თავი 17
‘დახოცილი სულები’ ჯილდოს იღებენ
1. დროის რა მონაკვეთში ვცხოვრობთ და საიდან ვიცით ეს?
ღვთის სამეფო მმართველობს! თეთრ ცხენზე ამხედრებული მხედარი სადაცაა დაასრულებს დაპყრობას. წითელი, შავი და ფერმიხდილი ცხენები ჯერ კიდევ დაჯირითობენ დედამიწაზე. უდავოა, რომ სრულდება იესოს მიერ თავისი გამეფების შესახებ წარმოთქმული წინასწარმეტყველებები (მათეს 24, 25 თავები; მარკოზის 13 თავი; ლუკას 21 თავი). ჩვენ ნამდვილად ამ ქვეყნიერების ბოლო დღეებში ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1—5). ამიტომ, მოდი, მთელი ყურადღება მივაპყროთ იმას, თუ როგორ ახსნის კრავი, იესო ქრისტე, გრაგნილის მეხუთე ბეჭედს. რა მოჰყვება ამას?
2. ა) რა დაინახა იოანემ მეხუთე ბეჭდის ახსნისას? ბ) რატომ არ უნდა გავიკვირვოთ, რომ სიმბოლური გაგებით ზეცაშიც არის სამსხვერპლო მსხვერპლის შესაწირავად?
2 იოანე აღწერს მოვლენების შემდგომ განვითარებას: „როცა მეხუთე ბეჭედი ახსნა, სამსხვერპლოს ძირთან დავინახე ღვთის სიტყვისა და დამოწმების საქმის გამო დახოცილთა სულები“ (გამოცხადება 6:9). ეს როგორ? ცაშია სამსხვერპლო? იოანე პირველად ახსენებს სამსხვერპლოს, თუმცა მანამდე უკვე აღწერილი ჰქონდა ტახტზე მჯდომი იეჰოვა, მის გარშემო მყოფი ქერუბიმები, მინის ზღვა, ლამპრები და 24 უხუცესი, რომლებიც საკმეველს აკმევდნენ. ეს სურათი მოგვაგონებს მიწიერ კარავს, იეჰოვას საწმინდარს ისრაელში (გამოსვლა 25:17, 18; 40:24—27, 30—32; 1 მატიანე 24:4). ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ სიმბოლური გაგებით ზეცაშიც არის სამსხვერპლო მსხვერპლის შესაწირავად (გამოსვლა 40:29).
3. ა) როგორ იღვრებოდა სული ძველი ისრაელის კარვის „სამსხვერპლოს ძირში“? ბ) რატომ იხილა იოანემ დახოცილ მოწმეთა სულები ზეციერი სამსხვერპლოს ძირთან?
3 ამ სამსხვერპლოს ძირთან არიან „ღვთის სიტყვისა და დამოწმების საქმის გამო დახოცილთა სულები“. რა სულებს გულისხმობს იოანე? შეუძლებელია, ესენი უსხეულო სულები ყოფილიყვნენ, რომელთა არსებობისაც წარმართ ბერძნებს სწამდათ (დაბადება 2:7; ეზეკიელი 18:4). იოანემ იცოდა, რომ სულს, ანუ სიცოცხლეს, სისხლი განასახიერებს. როცა მღვდლები ძველი ისრაელის კარავთან შესაწირავ ცხოველს კლავდნენ, სისხლს ან სამსხვერპლოს ასხურებდნენ ან „დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოს ძირში“ ღვრიდნენ (ლევიანები 3:2, 8, 13; 4:7; 17:6, 11, 12). ამიტომ, ცხოველის სული სამსხვერპლოსთან ასოცირდება. მაგრამ რატომ იხილა იოანემ ღვთის მსახურთა სულები, ანუ სისხლი ზეციერი სამსხვერპლოს ძირთან? მათი სიკვდილი მსხვერპლშეწირვას ნიშნავდა.
4. რა გაგებით არის სულით შობილ ქრისტიანთა სიკვდილი მსხვერპლშეწირვა?
