თქვენი რწმენა იცდება
„ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როდესაც სხვადასხვა განსაცდელში ცვივდებით. რაკი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა მოთმინებას შობს“ (იაკობი 1:2, 3).
1. რატომ უნდა მოელოდნენ ქრისტიანები რწმენის გამოცდას?
ჭეშმარიტ ქრისტიანებს არ აქვთ ტანჯვის სურვილი და ტკივილისა თუ დამცირებისგან სიამოვნებას არ ღებულობენ. და მაინც, მათ ახსოვთ იესოს ნახევარძმის, იაკობის, ზემოხსენებული სიტყვები. ქრისტემ თავის მოწაფეებს ნათლად აუხსნა, რომ ღვთის ნორმებით ცხოვრების გამო დევნასა და სხვა წინააღმდეგობებს შეხვდებოდნენ (მათე 10:34; 24:9–13; იოანე 16:33). მიუხედავად ამისა, ასეთი გამოცდები შეიძლება სიხარულის მიზეზი იყოს. როგორ?
2. ა) რა მხრივ წარმოადგენს რწმენის გამოცდა სიხარულის მიზეზს? ბ) როგორ არის შესაძლებელი, რომ მოთმინებას ჰქონდეს სრულყოფილი მოქმედება ჩვენს შემთხვევაში?
2 ძირითადი მიზეზი, თუ რატომ გვიხარია განსაცდელისა და რწმენის გამოცდის დროს, ის არის, რომ ამას კარგი ნაყოფის გამოღება შეუძლია. იაკობის თანახმად, გამოცდებისა და დაბრკოლებების გადატანა „მოთმინებას შობს“. ამ ძვირფასი ქრისტიანული თვისების განვითარება ჩვენთვის სასარგებლო. იაკობმა დაწერა: „მოთმინებას კი ჰქონდეს სრულყოფილი მოქმედება, რათა იყოთ სრულქმნილნი, წუნდაუდებელნი და ყოველგვარი ნაკლის გარეშე“ (იაკობი 1:4). მოთმინებამ უნდა ‘იმოქმედოს’. მან ყოველმხრივ სრულქმნილი უნდა გაგვხადოს და მოწიფულ ქრისტიანად ჩამოყალიბებაში დაგვეხმაროს. აქედან გამომდინარე, თუ არაბიბლიური გზებით არ ვეცდებით განსაცდელებისგან თავის სწრაფად დაღწევას, ჩვენი რწმენა გამოიცდება და უფრო მეტად განმტკიცდება. თუ არ ვავლენთ მოთმინებას, თანაგრძნობას, სიკეთესა და სიყვარულს სხვადასხვა ვითარებებში ან სხვების მიმართ, მოთმინება ამ მხრივაც გაგვაუმჯობესებს. დიახ, შედეგი შემდეგნაირია: გამოცდები წარმოშობს მოთმინებას; მოთმინება განამტკიცებს ქრისტიანულ თვისებებს; ეს ყოველივე კი სიხარულის მიზეზს წარმოადგენს (1 პეტრე 4:14; 2 პეტრე 1:5–8).
3. რატომ არ უნდა ავარიდოთ შიშით თავი განსაცდელებსა და რწმენის გამოცდას?
3 მოციქულმა პეტრემაც ხაზგასმით აღნიშნა, თუ რატომ არ უნდა გვეშინოდეს და რატომ არ უნდა ვარიდებდეთ თავს რწმენის გამოცდას. ის წერდა: „ამაზე ილხინეთ, თუმცა ამჟამად სხვადასხვა განსაცდელში მცირედ უნდა გაწვალდეთ. რათა გამოჩნდეს თქვენი ნაცადი რწმენა ხრწნად ოქროზე ძვირფასი, — რომელიც ცეცხლში იცდება, — ქების, პატივისა და დიდებისათვის იესო ქრისტეს გამოცხადებისას“ (1 პეტრე 1:6, 7). ეს სიტყვები დღეს განსაკუთრებით გამამხნევებელია, რადგან როგორც „დიდი გასაჭირი“, ისე ქების, პატივის, დიდებისა და ხსნის დრო დღეს უფრო ახლოსაა, ვიდრე ზოგი ფიქრობს და ვიდრე მაშინ, როდესაც ვირწმუნეთ (მათე 24:21; რომაელთა 13:11, 12).
