„იყავით მადლიერნი“
„ბატონობდეს თქვენს გულებში ღვთის მშვიდობა . . . და იყავით მადლიერნი“ (კოლასელთა 3:15).
1. რა განსხვავებას ვხედავთ ქრისტიანულ კრებასა და სატანის გავლენაში მოქცეულ ქვეყნიერებას შორის?
მთელ მსოფლიოში არსებულ იეჰოვას მოწმეთა 94 600 კრებაში მადლიერების სულია გამეფებული. კრების ყოველი შეხვედრა იწყება და მთავრდება ლოცვით, რომელშიც იეჰოვასადმი მადლიერების გამომხატველი სიტყვებიცაა ჩართული. ღვთის თაყვანისცემისა და სასიამოვნო ურთიერთობისთვის შეკრებილი ახალგაზრდა თუ ხანდაზმული, უკვე დიდი ხნის მსახური თუ ახალმონათლული მოწმეებისგან ხშირად გაიგონებთ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა „გმადლობთ“ და „არაფერს“ (ფსალმუნები 132:1). რამდენად განსხვავდება ეს ეგოიზმისგან, რაც დღეს ბევრი ისეთი ადამიანისთვისაა დამახასიათებელი, რომლებიც „არ იცნობენ ღმერთს, და . . . არ ემორჩილებიან სასიხარულო ცნობას“! (2 თესალონიკელთა 1:8, აქ). ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყნიერებაში, სადაც არ ავლენენ მადლიერებას. და ეს არცაა გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ამ სისტემის ღმერთი სატანა ეშმაკია; ის სწორედ რომ ეგოიზმის განსახიერებაა და დღევანდელი საზოგადოებაც მისი სიამაყითა და მოჯანყე სულით არის გაჟღენთილი (იოანე 8:44; 2 კორინთელთა 4:4; 1 იოანე 5:19).
2. რომელი გაფრთხილება უნდა ვიღოთ ყურად და რა კითხვებს განვიხილავთ?
2 რადგანაც სატანის ქვეყნიერებაში გვიწევს ცხოვრება, დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ საზოგადოებაში ღრმად ფესვგადგმულმა არასწორმა აზროვნებამ უარყოფითად არ იმოქმედოს ჩვენზე. პირველ საუკუნეში პავლე მოციქულმა ეფესელ ქრისტიანებს შეახსენა: „ოდესღაც იარებოდით ამ წუთისოფლის წესისამებრ, ჰაერის ძალთა მთავრის, იმ სულის ნებით, ამჟამად ურჩ შვილებში რომ მოქმედებს. ჩვენც ყველანი მათ შორის ვცხოვრობდით ოდესღაც ჩვენი ხორციელი გულისთქმებით და ვასრულებდით ხორცისა და გონების ნებას, და ბუნებით რისხვის შვილები ვიყავით სხვების მსგავსად“ (ეფესელთა 2:2, 3). ეს სიტყვები დღესაც მართლდება ბევრ ადამიანზე. მაშ, როგორ მოვიქცეთ, რომ შევინარჩუნოთ მადლიერების გრძნობა? როგორ გვეხმარება იეჰოვა? როგორ შეგვიძლია ჩვენი მადლიერება საქმეებით დავამტკიცოთ?
მადლიერების მიზეზები
3. რატომ ვემადლიერებით იეჰოვას?
3 მადლიერებას უპირველესად იეჰოვა ღმერთისადმი, ჩვენი შემოქმედისა და სიცოცხლის მომცემისადმი უნდა ვავლენდეთ, რადგან ის უხვად გვაძლევს ყოველივე აუცილებელს (იაკობი 1:17). ყოველდღიურად ვმადლობთ მას, რომ ცოცხლები ვართ (ფსალმუნები 35:10). ჩვენ გარშემო იეჰოვას დიდებული შემოქმედების უამრავ ღირსშესანიშნაობას ვხედავთ, მაგალითად მზეს, მთვარესა და ვარსკვლავებს. ჩვენი პლანეტის, დედამიწის, ნიადაგში არსებული მდიდარი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მინერალები; ზუსტად ბალანსირებული და სიცოცხლისთვის აუცილებელი აირებისგან შემდგარი ატმოსფერო; წრებრუნვების რთული სისტემები ბუნებაში, — რამდენად უნდა ვუმადლოდეთ ყოველივე ამის გამო ჩვენს მოსიყვარულე ზეციერ მამას! «უფალო, ღმერთო ჩემო, — გალობდა მეფე დავითი, — დიდია სასწაულნი, შენ რომ მოიმოქმედე, და ჩანაფიქრები ჩვენს მიმართ; ვინ შეგედრება შენ! ვიქადაგებ და ვილაპარაკებ მათზე; — მაგრამ ძნელია სათქმელად [„გამიჭირდება მათი ჩამოთვლა“, აქ]» (ფსალმუნები 39:6).
