‘იარეთ ქრისტესთან ერთად’
„ამიტომ, როგორც მიიღეთ ქრისტე იესო უფალი, ასევე იარეთ [„მასთან ერთად“, აქ]“ (კოლასელთა 2:6).
1, 2. ა) როგორ აღწერს ბიბლია ენოქის იეჰოვასადმი ერთგულად მსახურებაში გატარებულ ცხოვრებას? ბ) როგორ გვეხმარება იეჰოვა, ვიაროთ მასთან ერთად, როგორც ამაზე კოლასელთა 2:6, 7 მიუთითებს?
დაკვირვებიხართ ოდესმე მამასთან ერთად მოსეირნე ბიჭუნას? პატარა ყოველ მოძრაობაში მამას ბაძავს; მის სახეზე აღტაცებაა აღბეჭდილი. მამა ეხმარება შვილს; მის სახეს კი სიყვარულისა და მოწონების სხივი დასთამაშებს. იეჰოვა სწორედ ასე აღწერს მისადმი ერთგული მსახურების ცხოვრებას. მაგალითად, ღვთის სიტყვა ამბობს, რომ ერთგული ენოქი ‘ღმერთთან [ერთად] დადიოდა’ (დაბადება 5:24; 6:9).
2 როგორც ყურადღებიანი მამა დაეხმარებოდა შვილს თავისთან ერთად სიარულში, ისე იეჰოვა საუკეთესო დახმარებას გვთავაზობს. მან თავისი მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა დედამიწაზე. იესო ქრისტე დედამიწაზე მთელი ცხოვრების განმავლობაში ნებისმიერ ნაბიჯში სრულყოფილად ირეკლავდა ზეციერი მამის თვისებებს (იოანე 14:9, 10; ებრაელთა 1:3). ამიტომ ღმერთთან ერთად სიარულისთვის საჭიროა, რომ ქრისტესთან ერთად ვიაროთ. მოციქულმა პავლემ დაწერა: «ამიტომ, როგორც მიიღეთ ქრისტე იესო უფალი, ასევე იარეთ [„მასთან ერთად“, აქ], მასში ფესვგადგმულებმა და. . . აღშენებულებმა, განმტკიცებულებმა რწმენით, როგორც გისწავლიათ, და წარმატებულებმა მადლიერებაში [„მადლიერებით აღვსილებმა“, აქ]» (კოლასელთა 2:6, 7).
3. რატომ შეგვიძლია კოლასელთა 2:6, 7-ის თანახმად ვთქვათ, რომ ქრისტესთან ერთად სიარული მხოლოდ მონათვლით არ ამოიწურება?
3 ბიბლიის გულწრფელი შემსწავლელები, რომლებსაც ქრისტესთან ერთად სიარულის სურვილი აქვთ და ცდილობენ, მის სრულყოფილ ნაბიჯებს მიბაძონ, ინათლებიან (ლუკა 3:21; ებრაელთა 10:7–9). მთელ მსოფლიოში მხოლოდ 1997 წელს 375 000-ზე მეტმა პიროვნებამ გადადგა ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც საშუალოდ ყოველდღიურად 1 000 ადამიანზე მეტია. ეს ზრდა ნამდვილად აღმაფრთოვანებელია! მაგრამ პავლეს სიტყვები კოლასელთა 2:6, 7-დან ცხადყოფს, რომ ქრისტესთან ერთად სიარულისთვის მხოლოდ მონათვლა არ კმარა. ბერძნული ზმნა, რომელიც გადმოითარგმნა როგორც „იარეთ“, აღწერს მოქმედებას, რომელიც უწყვეტად უნდა მიმდინარეობდეს. გარდა ამისა, პავლე ამატებს, რომ ქრისტესთან ერთად სიარულში შედის ოთხი რამ: ქრისტეში ფესვების გადგმა, მასში აღშენება, რწმენაში განმტკიცება და მადლიერებით აღვსება. განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და გავიგოთ, თუ როგორ გვეხმარება ისინი ქრისტესთან ერთად სიარულში.
ხართ ‘ქრისტეში ფესვებგადგმული’?
