ვიყოთ მორწმუნენი
„ჩვენ. . . ვართ. . . მორწმუნენი სულის სახსნელად“ (ებრაელთა 10:39).
1. რატომ შეიძლება ითქვას, რომ თითოეული ერთგული მსახურის რწმენა ძვირფასია?
მომდევნო შეხვედრისას, როდესაც იეჰოვას თაყვანისმცემელთა სამეფო დარბაზში იქნებით, დააკვირდით თქვენს გარშემო მყოფთ. დაფიქრდით, რამდენ რამეში ავლენენ საოცრად დიდ რწმენას. მათ შორის დაინახავთ ხანში შესულებს, რომლებიც ათეული წლების მანძილზე ემსახურებიან ღმერთს; ახალგაზრდებს, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ თანატოლების ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლა და მშობლებს, რომლებიც ყოველ ღონეს ხმარობენ შვილების ღვთისმოშიშებად აღსაზრდელად. აქ არიან კრების უხუცესები და სამსახურებრივი თანაშემწეები, რომლებსაც ბევრი პასუხისმგებლობა აკისრიათ. დიახ, იქ ნებისმიერი ასაკის სულიერ და-ძმებს იხილავთ, რომლებიც ყველანაირ დაბრკოლებას უძლებენ, რათა იეჰოვას ემსახურონ. რამდენად ძვირფასია თითოეული მათგანის რწმენა! (1 პეტრე 1:7).
2. რატომ არის ებრაელთა მე-10, მე-11 თავებში მოცემული პავლეს დარიგება დღეს ჩვენთვის სასარგებლო?
2 არასრულყოფილი ადამიანებიდან ძალიან მცირედს, თუ საერთოდ ვინმეს, გაუგია მოციქულ პავლეზე უკეთესად რამდენად მნიშვნელოვანია რწმენა. ნამდვილი რწმენა ‘სულს იხსნის’, — აღნიშნავდა ის (ებრაელთა 10:39). მიუხედავად ამისა, პავლემ იცოდა, რომ ამ ურწმუნო წუთისოფელში რწმენა მუდამ თავდასხმისა და შერყევის საფრთხის წინაშე იყო. ის დიდად წუხდა იერუსალიმსა და იუდეაში მცხოვრები ებრაელი ქრისტიანების გამო, რომლებსაც რწმენის შესანარჩუნებლად დიდი ბრძოლა უწევდათ. გადავხედოთ ებრაელთა მე-10 და მე-11 თავების ზოგიერთ მონაკვეთს და ყურადღება მივაქციოთ, რა მეთოდებს იყენებდა პავლე მათი რწმენის აღსაშენებლად. ამასთანავე, ვნახავთ, როგორ შეგვიძლია აღვაშენოთ როგორც ჩვენი, ისე ჩვენ გარშემო მყოფთა რწმენა.
გამოვავლინოთ ნდობა ერთმანეთის მიმართ
3. როგორ აჩვენებს ებრაელთა 10:3-ში მოცემული პავლეს სიტყვები თანამორწმუნეების მიმართ ნდობას?
3 პირველი, რასაც შევნიშნავთ მკითხველის მიმართ, პავლეს დადებითი განწყობილებაა. მან დაწერა: „ხოლო ჩვენ უკან მიქცეულთაგანნი კი არა ვართ დასაღუპავად, არამედ მორწმუნენი სულის სახსნელად“ (ებრაელთა 10:39). პავლე კარგს ხედავდა ერთგულ თანაქრისტიანებში და არა ცუდს. ყურადღება მიაქციე იმასაც, რომ მან თქვა: „ჩვენ“. პავლე მართალი კაცი იყო, მაგრამ მსმენელებს ქედმაღლურად არ დაჰყურებდა, თითქოსდა მათზე მეტად მართალი იყო (შეადარეთ ეკლესიასტე 7:16). თავის თავსაც მათთან ერთად მოიხსენიებდა. მას მთელი გულით სწამდა, რომ ის და ყველა ერთგული ქრისტიანი მკითხველი გაბედულად შეხვდებოდა შემაშფოთებელ წინააღმდეგობებს, მტკიცედ უარყოფდა დასაღუპავად უკან მიქცევას და ნამდვილ მორწმუნედ დარჩებოდა.
