მიმომსვლელი ზედამხედველი — ძღვენი ადამიანში
„ავიდა მაღლობზე, დაატყვევა ტყვე და ნიჭები უბოძა ადამიანს [უბოძა მრავალი ძღვენი ადამიანში, აქ]“ (ეფესელთა 4:8).
1. რა ახალი საქმიანობის შესახებ გამოცხადდა ამ ჟურნალის 1894 წლის გამოცემაში?
საუკუნეზე მეტი ხნის წინათ „საგუშაგო კოშკმა“ სიახლე ამცნო მკითხველებს. ჟურნალში ნათქვამი იყო, რომ სიახლე „მსახურების სხვა სფეროს“ წარმოადგენდა. რას ითვალისწინებდა ეს ახალი საქმე? მიმომსვლელი ზედამხედველების თანამედროვე საქმიანობის დაწყებას. ამ ჟურნალის 1894 წლის 1-ლი სექტემბრის გამოცემაში განმარტებული იყო, რომ კვალიფიცირებული ძმები ეწვეოდნენ ბიბლიის მკვლევარების ჯგუფებს ‘ჭეშმარიტებაში მათი აღშენების მიზნით’.
2. რა ვალდებულებები აქვთ საოლქო და სარაიონო ზედამხედველებს?
2 ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში ქრისტიანული კრებების მოსანახულებლად მიდიოდნენ ზედამხედველები, მაგალითად, პავლე და ბარნაბა. ამ ერთგულ ადამიანებს კრების ‘აღშენება’ ჰქონდათ მიზნად დასახული (2 კორინთელთა 10:8). დღეს ჩვენ კურთხეული ვართ, რადგან არის ათასობით მამაკაცი, რომლებიც სისტემატურად მოქმედებენ ასე. იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელმა საბჭომ ისინი დანიშნა სარაიონო და საოლქო ზედამხედველებად. სარაიონო ზედამხედველი ემსახურება დაახლოებით 20 კრებას და წელიწადში ორჯერ თითო კვირით იმყოფება თითოეულ მათგანში, ამოწმებს ჩანაწერებს, კითხულობს მოხსენებებს და სამეფოს ადგილობრივ მაუწყებლებთან ერთად მონაწილეობს სამქადაგებლო მსახურებაში. საოლქო ზედამხედველი მთელ რიგ რაიონებში თავმჯდომარეობს ყოველწლიურ კონგრესებს და სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობს იმ კრებებთან, რომლებთანაც სარაიონო კონგრესის დროს არის მონახულებაზე და ამხნევებს ბიბლიაზე დაფუძნებული მოხსენებებით.
მათი თავგანწირული სულისკვეთება
3. რატომ ესაჭიროებათ მიმომსვლელ ზედამხედველებს თავგანწირული სულისკვეთება?
3 მიმომსვლელი ზედამხედველები სულ გზაში არიან. ამისთვის კი თავგანწირული სულისკვეთებაა საჭირო. ერთი კრებიდან მეორისკენ გამგზავრება ხშირად ძნელია, მაგრამ ისინი თავიანთ მეუღლეებთან ერთად ამას დიდი სიხარულით აკეთებენ. ერთ-ერთმა სარაიონო ზედამხედველმა თქვა: „მეუღლე ყოველთვის მიჭერს მხარს და არასოდეს ბუზღუნებს. . . ის თავგანწირული სულისკვეთებისთვის ქებას იმსახურებს“. ზოგ სარაიონო ზედამხედველს 1 000 კილომეტრის გავლა უწევს ერთი კრებიდან მეორემდე მისასვლელად. ბევრი მანქანით მიდის, ზოგიც საზოგადოებრივი ტრანსპორტითა თუ ველოსიპედით, სხვები ცხენებით, ხოლო ზოგი — ფეხით. ერთ-ერთ აფრიკელ სარაიონო ზედამხედველს, კრებას რომ სწვეოდა, მდინარის ფონზე გადასვლა ისე მოუწია, რომ მეუღლე მხრებზე ჰყავდა შესმული. პავლე მოციქული მისიონერული მოგზაურობების დროს ითმენდა სიცხესა და სიცივეს, იტანდა შიმშილსა და წყურვილს, უძილო ღამეებს, მრავალ საშიშროებასა და საშინელ დევნას. ამავე დროს მას უწევდა ‘ყველა ეკლესიაზე ზრუნვა’ — რაც დღეს მიმომსვლელი ზედამხედველებისთვისაც არ არის უცხო (2 კორინთელთა 11:23–29).
