რატომ უნდა გავაცხადოთ ცუდი რამ?
„ის, ვინც დაფარულს ამჟღავნებს, ხალხის მტერიაო“, ამბობს ზოგი დასავლეთ აფრიკელი. აი, რა მოუვიდა ოლუს, როცა მან თავისი უფროსი ძმა უმცროს დასთან სისხლის აღრევაში დაადანაშაულა. „შენ მატყუარა ხარ!“ — უყვირა ძმამ. შემდეგ გამეტებით სცემა, სახლიდან გააგდო და მთელი ტანსაცმელი დაუწვა. სოფელმა ძმას დაუჭირა მხარი. რადგან სოფელში არ დაედგომებოდა, ოლუს იქიდან წასვლა მოუწია. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ მისი და დაორსულდა, ხალხი მიხვდა, რომ ის მართალი იყო. ძმა გამოტყდა და ოლუსადმი პატივისცემა აღდგა. საქმე შეიძლება სულ სხვანაირად შებრუნებულიყო. ოლუ შეიძლება მოეკლათ კიდეც.
ნათელია, რომ მათ, ვისაც არ უყვართ იეჰოვა, არ მოსწონთ მათი შეცდომების სააშკარაოზე გამოტანა. ცოდვილი ადამიანი მიდრეკილია წინააღუდგეს ყოველგვარ გაკიცხვას და მრჩეველის მიმართ ნაწყენი დარჩეს (შეადარე იოანე 7:7). არცთუ ისე გასაკვირია, რომ მრავალი ქვასავით დუმს, როცა საქმე ეხება სხვების შეცდომების იმ პიროვნებებისთვის გამხელას, ვისაც შენიშვნის მიცემის უფლება აქვს.
გაკიცხვის მნიშვნელოვნების დაფასება
მაგრამ იეჰოვას ხალხს შორის გაკიცხვასთან დაკავშირებით სულ სხვაგვარი მიდგომა არსებობს. ღვთის მოსაწონი მამაკაცები და ქალები დიდად აფასებენ ღვთის ღონისძიებას, დაეხმარონ ქრისტიანული კრების გზააბნეულ წევრებს. მათ ესმით, რომ მსგავსი დისციპლინირება სიყვარულით აღსავსე სიკეთის გამომხატველია (ებრაელთა 12:6–11).
ამის თვალსაჩინო მაგალითია მეფე დავითის ცხოვრებაში მომხდარი შემთხვევა. თუმცა ახალგაზრდობიდანვე ის გულმართალი კაცი იყო, იყო დრო, როცა მან სერიოზული შეცდომა ჩაიდინა. ჯერ ერთი, მან იმრუშა. შემდეგ ამ ცოდვის დაფარვის მიზნით, ქალის ქმრის მოკვლა გადაწყვიტა. მაგრამ დავითის ცოდვა იეჰოვამ წინასწარმეტყველ ნათანს გაუმხილა, ხოლო მან კი გაბედულად ამხილა დავითი. ნათანმა ძლიერი ილუსტრაცია გამოიყენა და დავითს ჰკითხა, თუ რა უნდა გაეკეთებინათ იმ მდიდარი კაცისთვის, რომელსაც ბევრი ცხვარი ჰყავდა, მაგრამ თავისი მეგობრის გასამასპინძლებლად ღარიბი კაცის ერთადერთი, დიდად საყვარელი ბატკანი დაკლა. დავითი, ყოფილი მეცხვარე, აღშფოთდა და გაბრაზდა. მან თქვა: „სიკვდილის ღირსია ამის გამკეთებელი!“ რადგანაც ნათანმა ეს ილუსტრაცია დავითის მიმართ გამოიყენა, უთხრა: „შენა ხარ ის კაცი“ (მეორე მეფეთა 12:1–7).
დავითი არ გაბრაზებულა ნათანზე; არც საკუთარი თავის დაცვა უცდია და, არც ნათანის დადანაშაულება დაუწყია. ნაცვლად ამისა, ნათანის გაკიცხვამ მისი სინდისი შეძრა. გულში დაჭრილმა დავითმა აღიარა: „შევცოდე უფალს“ (მეორე მეფეთა 12:13).