4. რა მიზეზებით ენდობოდა პავლე თანამორწმუნეებს?
4 რატომ იყო პავლე ამდენად დარწმუნებული? ვერ ხედავდა ებრაელი ქრისტიანების შეცდომებს? პირიქით, ის მათ შესაფერის რჩევებს აძლევდა, რომ დახმარებოდა სულიერი სისუსტეების დაძლევაში (ებრაელთა 3:12; 5:12—14; 6:4—6; 10:26, 27; 12:5). მიუხედავად ამისა, პავლეს, სულ მცირე, ორი საფუძვლიანი მიზეზი მაინც ჰქონდა, რომ ძმებს დანდობოდა. პირველი, როგორც იეჰოვას მიმბაძველი, პავლე ცდილობდა ღვთის ხალხისთვის ისე შეეხედა, როგორც იეჰოვა უყურებდა მათ. ეს მხოლოდ მათი შეცდომებისადმი მის დამოკიდებულებაში არ გამოიხატებოდა. პავლე ხედავდა მათს კარგ თვისებებსაც და იმის უნარსაც, რომ მომავალში სიკეთე ექმნათ (ფსალმუნი 129:3; ეფესელთა 5:1). მეორე, პავლეს უსიტყვოდ სჯეროდა სულიწმიდის ძალის. მან იცოდა, რომ ვერავითარი დაბრკოლება თუ ადამიანთა სისუსტე ვერ შეუშლიდა ხელს იეჰოვას, მიეცა „აღმატებული ძლიერება“ იმ ქრისტიანებისთვის, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებდნენ მისადმი ერთგული მსახურებისათვის (2 კორინთელთა 4:7; ფილიპელთა 4:13, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990). ასე რომ, ძმებისა და დებისადმი პავლეს ნდობა, სულაც არ იყო მიზანშეუწონელი, არარეალური ან ბრმა ოპტიმიზმით ნაკარნახევი. ის იყო საფუძვლიანი და საღვთო წერილიდან გამომდინარე.
5. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ პავლეს ნდობას და რა შედეგი მოჰყვება ამას?
5 ნამდვილად, პავლეს მიერ გამოვლენილი ნდობა გადამდები აღმოჩნდა. როგორც ჩანს, მის ესოდენ გამამხნევებელ საუბარს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იერუსალიმისა და იუდეის კრებებისთვის. ეს დიდი დახმარება იყო ებრაელი ქრისტიანებისთვის — რომლებსაც იუდეველი მოწინააღმდეგეები ზიზღითა და ცინიზმით უყურებდნენ — რათა მტკიცენი და მორწმუნენი დარჩენილიყვნენ. შეგვიძლია მსგავსად დავეხმაროთ ერთმანეთს დღეს? რასაკვირველია, ადვილია მხოლოდ სხვისი ნაკლოვანებებისა და უცნაურობების დანახვა (მათე 7:1—5). მაგრამ ერთმანეთის დახმარებას უფრო მეტად შევძლებთ, თუ ყურადღებას მივაქცევთ და დავაფასებთ თითოეულის განუმეორებელ რწმენას. ამგვარი წახალისებით უფრო გავზრდით რწმენას (რომაელთა 1:11, 12).
ღვთის სიტყვის მართებულად გამოყენება
6. საიდან ციტირებდა პავლე, როდესაც ებრაელთა 10:38-ში მოყვანილ სიტყვებს წერდა?
6 პავლემ თანამორწმუნეების რწმენა საღვთო წერილის ოსტატური გამოყენებითაც აღაშენა. მაგალითად, მან დაწერა: „მართალი იცოცხლებს რწმენით, ხოლო თუ უკან მიიქცევა, ჩემი სული არ მოიწონებს მას“ (ებრაელთა 10:38). პავლე აქ წინასწარმეტყველ აბაკუმის სიტყვებს ციტირებდაa. ეს ფრაზა, ალბათ, ცნობილი იყო პავლეს მკითხველებისთვის, ებრაელი ქრისტიანებისთვის, რომლებმაც კარგად იცოდნენ წინასწარმეტყველური წიგნები. მისი მიზნის — ახ. წ. 61 წელს იერუსალიმსა და მის შემოგარენში მცხოვრები ქრისტიანებისთვის რწმენის განმტკიცების — გათვალისწინებით, აბაკუმის მაგალითი სწორედ მართებული არჩევანი იყო. რატომ?
