ძმათმოყვარეობა შეინარჩუნეთ!
„ძმათმოყვარეობა შეინარჩუნეთ“ (ებრ. 13:1).
1, 2. რატომ მისწერა პავლე მოციქულმა წერილი ებრაელ თანაქრისტიანებს?
ახ. წ. 61 წელი იყო. ისრაელში ქრისტიანულ კრებებს შედარებით მშვიდობიანი პერიოდი ედგათ. მართალია, პავლე ჯერ კიდევ რომში იყო დაპატიმრებული, მაგრამ იმედოვნებდა, რომ მალე დააღწევდა თავს პატიმრობას. მისი თანამსახური, ტიმოთე, ის-ის იყო გაეთავისუფლებინათ; ისინი ერთად გეგმავდნენ ძმების მონახულებას იუდეაში (ებრ. 13:23). თუმცა იესოს წინასწარმეტყველების თანახმად, სულ რაღაც, ხუთ წელიწადში იერუსალიმს რომაელთა ჯარი შემოარტყამდა ალყას. ეს კი იუდეაში, კერძოდ, იერუსალიმში მცხოვრებ ქრისტიანთათვის იმის მომასწავებელი იქნებოდა, რომ დაუყოვნებლივ ემოქმედათ. ისინი იესოს გაფრთხილებული ჰყავდა, რომ რაწამსაც წინასწარმეტყველების შესრულებას იხილავდნენ, იმწამსვე დაეტოვებინათ ქალაქი (ლუკ. 21:20—24).
2 იესოს მიერ ამ წინასწარმეტყველების წარმოთქმიდან 28 წლის შემდეგ ისრაელში მცხოვრებ იუდეველ ქრისტიანებს უკვე გადალახული ჰქონდათ არაერთი დევნა თუ წინააღმდეგობა (ებრ. 10:32—34). თუმცა პავლემ უწყოდა, რომ მათ რწმენის კიდევ ერთი დიდი გამოცდა ელოდათ (მათ. 24:20, 21; ებრ. 12:4). მოციქულს სურდა, რომ ისინი ნებისმიერ განსაცდელს მომზადებულნი შეხვედროდნენ. ამისათვის მათ უნდა გამოევლინათ მოთმინება და რწმენა — ძლიერი რწმენა „სულის ცოცხლად შესანარჩუნებლად“ (წაიკითხეთ ებრაელების 10:36—39). სწორედ ამიტომ ღვთის წმინდა სულით აღძრულმა პავლე მოციქულმა საყვარელ და-ძმებს წერილი მისწერა, რომელიც მათ საჭიროებებს მოარგო. ეს წერილი დღეს წიგნ „ებრაელების“ სახელითაა ცნობილი.
3. რატომ არის ჩვენთვის საყურადღებო წიგნი „ებრაელები“?
3 რატომ უნდა გვაინტერესებდეს თითოეულ ჩვენგანს ის, რაც პავლემ პირველ საუკუნეში ებრაელ ქრისტიანებს მისწერა? იმიტომ რომ, ჩვენც მსგავს სიტუაციაში ვიმყოფებით. ამ ძნელად ასატან ბოლო დღეებში იეჰოვას ხალხიც სხვადასხვა სახის დევნასა თუ წინააღმდეგობას ხვდება (2 ტიმ. 3:1, 12). ისინი ყველანაირად უმტკიცებენ მას, რომ ძლიერი რწმენა აქვთ და მისადმი ერთგულები არიან. მართალია, ბევრი ჩვენგანი შედარებით მშვიდობიან ვითარებაში ვცხოვრობთ და ღიად არ გვიპირისპირდებიან, მაგრამ პავლეს დროს მცხოვრები ქრისტიანების მსგავსად, არც ერთმა ჩვენგანმა არ უნდა უგულებელვყოთ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება — სულ მალე რწმენის უდიდესი გამოცდის წინაშე აღმოვჩნდებით (წაიკითხეთ ლუკას 21:34—36).
