გახსოვდეს იეჰოვას დღე
„უკანასკნელ დღეებში მოვლენ დაცინვით დამცინავნი“ (2 პეტრე 3:3).
1. გადაუდებლობის როგორი გრძნობა ჰქონდა ერთ თანამედროვე ქრისტიანს?
ერთ-ერთი სრული დროით მსახური, რომელმაც მსახურებაში 66 წელზე მეტი გაატარა, წერდა: „მე ყოველთვის გადაუდებლობის მძაფრი გრძნობა მქონდა. არმაგედონი ჩემს აზროვნებაში ყოველთვის ხვალ უნდა მომხდარიყო (გამოცხადება 16:14, 16). მამაჩემისა და პაპაჩემის მსგავსად, ცხოვრებას ისე ვატარებდი, როგორც მოციქული [პეტრე] მოგვიწოდებდა — ‘ვესწრაფოდი იეჰოვას დღეს’. მე აღთქმულ ახალ ქვეყნიერებას ყოველთვის ვხედავდი როგორც ‘უხილავ რეალობას’“ (2 პეტრე 3:11, 12; ებრაელთა 11:1; ესაია 11:6–9; გამოცხადება 21:3, 4).
2. რას ნიშნავს, გვახსოვდეს იეჰოვას დღე?
2 პეტრეს მიერ იეჰოვას დღესთან დაკავშირებით გამოყენებული გამოთქმა «ესწრაფით, [„გახსოვთ“, აქ]», ნიშნავს, რომ ყოველთვის გონებაში გვაქვს ის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღე, როცა იეჰოვა ამ სისტემას გაანადგურებს, რაც აღთქმული ახალი ქვეყნიერების დაფუძნებას უძღვის წინ, ძალიან ახლოსაა. ის იმდენად რეალური უნდა იყოს ჩვენთვის, რომ ცხადად ვხედავდეთ მას, ისე თითქოს უშუალოდ ჩვენს თვალწინ იყოს გადაშლილი. ეს ისეთივე უნდა იყოს ჩვენთვისაც, როგორც ღვთის ძველი დროის წინასწარმეტყველებისთვის, რომლებიც ხშირად ლაპარაკობდნენ მასზე, როგორც ძალიან ახლოს მყოფ დღეზე (ესაია 13:6; იოველი 1:15; 2:1; აბდია 15; სოფონია 1:7, 14).
3. როგორც ჩანს, რამ აღძრა პეტრე, იეჰოვას დღესთან დაკავშირებით მოეცა რჩევა?
3 რატომ მოგვიწოდებს პეტრე, იეჰოვას დღეს შევხედოთ, როგორც, ასე ვთქვათ, უკვე, „ხვალ“ მოსახდენს? რადგან, როგორც ჩანს, ზოგმა უკვე დაიწყო დაცინვა ქრისტეს აღთქმული მოსვლის შესახებ, რომლის დროსაც ბოროტები დაისჯებოდნენ (2 პეტრე 3:3, 4). ამიტომ მისი მეორე წერილის მესამე თავში, რომელსაც ახლა განვიხილავთ, პეტრე ბრალს სდებს ამ დამცინავებს.
დამახსოვრების მიზნით თბილი შეხსენება
4. რა სურს პეტრეს, რომ გვახსოვდეს?
4 პეტრეს თბილი გრძნობები ძმების მიმართ ამ თავში რამდენჯერმე მათდამი ‘სიყვარულით’ მიმართვით ვლინდება. პეტრე თბილად შეახსენებს, თუ რა ჰქონდათ ადრე ნასწავლი: „საყვარელნო. . . შეხსენებით ვაღვიძებ თქვენს წრფელ აზრს, რათა გახსოვდეთ წმიდა წინასწარმეტყველთა მიერ ადრევე თქმული სიტყვები და ჩვენი უფლისა და მაცხოვრის მცნებანი, გადმოცემული თქვენი მოციქულების მიერ“ (2 პეტრე 3:1, 2, 8, 14, 17; იუდა 17).