4. რას ნიშნავს ‘ქრისტეში ფესვების გადგმა’?
4 პირველი, რასაც პავლე აღნიშნავს, არის ‘ქრისტეში ფესვების გადგმის’ აუცილებლობა (შეადარეთ მათე 13:20, 21). როგორ შეუძლია პიროვნებას იმუშაოს ‘ქრისტეში ფესვების გადგმაზე’? მცენარის ფესვები არ ჩანს, მაგრამ ისინი მისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს — მას ნიადაგში ამაგრებს და კვებავს. მსგავსად ამისა, ქრისტეს მაგალითისა და მოძღვრების გავლენა, რომელიც თავდაპირველად შეუმჩნეველია, ჩვენს გონებასა და გულებში ინერგება. ისინი გვკვებავს და სიმტკიცეს გვაძლევს. როდესაც მათ საშუალებას ვაძლევთ, მართოს ჩვენი აზროვნება და მოქმედება, ასევე გვიხელმძღვანელოს გადაწყვეტილებების მიღებაში, ეს აღგვძრავს, თავი იეჰოვას მივუძღვნათ (1 პეტრე 2:21).
5. როგორ შეგვიძლია ‘ვინატროთ’ სულიერი საზრდო?
5 იესოს უყვარდა ღვთისგან მომდინარე შემეცნება. ის მას საჭმელსაც კი ადარებდა (მათე 4:4). მთაზე ქადაგებისას მან ამიტომ მოიყვანა 21 ციტატა ებრაული წერილების რვა სხვადასხვა წიგნიდან. მის მაგალითს რომ მივყვეთ, უნდა მოვიქცეთ მოციქულ პეტრეს დარიგების თანახმად — ‘როგორც ახალშობილებმა, ვინატროთ’ სულიერი საზრდო (1 პეტრე 2:2). საჭმლისკენ ახალშობილის სწრაფვა აშკარად აჩვენებს მის ძლიერ სურვილს. თუ დღეს ასე ვერ ვავლენთ სულიერი საზრდოსკენ სწრაფვას, პეტრეს სიტყვები მოგვიწოდებს, რომ განვივითაროთ, მსგავსი სურვილი. როგორ? ამაში დაგვეხმარება ფსალმუნის 33:9-ში მოცემული პრინციპი: „განიცადეთ და ნახეთ, რომ კარგია უფალი“. თუ რეგულარულად ‘განვიცდით’ ანუ „ვიგემებთ“ იეჰოვას სიტყვას, ბიბლიას, — ყოველდღიურად წავიკითხავთ მას — დავინახავთ, რომ ის სულიერად ნოყიერი და კარგი საკვებია. დროთა განმავლობაში ჩვენი სურვილი უფრო გაძლიერდება.
6. რატომ არის წაკითხულზე ფიქრი მნიშვნელოვანი?
6 მაგრამ მნიშვნელოვანია მიღებული საკვების კარგად გადამუშავება. ამიტომ საჭიროა წაკითხულზე ფიქრი (ფსალმუნი 76:12, 13). მაგალითად, როდესაც ვკითხულობთ წიგნს „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“, თითოეული თავის წაკითხვა მეტ სარგებლობას მოგვიტანს, თუ შევჩერდებით და საკუთარ თავს დავუსვამთ კითხვას: „ქრისტეს პიროვნების რომელ მხარეს ვხედავ ამ თავში და როგორ შემიძლია მივბაძო მას?“ ამგვარი მსჯელობით საკუთარ თავს ნასწავლის გამოყენების საშუალებას მივცემთ. ან მაშინ, როდესაც რაღაცა უნდა გადავწყვიტოთ, შეიძლება საკუთარი თავისთვის დაგვესვა კითხვა: „რას იზამდა იესო ასეთ შემთხვევაში?“ თუ ამის შესაბამისად ვმოქმედებთ, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ნამდვილად ვართ ქრისტეში ფესვებგადგმული.
7. რა თვალსაზრისი უნდა გვქონდეს მყარ სულიერ საკვებთან დაკავშირებით?