4 ღვთის სულიერ ძეებად შობილთა სიკვდილი მსხვერპლშეწირვაა. იეჰოვას ზეციერ სამეფოში თავიანთი როლის გამო ისინი ღვთის ნების თანახმად უარს ამბობენ დედამიწაზე მარადიულ სიცოცხლეზე, რაც მათი მხრიდან მსხვერპლის შეწირვის ტოლფასია. ისინი სიცოცხლეს სწირავენ მსხვერპლად, რომ მხარი დაუჭირონ იეჰოვას უზენაესობას (ფილიპელები 3:8—11; შეადარეთ ფილიპელების 2:17). ეს პირდაპირი გაგებით ეხება მათ, ვინც იოანემ სამსხვერპლოს ძირთან იხილა. ისინი ცხებულები არიან, რომლებიც გულმოდგინე მსახურებით უჭერდნენ მხარს იეჰოვას სიტყვასა და უზენაესობას. მათ მოწამეობრივი სიკვდილით დაასრულეს სიცოცხლე. მათი სულები ღვთის სიტყვისა და დამოწმების საქმის გამო დაიხოცა.
5. როგორ ითხოვენ შურისძიებას ერთგულთა სულები, თუკი დაღუპულები არიან?
5 მოქმედება შემდეგნაირად ვითარდება: «ისინი ღაღადებდნენ: „უზენაესო უფალო, წმინდაო და ჭეშმარიტო, როდემდე უნდა იკავებდე თავს გასამართლებისგან და დედამიწის მკვიდრებზე ჩვენი სისხლისთვის შურისძიებისგან?“ » (გამოცხადება 6:10). როგორღა ღაღადებენ მათი სულები ანუ სისხლი შურისძიებისთვის, თუკი ბიბლიაში წერია, რომ მკვდრები უგრძნობ მდგომარეობაში არიან? (ეკლესიასტე 9:5). მართალი აბელის სისხლიც ხომ აღაღადდა მას შემდეგ, რაც კაენმა მოკლა იგი?! მაშინ იეჰოვამ კაენს უთხრა: „ეს რა ჩაიდინე?! ყური დაუგდე, შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს“ (დაბადება 4:10, 11; ებრაელები 12:24). ეს იმას არ ნიშნავს, რომ აბელის სისხლი პირდაპირი გაგებით ლაპარაკობდა. აბელი უდანაშაულო მსხვერპლი იყო და სამართლიანობა მისი მკვლელის დასჯას მოითხოვდა. ქრისტიანი წამებულებიც უდანაშაულოები არიან და მათი მკვლელებიც უნდა დაისაჯონ (ლუკა 18:7, 8). ისინი ხმამაღლა ითხოვენ შურისძიებას, რადგან მათი რიცხვი მრავალი ათასია (შეადარეთ იერემიას 15:15, 16).
6. ძვ. წ. 607 წელს როგორ აგო პასუხი იუდამ უდანაშაულო სისხლის ღვრისთვის?
6 ამან შეიძლება გაგვახსენოს განდგომილი იუდას მდგომარეობა, როცა ძვ. წ. 716 წელს მენაშე სამეფო ტახტზე ავიდა. მან არაერთი უდანაშაულო ადამიანის სისხლი დაღვარა. როგორც ჩანს, წინასწარმეტყველი ესაია სწორედ მისი ბრძანებით გადახერხეს (ებრაელები 11:37; 2 მეფეები 21:16). მართალია, მენაშემ მოგვიანებით მოინანია და გამოსწორდა, მაგრამ დაღვრილი სისხლი არ შერჩენია. ძვ. წ. 607 წელს ბაბილონელებმა მიწასთან გაასწორეს იუდას სამეფო. „ეს იეჰოვას ბრძანებით ხდებოდა იუდაში, რათა თავიდან მოეშორებინა ის მენაშეს ცოდვების გამო, იმის გამო, რაც მან ჩაიდინა, მის მიერ დაღვრილი უდანაშაულო სისხლის გამო, რითაც აავსო იერუსალიმი; არ ინდომა იეჰოვამ პატიება“ (2 მეფეები 24:3, 4).
7. უმთავრესად ვინ არის დამნაშავე წმინდების სისხლის ღვრაში?