5. რა თქვა ზოგმა წინასწარმეტყველმა იეჰოვას დღის შესახებ?
5 „წმიდა წინასწარმეტყველთა მიერ ადრევე თქმული“ რომელი სიტყვების გახსენებისკენ მოუწოდებს პეტრე მკითხველებს? ქრისტეს სამეფო ძალაუფლებით მოსვლისა და უღვთო ხალხის განსჯის შესახებ წინასწარმეტყველებების გახსენებისკენ. პეტრემ ადრეც მიაქცია ამას ყურადღება (2 პეტრე 1:16–19; 2:3–10). იუდა მოიხსენიებს ენოქს, რომელიც პირველი იყო იმ წინასწარმეტყველთა შორის, რომლებიც ღვთის მიერ ბოროტების განკითხვის შესახებ გამფრთხილებლებს შორის არის მოხსენიებული (იუდა 14, 15). სხვა წინასწარმეტყველებიც მიჰყვნენ ენოქის მაგალითს და პეტრეს სურვილია, არ დაგვავიწყდეს, თუ რა დაწერეს მათ (ესაია 66:15, 16; სოფონია 1:15–18; ზაქარია 14:6–9).
6. ქრისტესა და მისი მოციქულების რომელი გამონათქვამები გვაფრთხილებს იეჰოვას დღესთან დაკავშირებით?
6 გარდა ამისა, პეტრე მკითხველებს ეუბნება, ახსოვდეთ „ჩვენი უფლისა და მაცხოვრის მცნებანი“. იესოს მცნებებში შედის მოწოდება: „გაფრთხილდით, არ დამძიმდეს თქვენი გული. . . და იმ დღემ არ გიწიოთ მოულოდნელად. . . როგორც მახე“. „გაფრთხილდით, იფხიზლეთ, ილოცეთ, ვინაიდან არ იცით, როდის დადგება ის ჟამი“ (ლუკა 21:34–36; მარკოზი 13:33). პეტრე მოციქულების მიერ ნათქვამი სიტყვებისთვის ყურადღების მიქცევისკენაც მოგვიწოდებს. მაგალითად, მოციქული პავლე წერდა: „უფლის დღე ღამით ქურდივით მოვა. ამიტომ ნუ დავიძინებთ, როგორც სხვები, არამედ გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ“ (1 თესალონიკელთა 5:2, 6).
დამცინავთა გულისთქმები
7, 8. ა) როგორი ადამიანები დასცინიან ღვთის გამაფრთხილებელ ცნობებს? ბ) რას ამბობენ დამცინავები?
7 როგორც ზემოთ იყო მოხსენიებული, პეტრეს მიერ მათი დარიგების მიზეზი ზოგის მხრიდან მსგავსი გაფრთხილებისადმი დაცინვის დაწყება იყო, როგორც ამას ადრე ისრაელში იეჰოვას წინასწარმეტყველების მიმართ აკეთებდნენ (მეორე ნეშტთა 36:16). პეტრე განმარტავს: „უპირველესად იცოდეთ, რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ დაცინვით დამცინავნი, რომელნიც საკუთარი გულისთქმისამებრ იქცევიან“ (2 პეტრე 3:3). იუდა ამბობს, რომ ამ დამცინავებს ‘უღვთო’ გულისთქმები აქვთ. ის მათ ‘მშვინვიერ, სულის არამქონე’ ადამიანებს უწოდებს (იუდა 17–19).
8 ცრუმოძღვრები, ვისზეც პეტრემ თქვა, რომ ‘ბილწ ხორციელ გულისთქმებს არიან აყოლილნი’, ალბათ, იმ სულიერობის არმქონე დამცინავებს შორის არიან (2 პეტრე 2:1, 10, 14). ისინი დამცინავად ეკითხებიან ერთგულ ქრისტიანებს: „სად არის მისი მოსვლის აღთქმაო? რადგან მას შემდეგ, რაც მიიცვალნენ მამები, ყოველივე უცვლელად რჩება დასაბამიდან მოყოლებული“ (2 პეტრე 3:4).