ნათანმა ამხილა დავითის ცოდვები და ამას ღვთიური გაკიცხვა მოჰყვა, რამაც კარგი შედეგები გამოიღო. თუმცა დავითს თავს დაატყდა თავისი ცუდი მოქმედების შედეგები, მან მოინანია და იეჰოვასთან ურთიერთობა კვლავ აღიდგინა. რა გრძნობით მოეკიდა დავითი მსგავს გაკიცხვას? მან დაწერა: „დაე, დამსაჯოს მართალმა, წყალობაა და მამხილოს. ზეთი თავისა არ ავნებს ჩემს თავს, რადგან კვლავაც ჩემი ლოცვა მათი ბოროტების წინააღმდეგ არის მიმართული“ (ფსალმუნი 140:5).
ჩვენს დღეებშიც იეჰოვას მსახურებმა, მათაც კი, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ერთგულები იყვნენ, შეიძლება სერიოზული ცოდვა ჩაიდინონ. რადგან ესმით, რომ უხუცესებს დახმარების აღმოჩენა შეუძლიათ, უმეტესობა ინიციატივას იღებს და დახმარებისთვის მათ მიმართავს (იაკობი 5:13–16). მაგრამ ზოგჯერ პიროვნება, რომელმაც რაღაც ცუდი ჩაიდინა, მეფე დავითის მსგავსად, შეიძლება, ცდილობს, დაფაროს თავისი ცოდვა. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, თუ გავიგებთ, რომ კრების რომელიმე წევრმა სერიოზული ცოდვა ჩაიდინა?
ვის პასუხისმგებლობაში შედის?
როცა უხუცესები სერიოზული ცოდვის შესახებ გებულობენ, ისინი მიდიან მასთან, ვისაც ეს ეხება და საჭირო დახმარებასა და მითითებას აძლევენ. უხუცესის პასუხისმგებლობაა, მიიღოს გადაწყვეტილება ქრისტიანული კრების ასეთი წევრების მიმართ. ისინი თვალ-ყურს ადევნებენ კრების სულიერ მდგომარეობას, ეხმარებიან და შეაგონებენ ყველას, ვინც არაგონივრულ ან მცდარ ნაბიჯებს დგამს (1 კორინთელთა 5:12, 13; 2 ტიმოთე 4:2; 1 პეტრე 5:1, 2).
მაგრამ რა უნდა გააკეთო, თუ შენ უხუცესი არა ხარ და გებულობ, რომ ქრისტიანმა სერიოზული ცოდვა ჩაიდინა? ამასთან დაკავშირებით მითითებულია ისრაელისთვის იეჰოვას მიერ მოცემულ რჯულში. რჯულში ნათქვამია, რომ, თუ პიროვნება განდგომილების, შფოთის ატეხის, მკვლელობის ან სხვა სერიოზული დანაშაულის მოწმე იყო, მასზე დაკისრებული იყო პასუხისმგებლობა, გაეცხადებინა და დაედასტურებინა ყველაფერი, რაც ამის შესახებ იცოდა. ლევიანნის 5:1-ში ნათქვამია: „კაცი, რომელმაც შესცოდა იმით, რომ გაიგონა წყევლის ხმა, გინა მოწმე იყო, გინა დაინახა, გინა იცოდა, მაგრამ არ გააცხადა, დამნაშავეა“ (შეადარე მეორე რჯული 13:6–8; ესთერი 6:2; იგავნი 29:24).
თუმცა დღეს ქრისტიანები არ ხელმძღვანელობენ მოსეს რჯულით, მათ შეუძლიათ იხელმძღვანელონ მისი პრინციპებით (ფსალმუნი 18:8, 9). ამიტომ, თუ შენ გებულობ თანაქრისტიანის რამე ცოდვის შესახებ, რა უნდა გააკეთო?
საქმეების მოწესრიგება
უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, გქონდეს იმის საფუძვლიანი მიზეზი, რომ სერიოზული ცოდვა ნამდვილად იყო ჩადენილი. „შენი მახლობელის წინააღმდეგ ფუჭ მოწმედ ნუ გამოხვალ, —ამბობს ბრძენი მამაკაცი. — ნუ იცრუებ შენი ბაგეებით“ (იგავნი 24:28).
