უბიწოების შენარჩუნება ბიწიერებით სავსე წუთისოფელში
„ყველაფერი გააკეთეთ უდრტვინველად და უყოყმანოდ. რათა იყოთ უბიწონი და სუფთანი, ღვთის უმანკო შვილები მზაკვარ და უკუღმართ თაობაში“ (ფილიპელთა 2:14, 15).
1, 2. რატომ მოითხოვდა ღმერთი ქანაანელების ამოწყვეტას?
იეჰოვას ბრძანებები დათმობას არ ითვალისწინებს. როცა ისრაელები აპირებდნენ აღთქმულ მიწაზე შესვლას, მოსემ მათ უთხრა: „პირწმინდად გაანადგურე ისინი: ხეთელები, ამორეველები, ქანაანელები, ფერიზეველები, ხივიელები და იებუსეველები, როგორც გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა“ (მეორე რჯული 7:2; 20:17).
2 თუ იეჰოვა მწყალობელი ღმერთია, რატომ მოითხოვდა ქანაანის მოსახლეობის ამოწყვეტას? (გამოსვლა 34:6). ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ‘ქანაანელებს არ შეეჩვიათ ისრაელი ყველა იმ სისაძაგლისთვის, რასაც ისინი სჩადიოდნენ თავიანთი ღმერთებისთვის, და ისრაელს არ შეეცოდა იეჰოვას, თავისი ღმერთის წინაშე’ (მეორე რჯული 20:18). მოსემ აგრეთვე თქვა: „მათი სიბოროტის გამო აყარა შენგან ეს ხალხები უფალმა“ (მეორე რჯული 9:4). ქანაანელები ბიწიერების ჭეშმარიტი განსახიერება იყვნენ. სექსუალური სიბილწე და კერპთმსახურება მათი თაყვანისმცემლობის დამახასიათებელი იყო (გამოსვლა 23:24; 34:12, 13; რიცხვნი 33:52; მეორე რჯული 7:5). სისხლის აღრევა, სოდომია და ზოოფილია ‘ქანაანის ქვეყნის საქციელი’ იყო (ლევიანნი 18:3–25). უდანაშაულო ბავშვებს უმოწყალოდ სწირავდნენ ცრუ ღმერთებს (მეორე რჯული 18:9–12). გასაკვირი არ არის, რომ იეჰოვამ თავისი ხალხის ფიზიკური, ზნეობრივი და სულიერი კეთილდღეობისთვის იმ ერების მხოლოდ არსებობაც კი საშიშროებად ჩათვალა! (გამოსვლა 34:14–16).
3. რა იყო იმის შედეგი, რომ ისრაელებმა ბოლომდე არ შეასრულეს ღვთის ბრძანებები ქანაანელ მოსახლეობასთან დაკავშირებით?
3 ვინაიდან ისრაელებმა ღვთის ბრძანებები ბოლომდე არ შეასრულეს, ქანაანის მრავალი მოსახლე გადაურჩა მათ აღთქმული მიწის დაპყრობისას (მსაჯულნი 1:19–21). დროთა განმავლობაში შეიგრძნობოდა ქანაანელების მზაკვრული ზეგავლენა და შეიძლებოდა შემდეგის თქმა: „[ისრაელებმა] შეიძულეს [იეჰოვას] წესები და აღთქმა, უფალმა რომ დაუდო მათ მამა-პაპას, და გაფრთხილებები, რითაც აფრთხილებდა მათ; მიჰყვნენ ამაოებას და თავადაც ამაონი გახდნენ. წახედეს მეზობელ ხალხებს, ვისზედაც უბრძანა უფალმა, რომ არ მოქცეულიყვნენ მათ მსგავსად“ (მეოთხე მეფეთა 17:15). დიახ, წლების მანძილზე მრავალი ისრაელი სჩადიოდა სწორედ იმ ბიწიერ საქმეებს — კერპთმსახურებას, ავხორცობას და ბავშვთა შეწირვასაც კი — რომლის გამოც ღმერთმა ქანაანელების ამოწყვეტის ბრძანება გასცა! (მსაჯულნი 10:6; მეოთხე მეფეთა 17:17; იერემია 13:27).
4, 5. ა) რა დაემართა ორგულ ისრაელსა და იუდას? ბ) რისკენ მოგვიწოდებს ფილიპელთა 2:14, 15 და რა კითხვები წამოიჭრება?
