ყოველთვის გახსოვდეთ იეჰოვა
„ყოველთვის თვალწინ მიდგას იეჰოვა“ (ფსალმ. 16:8).
1. რაში გვეხმარება ბიბლიური პერსონაჟების შემთხვევებზე დაფიქრება?
იეჰოვას სიტყვაში არაერთი შემთხვევაა ჩაწერილი, რომლებიც შესანიშნავად აღწერს ადამიანებთან ღვთის ურთიერთობას. მასში მოხსენიებულია ბევრი ისეთი ადამიანი, რომლებმაც გარკვეული წვლილი შეიტანეს იეჰოვას განზრახვის შესრულებაში. ამ ადამიანების შესახებ მხოლოდ იმიტომ როდი დაიწერა, რომ მათი ისტორია სასიამოვნო წასაკითხი ყოფილიყო. ბიბლიური პერსონაჟების შემთხვევებზე დაფიქრება ღმერთთან დაახლოებაში გვეხმარება (იაკ. 4:8).
2, 3. რა აზრია ჩადებული ფსალმუნის 16:8-ში?
2 თითოეულ ჩვენგანს ბევრის სწავლა შეგვიძლია ცნობილი ბიბლიური პერსონაჟებისგან. ასეთები იყვნენ აბრაამი, სარა, მოსე, რუთი, დავითი, ესთერი, მოციქული პავლე და სხვები. თუმცა ბიბლიაში მოხსენიებული ნაკლებად ცნობილი ადამიანების მაგალითებიდანაც ბევრ რამეს ვსწავლობთ. ამ მაგალითებზე დაფიქრება დაგვეხმარება ფსალმუნმომღერლის სიტყვების თანახმად ვიმოქმედოთ, რომელმაც თქვა: „ყოველთვის თვალწინ მიდგას იეჰოვა. არ წავბორძიკდები, რადგან ის ჩემ მარჯვნივ არის“ (ფსალმ. 16:8). რა აზრია ჩადებული ამ სიტყვებში?
3 ძველად მეომარს, ჩვეულებრივ, ხმალი მარჯვენა ხელში ეჭირა, მარცხენაში კი ფარი, ამიტომ მას საფრთხე მარჯვნიდან ემუქრებოდა. მაგრამ თანამებრძოლი თუ მარჯვნივ დაუდგებოდა და მასთან ერთად შეებრძოლებოდა მტერს, მეომარი დაცული იქნებოდა. მსგავსად ამისა, თუ ყოველთვის გვეხსომება იეჰოვა და მის ნებას შევასრულებთ, ის დაგვიცავს. განვიხილოთ ბიბლიური პერსონაჟების მაგალითები, რაც რწმენას განგვიმტკიცებს და დაგვეხმარება, ყოველთვის ‘თვალწინ გვედგას იეჰოვა’.
იეჰოვა პასუხობს ჩვენს ლოცვებს
4. მოიყვანეთ ბიბლიიდან მაგალითი, რომელიც ცხადყოფს, რომ ღმერთი პასუხობს ლოცვებს.
4 თუ ყოველთვის გვეხსომება იეჰოვა, ის ჩვენს ლოცვებს უპასუხებს (ფსალმ. 65:2; 66:19). ამას ადასტურებს აბრაამის მსახურის შემთხვევა, რომელიც შესაძლოა ელიეზერი იყო. აბრაამმა ის შუამდინარეთში გაგზავნა, რათა ისაკისთვის ღვთისმოშიში საცოლე ჩამოეყვანა. ელიეზერი ღმერთს ლოცვაში ხელმძღვანელობას სთხოვდა. როდესაც რებეკამ აქლემები დაარწყულა, ელიეზერი მიხვდა, რომ იეჰოვა ხელმძღვანელობდა. გულმხურვალე ლოცვის შედეგად მან იპოვა ისაკის მომავალი მეუღლე (დაბ. 24:12—14, 67). შეიძლება ისეთი მნიშვნელოვანი საქმე არ გვაქვს დავალებული, როგორიც ელიეზერს ჰქონდა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვა მოისმენს ჩვენს ლოცვებს.
