თავი 24
ტკბილი და მწარე ცნობა
ხილვა 6 გამოცხადება 10:1—11:19
თემა: ხილვაში ნანახი პატარა გრაგნილი; ტაძრის გაზომვა; მეშვიდე საყვირის ჩაბერვა.
შესრულების დრო: 1914 წელს იესოს გამეფებიდან დიდი გასაჭირის დადგომამდე.
1, 2. ა) რა მოჰყვა მეორე ვაის და როდის დასრულდება ის? ბ) ვის ხედავს იოანე?
მეორე გამანადგურებელმა ვაიმ დააწყლულა ქრისტიანული სამყარო და მისი წინამძღოლები, „ადამიანების მესამედი“, და ცხადი გახადა, რომ ისინი სულიერად მკვდრები არიან (გამოცხადება 9:15). იოანეს ალბათ აინტერესებს, რა მოჰყვება მესამე ვაის, მაგრამ ჯერ ამის დრო არ დამდგარა; მეორე ვაი მხოლოდ გამოცხადების 11:14-ში დასრულდება. მანამდე კი იოანემ ის მოვლენები უნდა იხილოს, რომლებშიც თვითონაც აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. იოანეს თვალწინ შიშის მომგვრელი სანახაობა იშლება:
2 „ვიხილე ციდან ჩამომავალი სხვა ძლიერი ანგელოზი, ღრუბლით შემოსილი, თავზე ცისარტყელა ჰქონდა, სახე მზეს მიუგავდა, ფეხები კი — ცეცხლის სვეტებს“ (გამოცხადება 10:1).
3. ა) ვინ არის „ძლიერი ანგელოზი“? ბ) რას განასახიერებს ცისარტყელა ანგელოზის თავზე?
3 ვინ არის ეს „ძლიერი ანგელოზი“? როგორც ჩანს, ის განდიდებული იესო ქრისტეა. ის ღრუბლითაა შემოსილი, რაც იესოს შესახებ იოანეს ადრე წარმოთქმულ სიტყვებს შეგვახსენებს: „აი, ის ღრუბლებით მოდის და დაინახავს მას ყოველი თვალი — ისინიც, ვინც ის განგმირა“ (გამოცხადება 1:7; შეადარეთ მათეს 17:2—5). ცისარტყელა კი, ანგელოზის თავზე, გვახსენებს იეჰოვას ტახტს, რომელიც იოანემ იხილა. ტახტის „ირგვლივ ცისარტყელა იყო, რომელიც ზურმუხტს ჰგავდა“ (გამოცხადება 4:3; შეადარეთ ეზეკიელის 1:28). ცისარტყელა განასახიერებდა სიმშვიდესა და მშვიდობას, რაც ღვთის ტახტის ირგვლივ სუფევს. მსგავსად ამისა, ცისარტყელა ანგელოზის თავზე იმის მაჩვენებელია, რომ ის მშვიდობის მაცნეა — იეჰოვას ნაწინასწარმეტყველები „მშვიდობის მთავარი“ (ესაია 9:6, 7).
4. რისი მაჩვენებელია ის, რომ ძლიერ ანგელოზს ა) სახე მზეს მიუგავს, ბ) ფეხები — „ცეცხლის სვეტებს“?
4 ძლიერ ანგელოზს „სახე მზეს მიუგავდა“. როდესაც იოანემ იესო ზეციერ ტაძარში იხილა, იესოს „სახე მოკაშკაშე მზეს მიუგავდა“ (გამოცხადება 1:16). იესო არის „სიმართლის მზე“, რომლის „ფრთებიდანაც იქნება განკურნება“ იეჰოვას სახელის მოშიშთათვის (მალაქია 4:2). ანგელოზს არა მხოლოდ სახე უბრწყინავს, არამედ ფეხებიც და ის „ცეცხლის სვეტებს“ მიუგავს. ანგელოზი მყარად დგას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვამ მას მისცა „მთელი ძალაუფლება ზეცაში თუ დედამიწაზე“ (მათე 28:18; გამოცხადება 1:14, 15).