9. ა) რატომ ცდილობენ დამცინავები, ძირი გამოუთხარონ ღვთის სიტყვაში ძალიან ხშირად მოხსენიებულ გადაუდებლობის გრძნობას? ბ) როგორ დაგვიცავს ის, რომ ყოველთვის გვახსოვს იეჰოვას დღე?
9 რატომ აქვს ადგილი დაცინვას? რატომ ამბობენ, რომ ქრისტეს მოსვლა შეუძლებელია ოდესმე მოხდეს, რომ ღმერთი არასოდეს ჩარეულა ადამიანთა საქმეებში და არც არასდროს ჩაერევა? ღვთის სიტყვაში ძალიან ხშირად მოხსენიებული გადაუდებლობის გრძნობისთვის, ძირის გამოთხრით ეს მშვინვიერი დამცინავები ცდილობენ, მიაძინონ სხვები, სულიერი აპათიის მდგომარეობაში ჩაყარონ და ამგვარად ეგოისტური ცდუნებების იოლ მსხვერპლებად აქციონ. რა დიდი სტიმულია ეს დღეს ჩვენთვის, რათა სულიერად ფხიზლად დავრჩეთ! ყოველთვის გვახსოვდეს იეჰოვას დღე და ის, რომ ღვთის თვალები ჩვენკენაა მოპყრობილი! ამგვარად ჩვენ აღვიძვრებით, გულმოდგინედ ვემსახუროთ იეჰოვას და შევინარჩუნოთ ზნეობრივი სიწმინდე (ფსალმუნი 10:4; ესაია 29:15; ეზეკიელი 8:12; 12:27; სოფონია 1:12).
განზრახ და საზიზღრულად
10. როგორ ამტკიცებს პეტრე დამცინავების სიტყვების მცდარობას?
10 ასეთი დამცინავები უგულებელყოფენ მნიშვნელოვან ფაქტს. ისინი შეგნებულად უგულებელყოფენ მას და ცდილობენ, სხვებსაც დაავიწყონ ის. რატომ? უფრო ადვილად რომ შეძლონ ადამიანები ცდუნება. „რაკი ასე სურთ, — წერს პეტრე, — დაფარული რჩება“. რა რჩება დაფარული? „რომ თავდაპირველად ცა და მიწა დაარსდა ღვთის სიტყვით წყლისაგან და წყლით; და რომ მაშინდელი წუთისოფელი წარღვნის წყლით მოისპო“ (2 პეტრე 3:5, 6). დიახ, იეჰოვამ ნოეს დღეებში წარღვნით მოსპო დედამიწაზე ბოროტება; ამ ფაქტს იესომაც გაუსვა ხაზი (მათე 24:37–39; ლუკა 17:26, 27; 2 პეტრე 2:5). ამგვარად, დამცინავების საპირისპიროდ, ‘დასაბამიდან მოყოლებული’ ყოველივე უცვლელად არ დარჩენილა.
11. ადრინდელი ქრისტიანების რომელმა ნაადრევმა მოლოდინებმა გამოიწვია მათდამი დაცინვა?
11 დამცინავები შეიძლება დასცინოდნენ ერთგულ ქრისტიანებს, რადგან მათი მოლოდინი ჯერაც არ განხორციელებულა. იესოს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მის მოწაფეებს „ეგონათ, უცბად გამოჩნდებოდა ღვთის სასუფეველი“. მისი აღდგომის შემდეგ მათ იკითხეს, მაშინვე დამყარდებოდა თუ არა სამეფო. გარდა ამისა, პეტრეს მიერ მეორე წერილის დაწერამდე ათი წლის წინ, ზოგი ‘შეშფოთდა’ „სიტყვით“ ან „წერილით“, რომელიც, როგორც ფიქრობდნენ, მოციქულ პავლესგან ან მისი ამხანაგებისგან მიიღეს, სადაც აღინიშნა, რომ „თითქოს უკვე დადგაო უფლის დღე“ (ლუკა 19:11; 2 თესალონიკელთა 2:2; საქმეები 1:6). მაგრამ იესოს მოწაფეების ასეთი მოლოდინები არ იყო არასწორი, არამედ მხოლოდ — ნაადრევი. იეჰოვას დღე დადგებოდა!
