ყველასთან გამოავლინეთ რბილი ხასიათი
«შეახსენე მათ. . . იყვნენ მშვიდობისმოყვარენი, შემწყნარენი, იჩენდნენ სიმშვიდეს [„რბილი ხასიათი გამოავლინონ“, აქ] ყველა ადამიანის მიმართ» (ტიტე 3:1, 2).
1. რატომ არ არის ყოველთვის ადვილი რბილი ხასიათის გამოვლენა?
„მომბაძეთ მე, როგორც მე — ქრისტეს“, — წერდა მოციქული პავლე (1 კორინთელთა 11:1). ღვთის მსახურები მთელი გულით ცდილობენ ამ რჩევის შესრულებას. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არც ისე ადვილია, რადგან ადამისა და ევასგან ყველამ მემკვიდრეობით მივიღეთ ეგოისტური მისწრაფებები და თვისებები, რომლებიც ქრისტეს მაგალითს არ შეესაბამება (რომაელთა 3:23; 7:21—25). მიუხედავად ამისა, ძალისხმევის შედეგად რბილი ხასიათის განვითარება თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია. ამისათვის საკმარისი არაა საკუთარი ნებისყოფა. კიდევ რა არის საჭირო?
2. როგორ შევძლებთ ყველასთან რბილი ხასიათის გამოვლენას?
2 ღვთის მოსაწონი რბილი ხასიათი სულიწმიდის ნაყოფის ნაწილია. რაც უფრო მეტად დავექვემდებარებით ღვთის მოქმედ ძალას, მით უფრო შესამჩნევი იქნება მისი ნაყოფი. მხოლოდ და მხოლოდ ამგვარად შევძლებთ „ყველა ადამიანის მიმართ“ რბილი ხასიათის გამოვლენას (ტიტე 3:2). მოდი განვიხილოთ, როგორ მივბაძოთ იესოს, რათა სხვებისთვის ჩვენთან ურთიერთობა სასიამოვნო და გამომაცოცხლებელი იყოს (მათე11:29; გალატელთა 5:22, 23).
ოჯახში
3. რა გავლენას ახდენს წუთისოფლის სული ოჯახებზე?
3 რბილი ხასიათი აუცილებელია ოჯახში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ოჯახის წევრების მხრიდან ძალმომრეობა უფრო მეტ საფრთხეს უქმნის ქალების ჯანმრთელობას, ვიდრე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები და მალარია ერთად აღებული. მაგალითად, ლონდონში აღრიცხული ძალადობის ფაქტების მეოთხედი ოჯახის წევრებს შორის ხდება. პოლიციელები ხშირად ხვდებიან ადამიანებს, რომლებიც „ყვირილითა და ლანძღვით“ დაუფარავად გამოხატავენ ემოციებს. უარესი კი ის არის, რომ „გამწარებით“ მეუღლეები იფუჭებენ ერთმანეთთან ურთიერთობას. სამწუხაროდ, ზემოაღნიშნულში „წუთისოფლის სული“ ირეკლება. ამიტომაც ასეთი საქციელი ყოვლად დაუშვებელია ქრისტიანულ ოჯახებში (ეფესელთა 4:31, აქ; 1 კორინთელთა 2:12).
4. რა გავლენას მოვახდენთ ოჯახურ ატმოსფეროზე რბილი ხასიათით?
4 წუთისოფლის ზეგავლენისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ღვთის სულის დახმარება გვესაჭიროება. „სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა“ (2 კორინთელთა 3:17). სიყვარული, სიკეთე, თავშეკავება და სულგრძელობა განამტკიცებს ცოლქმრულ — ორი არასრულყოფილი ადამიანის — კავშირს (ეფესელთა 5:33). რბილი ხასიათის დახმარებით ოჯახში სასიამოვნო ატმოსფეროს ვინარჩუნებთ და თავიდან ვირიდებთ უთანხმოებებსა და შეხლა-შემოხლას, რასაც ბევრი ოჯახისთვის გამოუთხრია ძირი. მართალია, მნიშვნელოვანია, რას ამბობს ადამიანი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორ ამბობს სათქმელს; სწორედ აქ ვლინდება მისი გრძნობები და განწყობა. წყენისა და გულისტკივილის შესახებ აზრის რბილად გამოთქმა დაძაბულობას განმუხტავს. ბრძენმა მეფე სოლომონმა დაწერა: „ტკბილი პასუხი მიაქცევს გულისწყრომას, შეურაცხმყოფელი სიტყვა კი აღაგზნებს რისხვას“ (იგავები 15:1).
