დარწმუნების ხელოვნებით ადამიანების გულებში შეღწევა
მრავალი ადამიანი სიტყვა „დარწმუნებას“ ეჭვის თვალით უყურებს. შესაძლოა, ის მათ აბეზარ გამყიდველს ან რეკლამებს აგონებთ, რომლებიც მომხმარებლის შეცდომაში შესაყვანად ან მათზე ზემოქმედების მოსახდენადაა გამიზნული. ბიბლიაშიც კი ამ სიტყვას ზოგჯერ უარყოფითი მნიშვნელობა აქვს და გამხრწნელ თუ დამაბნეველ საქმეებზე მიუთითებს. მაგალითად, ქრისტიანი მოციქული პავლე გალატელებს წერდა: „კეთილად რბოდით და ვინ დაგაბრკოლათ, რომ არ დაემორჩილოთ ჭეშმარიტებას? ეს დარწმუნება იმისაგან არ არის, ვინც თქვენ მოგიწოდებთ“ (გალატელთა 5:7, 8). პავლე კოლასელებსაც მოუწოდებდა, არავის ‘შეეცდინა ისინი დამაჯერებელი სიტყვებით’ (კოლასელთა 2:4, აქ). ასეთი დარწმუნება დამოკიდებულია ჭკვიანურ არგუმენტებზე, რომლებიც ცრუ საფუძვლებზეა აგებული.
მაგრამ ტიმოთესთვის მიწერილ მეორე წერილში მოციქულმა პავლემ ეს სიტყვა სულ სხვა მნიშვნელობით გამოიყენა. ის წერდა: „იდექ იმაზე, რაც გისწავლია და რაც გირწმუნია, ვინაიდან იცი, ვისგან გისწავლია“ (2 ტიმოთე 3:14). ვინაიდან ტიმოთე ‘დარწმუნებული’ იყო, მის მოქმედებას არ წარმართავდნენ დედამისი და ბებიამისი, ვისგანაც მან ბიბლიური ჭეშმარიტება ისწავლა (2 ტიმოთე 1:5)a.
როდესაც პავლე რომში შინაპატიმრობაში იყო, მრავალს უმოწმებდა საფუძვლიანად: „არწმუნებდა მათ და. . . ღვთის სასუფეველზე და იესოს შესახებ უდასტურებდა მოსეს რჯულიდან და წინასწარმეტყველთაგან“ (საქმეები 28:23). შეცდომაში შეჰყავდა პავლეს მსმენელები? არავითარ შემთხვევაში! როგორც ვხედავთ, აშკარაა, რომ დარწმუნება ყოველთვის ცუდი არ არის.
დადებითი მნიშვნელობით ბერძნული სიტყვის ფუძე, რომელიც „დარწმუნებად“ გადმოითარგმნა, ძირითადად დაჯერებას, მტკიცე, ლოგიკური მსჯელობის საფუძველზე აზროვნების შეცვლას ნიშნავს. მასწავლებელს ამგვარად შეუძლია საღვთო წერილის საფუძველზე დარწმუნების უნარის გამოყენებით სხვები ბიბლიურ ჭეშმარიტებებში დააჯეროს (2 ტიმოთე 2:15). მართლაც, ეს დამახასიათებელი იყო პავლეს მსახურებისთვის. ვერცხლის მჭედელმა დიმიტრიმაც კი, რომელიც ქრისტიანულ მოძღვრებას ცრუ სწავლებად მიიჩნევდა, აღნიშნა, რომ «არა მარტო ეფესოში, არამედ თითქმის მთელ აზიაში ამ პავლემ თავისი დარწმუნებით ამდენი ხალხი შეაცდინა [„ამდენი ხალხი დაარწმუნა“, აქ]. ასე ამბობს: ადამიანთა ხელითქმნილნი არ არიანო ღმერთები» (საქმეები 19:26).
დარწმუნების უნარის მსახურებაში გამოყენება
იესო ქრისტემ თავის მიმდევრებს უთხრა: „წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე საუკუნის დასასრულამდე“ (მათე 28:19, 20). იეჰოვას მოწმეები 230-ზე მეტ ქვეყანაში ასრულებენ ამ დავალებას. ისინი 1997 სამსახურებრივი წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში ყოველთვიურად საშუალოდ ბიბლიის 4 552 589 საშინაო შესწავლას ატარებდნენ.