4. რა გავლენა შეუძლია მოახდინოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა მიმომსვლელ ზედამხედველებსა და მათ მეუღლეებზე?
4 პავლეს თანამშრომელი ტიმოთეს მსგავსად, მიმომსვლელ ზედამხედველებსა და მათ მეუღლეებს ზოგჯერ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც აქვთ (1 ტიმოთე 5:23). ეს კი დამატებითი სტრესია მათთვის. ერთ-ერთი სარაიონო ზედამხედველის მეუღლე განმარტავს: „როდესაც თავს კარგად ვერ ვგრძნობ, ძმებთან მუდამ ყოფნა დიდი ენერგიის ფასად მიჯდება. კლიმაქტერიული პერიოდის დაწყების დროს ეს ჩემთვის განსაკუთრებით რთულია. ყოველკვირა ჩანთების ჩალაგება და სხვაგან გამგზავრება ნამდვილად რთული გამოცდაა. ხშირად ვჩერდები და ვლოცულობ, რომ მსახურების განსაგრძობად იეჰოვამ მომცეს ძალა“.
5. როგორი სულისკვეთება გამოავლინეს მიმომსვლელმა ზედამხედველებმა და მათმა მეუღლეებმა მრავალი განსაცდელის მიუხედავად?
5 ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებისა და სხვა განსაცდელების მიუხედავად, მიმომსვლელი ზედამხედველები და მათი მეუღლეები სიხარულით მსახურობენ და ავლენენ თავგანწირულ სიყვარულს. მრავალმა სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად სულიერი დახმარება გაუწია სხვებს დევნისა თუ ომიანობის დროს. კრებების მონახულებისას ისინი პავლეს მსგავს სულისკვეთებას ავლენენ, რომელმაც თესალონიკელ ქრისტიანებს უთხრა: „მშვიდად ვიქცეოდით თქვენს შორის, როგორც მეძუძური, თავის ბალღებს რომ შეფოფინებს. ასევე ჩვენც, თქვენდამი გულმხურვალთ გვსურდა მოგვეცა თქვენთვის არა მარტო ღვთის სახარება, არამედ ჩვენი სულიც, იმიტომ რომ საყვარელნი გახდით ჩვენთვის“ (1 თესალონიკელთა 2:7ბ, 8).
6, 7. რა დადებითი გავლენა შეიძლება ჰქონდეთ მთელი ძალებით მომუშავე მიმომსვლელ ზედამხედველებს?
6 ქრისტიანული კრების სხვა უხუცესების მსგავსად, მიმომსვლელი ზედამხედველებიც „იღწვიან ქადაგებითა და დამოძღვრით“. ასეთი უხუცესები „ორმაგი პატივის ღირსნი უნდა იყვნენ“ (1 ტიმოთე 5:17). მათი მაგალითი კურთხევა იქნება, თუ ‘მივბაძავთ მათ რწმენას’ (ებრაელთა 13:7).
