ყოველ საკითხში გვჭირდება პირდაპირი მითითებები?
ბავშვობაში მშობლებს ჩვენთვის ქცევის არაერთი წესი დაუდგენიათ. ასაკის მატებასთან ერთად დაგვინახავს, რომ ისინი ჩვენს საკეთილდღეოდ აკეთებდნენ ამას. და, ალბათ, მოწიფულობის ასაკშიც კი ვიყენებთ ბავშვობაში ჩანერგილ პრინციპებს მიუხედავად იმისა, რომ მშობლებისგან უკვე დამოუკიდებლები ვართ.
ჩვენი ზეციერი მამა, იეჰოვა, თავისი სიტყვის — ბიბლიის — მეშვეობით არაერთ პირდაპირ მითითებას გვაძლევს. მაგალითად, ღმერთი კრძალავს კერპთაყვანისმცემლობას, მრუშობას, სიძვასა და ქურდობას (გამოსვლა 20:1—17; საქმეები 15:28, 29). როდესაც სულიერად ‘ყველაფერში ვიზრდებით’, ვხვდებით, რომ იეჰოვას ჩვენთვის საუკეთესო სურს და მისი მითითებები ზედმეტად შემზღუდველი არ არის (ეფესელთა 4:15; ესაია 48:17, 18; 54:13).
ამავე დროს, არსებობს მრავალი სიტუაცია, რომელთა შესახებაც პირდაპირი მითითებები არ არის მოცემული. ამიტომ, ზოგი ასკვნის: „როდესაც ამა თუ იმ საკითხზე უშუალო ბიბლიური მითითება არ არსებობს, შეიძლება საკუთარი სურვილისამებრ მოქმედება“. მათი აზრით, აუცილებელი რომ ყოფილიყო, ღმერთი პირდაპირ მიგვითითებდა და გვამცნობდა თავის ნებას.
ადამიანები, რომლებიც ამგვარად ფიქრობენ, ხშირად არაგონივრულ გადაწყვეტილებებს იღებენ, მოგვიანებით კი საქმე სანანებლად უხდებათ. ისინი ვერ ხედავენ, რომ ბიბლიაში მხოლოდ კანონები არ არის; მისი საშუალებით ღვთის აზროვნებასთან გაცნობაცაა შესაძლებელი. ბიბლიის შესწავლისას სხვადასხვა საკითხზე იეჰოვას თვალსაზრისს ვიგებთ და ბიბლიით განსწავლული სინდისი გვივითარდება. ეს კი გვეხმარება, ისეთი არჩევანი გავაკეთოთ, რომელიც ღვთის აზროვნებას აირეკლავს. ამგვარი მოქმედებით იეჰოვას გულს ვახარებთ, ჩვენ კი გონივრული გადაწყვეტილებების მიღების წყალობით მრავალ კურთხევას ვიმკით (ეფესელთა 5:1).
ბიბლიური მაგალითები
ბიბლიაში ვკითხულობთ ღვთის ძველი დროის მსახურების შესახებ, რომლებმაც მხედველობაში მიიღეს იეჰოვას აზროვნება, მაშინ როდესაც ამა თუ იმ საკითხზე ღვთის უშუალო მითითება არ ჰქონიათ. მოვიყვანოთ იოსების მაგალითი. ფოტიფარის ცოლმა იოსებს უზნეობის ჩადენა შესთავაზა. მაშინ მრუშობის შესახებ ღვთის შთაგონებით დაწერილი კანონი არ არსებობდა. მაგრამ იოსები ხვდებოდა, რომ მრუშობა არა მარტო საკუთარი სინდისის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვა იქნებოდა, არამედ ‘ღვთის წინააღმდეგაც’ (დაბადება 39:9). როგორც ჩანს, იოსებს ესმოდა, რომ მრუშობა ღვთის აზროვნებისა და ნების საწინააღმდეგო მოქმედება იყო. თავისი ნება ცოლქმრულ ურთიერთობებთან დაკავშირებით ღმერთმა ჯერ კიდევ ედემის ბაღში გამოხატა (დაბადება 2:24).
