შვიდი ბრძნული აზრი
ქვემოთ მოყვანილი გამონათქვამები ჩაწერილია ერთ უძველეს წიგნში — წიგნში, რომელიც სავსეა ბრძნული აზრებით. ეს აზრები პრაქტიკულია და დღემდეა გამოსადეგი. განვიხილოთ, როგორ დაგვეხმარება ისინი ფულის სწორად განკარგვაში.
1. „ვერცხლის მოყვარული ვერცხლით ვერ გაძღება, ვერც სიმდიდრის მოყვარული გაძღება შემოსავლით“ (ეკლესიასტე 5:10). ეს სიტყვები არ ეკუთვნის შურიან კაცს, რომელსაც ცოტა ფული ჰქონდა. ამ სიტყვების ავტორი არის კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ისრაელის მეფე სოლომონი. მას ეს სიტყვები დაკვირვებამ და საკუთარმა გამოცდილებამ დააწერინა. იმავეს ამბობენ დღეს მცხოვრები მდიდრებიც.
2. „თუ გვაქვს საჭმელი, ტანსაცმელი და თავშესაფარი, ამით დავკმაყოფილდეთ. ვინც გამდიდრებისკენ ისწრაფვის, ებმება ცდუნებაში“ (1 ტიმოთე 6:8, 9). ამ სიტყვებს წერს მოციქული პავლე, რომელმაც დიდ კარიერაზე თქვა უარი და გახდა იესო ქრისტეს მიმდევარი. დღევანდელი რელიგიური წინამძღოლებისგან განსხვავებით, პავლეს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ყოველგვარი საფასურის გარეშე ესწავლებინა თავისი მოსწავლეებისთვის და სხვებისთვის. მას შეეძლო სუფთა სინდისით ეთქვა: „არავისი არც ვერცხლი მისურვია, არც ოქრო და არც ტანსაცმელი. თქვენ თვითონ იცით, რომ ეს ხელები ემსახურებოდა ჩემსა და ჩემთან მყოფთა საჭიროებებს“ (საქმეები 20:33, 34).
3. „რომელიმე თქვენგანმა კოშკის აშენება რომ მოისურვოს, განა ჯერ არ დაჯდება და არ გამოთვლის ხარჯებს, რომ ნახოს, აქვს თუ არა საკმარისი სახსრები მის დასამთავრებლად?“ (ლუკა 14:28). იესოს მოყვანილი ეს მაგალითი შეგიძლიათ შემდეგნაირად გამოიყენოთ: ნაცვლად იმისა, რომ ნაჩქარევად იყიდოთ რამე, განსაკუთრებით, საკრედიტო ბარათით, მოთმინება გამოავლინეთ და ყველაფერი აწონ-დაწონეთ. დაფიქრდით, ნამდვილად გჭირდებათ თუ არა ეს ნივთი და გაქვთ თუ არა მისი შეძენის საშუალება.
4. „მოვალე მევალის მონაა“ (იგავები 22:7 „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა“). მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ იფეთქა, ყველასთვის ცხადი გახადა, თუ რა დიდი საფრთხე ახლავს თან განვადებებსა და სხვა სახის სესხებს. მაიკლ ვაგნერი 2009 წელს გამოცემულ თავის წიგნში ამბობს: „დღეს ჩვეულებრივი რამ არის, რომ ადამიანს სულ ცოტა 9 000 დოლარი ერიცხებოდეს ვალის სახით ოთხ ან მეტ საკრედიტო ბარათზე“ (Your Money, Day One).
5. „ბოროტი სესხულობს და აღარ აბრუნებს, მართალი კი წყალობას ავლენს და ძღვენს გასცემს“ (ფსალმუნი 37:21). ბევრს მიაჩნია, რომ ვალისგან თავის დაღწევის იოლი გამოსავალი თავის გაკოტრებულად გამოცხადებაა. მეორე მხრივ, კეთილსინდისიერი ადამიანი, ვინც აფასებს ღმერთთან ურთიერთობას, აბრუნებს ვალს, რამდენადაც ეს შესაძლებელია და ამასთანავე, გულუხვია ყველაფერში, რაც აქვს.
6. „ახალგაზრდაც ვიყავი და მოვხუცდი კიდეც, მაგრამ არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული, არც მისი შთამომავლობა — პურს მონატრებული“ (ფსალმუნი 37:25). კაცი, რომელმაც ეს სიტყვები წარმოთქვა, მრავალი უსამართლობის მსხვერპლი გახლდათ. ის დევნილი იყო წლების განმავლობაში, ხან გამოქვაბულებში ათევდა ღამეს, ხან უცხო ქვეყანას აფარებდა თავს. ეს კაცი იყო დავითი, რომელიც მოგვიანებით, ისრაელის მეფე გახდა. მან საკუთარ თავზე გამოსცადა ზემოხსენებული სიტყვების ჭეშმარიტება.
7. „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35). ამ სიტყვების ავტორია ყველაზე დიდებული ადამიანი. „სიხარულისთვის, რომელიც მოელოდა“, იესომ თავისი მიწიერი ცხოვრება სხვების სამსახურს შეალია. დღეს ის ზეცაში უკვდავი სულიერი ქმნილებაა და „ბედნიერი ღმერთის“, იეჰოვას, მარჯვნივ ზის (ებრაელები 12:2; 1 ტიმოთე 1:11).
იმაზე უფრო დიდი მიზანი რა უნდა იყოს, რომ ჰბაძავდე იესოს და ყველაფერს აკეთებდე სხვების დასახმარებლად. ალბათ, ეთანხმებით იმ აზრს, რომ უკეთესია იყო წინდახედული შემნახველი, რათა შეგეძლოს გულუხვად გაცემა, და არ იყო ეგოისტი მხარჯველი.