ღვთის სიტყვა სარწმუნოა
12. როგორ დაამტკიცა ღვთის სიტყვამ ‘უფლის დღის’ შესახებ წინასწარმეტყველებების სარწმუნოობა?
12 როგორც ადრე იყო მოხსენიებული, ქრისტიანობამდელი წინასწარმეტყველები ხშირად იძლეოდნენ გაფრთხილებას, რომ იეჰოვას შურისძიების დღე ახლოს იყო. მცირე მასშტაბით ‘უფლის დღე’ ძვ. წ. 607 წელს დადგა, როცა იეჰოვამ შური იძია და თავისი თავნება ხალხი დასაჯა (სოფონია 1:14–18). მოგვიანებით სხვა ერებს, ბაბილონისა და ეგვიპტის ჩათვლით, თავს დაატყდათ მსგავსი „უფლის დღე“ (ესაია 13:6–9; იერემია 46:1–10; აბდია 15). აგრეთვე ნაწინასწარმეტყველები იყო პირველი საუკუნის იუდეველთა სისტემის აღსასრული და ეს ახ. წ. 70 წელს მოხდა, როცა რომაელმა ჯარისკაცებმა იუდეა მიწასთან გაასწორეს (ლუკა 19:41–44; 1 პეტრე 4:7). მაგრამ პეტრე ‘იეჰოვას მომავალ დღეზე’ მიუთითებს, დღეზე, რომელთან შედარებითაც გლობალური წარღვნაც კი პატარა გამოჩნდება!
13. რომელი ისტორიული მაგალითი ცხადყოფს, რომ ამ სისტემის აღსასრული ნამდვილად მოხდება?
13 პეტრე ამ მომავალი განადგურების აღწერას შემდეგნაირად იწყებს: „იმავე სიტყვით“. მან ეს-ესაა აღნიშნა, რომ „ღვთის სიტყვით“ წარღვნამდელი მიწა „წყლისაგან და წყლით“ შეიქმნა. ამ სიტუაციამ, რომელიც შემოქმედების შესახებ ბიბლიის ცნობაშია აღწერილი, შესაძლებელი გახადა წარღვნა, როცა ღვთის მითითებით, ანუ მისი სიტყვით, წყლები დედამიწაზე გადმოიღვარა. პეტრე განაგრძობს: „ახლანდელი ცა და მიწა, რომლებიც იმავე სიტყვით ინახება, გამზადებულია საცეცხლოდ უღვთო კაცთა განკითხვისა და მოსპობის დღისათვის“ (2 პეტრე 3:5–7; დაბადება 1:6–8). ამისათვის ჩვენ გვაქვს იეჰოვას სარწმუნო სიტყვა! ის ‘ცასა და მიწას’, ამ სისტემას, თავის დიდ დღეს რისხვის ცეცხლში შთანთქავს! (სოფონია 3:8). მაგრამ როდის?
აღსასრულის მოსვლის დიდი სურვილი
14. რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ „უკანასკნელ დღეებში“ ვცხოვრობთ?