7 რა გავლენა აქვთ მიმომსვლელ ზედამხედველებს სხვებზე? «რა დიდებული გავლენა მოახდინა ძმა პ-მ ჩემს ცხოვრებაზე! — წერდა იეჰოვას ერთ-ერთი მოწმე. — 1960 წლიდან ის იყო მიმომსვლელი ზედამხედველი მექსიკაში. პატარა ვიყავი, მაგრამ მის მოსვლას დიდი მოუთმენლობითა და სიხარულით ველოდი. როდესაც ათი წლის გავხდი, მან მითხრა: „შენც მიმომსვლელი ზედამხედველი იქნები“. გარდატეხის ასაკში, მრავალი პრობლემის დროს ხშირად ვეძებდი მას, რადგან მას ყოველთვის შეეძლო ბრძნული რჩევის მოცემა ჩემთვის. ის სამწყსოს დამწყემსვისთვის ცოცხლობდა! დღეს მეც სარაიონო ზედამხედველი ვარ და ყოველთვის ვცდილობ, დრო დავუთმო ახალგაზრდებს და თეოკრატიული მიზანი დავუსახო მათ, ისევე როგორც მან დამისახა მე ბავშვობაში. თვით სიცოცხლის უკანასკნელ წლებში გულის უკმარისობის მიუხედავად, ძმა პ. ყოველთვის პოულობდა გამამხნევებელ სიტყვებს. სწორედ სიკვდილის წინა დღეს, 1995 წლის თებერვალში, ერთად ვიყავით სპეციალურ ერთდღიან კონგრესზე და მან ერთ-ერთ არქიტექტორ ძმას შესანიშნავი მიზნისკენ მიუთითა. ძმამ დაუყოვნებლივ დაწერა განცხადება ბეთელში მსახურებისთვის».
დაფასებულები არიან
8. ვინ არის ‘ძღვენი ადამიანში’, რომელიც აღწერილია ეფესელთა მე-4 თავში და რა მხრივ არიან კრებისთვის სასარგებლო?
8 ნებისმიერ მიმომსვლელ ზედამხედველსა და უხუცესს, რომელსაც ღვთისგან მიღებული დაუმსახურებელი წყალობით აქვს უპირატესობა, ჰქონდეს მსახურებისთვის დანიშნულება, ეწოდება ‘ძღვენი ადამიანში’. იეჰოვას წარმომადგენელმა და კრების თავმა, იესო ქრისტემ, ამ სულიერი მამაკაცების დანიშვნა განიზრახა თითოეული ჩვენგანის ასაშენებლად, სულიერად მოსამწიფებლად (ეფესელთა 4:8–15). ყოველი ძღვენი იმსახურებს მადლიერების გამოხატვას. განსაკუთრებით ეს ასეა იმ ნიჭთან, ანუ ძღვენთან დაკავშირებით, რომელიც გვაძლევს ძალებს, რომ იეჰოვასადმი მსახურება არ შევაჩეროთ. მაშ, როგორ შეგვიძლია მადლიერება გამოვავლინოთ მიმომსვლელი ზედამხედველების მუშაობისთვის? როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ ‘პატივისცემით ვეპყრობით’ მათ? (ფილიპელთა 2:29).
9. როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ მიმომსვლელი ზედამხედველებისადმი მადლიერება?
9 როდესაც ცხადდება სარაიონო ზედამხედველის მონახულება, შეგვიძლია ყველაფერი ისე დავგეგმოთ, რომ იმ კვირისთვის ყოველმხრივ მივიღოთ კრების საქმიანობაში მონაწილეობა. შესაძლოა, დამატებითი დრო გამოვყოთ მისი მონახულების დროს სამქადაგებლო მსახურების ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. შესაძლოა, შევეცადოთ დამხმარე პიონერად ვიმსახუროთ იმ თვეში. რასაკვირველია, ჩვენი სურვილი იქნება, სარაიონო ზედამხედველის რჩევები პრაქტიკაში გამოვიყენოთ იმ მიზნით, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი მსახურება. ისეთი სულისკვეთება, რომ მზად ვართ, მივიღოთ რჩევები, კურთხევა იქნება ჩვენთვის და დაარწმუნებს სარაიონო ზედამხედველს, რომ მისი მონახულება სასარგებლო იყო. დიახ, მიმომსვლელი ზედამხედველები კრების მონახულებას აწყობენ ჩვენს „აღსაშენებლად“, მაგრამ მათაც ესაჭიროებათ სულიერი „აღშენება“. პავლესაც ჰქონდა ისეთი მომენტები, როდესაც გამხნევება ესაჭიროებოდა და ხშირად სთხოვდა თანაქრისტიანებს, რომ მისთვის ელოცათ (საქმეები 28:15; რომაელთა 15:30–32; 2 კორინთელთა 1:11; კოლასელთა 4:2, 3; 1 თესალონიკელთა 5:25). დღევანდელ მიმომსვლელ ზედამხედველებსაც ესაჭიროებათ ჩვენი ლოცვები და გამხნევება.
10. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მიმომსვლელ ზედამხედველებს, რომ მათი საქმიანობა უფრო სასიხარულო იყოს?
10 გვითქვამს თუ არა სარაიონო ზედამხეველისა და მისი მეუღლისათვის, რომ მათ მონახულებას ძალიან ვაფასებთ? გვითქვამს თუ არა მისთვის მადლობა იმ რჩევისთვის, რომელიც დამხმარე იყო ჩვენთვის? გვითქვამს თუ არა, რომ მისმა რჩევებმა სამქადაგებლო მსახურებასთან დაკავშირებით, უფრო მეტი სიხარულით აგვავსო? თუ ასე მოვიქცევით ყოველთვის, მის მსახურებას უფრო მეტი სიხარულით ავავსებთ (ებრაელთა 13:17). ერთ-ერთი ზედამხედველი ესპანეთში განსაკუთრებით აღნიშნავდა, თუ რამდენად აფასებდნენ ის და მისი მეუღლე სამადლობელ ბარათებს, რომლებსაც კრებების მონახულების შემდეგ ღებულობდნენ. „ჩვენ შენახული გვაქვს ეს ბარათები და ვკითხულობთ მაშინ, როდესაც გულდამძიმებულები ვართ, — ამბობს ის. — ეს ნამდვილად წარმოადგენს ჩვენი გამხნევების წყაროს“.
11. რატომ უნდა ვუთხრათ საოლქო და სარაიონო ზედამხედველების მეუღლეებს, რომ გვიყვარან და მადლიერები ვართ?
11 მიმომსვლელი ზედამხედველის მეუღლისთვის ნამდვილად კარგი იქნება შექების სიტყვები. ამ სფეროში მსახურებისთვის მეუღლის მხარდასაჭერად მან დიდი მსხვერპლი გაიღო. ამ ერთგულმა დებმა დათმეს ბუნებრივი სურვილი, ჰქონოდათ საკუთარი სახლი და უმეტეს შემთხვევაში უარი თქვეს ბავშვების გაჩენაზე. იფთახის ასული იყო იეჰოვას ერთ-ერთი მსახური, რომელმაც მამის აღთქმის გამო თავისი სურვილით თქვა უარი, ჰყოლოდა მეუღლე და ჰქონოდა ოჯახი (მსაჯულნი 11:30–39). რა თვალსაზრისი ჰქონდათ მის მიერ გაღებულ მსხვერპლზე სხვებს? მსაჯულნის 11:40-ში ნათქვამია: „წლიდან წლამდე, წელიწადში ერთხელ, მიდიან ისრაელიანი ქალიშვილები და ოთხი დღე იხსენებენ [აქებენ, აქ] იფთახ გალაადელის ასულს“. რა სასიამოვნოა, როდესაც ვცდილობთ საოლქო და სარაიონო ზედამხედველის მეუღლეებს ვუთხრათ, რომ გვიყვარან და მადლიერები ვართ!
„სტუმართმოყვარეობა არ დაივიწყოთ“
12, 13. ა) ბიბლიიდან გამომდინარე, რა საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ მიმომსვლელი ზედამხედველებისა და მათი მეუღლეების მიმართ გამოვავლინოთ სტუმართმოყვარეობა? ბ) მოიყვანე მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ასეთი სტუმართმოყვარეობა ორმხრივად სასარგებლო იყოს.
