რომაელების მიმართ
3 მაშ, რა უპირატესობა აქვს იუდეველობას ან წინადაცვეთილობას? 2 ყოველმხრივ დიდი! უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ მათ მიენდოთ ღვთის წმინდა სიტყვები.+ 3 მაგრამ მათზე რაღა ვთქვათ, ვინც რწმენა არ გამოავლინა?! განა მათი ურწმუნოება ძალას დაუკარგავს ღვთის სანდოობას? 4 არავითარ შემთხვევაში! ყველა კაცმაც რომ იცრუოს,+ ღმერთი მაინც მართალი იქნება,+ როგორც დაწერილია: „რათა მართალი იყო შენს სიტყვებში და შენი სიმართლით გაიმარჯვო გასამართლებისას“.+ 5 თუ ჩვენი უმართლო საქმეები ღვთის სიმართლეს წარმოაჩენს, მაშ, უსამართლოა ღმერთი, როცა ასეთი საქმეების გამო გვირისხდება?! (ადამიანურად ვმსჯელობ). 6 არავითარ შემთხვევაში! თუ ღმერთი უსამართლოა, მაშ, როგორ გაასამართლებს ქვეყნიერებას?!+
7 მაგრამ, თუკი სიცრუით ღვთის სიმართლეს წარმოვაჩენ მის სადიდებლად, რატომღა უნდა გავსამართლდე როგორც ცოდვილი?! 8 მაშ, ვთქვათ ის, რის თქმასაც ზოგიერთები გვაბრალებენ, მოდი ცუდი ვაკეთოთ, რომ კარგი გამოვიდესო. ასეთები სამართლიანად დაიტეხენ სასჯელს.+
9 განა ეს იმას ნიშნავს, რომ სხვებზე უკეთესად გვაქვს საქმე? არამც და არამც! ჩვენ ხომ უკვე ავხსენით, რომ იუდეველებიცა და ბერძნებიც ცოდვის ტყვეობაში არიან;+ 10 დაწერილია კიდეც: „აღარავინ არის მართალი, აღარავინ,+ 11 არავინაა გამჭრიახი, არავინ ეძებს ღმერთს. 12 გზას ასცდნენ, არაფრად ვარგიან. არავინ აკეთებს სიკეთეს, არავინ“,+ 13 „მათი ყელი ღია სამარხია, ცრუა მათი ენა“,+ „ასპიტის შხამი აქვთ ბაგეზე“,+ 14 „პირი წყევლითა და ღვარძლით აქვთ სავსე“,+ 15 „სისხლის დასაღვრელად მიეჩქარებათ“,+ 16 „დაქცევა და უბედურებაა მათ გზებზე 17 და არ იციან მშვიდობის გზა“,+ 18 „მათთვის უცხოა ღვთის შიში“.+
19 ვიცით, რომ ყოველივეს, რასაც კანონი ამბობს, კანონს დაქვემდებარებულთათვის ამბობს, რათა ყველა დადუმდეს და მთელ ქვეყნიერებას მსჯავრი დაედოს ღვთისგან.+ 20 კანონის საქმეებით ვერავინ გამართლდება მის წინაშე,+ რადგან კანონის მეშვეობით ვწვდებით ცოდვის არსს.+
21 ახლა კი ცხადი გახდა, რომ კანონის დაცვის გარეშე შეიძლება ღვთის თვალში გამართლება,+ რასაც მოწმობს კანონიც და წინასწარმეტყველთა წიგნებიც.+ 22 დიახ, ღვთის თვალში მართლად ჩაითვლება განურჩევლად ყველა მორწმუნე იესო ქრისტესადმი რწმენის მეშვეობით, რადგან არ არსებობს განსხვავება მათ შორის;+ 23 ყველამ შესცოდა და ვეღარ ირეკლავენ ღვთის დიდებას.+ 24 მართლებად რომ ჩაითვალნენ, ეს ძღვენია;+ მისმა წყალობამ+ გაათავისუფლა ისინი ქრისტე იესოს მიერ გადახდილი გამოსასყიდით.+ 25 ღმერთმა ის შერიგების შესაწირავად აქცია+ და ეს შერიგება მისი სისხლისადმი რწმენით მიიღწევა.+ ღმერთი ასე იმიტომ მოიქცა, რომ წარმოეჩინა თავისი სიმართლე, რადგან იგი წარსულში მცხოვრებთ თავისი დიდსულოვნებით პატიობდა ჩადენილ ცოდვებს, 26 აგრეთვე იმიტომ, რომ ჩვენს დროშიც ეჩვენებინა თავისი სიმართლე+ და მაშინაც მართალი ყოფილიყო, როცა გაამართლებდა მათ, ვისაც იესო სწამს.+
27 მაშ, რაღა გვაქვს საამაყო? არც არაფერი! რომელი კანონით ვიამაყოთ? იმ კანონით, საქმეებს რომ მოითხოვს?+ არა, რწმენის კანონით, 28 რადგან ვფიქრობთ, რომ ადამიანი რწმენით მართლდება და არა კანონით დადგენილი საქმეებით.+ 29 განა მხოლოდ იუდეველების ღმერთია იგი?+ განა უცხოტომელებისაც არა?+ დიახ, უცხოტომელებისაც!+ 30 ერთია ღმერთი,+ ამიტომ ის წინადაცვეთილებსაც და წინადაუცვეთელებსაც+ რწმენის საფუძველზე გაამართლებს.+ 31 განა რწმენით კანონს ვაუქმებთ? არავითარ შემთხვევაში! პირიქით, ვასრულებთ მას!+