5. როგორ დაეხმარება რბილი ხასიათი რელიგიურად დაყოფილ ოჯახებში მცხოვრებ ქრისტიანებს?
5 რბილი ხასიათი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქრისტიანებისთვის, რომლებიც რელიგიურად დაყოფილ ოჯახებში ცხოვრობენ. რბილად მიდგომითა და კარგად მოქცევით შეიძლება მოვიპოვოთ ოჯახის წევრები, რომლებიც იეჰოვას სიტყვისადმი კეთილგანწყობილი არ არიან. პეტრე მოციქულმა ქრისტიან ცოლებს ურჩია: «ასევე ცოლები დაემორჩილონ თავიანთ ქმრებს, რათა ისინი, ვინც არ ერწმუნებიან სიტყვას, სიტყვის გარეშე იყვნენ მოგებულნი თავიანთი ცოლების საქციელით, იხილავენ რა თქვენს უბიწო ქცევას მოშიშობით. თქვენი მშვენება ნუ იქნება გარეგნობა: თმის ნაწნავები, ოქროს სამკაულები ან ჩაცმულობა, არამედ გულის დაფარული კაცი უხრწნელ მყუდროებაში და სულის სიმშვიდეში [„რბილი ხასიათით, აქ], რაც ძვირფასია ღვთის წინაშე» (1 პეტრე 3:1—4).
6. როგორ განამტკიცებს მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობას ერთმანეთისადმი რბილად მოპყრობა?
6 მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობა ზოგჯერ შეიძლება დაიძაბოს, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანს იეჰოვას სიყვარული აკლია. ასეთ შემთხვევაშიც ქრისტიანულ ოჯახებში აუცილებელია ერთმანეთისადმი რბილად მოპყრობა. პავლემ მამებს ურჩია: „ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“ (ეფესელთა 6:4). როდესაც მშობლები და შვილები რბილად ეპყრობიან ერთმანეთს, მათ შორის ურთიერთობა მტკიცდება. დენისი, რომელიც ხუთშვილიან ოჯახში გაიზარდა, მამამისის შესახებ იხსენებს: „მამას რბილი ხასიათი ჰქონდა. არ მახსოვს, ოდესმე გვეჩხუბოს, მაშინაც კი, როდესაც მოზარდი ვიყავი. მამა ყოველთვის რბილად მეპყრობოდა, თუნდაც ჩემი საქციელით უკმაყოფილო ყოფილიყო. მართალია, ზოგჯერ ჩემი ოთახიდან გამოსვლის უფლებას არ მაძლევდა ან დროებით ჩემთვის სასიამოვნო რამის გაკეთებას მიკრძალავდა, მაგრამ არასოდეს მეჩხუბებოდა. ის ჩვენთვის მხოლოდ მამა კი არა, მეგობარიც იყო, ვისი გულის ტკენაც არ გვინდოდა“. რბილად მოპყრობა ნამდვილად განამტკიცებს მშობლებისა და შვილების ურთიერთობას.
სამქადაგებლო მსახურებაში
7, 8. რატომ არის აუცილებელი ქადაგების დროს ხალხთან რბილად ლაპარაკი?
7 რბილი ხასიათი სამქადაგებლო მსახურებაშიც არის საჭირო. სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებისას სხვადასხვა ხასიათის ადამიანებს ვხვდებით. ზოგი სიხარულით ისმენს იმედის მომცემ ცნობას. სხვებს კი ამა თუ იმ მიზეზით უარყოფითი რეაქცია აქვთ. სწორედ ასეთ შემთხვევებში გვეხმარება რბილი ხასიათი და შესაძლებლობას გვაძლევს, შევასრულოთ ჩვენი დავალება — ვიქადაგოთ ქვეყნის კიდემდე (საქმეები 1:8; 2 ტიმოთე 4:5).