12 სტუმართმოყვარეობის გამოჩენა სიყვარულისა და მადლიერების გამოვლენის კიდევ ერთი საშუალებაა მათ მიმართ, რომლებიც ასრულებენ ქრისტიანულ მიმოსვლით სამუშაოს (ებრაელთა 13:2). იოანე მოციქულმა შეაქო გაიოზი იმ სტუმართმოყვარეობის გამო, რომელიც გამოიჩინა კრების მოსანახულებლად მისული მიმომსვლელი მისიონერების მიმართ. იოანე წერდა: „საყვარელო! ერთგულად აკეთებ ყოველივეს, რასაც იქმ ძმებისათვის და უცხოთათვის, რომელთაც დაამოწმეს შენი სიყვარული ეკლესიის წინაშე. კარგს იზამ, თუ ღვთის წინაშე ღირსეულად გამოისტუმრებ. ვინაიდან მისი სახელის გულისათვის წავიდნენ და არაფერი აუღიათ წარმართთაგან. ამიტომ გვმართებს ასეთების მიღება, რათა ჭეშმარიტების თანამშრომელნი გავხდეთ“ (3 იოანე 5–8). სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობის გარდა, დღეს ჩვენც შეგვიძლია მსგავსი სტუმართმოყვარეობა გამოვავლინოთ მიმომსვლელი ზედამხედველებისა და მათი მეუღლეების მიმართ. რასაკვირველია, ადგილობრივი უხუცესი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ საცხოვრებელი ადგილი დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ერთ-ერთმა საოლქო ზედამხედველმა თქვა: „ჩვენი ურთიერთობა ძმებთან იმაზე არ უნდა იყოს დაფუძნებული, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ ჩვენთვის. ჩვენ არ გვსურს დავტოვოთ ასეთი შთაბეჭდილება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველა ძმისგან მივიღოთ სტუმართმოყვარეობა, მდიდარი იქნება თუ ღარიბი“.
13 სტუმართმოყვარეობა, შესაძლოა, როგორც სტუმრისთვის, ასევე მასპინძლისთვისაც, სასარგებლო იყოს. „ოჯახში ჩვეულებად გვქონდა, რომ ჩვენთან დასარჩენად მოგვეწვია მიმომსვლელი ზედამხედველები, — იხსენებს ჟორჟეი, ყოფილი სარაიონო ზედამხედველი, რომელიც ამჟამად ბეთელში მსახურობს. — ვფიქრობ, რომ მათი სტუმრობა იმაზე მეტად მეხმარებოდა, ვიდრე ბავშვობისას ვხვდებოდი. გარდატეხის ასაკში სულიერ საკითხებთან დაკავშირებით პრობლემები მქონდა. დედა ნერვიულობდა, არ იცოდა როგორ დამხმარებოდა და ამიტომაც სარაიონო ზედამხედველს სთხოვა ჩემთან ესაუბრა. თავდაპირველად თავს ვარიდებდი მასთან შეხვედრას, რადგან მეგონა, რომ შენიშვნებს მომცემდა. მაგრამ მისმა მეგობრულმა დამოკიდებულებამ მიზანს მიაღწია. მან ორშაბათს სადილად დამპატიჟა და მეც გული გავუხსენი, რადგანაც დავრწმუნდი, რომ გამიგო. მან გულდასმით მომისმინა. მისი პრაქტიკული რჩევები ნამდვილად დამხმარე აღმოჩნდა და დავიწყე სულიერი წინსვლა“.
14. რატომ უნდა ვიყოთ მადლიერი და არა კრიტიკულად განწყობილი მიმომსვლელი უხუცესების მიმართ?
14 მიმომსვლელი ზედამხედველი ცდილობს, რომ სულიერად დაეხმაროს როგორც ახალგაზრდას, ასევე ხანდაზმულს. ამიტომაც ნათელია, რომ მადლიერება უნდა გამოვავლინოთ მისი ძალისხმევისთვის. მაგრამ, ნუთუ მოსაწონი იქნებოდა, გაგვეკრიტიკებინა ისინი მცირე შეცდომების გამო ან უარყოფითი მხრიდან შეგვედარებინა მათთან, რომლებიც ადრე ინახულებდნენ ჩვენს კრებას? ცხადია, რომ ეს გულსატკენი იქნებოდა. პავლესთვის გამამხნევებელი არ ყოფილა, როდესაც ესმოდა, რომ მის საქმიანობას აკრიტიკებდნენ. როგორც ჩანს, ზოგიერთი კორინთელი ქრისტიანი დამამცირებელ შენიშვნებს გამოთქვამდა მის გარეგნობასა და საუბრის უნარზე. პავლემ თავად მოიყვანა ციტატად მათი სიტყვები: „წერილებში ის მძიმე და ძლიერია, მაგრამ როდესაც პირადად იმყოფება, სუსტია და მისი სიტყვაც არარაობააო“ (2 კორინთელთა 10:10). საბედნიეროდ, მიმომსვლელი ზედამხედველები, ჩვეულებრივ, სიყვარულით აღსავსე მადლიერების სიტყვებს ისმენენ.