5. რა უჭირავს ხელში ძლიერ ანგელოზს?
5 იოანე განაგრძობს: „ხელში პატარა გაშლილი გრაგნილი ეჭირა. მან მარჯვენა ფეხი ზღვას დააბიჯა, მარცხენა — მიწას“ (გამოცხადება 10:2). ეს სხვა გრაგნილია, რომელიც დაბეჭდილი არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ მალე იოანესთან ერთად შევძლებთ ამაღელვებელი მოვლენების ხილვას, მაგრამ მანამდე, მოდი გავიგოთ, რა უძღვის ამ მოვლენებს წინ.
6. ა) რატომ დგას იესო მიწაზე და ზღვაზე? ბ) ბოლომდე როდის შესრულდა ფსალმუნის 8:5—8?
6 დავუბრუნდეთ იესოს აღწერილობას. მას ცეცხლოვანი ფეხები მიწაზე და ზღვაზე უდგას, სადაც მისი ძალაუფლება ვრცელდება, როგორც ერთ-ერთ ფსალმუნში იყო ნაწინასწარმეტყველები: „ღვთის მსგავსებზე ოდნავ დაბლა დააყენე იგი, ხოლო შემდეგ დიდებისა და სიდიადის გვირგვინი დაადგი. შენს ნახელავზე გააბატონე და ყოველივე მის ფეხქვეშ მოაქციე: ყველა წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი, ტრიალი მინდვრის მხეცები, ცის ფრინველები და ზღვის თევზები, ყველაფერი, რაც ზღვის ბილიკებს გადის“ (ფსალმუნი 8:5—8; იხილეთ აგრეთვე ებრაელების 2:5—9). ეს ფსალმუნი ბოლომდე შესრულდა 1914 წელს, როცა იესო ღვთის სამეფოს მეფე გახდა და ბოლო დღეები დაიწყო. სწორედ 1914 წლიდან იწყება იოანეს ხილვის შესრულება (ფსალმუნი 110:1—6; საქმეები 2:34—36; დანიელი 12:4).
შვიდი ქუხილი
7. როგორ ღრიალებს ძლიერი ანგელოზი და რას ნიშნავს ეს „ღრიალი“?
7 ანგელოზის დანახვაზე ჩაფიქრებულ იოანეს სწორედ ამ ანგელოზის ხმა ესმის: „ლომივით დაიღრიალა და შვიდი ქუხილი თავ-თავისი ხმით ალაპარაკდა“ (გამოცხადება 10:3). ასეთი ძლიერი ხმა უეჭველად მიიპყრობდა იოანეს ყურადღებას. აქედან ჩანს, რომ იესო, მართლაც, „ლომია იუდას ტომიდან“ (გამოცხადება 5:5). იოანეს ეცოდინებოდა წმინდა წერილებიდან, რომ ზოგჯერ იეჰოვაც „ღრიალებს“, რაც სულიერი ისრაელის შეკრებისა და იეჰოვას გამანადგურებელი დღის მოსვლის მომასწავებელია (ოსია 11:10; იოელი 3:14, 16; ამოსი 1:2; 3:7, 8). შესაბამისად, ძლიერი ანგელოზის „ღრიალიც“ დედამიწასა და ზღვაზე მოსახდენი დიდებული მოვლენების მომასწავებელია. ეს ხმა შვიდ ქუხილს ალაპარაკებს.
8. რას ემსახურება შვიდი ქუხილის ხმა?
8 იოანეს გაგონილი ჰქონდა ქუხილის ხმა იეჰოვას ტახტიდან (გამოცხადება 4:5). მაგალითად, დავითის დროს ქუხილს „იეჰოვას ხმა“ ეწოდებოდა (ფსალმუნი 29:3). დედამიწაზე იესოს მსახურების დროს, როცა იეჰოვამ ზეციდან გააცხადა, რომ თავის სახელს განადიდებდა, ბევრმა თქვა, დაიქუხაო (იოანე 12:28, 29). ამიტომ ლოგიკურია, დავასკვნათ, რომ „შვიდი ქუხილის“ ხმით იეჰოვა თავის განზრახვებს აცხადებს. შვიდი ქუხილი იმაზე მეტყველებს, რომ, რაც იოანემ მოისმინა, სრულყოფილია.