4. რატომ უნდა ვუმადლოდეთ იეჰოვას კრებებში არსებული სიხარულის მომტანი ურთიერთობისთვის?
4 თუმცა იეჰოვას მსახურები ფიზიკურ სამოთხეში არ ცხოვრობენ, დღეს ისინი სულიერ სამოთხეში ყოფნით ხარობენ. კრების შეხვედრებსა და კონგრესებზე აშკარად ვხედავთ, როგორ მოქმედებს ღვთის სული თანამორწმუნეებზე და რა ნაყოფი გამოაქვს. ამიტომ, არარელიგიურ ადამიანებთან ქადაგების დროს ზოგი მოწმე გალატელების მიმართ პავლეს მიერ მიწერილ წერილში მოყვანილ სიტყვებს იყენებს. თავდაპირველად ისინი მსმენელის ყურადღებას „ხორცის საქმეებზე“ ამახვილებენ და შემდეგ ეკითხებიან, თავად თუ ამჩნევენ ამას (გალატელთა 5:19—23). უმრავლესობა ეთანხმება იმ აზრს, რომ დღევანდელი საზოგადოებისთვის დამახასიათებელია ასეთი საქმეები. როდესაც მოწმეები უჩვენებენ მათ, თუ რა არის ღვთის სულის ნაყოფი, და ამ ნაყოფის სანახავად ადგილობრივ სამეფო დარბაზში იწვევენ, ბევრი აღიარებს: „ჭეშმარიტად თქვენ შორის არის ღმერთი“ (1 კორინთელთა 14:25). სულის ნაყოფის მოქმედება მხოლოდ ერთ სამეფო დარბაზში როდი იგრძნობა. მსოფლიოს რომელ ნაწილშიც არ უნდა გაემგზავროთ და ვისაც არ უნდა შეხვდეთ იეჰოვას ექვს მილიონზე მეტი მოწმიდან, შენიშნავთ ბედნიერებითა და სიხარულით აღსავსე სულს. ასეთი ჯანსაღი საზოგადოების არსებობა კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ მადლიერება გამოვავლინოთ იეჰოვასადმი, რომელიც თავისი სულის მეშვეობით შესაძლებელს ხდის ამას (სოფონია 3:9; ეფესელთა 3:20, 21).
5, 6. როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ მადლიერება ღვთისგან ბოძებული უდიდესი ძღვენისთვის, გამომსყიდველური მსხვერპლისთვის?
5 იეჰოვასგან ბოძებული ყველაზე დიდი და სრულყოფილი ძღვენი არის მისი ძის, იესო ქრისტეს, გამომსყიდველური მსხვერპლი. „თუკი ასე შეგვიყვარა ღმერთმა, — დაწერა იოანე მოციქულმა, — ჩვენც გვმართებს ერთმანეთის სიყვარული“ (1 იოანე 4:11). დიახ, თუ ვაფასებთ გამომსყიდველურ მსხვერპლს, მხოლოდ იეჰოვასადმი სიყვარულისა და მადლიერების გამოხატვით კი არ შემოვიფარგლებით, არამედ სხვებისადმიც გამოვავლენთ სიყვარულს (მათე 22:37—39).
6 მადლიერების გამოვლენას უკეთ ვისწავლით, თუ დავუფიქრდებით, როგორ ეპყრობოდა იეჰოვა ძველად ისრაელ ერს. მოსეს მეშვეობით გადაცემული რჯულით იეჰოვამ ბევრი რამ ასწავლა ამ ერს. რჯულში მოცემული „შემეცნებისა და ჭეშმარიტების ნიმუშით“ ჩვენც ბევრს ვისწავლით. ეს დაგვეხმარება, მივყვეთ პავლეს რჩევას: „იყავით მადლიერნი“ (რომაელთა 2:20, სსგ; კოლასელთა 3:15).
სამი მნიშვნელოვანი გაკვეთილი მოსეს რჯულიდან
7. როგორ აძლევდა ისრაელებს მეათედთან დაკავშირებული მოთხოვნა იეჰოვასადმი მადლიერების გამოვლენის შესაძლებლობას?