15, 16. როგორ გავლენას ახდენს მიმომსვლელ ზედამხედველებსა და მათ მეუღლეებზე სიყვარული და მონდომება, რომელსაც თანამორწმუნეები ავლენენ?
15 სულიერი დებისა და ძმების მოსანახულებლად, ერთ-ერთ სარაიონო ზედამხედველს მთელი დღე უწევს ლათინური ამერიკის ტალახიან გზაზე მგზავრობა იმ ზონაში, რომელსაც პარტიზანები აკონტროლებენ. „აღტაცებული და აღელვებული ვარ, როდესაც ვხედავ, როგორ გამოხატავენ ძმები მადლიერებას მონახულებისთვის, — წერს ის, — მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია მათთან მისვლა და მრავალი საშიშროებისა და გასაჭირის პირისპირ ვარ ხოლმე, ძმების მონდომებითა და სიყვარულით ვჯილდოვდები“.
16 აფრიკაში ერთ-ერთი სარაიონო ზედამხედველი წერს: „ჩვენ ძალიან გვიყვარს ტანზანია იმის გამო, რომ ძმებმა სიყვარული გვაგრძნობინეს! ძმები მზად იყვნენ, ესწავლათ ჩვენგან და თავს ბედნიერად გრძნობდნენ ოჯახებში ჩვენი სტუმრობით“. პირველი საუკუნის ქრისტიან წყვილს, აკვილასა და პრისკილას, მოსიყვარულე და ბედნიერი ურთიერთობა ჰქონდათ პავლე მოციქულთან. სინამდვილეში მათ შესახებ პავლემ თქვა: „მოიკითხეთ პრისკილა და აკვილა, ჩემი თანამშრომელნი ქრისტე იესოში, რომელნიც თავს სწირავდნენ ჩემი სიცოცხლისათვის და, რომელთაც არა მარტო მე ვემადლიერები, არამედ წარმართთა ეკლესიებიც და მათი საშინაო ეკლესიაც“ (რომაელთა 16:3, 4). მიმომსვლელი ზედამხედველები და მათი მეუღლეები მადლიერები არიან, რომ ჰყავთ აკვილასა და პრისკილას მსგავსი მეგობრები, რომლებიც განსაკუთრებით ცდილობენ, გამოავლინონ სტუმართმოყვარეობა და ახლო თანამშრომლობა.
კრებების განმტკიცება
17. რატომ შეიძლება ითქვას, რომ მიმომსვლელი ზედამხედველის ღონისძიება ბრძნულია და საიდან ღებულობენ ისინი მითითებას?
17 იესომ თქვა: „სიბრძნე საქმეებითაა გამართლებული“ (მათე 11:19). მიმომსვლელი ზედამხედველის ღონისძიების სიბრძნე ნათელი ხდება იმით, რომ ეხმარება ღვთის ხალხის კრებების განმტკიცებას. მეორე მისიონერული მოგზაურობის დროს პავლე სილასთან ერთად წარმატებით „დადიოდა სირიასა და კილიკიაში და განამტკიცებდა ეკლესიებს“. „მოციქულთა საქმეებში“ ვკითხულობთ: „ქალაქებში გავლისას ისინი ასწავლიდნენ, რომ დაეცვათ მოციქულებისა და უხუცესების მიერ იერუსალიმში დადგენილი წესები. ეკლესიები მტკიცდებოდა რწმენით და დღითი დღე იზრდებოდა მათი რიცხვი“ (საქმეები 15:40, 41; 16:4, 5). ახლანდელი მიმომსვლელი ზედამხედველები, ისევე როგორც თითოეული ქრისტიანი, სულიერ მითითებებს ღებულობენ საღვთო წერილისა და ‘ერთგული და გონიერი მონის’ მიერ გამოცემული პუბლიკაციებით (მათე 24:45).