აი, სხვა მაგალითიც. საქმეების 16:3-დან ვიგებთ, რომ პავლემ მისიონერული მოგზაურობის დაწყებამდე ტიმოთე წინადაცვითა. მე-4 მუხლი კი გვამცნობს, რომ შემდეგ პავლე და ტიმოთე დადიოდნენ ქალაქიდან ქალაქში და „ასწავლიდნენ, რომ დაეცვათ მოციქულებისა და უხუცესების მიერ იერუსალიმში დადგენილი წესები“. ამ წესებს შორის იყო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ქრისტიანებს არ მოეთხოვებოდათ რჯულის თანახმად წინადაცვეთა (საქმეები 15:5, 6, 28, 29). რატომ მიიჩნია პავლემ საჭიროდ ტიმოთეს წინადაცვეთა? „იუდეველთა გულისთვის, რომლებიც იმ ადგილებში იყვნენ, ვინაიდან ყველამ იცოდა, რომ მამამისი [ტიმოთეს მამა] ბერძენი იყო“. პავლეს არ უნდოდა, ვინმეს შეურაცხყოფილად ეგრძნო თავი ან ვინმე დაებრკოლებინა. მოციქული იმით იყო დაინტერესებული, რომ ქრისტიანებს ‘წარედგინათ თავიანთი თავი ყველა ადამიანის სინდისისთვის ღვთის წინაშე’ (2 კორინთელთა 4:2; 1 კორინთელთა 9:19—23).
ასეთი დადებითი აზროვნებით გამოირჩეოდნენ პავლე და ტიმოთე. წაიკითხეთ რომაელთა 14:15, 20, 21 და 1 კორინთელთა 8:9—13; 10:23—33. ყურადღება მიაქციეთ, რა ძალიან არის პავლე დაინტერესებული სხვების და განსაკუთრებით მათი კეთილდღეობით, ვინც შეიძლება დაბრკოლებულიყო ისეთი საქმეების გამო, რომლებშიც, სინამდვილეში, არაფერი იყო არასწორი. მოციქული ტიმოთეს შესახებ წერდა: „არავინ მყავს ისეთი თანამოზიარე, ასე ბეჯითად რომ ზრუნავდეს თქვენზე. იმიტომ, რომ ყველანი თავისას ეძებენ და არა იმას, რაც იესო ქრისტესია. თქვენ გამოცდილი გყავთ იგი, რომ როგორც მამასთან შვილი, ისე ჩემთან ერთად ემსახურებოდა სახარებას“ (ფილიპელთა 2:20—22). ამ ორმა ქრისტიანმა მამაკაცმა დიდებული მაგალითი დაგვიტოვა! როდესაც საქმე ეხებოდა ისეთ საკითხს, რომლის შესახებაც ღვთის პირდაპირი მითითება არ არსებობდა, ეს ერთგული მამაკაცები იმას კი არ ირჩევდნენ, რაც მათთვის უფრო ხელსაყრელი ან მოსაწონი იყო, არამედ იეჰოვასა და მისი ძის სიყვარულს ჰბაძავდნენ და ითვალისწინებდნენ, რა გავლენას მოახდენდა სხვების სულიერობაზე მათი გადაწყვეტილება.
საუკეთესო მაგალითი ამ საკითხთან დაკავშირებით იესო ქრისტემ მოგვცა. მთაზე ქადაგებისას მან მსმენელებს ნათლად განუმარტა, რომ ადამიანი, რომელიც ღვთის კანონების არსს სწვდება, იმ საკითხებშიც კი გამოავლენს მორჩილებას, რომელთა თაობაზეც არ არსებობს კონკრეტული მითითება ან აკრძალვა (მათე 5:21, 22, 27, 28). იესოს, პავლეს, ტიმოთესა და იოსებს — არც ერთს არ უმსჯელია ასე: „თუ ღვთისგან კონკრეტული მითითება არ არსებობს, შემიძლია ისე მოვიქცე, როგორც მინდა“. ისინი ყოველთვის ღვთის აზროვნების არეკვლას ცდილობდნენ და ამით ცხადყოფდნენ, რომ იმ მცნებების თანახმად ცხოვრობდნენ, რომლებსაც იესომ ორი უდიდესი მცნება უწოდა — უყვარდათ ღმერთი და მოყვასი (მათე 22:36—40).