14 იესოს მოწაფეებს სურდათ, გაეგოთ, როდის იქნებოდა აღსასრული, და ამიტომ ჰკითხეს მას: „რა იქნება შენი მოსვლისა და წუთისოფლის აღსასრულის ნიშანი?“ როგორც ჩანს, ისინი ეკითხებოდნენ, თუ როდის მოხდებოდა იუდეველთა სისტემის აღსასრული, მაგრამ იესოს პასუხი ძირითადად იმაზე მიუთითებდა, თუ როდის განადგურდებოდა თანამედროვე „ცა და მიწა“. იესომ იწინასწარმეტყველა ისეთი მოვლენები, როგორიცაა: დიდი ომები, სურსათის უკმარისობა, მიწისძვრები, ავადმყოფობები და დამნაშავეობა (მათე 24:3–14; ლუკა 21:5–36). ათას ცხრაას თოთხმეტი წლიდან ჩვენ ვხედავთ როგორც იმ ნიშნის შესრულებას, რომელიც იესომ „წუთისოფლის აღსასრულის“ აღმნიშვნელად მოიყვანა, ასევე პეტრეს მიერ ‘უკანასკნელი დღეების’ დამახასიათებლად მოხსენიებული ნიშნის შესრულებას (2 ტიმოთე 3:1–5). ნამდვილად, იმის მტკიცებები, რომ ამ სისტემის აღსასრულის დროს ვცხოვრობთ, უსაზღვროდ ბევრია!
15. რა მიდრეკილება ჰქონდათ ქრისტიანებს იესოს გაფრთხილების მიუხედავად?
15 იეჰოვას მოწმეებს ძალიან უნდოდათ, გაეგოთ, თუ როდის დადგებოდა იეჰოვას დღე. ამის გამო ზოგჯერ ისინი ცდილობდნენ, გამოეთვალათ მისი მოსვლის დრო. მაგრამ ასე მოქმედებით მათ ისევე, როგორც ადრე იესოს მოწაფეებმა, უგულებელყვეს თავიანთი უფლის გაფრთხილება: „არ იცით, როდის დადგება ის ჟამი“ (მარკოზი 13:32, 33). ნაადრევი მოლოდინის გამო დამცინავები დასცინოდნენ ერთგულ ქრისტიანებს (2 პეტრე 3:3, 4). მიუხედავად ამისა, იეჰოვას დღე თავის დროზე მოვა — გვარწმუნებს პეტრე.
საჭიროა გვქონდეს ისეთივე თვალსაზრისი, როგორიც იეჰოვას აქვს
16. რომელ გაფრთხილებას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
16 როგორც პეტრე შეგვახსენებს, საჭიროა დროის შესახებ ისეთივე თვალსაზრისი გვქონდეს, როგორიც იეჰოვას აქვს: „ეს ერთი არ უნდა დაიფაროს თქვენგან, საყვარელნო, რომ უფლისათვის ერთი დღე არის, როგორც ათასი წელი, ხოლო ათასი წელი, როგორც ერთი დღე“. ამასთან შედარებით რამდენად მოკლეა ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა, 70 ან 80 წელი! (2 პეტრე 3:8; ფსალმუნი 89:4, 10). ამიტომ, თუ გვეჩვენება, რომ ღვთის აღთქმების შესრულება აგვიანებს, საჭიროა, შევისმინოთ ღვთის წინასწარმეტყველის გაფრთხილება: „თუ [დათქმულ ჟამს] დააგვიანდეს, დაელოდე, რადგან უსათუოდ მოვა, არ დაბრკოლდება“ (აბაკუმი 2:3).
17. რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი დღეები უფრო დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე მრავალი მოელოდა?
17 რატომ გაგრძელდა ამ სისტემის უკანასკნელი დღეები უფრო დიდ ხანს, ვიდრე ამას მრავალი მოელოდა? პეტრეს შემდგომი განმარტების თანახმად, შესანიშნავი მიზეზის გამო: „არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად მიაჩნიათ, არამედ სულგრძელია თქვენდამი და არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ რომ ყველა მივიდეს მოსანანიებლად“ (2 პეტრე 3:9). იეჰოვა ითვალისწინებს ყველაფერს, რაც მთელი კაცობრიობის ინტერესებს ემსახურება. როგორც თავად ამბობს, ის ზრუნავს ადამიანთა სიცოცხლეზე: „თუ მინდოდეს ბოროტეულის სიკვდილი, თუ ბოროტეულის მოქცევა თავისი გზიდან და მისი გადარჩენა არ მინდოდეს!“ (ეზეკიელი 33:11). ამიტომ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ აღსასრული სწორედ თავის დროზე მოვა, რათა შესრულდეს ჩვენი ყოვლადბრძენი, მოსიყვარულე შემოქმედის განზრახვა!