4. რა თვალსაზრისი ჰქონდა ერთ ძმას გამოცდების შესახებ, რომლებსაც ის და სხვა ცხებული ქრისტიანები შეხვდნენ?
4 წინა სტატიაში განვიხილეთ გამოცდები, რომლებსაც 1914 წლიდან ცხებულთა დარჩენილი ნაწილი შეხვდა. იყო ეს სიხარულის მიზეზი? წარსულის შესახებ ა. ჰ. მაკმილანის აზრი შემდეგნაირია: „ორგანიზაცია მრავალჯერ აღმოჩნდა მძიმე განსაცდელის წინაშე და მისი წევრების რწმენა გამოიცადა. ღვთის სულის დახმარებით ორგანიზაციამ გაუძლო ყოველივეს და განაგრძო განვითარება. დავრწმუნდი, რომ ბრძნულია, მოთმინებით დაველოდოთ, ვიდრე იეჰოვა დაგვეხმარება უკეთესად ჩავწვდეთ ბიბლიურ საკითხებს, იმის ნაცვლად რომ გული გავიტეხოთ სიახლის გამო. . . რა ცვლილებებიც არ უნდა მოვახდინოთ დროდადრო ჩვენს თვალსაზრისში, ვერაფერი შეცვლის ღვთის მიერ გულმოწყალებით გათვალისწინებულ გამოსყიდვასა და მარადიულ სიცოცხლესთან დაკავშირებულ დანაპირებს. ასე რომ, არავითარი მიზეზი არ გვქონია, რწმენა დაგვეკარგა იმის გამო, რომ ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა და თვალსაზრისი შეიცვალა“ (1966 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 504 [ინგლ.]).
5. ა) რით იყო სარგებლობის მომტანი ცხებულთა დარჩენილი ნაწილის გამოცდები? ბ) რატომ არის გამოცდის საკითხი ჩვენთვის საინტერესო?
5 ცხებული ქრისტიანები, რომლებმაც 1914—1919 წლების გამოცდებს გაუძლეს, ქვეყნიერების ზეგავლენისა და დიდი ბაბილონის რელიგიების მრავალი საქმისგან გათავისუფლდნენ. განწმენდილი და გამოწრთობილი დარჩენილი ნაწილი სიხარულით სწირავდა ღმერთს ქების მსხვერპლს და დარწმუნებული იყო, რომ, როგორც ერს, ღვთის კეთილგანწყობილება ჰქონდა მოპოვებული (ესაია 52:11; 2 კორინთელთა 6:14–18). განკითხვა ღვთის სახლიდან დაეწყო, მაგრამ ის მაშინვე არ უნდა დამთავრებულიყო. ღვთის ხალხის გამოცდა და ღირსეულების გამორჩევა კვლავაც გრძელდება. ასევე იცდება იმათი რწმენა, რომლებიც ‘უამრავ ხალხს’ ქმნიან და მოახლოებულ ‘დიდ გასაჭირში’ გადარჩენას იმედოვნებენ (გამოცხადება 7:9, 14). ისინი ცხებულთა დარჩენილი ნაწილის მსგავსადაც იცდებიან და შეიძლება სხვაგვარადაც გამოიცადონ.
როგორ შეიძლება გამოიცადო?
6. რომელია ერთ-ერთი მძიმე გამოცდა, რომელიც მრავალმა გადაიტანა?
6 მრავალი ქრისტიანი დაფიქრებულა პირდაპირი გამოცდის სირთულეზე. ისინი იხსენებენ შემდეგ ცნობას: „[იუდეველმა წინამძღოლებმა] დაუძახეს მოციქულებს, სცემეს და უბრძანეს, რომ აღარ ელაპარაკათ იესოს სახელით, და გაუშვეს ისინი. ხოლო ისინი წავიდნენ სინედრიონიდან და უხაროდათ, რომ მისი სახელისათვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ“ (საქმეები 5:40, 41). ისტორია ცხადყოფს, რომ ჩვენს საუკუნეშიც, განსაკუთრებით კი მსოფლიო ომების დროს, მდევნელები მრავალ იეჰოვას მოწმეს სცემდნენ და უარესადაც ეპყრობოდნენ.
7. როგორი რწმენა გამოავლინა ზოგმა ქრისტიანმა ჩვენს დროში?