თუ ბიბლიის საშინაო შესწავლას ატარებ, შეიძლება ისეთ სირთულეებს წააწყდე, რომლებიც დარწმუნებაში დახელოვნებულობას მოითხოვს. მაგალითად, წარმოიდგინე, რომ მომდევნო შესწავლაზე სამებასთან დაკავშირებით წამოიჭრება კითხვა. რას გააკეთებ, თუ იცი, რომ დაინტერესებულს სწამს ეს დოგმატი? შეგიძლია მისცე პუბლიკაცია, რომელშიც ეს საკითხია განხილული. მისი წაკითხვის შემდეგ ის შეიძლება დარწმუნდეს, რომ ღმერთი და იესო სხვადასხვა პიროვნებები არიან. მაგრამ, თუ გარკვეული კითხვები მაინც რჩება უპასუხოდ, როგორ შეგიძლია საქმის ბოლომდე მიყვანა?
ყურადღებით უსმინე. ეს დაგეხმარება განსაზღვრო, თუ რა სწამს დაინტერესებულს ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგალითად, თუ დაინტერესებული ამბობს: „მე სამება მწამს“, მაშინვე შეგიძლია ამ დოგმატის უარსაყოფად ბიბლიური საუბრის წამოწყება, მაგრამ გაითვალისწინე, რომ სამება სხვადასხვაგვარად სწამთ. დაინტერესებულს შეიძლება სრულიად განსხვავებული მრწამსი ჰქონდეს სამების დოგმატთან დაკავშირებით, ვიდრე შენ წარმოგიდგენია. იმავეს თქმა შეიძლება სხვა მრწამსების, მაგალითად გარდასახვის, სულის უკვდავების ან ხსნის შესახებ. ამიტომ სანამ რამეს იტყვი, ყურადღებით უსმინე. ნუ დაიწყებ იმის ვარაუდს, თუ რა სწამს დაინტერესებულს (იგავნი 18:13).
დაუსვი კითხვები. შეიძლება დაუსვა შემდეგი კითხვები: „ყოველთვის გწამდათ სამება? ოდესმე ღრმად შეგისწავლიათ ყველაფერი, რასაც ბიბლია ამბობს ამ საკითხთან დაკავშირებით? თუ ღმერთი სამერთიანია, განა მისი სიტყვა, ბიბლია, ნათლად და პირდაპირ არ გვეტყოდა ამის შესახებ?“ სწავლებისას შემსწავლელი პერიოდულად შეაჩერე და ჰკითხე: „არის თუ არა თქვენთვის საკმაოდ დამაჯერებელი ის რაც გავიარეთ? „ეთანხმებით თუ არა ამ განმარტებას?“ კითხვების მარჯვედ დასმით დაინტერესებულს სწავლის პროცესში რთავ. ის შენს მიერ ახსნილ საკითხს მხოლოდ პასიურად არ უნდა ისმენდეს.
გამოიყენე ლოგიკური მსჯელობა. მაგალითად, დაინტერესებულთან სამების დოგმატზე საუბრისას შეგიძლია უთხრა: «იესოს მონათვლისას ზეციდან მოისმა ხმა: „შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე“. თუ ღმერთი დედამიწაზე მოინათლა, განა მისი ხმა ჯერ ზეცაში ავიდოდა და მერე უკან დაბრუნდებოდა, რომ ეს სიტყვები დედამიწაზე მოესმინათ? განა ეს შეცდომაში შემყვანი არ იქნებოდა? განა შეეძლო ‘უტყუარ’ ღმერთს ასე შეცდომაში შეეყვანა ვინმე?» (ლუკა 3:21, 22; ტიტე 1:1, 2).
ლოგიკური მსჯელობა ტაქტიანობასთან ერთად ხშირად საკმაოდ ეფექტურია. განვიხილოთ ერთი ქალის შემთხვევა, რომელსაც ბარბარას დავარმევთ. მთელი ცხოვრების განმავლობაში მას სწამდა, რომ იესო ღმერთი იყო და სულიწმიდასთან ერთად სამების ნაწილს წარმოადგენდა. მაგრამ შემდეგ იეჰოვას მოწმემ უთხრა, რომ ღმერთი და იესო ორი სხვადასხვა პიროვნებაა, და ბიბლიაში უჩვენა ამ სიტყვების დამამტკიცებელი მუხლებიb. ბარბარას არ შეეძლო ბიბლიის უარყოფა. ამავე დროს, ის იმედგაცრუებული დარჩა. სამების დოგმატი ხომ მისთვის ასე ძვირფასი იყო.
