რა მიზანი აქვს წვრთნას?
პირველად რა გახსენდებათ, როდესაც სიტყვა „წვრთნა“ გესმით? ერთი ლექსიკონი წვრთნას შემდეგნაირად განმარტავს: „სისტემატური ზემოქმედებით წესებისადმი, ანუ ქცევის ნორმებისადმი, მორჩილების გამომუშავება, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი დასჯა“. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ამ სიტყვის ერთადერთი განმარტება, ბევრს დღეს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ყველაფრისადმი, რაც წვრთნასთან არის დაკავშირებული.
ბიბლია ამ სიტყვას სულ სხვა შუქში წარმოგვიდგენს. „უფლის დარიგებას [წვრთნას], შვილო ჩემო, ნუ შეიზიზღებ და მისი შეგონება ნუ მოგძულდება“, — დაწერა ბრძენმა მეფე სოლომონმა (იგავები 3:11). აქ ლაპარაკია არა ზოგადად წვრთნაზე, არამედ იეჰოვასგან წვრთნაზე, რაც ღვთის ამაღლებულ პრინციპებზეა დაფუძნებული. მხოლოდ ასეთ წვრთნას მოაქვს სულიერი კურთხევები და ის სასურველიც არის. ამის საპირისპიროდ, წვრთნა, რომელიც ადამიანურ აზროვნებაზეა დაფუძნებული და იეჰოვას ამაღლებულ პრინციპებს ეწინააღმდეგება, ხშირად შეურაცხმყოფელი და საზიანოა. სწორედ ამიტომ აქვს ბევრს წვრთნაზე უარყოფითი თვალსაზრისი.
რატომ მოგვიწოდებს საღვთო წერილი, რომ მივიღოთ იეჰოვასგან წვრთნა? ბიბლიის თანახმად, ღვთიური წვრთნა ადამიანებისადმი სიყვარულის გამოვლინებაა. ამგვარად, სოლომონი განაგრძობს: „ვინც უყვარს უფალს, იმას დასჯის როგორც მამა — შვილს, თავის საქებარს!“ (იგავები 3:12).
რა განსხვავებაა წვრთნასა და დასჯას შორის?
ბიბლიური გაგებით, წვრთნაში ბევრი რამ შედის. კერძოდ: ხელმძღვანელობა, მითითება, სწავლება, გაკიცხვა, გამოსწორება და დასჯაც კი. თუმცა, იეჰოვას ყოველთვის სიყვარული აღძრავს წვრთნისკენ და ამას მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს სასარგებლოდ აკეთებს. წვრთნა, რომელსაც იეჰოვა მიმართავს, მხოლოდ დასჯას არ ითვალისწინებს.
მეორე მხრივ, დასჯა ყოველთვის არ ხდება გამოსწორების ან სწავლების მიზნით. მაგალითად, მას შემდეგ, რაც ადამმა და ევამ შესცოდეს, დაუმორჩილებლობის შედეგების პირისპირ დადგნენ. იეჰოვამ ისინი ედემის ბაღიდან, სამოთხიდან განდევნა. ადამი და ევა არასრულყოფილები გახდნენ, რასაც შედეგად ავადმყოფობა და სიბერე მოჰყვა. მათ ტანჯვით აღსავსე ასობით წელი იცოცხლეს და ბოლოს სამუდამოდ დაკარგეს სიცოცხლე. ეს სასჯელი იყო ღვთისგან და არა წვრთნა გამოსწორების მიზნით. შეგნებულად შემცოდველი და მოუნანიებელი ადამი და ევა ვერასოდეს გამოსწორდებოდნენ.