7 რაც შეეხება ქრისტიანების დევნას, წუთისოფლისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ცხებულთა დარჩენილ ნაწილს წარმოადგენენ ისინი, თუ უამრავ ხალხს ‘სხვა ცხვრებიდან’ (იოანე 10:16). წლების განმავლობაში ორივე ჯგუფის წარმომადგენლები უმკაცრესად იცდებოდნენ პატიმრობითა და წამებითაც კი ღვთის სიყვარულისა და რწმენის გამო. ორივე ჯგუფს ესაჭიროებოდა სულიწმიდა, მიუხედავად იმის, თუ როგორი იმედი აქვთ (შეადარე 1996 წლის 15 ივნისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 31 [რუს.]). ნაცისტურ გერმანიაში 30—40-იან წლებში იეჰოვას მრავალმა მსახურმა, რომელთა შორის ბავშვებიც იყვნენ, უდიდესი რწმენა გამოავლინა და უმრავლესობამ უკიდურეს გამოცდებსაც კი გაუძლო. ახლო წარსულში კი იეჰოვას ხალხი დევნას შეხვდა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბურუნდი, ეთიოპია, ერიტრეა, ზაირი, მალავი, მოზამბიკი, რუანდა და სინგაპური. და ამგვარი გამოცდები კვლავაც გრძელდება.
8. როგორ აჩვენებს ერთი აფრიკელი ძმის ნათქვამი, რომ რწმენის გამოცდა უფრო მეტს მოიცავს, ვიდრე დევნის დროს ცემის ატანას?
8 მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი რწმენა შეუმჩნევლადაც იცდება. ზოგჯერ გამოცდა პირდაპირი არაა და ვერც კი ვხვდებით, თუ ვიცდებით. დაფიქრდი, რა რეაქცია გექნებოდა შემდეგზე. ანგოლაში, ერთი ძმა, ათი შვილის მამა, იმ კრებაში იყო, რომელთანაც რაღაც დროის მანძილზე კავშირი არ ჰქონდათ პასუხისმგებელ ძმებს. მოგვიანებით შესაძლებელი გახდა, რომ ეს კრება მოენახულებინათ. ამ ძმას ჰკითხეს, თუ როგორ არჩენდა ოჯახს. მისთვის ადვილი არ იყო პასუხის გაცემა და მხოლოდ იმის თქმა მოახერხა, რომ უჭირდა. შეეძლო, რომ ბავშვები დღეში ერთხელ მაინც გამოეკვება? „ძლივს ვახერხებდი, — უპასუხა მან, — ჩვენ ვისწავლეთ, რომ იმას დავჯერდეთ, რაც მოგვეპოვება“. შემდეგ კი მტკიცედ განაგრძო: „მაგრამ, განა ამას არ უნდა მოველოდეთ ამ უკანასკნელ დღეებში?“ ასეთი რწმენა წუთისოფლისთვის საოცარია, მაგრამ ურყევად ერთგული ქრისტიანებისთვის, რომლებსაც სწამთ, რომ სამეფოსთან დაკავშირებული დაპირებები შესრულდება, უჩვეულოს არ წარმოადგენს.
9. როგორ ვიცდებით 1 კორინთელთა 11:3-ში მოცემულ პრინციპთან დაკავშირებით?
9 „უამრავი ხალხი“ თეოკრატიულ საკითხებთან დაკავშირებითაც იცდება. მსოფლიო ქრისტიანული კრება ღვთის პრინციპებითა და თეოკრატიულ ნორმებით ხელმძღვანელობს. ეს, უმთავრესად, ნიშნავს იესო ქრისტეს, როგორც კრების თავის, აღიარებას (1 კორინთელთა 11:3). მისადმი და მისი მამისადმი მორჩილების სურვილი ცხადი ხდება, თუ ნდობას ვამჟღავნებთ თეოკრატიული დანიშვნებისა და გადაწყვეტილებებისადმი, რომლებიც იეჰოვას ნების შესასრულებლად ჩვენს გაერთიანებულ მსახურებას ეხება. გარდა ამისა, თითოეულ კრებაში დანიშნული არიან ხელმძღვანელები. ისინი არასრულყოფილ ადამიანებს წარმოადგენენ და შეიძლება მათ მიერ დაშვებულ შეცდომებსაც ვხედავთ. და მაინც, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ და დავემორჩილოთ ასეთ ზედამხედველებს (ებრაელთა 13:7, 17). ხომ არ გიჭირს ზოგჯერ მათდამი მორჩილების გამოვლენა? იქნებ ეს შენთვის მართლაც გამოცდაა? თუ ასეა, ღებულობ სარგებლობას რწმენის ამ გამოცდიდან?