დღევანდელი ქრისტიანები
ცხადია, ბიბლიას ისე არ უნდა მივუდგეთ, როგორც იურიდიულ დოკუმენტს — არ უნდა მოველოდეთ, რომ მასში კონკრეტულად იქნება განმარტებული ყველა უფლება და მოვალეობა. იეჰოვას გულს ვუხარებთ, როდესაც მისი აზროვნების შესაბამისად მოქმედებას ვარჩევთ მაშინაც კი, თუ კონკრეტულ საკითხზე უშუალო მითითება არ არსებობს. ნაცვლად იმისა, რომ ყოველთვის ვსაჭიროებდეთ პირდაპირ მითითებებს, უნდა‘ჩავწვდეთ, რა არის იეჰოვას ნება’ (ეფესელთა 5:17, აქ; რომაელთა 12:2). რატომ ახარებს იეჰოვას ეს? ამგვარი მოქმედებით ვაჩვენებთ, რომ მისთვის სიამოვნების მინიჭება ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი გემოვნება და უფლებები. აგრეთვე ცხადვყოფთ, რომ ძალიან მადლიერები ვართ მისი სიყვარულისთვის და გვინდა მივბაძოთ მას, რათა ეს შესანიშნავი თვისება გვამოძრავებდეს (იგავები 23:15; 27:11). გარდა ამისა, წმინდა წერილების თანახმად მოქმედება ხელს უწყობს სულიერ და, ხშირად, ფიზიკურ ჯანმრთელობას.
განვიხილოთ, როგორ შეიძლება აღნიშნული პრინციპის გამოყენება პირად ცხოვრებაში.
გართობის არჩევა
ვთქვათ, ახალგაზრდას მუსიკალური ჩანაწერის შეძენა სურს. მას მუსიკა ძალიან მოსწონს, მაგრამ აფიქრებს გარეკანი, რომლის მიხედვითაც სიმღერების ტექსტები უზნეო და ვულგარული შინაარსის უნდა იყოს. ამასთანავე, იცის, რომ ამ მომღერლის ჩანაწერების მეტი წილი აგრესიული ხასიათისაა. ახალგაზრდას უყვარს იეჰოვა. ამიტომაც, დაინტერესებულია იმით, თუ რას გრძნობს და ფიქრობს იეჰოვა ამ საკითხზე. როგორ შეუძლია მას ამასთან დაკავშირებით ღვთის ნების გაგება?
გალატელებისთვის მიწერილ წერილში პავლე მოციქული ამბობს, რა არის ხორცის საქმეები. შემდეგ კი ჩამოთვლილი აქვს ღვთის სულის ნაყოფის შემადგენელი თვისებები. თქვენთვის, ალბათ, ცნობილია, რა შედის ღვთის სულის ნაყოფში: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიკეთე, სიკარგე, რწმენა, რბილი ხასიათი, თავშეკავება. მაგრამ რა არის ხორცის საქმეები? პავლე წერს: „ხორცის საქმეები აშკარაა. ეს არის: სიძვა, უწმინდურება, თავაშვებულობა, კერპთაყვანისმცემლობა, სპირიტიზმი, მტრობა, დავა, ეჭვიანობა, განრისხება, შუღლი, განხეთქილება, სექტანტობა, შური, გადამეტებული სმა, ღრეობა და ამის მსგავსი საქმეები. გაფრთხილებთ, როგორც ადრეც გაგაფრთხილეთ, რომ ასე მოქმედნი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ“ (გალატელთა 5:19—23, აქ).