4. რომელი მუხლი შეირჩა 2016 წლის მუხლად და რატომ არის ის შესაფერისი?
4 რა დაგვეხმარება, მომზადებულნი შევხვდეთ მოსალოდნელ მოვლენებს? ებრაელებისადმი მიწერილ წერილში პავლე იხსენიებს უამრავ მხარეს, რაც რწმენის განმტკიცებაში დაგვეხმარება. მათ შორის უმთავრესს წერილის უკანასკნელი თავის პირველ მუხლში ესმება ხაზი. ეს მუხლი 2016 წლის მუხლად შეირჩა. მასში ასეთ მოწოდებას ვკითხულობთ: „ძმათმოყვარეობა შეინარჩუნეთ“ (ებრ. 13:1).
2016 წლის მუხლი: „ძმათმოყვარეობა შეინარჩუნეთ“ (ებრაელები 13:1).
რა იგულისხმება ძმათმოყვარეობაში?
5. რა იგულისხმება ძმათმოყვარეობაში?
5 რა იგულისხმება ძმათმოყვარეობაში? „ძმათმოყვარეობად“ ნათარგმნი პავლეს მიერ გამოყენებული ბერძნული სიტყვა „ფილადელფია“ სიტყვასიტყვით „ძმის სიყვარულს“ ნიშნავს. ამ სიყვარულში ოჯახის წევრის ან ახლო მეგობრის მიმართ თბილი და ძლიერი გრძნობა, ემოციური მიჯაჭვულობა, იგულისხმება (იოან. 11:36). ჩვენ მხოლოდ კი არ ვუწოდებთ ერთმანეთს და-ძმებს, არამედ მართლა და-ძმებივით ვეპყრობით ერთურთს (მათ. 23:8). სწორედ ამ თბილი და ძლიერი გრძნობის შესახებ წერდა პავლე მოციქული: „ძმათმოყვარეობაში სათუთი გრძნობები გამოავლინეთ ერთმანეთის მიმართ. პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“ (რომ. 12:10). ეს გრძნობა პრინციპებზე დაფუძნებულ სიყვარულთან, აგაპესთან, ერთად ღვთის ხალხს შორის არსებულ განსაკუთრებულ სიახლოვეს უწყობს ხელს.
6. როგორ ესმით ქრისტიანებს სიტყვა „ძმათმოყვარეობა“?
6 ერთი ბიბლეისტი აღნიშნავს: «[სიტყვა] „ძმათმოყვარეობას“ ძირითადად ქრისტიანულ ლიტერატურაში ვხვდებით». იუდეველებისთვის სიტყვა „ძმას“ ფართო მნიშვნელობა ჰქონდა; ისინი ზოგჯერ ამ სიტყვით არა მხოლოდ ოჯახის წევრებს, არამედ სხვებსაც მიმართავდნენ. თუმცა აღსანიშნავია, რომ იუდეველები ამ სიტყვას უცხოტომელების მისამართით არასდროს იყენებდნენ. ჭეშმარიტი ქრისტიანების შემთხვევაში კი საქმე სხვაგვარადაა; ისინი ეროვნული სხვადასხვაობის მიუხედავად, ერთმანეთს ძმებად მიიჩნევენ (რომ. 10:12). ჩვენ ძმათმოყვარეობა იეჰოვამ გვასწავლა (1 თეს. 4:9). მაგრამ, ისმის კითხვა: რატომ უნდა ვავლენდეთ ძმათმოყვარეობას ყოველთვის?
რატომ უნდა ვავლენდეთ ძმათმოყვარეობას ყოველთვის?
7. ა) რომელი უმთავრესი მიზეზის გამო უნდა ვავლენდეთ ძმათმოყვარეობას? ბ) კიდევ რა მიზეზის გამო უნდა შევიყვაროთ ერთმანეთი უფრო მეტად?