10. როგორ ვიცდებით სამქადაგებლო მსახურებასთან დაკავშირებით?
10 ასევე ვიცდებით რეგულარულ სამქადაგებლო მსახურებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს უპირატესობასა და, ამავე დროს, აუცილებლობას წარმოადგენს. ამ გამოცდის გადასატანად უნდა გვესმოდეს, რომ მსახურებაში მონაწილეობის მიღება უფრო მეტს მოიცავს, ვიდრე დროდადრო მცირე დროით ქადაგებას. გაიხსენე, თუ როგორ მოიწონა იესომ ღარიბი ქვრივი, რომელმაც ყველაფერი გაიღო, რაც ჰქონდა (მარკოზი 12:41–44). შეგვიძლია დავფიქრდეთ: „მსგავსად ამისა, ვაკეთებ სამქადაგებლო მსახურებაში ყველაფერს, რაც შემიძლია?“ ჩვენ ყოველთვის იეჰოვას მოწმეები უნდა ვიყოთ და ყოველი შესაძლებლობა გამოვიყენოთ, რომ ჩვენმა ნათელმა ანათოს (მათე 5:16).
11. რა მხრივ წარმოადგენს გამოცდას ბიბლიური ჭეშმარიტებების გაგებაში მომხდარი ცვლილებები და ქცევასთან დაკავშირებული რჩევები?
11 შეიძლება იმასთან დაკავშირებითაც გამოვიცადოთ, თუ რამდენად მადლიერი ვართ, რომ ბიბლიურ ჭეშმარიტებას უფრო და უფრო ეფინება ნათელი და ერთგული მონა რჩევებით უზრუნველგვყოფს (მათე 24:45). ზოგჯერ ეს მოითხოვს პირადი ქცევის შეცვლას, როგორც ეს, მაგალითად, მაშინ იყო საჭირო, როდესაც ნათელი გახდა, რომ თამბაქოს მწეველებს უნდა მიეტოვებინათ ეს ჩვევა, თუ კრებაში დარჩენა სურდათa (2 კორინთელთა 7:1). ასევე შეიძლება გამოვიცადოთ, როდესაც საჭიროა გავაწონასწოროთ ჩვენი თვალსაზრისი მუსიკასთან ან გართობის გარკვეულ ფორმებთან დაკავშირებითb. ეჭვქვეშ დავაყენებთ მოცემული რჩევების გონივრულობას? თუ სურვილი გვექნება, რომ ღვთის სულიწმიდამ იმოქმედოს ჩვენს აზროვნებაზე და დახმარება აღმოგვიჩინოს ქრისტიანულ პიროვნებად შემოსვაში? (ეფესელთა 4:20–24; 5:3–5).
12. რა არის საჭირო რწმენის განსამტკიცებლად მონათვლის შემდეგ?
12 ათწლეულების მანძილზე იზრდება „უამრავი ხალხის“ რიცხვი, რომლებიც ინათლებიან და იეჰოვასთან მჭიდრო ურთიერთობას ამყარებენ. ეს უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე კონგრესებზე დასწრებას, სამეფო დარბაზში ზოგ შეხვედრაზე წასვლას და ხანდახან სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობას. მაგალითად, პიროვნება შეიძლება გამოეყო დიდ ბაბილონს, ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელს, მაგრამ ნამდვილად მიატოვა ის? თუ ისევ მისდევს საქმეებს, რომლებიც დიდი ბაბილონის სულს ირეკლავს — სულს, რომელიც ღვთის სამართლიან ნორმებს უგულებელყოფს? უყურებს თუ არა სერიოზულად ზნეობასა და ცოლქმრულ ერთგულებას? პირად და მატერიალურ ინტერესებს სულიერ ინტერესებზე წინ ხომ არ აყენებს? იცავს თავს შეურყვნელად წუთისოფლისგან? (იაკობი 1:27).
გამოცდილ რწმენას სარგებლობა მოაქვს
13, 14. როგორ მოიქცა ზოგი მას შემდეგ, რაც ჭეშმარიტი მორწმუნე გახდა?