9. რა ბრძანებას იძლევა ხმა ზეციდან?
9 კიდევ ერთხელ ისმის ხმა და იოანეს, ცოტა არ იყოს, უცნაურ ბრძანებას აძლევს: «როცა შვიდი ქუხილი ლაპარაკობდა, დაწერა დავაპირე, მაგრამ გავიგონე ხმა ციდან: „ბეჭედი დაადე შვიდი ქუხილის მიერ ნათქვამს და ნუ დაწერ“ » (გამოცხადება 10:4). იოანე ალბათ გულისყურით ისმენდა ქუხილით გაცხადებულ ცნობებს, რათა ჩაეწერა ისინი. იოანეს კლასიც მოუთმენლად ელის იმ დროს, როცა იეჰოვა ხალხს თავის განზრახვებს გაუმჟღავნებს; იეჰოვა კი თავის განზრახვებს მხოლოდ დანიშნულ დროს აცხადებს (ლუკა 12:42; იხილეთ დანიელის 12:8, 9).
წმინდა საიდუმლოს დასრულება
10. ვის იფიცებს და რას იფიცებს ძლიერი ანგელოზი?
10 იეჰოვას იოანესთვის კიდევ ერთი დავალება აქვს. შვიდი ქუხილის შემდეგ ძლიერი ანგელოზი კვლავ ალაპარაკდა: «ანგელოზმა, რომელიც ზღვასა და მიწაზე მდგომი ვიხილე, მარჯვენა ხელი ცისკენ აღაპყრო, დაიფიცა მარადიულად ცოცხალი, ის, ვინც შექმნა ცა და ყოველივე, რაც მასშია, დედამიწა და ყოველივე, რაც მასშია, ზღვა და ყოველივე, რაც მასშია, და თქვა: „აღარ დაყოვნდება“ » (გამოცხადება 10:5, 6). ვის იფიცებს ძლიერი ანგელოზი? განდიდებული იესო იფიცებს არა თავის თავს, არამედ უზენაეს ხელისუფალს, იეჰოვას, ცისა და დედამიწის უკვდავ შემოქმედს (ესაია 45:12, 18). ანგელოზი ფიცით არწმუნებს იოანეს, რომ ღმერთი აღარ დააყოვნებს.
11, 12. ა) რა იგულისხმება ფრაზაში „აღარ დაყოვნდება“? ბ) რა სრულდება?
11 დაყოვნებად ნათარგმნი ბერძნული სიტყვა ქრონოს სიტყვასიტყვით დროს ნიშნავს. ამიტომ, ზოგიერთის აზრით, ანგელოზის სიტყვები ასე უნდა თარგმნილიყო: „დრო აღარ იქნება“, თითქოს დრო აღარ იარსებებს. მაგრამ სიტყვა ქრონოსს წინ არ უძღვის განსაზღვრული არტიკლი. ეს იმას ნიშნავს, რომ საუბარი მიდის არა ზოგადად დროზე, არამედ დროის გარკვეულ მონაკვეთზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იეჰოვა აღარ გაახანგრძლივებს დროს, ანუ აღარ დააყოვნებს. ქრონოსიდან ნაწარმოები ბერძნული ზმნა აგრეთვე გამოყენებულია ებრაელების 10:37-ში, სადაც პავლე ციტირებს აბაკუმის 2:3, 4 და ამბობს: „ის, ვინც მოდის, არ დააყოვნებს“.
12 „აღარ დაყოვნდება“ — ეს სიტყვები მართლაც სიამოვნებს იოანეს კლასს, რომლის წევრების უმეტესობაც უკვე მოხუცებულია. რა გაგებით „აღარ დაყოვნდება“? იოანე მოგვითხრობს: „იმ დღეებში, როცა მეშვიდე ანგელოზის ხმა გაისმება, როცა ის საყვირის ჩაბერვას დააპირებს, დასრულდება ღვთის წმინდა საიდუმლო, როგორც მან ახარა თავის მონებს, წინასწარმეტყველებს“ (გამოცხადება 10:7). მოვიდა იეჰოვას დანიშნული დრო, რომ წმინდა საიდუმლო დიდებულად დასრულდეს.
