ცნობა, რომელიც უნდა ვაუწყოთ
„თქვენა ხართ ჩემი მოწმეები . . . და მე ღმერთი ვარ“, — ამ სიტყვებით იეჰოვამ არა მარტო პასუხისმგებლობა დაგვაკისრა, არამედ უდიდესი პატივიც დაგვდო (ეს. 43:12). ჩვენ მხოლოდ მორწმუნეები როდი ვართ. ჩვენ ვართ მოწმეები, რომლებიც საქვეყნოდ ვაცხადებთ ღვთის მიერ შთაგონებულ სიტყვაში ჩაწერილ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას. რომელი ცნობის გაცხადება დაგვავალა დღეს იეჰოვამ? ცნობისა, რომელიც იეჰოვა ღმერთზე, იესო ქრისტესა და ღვთის სამეფოზე ამახვილებს ყურადღებას.
„ჭეშმარიტი ღვთის გეშინოდეს და მისი მცნებები დაიცავი“
ქრისტიანობამდე დიდი ხნით ადრე იეჰოვამ ერთგულ აბრაამს გაუმხილა თავისი განზრახვა, რომ იკურთხებოდა „დედამიწის ყველა ერი“ (დაბ. 22:18). სოლომონს კი შთააგონა, დაეწერა უმთავრესი მოთხოვნა, რომელსაც თითოეული ადამიანი უნდა ასრულებდეს: „ჭეშმარიტი ღვთის გეშინოდეს და მისი მცნებები დაიცავი, რადგან ეს არის ადამიანის ვალდებულება“ (ეკლ. 12:13). მაგრამ როგორ გაიგონ ამის შესახებ დედამიწის ყოველ კუთხე-კუნჭულში მცხოვრებმა ადამიანებმა?
ყოველთვის არსებობდნენ ადამიანები, რომელთაც სწამდათ ღვთის სიტყვის. მიუხედავად ამისა, ბიბლიაში ნათქვამია, რომ სასიხარულო ცნობის ინტენსიური ქადაგება, რომელიც ყველა ერის წარმომადგენლებამდე მიაღწევდა, „უფლის დღეს“ დაიწყებოდა. ეს დღე კი 1914 წელს დაიწყო (გამოცხ. 1:10). გამოცხადების 14:6, 7-ში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ამ დროიდან ანგელოზების ხელმძღვანელობით „ყოველ ერს, ტომს, ენასა და ხალხს“ უმნიშვნელოვანესი ცნობა ეუწყებოდა. აი ეს ცნობაც: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, რადგან მოვიდა მისი სასამართლოს საათი. თაყვანი ეცით ცისა და დედამიწის, ზღვისა და წყალთა წყაროების შემქმნელს“. დიახ, ღმერთს ნებავს, რომ ეს ცნობა საქვეყნოდ გაცხადდეს. ჩვენ დიდი პატივი გვაქვს, რომ ამ ცნობის გაცხადებაში ვმონაწილეობთ.
„ჭეშმარიტი ღმერთი“. „თქვენა ხართ ჩემი მოწმეები“, — ეს სიტყვები იეჰოვამ განაცხადა მაშინ, როდესაც საკამათო გახდა, თუ ვინ იყო ღმერთი (ეს. 43:10). ცნობა, რომელიც უნდა გაცხადებულიყო, უბრალოდ რომელიმე რელიგიაში გაერთიანებისკენ ან რომელიმე ეგრეთ წოდებული ღმერთის რწმენისკენ მოწოდება არ იქნებოდა; ამით ხალხს მიეცემოდა შესაძლებლობა, გაეგოთ, რომ ცისა და დედამიწის შემოქმედი ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია (ეს. 45:5, 18, 21, 22; იოან. 17:3). მხოლოდ ჭეშმარიტ ღმერთს შეუძლია მომავლის ზუსტად წინასწარმეტყველება. ჩვენ წილად გვხვდა ბედნიერება, ვაჩვენოთ ხალხს, რომ იეჰოვას ყველა დანაპირები მომავალთან დაკავშირებით აუცილებლად შესრულდება. ამის მტკიცე საფუძველს წარსულში ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვის ზუსტი შესრულება გვაძლევს (იესო 23:14; ეს. 55:10, 11).