7 ძმათმოყვარეობის გამოვლენა აუცილებელია, ვინაიდან იეჰოვა მოითხოვს ქრისტიანებისგან, რომ უყვარდეთ ერთმანეთი. უბრალოდ შეუძლებელია, გვიყვარდეს ღმერთი და არ გვიყვარდეს ძმები (1 იოან. 4:7, 20, 21). არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვსაჭიროებთ ერთმანეთს, განსაკუთრებით კი — გასაჭირში. პავლემ იცოდა, რომ ზოგ ებრაელ ქრისტიანს, რომელსაც ის წერილს წერდა, მალე სახლისა და ქონების დატოვება მოუწევდა. ამ საშინელი დროის შესახებ იესოსაც ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები (მარ. 13:14—18; ლუკ. 21:21—23). აქედან გამომდინარე, ქრისტიანებს, ისე როგორც არასდროს, უნდა ჰყვარებოდათ ერთმანეთი (რომ. 12:9).
8. რა უნდა გავაკეთოთ დიდი გასაჭირის დაწყებამდე?
8 ანგელოზები მალე დიდი გასაჭირის გამანადგურებელ ქარებს ხელს გაუშვებენ (მარ. 13:19; გამოცხ. 7:1—3). და, როცა ეს მოხდება, ჩვენი მხრიდან ბრძნული საქციელი იქნება, თუ არ წავუყრუებთ ღვთივშთაგონებულ რჩევას: „წადი, ჩემო ხალხო, შედი შენს შიდა ოთახებში და ჩაიკეტე კარები! ცოტა ხნით დაიმალეთ, სანამ რისხვა არ გადაივლის“ (ეს. 26:20). „შიდა ოთახებში“ შესაძლოა ქრისტიანული კრებები იგულისხმებოდეს. სწორედ კრების შეხვედრებზე ვიკრიბებით და-ძმები იეჰოვას თაყვანსაცემად. თუმცა კრების შეხვედრებზე მხოლოდ რეგულარული დასწრება არ კმარა. პავლე მოციქულმა ებრაელ ქრისტიანებს მოუწოდა, რომ ქრისტიანულ შეხვედრებზე მათ „ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის“ წაეხალისებინათ (ებრ. 10:24, 25). ჩვენ და-ძმების მიმართ ასეთი სიყვარული დღესვე უნდა განვივითაროთ, ვინაიდან მომავალში ნებისმიერ სირთულესა თუ განსაცდელს სწორედ ეს სიყვარული გადაგვატანინებს.
9. ა) როდის გვეძლევა ძმათმოყვარეობის გამოვლენის შესაძლებლობა? ბ) როგორ ავლენს იეჰოვას ხალხი ძმათმოყვარეობას? მოიყვანეთ მაგალითები.
9 ძმათმოყვარეობის გამოვლენა დღესაც, დიდი გასაჭირის დაწყებამდეც, გვმართებს. მსოფლიოში ბევრი ჩვენი ძმა დაზარალდა არაერთი მიწისძვრის, წყალდიდობის, ქარიშხლის, ცუნამისა თუ სხვა სტიქიური უბედურებების შედეგად; ზოგსაც დევნისა თუ წინააღმდეგობის ატანა უწევს (მათ. 24:6—9). ამ ყველაფერს ისიც ერთვის, რომ სატანის გახრწნილ ქვეყნიერებაში ვცხოვრობთ და ეკონომიკურ პრობლემებს ყოველდღიურად ვაწყდებით (გამოცხ. 6:5, 6). ფაქტი ერთია: სიძნელეების მატებასთან ერთად, ძმათმოყვარეობის გამოვლენის უფრო მეტი შესაძლებლობა გვეძლევა. მართალია, ბიბლია გვაუწყებს, რომ „უკანონობის გამრავლების გამო მრავალს სიყვარული გაუნელდება“, მაგრამ ჩვენ, ქრისტიანები, კვლავაც ძმათმოყვარეობას უნდა ვავლენდეთ (მათ. 24:12).[1]
როგორ შევინარჩუნოთ ძმათმოყვარეობა?