5. საიდან ჩანს, რომ რამდენიმე სიტყვით გულში წარმოთქმულ ლოცვასაც პასუხობს იეჰოვა?
5 ზოგჯერ შეიძლება ღმერთს დახმარებისთვის რამდენიმე სიტყვით მივმართოთ. ერთხელ სპარსეთის მეფე არტაქსერქსემ შეამჩნია, რომ მისი მერიქიფე ნეემია უგუნებოდ იყო. „რას აპირებ?“, — ჰკითხა მეფემ. ‘მაშინვე ლოცვით მიმართა ნეემიამ ცათა ღმერთს’. ვინაიდან ნეემიას ცოტა დრო ჰქონდა, როგორც ჩანს, რამდენიმე სიტყვით გულში ილოცა. ღმერთმა უპასუხა ნეემიას ლოცვას, რაც იქიდან ჩანს, რომ მეფემ მხარი დაუჭირა მას იერუსალიმის გალავნის აღდგენაში (წაიკითხეთ ნეემიას 2:1—8). ნათელია, რომ გულში წარმოთქმულ მოკლე ლოცვასაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს.
6, 7. ა) რა მაგალითი დაგვიტოვა ეპაფრამ? ბ) რატომ უნდა ვილოცოთ თანამორწმუნეებისთვის?
6 ბიბლია მოგვიწოდებს, ‘ვილოცოთ ერთმანეთისთვის’, თუმცა შეიძლება ლოცვაზე პასუხი მაშინვე არ მივიღოთ (იაკ. 5:16). კოლოსელი ეპაფრა, „ქრისტეს ერთგული მსახური“, გულმხურვალედ ლოცულობდა თანამორწმუნეებისთვის. რომში მყოფი პავლე კოლოსელებს სწერდა: „მოკითხვას გითვლით ეპაფრა, ქრისტე იესოს მონა, რომელიც თქვენ შორის იყო და რომელიც დაუღალავად ლოცულობს თქვენთვის, რათა ბოლომდე დარჩეთ სრულყოფილნი და მტკიცედ დარწმუნებულნი ყველაფერში, რაც ღმერთს ნებავს. მე ვმოწმობ მასზე, რომ ის ძალას არ იშურებს თქვენთვის, აგრეთვე ლაოდიკეელთა და ჰიერაპოლისელთათვის“ (კოლ. 1:7; 4:12, 13).
7 კოლოსე, ლაოდიკეა და ჰიერაპოლისი მცირე აზიის ქალაქები იყო. ჰიერაპოლისელი ქრისტიანები ღვთაება კიბელეს თაყვანისმცემლებს შორის ცხოვრობდნენ, ლაოდიკეელი ქრისტიანები კი — იმ ადამიანთა გარემოცვაში, რომელთა მთავარი საზრუნავი გამდიდრება იყო, ხოლო კოლოსელი ქრისტიანების გარშემო ფილოსოფიური სწავლებებით გატაცებული ხალხი ცხოვრობდა (კოლ. 2:8). გასაკვირი არ არის, რატომ ‘ლოცულობდა დაუღალავად’ ეპაფრა კოლოსელი ქრისტიანებისთვის. ბიბლიიდან არ ჩანს, როგორ უპასუხა იეჰოვამ ეპაფრას ლოცვებს, მაგრამ ფაქტია, რომ ის არ წყვეტდა თანამორწმუნეებისთვის ლოცვას; ლოცვა არც ჩვენ უნდა შევწყვიტოთ. მართალია, ‘ჩვენ სხვის საქმეში არ ვერევით’, მაგრამ შეიძლება ვიცით, რომ ოჯახის წევრი ან მეგობარი რწმენის გამოცდას ხვდება (1 პეტ. 4:5). ამიტომ კარგი იქნება, თუ მას პირად ლოცვებში მოვიხსენიებთ. მაგალითად, პავლეს თანამორწმუნეთა მხურვალე ლოცვები ეხმარებოდა. აქედან გამომდინარე, ჩვენს ლოცვებსაც დიდი ძალა ექნება (2 კორ. 1:10, 11).