4 ამის გამო წინასწარმეტყველმა ოსიამ განაცხადა: „ისმინეთ უფლის სიტყვა, ისრაელიანებო, რადგან დავა აქვს უფალს ქვეყნის მკვიდრებთან; რადგან არ არის ჭეშმარიტება, არც სიქველე, არც ღვთის შემეცნება ქვეყანაზე. წყევლა და ტყუილი, კაცისკვლა, ქურდობა და მრუშობა გავრცელდა; სისხლის ღვრას სისხლის ღვრა მოსდევს. ამიტომაც მოთქვამს მიწა, ჩაკვდა მისი ყოველი მკვიდრი ველის მხეცებთან და ცის ფრინველებთან ერთად; ზღვის თევზებიც კი გაუჩინარდნენ“ (ოსია 4:1–3). ძვ. წ. 740 წელს ისრაელის გახრწნილი ჩრდილოეთი სამეფო დაიპყრეს ასურელებმა. სადღაც ერთ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ ბაბილონმა ორგული იუდას სამხრეთი სამეფო დაიპყრო.
5 ეს მოვლენები ცხადყოფს, თუ რამდენად საშიშია, თავს ნება დართო, ჩაეფლო ბიწიერებაში. ღმერთს ეზიზღება ურჯულოება და ამას თავის ხალხში არ მოითმენს (1 პეტრე 1:14–16). მართალია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ‘ახლანდელ ბოროტ წუთისოფელში’, ქვეყნიერებაში, რომელიც უფრო და უფრო იხრწნება (გალატელთა 1:4; 2 ტიმოთე 3:13). და მაინც, ღვთის სიტყვა მოუწოდებს ქრისტიანებს ისე მოიქცნენ, რომ იყვნენ „უბიწონი და სუფთანი, ღვთის უმანკო შვილები მზაკვარ და უკუღმართ თაობაში, რომელშიც [ისინი ანათებენ], როგორც მნათობნი სამყაროში“ (ფილიპელთა 2:14, 15). მაგრამ როგორ შევინარჩუნოთ უბიწოება ბიწიერებით სავსე წუთისოფელში? ნამდვილად შესაძლებელია თუ არა ეს?
ბიწიერებით სავსე რომაული სამყარო
6. რატომ იყო ძნელი პირველი საუკუნის ქრისტიანებისთვის უბიწოების შენარჩუნება?
6 პირველი საუკუნის ქრისტიანები წააწყდნენ სიძნელეს — უნდა შეენარჩუნებინათ უბიწოება, რადგან რომაული საზოგადოების ყოველი სფერო ბიწიერებით იყო გაჟღენთილი. რომაელი ფილოსოფოსი სენეკა თავის თანამედროვეებზე ამბობდა: „ხალხი გაცხარებით ეჯიბრება ერთმანეთს ბოროტებაში. დანაშაულის ჩადენის სურვილი ყოველდღე იზრდება, მის მიმართ შიში კი კლებულობს“. მან რომაული საზოგადოება „ნადირთა საზოგადოებას“ შეადარა. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ გართობისთვის რომაელები სადისტურ გლადიატორთა ბრძოლებსა და გარყვნილ თეატრალურ წარმოდგენებს მიმართავდნენ.
7. როგორ აღწერა პავლემ ის ბიწიერი საქმეები, რომლებიც გავრცელებული იყო ახ. წ. პირველ საუკუნეში მცხოვრებ მრავალ ადამიანს შორის?
7 მოციქულმა პავლემ შეიძლება პირველ საუკუნეში მცხოვრები ადამიანების ეს დაცემული საქმეები იგულისხმა, როცა დაწერა: „გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს, რადგან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი შეცვალეს ბუნების საწინააღმდეგოთი. ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალის ბუნებრივი წესი და გახურდნენ ავხორცობით ერთიმეორის მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სამარცხვინოს, და მიიღეს საკადრისი საზღაური თავიანთი ცდუნებისათვის“ (რომაელთა 1:26, 27). უწმინდური ხორციელი სურვილების გამოდევნებამ რომაული საზოგადოება ბიწიერებაში ჩაძირა.
8. ხშირად როგორ იყენებდნენ ბავშვებს ბერძნულ და რომაულ საზოგადოებებში?