7. როდის დაწერა აბაკუმმა თავისი წინასწარმეტყველება და რა მდგომარეობა იყო იუდაში ამ დროს?
7 როგორც ჩანს, აბაკუმმა თავისი წიგნი ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის განადგურებამდე სულ ორი ათეული წლით ადრე დაწერა. ხილვაში წინასწარმეტყველმა ნახა ქალდეველები (ანუ ბაბილონელები), ‘ხალხი სასტიკი და ფიცხელი’, რომლებიც თავს ესხმიან იუდას, ანადგურებენ იერუსალიმს და ნთქავენ ხალხებსა და ერებს (აბაკუმი 1:5—11). მაგრამ ასეთი საშინელი მოვლენები ესაიას დღეებიდან იყო ნაწინასწარმეტყველები, მანამდე საუკუნეზე მეტი ხნის წინათ. აბაკუმის დროს ღვთისმოშიში მეფის, იოშიას შემდეგ, იეჰოიაკიმი გამეფდა და იუდაში კვლავ ბოროტება აყვავდა. იეჰოიაკიმი სდევნიდა და კლავდა კიდეც მათ, ვინც იეჰოვას სახელით ლაპარაკობდა (მეორე ნეშტთა 36:5ა; იერემია 22:17; 26:20—24). გასაკვირი არ არის, რომ გაწამებული წინასწარმეტყველი აბაკუმი მოსთქვამდა: „როდემდის. . . უფალო“ (აბაკუმი 1:2).
8. რატომ იყო აბაკუმის მაგალითი დამხმარე პირველი საუკუნის ქრისტიანებისთვის და რატომ არის ასეთივე სასარგებლო დღეს?
8 აბაკუმმა არ იცოდა, რამდენად მოახლოვებული იყო იერუსალიმის განადგურება. ასევე პირველი საუკუნის ქრისტიანებმა არ იცოდნენ, როდის დასრულდებოდა იუდეველთა სისტემა. არც ჩვენ ვიცით დღეს ‘ის დღე და ჟამი’, როდესაც იეჰოვა გაასამართლებს ამ ბოროტ სისტემას (მათე 24:36). მაშ ყურადღება მივაქციოთ აბაკუმისთვის გაცემულ იეჰოვას პასუხს, რომელსაც ორი მნიშვნელოვანი მხარე აქვს. პირველი, მან დაარწმუნა წინასწარმეტყველი, რომ დასასრული დანიშნულ დროს დადგებოდა. „არ დაბრკოლდება“, — თქვა ღმერთმა, თუმცა ადამიანის თვალში შეიძლება დაყოვნება ჩანდეს (აბაკუმი 2:3). მეორე, იეჰოვამ შეახსენა აბაკუმს: „მართალი კი თავისი რწმენით იცოცხლებს“ (აბაკუმი 2:4). რა შესანიშნავი, უბრალო ჭეშმარიტებებია! უფრო მნიშვნელოვანია არა ის, როდის მოვა დასასრული, არამედ დავრჩებით თუ არა მორწმუნენი.
9. როგორ გადაარჩინა იეჰოვას მორჩილი მსახურები თავიანთმა ერთგულებამ ა) ძვ. წ. 607 წელს? ბ) ახ. წ. 66 წელს? გ) რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი რწმენის განმტკიცება?