10. რას განვიხილავთ?
10 როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ უამრავი პრობლემის მიუხედავად, კვლავაც გვიყვარს ძმები? მას შემდეგ, რაც პავლე მოციქულმა თანაქრისტიანებს ძმათმოყვარეობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა, მან ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მხარეზე, რაც ქრისტიანებს ძმათმოყვარეობის გამოვლენაში ეხმარება. მოდი, მიმოვიხილოთ ექვსი მათგანი.
11, 12. რას მოიცავს სტუმართმოყვარეობა? (იხილეთ სურათი მე-7 გვერდზე)
11 „ნუ დაივიწყებთ სტუმართმოყვარეობას“ (წაიკითხეთ ებრაელების 13:2). „სტუმართმოყვარეობად“ ნათარგმნი სიტყვა დედნისეულ ენაზე „უცხოთა სიყვარულს“ ნიშნავს. ამ ფრაზამ შეიძლება ბიბლიური პერსონაჟები, აბრაამი და ლოტი, გაგვახსენოს. ორივე მათგანმა სრულიად უცნობების მიმართ გამოავლინა სიყვარული. ეს უცნობები ანგელოზები აღმოჩნდნენ (დაბ. 18:2—5; 19:1—3). პავლემ ამ მაგალითების მეშვეობით ებრაელი თანაქრისტიანები სტუმართმოყვარეობის გამოვლენისკენ წაახალისა; ამგვარად, ისინი აჩვენებდნენ, რომ უყვარდათ ერთმანეთი.
12 იჩენთ სტუმართმოყვარეობას და ეპატიჟებით სხვებს სადილად გამხნევებისა და ურთიერთობის მიზნით? იმისათვის, რომ სტუმართმოყვარეობა გამოავლინოთ, სულაც არაა საჭირო დიდი ხარჯების გაღება და მდიდრული სუფრის გაშლა. ამასთანავე, მხოლოდ მათ ნუ მოიპატიჟებთ სტუმრად, ვინც თავადაც შეძლებს თქვენთვის რაიმე სახით პატივისცემას (ლუკ. 10:42; 14:12—14). ჩვენი მიზანი ვინმეზე შთაბეჭდილების მოხდენა კი არ უნდა იყოს, არამედ — გამხნევება. იჩენთ სტუმართმოყვარეობას სარაიონო ზედამხედველისა და მისი მეუღლის მიმართ იმ შემთხვევაშიც კი, თუ კარგად არ იცნობთ მათ? (3 იოან. 5—8). ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადატვირთული გრაფიკისა თუ ყოველდღიური საზრუნავის მიუხედავად, გამოვავლინოთ სტუმართმოყვარეობა!
13, 14. როგორ შეგვიძლია „გვახსოვდეს საპყრობილეში ბორკილებში მყოფნი“?
13 „გახსოვდეთ საპყრობილეში ბორკილებში მყოფნი“ (წაიკითხეთ ებრაელების 13:3). პავლემ ამ სიტყვებში ის ძმები იგულისხმა, რომლებიც თავიანთი მრწამსის გამო იყვნენ პატიმრობაში. როდესაც მოციქულმა ეს სიტყვები ებრაელ ქრისტიანებს მისწერა, თავადაც დაახლოებით ოთხი წლის დაპატიმრებული იყო (ფილ. 1:12—14). ის წერილში ებრაელ თანაქრისტიანებს პატიმრებისადმი გამოვლენილი თანაგრძნობისთვის აქებდა (ებრ. 10:34). თუმცა, აღსანიშნავია, რომ ებრაელი თანამორწმუნეები, სხვა ძმებისგან განსხვავებით, ტერიტორიული სიშორის გამო პავლეს ვერ დაეხმარებოდნენ. მაშ, როგორღა შეეძლოთ, „ხსომებოდათ“ იგი? მისთვის აღვლენილი გულმხურვალე ლოცვებით (ებრ. 13:18, 19).