8 ისტორია არ აზუსტებს იმას, თუ რამდენად იყო გავრცელებული რომაელებს შორის ჰომოსექსუალიზმი. მაგრამ, უეჭველია, რომ მათი წინამორბედი ბერძნები, რომელთა შორისაც ეს ფართოდ იყო გავრცელებული, მათზე ზეგავლენას მოახდენდნენ. ჩვეულებრივი რამ იყო, რომ უფროსი ასაკის მამაკაცს გაერყვნა ყმაწვილი ბიჭები — როგორც აღმზრდელი აიყვანდა ხოლმე მათ თავის მფარველობაში, რასაც ხშირად ახალგაზრდები გახრწნილი სექსუალური მოქმედებისკენ მიჰყავდა. ეჭვგარეშეა, ასეთ ბიწიერ საქმეებსა და ბავშვების გახრწნას სატანა და მისი დემონები უწყობდნენ ხელს (იოველი 4:3; იუდა 6, 7).
9, 10. ა) როგორ სდებს მსჯავრს 1-ლი კორინთელთა 6:9, 10 სხვადასხვა ბიწიერ საქმეს? ბ) როგორი წარსული ჰქონდა ზოგს კორინთის კრებაში და რა შეიცვალა მათ შემთხვევაში?
9 ღვთის შთაგონებით პავლე სწერდა კორინთელ ქრისტიანებს: „ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ხარბნი, ვერც ლოთნი, ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი. მაგრამ განიბანეთ, მაგრამ წმიდა გახდით, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით“ (1 კორინთელთა 6:9–11).
10 მაშასადამე, პავლეს ინსპირირებული წერილი მსჯავრს სდებდა სექსუალურ უზნეობას, როცა ამბობდა, რომ ‘მეძავნი ვერ დაიმკვიდრებდნენ ღვთის სასუფეველს’. მაგრამ რამდენიმე ბიწიერი საქმის ჩამოთვლის შემდეგ პავლემ თქვა: „ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი. მაგრამ განიბანეთ“. ღვთის დახმარებით ცოდვილი ადამიანებისთვის შესაძლებელი იყო ღვთის თვალში სუფთანი გამხდარიყვნენ.
11. როგორ ცხოვრებას ეწეოდნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები იმ დროის ბოროტ გარემოცვაში?
11 დიახ, ბიწიერებით სავსე პირველი საუკუნის წუთისოფელშიც კი ქრისტიანული უბიწოება ყვაოდა. მორწმუნეები ‘იცვლებოდნენ თავიანთი გონების განახლებით’ (რომაელთა 12:2). მათ მიატოვეს „წინანდელი ცხოვრება“ და ‘განახლდნენ გონების სულით’. ამით თავი დააღწიეს წუთისოფლის ბიწიერებას და ‘შეიმოსეს ახალი კაცი, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, სიმართლითა და ჭეშმარიტების სიწმიდით’ (ეფესელთა 4:22–24).
ბიწიერებით სავსე დღევანდელი წუთისოფელი
12. რა ცვლილება განიცადა მსოფლიომ 1914 წლიდან?
12 დღეს რა მდგომარეობაა? წუთისოფელი, რომელშიც ვცხოვრობთ, წინანდელ დროსთან შედარებით უფრო გაჟღენთილია ბიწიერებით. განსაკუთრებით 1914 წლიდან დაიწყო გლობალური ზნეობრივი დაცემა (2 ტიმოთე 3:1–5). უბიწოებაზე, ზნეობაზე, პატიოსნებასა და ეთიკაზე ტრადიციული შეხედულებების უარყოფით მრავალი ადამიანი თავისი აზროვნებით ეგოცენტრული გახდა და ზნეობის საკითხებში ‘გრძნობა დაკარგა’ (ეფესელთა 4:19). ჟურნალ „ნიუსუიტში“ ნათქვამი იყო: „ჩვენ მორალური რელატივიზმის საუკუნეში ვცხოვრობთ“. შემდეგ გრძელდებოდა, რომ გაბატონებულმა მორალურმა ატმოსფერომ „ყველანაირი წარმოდგენა კარგსა თუ ცუდზე დაიყვანა პირადი გემოვნების, ემოციური უპირატესობისა და კულტურული არჩევნის საკითხებამდე“.
13. ა) როგორ უწყობს ხელს ბიწიერებას დღევანდელი გართობების უმეტესობა? ბ) რა ცუდი გავლენა შეიძლება მოახდინოს ადამიანებზე შეუფერებელმა გართობამ?