13. რას გულისხმობს ღვთის წმინდა საიდუმლო?
13 რას გულისხმობს წმინდა საიდუმლო? წმინდა საიდუმლო ედემში აღთქმულ შთამომავლობას უკავშირდება, რომლის მთავარი წარმომადგენელიც იესო ქრისტეა (დაბადება 3:15; 1 ტიმოთე 3:16). ის აგრეთვე უკავშირდება ქალს, რომელიც „შობს“ შთამომავლობას (ესაია 54:1; გალატელები 4:26—28). წმინდა საიდუმლო ამ შთამომავლობის სხვა წარმომადგენლებსაც ეხება და იმ სამეფოსაც, სადაც ეს შთამომავლობა იმეფებს (ლუკა 8:10; ეფესოელები 3:3—9; კოლოსელები 1:26, 27; 2:2; გამოცხადება 1:5, 6). ამ უნიკალური ზეციერი სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა ბოლო დღეებში მთელ მსოფლიოს უნდა ექადაგოს (მათე 24:14).
14. რატომ უკავშირდება მესამე ვაი ღვთის სამეფოს?
14 ეს მართლაც უბადლო ცნობაა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გამოცხადების 11:14, 15-ში მესამე ვაი სწორედ ზეციერ სამეფოს უკავშირდება. რატომ? იმიტომ, რომ ღვთის წმინდა საიდუმლოს დასრულების ანუ ღვთის სამეფოს დამყარების შესახებ სასიხარულო ცნობა ვაის ნიშნავს სატანის ქვეყნიერების მხარდამჭერებისთვის (შეადარეთ 2 კორინთელების 2:16). ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყნიერება, რომელიც მათ ასე ხიბლავთ, მალე განადგურდება. რაც უფრო ახლოვდება იეჰოვას შურისძიების დიდი დღე, მით უფრო ძლიერდება ავის მომასწავებელი შვიდი ქუხილის ხმა (სოფონია 1:14—18).
გაშლილი გრაგნილი
15. რას ეუბნებოდნენ იოანეს ზეციდან მომავალი ხმა და ძლიერი ანგელოზი, და რა იგრძნო იოანემ?
15 სანამ იოანე მეშვიდე საყვირის ჩაბერვასა და ღვთის წმინდა საიდუმლოს დასრულებას ელოდება, მას კიდევ ერთი დავალება ეძლევა: «ხმა, რომელიც ციდან გავიგონე, კვლავ მეუბნებოდა: „წადი, აიღე გაშლილი გრაგნილი, ზღვასა და მიწაზე მდგომ ანგელოზს რომ უჭირავს ხელში“. წავედი ანგელოზთან და ვუთხარი, მოეცა ჩემთვის პატარა გრაგნილი. მან კი მითხრა: „აიღე და შეჭამე, მუცელს გაგიმწარებს, მაგრამ პირში თაფლივით ტკბილი იქნება“. გამოვართვი ხელიდან ანგელოზს პატარა გრაგნილი და შევჭამე. პირში თაფლივით ტკბილი იყო, მაგრამ როცა შევჭამე, მუცელი გამიმწარდა. მეუბნებოდნენ: „კვლავ იწინასწარმეტყველე ხალხების, ერების, ენებისა და მრავალი მეფის შესახებ“ » (გამოცხადება 10:8—11).
16. ა) რა მსგავსებაა იოანესა და ეზეკიელს შორის? ბ) რატომ ეტკბო პატარა გრაგნილი იოანეს, მაგრამ რატომ გაუმწარდა მუცელი?