14 შესაძლოა არც ჩვენ ვცხოვრობთ დღეს იმ და-ძმების სიახლოვეს, რომლებიც რწმენის გამო ციხეებში სხედან. ამიტომ, ახლომახლო მცხოვრები მოწმეებისგან განსხვავებით, შეიძლება ვერ გავუწოდოთ მათ დახმარების ხელი. მაგრამ, თუ ყოველთვის გვეხსომება ეს და-ძმები და ლოცვებში გამუდმებით მოვიხსენიებთ, ამგვარად, მათ მიმართ თანაგრძნობასა და ძმურ სიყვარულს გამოვავლენთ. ლოცულობთ იმ თანაქრისტიანებზე და დროდადრო იმ პატარებზეც კი, რომლებიც ერიტრეაში არიან დაპატიმრებულნი? ამ პატიმრებს შორის არიან პაულოს ეიასუ, ისააკ მოგოსი და ნეგედე ტეკლემარიამი; ისინი უკვე 20 წელზე მეტია, გისოსებს მიღმა იმყოფებიან!
15. როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ ჩვენთვის ძვირფასია ოჯახი?
15 „ყველას ცოლქმრობა იყოს ღირსეული“ (წაიკითხეთ ებრაელების 13:4). ძმათმოყვარეობას იმითაც გამოვავლენთ, თუ ზნეობრივ სიწმინდეს შევინარჩუნებთ (1 ტიმ. 5:1, 2). ქრისტიანი თანამორწმუნეს „აზარალებს და მის უფლებებს ხელყოფს“, თუ იგი უზნეობას სჩადის მასთან ან მისი ოჯახის წევრებთან, რითაც ძირს უთხრის ნდობას, ძმური სიყვარულის საფუძველს (1 თეს. 4:3—8). გარდა ამისა, წარმოიდგინეთ, რა რეაქცია ექნება ქრისტიან ცოლს, თუ აღმოაჩენს, რომ მისი ქმარი პორნოგრაფიას უყურებს, რაც ღალატის ტოლფასია. როგორ ფიქრობთ, მეტყველებს ქმრის ასეთი საქციელი იმაზე, რომ მას უყვარს ცოლი და მისთვის ძვირფასია ოჯახი? (მათ. 5:28).
16. როგორ გვეხმარება კმაყოფილების გრძნობა ძმური სიყვარულის გამოვლენაში?
16 „დასჯერდით იმას, რაც გაქვთ“ (წაიკითხეთ ებრაელების 13:5). ჩვენ კმაყოფილნი ვიქნებით, თუ იეჰოვას მივენდობით. ეს დაგვეხმარება, გაწონასწორებული თვალსაზრისი გვქონდეს მატერიალურ ნივთებზე (1 ტიმ. 6:6—8). კმაყოფილების გრძნობა იმის გაცნობიერებაში დაგვეხმარება, რომ იეჰოვასა და თანაქრისტიანებთან ურთიერთობა ბევრად ძვირფასია იმ ყოველივეზე, რის ყიდვაც ფულითაა შესაძლებელი. კმაყოფილ ადამიანს არ სჩვევია წუწუნი, დრტვინვა და სხვის ნაკლოვანებებზე ყურადღების გამახვილება; მისთვის შურიანობა და სიხარბეც უცხოა. ეს ხომ ის თვისებებია, რომლებიც ძმურ სიყვარულს აშთობს?! ამის საპირისპიროდ, კმაყოფილების გრძნობა ადამიანს გულუხვობისკენ უბიძგებს (1 ტიმ. 6:17—19).
17. როგორ დაგვეხმარება სხვების გამხნევება ძმათმოყვარეობის გამოვლენაში?