13 თუ ნამდვილად დავაღწიეთ თავი დიდ ბაბილონს და გამოვეყავით წუთისოფელს, ნუ დავიწყებთ უკან ყურებას. ლუკას 9:62-ში მოცემული პრინციპის თანახმად, უკან მიხედვის გამო შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი ვეღარ გახდეს ღვთის სამეფოს ქვეშევრდომი. იესომ თქვა: „არავინ გამოდგება ღვთის სასუფევლისათვის, ვისაც გუთანი უჭირავს ხელში და თან უკან იხედება“.
14 ზოგმა ქრისტიანმა დაუშვა, რომ ამ სისტემის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულიყო. მათ წინააღმდეგობა არ გაუწიეს წუთისოფლის სულს (2 პეტრე 2:20–22). ქვეყნიურმა გართობებმა გაიტაცა ისინი და შეიწირა მათი დრო, რამაც ხელი შეუშალა მათ წინსვლას. იმის ნაცვლად, რომ გულსა და გონებაში მტკიცედ ჩაებეჭდათ ღვთის სამეფო და მისი სიმართლე და პირველ ადგილზე დაეყენებინათ ცხოვრებაში, მათ მატერიალური მიზნებისკენ გადაუხვიეს. თუ არ მიხვდებიან, რომ სუსტი რწმენა აქვთ და ნელთბილი არიან, და ღვთისგან მომდინარე რჩევების მიყოლით არ შეიცვლიან ცხოვრების მიზნებს, იეჰოვასთან და მის ორგანიზაციასთან ძვირფასი ურთიერთობის დაკარგვის საფრთხე ემუქრებათ (გამოცხადება 3:15–19).
15. რა არის საჭირო, რომ ღვთის კეთილგანწყობილება შევინარჩუნოთ?
15 მხოლოდ იმ შემთხვევაში გავმართლდებით და გადავრჩებით დიდ გასაჭირში, რომელიც სწრაფად გვიახლოვდება, თუ დავიცავთ სიწმინდეს და ‘გავირეცხავთ სამოსს კრავის სისხლით’ (გამოცხადება 7:9–14; 1 კორინთელთა 6:11). თუ არ შევინარჩუნებთ, უმწიკვლოებას ჩვენი წმინდა მსახურება ღვთისთვის მიუღებელი იქნება. რასაკვირველია, თითოეულ ჩვენგანს უნდა ესმოდეს, რომ გამოცდილი რწმენა დაგვეხმარება, გავუძლოთ განსაცდელებს და თავს არ დავიტეხოთ ღვთის უკმაყოფილება.
16. რა მხრივ შეიძლება სიცრუე ჩვენი რწმენის გამოცდას წარმოადგენდეს?
16 ზოგჯერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და სხვადასხვა ავტორიტეტული პირები ცრუ ბრალდებებს უყენებენ ღვთის ხალხს, ამახინჯებენ ქრისტიანულ სწავლებებსა და ცხოვრების წესს. ამან არ უნდა გაგვაკვირვოს, ვინაიდან იესო ნათლად გვიხსნის, რომ ‘წუთისოფელი შეგვიძულებს, რადგან არ ვართ მისი ნაწილი’ (იოანე 17:14). უნდა დავუშვათ, რომ სატანის მიერ დაბრმავებულმა პიროვნებებმა დაგვაშინონ, გული გაგვიტეხონ და, შედეგად, შეგვრცხვეს კეთილი ცნობის? დავუშვებთ, რომ ჭეშმარიტების შესახებ სიცრუემ ზეგავლენა მოახდინოს შეხვედრებზე ჩვენს დასწრებასა და სამქადაგებლო მსახურებაზე? თუ მტკიცედ ვიდგებით, გამბედაობას გამოვიჩენთ და მზად ვიქნებით უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, რომ იეჰოვასა და მისი სამეფოს შესახებ ჭეშმარიტება განვაცხადოთ?
17. რაში ვართ დარწმუნებული, რაც აღგვძრავს, კვლავაც გამოვავლინოთ რწმენა?