8 მოციქულმა პეტრემ დაწერა: «წმიდაჰყავით ქრისტე, როგორც უფალი, თქვენს გულებში და მუდამ მზად იყავით, რომ სიმშვიდით [„რბილად“, აქ] და მოწიწებით უპასუხოთ ყველას, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოგთხოვთ» (1 პეტრე 3:15). რამდენადაც სულითა და გულით ვბაძავთ ქრისტეს, ვცდილობთ ქადაგებისას რბილად და პატივისცემით მოვეპყროთ მათ, ვინც უხეშად გველაპარაკება. ასეთ მოპყრობას ხშირად კარგი შედეგები მოჰყვება ხოლმე.
9, 10. მოიყვანე მაგალითი, რომელიც ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია სირბილე სამქადაგებლო მსახურებაში.
9 როდესაც კითს ოჯახში იეჰოვას მოწმეებმა მიაკითხეს, კარი მისმა ცოლმა გააღო. როგორც კი გაიგო, რომ იეჰოვას მოწმეებთან ჰქონდა საქმე, კითის მეუღლე აღშფოთდა და მოწმეები ბავშვებისადმი სასტიკად მოპყრობაში დაადანაშაულა. ჩვენმა ძმამ სიმშვიდე შეინარჩუნა და რბილად უპასუხა: „სამწუხაროა, რომ ჩვენზე ასეთი წარმოდგენა გაქვთ შექმნილი. თუ შეიძლება, აგიხსნით, რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს“. კითი, რომელიც მათ საუბარს ისმენდა, ამ დროს გამოვიდა და ძმას საუბარი გააწყვეტინა.
10 მოგვიანებით, კითმა და მისმა მეუღლემ ინანეს, უხეშად რომ მოექცნენ სტუმარს. ძმის სიმშვიდემ ორივეზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მათდა გასაოცრად, ერთ კვირაში ძმამ მათ ისევ მიაკითხა. ამჯერად კითმა და მისმა მეუღლემ მას ბიბლიური მრწამსის ახსნის საშუალება მისცეს. ისინი იხსენებენ: „ორი წლის განმავლობაში ვუსმენდით იეჰოვას მოწმეებს“. მათ ბიბლიის შესწავლა დაიწყეს, საბოლოოდ კი თავი მიუძღვნეს იეჰოვას და მოინათლნენ. რა დიდი კურთხევაა ეს იმ ძმისთვის, რომელმაც მათ პირველად მიაკითხა! ის წლების შემდეგ შეხვდა კითსა და მის მეუღლეს, უკვე სულიერ ძმასა და დას. რბილმა ხასიათმა შესანიშნავი ნაყოფი გამოიღო.
11. როგორ ეხმარება მქადაგებლის რბილი ხასიათი ადამიანს ქრისტიანული ჭეშმარიტების მიღებაში?
11 ჰაროლდს ომის დროს თავს გადახდენილმა შემთხვევებმა გული გაუტეხა. მას უკვე ღვთის არსებობაშიც კი ეპარებოდა ეჭვი. ჰაროლდი უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, როდესაც ნასვამი მძღოლის გამო ავარიაში მოყვა და სამუდამოდ დაინვალიდდა. როდესაც სახლში იეჰოვას მოწმეებმა მიაკითხეს, მათ სთხოვა მეტად აღარ მისულიყვნენ. ერთხელაც ერთი იეჰოვას მოწმე, სახელად ბილი, ჰაროლდის მეზობლად მცხოვრებ დაინტერესებულთან უნდა მისულიყო. ბილი შეცდომით ჰაროლდის კარს მიადგა. როდესაც კარი გაიღო და მან ყავარჯნებზე დაყრდნობილი ჰაროლდი დაინახა, მაშინვე მოიბოდიშა და აუხსნა, რომ უბრალოდ კარი შეეშალა. რა რეაქცია ჰქონდა ჰაროლდს? ბილთან შეხვედრამდე მას საინფორმაციო ტელეგადაცემაში ენახა, როგორ ააშენეს იეჰოვას მოწმეებმა საკმაოდ მცირე დროში სამეფო დარბაზი. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოეხდინა ამდენი ხალხის ერთსულოვან შრომას და უკვე სულ სხვა თვალით უყურებდა იეჰოვას მოწმეებს. ჰაროლდზე არანაკლები შთაბეჭდილება მოახდინა ბილის თავაზიანმა მობოდიშებამ და რბილმა ხასიათმა. მან გადაწყვიტა, მოესმინა მოწმეებისთვის; ბიბლიის შესწავლა დაიწყო, სულიერად გაიზარდა, მოინათლა და იეჰოვას მსახური გახდა.