9 როდესაც ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმი განადგურებულ იქნა, იერემია, მისი მდივანი ბარუქი, ყებედ-მელექი და ერთგული რექაბიანები აბაკუმისათვის მიცემული იეჰოვას დანაპირების ჭეშმარიტებაში დარწმუნდნენ. ისინი გაექცნენ იერუსალიმის საშინელ განადგურებას და ‘ცოცხლები დარჩნენ’. რატომ? იმიტომ რომ იეჰოვამ დააჯილდოვა ერთგულებისთვის (იერემია 35:1—19; 39:15—18; 43:4—7; 45:1—5). ასევე, როგორც ჩანს, პირველი საუკუნის ებრაელი ქრისტიანები კარგად გამოეხმაურნენ პავლეს რჩევას, რადგან, როდესაც რომაელთა ჯარებმა იერუსალიმს შეუტიეს ახ. წ. 66 წელს და შემდეგ მოულოდნელად უკან დაიხეს, ქრისტიანები ერთგულად მიჰყვნენ იესოს გაფრთხილებას და იერუსალიმიდან გაიქცნენ (ლუკა 21:20, 21). ისინი თავიანთმა ერთგულებამ გადაარჩინა. მსგავსად ამისა, ჩვენც ვიცოცხლებთ, თუ წუთისოფლის აღსასრულის მოსვლისას ერთგულები ვიქნებით. რა საფუძვლიანი მიზეზი არსებობს იმისათვის, რომ ახლა განვიმტკიცოთ ჩვენი რწმენა!
რწმენის მაგალითების გაცოცხლება
10. როგორ აღწერა პავლემ მოსეს რწმენა და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მოსეს?
10 პავლე თანაქრისტიანების რწმენას მაგალითების ოსტატურად გამოყენებითაც აძლიერებდა. ებრაელთა მე-11 თავის კითხვისას ყურადღება მიაქციეთ, როგორ აცოცხლებს ბიბლიურ პერსონაჟებს. მაგალითად, ის ამბობს, რომ მოსე „თითქოს უხილავს ხედავსო, მტკიცე იყო“ (ებრაელთა 11:27). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იეჰოვა მოსესთვის იმდენად რეალური იყო, რომ მას თითქოს უხილავი ღვთის ხილვა შეეძლო. შეიძლება ჩვენზეც იგივე ითქვას? ადვილია იეჰოვასთან ურთიერთობაზე საუბარი, მაგრამ, რომ დაამყარო და განამტკიცო ეს ურთიერთობა, ძალისხმევაა საჭირო. ეს არის სწორედ ის, რაც უნდა გავაკეთოთ! არის თუ არა იეჰოვა ჩვენთვის ისე რეალური, რომ თვით უმნიშვნელო გადაწყვეტილების მიღების დროსაც კი მის აზრს ვითვალისწინებთ? ამგვარი რწმენა ყველაზე დიდი წინააღმდეგობის გადატანაშიც კი დაგვეხმარება.
11, 12. ა) როგორც ჩანს, რა მდგომარეობაში იცდებოდა ენოქის რწმენა? ბ) რა გამამხნევებელი ჯილდო მიიღო ენოქმა?
11 განვიხილოთ ენოქის მაგალითიც. ის წინააღმდეგობა, რომელსაც მას უწევდნენ, ჩვენთვის წარმოსადგენადაც კი ძნელია. ენოქს უნდა ემცნო იმდროინდელი ბოროტი ხალხის წინააღმდეგ გამოტანილი არასასიამოვნო განაჩენი (იუდა 14; 15). როგორც ჩანს, ის დევნა, რომელიც ამ ერთგულ კაცს ემუქრებოდა, ისეთი საშინელი და სასტიკი იყო, რომ იეჰოვამ ‘გადაიყვანა ენოქი’, სიკვდილის ძილით მიაძინა, სანამ მისი მტრები უბოროტებდნენ. ასე რომ, ენოქმა ვერ იხილა თავის მიერ წარმოთქმული წინასწარმეტყველების შესრულება. მაგრამ მან მიიღო ძღვენი, რომელიც, გარკვეული გაგებით, უკეთესიც იყო (ებრაელთა 11:5; დაბადება 5:22—24).
