იეჰოვა აფასებს თავის მსახურებს
„ღმერთი უმართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა და სიყვარული, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ“ (ებრაელები 6:10).
1. როგორ დააფასა იეჰოვამ მოაბელი რუთი?
იეჰოვა აფასებს მათ ძალისხმევას, ვინც გულწრფელად ცდილობს მისი ნების შესრულებას, და კურთხევებსაც არ აკლებს მათ (ებრაელები 11:6). ერთგულმა მსახურმა ბოაზმა იცოდა, რომ იეჰოვა მადლიერი ღმერთია და ამიტომ დაქვრივებულ დედამთილზე მზრუნველ მოაბელ რუთს უთხრა: „იეჰოვამ გადაგიხადოს შენი საქმისამებრ და სრული საზღაური მოგეგოს ისრაელის ღვთისგან, იეჰოვასგან“ (რუთი 2:12). ღმერთმა მართლაც აკურთხა რუთი. მის შესახებ ბიბლიაში ჩაიწერა. გარდა ამისა, რუთი ბოაზს გაჰყვა ცოლად, და მეფე დავითისა და ქრისტეს წინაპარი გახდა (რუთი 4:13, 17; მათე 1:5, 6, 16). ბიბლიაში ჩაწერილი არაერთი მსგავსი მაგალითი ცხადყოფს, რომ იეჰოვა აფასებს თავის მსახურებს.
2, 3. ა) რატომ არის გასაოცარი, რომ ღმერთი აფასებს თავის მსახურებს? ბ) რატომ აფასებს იეჰოვა თავის მსახურებს? მოიყვანეთ მაგალითი.
2 იეჰოვა თვლის, რომ მისი მხრიდან უსამართლობა იქნებოდა, რომ არ დაეფასებინა თავისი მსახურები. ებრაელების 6:10-ში ნათქვამია: „ღმერთი უმართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა და სიყვარული, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ, რადგან ემსახურებოდით და კვლავაც ემსახურებით წმინდებს“. მართლაც გასაოცარია, რომ ღმერთი აფასებს თავის ერთგულ მსახურებს მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცოდვილები არიან და ღვთის დიდებას მოკლებულნი (რომაელები 3:23).
3 არასრულყოფილების გამო შეიძლება ვიფიქროთ, რომ ღვთისადმი ჩვენს მსახურებას ფასი არა აქვს და ღვთის კურთხევასაც არ ვიმსახურებთ. თუმცა იეჰოვა ნამდვილად აფასებს მთელი გულით მსახურებას, რადგან კარგად ესმის, რა მდგომარეობაში ვართ და რა მოტივებით ვემსახურებით (მათე 22:37). წარმოვიდგინოთ, რომ დედამ მაგიდაზე ნახა საჩუქარი, უბრალო ყელსაბამი. ის უბრალო საჩუქრით მაინცდამაინც არ მოიხიბლა. მაგრამ ბარათიდან გაიგო, რომ საჩუქარი მისმა პატარა გოგონამ გაუკეთა, რომელმაც მთელი მოგროვილი ფული დახარჯა. დედამ ამის შემდეგ კი დააფასა საჩუქარი. ალბათ, ის აცრემლებული თვალებით გადაეხვეოდა ბავშვს და მადლობას ეტყოდა.
4, 5. როგორ ბაძავდა იესო იეჰოვას?
4 ვინაიდან იეჰოვამ იცის ჩვენი მოტივები და შეზღუდული შესაძლებლობები, აფასებს, როდესაც საუკეთესოს ვაკეთებთ მისთვის, იქნება ეს ცოტა თუ ბევრი. იესო სრულყოფილად ბაძავდა მამამისს. გავიხსენოთ ქვრივის ორი ლეპტის მაგალითი. «გაიხედა [იესომ] და დაინახა, რომ მდიდრები თავიანთ ძღვენს ფულის ჩასაყრელში ყრიდნენ. დაინახა გაჭირვებული ქვრივიც, რომელმაც ორი პატარა მონეტა ჩააგდო, და თქვა: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: ამ ღარიბმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო. ყველამ ის გაიღო ძღვნად, რაც ზედმეტი ჰქონდა, ის კი სიდუხჭირეში ცხოვრობს, მაგრამ ყველაფერი ჩაყარა, რაც კი თავის სარჩენად გააჩნდა“» (ლუკა 21:1—4).
