„მეც მაქვს ღვთის იმედი“
„უკანასკნელი ადამი მაცოცხლებელი სული [გახდა]“ (1 კორ. 15:45).
1—3. ა) რა შედის ჩვენს ძირითად სწავლებებში? ბ) რატომ არის სწავლება მკვდრეთით აღდგომის შესახებ უმნიშვნელოვანესი? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)
რას უპასუხებდით, თქვენთვის რომ ვინმეს ეკითხა: რას ასწავლის თქვენი რელიგია? თქვენ აუცილებლად ეტყოდით, რომ იეჰოვა ჩვენი შემოქმედი და სიცოცხლის მბოძებელია. აგრეთვე აუხსნიდით, რომ გწამთ იესო ქრისტესი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლით გამოისყიდა კაცობრიობა. ამასთანავე, სიხარულით დასძენდით, რომ მალე დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა და ღვთის მორჩილი ადამიანები იქ მარადიულად იცხოვრებენ. მაგრამ ეტყოდით, რომ მოუთმენლად ელით მკვდრეთით აღდგომას?
2 ჩვენ საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, მკვდრეთით აღდგომა ძირითად სწავლებებს შორის მოვიხსენიოთ მაშინაც კი, თუ ვიმედოვნებთ, რომ გადავიტანთ დიდ გასაჭირს და მარადიულად ვიცხოვრებთ დედამიწაზე. მოციქულმა პავლემ აღნიშნა, თუ რატომ არის მკვდრეთით აღდგომა ჩვენი რწმენის საყრდენი: „თუ მკვდრეთით აღდგომა არ არის, არც ქრისტე აღმდგარა“. თუ ქრისტე არ აღდგებოდა მკვდრეთით, ის ვერ გამეფდებოდა, შესაბამისად, ქრისტეს მმართველობის შესახებ სწავლება აზრს მოკლებული იქნებოდა (წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:12—19). მაგრამ სადუკეველებისგან განსხვავებით, რომელთაც არ სჯეროდათ, რომ მკვდრები აღდგებოდნენ, ჩვენ გვწამს, რომ იესო აღდგა. ჩვენ დაცინვის დროსაც კი მტკიცედ ვიცავთ ჩვენს რწმენას და არ ვკარგავთ მკვდრეთით აღდგომის იმედს (მარ. 12:18; საქ. 4:2, 3; 17:32; 23:6—8).
3 პავლემ „ქრისტეს შესახებ სწავლების საწყისებში“ მოიხსენია „სწავლება . . . მკვდრეთით აღდგომის“ შესახებ (ებრ. 6:1, 2). მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწამდა მკვდრეთით აღდგომის (საქ. 24:10, 15, 24, 25). მაგრამ ის ფაქტი, რომ მკვდრეთით აღდგომა სწავლების საწყისებს, „ღვთის წმინდა სიტყვების საფუძვლებს“ მიეკუთვნება, არ ნიშნავს, რომ მას გამოკვლევა არ სჭირდება (ებრ. 5:12). რატომ ვამბობთ ამას?
4. რა კითხვები წამოიჭრება მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით?
4 ბიბლიის შესწავლის დაწყებისთანავე ბევრი კითხულობს როგორც ლაზარეს, ისე სხვების მკვდრეთით აღდგომის შემთხვევებს. ისინი იგებენ, რომ აბრაამს, იობსა და დანიელს სწამდათ მომავალი მკვდრეთით აღდგომის. და მაინც, თუ ვინმე გკითხავთ, რამდენად სარწმუნოა მკვდრეთით აღდგომის შესახებ საუკუნეების წინათ წარმოთქმული დაპირება, რას უპასუხებთ? ამბობს ბიბლია, როდის იქნება მკვდრეთით აღდგომა? ამ კითხვებზე ბიბლიიდან მიღებული პასუხები რწმენას განგვიმტკიცებს.
დიდი ხნის წინათ ნაწინასწარმეტყველები აღდგომა
5. თავდაპირველად რომელ კითხვებს გაეცემა პასუხი?
5 შეიძლება შედარებით ადვილი წარმოსადგენი იყოს იმ ადამიანის გაცოცხლება, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა (იოან. 11:11; საქ. 20:9, 10). მაგრამ ასეთივე ადვილი წარმოსადგენი იქნება იმ ადამიანის მკვდრეთით აღდგომა, რომელიც წლების ან საუკუნეების წინ მოკვდა? ენდობოდით დაპირებას, რომელიც დიდი ხნის შემდეგ შესრულდებოდა მასზე, ვინც ახლახან ან დიდი ხნის წინათ დაიღუპა? სინამდვილეში მკვდრეთით აღდგომა, რომელიც საუკუნეების წინ იყო ნაწინასწარმეტყველები, უკვე შესრულდა და თქვენ გწამთ ეს. ვის ეხებოდა ეს წინასწარმეტყველება და როგორ უკავშირდება ის მომავალ აღდგომას?