16 იოანემ თითქმის იგივე განიცადა, რაც ბაბილონში გადასახლებულმა წინასწარმეტყველმა ეზეკიელმა. მანაც მიიღო გრაგნილის ჭამის ბრძანება. მართალია, ეტკბო ეზეკიელს გრაგნილი პირში, მაგრამ, როცა შიგნეული გაევსო, ისრაელის ურჩი სახლის წინააღმდეგ მწარე ცნობის გაცხადება დაიწყო (ეზეკიელი 2:8—3:15). განდიდებული იესო ქრისტეს მიერ იოანესთვის მიცემულ გაშლილ გრაგნილშიც ღვთის ცნობაა ჩაწერილი. ასე რომ, იოანესაც უნდა ექადაგა „ხალხების, ერების, ენებისა და მრავალი მეფის შესახებ“. გრაგნილი იმიტომ ეტკბო იოანეს, რომ ის ღვთისგან იყო (შეადარეთ ფსალმუნის 119:103; იერემიას 15:15, 16). მუცელი კი იმიტომ გაუმწარდა ეზეკიელივით, რომ ურჩი ხალხისთვის უბედურება უნდა ეწინასწარმეტყველებინა (ფსალმუნი 145:20).
17. ა) ვინ დაავალა იოანეს, „კვლავ“ ეწინასწარმეტყველებინა, და რას ნიშნავს ეს? ბ) როდის უნდა შესრულებულიყო იოანეს ნანახი შთამბეჭდავი ხილვა?
17 იოანეს უეჭველად იეჰოვამ და იესო ქრისტემ დაავალეს, რომ კვლავ ეწინასწარმეტყველებინა. კუნძულ პატმოსზე გადასახლებულ იოანეს უკვე ნაწინასწარმეტყველები და ჩაწერილი ჰქონდა ხალხების, ერების, ენებისა და მეფეების შესახებ. სიტყვა „კვლავ“ იმაზე მიუთითებს, რომ იოანეს ისევ უნდა ჩაეწერა და გაეცხადებინა ის, რასაც იხილავდა. იოანე ახლა თავად მონაწილეობს ამ წინასწარმეტყველურ ხილვაში. რასაც ის იწინასწარმეტყველებს და ჩაწერს, 1914 წლის შემდეგ შესრულდება, მას მერე, რაც ძლიერი ანგელოზი მიწასა და ზღვაზე დადგება. რა მნიშვნელობა აქვს დღეს ამ შთამბეჭდავ ხილვას იოანეს კლასისთვის?
პატარა გრაგნილი დღეს
18. უფლის დღის დასაწყისში როგორი ინტერესით ეკიდებოდა იოანეს კლასი „გამოცხადებას“?
18 ის, რაც იოანემ იხილა, იმაზე მეტყველებდა, უფლის დღის დასაწყისში როგორ წარიმართებოდა იოანეს კლასის საქმიანობა. მათ ბოლომდე არ ესმოდათ იეჰოვას განზრახვები, მათ შორის შვიდი ქუხილის მნიშვნელობა, მაგრამ „გამოცხადებისადმი“ ინტერესი მაინც არ განელებიათ. ჩარლზ ტეიზ რასელი, ვიდრე ცოცხალი იყო, „გამოცხადების“ მრავალ მონაკვეთს განმარტავდა. 1916 წელს, სიკვდილის შემდეგ, მისი ნაშრომების უმეტესობას თავი მოუყარეს და გამოსცეს ერთ წიგნად, სათაურით „დასრულებული საიდუმლო“. მაგრამ დრომ უჩვენა, რომ „გამოცხადების“ ასახსნელად ეს წიგნი დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა. ქრისტეს ძმებს, რომლებიც ჯერ კიდევ დედამიწაზე ცხოვრობდნენ, ცოტა ხანს კიდევ უნდა მოეცადათ, სანამ ხილვების შესრულება დაიწყებოდა და ზუსტად გაიგებდნენ ღვთისგან შთაგონებული სიტყვების მნიშვნელობას.
19. ა) როგორ იყენებდა იეჰოვა, როგორც თავად იოანეს, ისე იოანეს კლასს, სანამ შვიდი „ქუხილის ხმა“ ბოლომდე გაცხადდებოდა? ბ) როდის მიეცა იოანეს კლასს პატარა გაშლილი გრაგნილი და რას ნიშნავდა ეს მათთვის?