5 იესომ დააფასა ამ ქალის მსხვერპლი, რადგან იცოდა, რომ ის ღარიბიც იყო და ქვრივიც. ასე აკეთებს იეჰოვაც (იოანე 14:9). განა გამამხნევებელი არ არის, რომ ღმერთი და მისი ძე აფასებენ ერთგულ მსახურებს მათი მდგომარეობის მიუხედავად?!
იეჰოვამ აკურთხა ღვთისმოშიში ეთიოპი
6, 7. რატომ და როგორ დააფასა იეჰოვამ ებედ-მელექი?
6 ბიბლიაში არაერთი მაგალითი გვხვდება იმისა, რომ იეჰოვა აფასებს თავისი ნების შემსრულებლებს. გავიხსენოთ ღვთისმოშიში ეთიოპი ებედ-მელექი, რომელიც იერემიას დროს ცხოვრობდა და იუდას ორგული მეფის, ციდკიას კარზე მსახურობდა. ერთხელ ებედ-მელექმა შეიტყო, რომ იუდას მთავრებმა უსამართლოდ დაადანაშაულეს აჯანყებაში წინასწარმეტყველი იერემია და ჭაში ჩააგდეს, სადაც შიმშილით სიკვდილი ემუქრებოდა (იერემია 38:1—7). ებედ-მელექმა იცოდა, რომ იერემია იმ ცნობის გამო სძულდათ, რომელსაც ქადაგებდა. ამიტომ საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო და მეფეს გაბედულად მიმართა: „მეფე-ბატონო, ბოროტად მოექცნენ ეს კაცები იერემია წინასწარმეტყველს, რომელიც ჭაში ჩააგდეს, რათა იქ შიმშილით მოკვდეს“. მეფის ბრძანებით ებედ-მელექმა 30 კაცი წაიყვანა და ღვთის წინასწარმეტყველი გადაარჩინა (იერემია 38:8—13).
7 იეჰოვას მხედველობიდან არ გამორჩენია, რომ ებედ-მელექი რწმენით მოქმედებდა, რაც მას შიშის დაძლევაში დაეხმარა. იეჰოვამ დააფასა თავისი მსახური და იერემიას პირით უთხრა: „აი, შევასრულებ ჩემს სიტყვებს ამ ქალაქის საუბედუროდ და არა სასიკეთოდ. . . გიხსნი იმ დღეს. . . და არ ჩავარდები მათ ხელში, ვისიც გეშინია. გადაგარჩენ. . . ნადავლად შენი სული გექნება, რადგან ჩემზე იყავი დაიმედებული“ (იერემია 39:16—18). იეჰოვამ ებედ-მელექი და იერემია ჯერ იუდას ბოროტი მთავრებისგან იხსნა, შემდეგ — ბაბილონელებისგან, რომლებმაც მიწასთან გაასწორეს იერუსალიმი. „[იეჰოვა] იცავს თავის ერთგულთა სულებს, ბოროტთა ხელიდან იხსნის მათ“, — ნათქვამია ფსალმუნის 97:10-ში.
„მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს“
8, 9. თუ იესოს მაგალითს გავითვალისწინებთ, როგორ ლოცვებს აფასებს იეჰოვა?
8 იეჰოვა რომ აფასებს თავის მსახურებს, იქიდანაც ჩანს, თუ რა წერია ბიბლიაში ლოცვის შესახებ: „მართალთა ლოცვა სასურველია [ღვთისთვის]“ (იგავები 15:8). იესოს დროს ბევრი რელიგიური წინამძღოლი ღვთისმოშიშების გამო კი არ ლოცულობდა, არამედ ხალხზე შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით. იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „მათ უკვე სრულად მიიღეს თავიანთი საზღაური. შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ლოცვით მიმართე დაფარულში მყოფ შენს მამას, და მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ“ (მათე 6:5, 6).
9 ამით იესო საჯაროდ ლოცვას როდი გმობდა; ის ზოგჯერ თავადაც ლოცულობდა საჯაროდ (ლუკა 9:16). იეჰოვა აფასებს გულწრფელ და არა სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით წარმოთქმულ ლოცვას. პირადი ლოცვებით შეგვიძლია იეჰოვას ვაჩვენოთ, რომ ძლიერ გვიყვარს და ვენდობით. თავად იესოც ხშირად ლოცულობდა განცალკევებით. ერთხელ იესომ ილოცა „დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელოდა“; სხვა დროს ის „მარტო ავიდა მთაზე, რომ ელოცა“; 12 მოციქულის არჩევამდე კი იესო მთელი ღამე მარტო ლოცულობდა (მარკოზი 1:35; მათე 14:23; ლუკა 6:12, 13).
10. რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულნი, თუ გულწრფელი სიტყვებითა და ღრმა გრძნობით ვლოცულობთ?
10 წარმოვიდგინოთ, რა ყურადღებით მოუსმენდა იეჰოვა თავისი ძის გულწრფელ ლოცვას. იესო ზოგჯერ მართლაც „ძლიერი ღაღადითა და ცრემლებით [ლოცულობდა]. . . და შესმენილ იქნა ღვთის შიშის გამო“ (ებრაელები 5:7; ლუკა 22:41—44). თუ ჩვენც გულწრფელი სიტყვებითა და ღრმა გრძნობით ვლოცულობთ, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ჩვენი ზეციერი მამა ყურადღებით გვისმენს და აფასებს ჩვენს ლოცვებს. ფსალმუნის 145:18-ის თანახმად, „იეჰოვა ახლოს არის ყველასთან. . . ვინც ჭეშმარიტებით მოუხმობს მას“.
11. აფასებს იეჰოვა იმას, როცა განმარტოებით ვართ და მაინც ვემორჩილებით?
11 თუ იეჰოვა აფასებს იმას, რომ განმარტოებით ვლოცულობთ, ის იმასაც დააფასებს, როცა განმარტოებით ვართ და მაინც ვემორჩილებით. იეჰოვას არ გამოეპარება, რასაც განმარტოებით ვაკეთებთ (1 პეტრე 3:12). თუ მაშინ ვავლენთ ერთგულებას და მაშინ ვემორჩილებით ღმერთს, როცა მარტონი ვართ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ „მთელი გულით“ ვემსახურებით მას, ანუ გვაქვს სწორი მოტივები და ვცდილობთ, ყოველთვის ის ვაკეთოთ, რაც სწორია (1 მატიანე 28:9). ასეთი საქციელით იეჰოვას გულს ვუხარებთ (იგავები 27:11; 1 იოანე 3:22).
12, 13. როგორ დავიცვათ გული და გონება და როგორ მივბაძოთ ერთგულ მოწაფე ნათანაელს?
12 ერთგული ქრისტიანები ფრთხილობენ, რომ გონებისა და გულის გამხრწნელი ფარული ცოდვა არ ჩაიდინონ, მაგალითად, არ უყურონ პორნოგრაფიასა და ძალადობის ამსახველ სიუჟეტებს. ადამიანს რომ დაუმალო ცოდვა, ღმერთს მაინც ვერაფერს დაუმალავ, რადგან „ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე, ვისაც ანგარიშს ვაბარებთ“ (ებრაელები 4:13; ლუკა 8:17). თუ ვეცდებით, მოვერიდოთ იმას, რაც იეჰოვას არ მოსწონს, სუფთა სინდისსაც შევინარჩუნებთ და სიხარულსაც, რადგან იეჰოვა კმაყოფილი იქნება ჩვენით. იეჰოვა მართლაც აფასებს იმ პიროვნებას, „ვინც უბიწოდ დადის, სიმართლეს აკეთებს და ჭეშმარიტებას ლაპარაკობს გულში“ (ფსალმუნი 15:1, 2).
13 როგორ დავიცვათ გული და გონება ბოროტი ქვეყნიერების გავლენისგან? (იგავები 4:23; ეფესოელები 2:2). ყველაფრით უნდა ვისარგებლოთ, რითაც იეჰოვა სულიერად უზრუნველგვყოფს, მოვერიდოთ ბოროტებას და სიკეთე ვაკეთოთ. აუცილებელია აგრეთვე დაუყოვნებლივ ვიმოქმედოთ, რომ არასწორი სურვილები არ განგვივითარდეს და ცოდვა არ ჩავიდინოთ (იაკობი 1:14, 15). რა ბედნიერი იქნებოდით, იესოს თქვენზეც იგივე რომ ეთქვა, რაც ნათანაელზე თქვა: „აი [კაცი], რომელშიც არ არის ცბიერება“ (იოანე 1:47). ნათანაელს, იმავე ბართლომეს, მოგვიანებით დიდი პატივი ხვდა წილად და მოციქული გახდა (მარკოზი 3:16—19).