7 როგორც ბიბლიურ დროში, ისე დღეს, ღვთის მოწმეების მრავალი მკვლელი უკვე დიდი ხნის მკვდარია. მიუხედავად ამისა, ღვთის ხალხის ხოცვაში ბრალდებული ორგანიზაცია ჯერ კიდევ არსებობს და დღემდე დამნაშავეა სისხლის ღვრაში. ეს სატანის მიწიერი ორგანიზაციაა, მისი მიწიერი შთამომავლობა. ამ ორგანიზაციაში განსაკუთრებული ადგილი უკავია დიდ ბაბილონს, ცრუ რელიგიურ სამყაროსa. ბიბლიაში მასზე ნათქვამია, რომ ის წმინდებისა და იესოს მოწმეების სისხლითაა მთვრალი. სწორედ „მასში იქნა ნაპოვნი წინასწარმეტყველების, წმინდებისა და დედამიწაზე ყოველი მოკლულის სისხლი“ (გამოცხადება 17:5, 6; 18:24; ეფესოელები 4:11; 1 კორინთელები 12:28). მართლაც მძიმეა მისი დანაშაული! დიდი ბაბილონის მსხვერპლთა სისხლი მანამ იღაღადებს სამართლის აღსასრულებლად, სანამ დიდი ბაბილონი არ მოისპობა (გამოცხადება 19:1, 2).
8. ა) რა სისხლის ღვრის მოწმე გახდა იოანე? ბ) როგორ დევნიდნენ ქრისტიანებს რომის იმპერატორთა წაქეზებით?
8 პირველ საუკუნეში იოანე თვითონ გახდა ღვთის ერთგულ მსახურთა სისხლის ღვრის მოწმე, როდესაც ულმობელმა გველმა და მისმა მიწიერმა შთამომავლობამ ბრძოლა გამოუცხადა ცხებული ქრისტიანების მზარდ კრებას. იოანემ საკუთარი თვალით იხილა, როგორ გააკრეს ძელზე უფალი და როგორ მოუკლეს ძმა იაკობი, როგორ დახოცეს სტეფანე, პეტრე, პავლე და სხვები (იოანე 19:26, 27; 21:15, 18, 19; საქმეები 7:59, 60; 8:2; 12:2; 2 ტიმოთე 1:1; 4:6, 7). ახ. წ. 64 წელს რომის იმპერატორმა ნერონმა ქრისტიანები განტევების ვაცად აქცია და ქალაქის გადაწვა გადააბრალა, რათა ხალხს თვითონ ნერონი აღარ დაედანაშაულებინა. მემატიანე ტაციტუსი იტყობინება: „ქრისტიანებს ამასხარავებდნენ და ისე კლავდნენ. ზოგს მხეცების ტყავებს აცმევდნენ და მერე ძაღლებს აგლეჯინებდნენ; ზოგს [ბოძზე აკრავდნენ]b, ზოგს კი წვავდნენ, რომ ღამით ჩირაღდნებივით ენათებინათ“. დევნის შემდეგი ტალღა იმპერატორ დომიციანეს (ახ. წ. 81—96 წწ.) მმართველობის დროს აგორდა. სწორედ მაშინ გადაასახლეს იოანე კუნძულ პატმოსზე. მაშინ შესრულდა იესოს სიტყვები: „თუ მე მდევნიდნენ, თქვენც გაგდევნიან“ (იოანე 15:20; მათე 10:22).
9. ა) მზაკვრული ხელოვნების რა „შედევრი“ შექმნა სატანამ ახ. წ. IV საუკუნისთვის და რისი მთავარი ნაწილია ის? ბ) როგორ ეპყრობოდა ქრისტიანული ქვეყნების ზოგიერთი მმართველი იეჰოვას მოწმეებს ორივე მსოფლიო ომის დროს?