შენ შეიძლება გადაწყვიტო, პირდაპირ უხუცესებთან მიხვიდე. ასე მოქმედება ცუდი არ არის. მაგრამ, ჩვეულებრივ, სიყვარულის გამოვლენის საუკეთესო გზაა, მიხვიდე თვითონ იმ პიროვნებასთან, ვისაც ეს ეხება. შესაძლოა საქმე ისე არ არის, როგორც შეიძლება გარეგნულად ჩანდეს. ან შესაძლოა ეს საკითხი უკვე მოგვარდა უხუცესებთან. მშვიდად გაესაუბრე ამ საკითხის შესახებ თვითონ ამ პიროვნებას. თუ სერიოზული საფუძველი გრჩება, რომ სერიოზული შეცდომა იქნა ჩადენილი, აღძარი ეს პიროვნება თვითონ მიმართოს უხუცესებს დახმარებისთვის ან განუმარტე ასე მოქმედების გონივრულობა. ნუ ილაპარაკებ ამ საკითხის შესახებ სხვებთან, რადგან ეს ჭორაობა იქნებოდა.
თუ პიროვნებამ სათანადო დროის შემდეგ თვითონ არ გააცხადა თავისი ცოდვა უხუცესებთან, მაშინ შენ უნდა გააკეთო ეს. მაშინ ერთი ან ორი უხუცესი ამ საკითხის შესახებ ისაუბრებენ დამნაშავესთან. საჭიროა უხუცესებმა ‘გამოიძიონ, გაარკვიონ, კარგად გამოიკითხონ’, რათა დაადგინონ, იყო თუ არა შეცდომა დაშვებული. თუ იყო, მათ ის ბიბლიური მითითებების მიხედვით უნდა მოაწესრიგონ (მეორე რჯული 13:12–14).
ცოდვის ჩადენის ბრალდების წასაყენებლად, სულ მცირე, ორი მოწმეა საჭირო (იოანე 8:17; ებრაელთა 10:28). თუ პიროვნება უარყოფს წაყენებულ ბრალდებას და შენ ხარ ერთადერთი მოწმე, საქმეს იეჰოვას მიანდობენ (1 ტიმოთე 5:19, 24, 25). ამის გაკეთების მიზეზია იმის ცოდნა, რომ ყველაფერი „გაშიშვლებულია“ იეჰოვას წინაშე და, თუ პიროვნება დამნაშავეა, საბოლოოდ მისი ცოდვები მასვე ‘ეწევა’ (ებრაელთა 4:13; რიცხვნი 32:23).
მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანი უარყოფს ბრალდებას და მის წინააღმდეგ შენ ხარ ერთადერთი მოწმე. შესაძლებელია თუ არა, რომ შენ ცილისწამებაში დაგდონ ბრალი? თუ შენ ამის შესახებ სხვასთან არ გიჭორავია, არა. ცილისწამება არ არის კრებასთან დაკავშირებული საკითხების გაცხადება ისეთ პიროვნებებთან, რომლებსაც უფლება და პასუხისმგებლობა აქვთ, ზედამხედველობა გაუწიონ და გამოასწორონ საქმეები. ფაქტიურად ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენი სურვილია, ყოველთვის სწორად და ურყევი ერთგულებით ვიმოქმედოთ (შეადარე ლუკა 1:74, 75).
კრების სიწმინდის დაცვა
ცუდი საქციელის გამხელის ერთ-ერთი მიზეზი კრების სიწმინდის შენარჩუნებას ემსახურება. იეჰოვა სუფთა, წმინდა ღმერთია. ის ყველა თავისი თაყვანისმცემლისგან სულიერ და ზნეობრივ სისუფთავეს მოითხოვს. მისი ინსპირირებული სიტყვა შეგვაგონებს: «როგორც გამგონი შვილები, ნუ აჰყვებით თქვენი უმეცრების დროინდელ გულისთქმებს, არამედ თვითონაც იყავით წმიდები ყოველ საქციელში, როგორც წმიდაა იგი, ვინც თქვენ მოგიწოდათ. რადგან წერია: „იყავით წმიდები, რადგან წმიდა ვარ მე“» (1 პეტრე 1:14–16). პიროვნებებმა, რომლებიც უწმინდურ საქმეებს მისდევენ, ანუ ცუდად იქცევიან, თუ მდგომარეობის გამოსასწორებლად ან მათ ჩამოსაცილებლად ზომები არ მიიღეს, შეიძლება მთელ კრებას ჩირქი მოსცხონ და იეჰოვას უკმაყოფილება დაატეხონ (შეადარე იესო ნავეს ძე, მე-7 თავი).