18. როგორ განამტკიცებენ მიმომსვლელი ზედამხედველები კრებებს?
18 დიახ, მიმომსვლელი უხუცესები ყოველთვის იეჰოვას სულიერ სუფრასთან უნდა იკვებებოდნენ. მათ ძალიან კარგად უნდა იცოდნენ მეთოდები და მითითებები, რომლებსაც ღვთის ორგანიზაცია მიჰყვება. ამგვარად, ასეთი მამაკაცები კურთხევა იქნებიან სხვებისთვის. სამქადაგებლო მსახურებაში გულმოდგინების შესანიშნავი მაგალითის მიცემით მათ შეუძლიათ, დაეხმარონ თანამორწმუნეებს ქრისტიანული მსახურების გაუმჯობესებაში. მიმომსვლელი უხუცესების მოხსენება, რომელიც ბიბლიაზეა დაფუძნებული, სულიერად „აღაშენებს“ მსმენელებს. მიმომსვლელი ზედამხედველები იმით განამტკიცებენ იმ კრებებს, რომელთა მონახულების უპირატესობაც აქვთ, რომ ეხმარებიან ყველას, მიჰყვნენ ღვთის სიტყვის რჩევას, მთელ მსოფლიოში იეჰოვას ხალხთან შეთახმებულად იმსახურონ და გამოიყენონ სულიერი საზრდოს მარაგი, რომელსაც ღმერთი ‘ერთგული მონის’ მეშვეობით გვთავაზობს.
19. რომელი კითხვები რჩება განსახილველად?
19 დაახლოებით ერთი საუკუნის წინ, როდესაც იეჰოვას ორგანიზაციამ ბიბლიის მკვლევართა შორის დააწესა მიმომსვლელი უხუცესების სამუშაო, ამ ჟურნალში ნათქვამი იყო: „დაველოდებით შედეგებს, მიგვიძღვის თუ არა უფალი წინ“. იეჰოვას წინამძღოლობა ნათლად გამოჩნდა. მისი კურთხევითა და ხელმძღვანელი საბჭოს ზედამხედველობით ეს საქმიანობა წლების განმავლობაში უფრო გაფართოვდა და დაიხვეწა. შედეგად, მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეთა კრებები რწმენაში უფრო მტკიცე ხდება და დღითი დღე რიცხობრივად იზრდება. როგორც ჩანს, იეჰოვა კურთხევას არ იშურებს თავგანწირული სულისკვეთების მქონე ყველა პიროვნების მიმართ, რომელიც არის ‘ძღვენი ადამიანში’. მაგრამ, როგორ შეუძლიათ მიმომსვლელ ზედამხედველებს წარმატებით შეასრულონ თავიანთი საქმე? რა არის მათი მიზანი? როგორ შეუძლიათ საუკეთესოს მიაღწიონ?
როგორ უპასუხებდი?
◻ რომელია საოლქო და სარაიონო ზედამხედველების ზოგიერთი ვალდებულება?
◻ რატომ ესაჭიროებათ მიმომსვლელ ზედამხედველებს თავგანწირული სულისკვეთება?
◻ როგორ შეიძლება მადლიერების გამოვლენა მიმომსვლელი უხუცესებისა და მათი მეუღლეების მიმართ იმის გამო, რასაც აკეთებენ?
◻ რა შეუძლიათ გააკეთონ მიმომსვლელმა ზედამხედველებმა, რომ რწმენაში განამტკიცონ კრებები?
[სურათი 8 გვერდზე]
განუწყვეტელი მგზავრობა მოითხოვს თავგანწირულ სულისკვეთებას.
[სურათი 11 გვერდზე]
გამოგიჩენია სტუმართმოყვარეობა მიმომსვლელი ზედამხედველებისა და მათი მეუღლეების მიმართ?