17 შესრულებული ბიბლიური წინასწარმეტყველებების მიხედვით ჩვენ აღსასრულის დროს ვცხოვრობთ. სამართლიან ახალ ქვეყნიერებასთან დაკავშირებული ჩვენი მოლოდინი, რომელიც ბიბლიიდან გამომდინარეობს, უეჭველად გამართლდება. იმ დღის მოსვლამდე კი დაე ყველამ მტკიცე რწმენა გამოვავლინოთ ღვთის სიტყვისადმი და სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის მთელ მსოფლიოში კვლავაც გაბედულად ქადაგებით დავამტკიცოთ ის. დაფიქრდი, რომ ყოველკვირეულად ათასობით ახალი მოწაფე ინათლება. განა ეს საკმარის მიზეზს არ გვაძლევს, დავაფასოთ იეჰოვას მოთმინება განაჩენის შესრულებასთან დაკავშირებით, რაც ადამიანს უფრო და უფრო მეტ აძლევს გადარჩენის საშუალებას? განა არ ვხარობთ, რომ სამეფოს შესახებ ქადაგება, რომელიც გადარჩენის მომტანია, ღვთის ნებით კვლავაც გრძელდება? და განა სიხარულს არ გვანიჭებს, რომ მილიონობით ადამიანი ღებულობს ჭეშმარიტებას და რწმენას ავლენს?
18. რა გაქვს განზრახული იეჰოვასადმი მსახურებასთან დაკავშირებით?
18 შეუძლებელია ვთქვათ, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება რწმენის გამოცდა. მაგრამ ერთი რამ ცხადია: იეჰოვას დადგენილი აქვს დღევანდელი ბოროტი ცისა და მიწის განკითხვის დღე. მანამ კი ვეცადოთ, ჩვენც გვქონდეს გამოცდილი, უდიდესი რწმენა, რომელიც რწმენის სრულმყოფელმა, იესომ, გამოავლინა. და მივბაძოთ ასაკოვან ცხებულთა დარჩენილ ნაწილსა და ყველას, ვინც ჩვენ შორის გაბედულად განაგრძობს მსახურებას.
19. რა სძლევს წუთისოფელს, რაშიც დარწმუნებული ვართ?
19 მზად უნდა ვიყოთ, დაუღალავად ვაუწყოთ მარადიული კეთილი ცნობა ყველა ერს, ტომს, ენასა და ხალხს ზეცის შუა მფრინავ ანგელოზთან ერთად. დაე მათ ყურამდეც მივიდეს ანგელოზის სიტყვები: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, ვინაიდან დადგა მისი სამსჯავროს ჟამი“ (გამოცხადება 14:6, 7). რას მოიტანს შედეგად ჩვენი რწმენის გამოცდა, როდესაც ღვთის სამსჯავრო აღსრულდება? განა დიდი ბედნიერება არ იქნება ამ სისტემიდან ღვთის სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში შესვლა? რწმენის გამოცდის გადატანით ჩვენც შეგვეძლება მოციქული იოანეს მსგავსად ვთქვათ: „ეს არის ძლევა, წუთისოფლის მძლეველი — ჩვენი რწმენა“ (1 იოანე 5:4).
[სქოლიოები]
a იხილე „საგუშაგო კოშკის“ 1973 წლის 1 ივნისის ნომერი, გვერდები 336–343 (ინგლ.) და ასევე 1973 წლის 1 ივლისის ნომერი, გვერდები 409–411 (ინგლ.).
b იხილე 1983 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 27–31 (ინგლ.).
გახსოვს თუ არა?
◻ რა მხრივ არის გამოცდები სიხარულის მიზეზი?
◻ რომელია ზოგიერთი შეუმჩნეველი გამოცდა?
◻ რა სარგებლობას ვღებულობთ რწმენის გამოცდასთან გამკლავებით?
[სურათები 17 გვერდზე]
ა. ჰ. მაკმილანი (წინ, მარცხნივ), დაახლოებით იმ დროს, როდესაც ის და საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ხელმძღვანელები უსამართლოდ დააპატიმრეს.
ის იყო დელეგატი დეტროიტის (მიჩიგანი) 1928 წლის კონგრესზე.
თავისი ცხოვრების უკანასკნელ წლებში ძმა მაკმილანი კვლავ რწმენას ავლენდა.
[სურათი 18 გვერდზე]
ამ ოჯახის მსგავსად, აფრიკაში მრავალი ქრისტიანი ავლენს მტკიცე რწმენას.