7 მოსეს რჯულში იეჰოვამ ისრაელებს აჩვენა, რომელი სამი საშუალებით შეეძლოთ გულწრფელი მადლიერების გამოხატვა ღვთის სიკეთისთვის. პირველ რიგში, ისრაელებს მეათედის გაღება მოეთხოვებოდათ. მიწის ნაყოფის მეათედი, „ყოველ მეათედ მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელთან“ ერთად, იეჰოვასთვის უნდა შეეწირათ (ლევიანები 27:30—32). როდესაც ისრაელები იცავდნენ ამ მოთხოვნას, იეჰოვა უხვად აკურთხებდა მათ. «„მოიტანეთ მთელი მეათედი საგანძურში და იყოს საზრდო ჩემს სახლში. აბა, გამომცადეთ ამით“, — ამბობს ცაბაოთ უფალი, — „თუ არ გაგიხსნათ ცის საქანელნი და არ გადმოგიცალოთ კურთხევა აურწყველად“» (მალაქია 3:10).
8. რით განსხვავდებოდა ნებაყოფლობით გაღებული შესაწირავები მეათედისგან?
8 მადლიერების გამოვლენის მეორე საშუალება იყო ნებაყოფლობითი შესაწირავის გაღება. იეჰოვამ მოსეს დაავალა, რომ ისრაელებისთვის ეთქვა: „როცა შეხვალთ იმ ქვეყანაში, რომელშიც მე შეგიყვანთ, როდესაც შეჭამთ იმ ქვეყნის პურს, შესწირეთ შესაწირავი უფალს“. თაობიდან თაობაში მათ იეჰოვასთვის უნდა შეეწირათ ‘პირველგამომცხვარი ცომი — კვერი’. ყურადღება მიაქციეთ, რომ ზუსტად არ იყო დადგენილი, რა რაოდენობით უნდა შეეწირათ ისრაელებს პირველნაყოფი (რიცხვნი 15:18—21). მაგრამ, როდესაც ისრაელები მადლიერების ნიშნად იღებდნენ შესაწირავს, მათ შეეძლოთ დარწმუნებული ყოფილიყვნენ, რომ იეჰოვასგან კურთხევებს მიიღებდნენ. მსგავსი შესაწირავის თაობაზე ვკითხულობთ წიგნ „ეზეკიელის“ ერთ–ერთ მონაკვეთშიც, სადაც აღწერილია ხილვა ტაძრის შესახებ: „ნათავარი ყოველი პირველნაყოფისგან და შეწირულებისგან, ყოველი თქვენი აღსამართისგან — მღვდელთათვის იქნება და ნათავარს თქვენი ცომეულისაგან მისცემთ მღვდლებს, რათა გადმოვიდეს კურთხევა თქვენს სახლზე“ (ეზეკიელი 44:30).
9. რას ასწავლიდა იეჰოვა თავის ხალხს მოსავლის მონარჩენის დატოვებასთან დაკავშირებული მოთხოვნით?
9 მესამე: იეჰოვა ისრაელებისგან მოითხოვდა, ღარიბებისთვის დაეტოვებინათ მორჩენილი მოსავალი. „როცა მომკით სამკალს თქვენი მიწისა, — მიუთითა მათ ღმერთმა, — არ მოასრულო სამკალი თქვენი ყანის კიდემდე და მკის დროს ჩაბნეულს ნუ აკრეფთ. და თქვენს ვენახს ნუ მოიმცვრევთ, და ვენახში დარჩენილ მარცვლებს ნუ აკრეფთ: ღარიბისა და ხიზნისათვის დატოვეთ ისინი. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი“ (ლევიანები 19:9, 10). ამ შემთხვევაშიც არ იყო მითითებული, რა რაოდენობის მონარჩენი უნდა დატოვებულიყო ყანასა თუ ვენახში. თითოეულ ისრაელს შეეძლო პირადად გადაეწყვიტა, რამდენს დაუტოვებდა გაჭირვებულებს. ბრძენმა მეფე სოლომონმა მართებულად შენიშნა: „ღატაკის მწყალობელი უფალს აძლევს სესხს და სამაგიეროს ის მიუზღავს მას“ (იგავები 19:17). ასეთი სახით იეჰოვა თავის ხალხს გაჭირვებულთა მიმართ თანაგრძნობისა და ყურადღების გამოვლენას ასწავლიდა.
10. რა დაემართა ისრაელ ერს მადლიერების დაკარგვის შედეგად?