6. როგორ ეხებოდა 118-ე ფსალმუნში ჩაწერილი წინასწარმეტყველება იესოს?
6 განვიხილოთ აღდგომის შესახებ დიდი ხნის წინათ წარმოთქმული წინასწარმეტყველება, რომელიც სავარაუდოდ დავითის მიერ შეთხზულ 118-ე ფსალმუნში ჩაიწერა. ის შეიცავს ვედრებას: „იეჰოვა, გთხოვთ, გვიხსენი! . . კურთხეული იყოს იეჰოვას სახელით მომავალი!“. ალბათ გაგახსენდათ, რომ ხალხი ამ სიტყვებს ამბობდა, როცა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 9 ნისანს, იესო ჩოჩორზე მჯდომი შევიდა იერუსალიმში (ფსალმ. 118:25, 26; მათ. 21:7—9). როგორ მიანიშნებს 118-ე ფსალმუნი მკვდრეთით აღდგომაზე, რომელიც მომავალში მოხდებოდა? ყურადღება მიაქციეთ, რა არის ნათქვამი ამავე ფსალმუნში: „მშენებლების მიერ დაწუნებული ქვა კუთხის თავში დასადები ქვა გახდა“ (ფსალმ. 118:22).
7. როგორ უარყვეს იუდეველებმა იესო?
7 „მშენებლებმა“ ანუ იუდეველმა წინამძღოლებმა უარყვეს მესია. მათ ზურგი აქციეს იესოს და არ აღიარეს ის ქრისტედ, თუმცა მხოლოდ ეს არ იკმარეს. მათგან წაქეზებული ბევრი იუდეველი ხმამაღლა მოითხოვდა იესოს სიკვდილით დასჯას (ლუკ. 23:18—23). ცხადია, ისინი ყველანი დამნაშავენი იყვნენ იესოს სიკვდილში.
8. როგორ გახდებოდა იესო „კუთხის თავში დასადები ქვა“?
8 თუ იესო უარყვეს და მოკლეს, როგორღა გახდებოდა ის „კუთხის თავში დასადები ქვა“? ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ ის მკვდრეთით აღდგებოდა. ეს გამოჩნდა იესოს მიერ მოყვანილ მაგალითშიც, რომელშიც მევენახეებმა შეურაცხყოფა მიაყენეს ვენახის პატრონის მიერ გაგზავნილ მონებს. ზუსტად ასე მოექცნენ ისრაელები ღვთის წინასწარმეტყველებს. მაგალითიდან ვიგებთ, რომ ბოლოს ვენახის პატრონმა მათ თავისი საყვარელი ძე, მემკვიდრე გაუგზავნა. როგორ მოეპყრნენ მის ძეს მევენახეები? არც მას დააყარეს კარგი დღე. ის ვენახიდან გაათრიეს და მოკლეს. იესომ თავისი მაგალითი 118-ე ფსალმუნის 22-ე მუხლში ჩაწერილი სიტყვებით დაასრულა (ლუკ. 20:9—17). მოციქულმა პეტრემაც იგივე მუხლი მოიყვანა, როდესაც იერუსალიმში შეკრებილ მმართველებს, უხუცესებსა და მწიგნობრებს ესაუბრებოდა. მან თქვა: „ნაზარეთელი იესო ქრისტე . . . რომელიც თქვენ ბოძზე გააკარით . . . ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა“. შემდეგ დასძინა: «ის არის „ქვა, რომელიც თქვენ, მშენებლებმა არაფრად ჩააგდეთ, მაგრამ კუთხის თავად იქცა“» (საქ. 3:15; 4:5—11; 1 პეტ. 2:5—7).
9. რა განსაკუთრებული მოვლენა იყო ნაწინასწარმეტყველები ფსალმუნის 118:22-ში?
9 აღდგომის შესახებ წინასწარმეტყველება 118-ე ფსალმუნის 22-ე მუხლში შესრულებამდე საუკუნეებით ადრე ჩაიწერა. მესიას უარყოფდნენ და მოკლავდნენ, მაგრამ აღდგებოდა და „კუთხის თავში დასადები ქვა“ გახდებოდა. მხოლოდ მკვდრეთით აღმდგარ იესოს შეეძლო ადამიანთა ხსნა. სწორედ ამიტომ ამბობს ბიბლია მასზე: „არ არსებობს ცის ქვეშ ადამიანებისთვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით“ (საქ. 4:12; ეფეს. 1:20).