13 ისევე როგორც პირველ საუკუნეში, დღესაც გავრცელებულია დაცემული სახის გართობები. ტელევიზიის, რადიოს, კინო- და ვიდეოფილმების საშუალებით უწყვეტად მოედინება სექსთან დაკავშირებული მასალები. ბიწიერებამ კომპიუტერულ ქსელებშიც შეაღწია. ერთი უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, კომპიუტერული პორნოგრაფია ახლა არის „ერთ-ერთი უდიდესი (თუ უმთავრესი არა) გამრთობი საშუალება კომპიუტერული ქსელების გამომყენებლებისთვის“. რა შედეგები მოაქვს ყოველივე ამას? გაზეთის მიმომხილველი ამბობს: „როცა ჩვენი პოპულარული კულტურა სისხლის ღვრით, დასახიჩრებითა და ბინძური სექსით არის გაჟღენთილი, ჩვენ ვეჩვევით სისხლის ღვრას, დასახიჩრებას და ბინძურ სექსს. ჩვენ ვჩლუნგდებით. გარყვნილება უფრო და უფრო ასატანი ხდება ჩვენთვის, რადგან უფრო ნაკლებად იწვევს ჩვენში აღშფოთებას“ (შეადარე 1 ტიმოთე 4:1, 2).
14, 15. რა ფაქტები არსებობს, რომ სექსუალური ზნეობა დაეცა მთელ მსოფლიოში?
14 ყურადღება მიაქციე „ნიუ-იორკ ტაიმზში“ მოცემულ ცნობას: „ვინმესთან თანაცხოვრება, რასაც 25 წლის წინათ აღმაშფოთებლად ჩათვლიდნენ, დღეს მიღებულ წესად ითვლება. წყვილთა რაოდენობამ, რომლებმაც დაქორწინების გარეშე ცხოვრება აირჩიეს, [ამერიკის შეერთებულ შტატებში] 1980—1991 წლებში 80 პროცენტს მიაღწია“. ეს მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკის ფენომენი არ არის. ერთი ჟურნალი იტყობინება: „[აზიის] ქვეყნებში მძვინვარებს კამათი კულტურასთან დაკავშირებით. საკამათოა შემდეგი საკითხი: სექსუალური თავისუფლება ტრადიციული ფასეულობების წინააღმდეგ; ზეგავლენა ცვლილებების მოსახდენად განუწყვეტლივ იზრდება“ (Asiaweek). სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მრავალ ქვეყანაში სულ უფრო იწონებენ მრუშობასა და ქორწინებამდე სქესობრივ კავშირს.
15 ბიბლიამ იწინასწარმეტყველა, რომ სატანური მოქმედება გაძლიერდებოდა ჩვენს დღეებში (გამოცხადება 12:12). ამიტომ არ უნდა გაგვაკვირვოს, რომ ბიწიერება ასე შემაშფოთებლად იკრებს ძალას. მაგალითად, ბავშვების სექსუალური მიზნებით ექსპლუატაციამ სასწაულ ზღვარს მიაღწიაa. გაეროს ბავშვთა ფონდი იტყობინება, რომ „სექსუალურ ექსპლუატაციას კომერციული მიზნებით ზიანი მოაქვს ბავშვებისთვის მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში“. ყოველწლიურად, „ცნობების თანახმად, მილიონზე მეტ ბავშვს მსოფლიო მასშტაბით აიძულებენ ბავშვთა პროსტიტუციაში ჩაბმას, ისინი უკანონოდ გადაჰყავთ საზღვარზე და ყიდიან სექსუალური მიზნებით და იყენებენ ბავშვთა პორნოგრაფიის წარმოებაში“. აგრეთვე გავრცელებულია ჰომოსექსუალიზმი და ზოგი პოლიტიკოსი და რელიგიური ხელმძღვანელი პირველები უწყობენ ხელს ჰომოსექსუალიზმს, როგორც „ცხოვრების ალტერნატიულ წესს“.
წუთისოფლის ბიწიერი საქმეების უარყოფა
16. რა პოზიცია უკავიათ იეჰოვას მოწმეებს სექსუალური მორალის საკითხში?
16 იეჰოვას მოწმეები არ უერთდებიან მათ, რომლებიც მოწონებით უყურებენ სექსუალური მორალის ყველაფერზე ნების დამრთველ ნორმებს. ტიტეს 2:11, 12-ში ნათქვამია: „გამოჩნდა ღვთის მადლი, ყველა ადამიანის მხსნელი, ჩვენს დასამოძღვრად, რათა უარვყოთ უღვთოება და ამქვეყნიური გულისთქმანი, და ვიცხოვროთ ამ წუთისოფელში აზრიანად, სიმართლით და ღვთისმოსაობით“. დიახ, ჩვენ ნამდვილ ზიზღს, სიძულვილს ვავითარებთ ჩვენში ისეთი ბიწიერი საქმეების მიმართ, როგორიცაა ქორწინებამდე სქესობრივი კავშირი, მრუშობა და ჰომოსექსუალიზმიb (რომაელთა 12:9; ეფესელთა 5:3–5). პავლემ მოგვიწოდა: „განუდგეს უსამართლობას ყველა, ვინც აღიარებს უფლის სახელს“ (2 ტიმოთე 2:19).