10 როდესაც ისრაელები მზადყოფნით იღებდნენ მეათედსა და ნებაყოფლობით შესაწირავს და ღარიბებისთვის მოსავლის მონარჩენს ტოვებდნენ, იეჰოვა არ აკლებდა მათ კურთხევებს. მაგრამ, მადლიერების გრძნობის დაკარგვასთან ერთად, ისრაელმა ერმა იეჰოვას კეთილგანწყობაც დაკარგა. შედეგად მათ უბედურება დაატყდათ თავს და, საბოლოოდ, ტყვეობაში ჩაცვივდნენ (2 ნეშტთა 36:17—21). რისი სწავლა შეგვიძლია აქედან?
როგორ გამოვავლინოთ მადლიერება?
11. ძირითადად, როგორ შეგვიძლია იეჰოვასადმი მადლიერების გამოვლენა?
11 იეჰოვას განდიდება და მისდამი მადლიერების გამოხატვა ჩვენც, ძირითადად, „შესაწირავებით“ შეგვიძლია. როგორც ქრისტიანებს, არ მოგვეთხოვება მოსეს რჯულის დაცვა და ცხოველური შესაწირავისა თუ მოსავლის გარკვეული ნაწილის მსხვერპლად შეწირვა (კოლასელთა 2:14). და მაინც, პავლე მოციქული ებრაელ ქრისტიანებს მოუწოდებდა: „მუდამ ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ესე იგი, მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფს“ (ებრაელთა 13:15). როდესაც საკუთარ უნარსა და სახსრებს იმ მიზნით ვიყენებთ, რომ განვადიდოთ იეჰოვა სამქადაგებლო მსახურებისას თუ თანამორწმუნეთა „საკრებულოებში“, გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავთ ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამის, იეჰოვა ღმერთის, მიმართ (ფსალმუნები 25:12). ამ მხრივ, რისი სწავლა შეგვიძლია იქიდან, თუ როგორ უნდა გამოეხატათ ისრაელებს იეჰოვასადმი მადლიერება?
12. როგორ შეგვიძლია ჩვენი ქრისტიანული ვალდებულებების შესრულებას დავუკავშიროთ მეათედის გაღება და რის სწავლა შეგვიძლია ამ მოთხოვნიდან?
12 უპირველეს ყოვლისა, როგორც უკვე დავინახეთ, მეათედის გაღება არ იყო პირადი არჩევნის საკითხი; თითოეული ისრაელი ვალდებული იყო, შეესრულებინა ეს მოთხოვნა. ჩვენ, როგორც ქრისტიანებს, სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობისა და ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრების ვალდებულება გვაკისრია. ამ მოთხოვნების შესრულება მხოლოდ ჩვენს არჩევანზე არ არის დამოკიდებული. ამ სისტემის აღსასრულის შესახებ დიდებულ წინასწარმეტყველებაში იესომ პირდაპირ თქვა: «ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე [„სამეფოს შესახებ“, აქ] მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული» (მათე 24:14; 28:19, 20). შეხვედრებთან დაკავშირებით კი პავლე მოციქულმა ღვთის შთაგონებით დაწერა: „ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ შევაგონოთ ერთმანეთს. და, მით უმეტეს, რაც უფრო მეტად ატყობთ იმ დღის მოახლოებას“ (ებრაელთა 10:24, 25). იეჰოვასადმი მადლიერებას მაშინ ვავლენთ, როცა სიხარულით ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს — ვქადაგებთ, მოწაფეებს ვამზადებთ, აგრეთვე რეგულარული ურთიერთობა გვაქვს ჩვენს და–ძმებთან კრების შეხვედრებზე და ყოველივე ამას დიდ პატივად მივიჩნევთ.
13. რისი სწავლა შეგვიძლია ნებაყოფლობითი შესაწირავების გაღებასა და მორჩენილი მოსავლის დატოვებასთან დაკავშირებული მოთხოვნებიდან?