„გულმოწყალე და ერთგული მღვდელმთავარი“
14. სხვებისგან განსხვავებით, როგორ შეაფასა იესომ მარიამის საქციელი?
14 იესო, როგორც იეჰოვას, „უხილავი ღვთის, ანარეკლი“, ყოველთვის სრულყოფილად ბაძავდა მამას და აფასებდა მათ, ვინც გულწრფელად ემსახურებოდა ღმერთს (კოლოსელები 1:15). მაგალითად, სიკვდილამდე ხუთი დღით ადრე იესო რამდენიმე მოწაფესთან ერთად ბეთანიელ სიმონს ესტუმრა. იმ საღამოს ლაზარესა და მართას დამ, მარიამმა „აიღო ერთი ლიტრა სუფთა ნარდის ძალიან ძვირად ღირებული ნელსაცხებელი“ (მთელი წლის ჯამაგირის საფასური), და თავსა და ფეხებზე სცხო იესოს (იოანე 12:3). „რა საჭიროა ასე უაზროდ ხარჯვა?“ — გაისმა საყვედური. იესო მარიამის საქციელს სხვა თვალით უყურებდა. იესომ ეს მას გულუხვობაში ჩაუთვალა. მან ნელსაცხებლის წასმაში უფრო მეტიც დაინახა, რადგან უნდა მომკვდარიყო და შემდეგ დამარხულიყო. ამიტომ იესომ კი არ გააკრიტიკა, არამედ დააფასა მარიამი. მან აღნიშნა: „მთელ ქვეყნიერებაზე, სადაც კი სასიხარულო ცნობას იქადაგებენ, იმასაც იტყვიან, რაც ამ ქალმა გააკეთა, მისივე გასახსენებლად“ (მათე 26:6—13).
15, 16. რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის იმას, რომ იესო დედამიწაზე ცხოვრობდა და ემსახურებოდა იეჰოვას?
15 ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ იესო, ჩვენი წინამძღოლი, აფასებს ადამიანებს. დედამიწაზე ცხოვრებით იეჰოვამ იესო იმისთვის მოამზადა, რომ მღვდელმთავრად და მეფედ ემსახურა, როგორც ცხებულთა კრების, ისე მთელი მსოფლიოს კრებების საკეთილდღეოდ (კოლოსელები 1:13; ებრაელები 7:26; გამოცხადება 11:15).
16 იესოს ადამიანები ჯერ კიდევ იმ დროიდან უყვარდა, ვიდრე დედამიწაზე მოვიდოდა (იგავები 8:31). დედამიწაზე ცხოვრების განმავლობაში კი უკეთ გაიგო, რა სირთულეებს ხვდებიან ღვთის მსახურები. „[იესო] ყველაფერში თავის ძმებს უნდა დამსგავსებოდა, რათა გულმოწყალე და ერთგულ მღვდელმთავრად დანიშნულიყო. . . რაკი თვითონ იტანჯა, როცა იცდებოდა, შეუძლია დაეხმაროს მათაც, ვინც ახლა იცდება“. იესოს შეუძლია „თანაგვიგრძნოს ჩვენს სისუსტეებში“, რადგან „ჩვენსავით გამოიცადა ყველაფერში, ოღონდ უცოდველი იყო“ (ებრაელები 2:17, 18; 4:15, 16).
17, 18. ა) საიდან ჩანს, რომ იესოს კარგად ესმოდა თავისი მოწაფეების? ბ) რისთვის სჭირდებოდათ მომზადება ცხებულ ქრისტიანებს?
17 აღდგომის შემდეგ უფრო ცხადი გახდა, რომ იესოს უკეთ ესმოდა, თუ რა განსაცდელებს ხვდებოდნენ მისი მიმდევრები. მოციქულ იოანეს ხელით იესომ მცირე აზიის შვიდ კრებას წერილები მისწერა. სმირნის კრებას უთხრა: „ვიცი შენი გასაჭირი და სიღარიბე“. იესო იმას გულისხმობდა, რომ ბოლომდე ესმოდა მათი პრობლემები და იცოდა, რასაც განიცდიდნენ. შემდეგ, თავად ტანჯვით მოკლულმა იესომ თანაგრძნობითა და დარწმუნებით უთხრა სმირნის კრებას: „სიკვდილამდე ერთგული დარჩი და მოგცემ სიცოცხლის გვირგვინს“ (გამოცხადება 2:8—10).