იეჰოვას მოწმე აუღელვებლად მსჯელობდა ბარბარასთან. მან ჰკითხა:
— თუ ეცდებოდით, ჩემთვის გესწავლებინათ, რომ ეს ორი პიროვნება თანასწორია, ოჯახური ურთიერთობიდან რას გამოიყენებდით ამის თვალსაჩინო მაგალითად?
ის წამით ჩაფიქრდა და უპასუხა:
— შეიძლება ორი ძმის მაგალითი გამომეყენებინა.
— სწორია, — აღნიშნა ძმამ. — შესაძლოა, ტყუპებისაც კი. მაგრამ, როდესაც იესო გვასწავლიდა, რომ ღმერთი იყო მამა, ხოლო თვითონ ძე, რის თქმა სურდა მას?
— მივხვდი, — წამოიძახა ბარბარამ და თვალები გაუფართოვდა. — ის ერთ-ერთს უფროსად, მეტი ძალაუფლების მქონე პიროვნებად, მიიჩნევს.
— დიახ, — უპასუხა მოწმემ, — და განსაკუთრებით ამ დასკვნამდე მივიდოდნენ იესოს იუდეველი მსმენელები, რომლებიც პატრიარქალურ საზოგადოებაში ცხოვრობდნენ.
ამ აზრის ხაზგასმის მიზნით მოწმემ საუბარი შემდეგი დასკვნით დაასრულა: „თუ ჩვენ თანასწორობის დასამტკიცებლად გამოვიყენეთ ასეთი შესაფერისი თვალსაჩინო მაგალითი — ძმების ან ტყუპების შესახებ — რა თქმა უნდა, იესოც, დიდებული მასწავლებელიც, გააკეთებდა ამას. იესომ კი, ნაცვლად ამისა, ღმერთსა და თავის შორის ურთიერთობის აღწერისას გამოიყენა სიტყვები „მამა“ და „ძე“.
ბარბარამ საბოლოოდ გაიგო საკითხი და მიიღო სწორი სწავლება. მისი გული დარწმუნების ხელოვნებამ აღძრა.
ემოციებთან გამკლავება
როდესაც საქმე გვაქვს ღრმად ფესვებგადგმულ რელიგიურ მრწამსთან, ხშირად ემოციური მხარეებიც მოქმედებს. განვიხილოთ ედნას, ერთგული კათოლიკეს, შემთხვევა. მოზარდმა შვილიშვილებმა იმის აშკარა ბიბლიური მტკიცება წარუდგინეს, რომ ღმერთი და იესო სხვადასხვა პიროვნებები არიან. ედნამ გაიგო ნათქვამი. მიუხედავად ამისა, მან თბილად, მაგრამ მტკიცედ განაცხადა: „მე მწამს წმინდა სამება“.
შესაძლოა, მსგავსი ამბავი შენც გადაგხდენია. მრავალს შესისხლხორცებული აქვს თავისი რელიგიის დოგმატები. ასეთი დაინტერესებულის დასაწრმუნებლად მხოლოდ ცივი ლოგიკა ან მისი თვალსაზრისის მცდარობის დამადასტურებელი მთელი რიგი ბიბლიური მუხლებიც კი არ კმარა. ასეთ მდგომარეობასთან გამკლავება დარწმუნებაში დახელოვნებულობის თანაგრძნობასთან შერწყმითაა შესაძლებელი (შეადარე რომაელთა 12:15; კოლასელთა 3:12). ფაქტია, დახელოვნებული მასწავლებელი მტკიცედ დაჯერებული უნდა იყოს. მაგალითად, პავლე იყენებდა ასეთ ფრაზებს: „მწამს“, „მე ვიცი და მწამს უფალ იესოში“ (რომაელთა 8:38; 14:14). მაგრამ ჩვენი მრწამსის გამოხატვისას არ უნდა ვიყოთ დოგმატიკურები; ბიბლიური ჭეშმარიტებების წარდგენისას ჩვენი ხმის ტონში არ უნდა ჩანდეს თვითკმაყოფილება და არც სარკასტული ან დამამცირებლები უნდა ვიყოთ. ჩვენ ნამდვილად არ გვსურს, ვაწყენინოთ ან შეურაცხყოფა მივაყენოთ დაინტერესებულს (იგავნი 12:18).