10. ა) რა იყო ნაწინასწარმეტყველები ფსალმუნის 16:10-ში? ბ) საიდან ვიცით, რომ ფსალმუნის 16:10-ში ჩაწერილი სიტყვები დავითზე არ შესრულებულა?
10 განვიხილოთ აღდგომასთან დაკავშირებული კიდევ ერთი მუხლი, რომელიც შესრულებამდე ათას წელზე მეტი ხნით ადრე ჩაიწერა ბიბლიაში. ეს განგიმტკიცებთ რწმენას, რომ აღდგომის შესახებ წინასწარმეტყველება შეიძლება წარმოთქმიდან დიდი ხნის შემდეგ შესრულდეს. მე-16 ფსალმუნში, რომელიც დავითმა დაწერა, ვკითხულობთ: „შენ არ დატოვებ ჩემს სულს სამარეში, არ დაუშვებ, რომ შენმა ერთგულმა საფლავი იხილოს“ (ფსალმ. 16:10). დავითს არ უთქვამს, რომ ის არასდროს მოკვდებოდა ან არასდროს მოხვდებოდა კაცობრიობის საერთო სამარეში. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ დავითი დაბერდა და სიკვდილის შემდეგ „განისვენა . . . თავისი მამა-პაპის გვერდით და დამარხეს ის დავითის ქალაქში“ (1 მეფ. 2:1, 10). მაშ, რას გულისხმობდა დავითი ფსალმუნის 16:10-ში?
11. როდის ახსნა პეტრემ ფსალმუნის 16:10-ის მნიშვნელობა?
11 ეს საკითხი ჩვენთვის ბურუსით მოცული ნამდვილად არ არის. ამ ფსალმუნის დაწერიდან ათას წელზე მეტი ხნისა და იესოს აღდგომიდან რამდენიმე კვირის შემდეგ პეტრემ ათასობით იუდეველთან და პროზელიტთან ფსალმუნის 16:10-ში ჩაწერილ სიტყვებზე ისაუბრა (წაიკითხეთ საქმეების 2:29—32). მან თქვა, რომ დავითი მოკვდა და დამარხეს. პეტრეს მსმენელებს ამაში ეჭვი არ ეპარებოდათ. ბიბლიაში არაფერია ნათქვამი, რომ მას ვინმე შეეკამათა, როცა აღნიშნა, რომ დავითმა „წინასწარ იხილა და თქვა, რომ . . . [მესია] აღდგებოდა“.
12. როგორ შესრულდა ფსალმუნის 16:10 და როგორ გვარწმუნებს ეს, რომ მომავალშიც იქნება მკვდრეთით აღდგომა?
12 პეტრემ თავისი ნათქვამის გასამყარებლად დავითის მიერ დაწერილი 110-ე ფსალმუნის პირველი მუხლი მოიშველია (წაიკითხეთ საქმეების 2:33—36). მან წმინდა წერილების საფუძველზე მსჯელობით დაარწმუნა ბევრი, რომ იესო იყო უფალი და ქრისტე. უფრო მეტიც, ხალხი მიხვდა, რომ ფსალმუნის 16:10-ში ჩაწერილი სიტყვები იესოზე შესრულდა, როცა ის მკვდრეთით აღდგა. მოგვიანებით მოციქულმა პავლემაც იგივე მტკიცება მოიყვანა, როდესაც პისიდიის ანტიოქიაში ებრაელებს ელაპარაკებოდა. მისმა მსჯელობამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელზე, რომ უფრო მეტის გაგების სურვილი გაუჩნდათ (წაიკითხეთ საქმეების 13:32—37, 42). ამან ჩვენც უნდა დაგვარწმუნოს, რომ აღდგომის შესახებ ეს ბიბლიური წინასწარმეტყველებები ნამდვილად სანდო იყო მიუხედავად იმისა, რომ მისი წარმოთქმიდან შესრულებამდე საუკუნეები გავიდა.
როდის იქნება მკვდრეთით აღდგომა?
13. რა კითხვები შეიძლება დაგვებადოს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით?