8. ა) საიდან ვიცით, რომ ეფესოელი უხუცესებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ლოცვას? ბ) რატომ უნდა მივბაძოთ ეფესოელ უხუცესებს?
8 გვიცნობენ სხვები ისეთ ადამიანებად, ვისთვისაც ლოცვას დიდი მნიშვნელობა აქვს? ერთხელ, როდესაც პავლე ეფესოელ უხუცესებს შეხვდა, „მუხლი მოიყარა და მათთან ერთად ილოცა“. ამის შემდეგ „ყველა ატირდა, პავლეს კისერზე ეხვეოდნენ და სიყვარულით კოცნიდნენ. განსაკუთრებით იმ სიტყვებმა დაამწუხრა ყველა, რომ მის სახეს ვეღარ იხილავდნენ“ (საქ. 20:36—38). მართალია, ჩვენ არ ვიცით ამ ეფესოელი უხუცესების სახელები, მაგრამ უდავოა, რომ მათთვის ლოცვას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ჩვენ უნდა დავაფასოთ ლოცვის შესაძლებლობა; რწმენითა და ‘ერთგულებით უნდა აღვაპყროთ ხელები’ და დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ზეციერი მამა უპასუხებს ჩვენს ლოცვებს (1 ტიმ. 2:8).
ყოველთვის დაემორჩილეთ ღმერთს
9, 10. ა) რა მაგალითი დაგვიტოვეს ცელოფხადის ასულებმა? ბ) რაში უნდა მიჰბაძონ დაუქორწინებელმა დებმა ცელოფხადის ასულებს?
9 თუ ყოველთვის გვეხსომება იეჰოვა, დავემორჩილებით მას და კურთხევებს მივიღებთ მისგან (კან. 28:13; 1 სამ. 15:22). ამისათვის საჭიროა მორჩილი გული. გავიხსენოთ ცელოფხადის ხუთი ასულის შემთხვევა, რომლებიც მოსეს დროს ცხოვრობდნენ. ისრაელში, ჩვეულებისამებრ, მამისგან მემკვიდრეობა ვაჟებს გადაეცემოდათ. ცელოფხადი ისე მოკვდა, რომ ვაჟი არ ჰყოლია. იეჰოვას მითითებისამებრ მის ხუთ ქალიშვილს კუთვნილი მემკვიდრეობა უნდა მიეღო, ოღონდ ერთი პირობით: ისინი უნდა გათხოვილიყვნენ მენაშეს ვაჟების საგვარეულოებში, რათა კუთვნილი სამკვიდრო მათი მამის საგვარეულო ტომს დარჩენოდა (რიცხ. 27:1—8; 36:6—8).
10 ცელოფხადის ქალიშვილებს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ თუ იეჰოვას დაემორჩილებოდნენ, ყველაფერს კარგი დასასრული ექნებოდა. ბიბლიაში ნათქვამია: „ცელოფხადის ასულები ისე მოიქცნენ, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს. მახლა, თირცა, ხოგლა, მილქა და ნოე, ცელოფხადის ასულები, თავიანთი მამის ძმების ვაჟებს შორის გათხოვდნენ. იოსების ვაჟის, მენაშეს ვაჟების საგვარეულოებში გათხოვდნენ, რათა მათი სამკვიდრო თავიანთი მამის საგვარეულოს ტომში დარჩენილიყო“ (რიცხ. 36:10—12). ამ მორჩილმა ქალებმა ყველაფერი იეჰოვას მითითებისამებრ გააკეთეს (იესო. 17:3, 4). დღეს დაუქორწინებელი, მოწიფული ქრისტიანი დებიც მსგავს რწმენას ავლენენ და ღვთის მითითებისამებრ მხოლოდ ‘უფალში ქორწინდებიან’ (1 კორ. 7:39).
11, 12. რით აჩვენა ქალებ იეფუნეს ძემ, რომ ღმერთს ენდობოდა?