ყურადღება მიაქციეთ, რომ ხორცის საქმეების ჩამოთვლის შემდეგ ნათქვამია: „ამის მსგავსი საქმეები“. პავლეს არ ჩამოუწერია ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა ხორცის საქმედ ჩათვლილიყო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სწორია ასე ფიქრი: „ბიბლია უფლებას მაძლევს, გავაკეთო ყველაფერი, რაც პავლეს ხორცის საქმეებში არ მოუხსენიებია“. ამის ნაცვლად, მკითხველს გამჭრიახობის გამოვლენა მართებს იმის დასანახად, რომ ესა თუ ის საქმე შეიძლება პავლეს მიერ მოყვანილ სიაში არ არის, მაგრამ „ამის მსგავს საქმეებში“ შედის. ადამიანი, რომელიც ისეთ რამეს აკეთებს, რაც უშუალოდ არ მოიხსენიება ხორცის საქმეთა შორის, მაგრამ „ამის მსგავსია“, და არ ინანიებს, ღვთის სამეფოს კურთხევებს ვერ მიიღებს.
ამგვარად, საჭიროა გამოვავლინოთ გამჭრიახობა, ანუ ჩავწვდეთ, რა არ არის ღვთისთვის მოსაწონი. რთულია ეს? დავუშვათ, ექიმმა გირჩიათ, რომ ჭამოთ მეტი ხილი და ბოსტნეული და მოერიდოთ ნამცხვარს, ნაყინს და მსგავს პროდუქტებს. ძნელი იქნებოდა განგესაზღვრათ, გეჭმევათ თუ არა კექსი? ახლა კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ღვთის სულის ნაყოფსა და ხორცის საქმეებს. რომელ კატეგორიას მიეკუთვნება ზემოთ ხსენებული მუსიკალური ჩანაწერი? ამ სიმღერებს არაფერი აქვს საერთო სიყვარულთან, სიკეთესთან, თავშეკავებასა და ღვთის სულის ნაყოფთან დაკავშირებულ სხვა თვისებებთან. საჭირო არ არის პირდაპირი მითითება იმის მისახვედრად, რომ აღნიშნული სიმღერები ღვთის აზროვნებას არ შეესაბამება. იგივე პრინციპები იმოქმედებს საკითხავი მასალის, კინოფილმების, სატელევიზიო გადაცემების, კომპიუტერული თამაშების, ვებ-საიტებისა და სხვათა შერჩევის დროს.
გარეგნობა
ბიბლიაში აგრეთვე მოცემულია ჩაცმულობასა და, საერთოდ, გარეგნობასთან დაკავშირებული პრინციპები. მათი დახმარებით თითოეული ქრისტიანი საჭირო ხელმძღვანელობას ღებულობს, რომ სათანადოდ და მოხდენილად გამოიყურებოდნენ. იეჰოვას მოყვარული ადამიანი ამ საკითხშიც ეცდება, პირად გემოვნებაზე კი არ იფიქროს, არამედ იმაზე, რომ გული გაუხაროს ზეციერ მამას. როგორც უკვე დავინახეთ, რაიმე საკითხთან დაკავშირებით იეჰოვა თუ კონკრეტულ მითითებას არ გვაძლევს, ეს არ ნიშნავს, რომ მისთვის სულერთია, როგორ იქცევა მისი ხალხი. ჩაცმის სტილი დედამიწის სხვადასხვა ნაწილში სხვადასხვაგვარია. ამასთანავე, ის პერიოდულად იცვლება. მაგრამ იეჰოვა გვაძლევს ძირითად პრინციპებს, რომლებითაც ყველგან და ყოველთვის შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ.