17. რა თვალსაზრისი აქვთ ჭეშმარიტ ქრისტიანებს ალკოჰოლური სასმელების გამოყენებაზე?
17 ჭეშმარიტი ქრისტიანები ისეთ ბიწიერ საქმეებსაც უარყოფენ, რომლებიც, წუთისოფლის აზრით, უმნიშვნელოა. მაგალითად, დღეს მრავალ ადამიანს ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება გართობად მიაჩნია. მაგრამ იეჰოვას ხალხი მისდევს ეფესელთა 5:18-ში მოცემულ რჩევას: „ნუ დათვრებით ღვინით, რომელშიც აღვირახსნილობაა, არამედ აღივსენით სულით“. თუ ქრისტიანი დააპირებს დალევას, ამას ზომიერ ფარგლებში გააკეთებს (იგავნი 23:29–32).
18. როგორ ხელმძღვანელობს იეჰოვას მსახურებს ბიბლიური პრინციპები ოჯახის წევრებთან მოპყრობისას?
18 როგორც იეჰოვას მსახურები, ჩვენ უარვყოფთ ზოგი ქვეყნიური ადამიანის თვალსაზრისსაც, რომლებსაც კივილი და ყვირილი მეუღლისა თუ შვილების მისამართით ან მათ მიმართ სალანძღავი სიტყვების გამოყენება მისაღებ საქციელად მიაჩნიათ. ქრისტიანი ქმრები და ცოლები, რომლებმაც უბიწოების გზა ამოირჩიეს, თანამშრომლობენ, რათა ცხოვრებაში გამოიყენონ პავლეს რჩევა: „ყოველგვარი სიმწარე, მძვინვარება, რისხვა, ყვირილი და გმობა განგშორდეთ ყველა ბოროტებასთან ერთად. მაგრამ იყავით კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა“ (ეფესელთა 4:31, 32).
19. რამდენად გავრცელებულია ბიწიერება ბიზნესის სამყაროში?
19 დღეს ასევე გავრცელებულია უპატიოსნობა, თაღლითობა, სიცრუე, დაუნდობელი საქმიანი სვლები და ქურდობა. საქმოსნებისთვის განკუთვნილი ჟურნალის ერთ-ერთი სტატია იტყობინება: „4 000 მუშაკის გამოკითხვამ. . . ცხადყო, რომ გასულ წელს მათგან 31 პროცენტი გახდა ‘ძალიან ცუდი ყოფაქცევის’ თვითმხილველი“. ამ ცუდ ყოფაქცევაში შედიოდა მოტყუება, ყალბი ჩანაწერები, სექსუალური ჩაცივება და ქურდობა. თუ იეჰოვას თვალში გვსურს ზნეობრივად სუფთად დარჩენა, უნდა მოვერიდოთ ასეთ საქციელს და საქმიან ურთიერთობებში პატიოსნები ვიყოთ (მიქა 6:10, 11).
20. რატომ არ უნდა იყვნენ ქრისტიანები ‘ვერცხლისმოყვარეები’?
20 ყურადღება მიაქციე, თუ რა დაემართა ერთ მამაკაცს, რომელიც ფიქრობდა, რომ ღვთისადმი მსახურებისთვის უფრო მეტი დრო გამოუჩნდებოდა, თუ სწრაფი მოგება ექნებოდა სარისკო საქმეში. მომავალი მოგების გაზვიადების საშუალებით მან სხვებიც ჩაითრია ფულის დაბანდების ინტრიგაში. როცა არაფერი გამოუვიდა, ისეთ სასოწარკვეთილებაში ჩავარდა იმის გამო, რომ უნდა აენაზღაურებინა დიდი დანაკარგი, რომ მისთვის მინდობილი ფული მოიპარა. თავისი მოქმედებისა და მოუნანიებელი პოზიციის გამო ის გაირიცხა ქრისტიანული კრებიდან. მართლაც ჭეშმარიტია ბიბლიური გაფრთხილება: „გამდიდრების მსურველნი ცვივიან განსაცდელსა და მახეში, მრავალ ბრიყვულ და მავნე გულისთქმაში, რომელნიც გასანადგურებლად და დასაღუპად უბიძგებენ ადამიანს. ვინაიდან ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა და ზოგიერთები, რომლებიც მან გაიტაცა, განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი მიაყენეს“ (1 ტიმოთე 6:9, 10).