11 ჩვენ ყოველთვის უნდა დავემორჩილოთ იეჰოვას, როგორც ამას ქალებ იეფუნეს ძე აკეთებდა (კან. 1:36). ძვ. წ. 1513 წელს ეგვიპტის ტყვეობიდან ისრაელის გამოსვლის შემდეგ მოსემ 12 კაცი გაგზავნა ქანაანის დასაზვერად, მაგრამ აქედან მხოლოდ ორი კაცი, ქალებ იეფუნეს ძე და იესო ნავეს ძე არწმუნებდნენ ხალხს, რომ თუ ღმერთს მიენდობოდნენ, აღთქმულ მიწაზე შევიდოდნენ (რიცხ. 14:6—9). დაახლოებით ოთხი ათწლეულის შემდეგ ქალებ იეფუნეს ძე და იესო ნავეს ძე კვლავ იეჰოვას გზით დადიოდნენ. იეჰოვამ სწორედ მათი ხელმძღვანელობით შეიყვანა ისრაელი აღთქმულ მიწაზე. ის ათი უნდო მზვერავი კი, როგორც ჩანს, უდაბნოში ორმოცწლიანი ხეტიალის დროს დაიღუპა (რიცხ. 14:31—34).
12 ქალებ იეფუნეს ძე, რომელსაც კარგად ახსოვდა ის პერიოდი, როდესაც ისრაელი უდაბნოში ხეტიალობდა, მივიდა იესო ნავეს ძესთან და უთხრა: „მე . . . ბოლომდე იეჰოვას, ჩემს ღმერთს მივყვებოდი“ (წაიკითხეთ იესო ნავეს ძის 14:6—9). ოთხმოცდახუთი წლის ქალებ იეფუნეს ძემ სთხოვა იესო ნავეს ძეს, რომ მისთვის ის მთიანი მხარე მიეცა, რომელსაც იეჰოვა დაჰპირდა, თუმცა იქ იმ დროს ჯერ კიდევ მათი მტრები ცხოვრობდნენ გამაგრებულ ქალაქებში (იესო. 14:10—15).
13. რა შემთხვევაში არ მოგვაკლდება ღვთის მხარდაჭერა?
13 თუ მორჩილი და ერთგული ქალებ იეფუნეს ძის მსგავსად, ჩვენც ‘ბოლომდე მივყვებით იეჰოვას’, ღვთის მხარდაჭერა არ მოგვაკლდება. იეჰოვა დაგვეხმარება, თუ სერიოზული პრობლემების მიუხედავად ‘ბოლომდე მივყვებით მას’. მაგრამ ქალებ იეფუნეს ძის მსგავსად, სიცოცხლის ბოლომდე რომ მივყვეთ იეჰოვას, ადვილი არ არის. მაგალითად, მეფე სოლომონი თავიდან ღვთის ერთგული იყო, მაგრამ შემდეგ მისმა ცოლებმა „მისი გული სხვა ღმერთებისკენ მიდრიკეს“. ამის გამო სოლომონი ‘მამამისის, დავითისგან განსხვავებით, ბოლომდე არ მიჰყვა იეჰოვას’ (1 მეფ. 11:4—6). რა განსაცდელსაც არ უნდა შევხვდეთ, ყოველთვის დავემორჩილოთ ღმერთს და ყოველთვის გვახსოვდეს იგი!
ყოველთვის მიენდეთ იეჰოვას
14, 15. რას ვსწავლობთ ნაომის შემთხვევიდან?
14 იეჰოვას განსაკუთრებით მაშინ უნდა მივენდოთ, როდესაც სასოწარკვეთილებაში ვართ. გავიხსენოთ ნაომის შემთხვევა, რომელსაც ქმარი და ორივე ვაჟი ბრძოლის დროს დაეღუპა. იუდადან მოაბში დაბრუნების შემდეგ გამწარებული ნაომი გლოვობდა: „ნაომის [ნიშნავს ჩემს სიამოვნებას] ნუღარ დამიძახებთ. მარა [ნიშნავს მწარეს] დამიძახეთ, რადგან მეტისმეტად გამამწარა ყოვლისშემძლემ. არაფერი მაკლდა, როცა წავედი, იეჰოვამ კი ცარიელი დამაბრუნა. რატომღა უნდა დამიძახოთ ნაომი, როცა იეჰოვამ დამამცირა და ყოვლისშემძლემ უბედურება დამატეხა თავს?“ (რუთ. 1:20, 21, სქოლიო).