რა გადაივლის?
18, 19. ა) რატომ გადაწყვიტა იეჰოვამ ამ სისტემის განადგურება? ბ) როგორ აღწერს პეტრე ამ სისტემის აღსასრულს და რა განადგურდება სინამდვილეში?
18 რადგან იეჰოვას ნამდვილად უყვარს თავისი მსახურები, ის გაანადგურებს ყველა მათ შემჭირვებელს (ფსალმუნი 36:9–11, 29). პავლეს მსგავსად პეტრემაც აღნიშნა, რომ ეს განადგურება მოულოდნელად მოხდებოდა: „უფლის დღე ქურდივით მოვა და მაშინ ზეცანი გრგვინვით გადაივლიან, გავარვარებული კავშირები დაიშლებიან, მიწა და მისი საქმენი, რაც მასზეა, გადაიბუგება“ (2 პეტრე 3:10; 1 თესალონიკელთა 5:2). პირდაპირი გაგებით ზეცა და მიწა არ განადგურებულა წარღვნის დროს, ასევე არ მოისპობა ისინი იეჰოვას დღესაც. მაშ, რა ‘გადაივლის’, ანუ განადგურდება?
19 ადამიანთა მთავრობები, რომლებიც კაცობრიობაზე ბატონობენ, ასე ვთქვათ, ‘ზეცა’, განადგურდება და იგივე მოუვა ‘დედამიწასაც’, ანუ უღვთო ადამიანთა საზოგადოებას. ‘გრგვინვა’ შესაძლოა ზეცის სწრაფ გადასვლაზე მიუთითებდეს. „კავშირები“, რომლებსაც ქმნის დღევანდელი დაცემული ადამიანთა საზოგადოება, ‘დაიშლება’ ანუ განადგურდება. და „მიწა და მისი საქმენი. . . გადაიბუგება“. იეჰოვა მთელი წუთისოფლის სისტემის სამართლიანი აღსასრულის მოსვლისას მთლიანად გამოააშკარავებს ადამიანთა უკეთურებას.
არ დაივიწყო შენი იმედი
20. როგორ უნდა იმოქმედოს ჩვენს ცხოვრებაზე იმის ცოდნამ, თუ რა მოვლენები მოგველის?
20 რადგან ეს ამაღელვებელი მოვლენები ძალიან ახლოსაა, პეტრე ამბობს, რომ ჩაფლულები უნდა ვიყოთ ‘წმიდა ქცევასა და ღვთისმოსაობაში, რაკი ველით და ვესწრაფით ღვთის მოსვლის დღეს’. ამაში ეჭვის არავითარი საფუძველი არ არსებობს! „ალმოდებული ცანი დაირღვევიან, ხოლო კავშირნი დაიწვებიან და დადნებიან“ (2 პეტრე 3:11, 12). იმის ცოდნამ, რომ ეს ამაღელვებელი მოვლენები შეიძლება ხვალვე დაიწყოს, უნდა იმოქმედოს ყველაფერზე, რასაც ვაკეთებთ ან ვგეგმავთ, რომ გავაკეთოთ.
21. რით შეიცვლება დღევანდელი ცა და მიწა?
21 ახლა პეტრე გვეუბნება, თუ რით შეიცვლება ძველი სისტემა: „ხოლო ჩვენ მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცასა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე“ (2 პეტრე 3:13; ესაია 65:17). ოჰ, რა დიდებული შვებაა! ქრისტე და მისი 144 000 თანამმართველი შექმნიან „ახალ“ მთავრობას, ‘ცას’, ხოლო ხალხი, რომელიც ამ წუთისოფლის აღსასრულს გადაიტანს წარმოქმნის ‘ახალ მიწას’ (1 იოანე 2:17; გამოცხადება 5:9, 10; 14:1, 3, აფ).