19 იეჰოვა იყენებდა, როგორც თავად იოანეს, ისე იოანეს კლასს, სანამ შვიდი „ქუხილის ხმა“ ბოლომდე გაცხადდებოდა. 1914 წლამდე მთელი 40 წლის განმავლობაში ისინი გულმოდგინედ ქადაგებდნენ და თავს არ ზოგავდნენ, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს არ მოდუნებულიყვნენ. სწორედ ეს კლასი აღმოჩნდა ის მონა, რომელიც ბატონის მოსვლისას დროულად აძლევდა საზრდოს შინაურებს (მათე 24:45—47). იოანეს კლასს 1919 წელს მიეცა პატარა გაშლილი გრაგნილი, ანუ ხალხისთვის გასაცხადებელი ცნობა. მათ ეზეკიელს მიჰბაძეს და ეს ცნობა გაუცხადეს ორგულ ქრისტიანულ სამყაროს, რომელსაც თავი ღვთის მსახურად მოაქვს. იოანეს მსგავსად მათ „ხალხების, ერების, ენებისა და მრავალი მეფის შესახებაც“ უნდა ექადაგათ.
20. რას ნიშნავდა იოანეს მიერ გრაგნილის ჭამა?
20 იოანეს მიერ გრაგნილის ჭამა იმას ნიშნავდა, რომ იესოს ძმები მიიღებდნენ ამ ცნობის გაცხადების დავალებას. მათ ისე კარგად შეითვისეს ის, რომ დავალება ღვთის შთაგონებული სიტყვიდან მათი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად და მათ მასაზდროებლად იქცა. მათ უნდა გაეცხადებინათ იეჰოვას განაჩენი, რაც ბევრისთვის არასასიამოვნო იქნებოდა. ამაში „გამოცხადების“ მე-8 თავში ნაწინასწარმეტყველები წყლულების გაცხადებაც შედიოდა. მაგრამ ეს ცნობა ტკბილი იყო გულწრფელი ქრისტიანებისთვის, რადგან იცოდნენ ღვთის განაჩენი და ხედავდნენ, რომ იეჰოვა კვლავაც მათ აცხადებინებდა თავის განაჩენს (ფსალმუნი 19:9, 10).
21. ა) როგორ ეტკბო პატარა გრაგნილში ჩაწერილი ცნობა უამრავ ხალხს? ბ) რატომ არ არის სასიხარულო ცნობა მოწინააღმდეგეთათვის სასიამოვნო?
21 დროთა განმავლობაში ამ გრაგნილში ჩაწერილი ცნობა უამრავ ხალხსაც ეტკბო, რომლებიც „ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“ იყვნენ. ისინი ოხრავდნენ იმ სისაძაგლეთა გამო, რასაც ქრისტიანული სამყარო სჩადიოდა (გამოცხადება 7:9; ეზეკიელი 9:4). ეს ხალხიც გულმოდგინედ ქადაგებს სასიხარულო ცნობას და ტკბილი და მადლიანი სიტყვებით აცხადებს იმას, რასაც იეჰოვა სასწაულებრივად აკეთებს ცხვრისმაგვარი ქრისტიანების საკეთილდღეოდ (ფსალმუნი 37:11, 29; კოლოსელები 4:6). მაგრამ მოწინააღმდეგეთათვის ეს ცნობა ნამდვილად არ არის სასიამოვნო, რადგან ქვეყნიერება, რომლის იმედიც აქვთ და რომელსაც შეიძლება მართლაც მოაქვს მათთვის წუთიერი სიამოვნება, განადგურდება. ეს სასიხარულო ცნობა მათთვის უბედურების მომასწავებელია (ფილიპელები 1:27, 28; შეადარეთ მეორე კანონის 28:15; 2 კორინთელების 2:15, 16).
[სურათები 160 გვერდზე]
იოანეს კლასი თავის თანამსახურებთან ერთად ხალხს ტკბილ და მწარე ცნობას უცხადებს.