კრებაში
12. წუთისოფლის ხალხისგან განსხვავებით, რას უნდა მოვერიდოთ ქრისტიანული კრების წევრები?
12 რბილი ხასიათი ქრისტიანულ კრებაშიც უნდა გამოვავლინოთ. დღევანდელ საზოგადოებაში ხშირია კონფლიქტური სიტუაციები. ურთიერთდაპირისპირება, კამათი და დავა ბუნებრივია მათთვის, ვინც ცხოვრებას წუთისოფლის თვალით უყურებს. დროდადრო წუთისოფლის ხალხისთვის დამახასიათებელი უარყოფითი თვისებები კრებაშიც აღწევს, რაც ზოგჯერ ქრისტიანთა სიტყვიერ ურთიერთდაპირისპირებაში გამოიხატება. პასუხისმგებელი ძმები წუხან, როდესაც კრებაში ასეთი სიტუაციაა. მაგრამ იეჰოვასა და სულიერი ძმების სიყვარული მათ აღძრავს, შეეცადონ შემცოდველთა კვლავ მოპოვებას (გალატელთა 5:25, 26).
13, 14. რა შედეგებს მოგვიტანს უარყოფითად განწყობილებთან რბილად მიდგომა?
13 პირველ საუკუნეში პავლესა და მის თანამსახურ ტიმოთეს ზოგჯერ პრობლემები კრების წევრების მხრიდან ექმნებოდათ. პავლე აფრთხილებდა ტიმოთეს, რომ იყვნენ ძმები, რომლებიც „არასაპატიო მიზნისთვის“ (აქ) განკუთვნილ ჭურჭელს ჰგავდნენ. «მონას ღვთისას კი არ მართებს ჩხუბი, — თქვა პავლემ, — არამედ წყნარი [„თავაზიანი“, აქ] უნდა იყოს ყველას მიმართ, დამმოძღვრავი, შემწყნარე [„თავშეკავებული“, აქ]. სიმშვიდით [„რბილად“, აქ] არწმუნებდეს მოწინააღმდეგეთ». როდესაც დაძაბული სიტუაციების დროსაც კი რბილ ტონს ვინარჩუნებთ, უარყოფითად განწყობილ ადამიანს ხშირად ეცვლება ჩვენზე წარმოდგენა. უფრო მეტიც, პავლეს სიტყვების თანახმად, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, „მისცეს მათ უფალმა მონანიება ჭეშმარიტების შესაცნობად“ (2 ტიმოთე 2:20, 21, 24, 25). საყურადღებოა, რომ პავლემ რბილი ხასიათი თავაზიანობასა და თავშეკავებულობას დაუკავშირა.
14 პავლე თვითონაც იყენებდა პირად ცხოვრებაში იმას, რასაც ქადაგებდა. კორინთის კრებაში მყოფი „ესოდენ მაღალი მოციქულების“ შესახებ მსჯელობისას ის ძმებს შეაგონებდა: «თვითონ მე, პავლე, რომელიც პირისპირ მყოფი თქვენ შორის თავმდაბალი ვარ, ხოლო შორით — კადნიერი თქვენს მიმართ, მოგიწოდებთ ქრისტეს სიმშვიდით [„რბილი ხასიათითა“, აქ] და სიკეთით» (2 კორინთელთა 10:1; 11:5). პავლე ნამდვილად ბაძავდა ქრისტეს. ყურადღება მიაქციეთ, რომ ის ძმებს „ქრისტეს რბილი ხასიათით“ შეაგონებდა. ამგვარად, მას არ ჰქონდა დესპოტური და მბრძანებლური ტონი. მისი შეგონება უეჭველად დადებითად იმოქმედებდა გულით მორჩილ ქრისტიანებზე. პავლემ განმუხტა დაძაბული სიტუაცია და საფუძველი ჩაუყარა კრების მშვიდობასა და ერთობას. განა თითოეული არ უნდა შევეცადოთ ამას? უხუცესებმა განსაკუთრებით უნდა მიბაძონ ქრისტესა და პავლეს.