7 პავლე იმისკენ მოგვიწოდებს, რომ მივიღოთ „მაგარი საჭმელი“, ღვთის სიტყვის უფრო ღრმა ჭეშმარიტებები (ებრაელთა 5:14). ამასთან დაკავშირებით, ჩვენი პირველი მიზანი შეიძლება მთელი ბიბლიის წაკითხვა იყოს. ამასთანავე, შესასწავლად არსებობს ისეთი უფრო სპეციფიკური თემები, როგორიცაა: ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლი, იეჰოვას მიერ თავის ხალხთან დადებული სხვადასხვა კავშირი ან ზოგი ბიბლიური წინასწარმეტყველება. არსებობს უხვი მასალა, რომელიც ასეთი მყარი სულიერი საზრდოს ათვისებასა და გადამუშავებაში დაგვეხმარება. რისთვის ვიღებთ ასეთ შემეცნებას? არა სატრაბახოდ, არამედ იეჰოვასადმი სიყვარულის განსამტკიცებლად და მასთან უფრო ახლო ურთიერთობის დასამყარებლად (1 კორინთელთა 8:1; იაკობი 4:8). თუ ხარბად დავეწაფებით ამ შემეცნებას და გამოვიყენებთ მას როგორც პირად ცხოვრებაში, ისე სხვების დასახმარებლად, ნამდვილად ქრისტეს მიმბაძველები ვიქნებით. ეს ქრისტეში სათანადოდ ფესვების გადგმაში დაგვეხმარება.
ხართ ‘ქრისტეში აღშენებული’?
8. რას ნიშნავს ვიყოთ ‘ქრისტეში აღშენებული’?
8 ქრისტესთან ერთად სიარულის შემდგომი მხარის გასაშუქებლად პავლე სწრაფად ინაცვლებს ერთი თვალსაჩინო მაგალითიდან მეორეზე — მცენარიდან მშენებლობაზე. როდესაც მშენებარე ობიექტზე ვფიქრობთ, წარმოვიდგენთ არა მარტო საძირკველს, არამედ მთელ ნაგებობას, რომელიც მძიმე შრომის შედეგად აღიმართება. მსგავსად ამისა, ჩვენც მძიმედ უნდა ვიშრომოთ, რათა ჩვენში ქრისტეს თვისებები და ჩვევები აღვაშენოთ. ასეთი მძიმე შრომა შეუმჩნეველი არ რჩება, როგორც ამას პავლე აღნიშნავს ტიმოთეს მიმართ წერილში: „ყველასათვის ცხადი იყოს შენი წარმატება“ (1 ტიმოთე 4:15; მათე 5:16). რომელი ქრისტიანული საქმიანობები აღგვაშენებს?
9. ა) რომელი პრაქტიკული მიზნების დასახვა დაგვეხმარება მსახურებაში ქრისტეს მიბაძვაში? ბ) საიდან ვიცით, რომ იეჰოვას სურვილია, სიხარულით ვემსახუროთ მას?
9 იესომ ხალხისთვის კეთილი ცნობის ქადაგება და სწავლება დაგვავალა (მათე 24:14; 28:19, 20). გაბედული და ეფექტური ქადაგებით ქრისტემ ამის სრულყოფილი მაგალითი დაგვიტოვა. რასაკვირველია, ჩვენ ამას ისე კარგად ვერასოდეს გავაკეთებთ, როგორც ის, მაგრამ მოციქული პეტრე შემდეგ მიზანს გვთავაზობს: „წმიდაჰყავით ქრისტე, როგორც უფალი, თქვენს გულებში და მუდამ მზად იყავით, რომ სიმშვიდით და მოწიწებით უპასუხოთ ყველას, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოგთხოვთ“ (1 პეტრე 3:15). თუ ‘პასუხის გასაცემად მუდამ მზად’ არა ხართ, გულს ნუ გაიტეხთ. დაისახეთ გონივრული მიზნები, რომლებიც დაგეხმარებათ, უფრო და უფრო მიუახლოვდეთ ზემოთ მოხსენიებულ ნიმუშს. წინასწარ მომზადება საშუალებას მოგცემთ, ცვალოთ შეთავაზებები ან მასში ერთი-ორი ბიბლიური მუხლი ჩართოთ. შეიძლება მიზნად დაისახოთ მეტი ბიბლიური ლიტერატურის გავრცელება, მეტი განმეორებითი მონახულების გაკეთება ან ბიბლიური შესწავლის დაწყება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს არა მხოლოდ ოდენობაზე — იქნება ეს საათების, დატოვებული პუბლიკაციების თუ შესწავლების — არამედ ხარისხზე. გონივრული მიზნების დასახვა და მათი მიღწევის მცდელობა დაგვეხმარება, სიხარულით მივეცეთ მსახურებას. ეს არის იეჰოვას სურვილიც, რომ ვემსახუროთ მას „სიხარულით“ (ფსალმუნი 99:2, კს; შეადარეთ 2 კორინთელთა 9:7).