ბიბლიაში აღწერილია დასჯის სხვა შემთხვევებიც. მაგალითად, იეჰოვას მიერ ადამიანთა დასჯა ნოეს დროს მომხდარი წარღვნისა და სოდომისა და გომორის განადგურებისას. ასევე ეგვიპტელების განადგურება მეწამულ ზღვაში. ასეთი ზომების მიღების დროს იეჰოვას განზრახული არ ჰქონდა, მათთვის ხელმძღვანელობა გაეწია, მითითება მიეცა ან რაიმე ესწავლებინა. ღვთის ასეთი სასჯელის შესახებ მოციქულმა პავლემ დაწერა: «არც პირველი წუთისოფელი დაინდო, შეინახა რვა სული და მათ შორის ნოე — სიმართლის მქადაგებელი, როცა წარღვნა მოუვლინა უღვთოთა წუთისოფელს, სოდომისა და გომორის ქალაქებს მსჯავრი დასდო, ფერფლად აქცია და ამით მაგალითი მისცა მომავალ უღვთოებს [„ამით აჩვენა უღმერთოებს, თუ რა მოუვათ მომავალში“, აქ]» (2 პეტრე 2:5, 6).
რა მხრივ აჩვენა ამ მაგალითებმა ‘უღმერთოებს, თუ რა მოუვიდოდათ მომავალში’? თესალონიკელთა მიმართ მიწერილ წერილში პავლე აღნიშნავს, რომ ჩვენს დღეებში ღმერთი თავისი ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით „იძიებს შურს მათზე, ვინც არ შეიცნო ღმერთი და არ ემორჩილება უფალ იესოს სახარებას“. პავლე დასძენს: „ისინი სასჯელად მარადიულ განადგურებას მიიღებენ“ (აქ) (2 თესალონიკელთა 1:8, 9). ცხადია, რომ ასეთი დასჯა არ ემსახურება შემცოდველის გამოსწორებას ან შეგონებას. ამისგან განსხვავებით, როცა იეჰოვა თავის თაყვანისმცემლებს მოუწოდებს, მიიღონ ღვთიური წვრთნა, ამ დროს მოუნანიებელ შემცოდველებს არ მიმართავს.
საყურადღებოა, რომ ბიბლია იეჰოვას, უმთავრესად, დამსჯელად არ მოიხსენიებს. პირიქით, მასში ნათქვამია, რომ ის მოსიყვარულე მასწავლებელია და მოთმინებით გვწვრთნის (იობი 36:22; ფსალმუნები 70:17; ესაია 54:13). დიახ, ღვთიურ წვრთნას, რაც შემცოდველის გამოსწორებას ემსახურება, ყოველთვის სიყვარული და მოთმინება ახლავს თან. რადგან ქრისტიანებს სწორად ესმით წვრთნის მიზანი, ისინი ადვილად იღებენ მას და სხვების მიმართ გამოსასწორებელ ზომებსაც სათანადოდ უდგებიან.
წვრთნა მოსიყვარულე მშობლების მხრიდან
საჭიროა, რომ ოჯახში თუ ქრისტიანულ კრებაში ყველას ესმოდეს წვრთნის მიზანი. ეს განსაკუთრებით ეხება მათ, ვისაც გარკვეული პასუხისმგებლობა აკისრია, მაგალითად, მშობლებს. იგავების 13:24-ში ნათქვამია: „ვინც თავის შოლტს ზოგავს, სძულს თავისი ძე, ხოლო ვისაც უყვარს, სჯის მას“.
როგორ უნდა დასაჯონ მშობლებმა შვილები? ბიბლია გვიხსნის: „თქვენ კი, მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“ (ეფესელთა 6:4). ეს მითითება კოლასელთა 3:21-შიც არის გამეორებული: „მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, რათა თავი არ მოაბეზროთ“.