21. რა საქციელია გაბატონებული ძალაუფლების მქონე ქვეყნიურ ადამიანებს შორის, მაგრამ როგორ უნდა მოიქცნენ ქრისტიანულ კრებაში პასუხისმგებლობების მქონე პიროვნებები?
21 ქვეყნიურ ადამიანებს, რომლებსაც ხელთ უპყრიათ ძალაუფლება და გავლენა, ხშირად აკლიათ უბიწო თვისებები და ამით ცხადყოფენ უმაღლეს ჭეშმარიტებას: ‘ძალაუფლება ხრწნის’ (ეკლესიასტე 8:9). ზოგ ქვეყანაში მექრთამეობა და კორუფციის სხვა ფორმები მოსამართლეების, პოლიციელებისა და პოლიტიკოსების ცხოვრების გზაა. მაგრამ ისინი, ვინც ქრისტიანულ კრებაში ხელმძღვანელობას სწევენ, უბიწონი უნდა იყვნენ და არ უნდა იბატონონ სხვებზე (ლუკა 22:25, 26). უხუცესები და აგრეთვე სამსახურებრივი თანაშემწეები არ მსახურობენ „ბილწი ანგარებისათვის“. მათ არ უნდა დაუშვან, რომ პირადი გამდიდრების პერსპექტივებმა დაუმახინჯოს საღი აზროვნება ან ზეგავლენა იქონიოს მათ მსჯელობაზე (1 პეტრე 5:2; გამოსვლა 23:8; იგავნი 17:23; 1 ტიმოთე 5:21).
22. რას განიხილავს მომდევნო სტატია?
22 საერთო ჯამში, ქრისტიანები წარმატებით ართმევენ თავს დღევანდელ გამოწვევას, შეინარჩუნონ უბიწოება ბიწიერებით სავსე წუთისოფელში. მაგრამ უბიწოება ბოროტი საქმეებისგან მორიდებაზე მეტს ნიშნავს. მომდევნო სტატია განიხილავს, თუ სინამდვილეში, რა მოითხოვება უბიწოების განვითარებისთვის.
[სქოლიოები]
a იხილე სტატიების სერია, სახელწოდებით „დაიცავით თქვენი შვილები!“, 1993 წლის 8 დეკემბრის ჟურნალში „გამოიღვიძეთ!“ (რუს.).
b მას, ვინც წარსულში ჰომოსექსუალისტი იყო, შეუძლია საქციელში ცვლილებების შეტანა პირველ საუკუნეში მცხოვრები ზოგი პიროვნების მსგავსად (1 კორინთელთა 6:11). სასარგებლო ინფორმაცია იყო მოცემული 1995 წლის 8 აპრილის ჟურნალში „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 26–28 (რუს.).
საკითხები გამეორებისთვის
◻ რატომ ბრძანა იეჰოვამ ქანაანელების ამოწყვეტა?
◻ რომელი ბიწიერი საქმეები იყო გავრცელებული პირველ საუკუნეში და როგორ ართმევდნენ თავს ქრისტიანები იმ გარემოში?
◻ რა ფაქტები არსებობს, რომ 1914 წლიდან მსოფლიო გლობალური ზნეობრივი დაცემის მოწმე გახდა?
◻ რომელი გავრცელებული ბიწიერი საქმეები უნდა უარყოს იეჰოვას ხალხმა?
[სურათი 9 გვერდზე]
პირველი საუკუნის ქრისტიანები უბიწონი იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ ბიწიერებით სავსე წუთისოფელში ცხოვრობდნენ.
[სურათი 10 გვერდზე]
ბიწიერებამ კომპიუტერულ ქსელებშიც შეაღწია და მრავალ ახალგაზრდას, ასევე სხვებს, გზა გაეხსნათ პორნოგრაფიული მასალისკენ.
[სურათი 12 გვერდზე]
ქრისტიანებმა უბიწოება უნდა შეინარჩუნონ და არ უნდა მიბაძონ სხვა ადამიანების უპატიოსნო მოქმედებებს.