ბევრი, ვისთანაც ვქადაგებთ, სხვა ღმერთს ეთაყვანება ან ამბობს, რომ არც ერთ ღმერთს არ სცემს თაყვანს. იმისათვის, რომ მოგვისმინონ, უპირველესად, რაღაც საერთო უნდა ვიპოვოთ და საუბარი ამაზე ავაგოთ. საქმეების 17:22—31-ში ჩაწერილი შემთხვევა ამ მხრივ ძალიან დაგვეხმარება. ყურადღება მიაქციე, რა ტაქტიანად და გარკვევით ახსნა პავლემ, რომ ადამიანები ღვთის — ცისა და დედამიწის შემოქმედის — წინაშე პასუხისმგებელნი არიან.
ხალხს ღვთის სახელს ვამცნობთ. არასოდეს გაუშვა ხელიდან ღვთის სახელის გაცხადების შესაძლებლობა. იეჰოვას უყვარს თავისი სახელი (გამ. 3:15; ეს. 42:8). მას უნდა, რომ ხალხმა იცოდეს მისი სახელი. ღვთის დიდებული სახელი მისივე ნებით 7000-ზე მეტჯერ ჩაიწერა ბიბლიაში. ჩვენ მოვალენი ვართ, ხალხს ვამცნოთ მისი სახელი (კან. 4:35).
თითოეული ადამიანის მომავალი იეჰოვას გაცნობასა და მისი სახელის რწმენით მოხმობაზეა დამოკიდებული (იოელ. 2:32; მალ. 3:16; 2 თეს. 1:8). მაგრამ უმრავლესობა არ იცნობს იეჰოვას. მათ შორის არიან ისინიც, რომლებიც აცხადებენ, რომ ეთაყვანებიან იმ ღმერთს, რომელზეც ბიბლია მიუთითებს. ზოგმა, მიუხედავად იმისა, რომ აქვს ბიბლია და კითხულობს კიდეც მას, არ იცის ღვთის სახელი. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ბევრი თანამედროვე თარგმანიდან ის ამოღებულია. სხვებმა ღვთის სახელი მხოლოდ მაშინ გაიგეს, როდესაც რელიგიურმა წინამძღოლებმა უთხრეს, რომ არასოდეს გამოეყენებინათ ის.
როგორ გავაცნოთ ხალხს ღვთის სახელი? ამისათვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა ბიბლიაში — უკეთესია მათსავე ბიბლიაში — ამ სახელის ჩვენება. ზოგ თარგმანში ღვთის სახელი რამდენიმე ათასჯერ გვხვდება, ზოგან კი მხოლოდ ფსალმუნის 83:18-ში ან გამოსვლის 6:3—6-ში. ის შეიძლება გამოსვლის 3:14, 15-ისა და 6:3-ის სქოლიოშიც შეგვხვდეს. არსებობს თარგმანები, რომლებშიც ისეთი ტიტულები, როგორიცაა „უფალი“ და „ღმერთი“, განსხვავებული შრიფტით არის დაბეჭდილი იმ მუხლებში, სადაც ორიგინალში ღვთის სახელი წერია. თუ შენს ენაზე არსებულ თანამედროვე თარგმანებში საერთოდ არ გვხვდება „იეჰოვა“, გამოიყენე ძველი თარგმანი ან სხვა ენებზე გამოცემული თარგმანები, რათა ხალხს აჩვენო იგი და აუხსნა, რაც მოხდა. ზოგ ქვეყანაში ეს სახელი რელიგიურ საგალობლებში, მხატვრულ ლიტერატურაში ან ამა თუ იმ ნაგებობაზე გვხვდება.
მათთვისაც კი, რომლებიც სხვა ღმერთებს ეთაყვანებიან, შეიძლება ეფექტური იყოს „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ იერემიას 10:10—13-ის ჩვენება. აქ არა მარტო ღვთის სახელია ნახსენები, არამედ ნათლად არის ახსნილი, ვინ არის იეჰოვა.
არ შეცვალო ღვთის სახელი ისეთი ტიტულებით, როგორიცაა: „ღმერთი“ და „უფალი“, როგორც ამას ქრისტიანული სამყარო აკეთებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღვთის სახელი ყოველი საუბრის დასაწყისშივე ახსენო, რადგან წინასწარ შექმნილი უარყოფითი აზრის გამო ზოგმა შეიძლება აღარ მოისურვოს საუბრის გაგრძელება. მაგრამ, როდესაც საუბარი აეწყობა, თავი არ შეიკავო ღვთის სახელის ხსენებისგან.