13 გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ მკვდრეთით აღდგომა შეიძლება წინასწარმეტყველების წარმოთქმიდან საუკუნეების შემდეგ მოხდეს. და მაინც, ზოგმა შეიძლება იკითხოს: ნიშნავს ეს იმას, რომ დიდი ხანი მომიწევს ლოდინი, სანამ ჩემს საყვარელ ადამიანებს ვიხილავ? როდის იქნება მკვდრეთით აღდგომა? იესომ თავის მოციქულებს უთხრა, რომ იყო საკითხები, რომლებიც არ იცოდნენ და ვერც ეცოდინებოდათ. მაგალითად, ჩვენ ზუსტად არ ვიცით „დროები და ვადები, რომლებიც მამის ძალაუფლებაშია“ (საქ. 1:6, 7; იოან. 16:12). თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ ვიცით, როდის იქნება მკვდრეთით აღდგომა.
14. რით განსხვავდება იესოს მკვდრეთით აღდგომა ძველ დროში მომხდარი მკვდრეთით აღდგომის შემთხვევებისგან?
14 გაიხსენეთ მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებული ბიბლიური წინასწარმეტყველებები. ცხადია, ყველაზე მნიშვნელოვანი იესოს მკვდრეთით აღდგომაა, რადგან ქრისტე რომ არ აღმდგარიყო, არცერთ ჩვენგანს არ ექნებოდა გარდაცვლილი ახლობლების ხილვის იმედი. იესომდე მცხოვრები ღვთის მსახურების, მაგალითად ელიასა და ელისეს მიერ აღდგენილი ადამიანები გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ დაიხოცნენ და მათი სხეულები საფლავში გაიხრწნა. თუმცა „მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე აღარ კვდება, სიკვდილი აღარ ბატონობს მასზე“. ის ზეცაშია და ცოცხალია სამარადისოდ (რომ. 6:9; გამოცხ. 1:5, 18; კოლ. 1:18; 1 პეტ. 3:18).
15. რატომ ეწოდება იესოს „პირველი ნაყოფი“?
15 იესო იყო პირველი, ვინც ზეცაში ამაღლდა როგორც სულიერი პიროვნება. უდავოა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მკვდრეთით აღდგომის შემთხვევაა (საქ. 26:23). თუმცა იესოს გარდა სხვებიც აღდგებოდნენ ზეციერი ცხოვრებისთვის. ის დაჰპირდა ერთგულ მოციქულებს, რომ მასთან ერთად იმეფებდნენ ზეცაში (ლუკ. 22:28—30). მაგრამ ჯილდოს მისაღებად ისინი ჯერ უნდა დახოცილიყვნენ, სიკვდილის შემდეგ კი იესოსავით სულიერ სხეულში აღმდგარიყვნენ. პავლემ დაწერა: „მკვდრეთით აღდგა ქრისტე, სიკვდილის ძილით მიძინებულთა პირველი ნაყოფი“. მან თქვა, რომ ზეციერი ცხოვრებისთვის სხვებიც აღდგებოდნენ: „თითოეული თავისი წესისა და რიგის მიხედვით: ჯერ ქრისტე, პირველი ნაყოფი, შემდეგ კი ქრისტესნი — როცა ის მოსული იქნება“ (1 კორ. 15:20, 23).
16. რა მიანიშნებს ზეციერი აღდგომის დაწყების დროზე?
16 პავლეს სიტყვები მიანიშნებს იმ დროზე, როცა ზეციერი აღდგომა დაიწყებოდა. ეს მოხდებოდა მაშინ, როცა იესო მოსული იქნებოდა. იეჰოვას მოწმეები წმინდა წერილების გამოკვლევის შედეგად იმ დასკვნამდე მივედით, რომ 1914 წლიდან იესო უკვე მოსულია და ეს ბოროტი ქვეყნიერება ძალიან მალე განადგურდება.
17, 18. რა დაემართებათ დიდი გასაჭირის დროს დედამიწაზე მცხოვრებ ცხებულებს?
17 ბიბლია მეტ ინფორმაციას გვაწვდის ზეციერი აღდგომის შესახებ: „არ გვინდა, ძმებო, არ იცოდეთ სიკვდილის ძილით მიძინებულთა შესახებ . . . თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ მათაც, ვინც სიკვდილის ძილით დაიძინეს იესოსთან ერთობაში, ღმერთი მასთან ერთად მოიყვანს . . . ჩვენ, ვინც ცოცხლად დავრჩებით იმ დრომდე, როცა უფალი მოსული იქნება, ვერ დავასწრებთ სიკვდილის ძილით მიძინებულებს, რადგან უფალი თვითონ ჩამოვა ზეციდან მბრძანებლური მოწოდებით . . . და პირველები ქრისტეში მკვდრები აღდგებიან. შემდეგ კი ჩვენ, ცოცხლად დარჩენილები, მათთან ერთად ვიქნებით ატაცებულნი ღრუბლებში, რათა უფალს შევეგებოთ ჰაერში, რის შემდეგაც მუდამ უფალთან ვიქნებით“ (1 თეს. 4:13—17).