შეინარჩუნე გადაუდებლობის გრძნობა და ზნეობრივი სიწმინდე
22. ა) რა დაგვეხმარება ნებისმიერი სულიერი ლაქის ან ბიწიერების არიდებაში? ბ) რომელი საშიშროების შესახებ იძლევა პეტრე გაფრთხილებას?
22 „ამიტომ, საყვარელნო, — განაგრძობს პეტრე, — რაკი ამას ელოდებით, იბეჯითეთ, რომ შეუბღალავნი და უბიწონი წარსდგეთ მშვიდობით მის წინაშე და ჩვენი უფლის სულგრძელობა მიიჩნიეთ ხსნად“. მთელი გულით მოლოდინი და იეჰოვას დღის ნებისმიერი ვითომ შეყოვნების ღვთიური მოთმინების გამოვლენად ჩათვლა, ნებისმიერი სულიერი ლაქის ან ბიწიერების არიდებაში დაგვეხმარება. მაგრამ არსებობს საშიშროება! პეტრე იძლევა გაფრთხილებას, რომ ‘ჩვენი საყვარელი ძმის პავლეს წერილში არის ზოგი რამ ისე ძნელად გასაგები, რომ უმეცარნი და უმტკიცონი, სხვა წერილების მსგავსად ამახინჯებენ საკუთარი თავის დასაღუპავად’ (2 პეტრე 3:14–16).
23. რა არის პეტრეს ბოლო გაფრთხილება?
23 ცრუმოძღვრები, როგორც ჩანს, ამახინჯებდნენ პავლეს წერილებს ღვთის დაუმსახურებელი სიკეთის შესახებ და მათ ცუდი საქციელის გასამართლებლად იყენებდნენ. შესაძლოა, პეტრე ამას გულისხმობდა, როცა თავის გამოსათხოვარ გაფრთხილებას წერდა: „თქვენ კი, საყვარელნო, რაკი წინასწარ იცით ეს, გაფრთხილდით, რომ არ აჰყვეთ ურჯულოთა ცდომილებებს და არ დაკარგოთ თქვენი სიმტკიცე“. შემდეგ ის თავის წერილს შემდეგი მოწოდებით ამთავრებს: „აღიზარდეთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლით და შემეცნებით“ (2 პეტრე 3:17, 18).
24. რა თვალსაზრისი უნდა ჰქონდეს იეჰოვას ყველა მოწმეს?
24 ცხადია, პეტრეს სურვილი ძმების განმტკიცებაა. მისი სურვილია, ყველას ჰქონდეს ისეთივე თვალსაზრისი, როგორიც სტატიის თავში მოხსენიებულმა 82 წლის ერთგულმა მოწმემ გამოთქვა: „ცხოვრებას ისე ვატარებდი, როგორც მოციქული მოგვიწოდებდა — ‘ვესწრაფოდი იეჰოვას დღეს’. მე აღთქმულ ახალ ქვეყნიერებას ყოველთვის ვხედავდი როგორც ‘უხილავ რეალობას’“. დაე თითოეულმა ჩვენგანმა ასე ვიცხოვროთ.
როგორ უპასუხებდი?
◻ რას ნიშნავს «ესწრაფით [„გახსოვთ“, აქ] ღვთის მოსვლის დღეს»?
◻ რას უგულებელყოფენ შეგნებულად დამცინავები და რატომ?
◻ რატომ დასცინოდნენ დამცინავები ერთგულ ქრისტიანებს?
◻ რა თვალსაზრისი უნდა შევინარჩუნოთ?
[სურათი 23 გვერდზე]
ყოველთვის გვახსოვდეს იეჰოვას დღე. . .
[სურათი 24 გვერდზე]
. . . და ახალი ქვეყნიერება, რომელიც მას მოჰყვება.