18 იესოს წერილებიდან არაორაზროვნად ჩანს, რომ მას კარგად ესმოდა თავისი მოწაფეების და აფასებდა კიდეც მათ ერთგულებას (გამოცხადება 2:1—3:22). გავიხსენოთ, რომ იესო მიმართავდა ცხებულ ქრისტიანებს, რომლებსაც ზეცაში მასთან ერთად უნდა ემეფათ. თავიანთი უფლის მსგავსად, მათაც სჭირდებოდათ მომზადება უდიდესი როლის შესასრულებლად. ისინი თანაგრძნობით უნდა მოპყრობოდნენ და ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის წყალობით კურთხევები მოეტანათ დასნეულებული კაცობრიობისთვის (გამოცხადება 5:9, 10; 22:1—5).
19, 20. როგორ გამოხატავს მადლიერებას უამრავი ხალხი იეჰოვასა და მისი ძისადმი?
19 ცხებულების გარდა იესო თავის ერთგულ „სხვა ცხვარსაც“ სიყვარულით ეპყრობა. „სხვა ცხვრიდან“ მილიონობით ადამიანი ერთიანდება ‘უამრავ ხალხში. . . ყველა ერიდან’, რომლებიც მოახლოებულ „დიდ გასაჭირს“ გადაიტანენ (იოანე 10:16; გამოცხადება 7:9, 14). გამომსყიდველური მსხვერპლისა და მარადიული სიცოცხლის გამო ეს მადლიერებით აღძრული ხალხი იესოსთან იკრიბება. ისინი მადლიერებას იმით გამოხატავენ, რომ „წმინდა მსახურებას ასრულებენ [ღვთისთვის] დღე და ღამე“ (გამოცხადება 7:15—17).
20 გასული 2006 სამსახურებრივი წლის ანგარიში (27—30 გვერდები) ცხადყოფს, რომ ღვთის ერთგული მსახურები მართლაც უსრულებენ იეჰოვას „წმინდა მსახურებას დღე და ღამე“. 2006 წელს მათ ცხებული ქრისტიანების მცირე ჯგუფთან ერთად ქადაგებას მთლიანობაში 1 333 966 199 საათი დაუთმეს, რაც 150 000 წელზე მეტს შეადგენს.
კვლავაც იყავით მადლიერნი
21, 22. ა) განსაკუთრებით რისგან უნდა დაიცვან ქრისტიანებმა თავი, რომ მადლიერები იყვნენ? ბ) რაზე ვისაუბრებთ მომდევნო სტატიაში?
21 მართლაც გასაოცარია, რომ იეჰოვა და მისი ძე აფასებენ არასრულყოფილ ადამიანებს, მაგრამ გულსატკენია, როცა ადამიანთა უმრავლესობა ღმერთზე წინ საკუთარ ინტერესებს აყენებს. „ბოლო დღეებში“ მცხოვრებ ადამიანებზე პავლე წერდა: „ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები. . . ფულის მოყვარულები და უმადურები“ (2 ტიმოთე 3:1—5). ასეთები აშკარად განსხვავდებიან ჭეშმარიტი ქრისტიანებისგან, რომლებიც გულწრფელი ლოცვებით, ნებაყოფლობითი მორჩილებითა და მთელი გულით მსახურებით მადლიერებას გამოხატავენ ყველაფრისთვის, რაც ღმერთს გაუკეთებია მათთვის (ფსალმუნი 62:8; მარკოზი 12:30; 1 იოანე 5:3).
22 მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორი სიყვარულით უზრუნველგვყოფს იეჰოვა სულიერად. დაე, გავიღრმაოთ მადლიერების გრძნობა და ნურასოდეს დაგვავიწყდება „კარგი ძღვენი“ (იაკობი 1:17).
როგორ უპასუხებდით?
• საიდან ჩანს, რომ იეჰოვა აფასებს თავის მსახურებს?
• როგორ გავუხაროთ გული იეჰოვას, როდესაც განმარტოებით ვართ?
• რით აჩვენებდა იესო, რომ აფასებდა ღვთის ერთგულ ადამიანებს?
• როგორ დაეხმარა დედამიწაზე ცხოვრება იესოს, რომ თანამგრძნობი და გამგები მეფე ყოფილიყო?
[სურათი 17 გვერდზე]
როგორც მოსიყვარულე მშობელი, იეჰოვა აფასებს იმას, რომ საუკეთესოს ვიღებთ მისთვის.