10. რა ქრისტიანული საქმეები უნდა შევასრულოთ და რა დახმარებას გაგვიწევს ეს?
10 კრებაში ჩვენს მიერ შესრულებული საქმეებიც გვეხმარება, რომ ქრისტეში აღვშენდეთ. ყველაზე მნიშვნელოვანია ერთმანეთის მიმართ სიყვარულის გამოვლენა, რადგან ჭეშმარიტი ქრისტიანები ამით გამოირჩევიან სხვებისგან (იოანე 13:34, 35). მაშინ როდესაც ჯერ კიდევ ვსწავლობთ, ყველაზე მეტად ჩვენი მასწავლებელი გვიზიდავს და ეს ბუნებრივიცაა. მაგრამ იქნებოდა ეს ‘გაფართოების’ შესახებ პავლეს რჩევის მიყოლა, რასაც კრებაში სხვების გაცნობით შევძლებდით? (2 კორინთელთა 6:13, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). საჭიროა უხუცესების მიმართაც გამოვავლინოთ სიყვარული და მადლიერება. უხუცესებთან თანამშრომლობით, მათთან ბიბლიური რჩევის ძიებითა და მოცემული რჩევის მიღებით, ბევრად შევუმსუბუქებთ მათ მძიმე შრომას (ებრაელთა 13:17). ამავე დროს, ეს ქრისტეში ჩვენს აღშენებასაც შეუწყობს ხელს.
11. როგორი რეალური თვალსაზრისი უნდა გვქონდეს ნათლობასთან დაკავშირებით?
11 ნათლობა აღმაფრთოვანებელი მოვლენაა! მაგრამ არ უნდა მოველოდეთ, რომ ამის შემდეგ მთელი ცხოვრება, ნებისმიერი წუთი ასეთ ამაღლებულ ხასიათზე ვიქნებით. ქრისტეში აღშენების საკითხში დიდ როლს ასრულებს ის ფაქტი, რომ ‘იმავეს ვინარჩუნებდეთ’ (ფილიპელთა 3:16). ეს არ ნიშნავს მოსაბეზრებელ, მოსაწყენ ცხოვრებას. ეს, უბრალოდ, სწორი ხაზის მიყოლას, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დღითი-დღე, წლითი-წლობით კარგი სულიერი ჩვევების აღშენებასა და შენარჩუნებას ნიშნავს. გახსოვდეთ: „ბოლომდის დამთმენი გადარჩება“ (მათე 24:13).
ხართ ‘რწმენით განმტკიცებული’?
12. რას ნიშნავს ვიყოთ ‘რწმენით განმტკიცებული’?
12 ქრისტეში სიარულის აღწერისას პავლე მესამე ფრაზაში მოგვიწოდებს, ვიყოთ ‘რწმენით განმტკიცებული’. ერთ-ერთი თარგმანი ასე ამბობს: „რწმენაში დაჯერებული“, სადაც პავლეს მიერ გამოყენებული ბერძნული სიტყვა „დაჯერებულობას, გარანტიასა და კანონიერად უცვლელს“ ნიშნავს. როდესაც შემეცნებაში ვიზრდებით, უფრო ნათლად ვხედავთ, რომ იეჰოვა ღმერთისადმი ჩვენი რწმენა საფუძვლიანია და, ფაქტობრივად, კანონიერად განმტკიცებული. შედეგად ჩვენი სიმტკიცე კიდევ უფრო ძლიერდება, ხოლო სატანის წუთისოფლისთვის ჩვენზე გავლენის მოხდენა უფრო და უფრო რთული ხდება. ეს შეგვახსენებს პავლეს დარიგებას: „ვისწრაფოთ სრულყოფისაკენ“ (ებრაელთა 6:1). სრულყოფასა და სიმტკიცეს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს.