საყურადღებოა, რომ ბიბლიის ორიგინალში ღვთის სახელი უფრო მეტჯერ გვხვდება, ვიდრე „უფალი“ და „ღმერთი“ ერთად აღებული. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ბიბლიის დამწერები საჭიროდ არ თვლიდნენ ღვთის სახელის ყოველ წინადადებაში ჩაწერას. ისინი ბუნებრივად, თავისუფლად და მოწიწებით აკეთებდნენ ამას. ეს ჩვენთვის კარგი მაგალითია.
პიროვნება, რომელსაც იეჰოვა ჰქვია. თვით ის ფაქტი, რომ იეჰოვას სახელი აქვს, მნიშვნელოვანი ჭეშმარიტებაა, მაგრამ ამის გაგება მხოლოდ პირველი ნაბიჯია მის გასაცნობად.
ადამიანებმა იეჰოვა რომ შეიყვარონ და მას რწმენით მოუხმონ, საჭიროა იცოდნენ, როგორი ღმერთია ის. როდესაც ღმერთმა სინას მთაზე მოსეს თავისი სახელი გამოუცხადა, მან უბრალოდ კი არ თქვა, რომ იეჰოვა ერქვა, არამედ უფრო მეტი გააკეთა. მან თავისი შესანიშნავი თვისებებიდან რამდენიმეზე გაამახვილა ყურადღება (გამ. 34:6, 7). ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ.
ახალ დაინტერესებულთან ქადაგებისას თუ კრებაში მოხსენების წაკითხვისას — ნებისმიერ დროს, როდესაც სამეფოს კურთხევებზე ისაუბრებ — აჩვენე მსმენელს, ღვთის რომელ თვისებაზე მეტყველებს ეს დანაპირები. როდესაც ღვთის კანონებს შეეხები, ხაზი გაუსვი მათში ასახულ სიბრძნესა და სიყვარულს. გარკვევით აჩვენე, რომ ღვთის მოთხოვნები რთული შესასრულებელი არ არის; აუხსენი, რომ ისინი ჩვენი კეთილდღეობისთვისაა დადგენილი (ეს. 48:17, 18; მიქ. 6:8). აჩვენე მსმენელს, რომ იეჰოვას ძალის თითოეული გამოვლენა რაღაცას გვეუბნება ღვთის პიროვნების, ნორმებისა და განზრახვის შესახებ. ყურადღება გაამახვილე, როგორ გაწონასწორებულად ავლენს იეჰოვა ამ თვისებებს. დაე, სხვებმაც გაიგონ, რას გრძნობ პირადად იეჰოვას მიმართ. ღვთისადმი შენმა სიყვარულმა შეიძლება მათშიც გააღვიძოს მსგავსი გრძნობა.
მნიშვნელოვანი ცნობა, რომელიც დღეს გაისმის, ყველას მოუწოდებს, ეშინოდეთ ღვთისა. ჩვენი ქადაგებით ადამიანებს ღვთისმოშიშების განვითარებაში უნდა დავეხმაროთ. ღვთისმოშიშებაში იგულისხმება იეჰოვასადმი ჯანსაღი შიში, მისდამი მოკრძალება და მოწიწება (ფსალმ. 89:7). ღვთისმოშიში ადამიანი აღიარებს, რომ იეჰოვაა უზენაესი მსაჯული და მისი მომავალი მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, მოიქცევა თუ არა მის მოსაწონად (ლუკ. 12:5; რომ. 14:12). აქედან გამომდინარე, ასეთი შიში მჭიდროდ არის დაკავშირებული ღვთისადმი ღრმა სიყვარულსა და იმის ძლიერ სურვილთან, რომ მისი მოსაწონი ვიყოთ (კან. 10:12, 13). ღვთისმოშიშება აგრეთვე აღგვძრავს, შევიძულოთ ბოროტება, დავემორჩილოთ ღვთის მოთხოვნებს და მთელი გულით ვცეთ მას თაყვანი (კან. 5:29; 1 მატ. 28:9; იგავ. 8:13). ის გვიცავს, რომ ღვთის მსახურება ქვეყნიერების სიყვარულს არ შევუთავსოთ (1 იოან. 2:15—17).