ბევრად უფრო წარმატების მომტანია, თუ პატივისცემას ვავლენთ დაინტერესებულის მრწამსისადმი და გვესმის, რომ მას აქვს უფლება, რაც უნდა ის სწამდეს. მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავმდაბლობა. მოკრძალებული მასწავლებელი არასოდეს არ ფიქრობს, რომ მოსწავლეზე უპირატესობა მემკვიდრეობით აქვს მიღებული (ლუკა 18:9–14; ფილიპელთა 2:3, 4). ღვთისმოსაწონი დარწმუნების ხელოვნებაში შედის თავმდაბლობა, რომელიც, ფაქტობრივად, ამბობს: „იეჰოვა გულმოწყალედ დამეხმარა ყოველივე ამის გაგებაში. ნება მიბოძეთ, ეს ცოდნა თქვენც გაგიზიაროთ“.
პავლემ კორინთელ თანაქრისტიანებს მისწერა: „ჩვენი საბრძოლო იარაღი ხორციელი არ არის, არამედ არის ღვთიური ძლიერება სიმაგრეთა დასანგრევად. იმით ვამხობთ ზრახვებს და ყოველ სიმაღლეს, რომელიც აღმართულია ღვთის შემეცნების წინააღმდეგ, ვატყვევებთ ყოველგვარ აზრს ქრისტესთვის დასამორჩილებლად“ (2 კორინთელთა 10:4, 5). დღეს იეჰოვას მოწმეები ღვთის სიტყვას იყენებენ, რათა სძლიონ ღრმად ფესვებგადგმულ ცრუ დოგმატებს, მტკიცედ დამკვიდრებულ ჩვეულებებსა და ისეთ პიროვნულ თვისებებს, რომლებიც ღმერთს არ მოსწონს (1 კორინთელთა 6:9–11). მოწმეებს ახსოვთ, რომ, როდესაც ასე იქცევიან, იეჰოვა სიყვარულით აღსავსე მოთმინებით ეკიდება მათ. რა ბედნიერები არიან ისინი, რადგან აქვთ მისი სიტყვა, ბიბლია, და ამ მძლავრ იარაღს იყენებენ ცრუ სწავლებების ამოსაძირკვად და დარწმუნების ხელოვნებით მსმენელთა გულებში შესაღწევად.
[სქოლიოები]
a სტატია „ევნიკე და ლოისი — სამაგალითო აღმზრდელები“, იხილე ამავე ნომერში გვერდები 7–9.
b იხილე იოანე 14:28; კოლასელთა 1:13–15. მეტი ინფორმაციისთვის იხილე საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ გამოცემული ბროშურა „უნდა გწამდეს სამება?“.
[ჩარჩო 23 გვერდზე]
შეეხე დაინტერესებულის გულს
◻ ილოცე იეჰოვას ხელმძღვანელობისთვის, რათა დაინტერესებულის გულს შეეხო (ნეემია 2:4, 5; ესაია 50:4).
◻ გაიგე, რა სწამს დაინტერესებულს და რატომ მიაჩნია მას ეს ცრუ მრწამსი მისაღებად (საქმეები 17:22, 23).
◻ თავაზიანად, მოთმინებით ააგე ლოგიკური ბიბლიური არგუმენტაცია და, ამავე დროს, შეინარჩუნე საერთო ენა (საქმეები 17:24–34).
◻ თუ შესაძლებელია, ბიბლიური ჭეშმარიტებები ეფექტური თვალსაჩინო მაგალითებით განამტკიცე (მარკოზი 4:33, 34).
◻ დაინტერესებულს აჩვენე, რომ ზუსტ ბიბლიურ შემეცნებას სარგებლობა მოაქვს (1 ტიმოთე 2:3, 4; 2 ტიმოთე 3:14, 15).