12 პავლე გვიხსნის: „წაყვანამდე [ენოქმა] მიიღო დამოწმება, რომ ღმერთს აამა“ (ებრაელთა 11:5). რას ნიშნავს ეს? სანამ სიკვდილის ძილით დაიძინებდა, შეიძლება ღმერთმა აჩვენა ხილვა — შესაძლებელია სამოთხედ ქცეული დედამიწა, სადაც ერთ დროს ის გაიღვიძებს. ნებისმიერ შემთხვევაში, იეჰოვამ ამცნო ენოქს, რომ თავისი ერთგულებით აამა ღმერთს. ენოქმა იეჰოვას გული გაუხარა (შეადარეთ იგავნის 27:11). განა ამაღელვებელი არ არის ენოქის ცხოვრებაზე ფიქრი? არ ისურვებდით თქვენც ცხოვრებაში ასეთივე რწმენის გამოვლენას? მაშინ იფიქრეთ ასეთ მაგალითებზე; უყურეთ მათ, როგორც ცოცხალ ადამიანებს; იყავით გადაწყვეტილებით აღსავსე, იცხოვროთ რწმენით ყოველდღე; გახსოვდეთ ისიც, რომ მორწმუნენი არ ემსახურებიან იეჰოვას თარიღების ან უკანასკნელი დღის გამო, როდესაც ღმერთი შეასრულებს თავის აღთქმებს. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, ვემსახუროთ იეჰოვას მარადიულად! ასე მოქცევა ნიშნავს ცხოვრების საუკეთესო გზის არჩევას, როგორც ამ წუთისოფელში ისე მომავალ ახალ ქვეყნიერებაში.
როგორ განვიმტკიცოთ რწმენა
13, 14. ა) როგორ დაგვეხმარება ებრაელთა 10:24, 25-ში ჩაწერილი პავლეს სიტყვები, რომ შეხვედრები ჩვენთვსი სასიხარულო წუთებად ვაქციოთ? ბ) რა არის ქრისტიანული შეხვედრების მთავარი მიზანი?
13 ებრაელ ქრისტიანებს რწმენის განსამტკიცებლად პავლემ რამდენიმე პრაქტიკული საშუალება დაანახვა. განვიხილოთ ორი მათგანი. ჩვენთვის, ალბათ, ცნობილია ებრაელთა 10:24, 25-ში ჩაწერილი მისი მოწოდება, რომ რეგულარულად დავესწროთ ქრისტიანულ შეხვედრებს. მაგრამ არ დავივიწყოთ, პავლეს ღვთივშთაგონებულ სიტყვებში არ იგულისხმება, რომ შეხვედრებზე, უბრალოდ, მაყურებლები ვიყოთ. პავლე ამბობს, რომ შეხვედრები ერთმანეთის გაცნობის, გამხნევებისა და ღვთისადმი მსახურებისკენ წახალისების შესაძლებლობას გვაძლევს. კრებაში გასაცემადაც უნდა მოვდიოდეთ, და არა მხოლოდ მისაღებად. ამგვარი დამოკიდებულება კრების შეხვედრებზე დასწერებას სასიხარულოს გახდის ჩვენთვის (საქმეები 20:35).
14 მაგრამ, პირველ რიგში, ქრისტიანულ კრებებს იეჰოვა ღმერთის თაყვანსაცემად ვესწრებით. ამას ვაკეთებთ საჯარო ლოცვის სხვებთან ერთად მოსმენითა და საგალობლების შესრულებით, პროგრამის ყურადღებით მოსმენითა და ‘ბაგეთა ნაყოფით’ — იეჰოვას განდიდებით კომენტარებსა და პროგრამაში მონაწილეობით (ებრაელთა 13:15). თუ ამ მიზნებს დავისახავთ და ყოველთვის შესაბამისად მოვიქცევით, ჩვენი რწმენა აუცილებლად გაიზრდება თითოეულ შეხვედრასთან ერთად.
15. რატომ მოუწოდებდა პავლე ებრაელ ქრისტიანებს, მტკიცენი ყოფილიყვნენ მსახურებაში და რატომ არ არის ურიგო იგივე რჩევა დღეს ჩვენთვის?
15 რწმენის გაზრდის სხვა საშუალება სამქადაგებლო მსახურებაა. პავლემ დაწერა: „მტკიცედ მივყვეთ იმედის აღსარებას, ვინაიდან აღმთქმელი სარწმუნოა“ (ებრაელთა 10:23). თქვენ შეგიძლიათ გაამხნევოთ სხვები, მტკიცენი იყვნენ, როდესაც ხედავთ მათ მიერ მსახურების მიტოვების შესაძლებლობას. რა თქმა უნდა, სატანა ზემოქმედებას ახდენდა იმ ებრაელ ქრისტიანებზე, რომ მსახურება მიეტოვებინათ, და ის დღესაც ამას ცდილობს ღვთის ხალხთან დაკავშირებით. რა უნდა გავაკეთოთ ასეთ შემთხვევაში? განვიხილოთ, რა გააკეთა პავლემ.
16, 17. ა) როგორ შეიძინა გამბედაობა პავლემ მსახურებაში? ბ) რა ზომები უნდა მივიღოთ, თუ ვხედავთ, რომ გვეშინია ქრისტიანული მსახურების რომელიმე სფეროში მონაწილეობის მიღება?
16 თესალონიკელ ქრისტიანებს პავლემ მისწერა: „ფილიპეში გატანჯულებმა და გალანძღულებმა, როგორც იცით, გავბედეთ ჩვენს ღმერთში, რომ თქვენთვის გვექადაგა სახარება დიდი ბრძოლით“ (1 თესალონიკელთა 2:2). რა გაგებით ‘გალანძღეს’ პავლე და მისი თანამშრომლები ფილიპეში? ზოგიერთი სწავლულის აზრით, პავლეს მიერ გამოყენებული ბერძნული სიტყვა ნიშნავს: შეურაცხმყოფელ, საძრახის ან აღმაშფოთებელ მოპყრობას. ფილიპელმა მთავრებმა ისინი გაჯოხეს, საპყრობილეში ჩაყარეს და ხუნდები დაადეს (საქმეები 16:16—24). როგორ იმოქმედა ამ საშინელმა შემთხვევამ პავლეზე? შეეშინდა პავლეს მისიონერული მოგზაურობის დროს სხვა ქალაქში, თესალონიკეში, გამგზავრების? არა, მან ‘გაბედა’. მან დაძლია შიში და გაბედულად გააგრძელა ქადაგება.
17 რამ მისცა პავლეს ასეთი გამბედაობა? თვითონ მოიკრიბა ძალა? არა, მან თქვა, რომ გაბედა „ჩვენს ღმერთში“. ბიბლიის მთარგმნელთა ცნობარი ამბობს, რომ ეს სიტყვები შეიძლება შემდეგნაირად ითარგმნოს: „ღმერთმა შიში განარიდა ჩვენს გულებს“. ასე რომ, თუ მსახურებაში გაბედულებას ვერ იჩენთ ან მსახურების რომელიმე სფერო გაშინებთ, რატომ არ გეთხოვათ იეჰოვასთვის, რომ თქვენც დაგხმარებოდათ? სთხოვეთ, რომ განაშოროს შიში თქვენს გულს. სთხოვეთ, რომ მსახურება ‘გაგაბედინოთ’. გარდა ამისა, მიიღეთ სხვა საჭირო ზომები. მაგალითად, ეცადეთ იმასთან ერთად იქადაგოთ, ვინც მსახურების გარკვეულ ფსეროში გაწაფულია. ეს შეიძლება იყოს არაფორმალური დამოწმება საქმიან უბანზე, ქუჩაში ან ტელეფონით ქადაგება. შესაძლოა მან, ვისთანაც ითანამშრომლებთ, თავის თავზე აიღოს ქადაგების დაწყების ინიციატივა. ამ შემთხვევაში, დააკვირდით და ისწავლეთ მისგან. მაგრამ შემდეგ, გაბედეთ და შეეცადეთ, იგივე გაიმეოროთ.
18. რა კურთხევებს მივიღებთ, თუ გაბედულები ვიქნებით ჩვენს მსახურებაში?
18 თუ გაბედულებას მოიკრებთ, დაფიქრდით, რა შეიძლება მოჰყვეს ამას. როდესაც გააგრძელებთ ასე მოქმედებას და ხალისს არ დაკარგავთ, მსახურებაში ბევრი საინტერესო შემთხვევა გელით, შემთხვევები, რომლებიც სხვაგვარად შეიძლება არ გქონოდათ (იხილეთ 25-ე გვერდი). კმაყოფილებას მოგიტანთ იმის ცოდნა, რომ ასიამოვნეთ იეჰოვას იმის კეთებით, რაც ძნელია თქვენთვის; შეიგრძნობთ მის კურთხევას და დახმარებას შიშის დაძლევაში; რწმენას განიმტკიცებთ. მართლაც, შეუძლებელია სხვების რწმენა განამტკიცოთ, თუ ამავე დროს თქვენსავე რწმენას არ ანმტკიცებთ (იუდა 20; 21).
19. რა ძვირფასი ჯილდოა შემონახული ‘მორწმუნეთათვის’?
19 დაე მუდამ განამტკიცებდეთ თქვენსა და თქვენ გარშემო მყოფთა რწმენას. საკუთარი თავისა და სხვების აღშენება შეგიძლიათ ღვთის სიტყვის დახელოვნებული გამოყენებით, ბიბლიური პერსონაჟების მაგალითების განხილვით, რომლებმაც მტკიცე რწმენა გამოავლინეს; ქრისტიანული შეხვედრებისთვის მზადებით; მათში მონაწილეობის მიღებითა და გაბედულად ქადაგებით, რაც ძვირფასი უპირატესობაა. თუ ყოველივე ამას გააკეთებთ, დარწმუნებული იყავით, რომ ნამდვილად ‘მორწმუნეთაგანი’ იქნებით. ამასთანავე, გახსოვდეთ, რომ ასეთებს ძვირფასი ჯილდო ელით. ისინი არიან „მორწმუნენი სულის სახსნელად“b. დაე თქვენი რწმენა იზრდებოდეს და იეჰოვა ღმერთმა გიხსნათ სამუდამოდ.
[სქოლიოები]
a პავლე აბაკუმს სეპტუაგინტადან ციტირებდა, სადაც მე-2 თავის მე-4 მუხლში გამოყენებულია ფრაზა: „თუ უკან მიიქცევა, ჩემი სული არ მოიწონებს მას“. ეს სიტყვები დღეს არსებულ სხვა ებრაულ ხელნაწერში არ გვხვდება. ზოგის აზრით სეპტუაგინტა ითარგმნა ძველი ებრაული ხელნაწერებიდან, რომლებიც დღეისათვის აღარ არსებობს. ნებისმიერ შემთხვევაში, პავლემ ეს სიტყვები ღვთის სულიწმიდის შთაგონებით ჩაწერა, ამრიგად ეს ღვთის ნებართვით მოხდა.
b იეჰოვას მოწმეების წლიური მუხლი 2000 წლისთვის იქნება: „ჩვენ უკან მიქცეულთაგანნი კი არა ვართ. . . არამედ მორწმუნენი სულის სახსნელად“ (ებრაელთა 10:39).
როგორ უპასუხებდით?
◻ როგორ ავლენდა პავლე ებრაელი ქრისტიანების მიმართ ნდობას, და რა შეგვიძლია ვისწავლოთ აქედან?
◻ რატომ იყო პავლეს მიერ წინასწარმეტყველ აბაკუმის სიტყვების ციტირება ასე მართებული?
◻ რომელი ბიბლიური პერსონაჟების მაგალითები მოიყვანა პავლემ?
◻ რწმენის განმტკიცების რა პრაქტიკული საშუალებები დაგვანახვა პავლემ?
[სურათი 23 გვერდზე]
ფილიპეში მომხდარი არასასიამოვნო შემთხვევის შემდეგ პავლემ გამბედაობა მოიკრიბა ქადაგების გასაგრძელებლად.
[სურათები 24 გვერდზე]
შეგიძლიათ გამბედაობის მოკრება ქადაგების სხვადასხვა ფორმის მოსასინჯად?