17 გაამხნევეთ სხვები (წაიკითხეთ ებრაელების 13:6). თუ იეჰოვას მივენდობით, ნებისმიერ სირთულეს მხნედ შევხვდებით. მხნეობა კი, თავის მხრივ, შეგვძენს დადებით განწყობას. ძმური სიყვარულისა და დადებითი განწყობის წყალობით, აღვაშენებთ და ვანუგეშებთ და-ძმებს (1 თეს. 5:14, 15). დიდი გასაჭირის დროს, ყველაზე საზარელ წუთებშიც კი, იესოს სიტყვებით რომ ვთქვათ, გავიმართებით და თავებს ავწევთ, ვინაიდან გვეცოდინება, რომ მოახლოვდა ჩვენი ხსნა (ლუკ. 21:25—28).
18. როგორ შეგვიძლია ძმური სიყვარულის გაღრმავება უხუცესების მიმართ?
18 „გახსოვდეთ ისინი, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია“ (წაიკითხეთ ებრაელების 13:7, 17). როდესაც ჩვენს გამრჯე უხუცესებზე ვფიქრობთ, რომლებიც ყოველგვარი გამორჩენის გარეშე ემსახურებიან სამწყსოს, მათ მიმართ ძმური სიყვარული და მადლიერების გრძნობა გვიღრმავდება. ჩვენ ნამდვილად არ გვსურს, რომ ისეთი რამ გავაკეთოთ, რითაც უხუცესებს ოხვრის მიზეზს მივცემდით და სიხარულს დავაკარგვინებდით. პირიქით, თუ დავემორჩილებით მათ, ვაჩვენებთ, რომ დიდად ვაფასებთ „მათი საქმის გამო“ (1 თეს. 5:13).
„ეს უფრო სრულად აკეთეთ“
19, 20. როგორ შეგვიძლია უფრო სრულად გამოვავლინოთ ძმათმოყვარეობა?
19 ფაქტია, იეჰოვას ხალხს სხვებისგან ძმათმოყვარეობა გამოარჩევს. ამას თავის დროზე პავლემაც გაუსვა ხაზი. თუმცა, მან თანამედროვეთ მოუწოდა: „ეს უფრო სრულად აკეთეთ“ (1 თეს. 4:9, 10). მაშასადამე, გაუმჯობესება ყოველთვისაა შესაძლებელი!
20 მოდი, როცა წლის განმავლობაში თვალს შევავლებთ წლის მუხლს, დავფიქრდეთ შემდეგ კითხვებზე: როგორ შემიძლია, რომ უფრო მეტად გამოვავლინო სტუმართმოყვარეობა? როგორ შემიძლია, „მახსოვდეს“ პატიმრობაში მყოფი ძმები? ვაჩვენებ, რომ ვაფასებ იეჰოვას მიერ დაფუძნებულ ქორწინების ინსტიტუტს? რა დამეხმარება, ვიყო კმაყოფილი? როგორ გავიღრმავო იეჰოვასადმი ნდობა? რა დამეხმარება, უფრო მეტად ვითანამშრომლო მათთან, „ვისაც . . . ხელმძღვანელობა აკისრია“? თუ ყურად ვიღებთ ამ ექვს რჩევას, წლის მუხლი სამეფო დარბაზის კედელზე გაკრულ ლიტონ სიტყვებად არ დარჩება; ის ყოველთვის შეგვახსენებს, რომ მივყვეთ ბიბლიაში ჩაწერილ პავლეს მოწოდებას: „ძმათმოყვარეობა შეინარჩუნეთ“ (ებრ. 13:1).
^ [1] (მე-9 აბზაცი) მაგალითები იმის თაობაზე, თუ როგორ ავლენენ იეჰოვას მოწმეები ძმათმოყვარეობას სტიქიური უბედურებების დროს, შეგიძლიათ იხილოთ 2002 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკში“, გვ. 8, 9 და წიგნში „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“, თავ. 19.