13, 14. ა) რა უქმნიდა საშიშროებას პირველი საუკუნის კოლასელი ქრისტიანების სიმტკიცეს? ბ) რა აწუხებდა მოციქულ პავლეს?
13 პირველ საუკუნეში მცხოვრები კოლასელი ქრისტიანების სიმტკიცეს საშიშროება ემუქრებოდა. პავლემ მათ მისწერა: „გაფრთხილდით, არავინ გაგიტაცოთ ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით, ადამიანური გადმოცემისა და სამყაროს სტიქიათა მიხედვით, და არა ქრისტეს მიხედვით“ (კოლასელთა 2:8). პავლეს სურდა, რომ კოლასელები, რომლებიც ‘ღვთის საყვარელი ძის სასუფევლის’ ქვეშევრდომები გახდნენ, არავის გაეტაცა და სულიერად კურთხეული მდგომარეობა არ დაეკარგათ (კოლასელთა 1:13). რა საშუალებებით შეიყვანდნენ მათ შეცდომაში? პავლე მიუთითებს ‘ფილოსოფიაზე’ და ეს სიტყვა ერთადერთხელ გვხვდება ბიბლიაში. ლაპარაკობდა ის ბერძენ ფილოსოფოსებზე, მაგალითად პლატონსა და სოკრატეზე? თუმცა კი ჭეშმარიტ ქრისტიანებს ეს საშიშროებაც ემუქრებოდათ, მაგრამ იმ დროს სიტყვა „ფილოსოფიას“ ფართო გაგება ჰქონდა. ის მიუთითებდა საერთოდ მრავალ დაჯგუფებებსა და ხალხში გაბატონებულ შეხედულებებზე, მათ შორის რელიგიურზეც კი. მაგალითად, პირველი საუკუნის იუდეველები, იოსებ ფლავიუსი და ფილონი, თავიანთ რელიგიას ფილოსოფიას უწოდებდნენ და შეიძლება ამას თავიანთი რელიგიისთვის მიმზიდველობის შემატების მიზნით აკეთებდნენ.
14 ზოგი ფილოსოფია, რომელზედაც პავლე საუბრობდა, რელიგიური ხასიათის იყო. ცოტა ქვემოთ, კოლასელთა მიმართ წერილის იმავე თავში, პავლე მიმართავდა მათ, ვინც ასწავლიდა: „ნუ მიეკარები, ნუ იგემებ, ნუ შეეხები“, რითაც ისინი მოსეს რჯულის მოთხოვნებზე მიუთითებდნენ, რომლებიც ქრისტეს სიკვდილის შედეგად გაუქმდა (რომაელთა 10:4). კრების სულიერობაზე, წარმართულ ფილოსოფიასთან ერთად სხვა რამეც ახდენდა გავლენას (კოლასელთა 2:20–22). პავლე კოლასელებს „სამყაროს სტიქიათა მიხედვით“ გადმოცემული ფილოსოფიების შესახებ აფრთხილებდა. ასეთი ცრუ სწავლება ადამიანებისგან მომდინარეობდა.
15. როგორ შევძლებთ, რომ სხვებისგან მომდინარე არაბიბლიურმა აზროვნებამ ჩვენზე გავლენა არ იქონიოს?