15. რატომ არის საჭირო რჩევის რბილად მიცემა?
15 ცხადია, თანაქრისტიანებს ყოველთვის უნდა დავეხმაროთ და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმე კრებაში მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებას ეხება. ძმებს სიყვარულით დახმარება მანამდე სჭირდებათ, ვიდრე მათ შორის ურთიერთობა დაიძაბება. «ძმებო! თუ კაცი რაიმე შეცოდებაში ჩავარდება, თქვენ, სულიერებმა, გამოასწორეთ იგი თავმდაბლობის სულით [„შეეცადეთ, მას რბილად მიუდგეთ და გამოასწოროთ“, აქ]», — შეაგონებდა ძმებს პავლე. მაშ, როგორ უნდა გამოესწორებინათ შემცოდველი? რბილად მიდგომით. გარდა ამისა, პავლემ ძმებს ურჩია: „გაფრთხილდი, რომ შენც არ ჩავარდე განსაცდელში“ (გალატელთა 6:1). ყოველთვის ადვილი არ არის ‘რბილად მიდგომა’, რადგან თითოეულ ქრისტიანზე — მასზეც კი, ვისაც სერიოზული პასუხისმგებლობა აქვს დაკისრებული — გავლენას ახდენს ცოდვილი ბუნება. მიუხედავად ამისა, მხოლოდ რბილად მიდგომა დაეხმარება ადამიანს გამოსწორებაში.
16, 17. როგორი მიდგომაა ეფექტური მაშინ, როდესაც ვინმეს რჩევის მიღება უჭირს?
16 ბერძნული ზმნა, რომელიც ნათარგმნია, როგორც „გამოასწორეთ“, მოტეხილობისას ძვლების შეერთებასთან დაკავშირებითაც გამოიყენება. ეს პროცედურა მტკივნეულია. მზრუნველი ექიმი ამ დროს პაციენტს აწყნარებს და ეუბნება, რომ პროცედურა კი მტკივნეულია, მაგრამ შედეგი ღირს ტკივილის ატანად. მისი სიმშვიდე ავადმყოფსაც ამშვიდებს. რამდენიმე გამამხნევებელი სიტყვა პაციენტს მდგომარეობას უმსუბუქებს. არანაკლებ მტკივნეულია სულიერი განკურნების პროცესი — გამოსწორება. რბილად მიდგომა ამ პროცესს ნაკლებად მტკივნეულს გახდის, ხელს შეუწყობს სასიამოვნო ურთიერთობების აღდგენას და შემცოდველს გამოსწორებაში დაეხმარება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქრისტიანს თავიდან რჩევის მიღება უჭირს, რბილად მიდგომამ შეიძლება მას ბიბლიური რჩევის გამოყენების აუცილებლობა დაანახვოს (იგავები 25:15).
17 როდესაც თანამორწმუნეებს გამოსწორებაში ვეხმარებით, ყოველთვის სიფრთხილეა საჭირო, რომ მათ რჩევა კრიტიკად არ მიიღონ. ამის შესახებ ერთმა მწერალმა დაწერა: „ისე არასოდეს გვემუქრება თავდაჯერებულობის საფრთხე და, ამიტომაც, ისე არასოდეს გვესაჭიროება თავმდაბლობა, როგორც რჩევის მიცემისას“. თავმდაბლობიდან გამომდინარე რბილი ხასიათის განვითარება დაეხმარება ქრისტიანს რჩევის მიცემისას ამ საშიშროების არიდებაში.
„ყველა ადამიანის მიმართ“
18, 19. ა) რატომ შეიძლება გაუჭირდეთ ქრისტიანებს თანამდებობის პირებთან რბილად ლაპარაკი? ბ) რა დაეხმარება ქრისტიანებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან რბილი ხასიათის გამოვლენაში და რა შეიძლება მოჰყვეს ამას?