ქრისტიანი მშობლები, რომლებსაც ესმით წვრთნის მიზანი, შვილებს სასტიკად არ მოექცევიან. ისინი გაითვალისწინებენ 2 ტიმოთეს 2:24-ში ჩაწერილ პრინციპს. პავლემ დაწერა: „მონას ღვთისას კი არ მართებს ჩხუბი, არამედ წყნარი უნდა იყოს ყველას მიმართ, დამმოძღვრავი, შემწყნარე“. რისხვას, ყვირილს და შეურაცხმყოფელ ან დამამცირებელ ლაპარაკს საერთო არაფერი აქვს სიყვარულით ნაკარნახებ წვრთნასთან და მსგავსი რამ არ უნდა ახასიათებდეს ქრისტიანს (ეფესელთა 4:31; კოლასელთა 3:8).
შვილების აღზრდა მხოლოდ მათ სასწრაფოდ დასჯას არ ნიშნავს. ბავშვების უმეტესობა გამოსწორებამდე არაერთ მითითებას საჭიროებს. ამიტომ მშობლებმა დრო უნდა დაუთმონ შვილების წვრთნას, გამოავლინონ მოთმინება და კარგად უნდა მოიფიქრონ, რა გამოსასწორებელ ზომებს მიმართონ. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ შვილები „უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“ უნდა აღზარდონ. ეს ნიშნავს წვრთნას, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება.
ქრისტიანი მწყემსები წვრთნისას რბილ ხასიათს ავლენენ
ქრისტიანმა უხუცესებმაც ამავე პრინციპებით უნდა იხელმძღვანელონ. როგორც მოსიყვარულე მწყემსები, უხუცესები ცდილობენ სამწყსოს გაძლიერებას მითითებების, ხელმძღვანელობისა და, საჭიროების შემთხვევაში, მხილების საშუალებით. ამ დროს მათ უნდა ახსოვდეთ წვრთნის მიზანი (ეფესელთა 4:11, 12). მათთვის მთავარი თუ შემცოდველის დასჯა იქნებოდა, უბრალოდ დასჯიდნენ მას და სხვაზე არაფერზე იზრუნებდნენ. ღვთის ამაღლებულ პრინციპებზე დაფუძნებული წვრთნა კი ბევრად მეტის მომცველია. სიყვარულით აღძრული უხუცესები ძალ-ღონეს არ იშურებენ იმისათვის, რომ საუკეთესოდ დაეხმარონ შემცოდველს. რადგანაც უხუცესები გულწრფელად არიან დაინტერესებული მისი კეთილდღეობით, ისინი გეგმავენ, რამდენჯერმე შეხვდნენ გზასაცდენილ პიროვნებას, რათა გაამხნევონ და დაარიგონ.
2 ტიმოთეს 2:25, 26-ში (აქ) ჩაწერილი მითითების თანახმად, უხუცესებმა რბილი ხასიათი უნდა გამოავლინონ მათი შეგონებისას, ვინც ადვილად არ ექვემდებარება წვრთნას. შემდეგ ამ მუხლებში წვრთნის მიზანზე მახვილდება ყურადღება: „იქნებ ღმერთმა მოანანიებინოს, რაც ჭეშმარიტების საფუძვლიან ცოდნამდე მიიყვანს მათ, და იქნებ გონს მოეგონ“.
ზოგჯერ საჭირო ხდება მოუნანიებელი შემცოდველების კრებიდან გარიცხვა (1 ტიმოთე 1:18—20). ასეთი მკაცრი მოპყრობის მიზანიც კი გამოსწორება უნდა იყოს და არა მხოლოდ დასჯა. დროდადრო უხუცესები ცდილობენ, მიაკითხონ გარიცხულს, რომელიც ცოდვილი ცხოვრების გზას არ ადგას. ამ დროს უხუცესები მომნანიებელს აჩვენებენ, რა არის წვრთნის ნამდვილი მიზანი და მიუთითებენ ნაბიჯებზე, რომლებიც გარიცხულმა უნდა გადადგას ქრისტიანულ კრებაში აღსადგენად.