15 ადამიანების იდეებმა და აზრებმა, რომლებიც მყარად არაა დაფუძნებული ღვთის სიტყვაზე, შეიძლება ქრისტიანის სიმტკიცეს საშიშროება შეუქმნას. დღეს ფრთხილად უნდა ვიყოთ ასეთი საშიშროების მიმართ. მოციქული იოანე მოგვიწოდებს: „საყვარელნო! ნუ ენდობით ყოველ სულს, არამედ გამოსცადეთ სულნი, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგან ბევრი ცრუწინასწარმეტყველი გამოვიდა წუთისოფელში“ (1 იოანე 4:1). ამიტომ თუ სკოლის ამხანაგი ცდილობს, დაგარწმუნოთ, რომ ბიბლიური პრინციპებით ცხოვრება ძველმოდურია, მეზობელი თქვენში მატერიალური ქონებისადმი ინტერესს აღვივებს, თანამშრომელი მოხერხებულად გიბიძგებთ, შეიბღალოთ ბიბლიით განსწავლული სინდისი, ან თანამორწმუნეც კი კრების სხვა წევრებს საკუთარი თვალსაზრისიდან გამომდინარე აკრიტიკებს და მათზე უარყოფითად ლაპარაკობს, ნუ შეითვისებთ მათ ნათქვამს. აირიდეთ ყველაფერი, რაც ღვთის სიტყვასთან არაა შეთანხმებული. თუ ასე ვიქცევით, განვაგრძობთ ქრისტესთან ერთად სიარულს.
‘მადლიერებით აღვსილები’
16. რა არის ქრისტეში სიარულის მეოთხე მხარე და რა კითხვა შეიძლება დავუსვათ საკუთარ თავს?
16 პავლეს სიტყვების თანახმად, ქრისტესთან ერთად სიარულის მეოთხე მხარეა, ვიყოთ ‘მადლიერებით აღვსილები’, (კოლასელთა 2:7, აქ). სიტყვა „აღვსილი“ წარმოგვისახავს მდინარეს, რომელიც ნაპირებიდან გადმოდის. ის გვეუბნება, რომ, როგორც ქრისტიანებს, მადლიერება ყოველთვის ანუ ჩვევაში გვქონდეს. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია საკუთარ თავს დაუსვას კითხვა: „ვარ მადლიერი?“
17. ა) რატომ შეიძლება ითქვას, რომ ძნელბედობის ჟამსაც კი მადლიერებისთვის ბევრი მიზეზი გვაქვს? ბ) დაასახელეთ ზოგი საჩუქარი, რომლის გამოც განსაკუთრებით ემადლიერებით იეჰოვას.
17 სინამდვილეში, თითოეულს მრავალი მიზეზი გვაქვს იმისათვის, რომ ყოველდღიურად იეჰოვასადმი მადლიერებით ვიყოთ აღვსილები. ჩვენთვის ყველაზე საშინელ დროსაც კი შეიძლება შევნიშნოთ შვების მომგვრელი პატარ-პატარა მოვლენები. მეგობრის თანაგრძნობა; საყვარელი პიროვნების დამამშვიდებელი შეხება; ღამის ტკბილი ძილი, რომელიც ძალებს აღგვიდგენს; გემრიელი საჭმელი, რომელიც შიმშილის გრძნობას გვიცხრობს; ჩიტების გალობა, ბავშვების სიცილი, კამკამა ცისფერი ზეცა, გამომაცოცხლებელი ნიავი — ყოველივე ეს და უფრო მეტიც კი შეიძლება მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში განვიცადოთ. რასაკვირველია, ძალიან ადვილია არ შეამჩნიოთ ასეთი საჩუქრები, მაგრამ განა ყოველივე ეს არ ღირს „მადლობად“? ყველაფერი ეს იეჰოვასგან მომდინარეობს, რომელიც ‘ყველა კეთილი საბოძვარისა და ყველა სრულყოფილი ნიჭის’ წყაროა (იაკობი 1:17). მან გვიბოძა ზემოთ მოხსენიებულ საჩუქრებზე უფრო დიდი საჩუქარიც — კერძოდ კი სიცოცხლე (ფსალმუნი 35:10). გარდა ამისა, მან მოგვცა მარადიული ცხოვრების შესაძლებლობაც. ამ საჩუქრის მოსაცემად იეჰოვამ უდიდესი მსხვერპლი გაიღო — გამოგზავნა თავისი მხოლოდშობილი ძე, რომელიც ‘მისი სიხარული იყო’ (იგავნი 8:30; იოანე 3:16).
18. როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ იეჰოვას მიმართ მადლიერნი ვართ?
18 რამდენად ჭეშმარიტია ფსალმუნმომღერლის სიტყვები: „კარგია მადლობა ვუძღვნათ იეჰოვას“ (ფსალმუნი 92:1, აქ [91:2, სსგ]). იმავე სულისკვეთებით შეახსენა პავლემ თესალონიკელ ქრისტიანებს: „მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის“ (1 თესალონიკელთა 5:18; ეფესელთა 5:20; კოლასელთა 3:15). კარგი იქნებოდა თითოეულს გადაგვეწყვიტა, ვყოფილიყავით უფრო მადლიერნი. ლოცვები მხოლოდ ჩვენი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული თხოვნებისგან არ უნდა ავაგოთ. რა თქმა უნდა, ასეთ თხოვნებს ლოცვებში თავისი ადგილი აქვს. მაგრამ წარმოიდგინეთ მეგობარი, რომელიც მხოლოდ მაშინ გელაპარაკებათ, როდესაც თქვენგან რაღაც სჭირდება. მაშ, რატომ არ მიგვეძღვნა იეჰოვასთვის მადლიერებისა და მისი განდიდების გამომხატველი ლოცვები? რამდენად ასიამოვნებდა მას ასეთი ლოცვების მოსმენა, როდესაც ზეციდან ამ უმადურ წუთისოფელს გადმოხედავდა! ასეთ ლოცვებს კიდევ ერთი სარგებლობა მოაქვს, — ისინი გვეხმარება, ყურადღება გავამახვილოთ ცხოვრების დადებით მხარეებზე, და შეგვახსენებს, თუ რამდენად კურთხეული ვართ სინამდვილეში.
19. როგორ გვიჩვენებს პავლე კოლასელთა 2:6, 7-ში, რომ თითოეულს შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ქრისტესთან ერთად სიარული?
19 განა საოცარი არ არის, რომ ესოდენ ბრძნული ხელმძღვანელობის მიღება შესაძლებელია ღვთის სიტყვის მხოლოდ ერთი მონაკვეთიდან? თითოეულმა გულთან ახლოს უნდა მივიტანოთ პავლეს რჩევა ქრისტესთან ერთად სიარულის გაგრძელების შესახებ. ამიტომ მივიღოთ გადაწყვეტილება, ვიყოთ ქრისტეში ‘ფესვებგადგმულები, მასში აღშენებულები, რწმენაში განმტკიცებულები და მადლიერებით აღვსილები’. ასეთი რჩევა განსაკუთრებით მათთვისაა მნიშვნელოვანი, ვინც დიდი ხანი არაა, რაც მოინათლა. მაგრამ ის თითოეულ ჩვენგანსაც ეხება. წარმოიდგინეთ ფესვი, რომელიც უფრო და უფრო ღრმად ჩადის ნიადაგში, და შენობა, რომელიც უფრო და უფრო მაღლდება. ასე რომ, ქრისტესთან ერთად ჩვენი სიარული არასოდეს დასრულდება. არსებობს მრავალი მხარე, რომლებშიც გაზრდა გვესაჭიროება. იეჰოვა დაგვეხმარება და გვაკურთხებს, ვინაიდან სურს, რომ დაუსრულებლად ვიაროთ მასთან და მის საყვარელ ძესთან ერთად.
როგორ უპასუხებდით?
◻ რა შედის ქრისტესთან ერთად სიარულში?
◻ რას ნიშნავს ქრისტეში ‘ფესვების გადგმა’?
◻ როგორ შეგვიძლია ვიყოთ ქრისტეში ‘აღშენებული’?
◻ რატომ არის მნიშვნელოვანი, ვიყოთ ‘რწმენაში განმტკიცებული’?
◻ რა მიზეზები გვაქვს ‘მადლიერებით აღვსებისთვის’?
[სურათი 10 გვერდზე]
ხის ფესვები არ ჩანს, მაგრამ ისინი საკვებით უზრუნველყოფს და ნიადაგში ამაგრებს მას.