კორინთის ქრისტიანთა კრებისადმი მოციქული პავლეს წერილი ცხადყოფს, თუ როგორ შეუწყო ხელი ცუდი საქციელის გაცხადებამ ღვთის ადგილობრივი ხალხის სიწმინდეს. თავის პირველ წერილში პავლემ დაწერა: „ხმა დადის საერთოდ, რომ სიძვაა თქვენში, თანაც ისეთი სიძვა, რომლის მსგავსი წარმართებშიც კი არ არის, რომ ვიღაცას მამის ცოლი ჰყავს“ (1 კორინთელთა 5:1).
ბიბლიაში ნათქვამი არ არის, თუ ვისგან შეიტყო მოციქულმა ეს. შესაძლოა, პავლემ ეს ამბავი სტეფანესგან, ფორტუნატეს ან აქაიკესგან გაიგო, ვინაიდან ისინი ჩავიდნენ კორინთიდან ეფესოში, სადაც პავლე იყო. აგრეთვე პავლემ კორინთის ქრისტიანული კრებიდან მიიღო წერილი, სადაც ამ კრების შესახებ იყო მოთხრობილი. როგორი წყაროდანაც არ უნდა ყოფილიყო ის ინფორმაცია მიღებული, ერთი რამ ცხადია, პავლემ ინფორმაცია სანდო მოწმისგან მიიღო, რის გამოც მან შეძლო ამ საქმესთან დაკავშირებით მითითების მიცემა. „მოიშორეთ ბოროტი თქვენგან“, — წერდა ის. ეს მამაკაცი კრებიდან უნდა გაერიცხათ (1 კორინთელთა 5:13; 16:17, 18).
მოიტანა თუ არა პავლეს მითითებამ კარგი შედეგები? რასაკვირველია! როგორც ჩანს, პიროვნებამ, რომელიც ცუდად მოიქცა, შეიგრძნო ეს. კორინთელთა მიმართ თავის მეორე წერილში პავლე კრებას მოუწოდებდა, რომ ‘ეპატიებინათ და ნუგეში ეცათ’ მომნანიებლისთვის (2 კორინთელთა 2:6–8). ამგვარად ცუდი საქციელის გაცხადებას მოჰყვა მოქმედება, რომლის შედეგი კრების განწმენდა და იმ პიროვნებასთან ღვთის კეთილგანწყობის აღდგენა იყო, რომელსაც ღმერთთან ურთიერთობა გაფუჭებული ჰქონდა.
კორინთელთა ქრისტიანული კრებისადმი პავლეს პირველ წერილში არის კიდევ ერთი მაგალითი. ამ შემთხვევაში მოციქული ასახელებს, თუ ვინც გააცხადა ეს საქმე. ის წერდა: „რადგან ჩემთვის ცნობილი გახდა, ძმანო, ქლოეს ხალხის საშუალებით, რომ თქვენს შორის დავაა“ (1 კორინთელთა 1:11). პავლემ იცოდა, რომ ამ დავამ, ადამიანთა მიმართ უადგილო პატივისცემასთან ერთად, შექმნა სექტანტური პოზიცია, რომელიც კრების ერთიანობას ემუქრებოდა. მაშასადამე, იქაური თანამორწმუნეების სულიერი კეთილდღეობისათვის დიდი მზრუნველობის გამო, პავლე სწრაფად ამოქმედდა და კრებას გამომასწორებელი წერილი მისწერა.
დღეს, მთელ დედამიწაზე ძმებისა და დების დიდი უმრავლესობა მძიმედ შრომობს, რათა თითოეული ღვთის წინაშე მოწონებით წარდგეს და ამგვარად შენარჩუნდეს კრების სულიერი სიწმინდე. ზოგს ასე მოქმედება ტანჯვის ფასად უჯდება; სხვები კი უმწიკვლოების შესანარჩუნებლად სიცოცხლესაც კი სწირავენ. ნამდვილად, ცუდ საქციელზე თვალის დახუჭვა ან მისი დაფარვა ასეთი ძალების დაძაბვისადმი მადლიერების ნაკლებობის მაჩვენებელი იქნებოდა.
გზასაცდენილისადმი დახმარება
რატომ იკავებს თავს უხუცესებთან მისვლაზე სერიოზული ცოდვის ჩამდენი ზოგი პიროვნება? ხშირად იმიტომ, რომ მათ არ იციან იმ სარგებლობის შესახებ, რომელიც უხუცესებთან მისვლას მოაქვს. ზოგი არასწორად ფიქრობს, რომ, თუ აღიარებენ თავიანთ ცოდვებს, ამას მთელი კრება გაიგებს. სხვები საკუთარ თავს ატყუებენ იმით, რომ ნაკლებ სერიოზულად თვლიან თავიანთ მოქმედებას. ზოგი კი ფიქრობს, რომ უხუცესების დახმარების გარეშე გამოისწორებენ საკუთარ თავს.