15 მართალია ნაომი სასოწარკვეთილი იყო, მაგრამ როგორც რუთის წიგნიდან ვიგებთ, მას იეჰოვასადმი ნდობა არ დაუკარგავს. ნაომის მწუხარება სიხარულმა შეცვალა. მისი დაქვრივებული რძალი რუთი, ბოაზმა შეირთო ცოლად და მათ ვაჟი შეეძინათ. ბავშვზე ნაომიც ზრუნავდა. ბიბლია მოგვითხრობს: «მეზობელმა ქალებმა ობედი დაარქვეს სახელად და ამბობდნენ: „ნაომის ვაჟი შეეძინა“. ის არის დავითის მამის, იესეს მამა» (რუთ. 4:14—17). როდესაც ნაომი მკვდრეთით აღდგება, გაიგებს, რომ რუთი იესოს, მესიის წინაპარი გახდა (მათ. 1:5, 6, 16). ნაომიმ არ იცოდა, როგორ შეიცვლებოდა მდგომარეობა. ეს შეიძლება არც ჩვენ ვიცოდეთ. ამიტომ ყოველთვის მივენდოთ ღმერთს. იგავების 3:5, 6-ში წერია: „მიენდე იეჰოვას მთელი გულით და საკუთარ გონებას ნუ დაეყრდნობი. გახსოვდეს იგი ყველა შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“.
გქონდეთ ღვთის წმინდა სულის იმედი
16. როგორ ეხმარებოდა ღვთის სული ძველ ისრაელში არჩეულ უხუცესებს?
16 თუ ყოველთვის გვეხსომება იეჰოვა, ის თავისი წმინდა სულით გვიხელმძღვანელებს (გალ. 5:16—18). ღმერთმა თავისი სული მოაფინა 70 უხუცესს, რათა მოსეს ისრაელების „ტვირთის ტარებაში დახმარებოდნენ“. მართალია, მათგან მხოლოდ ელდადი და მედადი არიან მოხსენიებულნი, მაგრამ წმინდა სული ყველა მათგანს ეხმარებოდა თავ-თავიანთი მოვალეობის შესრულებაში (რიცხ. 11:13—29). ეს უხუცესები ნამდვილად ღვთისმოშიში, სანდო და პატიოსანი ადამიანები იქნებოდნენ, როგორც მანამდე არჩეული უხუცესები (გამ. 18:21). სწორედ ასეთი თვისებები აქვთ დღეს ქრისტიან უხუცესებს.
17. როგორ აშენდა კარავი იეჰოვას წმინდა სულის დახმარებით?
17 იეჰოვას წმინდა სულის დახმარებით უდაბნოში კარავი აშენდა. იეჰოვამ მთავარ მშენებლად ბეცალელი დანიშნა და დაჰპირდა, რომ ‘აავსებდა წმინდა სულით და ექნებოდა სიბრძნე, გაგების უნარი, ცოდნა და ყოველგვარი ხელობის ოსტატი იქნებოდა’ (გამ. 31:3—5). ბეცალელს დამხმარეებად ჰყავდა ოჰოლიაბი და სხვა ‘გულბრძენი კაცები’. გარდა ამისა, იეჰოვას სულმა აღძრა ის ადამიანები, ვისაც ‘გული უწევდა’, რომ უხვად გაეღოთ შესაწირავი კარვის ასაშენებლად (გამ. 31:6; 35:5, 30—34). დღესაც ეს სული აღძრავს ღვთის მსახურებს, შეძლებისდაგვარად ყველაფერი გააკეთონ სამეფოს საქმის მხარდასაჭერად (მათ. 6:33). შეიძლება უნარიანები ვართ, მაგრამ აუცილებელია, ღმერთს წმინდა სული ვთხოვოთ, რომ დაგვეხმაროს მისი საქმის წარმატებით შესრულებაში (ლუკ. 11:13).
ყოველთვის გქონდეთ ლაშქართა ღმერთის, იეჰოვას შიში
18, 19. ა) რას გვინერგავს ღვთის წმინდა სული? ბ) რას ვსწავლობთ სიმონისგან და ანასგან?