13 გარდა ამისა, ჩვენთვის სასარგებლო იქნება სხვა ორი მოთხოვნის — ნებაყოფლობითი შესაწირავების გაღებისა და ღარიბთათვის მორჩენილი მოსავლის დატოვების — მხედველობაში მიღებაც. ამ მოთხოვნების შესრულებით ისრაელებს მადლიერების გამოვლენის შესაძლებლობა ჰქონდათ. მეათედი ზუსტად განსაზღვრავდა შესაწირავის მოცულობას. ნებაყოფლობითი შესაწირავების გაღებისა და მორჩენილის დატოვების დროს კი არ იყო დადგენილი ზუსტი რაოდენობა. ეს ორი მოთხოვნა იეჰოვას მსახურს იმის გამოვლენის საშუალებას აძლევდა, თუ რამდენად სავსე ჰქონდა გული მადლიერებით. მსგავსად ამისა, თუმცა შეიძლება გვესმის, რომ ქადაგება და ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება იეჰოვას თითოეული მსახურის ძირითადი ვალდებულებაა, ვასრულებთ კი ამ ვალდებულებას მთელი გულითა და მზადყოფნით? ვთვლით, რომ ამ მოვალეობების შესრულებით იეჰოვას მიერ გამოვლენილი ყველა სიკეთისთვის გულწრფელი მადლიერების გამოხატვის შესაძლებლობა გვეძლევა? მთელი გულით ვმონაწილეობთ მათში და ვაკეთებთ იმდენს, რამდენის საშუალებასაც საკუთარი მდგომარეობა გვაძლევს? თუ მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ვაკეთებთ ამას? რასაკვირველია, ამ კითხვებზე თითოეულმა პირადად უნდა ვუპასუხოთ. პავლე მოციქულმა ამის თაობაზე აღნიშნა: „ყველამ თავისი საქმე გამოსცადოს და მაშინ ექნება სიქადული თავისით და არა სხვისით“ (გალატელთა 6:4).
14. როგორ მსახურებას მოელის ჩვენგან იეჰოვა?
14 იეჰოვა ღმერთს შესანიშნავად ესმის ჩვენი მდგომარეობა. მისთვის ჩვენი შესაძლებლობების საზღვრებიც ცნობილია. ის აფასებს თავისი მსახურების მიერ მთელი გულით გაღებულ დიდ თუ პატარა შესაწირავებს. იეჰოვა არ მოელის, რომ ყველა ერთი და იმავე მოცულობის შესაწირავს გავიღებთ, რასაც ვერც შევძლებდით. როდესაც პავლე მოციქული მატერიალურ შესაწირავებზე მსჯელობდა, კორინთელ ქრისტიანებს უთხრა: „როცა გულმოდგინება არის, ეს მიიღება იმის მიხედვით, ვისაც რა აქვს, და არა იმის მიხედვით, რაც არა აქვს“ (2 კორინთელთა 8:12). ეს პრინციპი ღვთისადმი მსახურებასაც ეხება. შესრულებული საქმის მოცულობა კი არ ხდის იეჰოვას თვალში ჩვენს მსახურებას მისაღებს, არამედ ის, ვასრულებთ თუ არა მას სიხარულითა და მთელი გულით (ფსალმუნები 99:1—5; კოლასელთა 3:23).
განივითარეთ და შეინარჩუნეთ პიონერული სული
15, 16. ა) რა კავშირი არსებობს პიონერულ მსახურებასა და მადლიერებას შორის? ბ) როგორ შეუძლიათ პიონერული სულის გამოვლენა მათ, ვინც ვერ ახერხებს პიონერად მსახურებას?
15 იეჰოვასადმი მადლიერების გამოხატვის ერთერთი საშუალება, რომელსაც კმაყოფილება და სიხარული მოაქვს, სრული დროით მსახურების დაწყებაა. იეჰოვასადმი სიყვარულით აღძრულმა და მის მიერ გამოვლენილი წყალობისთვის მადლიერმა ბევრმა მიძღვნილმა მსახურმა დიდი ცვლილებები მოახდინა საკუთარ ცხოვრებაში და უფრო მეტი დრო დაუთმო იეჰოვას მსახურებას. ზოგს შესაძლებლობა აქვს, პიონერად იმსახუროს და ყოველთვიურად, საშუალოდ, 70 საათი დაუთმოს სასიხარულო ცნობის ქადაგებასა და ადამიანებისთვის ჭეშმარიტების სწავლებას. სხვები, რომელთა შესაძლებლობებიც სხვადასხვა მიზეზის გამო უფრო შეზღუდულია, დროდადრო დამხმარე პიონერებად მსახურობენ და თვეში 50 საათს უთმობენ ქადაგებას.