მაგრამ ასეთი პიროვნებებისადმი კრების უხუცესების მხრიდან მოსიყვარულე დახმარებაა საჭირო. იაკობი წერდა: „არის თქვენს შორის ვინმე ავად? მოიხმოს ეკლესიის ხუცესნი და ილოცონ მათზე და ნელსაცხებელი სცხონ უფლის სახელით. რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს. უფალი წამოაყენებს მას და, თუ რამ ცოდვები ჩაუდენია, მიეტევება“ (იაკობი 5:14, 15).
რა შესანიშნავი ღონისძიებაა, დაეხმარო გზასაცდენილ პიროვნებას სულიერობის აღდგენაში! ღვთის სიტყვის დამამშვიდებელი რჩევის გამოყენებითა და გზასაცდენილთა სასარგებლოდ ლოცვის საშუალებით, უხუცესებს სულიერად დაავადებული პიროვნებების მცდარი გზიდან მობრუნება შეუძლიათ. ამგვარად, მოსიყვარულე უხუცესებთან შეხვედრისას მომნანიებელი პიროვნება მსჯავრდადებულის გრძნობის ნაცვლად, ხშირად თავს გამოცოცხლებულად და შემსუბუქებულად გრძნობს. დასავლეთ აფრიკელმა ახალგაზრდა მამაკაცმა მრუშობა ჩაიდინა და რამდენიმე თვის განმავლობაში არ ამხელდა თავის ცოდვას. მისი ცოდვის გამოაშკარავების შემდეგ მან უხუცესებს უთხრა: „როგორ მინდოდა, რომ ვინმეს ეკითხა ჩემთვის ამ გოგონასთან ჩემი ურთიერთობის შესახებ! რამხელა შვების მომგვრელია ამ საქმის გამოაშკარავება“ (შეადარე ფსალმუნი 31:3–5).
სიყვარულის პრინციპით მოქმედება
ღვთის მონათლული მსახურები ‘სიკვდილიდან სიცოცხლეში’ გადავიდნენ (1 იოანე 3:14). მაგრამ სერიოზული შეცოდებით ისინი კვლავ სიკვდილის გზას უბრუნდებიან. თუ მათ არ დაეხმარებიან, შეიძლება ცუდმა საქციელმა ისეთი გულქვები გახადოს ისინი, რომ მონანიებისა და ჭეშმარიტი ღვთისადმი დაბრუნების არავითარი სურვილი არ გაუჩნდეთ (ებრაელთა 10:26–29).
გზასაცდენილი პიროვნების ცუდი საქციელის გაცხადება ნამდვილი მზრუნველობის გამოვლენაა. იაკობი წერდა: „ჩემო ძმებო, თუ ვინმე თქვენგანი გადაცდება ჭეშმარიტებას და ვინმე მოაქცევს მას, იცოდეს, რომ ცოდვილის მომქცევი მისი ცდომილების გზიდან სიკვდილისაგან იხსნის სულს და მრავალ ცოდვას დაფარავს“ (იაკობი 5:19, 20).
მაშ, რატომ არ უნდა გავაცხადოთ ცუდი რამ? ის ხომ სასიკეთოდ მოქმედებს. ნამდვილად, ცუდი საქციელის გაცხადება ღვთის, კრებისა და გზასაცდენილი პიროვნების მიმართ გამოვლენილი ქრისტიანული სიყვარულის პრინციპით მოქმედებაა. როცა კრების თითოეული წევრი ურყევი ერთგულებით იცავს ღვთის სამართლიან ნორმებს, იეჰოვა უხვად აკურთხებს მთელ კრებას. მოციქული პავლე წერდა: „[იეჰოვა] განგამტკიცებთ თქვენ ბოლომდე, რათა უმწიკვლო იყოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დღეს“ (1 კორინთელთა 1:8).
[სურათი 26 გვერდზე]
სიყვარულის გამოვლენაა, აღძრა გზასაცდენილი მოწმე, რომ ელაპარაკოს უხუცესებს.
[სურათი 28 გვერდზე]
უხუცესები გზასაცდენილ პიროვნებებს ღვთის კეთილგანწყობის აღდგენაში ეხმარებიან.