18 წმინდა სული ღვთისადმი შიშს გვინერგავს, რაც გვეხმარება, ყოველთვის გვახსოვდეს იეჰოვა. ესაია წინასწარმეტყველმა ღვთის ხალხს უთხრა: „ლაშქართა ღმერთს, იეჰოვას უნდა მიიჩნევდეთ წმინდად, მისი უნდა გეშინოდეთ“ (ეს. 8:13). პირველ საუკუნეში, იერუსალიმში ცხოვრობდა ორი ღვთისმოშიში, ხანში შესული ადამიანი სიმონი და ანა (წაიკითხეთ ლუკას 2:25—38). სიმონს სწამდა, რომ წინასწარმეტყველებები მესიის შესახებ შესრულდებოდა, და „ისრაელის ნუგეშისცემას ელოდა“. ღმერთმა წმინდა სული მოაფინა სიმონს და დაარწმუნა, რომ არ მოკვდებოდა, სანამ მესიას არ იხილავდა. ეს ასეც მოხდა. ძვ. წ. 2 წელს პატარა იესო მარიამმა და იოსებმა ტაძარში მიიყვანეს. წმინდა სულით აღძრულმა სიმონმა წინასწარმეტყველური სიტყვები წარმოთქვა მესიის შესახებ. მან იწინასწარმეტყველა, რომ მარიამს დიდად დაამწუხრებდა იესოს წამებით სიკვდილი. წარმოიდგინეთ, რა სიხარულს იგრძნობდა სიმონი, როდესაც „იეჰოვას ცხებულს“ ხელში აიყვანდა! სიმონმა ღვთის მსახურებს ღვთისმოშიშების კარგი მაგალითი დაუტოვა.
19 ოთხმოცდაოთხი წლის ქვრივი ანა „ტაძარს არ შორდებოდა“ და „დღედაღამ მარხვითა და ვედრებით ასრულებდა წმინდა მსახურებას“. როდესაც პატარა იესო ტაძარში მიიყვანეს, ანაც იქ იყო. რა მადლიერი იქნებოდა, მომავალი მესია რომ იხილა! ის „ღმერთს მადლობას უხდიდა და ბავშვზე ელაპარაკებოდა ყველას, ვინც იერუსალიმის ხსნას ელოდა“. ანას გულმა ეს სიხარული ვერ დაიტია და სხვებსაც მოუყვა იესოს შესახებ. სიმონისა და ანას მსგავსად, ხანში შესული ქრისტიანები სიხარულით სავსენი არიან იმის გამო, რომ ხანდაზმულობის მიუხედავად მაინც ემსახურებიან იეჰოვას.
20. ვინ უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, და რატომ?
20 რა ასაკისაც არ უნდა ვიყოთ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს იეჰოვა. მაშინ ის აკურთხებს ჩვენს ძალისხმევას, რომელსაც მისი სამეფოსა და საოცარი საქმეების შესახებ ქადაგებას ვახმართ (ფსალმ. 71:17, 18; 145:10—13). მაგრამ თუ გვინდა, რომ ღვთისმოშიშები ვიყოთ, უნდა განვივითაროთ იეჰოვას მოსაწონი თვისებები. როგორ დაგვეხმარება ამაში სხვა ბიბლიური პერსონაჟების მაგალითები?
რა ისწავლეთ?
• საიდან ვიცით, რომ იეჰოვა პასუხობს ჩვენს ლოცვებს?
• რატომ უნდა ვემორჩილებოდეთ იეჰოვას ყოველთვის?
• რატომ უნდა მივენდოთ იეჰოვას მაშინაც კი, თუ სასოწარკვეთილებაში ვართ?
• როგორ ეხმარება ღმერთი წმინდა სულით თავის მსახურებს?
[სურათი 4 გვერდზე]
იეჰოვამ შეისმინა ნეემიას ლოცვა
[სურათი 5 გვერდზე]
ნაომის შემთხვევიდან ვსწავლობთ, რომ ყოველთვის მივენდოთ იეჰოვას