16 რის თქმა შეიძლება იეჰოვას ბევრ მსახურზე, რომლებიც ვერც პიონერად მსახურებას ახერხებენ და ვერც — დამხმარე პიონერად? იეჰოვასადმი მადლიერების გამოხატვა მათ შეუძლიათ პიონერული სულის განვითარებითა და შენარჩუნებით. როგორ? თუ ისეთ და–ძმებს წაახალისებენ ამისკენ, ვისაც შეუძლია პიონერად მსახურება, თავიანთ ბავშვებს სრული დროით მსახურების სურვილს ჩაუნერგავენ და, მდგომარეობისდა შესაბამისად, მთელი გულით იქადაგებენ. ის, თუ როგორ ვიმსახურებთ, დიდად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად სავსეა ჩვენი გული მადლიერებით ყოველივე იმისათვის, რაც იეჰოვამ ჩვენთვის გააკეთა, რასაც აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს.
მადლიერება გამოვავლინოთ ჩვენი ‘ქონებით’
17, 18. ა) როგორ შეგვიძლია ჩვენი ‘ქონებით’ გამოვავლინოთ მადლიერება? ბ) როგორ შეაფასა იესომ ქვრივის მიერ გაღებული შესაწირავი და რატომ?
17 „პატივი მიაგე უფალს შენი ქონებიდან და მთელი შენი მოსავლის პირველმოწეული ნაყოფით“, — აღნიშნულია იგავების 3:9–ში (სსგ). იეჰოვას მსახურებს აღარ მოეთხოვებათ მეათედის გაღება. პავლემ კორინთელთა კრებას მისწერა: „თითოეულმა როგორც გულით აირჩია, არც შეწუხებით და არც ძალდატანებით. ვინაიდან სიხარულით გამცემი უყვარს ღმერთს“ (2 კორინთელთა 9:7). მადლიერების გამოხატვა შესაძლებელია ნებაყოფლობითი შესაწირავების გაღებითაც, რითაც სამეფოს შესახებ მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობა ფინანსდება. გულწრფელი მადლიერება აღგვძრავს, რეგულარულად ვაკეთოთ ეს და, შესაძლოა, ამ მიზნით ყოველკვირეულადაც კი გადავდოთ გარკვეული თანხა, როგორც პირველი საუკუნის ქრისტიანები იქცეოდნენ (1 კორინთელთა 16:1, 2).
18 იეჰოვასადმი ჩვენი მადლიერება იმით კი არ ვლინდება, თუ რამდენს ვწირავთ, არამედ იმით, თუ რა სულისკვეთებით ვიღებთ ამ შესაწირავს. სწორედ ამაზე გაამახვილა იესომ ყურადღება, როცა აკვირდებოდა მათ, ვინც ტაძრის საგანძურში შესაწირავებს ყრიდა. მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ ერთმა ღარიბმა ქვრივმა „ორი ლეპტა ჩააგდო“, იესომ თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ ღარიბმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო, ვინაიდან ყველამ თავისი მოჭარბებულისგან ჩაყარა, მან კი თავისი სიდუხჭირისაგან ჩააგდო მთელი სარჩო, რაც ებადა“ (ლუკა 21:1—4).
19. რატომ არის კარგი, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, თუ როგორ ვავლენთ მადლიერებას?
19 დაე ამ სტატიამ კიდევ ერთხელ დაგვაფიქროს იმაზე, თუ როგორ ვავლენთ მადლიერებას. შეგვიძლია მეტი წვლილი შევიტანოთ ქების მსხვერპლით იეჰოვას განდიდებასა და მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის ნებაყოფლობითი შესაწირავებით მხარდაჭერაში? თუ შესაძლებლობის მაქსიმუმს გავიღებთ და, ასეთი სახით, მადლიერებას გამოვავლენთ, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენი გულუხვი და მოსიყვარულე მამა, იეჰოვა, ძალიან იქნება გახარებული.
როგორ უპასუხებდით?
• რა მიზეზების გამო უნდა ვმადლობდეთ იეჰოვას?
• რისი სწავლა შეგვიძლია მეათედის გაღებასთან, ნებაყოფლობით შესაწირავებთან და ღარიბთათვის მორჩენილი მოსავლის დატოვებასთან დაკავშირებული მოთხოვნებიდან?
• როგორ შეგვიძლია პიონერული სულის განვითარება?
• როგორ შეგვიძლია იეჰოვასადმი მადლიერება ჩვენი ‘ქონებით’ გამოვავლინოთ?
[სურათები 15 გვერდზე]
„ყველა კეთილი საბოძვარი და ყველა სრულყოფილი ნიჭი მაღლიდან მოდის“.
[სურათები 16 გვერდზე]
რომელი სამი მნიშვნელოვანი გაკვეთილის სწავლა შეგვიძლია რჯულიდან?
[სურათები 18 გვერდზე]
როგორი შესაწირავების გაღება შეგვიძლია?