9 ახ. წ. IV საუკუნისთვის ძველ გველს, სატანა ეშმაკს უკვე შექმნილი ჰქონდა თავისი მზაკვრული ხელოვნების „შედევრი“ — განდგომილი ქრისტიანული სამყარო, ბაბილონური რელიგია, რომელიც ქრისტიანობის სახელით იყო შენიღბული. გველის შთამომავლობის ეს ძირითადი ნაწილი ერთმანეთის მოქიშპე უამრავ სექტად იყო დაყოფილი. ძველი დროის ორგული იუდას მსგავსად ქრისტიანულ სამყაროსაც დიდი ბრალი მიუძღვის სისხლის ღვრაში; მისი წევრები ხომ ორივე მსოფლიო ომის დროს ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ქრისტიანული ქვეყნების ზოგიერთმა პოლიტიკურმა მმართველმა ორივე ომი ღვთის ცხებული მსახურების დახოცვის საბაბად გამოიყენა. ერთ-ერთ მიმოხილვაში, რომელიც მიეძღვნა ფრიდრიხ ციპფელის წიგნს „ეკლესიათა ბრძოლა გერმანიაში“, ჰიტლერის მიერ იეჰოვას მოწმეების დევნის შესახებ აღნიშნული იყო: „[მოწმეების] ერთი მესამედი დახოცეს: ზოგი სიკვდილით დასაჯეს, ზოგი მხეცურად მოკლეს, ზოგს კი შიმშილმა, ავადმყოფობამ და მძიმე შრომამ ამოხადა სული. მათ სასტიკად ავიწროებდნენ მათი უკომპრომისო რწმენის გამო, რაც ვერ ეთანხმებოდა ნაციონალ-სოციალისტურ იდეოლოგიას“ („Kirchenkampf in Deutschland“). სწორედ ქრისტიანულ სამყაროსა და მის სამღვდელოებაზე შეიძლება ითქვას: „შენი ტანსაცმლის კალთებზე უდანაშაულო ღარიბი ხალხის სისხლია“ (იერემია 2:34)c.
10. ბევრ ქვეყანაში როგორ ხდებოდნენ უამრავი ხალხის წარმომადგენელი ერთგული ქრისტიანები დევნის მთავარი ობიექტები?
10 უამრავი ხალხის წარმომადგენელი ახალგაზრდა ერთგული ქრისტიანები 1935 წლიდან მოყოლებული ბევრ ქვეყანაში დევნის მთავარი ობიექტები ხდებოდნენ (გამოცხადება 7:9). მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგაც კი ევროპის ერთ-ერთ ქალაქში 14 იეჰოვას მოწმე ჩამოახრჩვეს. რაში სდებდნენ მათ ბრალს? იმაში, რომ აღარ სწავლობდნენ ომს (ესაია 2:4). აზიასა და აფრიკაში კი არაერთი ახალგაზრდა მამაკაცი ცემით მოკლეს, ზოგიც — დახვრიტეს. ეს წამებულები, იესოს ცხებული ძმების ღირსეული მხარდამჭერები, უეჭველად აღდგებიან აღთქმულ „ახალ დედამიწაზე“ (2 პეტრე 3:13; შეადარეთ ფსალმუნის 110:3; მათეს 25:34—40; ლუკას 20:37, 38).
თეთრი გრძელი სამოსელი
11. რა გაგებით იღებენ წამებული ცხებული ქრისტიანები „თეთრ გრძელ სამოსელს“?