18 ბევრისთვის რთულია თანამდებობის პირებთან რბილად ლაპარაკი. არავინ უარყოფს იმას, ზოგი თანამდებობის პირი ზედმეტად მკაცრია და სხვების მიმართ თანაგრძნობას არ ავლენს (ეკლესიასტე 4:1; 8:9). მიუხედავად ამისა, იეჰოვას სიყვარული დაგვეხმარება, ვაღიაროთ მისი უზენაესი ხელისუფლება და თანამდებობის პირთა მიმართ პირობითი მორჩილება გამოვავლინოთ (რომაელთა 13:1, 4; 1 ტიმოთე 2:1, 2). მაშინაც კი, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ შეზღუდონ იეჰოვასადმი საჯაროდ თაყვანისცემა, ჩვენ ვეძებთ სხვა გზებს ქების მსხვერპლის შესაწირავად (ებრაელთა 13:15).
19 ქრისტიანისთვის ნებისმიერ სიტუაციაში გაუმართლებელია აგრესიულობა. ჩვენ ვცდილობთ გონივრულად მოვიქცეთ, მაგრამ არასოდეს ვთმობთ სამართლიან პრინციპებს. სწორედ ასეთი პოზიციის წყალობით მიაღწიეს ჩვენმა და-ძმებმა წარმატებას მსოფლიოს 234 ქვეყანაში მსახურებისას. პავლე ქრისტიანებს ურჩევს, «დაემორჩილონ და მოუსმინონ განმგებელთ და ხელისუფალთ, მზად იყვნენ ყოველგვარი კეთილი საქმისათვის. არავინ დაძრახონ, იყვნენ მშვიდობისმოყვარენი, შემწყნარენი, იჩენდნენ სიმშვიდეს [„რბილი ხასიათი გამოავლინონ“, აქ] ყველა ადამიანის მიმართ» (ტიტე 3:1, 2).
20. როგორ აკურთხებს ღმერთი მათ, ვისაც რბილი ხასიათი აქვს?
20 უხვად კურთხეული იქნება ყველა, ვინც რბილ ხასიათს გამოავლენს. «ნეტარ არიან თვინიერნი [„რბილი ხასიათისანი, აქ], — თქვა იესომ, — ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას» (მათე 5:5). ქრისტეს სულით ცხებული ძმებისთვის რბილი ხასიათის შენარჩუნება ბედნიერების გარანტიაა და აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მათ ღვთის სამეფოში იმმართველონ. რაც შეეხება „უამრავ ხალხს“, ისინი რბილი ხასიათის გამოვლენას განაგრძობენ და სულითა და გულით ელიან იმ დროს, როდესაც დედამიწაზე სამოთხეში იცხოვრებენ (გამოცხადება 7:9; იოანე 10:16; ფსალმუნები 36:11). რა შესანიშნავი პერსპექტივა გვაქვს! მაშ, ნურასოდეს უგულებელვყოფთ ეფესოში მცხოვრები ქრისტიანებისთვის პავლეს მიერ მიცემულ რჩევას: «ამიტომ შეგაგონებთ, მე, პატიმარი უფალში, მოიქცეთ იმ მოწოდების ღირსად, რომელშიც მოწოდებულნი ხართ, მთელი თავმდაბლობით, სიმშვიდით [„რბილი ხასიათით“, აქ]» (ეფესელთა 4:1, 2).
გამეორება
• რა დადებით შედეგებს მივაღწევთ, თუ რბილ ხასიათს გამოვავლენთ
• ოჯახში?
• სამქადაგებლო მსახურებაში?
• კრებაში?
• როგორ გვაკურთხებს ღმერთი, თუ რბილი ხასიათი გვექნება?
[სურათი 21 გვერდზე]
რბილი ხასიათი განსაკუთრებით რელიგიურად დაყოფილ ოჯახებშია საჭირო.
[სურათი 21 გვერდზე]
რბილი ხასიათი განამტკიცებს ოჯახურ კავშირებს.
[სურათი 23 გვერდზე]
რბილად და პატივისცემით აუხსენი შენი პოზიცია მოწინააღმდეგეებს.
[სურათი 24 გვერდზე]
რბილად მიცემული რჩევა ქრისტიანს გამოსწორებაში დაეხმარება.