბიბლია ამასთან დაკავშირებით გვასწავლის, ნამდვილად მანუგეშებელია.
a სიტყვა „სულთან“ დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ დანართი «რას ნიშნავს სიტყვა „სული“?».