11 ძველი დროის ერთგულ მსახურთა რწმენაზე ლაპარაკის შემდეგ მოციქულმა პავლემ დაწერა: „თუმცა თავიანთი რწმენით მიეცათ დამოწმება, არც ერთ მათგანს არ მიუღია დანაპირები, რადგან ღმერთმა უკეთესი გაითვალისწინა ჩვენთვის, რათა ისინი უჩვენოდ არ გასრულყოფილებულიყვნენ“ (ებრაელები 11:39, 40). რა არის ეს უკეთესი, რასაც პავლე და სხვა ცხებული ქრისტიანები ელოდნენ? იოანე ამას ხილვაში ხედავს: „თითოეულ მათგანს თეთრი გრძელი სამოსელი მისცეს და უთხრეს, რომ ცოტა ხანს კიდევ დაესვენათ, სანამ არ შეივსებოდა მათნაირი მონებისა და მათი ძმების რიცხვი, რომლებიც მათსავით უნდა დაეხოცათ“ (გამოცხადება 6:11). გრძელი სამოსლის მიღება იმაზე მიუთითებს, რომ ისინი უკვდავ სულიერ ქმნილებებად აღდგებიან. ისინი აღარ არიან დახოცილი სულები სამსხვერპლოს ძირთან. ისინი აღდგნენ და 24 უხუცესს შეუერთდნენ, რომლებიც თაყვანს სცემენ ზეციერ ტახტზე მჯდომ ღმერთს. ზეცაში მათაც მიეცათ ტახტები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათ სამეფო მდგომარეობა დაიკავეს. ისინი თეთრებში არიან ჩაცმულნი, რაც იმას ნიშნავს, რომ მართლებად არიან აღიარებულნი და ზეციერ ეზოში იეჰოვას წინაშე საპატიო ადგილს იმსახურებენ. სწორედ ამას ჰპირდებოდა იესო სარდისის კრების ერთგულ ცხებულ ქრისტიანებს: „მძლეველი თეთრი ტანსაცმლით შეიმოსება“ (გამოცხადება 3:5; 4:4; 1 პეტრე 1:4).
12. რა გაგებით ისვენებენ აღდგენილი ცხებულები „ცოტა ხანს კიდევ“ და როდემდე დაისვენებენ?
12 ფაქტები ცხადყოფს, რომ ზეციერი აღდგომა 1918 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც 1914 წელს იესო ტახტზე ავიდა და თეთრ ცხენზე ამხედრებულმა ზეციდან სატანა და მისი დემონები დედამიწაზე გადმოყარა. აღდგენილმა ცხებულებმა იცოდნენ, რომ „ცოტა ხანს კიდევ [უნდა] დაესვენათ, სანამ არ შეივსებოდა მათნაირი მონების. . . რიცხვი“. იოანეს კლასის წევრებმა, რომლებიც ჯერ კიდევ დედამიწაზე არიან, განსაცდელებისა და დევნის დროს უნდა დაამტკიცონ თავიანთი ერთგულება; ზოგიერთი მათგანი შეიძლება მოკლან კიდეც. საბოლოოდ ბაბილონსა და მის პოლიტიკურ საყვარლებს მოეკითხებათ დაღვრილი მართალი სისხლი. ვიდრე ეს მოხდება, აღდგენილები, უეჭველია, დაკისრებულ საქმეს ასრულებენ ზეცაში. ისინი იმ გაგებით კი არ ისვენებენ, რომ განცხრომას ეძლევიან, არამედ მოთმინებით ელიან იეჰოვას შურისგების დღეს (ესაია 34:8; რომაელები 12:19). მათი დასვენება მაშინ დასრულდება, როდესაც ცრუ რელიგიის განადგურების მოწმენი გახდებიან, და როგორც „მოწოდებულნი, რჩეულნი და ერთგულნი“ უფალ იესო ქრისტესთან ერთად აღასრულებენ განაჩენს სატანის ბოროტი მიწიერი შთამომავლობის დარჩენილ ნაწილზე (გამოცხადება 2:26, 27; 17:14; რომაელები 16:20).
„პირველები. . . მკვდრები აღდგებიან“
13, 14. ა) მოციქული პავლეს სიტყვების თანახმად როდის იწყება ზეციერი აღდგომა და ვინ არიან აღდგენილნი? ბ) როდის აღდგებიან ზეციერი ცხოვრებისთვის უფლის დღის მომსწრე ცხებულები?
13 ის, რაც მეხუთე ბეჭდის ახსნიდან გავიგეთ, მთლიანად ეთანხმება იმ მუხლებს, რომლებშიც ზეციერ აღდგომაზეა საუბარი. მოციქული პავლე წერდა: „ამას გეუბნებით იეჰოვას სიტყვით: ჩვენ, ვინც ცოცხლად დავრჩებით იმ დრომდე, როცა უფალი მოსული იქნება, ვერ დავასწრებთ სიკვდილის ძილით მიძინებულებს, რადგან უფალი თვითონ ჩამოვა ზეციდან მბრძანებლური მოწოდებით, მთავარანგელოზის ხმითა და ღვთის საყვირით და პირველები ქრისტეში მკვდრები აღდგებიან. შემდეგ კი ჩვენ, ცოცხლად დარჩენილები, მათთან ერთად ვიქნებით ატაცებულნი ღრუბლებში, რათა უფალს შევეგებოთ ჰაერში, რის შემდეგაც მუდამ უფალთან ვიქნებით“ (1 თესალონიკელები 4:15—17).