18 პირველი აღდგომა, ანუ ზეციერი აღდგომა, იესოს მოსვლიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ დაიწყებოდა. დიდი გასაჭირის დროს დედამიწაზე მყოფი ცხებულები ატაცებულნი იქნებიან ღრუბლებში. ისინი იმ გაგებით არ დაიძინებენ სიკვდილის ძილით, რომ დიდი ხანი არ მოუწევთ ლოდინი და სიკვდილისთანავე იქნებიან ატაცებულნი ზეცაში. ისინი შეიცვლებიან „უცბად, თვალის დახამხამებაში, უკანასკნელ საყვირზე“ (1 კორ. 15:51, 52; მათ. 24:31).
19. რა „უკეთესი აღდგომა“ გველოდება წინ?
19 დღეს ერთგულ ქრისტიანთა დიდი ნაწილი ცხებული არ არის და არც ქრისტესთან ერთად ზეცაში მსახურებისთვის არის მოწოდებული. თუმცა ისინიც ელოდებიან „იეჰოვას დღეს“, როცა ეს ბოროტი ქვეყნიერება განადგურდება. ზუსტად არავინ იცის, როდის დადგება აღსასრული, მაგრამ განვითარებული მოვლენებიდან ჩანს, რომ ის ძალიან ახლოსაა (1 თეს. 5:1—3). ამის შემდეგ კიდევ ერთი აღდგომა მოხდება — დედამიწაზე სამოთხეში საცხოვრებლად აღდგებიან ადამიანები, რომელთაც გასრულყოფილებისა და მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა მიეცემათ. ეს იმაზე „უკეთესი აღდგომა“ იქნება, ვიდრე წარსულში იყო, როცა „ქალებს თავიანთი მკვდრები აღმდგარნი უბრუნდებოდნენ“; ეს აღდგენილები მოგვიანებით ისევ დაიხოცნენ (ებრ. 11:35).
20. რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ აღდგომა ორგანიზებულად მოხდება?
20 ზეციერ აღდგომასთან დაკავშირებით ბიბლია ამბობს, რომ „თითოეული თავისი წესისა და რიგის მიხედვით“ აღდგება (1 კორ. 15:23). შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ დედამიწაზეც ორგანიზებულად მოხდება აღდგომა. წამოიჭრება კითხვები: ვინ აღდგება ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დასაწყისში — ჩვენს დროში გარდაცვლილები, რომელთაც საყვარელი ადამიანები შეეგებებიან, თუ ძველ დროში მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურები, რომელთაც ხელმძღვანელობის გაწევა შეეძლოთ, რათა ახალ ქვეყნიერებაში უხელმძღვანელონ ღვთის ხალხს? რის თქმა შეიძლება მათზე, ვინც იეჰოვას არ ემსახურებოდა? სად და როდის აღდგებიან ისინი? შეიძლება ბევრი კითხვა გაგვიჩნდეს, თუმცა ამ საკითხებზე წუხილის დრო ახლა ნამდვილად არ არის. განა უკეთესი არ იქნება, მოვიცადოთ და ვნახოთ, რა მოხდება? შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ძალიან საინტერესო იქნება საკუთარი თვალით იმის ნახვა, თუ რას გააკეთებს იეჰოვა.
21. რა იმედი გაქვთ აღდგომასთან დაკავშირებით?
21 ვიდრე ეს მოხდება, შეგვიძლია რწმენა განვიმტკიცოთ იეჰოვას მიმართ, რომელიც იესოს მეშვეობით დაგვპირდა, რომ მის მეხსიერებაში მყოფი მკვდრები აღდგებიან (იოან. 5:28, 29; 11:23). იმის ხაზგასასმელად, რომ იეჰოვას მკვდრების აღდგენის ძალა აქვს, იესომ თქვა, რომ აბრაამი, ისაკი და იაკობი ღვთისთვის „ცოცხლები არიან“ (ლუკ. 20:37, 38). ცხადია, უამრავი მიზეზი გვაქვს, პავლე მოციქულის მსგავსად ვთქვათ: „მეც მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა“ (საქ. 24:15).