იეჰოვა სრულყოფილი მსაჯულია
მშობლები, ქრისტიანი მწყემსები და სხვები, რომლებსაც წვრთნის ბიბლიური პასუხისმგებლობა აკისრიათ, ამ საკითხს სერიოზულად უნდა მიუდგნენ. მათ თავს უფლება არ უნდა მისცენ, განსაჯონ სხვები და დაასკვნან, რომ ისინი ვერასოდეს გამოსწორდებიან. აქედან გამომდინარე, წვრთნის დროს მათი მოქმედება არასოდეს უნდა დაემსგავსოს შურისძიებას ან მტრულ დასჯას.
ბიბლიაში ნათქვამია, რომ მკაცრი და საბოლოო სასჯელი მხოლოდ იეჰოვას გამოაქვს. ბიბლია ამბობს: „საშინელებაა ცოცხალი ღვთის ხელში ჩავარდნა!“ (ებრაელთა 10:31). არავინ უნდა ეცადოს, რომ იეჰოვას შეედაროს ამ თუ სხვა საკითხში. არავინ უნდა მისცეს ვინმეს იმის საფუძველი, რომ იფიქროს, საშინელებააო მშობლის ან კრების რომელიმე უხუცესის ხელში ჩავარდნა.
იეჰოვას აქვს უნარი, დასჯის დროს გაწონასწორებულობა შეინარჩუნოს. ადამიანს ეს არ შეუძლია. იეჰოვა გულის მდგომარეობას ხედავს და შეუძლია განსაზღვროს, დამნაშავე გამოსწორდება თუ არა; შესაბამისად, ის საზღვრავს, საჭიროა თუ არა გადამწყვეტი და საბოლოო დასჯა. ადამიანს არ შეუძლია ამის განსაზღვრა. ამიტომაც მათი მიზანი, ვისაც წვრთნის პასუხისმგებლობა აკისრია, ყოველთვის გამოსწორება უნდა იყოს.
იეჰოვასგან წვრთნას ნუ უგულებელყოფთ
იეჰოვასგან წვრთნას ყველა ვსაჭიროებთ (იგავები 8:33). მთელი გულით უნდა გვინდოდეს, მივიღოთ ღვთის სიტყვაზე დაფუძნებული წვრთნა. ღვთის სიტყვის შესწავლისას შეგვიძლია უშუალოდ იეჰოვასგან მივიღოთ წვრთნა (2 ტიმოთე 3:16, 17). მაგრამ დროდადრო ამას თანაქრისტიანებისგანაც ვიღებთ. წვრთნის მიღებას გაგვიადვილებს იმის ცოდნა, თუ რა დანიშნულება აქვს მას.
მოციქულმა პავლემ აღიარა: „ყოველი წვრთნა ამჟამად სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად“. შემდეგ დაამატა: „მაგრამ შემდგომში სიმართლის მშვიდობიან ნაყოფს აძლევს მას, ვინც მის მიერ განისწავლა“ (ებრაელთა 12:11). იეჰოვას წვრთნა ჩვენდამი მისი უდიდესი სიყვარულის გამოვლინებაა. იმისდა მიუხედავად, თავად ვიღებთ წვრთნას თუ სხვებს ვეხმარებით ამაში, ყოველთვის გვახსოვდეს ღვთიური წვრთნის მიზანი და გავითვალისწინოთ ბრძნული ბიბლიური რჩევა: „ჩაეჭიდე დარიგებას, ნუ შეეშვები, დაიცავი, რადგან შენი სიცოცხლეა იგი“ (იგავები 4:13).
[სურათები 21 გვერდზე]
ღმერთი მოუნანიებელ შემცოდველთა მიმართ გამოსასწორებელ ზომებს კი არ მიმართავს, არამედ სჯის მათ.
[სურათები 22 გვერდზე]
მოსიყვარულე უხუცესები დროს უთმობენ კვლევას და ეხმარებიან მათ, ვინც სწორი გზიდან გადაუხვია.
[სურათები 23 გვერდზე]
მშობლები მოთმინებითა და სიყვარულით ზრდიან შვილებს „უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“.