მაგალითად, 1 ტიმოთეს 2:9, 10-ში ნათქვამია: „ასევე დედაკაცებიც წესიერი სამოსლით, მორცხვობით და კდემამოსილებით შეიმკონ, არა თმის დაწვნით და ოქროთი, ან მარგალიტებით, ან ძვირფასი ტანსაცმლით, არამედ კეთილი საქმეებით, როგორც შეჰფერით დედაკაცებს, რომლებმაც ღვთისმოსაობა ირჩიეს“. ამგვარად, ქრისტიანმა ქალმა თუ მამაკაცმა კარგად უნდა აწონ-დაწონოს, როგორ ჩაცმულობასა და ვარცხნილობას მოელიან ღვთისმოსავი ადამიანისგან მათ მხარეში. განსაკუთრებით კარგია, როდესაც ქრისტიანი ყურადღებას აქცევს, თუ რას აფიქრებინებს სხვებს მისი გარეგნობა ბიბლიურ ცნობაზე (2 კორინთელთა 6:3). სამაგალითო ქრისტიანი ზედმეტად არ დაიწყებს თავისი არჩევნისა და უფლებების დაცვას, არამედ ეცდება, ვინმეს არასწორი შთაბეჭდილება არ შეუქმნას ან ვინმე არ დააბრკოლოს (მათე 18:6; ფილიპელთა 1:10).
ქრისტიანი როდესაც ხედავს, რომ მისი ჩაცმის სტილი სხვებისთვის მიუღებელი ან დამაბრკოლებელია, შეუძლია მიჰბაძოს მოციქულ პავლეს და სხვების კეთილდღეობა პირად არჩევანზე წინ დააყენოს. პავლემ თქვა: „მომბაძეთ მე, როგორც მე — ქრისტეს“ (1 კორინთელთა 11:1). იესოს შესახებ კი მოციქული წერდა: „ქრისტეც არ ეძებდა სიამეს თავისთვის“. პავლემ ნათელი რჩევა მისცა ყველა ქრისტიანს: „ჩვენ, ძლიერთ, გვმართებს ვზიდოთ უსუსურთა უძლურება და არ ვეძებოთ საკუთარი თავის სიამე. ყოველი ჩვენგანი უნდა აამებდეს მოყვასს სასიკეთო აღშენებისათვის“ (რომაელთა 15:1—3).
გავხდეთ უფრო გამჭრიახები
რა დაგვეხმარება, გავხდეთ უფრო გამჭრიახები, რათა ვიცოდეთ, როგორ ვასიამოვნოთ იეჰოვას მაშინაც კი, როდესაც ამა თუ იმ საკითხზე კონკრეტული მითითება არა გვაქვს? თუ ღვთის სიტყვას ყოველდღიურად ვიკითხავთ, რეგულარულად შევისწავლით და წაკითხულზე ვიფიქრებთ, უფრო გამჭრიახები გავხდებით. ეს უცბად არ ხდება. მაგალითად, ბავშვი იზრდება თანდათანობით და მისი ფიზიკური ზრდა მაშინვე არ არის თვალშისაცემი. ასევეა სულიერი ზრდაც. ამიტომ, აუცილებელია მოთმინება. გულს ნუ გაიტეხთ, თუ ამ საკითხში სწრაფად ვერ ხედავთ დადებით ცვლილებებს. მეორე მხრივ, მხოლოდ დროის გასვლა ვერ გაგვხდის უფრო გამჭრიახებს. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, საჭიროა, ეს დრო ღვთის სიტყვის რეგულარული შესწავლისთვის გამოვიყენოთ და მაქსიმალურად ვეცადოთ, ამ სიტყვის შესაბამისად ვიცხოვროთ (ებრაელთა 5:14).
ღვთის კანონები ჩვენს მორჩილებას სცდის, ღვთის პრინციპები კი ჩვენი სულიერობის სიღრმეს ავლენს და ეს ცხადყოფს, თუ რამდენად გვსურს, ვასიამოვნოთ ზეციერ მამას. რაც უფრო გავიზრდებით სულიერად, ჩვენთვის მით უფრო მეტი მნიშვნელობა ექნება იმას, რომ მივბაძოთ იეჰოვასა და მის ძეს. მთელი გულით გვენდომება, გადაწყვეტილებები შევუსაბამოთ ღვთის აზროვნებას, რაც მის სიტყვაშია არეკლილი. თუ ყველაფერს გავაკეთებთ ზეციერი მამის გასახარებლად, დავინახავთ, რომ ჩვენც მეტი სიხარული გვექნება.
[სურათები 23 გვერდზე]
ჩაცმის სტილი განსხვავდება სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ არჩევნის გაკეთებისას ბიბლიური პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ.