თავი 29
ახალი საზეიმო სიმღერა
ხილვა 9 გამოცხადება 14:1—20
თემა: 144 000 დგას სიონის მთაზე კრავთან ერთად; ანგელოზის სიტყვები დედამიწაზე ყველგან ისმის; მოსავლის აღება.
შესრულების დრო: 1914 წლიდან დიდ გასაჭირამდე.
1. რა გავიგეთ გამოცხადების მე-7, მე-12 და მე-13 თავებიდან და რას განვიხილავთ ახლა?
რა სასიხარულოა იოანეს მომდევნო ხილვის განხილვა. დრაკონის საშინელი მხეცისმაგვარი ორგანიზაციების ნაცვლად ვისაუბრებთ იეჰოვას ერთგულ მსახურებსა და უფლის დღის განმავლობაში მათ საქმიანობაზე (გამოცხადება 1:10). გამოცხადების 7:1, 3-დან უკვე გავიგეთ, რომ ანგელოზები მაგრად იჭერენ ოთხ გამანადგურებელ ქარს, ვიდრე 144 000 ცხებულ მონას საბოლოოდ ბეჭედი არ დაესმება. გამოცხადების 12:17-დან კი გავიგეთ, რომ ამ დროს „დანარჩენებს [ქალის] შთამომავლებიდან“ სატანა, იგივე დრაკონი, განსაკუთრებით ესხმის თავს. გამოცხადების მე-13 თავში ცოცხალი ენით არის აღწერილი სატანის მიერ დედამიწაზე ჩამოყალიბებული პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც ავიწროებენ და სასტიკად დევნიან იეჰოვას ერთგულ მსახურებს. ეს მთავარი მტერი ხელს ვერ შეუშლის ღვთის განზრახვას! ახლა გავიგებთ, რომ სატანის ბოროტი საქმეების მიუხედავად, 144 000 წარმატებით შეიკრიბა.
2. რა სასიხარულო მოვლენას აღგვიწერს იოანე წინასწარ გამოცხადების 14:1-ში, და ვინ არის კრავი?
2 იოანე და მასთან ერთად თანამედროვე იოანეს კლასი წინასწარ ხედავს ამ სასიხარულო მოვლენას: „გავიხედე და, აი, კრავი დგას სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი, რომლებსაც შუბლებზე აწერიათ მისი სახელი და მისი მამის სახელი“ (გამოცხადება 14:1). როგორც დავინახეთ, ეს კრავი იგივე მიქაელია, რომელმაც ზეციდან გადმოყარა ეშმაკი და მისი დემონები და ზეცა გაათავისუფლა. დანიელმა აღწერა, რომ მიქაელი „[ღვთის] ხალხის ძეების გულისთვის დგას“ და ემზადება, რომ „აღსდგეს“ იეჰოვას სამართლიანი განაჩენის აღსასრულებლად (დანიელი 12:1; გამოცხადება 12:7, 9). 1914 წლიდან ეს თავგანწირული ღვთის კრავი, მესია და მეფე, სიონის მთაზე დგას.
3. რა არის „სიონის მთა“, რომელზეც კრავი და 144 000 დგანან?
3 ისე მოხდა, როგორც იეჰოვამ იწინასწარმეტყველა: „მე, მე დავაყენე ჩემი მეფე სიონზე, ჩემს წმინდა მთაზე“ (ფსალმუნები 2:6; 110:2). აქ აღარ იგულისხმება დედამიწაზე არსებული სიონის მთა, მიწიერი იერუსალიმის ტერიტორია, სადაც დავითის სამეფო ხაზიდან მოსული მეფეები მმართველობდნენ (1 მატიანე 11:4—7; 2 მატიანე 5:2). ახ. წ. 33 წელს იესო სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ ზეციერი სიონის მთაზე ქვაკუთხედი გახდა. იეჰოვას გადაწყვეტილი აქვს, იქ, ზეცაში დააფუძნოს „ცოცხალი ღვთის ქალაქი — ზეციერი იერუსალიმი“. ამგვარად სიონის მთა იესოსა და მისი თანამემკვიდრეების ამაღლებული მდგომარეობის მაჩვენებელია; სწორედ ისინი შეადგენენ ამ ზეციერ იერუსალიმს ანუ სამეფოს (ებრაელები 12:22, 28; ეფესოელები 3:6). ეს ის დიდებული მეფური მდგომარეობაა, რომელსაც იეჰოვა აძლევს მათ უფლის დღეს. საუკუნეების განმავლობაში ცხებული ქრისტიანები, როგორც „ცოცხალი ქვები“ მთელი გულით ელოდებოდნენ ზეციერი სიონის მთაზე განდიდებულ უფალ იესო ქრისტესთან ერთად დადგომას მის დიდებულ სამეფოში (1 პეტრე 2:4—6; ლუკა 22:28—30; იოანე 14:2, 3).
4. რატომ შეიძლება ითქვას, რომ 144 000-დან თითოეული სიონის მთაზე დგას?
4 იოანე არა მარტო იესოს ხედავს სიონის მთაზე, არამედ 144 000-ს, ანუ ზეციერი სამეფოს თანამემკვიდრეებს. იმ დროს, რა დროსაც ეს ხილვა ეხება, 144 000-თა შორის უმეტესობა ზეცაში იყო. მოგვიანებით, იოანე იმავე ხილვიდან იგებს, რომ ზოგიერთმა წმინდამ კიდევ უნდა გადაიტანოს განსაცდელები და სიკვდილამდე ერთგული უნდა დარჩეს (გამოცხადება 14:12, 13). აშკარაა, რომ 144 000-დან ზოგიერთები ჯერ კიდევ დედამიწაზე არიან. მაშ, როგორ ხედავს იოანე ყველა მათგანს იესოსთან ერთად სიონის მთაზეa? ისინი, როგორც ცხებულ ქრისტიანთა კრების წევრები, მიუახლოვდნენ „სიონის მთას და ცოცხალი ღვთის ქალაქს — ზეციერ იერუსალიმს“ (ებრაელები 12:22). როგორც ჯერ კიდევ დედამიწაზე მყოფი პავლე აღდგა სულიერი გაგებით, ისინიც ისე აღდგნენ და ქრისტე იესოსთან ერთობაში არიან ზეცაში (ეფესოელები 2:5, 6). 1919 წელს ისინი გამოეხმაურნენ მოწოდებას „ამოდით აქ“ და სიმბოლური გაგებით „ღრუბელში ავიდნენ ზეცად“ (გამოცხადება 11:12). ამ მუხლებიდან გამომდინარე 144 000-დან თითოეული სულიერი გაგებით დგას იესო ქრისტესთან ერთად სიონის მთაზე.
5. ვისი სახელები აწერიათ შუბლებზე 144 000-ს და რაზე მეტყველებს ეს?
5 144 000-ს საერთო არაფერი აქვს მხეცის თაყვანისმცემლებთან, რომელთა სიმბოლური ნიშანიც 666-ია (გამოცხადება 13:15—18). ამ ერთგულ მსახურებს ღვთისა და კრავის სახელები აწერიათ შუბლებზე. უეჭველია, რომ იოანე, როგორც ებრაელი, დაინახავდა ებრაული ასოებით დაწერილ ღვთის სახელს יהוהb. მათ სიმბოლური გაგებით შუბლებზე აწერიათ იესოს მამის სახელი; ამგვარად ეს ბეჭედდასმულები საჯაროდ აცხადებენ, რომ იეჰოვას მოწმეები, მისი მონები არიან (გამოცხადება 3:12). მათ იესოს სახელიც აწერიათ შუბლებზე, რითაც აღიარებენ, რომ მას ეკუთვნიან. ის მათი „ქმარი“ იქნება, ისინი კი განასახიერებენ მის მომავალ „პატარძალს“ ანუ „ახალ ქმნილებას“, რომელიც ზეციერი ცხოვრების იმედით ემსახურება ღმერთს (ეფესოელები 5:22—24; გამოცხადება 21:2, 9; 2 კორინთელები 5:17). იეჰოვასა და იესო ქრისტესთან ახლო ურთიერთობა გავლენას ახდენს მათ ფიქრებსა და მოქმედებებზე.
თითქოს ახალ სიმღერას მღერიან
6. რა სიმღერა ესმის იოანეს და როგორ აღწერს მას?
6 იოანე გვამცნობს: „გავიგონე ციდან ხმა, როგორც ბევრი წყლის ხმა და ძლიერი ქუხილის ხმა. ხმა, რომელიც გავიგონე, ჰგავდა მომღერალ მექნარეთა ხმას. ისინი თითქოს ახალ სიმღერას მღერიან ტახტის, ოთხი ცოცხალი არსებისა და უხუცესების წინაშე და არავის შეეძლო ამ სიმღერის შესწავლა, გარდა დედამიწიდან ნაყიდი ას ორმოცდაოთხი ათასისა“ (გამოცხადება 14:2, 3). გასაკვირი არაა, რატომ ახსენდება იოანეს ჩანჩქერის ხმაური და ძლიერი ქუხილის ხმა, როცა ერთ გუნდად გაერთიანებული 144 000-ის ხმა ესმის. მართლაც სასიამოვნო მოსასმენია თითქოსდა ქნარების თანხლებით შესრულებული სიმღერა (ფსალმუნი 81:2). დედამიწაზე რომელი გუნდი შეედრება ამ დიდებულ გუნდს?
7. ა) რომელ ახალ სიმღერაზეა საუბარი გამოცხადების 14:3-ში? ბ) რა გაგებით არის ფსალმუნის 149:1-ში ჩაწერილი სიმღერა ახალი?
7 რა არის ეს „ახალი სიმღერა“? როგორც გამოცხადების 5:9, 10-ის განხილვის დროს აღვნიშნეთ, ეს სიმღერა სამეფოს შესახებ იეჰოვას განზრახვებს უკავშირდება, და იმას, რაც მან იესო ქრისტეს მეშვეობით გააკეთა, რათა სულიერი ისრაელი „ჩვენი ღვთის სამეფოდ და მღვდლებად“ გაეხადა. ეს არის იეჰოვას განმადიდებელი სიმღერა. ამ სიმღერით ცხადდება ის სიახლეები, რასაც ღმერთი ღვთის ისრაელის მეშვეობით და მის სასარგებლოდ აკეთებს (გალატელები 6:16). ეს სულიერი ისრაელი ეხმაურება ფსალმუნმომღერლის მოწოდებას: „ადიდეთ იაჰი! ახალი სიმღერა უმღერეთ იეჰოვას, ქება უმღერეთ ერთგულთა კრებულში. გაიხაროს ისრაელმა თავისი დიდებული შემოქმედით, იმხიარულონ სიონის ძეებმა თავიანთი მეფით“ (ფსალმუნი 149:1, 2). მართალია, ეს სიტყვები საუკუნეების წინათ დაიწერა, მაგრამ ჩვენს დროში ამ სიტყვებმა ახალი მნიშვნელობა შეიძინა. 1914 წელს მესიის სამეფო დაიბადა (გამოცხადება 12:10). 1919 წელს იეჰოვას ხალხი დედამიწაზე კვლავ ენთუზიაზმით შეუდგა სამეფოს შესახებ სიტყვის გაცხადებას (მათე 13:19). ისინი, 1919 წლის წლიური მუხლით (ესაია 54:17) აღძრულები და სულიერი სამოთხის აღდგენით გამხნევებულები, იმ წლიდან გულში უმღეროდნენ იეჰოვას (ეფესოელები 5:19).
8. რატომ შეუძლია გამოცხადების 14:3-ში მოხსენიებული სიმღერის შესწავლა მხოლოდ 144 000-ს?
8 რატომ შეუძლია გამოცხადების 14:3-ში მოხსენიებული სიმღერის შესწავლა მხოლოდ 144 000-ს? ეს უკავშირდება იმას, რასაც ისინი გრძნობენ, როგორც ღვთის სამეფოს რჩეული მემკვიდრეები. ღმერთმა მხოლოდ ისინი იშვილა და წმინდა სულით ცხო. მხოლოდ ისინი არიან გამოსყიდულნი დედამიწიდან, რომ გახდნენ ზეციერი სამეფოს ნაწილი; მხოლოდ ისინი „იქნებიან. . . მღვდლები და. . . იმეფებენ“ იესო ქრისტესთან ერთად ათას წელს კაცობრიობის გასასრულყოფილებლად. მხოლოდ ისინი მღერიან „თითქოს ახალ სიმღერას“ იეჰოვას წინაშეc. მხოლოდ მათ შეუძლიათ, გამოსცადონ ეს, და მხოლოდ მათ აქვთ ასეთი იმედი. ამიტომ, მათ მსგავსად, ვერავინ დააფასებს სამეფოს და მათ მსგავსად ვერავინ იმღერებს ამაზე (გამოცხადება 20:6; კოლოსელები 1:13; 1 თესალონიკელები 2:11, 12).
9. როგორ გამოეხმაურა უამრავი ხალხი ცხებულთა სიმღერას და რომელი მოწოდების თანახმად მოიქცნენ ისინი?
9 ამ სიმღერას სხვებიც უსმენენ და ეხმაურებიან. 1935 წლიდან სხვა ცხვრების წარმომადგენელმა უამრავმა ხალხმა, რომელთა რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, მოისმინა ეს საზეიმო სიმღერა, რამაც აღძრა ისინი, შეერთებოდნენ ცხებულებს ღვთის სამეფოს შესახებ ცნობის გაცხადებაში (იოანე 10:16; გამოცხადება 7:9). მართალია, ამ ახალმოქცეულებს არ შეუძლიათ, ზუსტად იმღერონ ის სიმღერა, რომელსაც ღვთის სამეფოს მომავალი მმართველები მღერიან, მაგრამ ისინი მაინც ერთხმად განადიდებენ იეჰოვას მელოდიური სიმღერით ანუ ჰიმნით იმ ახალი საქმეებისთვის, რასაც იეჰოვა აკეთებს. ამგვარად ისინი ეხმაურებიან ფსალმუნმომღერლის მოწოდებას: « „უმღერეთ იეჰოვას ახალი სიმღერა! უმღერეთ იეჰოვას, დედამიწის მკვიდრნო! უმღერეთ იეჰოვას, აკურთხეთ მისი სახელი. დღითი დღე ახარეთ მისგან ხსნა. აუწყეთ მისი დიდება ერებს და მისი საოცარი საქმეები — ხალხებს, მიაგეთ იეჰოვას, ხალხთა ტომებო, მიაგეთ იეჰოვას დიდება და ძალა! უთხარით ერებს: „გამეფდა იეჰოვა“ » (ფსალმუნი 96:1—3, 7, 10; 98:1—9).
10. როგორ მღერის 24 სიმბოლური უხუცესის წინაშე 144 000?
10 როგორ მღერის უხუცესების წინ 144 000, როცა ეს 24 უხუცესი განასახიერებს ზეცაში განდიდებულ 144 000-ს? უფლის დღის დასაწყისში „ქრისტეში მკვდრები“ აღდგნენ სულიერ ქმნილებებად. ამგვარად, ერთგული ცხებული ქრისტიანები, რომლებმაც გაიმარჯვეს და ზეცაში არიან, სიმბოლური გაგებით ასრულებენ მსგავს დავალებას, რასაც 24 ჯგუფად დაყოფილი უხუცესები, მღვდლები ასრულებდნენ. ისინი ჩანან იმ ხილვაში, რომელიც აღწერს იეჰოვას ზეციერ ორგანიზაციას (1 თესალონიკელები 4:15, 16; 1 მატიანე 24:1—18; გამოცხადება 4:4; 6:11). ასე რომ, 144 000-გან დედამიწაზე მცხოვრებნი მღერიან ახალ სიმღერას ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგენილი თავიანთი ძმების წინაშე.
11. რატომ ეწოდებათ გამარჯვებულ ცხებულებს 24 სიმბოლური უხუცესიც და 144 000-ც?
11 შეიძლება დაგვებადოს კითხვა: რატომ არიან მოხსენიებული გამარჯვებული ცხებულები როგორც 24 სიმბოლური უხუცესი და 144 000? რადგან „გამოცხადებაში“ ეს ჯგუფი ორი სხვადასხვა თვალსაზრისით განიხილება. იოანე 24 უხუცესს ყოველთვის იეჰოვას ტახტის ირგვლივ ხედავს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მათ, როგორც მეფეებმა და მღვდლებმა, ზეცაში დაიკავეს თავიანთი ადგილი. ისინი წარმოადგენენ მთელ 144 000 ზეცაში, თუმცა მათგან მცირე ნაწილი ჯერ კიდევ დედამიწაზეა (გამოცხადება 4:4, 10; 5:5—14; 7:11—13; 11:16—18). გამოცხადების მე-7 თავში საუბარია ადამიანთაგან არჩეულ 144 000-ზე და ყურადღება გამახვილებულია იეჰოვას დიდებულ განზრახვაზე, რომ ბეჭედი დაასვას სულიერი ისრაელის ყველა წარმომადგენელს და იხსნას უამრავი ხალხი. „გამოცხადების“ მე-14 თავი კი ადასტურებს, რომ 144 000 გამარჯვებულისგან შემდგარი მეფეთა კლასი სრულად შეიკრიბება კრავთან სიონის მთაზე. ახლა განვიხილავთ, რა მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს 144 000d.
კრავის მიმდევრები
12. ა) როგორ განაგრძობს იოანე 144 000-ის აღწერას? ბ) რა გაგებით არიან 144 000 ქალწულები?
12 იოანე განაგრძობს „დედამიწიდან ნაყიდი“ 144 000-ის აღწერას: „მათ არ წაუბილწავთ თავი ქალებთან, უბიწოები არიან. ესენი მიჰყვებიან კრავს, სადაც არ უნდა წავიდეს. ესენი ადამიანთაგან იქნენ ნაყიდნი, როგორც პირველი ნაყოფი ღვთისა და კრავისთვის. მათი ბაგეებიდან სიცრუე არ გამოსულა, უმანკონი არიან“ (გამოცხადება 14:4, 5). რადგან 144 000 „ქალწულების“ (იხილეთ გამოცხადების 14:4-ის სქოლიო) სახით არის წარმოდგენილი, ეს არ გულისხმობს იმას, რომ ამ ჯგუფის წევრები არ დაქორწინებულან დედამიწაზე ყოფნის დროს. მოციქული პავლე წერდა ქრისტიანებს, რომლებსაც ზეციერი მოწოდება ჰქონდათ, რომ დაუქორწინებლობის უპირატესობის მიუხედავად, ზოგ შემთხვევაში დაქორწინება უფრო გონივრული იყო (1 კორინთელები 7:1, 2, 36, 37). ამ ჯგუფის წევრები სულიერი გაგებით არიან ქალწულები. მათ სულიერად არ უმრუშიათ არც პოლიტიკასთან და არც ცრუ რელიგიასთან (იაკობი 4:4; გამოცხადება 17:5). როგორც ქრისტეზე დანიშნული პატარძალი, ისინი დარჩნენ წმინდები და „უმანკონი ამ უსინდისო და უკუღმართ თაობაში“ (ფილიპელები 2:15).
13. რატომ არის 144 000 შესაფერისი პატარძალი იესო ქრისტესთვის და როგორ „მიჰყვებიან კრავს, სადაც არ უნდა წავიდეს“?
13 გარდა ამისა, „მათი ბაგეებიდან სიცრუე არ გამოსულა“. ამ მხრივ, ისინი თავიანთ მეფეს, იესო ქრისტეს ჰგვანან. როგორც სრულყოფილ ადამიანს, „მას არც ცოდვა ჩაუდენია და არც მზაკვრობა იყო მის ბაგეზე“ (1 პეტრე 2:21, 22). თავიანთი უმანკოებისა და სიმართლის გამო 144 000 იეჰოვას დიდებული მღვდელმთავრისთვის გამზადებულ პატარძალს ჰგავს. დედამიწაზე ყოფნისას იესო მართალი გულის ადამიანებს მოუწოდებდა, მას მიჰყოლოდნენ (მარკოზი 8:34; 10:21; იოანე 1:43). ის, ვინც გამოეხმაურა, ჰბაძავდა იესოს და ემორჩილებოდა მის სწავლებებს. დედამიწაზე ყოფნისას, ისინი „მიჰყვებიან კრავს, სადაც არ უნდა წავიდეს“, რადგან იესო მიუძღვის მათ სატანის ქვეყნიერებაში.
14. ა) როგორ არის 144 000 „პირველი ნაყოფი ღვთისა და კრავისთვის“? ბ) რა გაგებით არის უამრავი ხალხი პირველნაყოფი?
14 ამ ჯგუფს, 144 000-ს, „დედამიწიდან ნაყიდი“ და „ადამიანთაგან ნაყიდი“ ეწოდება. ისინი ღმერთმა იშვილა და აღდგომის შემდეგ აღარ იქნებიან ხორციელი ადამიანები. როგორც მე-4 მუხლშია ჩაწერილი, ისინი არიან „პირველი ნაყოფი ღვთისა და კრავისთვის“. I საუკუნეში იესო იყო „სიკვდილის ძილით მიძინებულთა პირველი ნაყოფი“ (1 კორინთელები 15:20, 23). არასრულყოფილ ადამიანთაგან 144 000 არის „ერთგვარი პირველი ნაყოფი“, რომელიც იესოს მსხვერპლით იყო გამოსყიდული (იაკობი 1:18). თუმცა ამით არ დამთავრებულა ადამიანთაგან ნაყოფის შეკრება. „გამოცხადებაში“ უკვე მოხსენიებული იყო მკა უამრავი ხალხისა, რომელიც ხმამაღლა ამბობს: „ხსნას ჩვენს ღმერთს, ტახტზე მჯდომს, და კრავს ვუმადლით“. ეს უამრავი ხალხი გადაურჩება დიდ გასაჭირს, „სიცოცხლის წყლის წყაროები“ გაასრულყოფილებს მათ დედამიწაზე. დიდი გასაჭირის შემდეგ სამარე დაცარიელდება და მილიონობით ადამიანი აღდგება. მათაც მიეცემათ ამ სიცოცხლის წყლის სმის საშუალება. ამ გაგებით, მართებულია, უამრავ ხალხს სხვა ცხვრის პირველნაყოფი ვუწოდოთ; მათ პირველებმა „გაირეცხეს თავიანთი გრძელი სამოსელი და გაათეთრეს კრავის სისხლით“, რათა დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედი ჰქონოდათ (გამოცხადება 7:9, 10, 14, 17; 20:12, 13).
15. რა მსგავსებაა სამი სახის პირველნაყოფსა და მოსეს კანონში აღწერილ დღესასწაულებს შორის?
15 ამ სამ პირველნაყოფსა (იესო ქრისტეს, 144 000-ს და უამრავ ხალხს) და მოსეს კანონში აღწერილ დღესასწაულებს შორის საინტერესო მსგავსებას ვპოულობთ. 16 ნისანს უფუარობის დღესასწაულზე პირველმოწეული ქერის ძნას სწირავდნენ იეჰოვას (ლევიანები 23:6—14). იესო მკვდრეთით აღდგა 16 ნისანს. 50 დღის შემდეგ, მესამე თვეს, ისრაელები ხორბლის პირველმოწეული ნაყოფის აღებას დღესასწაულობდნენ (გამოსვლა 23:16; ლევიანები 23:15, 16). ამ დღესასწაულს ორმოცდამეათე დღის დღესასწაული ეწოდა. 144 000-გან პირველები სწორედ ახ. წ. 33 წელს ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იქნენ ცხებული წმინდა სულით. მეშვიდე თვეს, მოსავლის აღების შემდეგ ზეიმობდნენ კარვობის დღესასწაულს. ამ დროს ისრაელები სიხარულით გამოხატავდნენ ღვთისადმი მადლიერებას და მთელ კვირას პალმისა და სხვა ხეების ტოტებისგან გაკეთებულ კარვებში ცხოვრობდნენ (ლევიანები 23:33—43). მსგავსად ამისა, უამრავი ხალხი, როგორც დიდი მოსავლის ნაწილი, ტახტის წინ დგას და პალმის ტოტებით ხელში მადლობას სწირავს ღმერთს (გამოცხადება 7:9).
მარადიული სასიხარულო ცნობის გაცხადება
16, 17. ა) სად დაფრინავდა იოანეს ნანახი ანგელოზი და რას აცხადებდა ის? ბ) ვინ მონაწილეობს სამეფოს შესახებ ქადაგების საქმიანობაში და რა ადასტურებს ამას?
16 იოანე აგრძელებს: «ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც ცაში დაფრინავდა და მარადიული სასიხარულო ცნობა ჰქონდა, რომ ეხარებინა დედამიწის მკვიდრთათვის, ყოველი ერისთვის, ტომისთვის, ენისა და ხალხისთვის. ის ხმამაღლა ამბობდა: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, რადგან მოვიდა მისი სასამართლოს საათი. თაყვანი ეცით ცისა და დედამიწის, ზღვისა და წყალთა წყაროების შემქმნელს“ » (გამოცხადება 14:6, 7). ანგელოზი ცაში დაფრინავს, იქ, სადაც ფრინველები დაფრინავენ (შეადარეთ გამოცხადების 19:17). ამიტომ მისი ხმა დედამიწაზე ყველგან ისმის. ანგელოზის სიტყვები უფრო ფართოდ ვრცელდება, ვიდრე ტელევიზიით გადაცემული ნებისმიერი ახალი ამბავი.
17 ანგელოზი ყველას მოუწოდებს, რომ მხეცისა და მისი ქანდაკების კი არ ეშინოდეთ, არამედ იეჰოვასი, რომელსაც სიძლიერით ვერ შეედრება სატანის ძალაუფლებაში მყოფი ვერც ერთი სიმბოლური მხეცი. იეჰოვა ცისა და დედამიწის შემოქმედია, და მოვიდა დრო, რომ მან გაასამართლოს დედამიწა (შეადარეთ დაბადების 1:1; გამოცხადების 11:18). დედამიწაზე ყოფნისას იესომ ჩვენს დროზე იწინასწარმეტყველა: „და ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14). ცხებულ ქრისტიანთა კრება ასრულებს ამ დავალებას (1 კორინთელები 9:16; ეფესოელები 6:15). „გამოცხადებიდან“ ვიგებთ, რომ უხილავი ანგელოზებიც მონაწილეობენ სამქადაგებლო საქმიანობაში. ხშირ შემთხვევაში, აშკარად ჩანდა ანგელოზების ხელმძღვანელობა, როცა მათ იეჰოვას მოწმეები მიჰყავდათ ისეთ დამწუხრებულ ადამიანებთან, რომლებსაც სწყუროდათ სულიერი დახმარება და ლოცულობდნენ კიდევაც ამისთვის.
18. ცაში მფრინავი ანგელოზის სიტყვების თანახმად რა საათი მოვიდა და ვინ გააცხადებს შემდეგ ცნობებს?
18 როგორც ცაში მფრინავი ანგელოზი აცხადებდა, მოვიდა სასამართლო საათი. რა განაჩენს გამოიტანს ღმერთი? მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ანგელოზების მიერ გაცხადებული ცნობების მომსმენთ ყურები შუილს დაუწყებს (იერემია 19:3).
[სქოლიოები]
a 1 კორინთელების 4:8-დან ვიგებთ, რომ დედამიწაზე ყოფნისას ცხებული ქრისტიანები არ მმართველობენ, როგორც მეფეები. მიუხედავად ამისა, გამოცხადების 14:3, 6, 12, 13-ის კონტექსტის თანახმად, ისინიც მღერიან ახალ სიმღერას, რადგან ქადაგებენ სასიხარულო ცნობას და თავიანთი მიწიერი ცხოვრების ბოლომდე ერთგულებას ინარჩუნებენ.
b ამას ადასტურებს სხვა ხილვებში ებრაული სახელების ხსენება. იესოს ებრაულად აბადონი (ნიშნავს განადგურებას) ჰქვია და ის განაჩენს აღასრულებს ადგილზე, რომელსაც „ებრაულად არმაგედონი ჰქვია“ (გამოცხადება 9:11; 16:16).
c რატომ არის ნათქვამი „თითქოს ახალ სიმღერას“? იმიტომ, რომ ეს სიმღერა დიდი ხნის წინათ ჩაიწერა წინასწარმეტყველურ წიგნში, მაგრამ აქამდე არავის შეეძლო ამ სიმღერის მღერა. ახლა, როცა სამეფო დამყარებულია და წმინდებიც აღდგენილნი არიან, წინასწარმეტყველებებიც შესრულდა და ამ სიმღერის სათანადოდ შესრულების დროც დადგა.
d ეს შემთხვევა ჰგავს ერთგული და გონიერი მონის შემთხვევას, რომელიც დროულად აწვდის საზრდოს შინაურებს (მათე 24:45). ეს მონა, როგორც ჯგუფი, ვალდებულია იზრუნოს საზრდოზე, ხოლო შინაურებმა, ანუ ამ ჯგუფის ცალკეულმა წევრებმა, უნდა მიიღონ ეს სულიერი საზრდო. მართალია, ერთი და იმავე ჯგუფს წარმოადგენენ, მაგრამ სხვადასხვანაირად არიან აღწერილი: ერთ შემთხვევაში როგორც მთლიანი ჯგუფი, მეორე შემთხვევაში კი, როგორც ამ ჯგუფის ცალკეული წევრი.
[სურათები 202, 203 გვერდებზე]
144 000
24 უხუცესი
კრავის, იესო ქრისტეს თანამემკვიდრეები ორი სხვადასხვა თვალსაზრისით განიხილება.