14 საინტერესო ინფორმაციას ვიგებთ ამ მუხლებიდან. იესოს ის ცხებული ძმები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ იესოს მოსვლის დროს და დღემდე ცოცხლები არიან, მათზე ადრე გარდაცვლილთა შემდეგ ავლენ ზეცაში. ასეთები ანუ „ქრისტეში მკვდრები“ პირველები აღდგებიან. იესო იმ გაგებით ჩამოდის ზეციდან, რომ ყურადღებას აქცევს მათ და „თეთრ გრძელ სამოსელს“ აძლევს, ანუ სულიერი სიცოცხლისთვის აღადგენს. ამის შემდეგ ცოცხლად დარჩენილები ამთავრებენ მიწიერ ცხოვრებას. ბევრ მათგანს მტრები მხეცურად მოკლავენ. ისინი თავიანთ წინამორბედთა მსგავსად სიკვდილის ძილით კი აღარ დაიძინებენ, არამედ, მოკვდებიან თუ არა, მაშინვე შეიცვლებიან, „თვალის დახამხამებაში“, და ატაცებული იქნებიან ზეცაში, რათა იესოსა და ქრისტეს სხეულის დანარჩენ წევრებს შეუერთდნენ (1 კორინთელები 15:50—52; შეადარეთ გამოცხადების 14:13). ამგვარად, ცხებული ქრისტიანების აღდგენა აპოკალიფსის ოთხი მხედრის ასპარეზზე გამოსვლიდან მალევე იწყება.
15. ა) რა სასიხარულო ცნობას ვიგებთ მეხუთე ბეჭდის ახსნის შემდეგ? ბ) რითი დამთავრდება თეთრ ცხენზე ამხედრებული დამპყრობის ბრძოლა?
15 გრაგნილის მეხუთე ბეჭდის ახსნის შემდეგ სასიხარულო ცნობას ვიგებთ — მძლეველი ცხებული ქრისტიანები სიკვდილამდე ღვთის ერთგულები რჩებიან. ეს ცნობა სატანისა და მისი შთამომავლობისთვის კარგს არაფერს მოასწავებს. თეთრ ცხენზე ამხედრებული მძლეველი შეუჩერებლად განაგრძობს ბრძოლას და სწრაფად უახლოვდება იმ დროს, როდესაც პასუხს აგებინებს „ბოროტის ხელში“ მყოფ ქვეყნიერებას (1 იოანე 5:19). ეს მაშინ გაცხადდება, როცა კრავი მეექვსე ბეჭედს ახსნის.
[სქოლიოები]
a დიდი ბაბილონის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 33-ე თავი.
b შეადარეთ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, დანართი 3გ, „წამების ბოძი“, გვ. 1755.
c სისხლის ღვრაში ქრისტიანული სამყაროს ბრალის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ 36-ე თავი.
[ჩარჩო 102 გვერდზე]
დახოცილი სულები
მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედიაში მოყვანილი იყო ჯონ ჟორტენის, ფრანგი ჰუგენოტების ოჯახში დაბადებული ინგლისელი პროტესტანტის სიტყვები: „სადაც იწყება დევნა, იქ მთავრდება ქრისტიანობა. . . მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა [რომის] იმპერიის სახელმწიფო რელიგიად იქცა და მისმა მსახურებმა პატივი და სიმდიდრე მოიხვეჭეს, დევნის საშინელი ტალღა დიდი ძალით წამოვიდა სახარების რელიგიის წინააღმდეგ“.
[სურათი]
„თითოეულ მათგანს თეთრი გრძელი სამოსელი მისცეს“.