ღვთის სახელი „მტკიცე კოშკია“. ვინც ნამდვილად იცნობს იეჰოვას, დაცულია. ეს მხოლოდ იმიტომ კი არ ხდება, რომ ისინი ღვთის სახელს ახსენებენ ან მისი ესა თუ ის პიროვნული თვისება იციან, არამედ იმიტომაც, რომ იმედს იეჰოვაზე ამყარებენ. იგავების 18:10 ამბობს: „იეჰოვას სახელი მტკიცე კოშკია; მასში შერბის მართალი და დაცულია“.
ყოველთვის გამოიყენე იმის შესაძლებლობა, რომ სხვები იეჰოვაზე მინდობისკენ აღძრა (ფსალმ. 37:3; იგავ. 3:5, 6). ასეთი მინდობით ადამიანი ცხადყოფს, რომ სწამს იეჰოვა და სჯერა მისი აღთქმების (ებრ. 11:6). ბიბლია გვარწმუნებს: ადამიანები გადარჩებიან, თუ ‘მოუხმობენ იეჰოვას სახელს’ — აღიარებენ მის უზენაესობას, შეიყვარებენ მისი გზებით სიარულს და მთელი გულით ირწმუნებენ, რომ ხსნა მხოლოდ მისგან იქნება (რომ. 10:13, 14). როდესაც სხვებს ასწავლი, დაეხმარე, რომ ასეთი რწმენა ცხოვრების ყველა სფეროში გამოავლინონ.
ბევრს დიდ სირთულეებთან უწევს ბრძოლა. ისინი შეიძლება გამოსავალს ვერსაიდან ხედავდნენ. აღძარი ასეთი ადამიანები, გაეცნონ იეჰოვას ნებას, მიენდონ მას და ნასწავლი ცხოვრებაში გამოიყენონ (ფსალმ. 25:5). მოუწოდე, მთელი გულით სთხოვონ ღმერთს დახმარება ლოცვაში და მადლობა გადაუხადონ კურთხევებისთვის (ფილ. 4:6, 7). ისინი თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ, როდესაც იეჰოვას არა მარტო ბიბლიის გარკვეული მუხლების წაკითხვით გაეცნობიან, არამედ საკუთარ თავზეც გამოცდიან მისი დაპირებების შესრულებას. ასეთი უსაფრთხოება მხოლოდ ღვთის სახელის მნიშვნელობის სწორად გაგებას მოჰყვება (ფსალმ. 34:8; იერ. 17:7, 8).
ნებისმიერი შესაძლებლობისას დაეხმარე ადამიანებს იმის გაგებაში, თუ რამდენად გონივრულია ღვთისმოშიშების განვითარება და ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის, იეჰოვას, მცნებების დაცვა.
ჩვენ გვაკისრია „იესოს შესახებ დამოწმების საქმე“
მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, ვიდრე ზეცად ამაღლდებოდა, იესომ მოწაფეებს უთხრა: „იქნებით ჩემი მოწმეები . . . დედამიწის კიდით კიდემდე “ (საქ. 1:8). თანამედროვე პერიოდში მცხოვრებ ღვთის ერთგულ მსახურებზე ნათქვამია, რომ მათ ‘დამოწმების საქმე აკისრიათ’ (გამოცხ. 12:17). რამდენად გულმოდგინედ ამოწმებ იესოს შესახებ?
ბევრი გულწრფელად ამბობს, რომ სწამს იესო. მაგრამ მათ არაფერი იციან განკაცებამდე მისი არსებობის შესახებ; არ ესმით, რომ დედამიწაზე იესო ნამდვილად ადამიანად მოევლინა; ბოლომდე ვერ ხვდებიან, რას ნიშნავს, რომ ის ღვთის ძეა. მათ ძალიან ცოტა თუ იციან იესოს როლის შესახებ ღვთის განზრახვის შესრულებაში. არც ის იციან, რას აკეთებს იესო ახლა ან რას გააკეთებს მომავალში და ეს როგორ იმოქმედებს უშუალოდ მათზე. შეიძლება ზოგს შეცდომით ისიც კი ჰგონია, რომ იეჰოვას მოწმეებს არა სწამთ იესო. ჩვენი მოვალეობაა, მთელი ძალ-ღონე მოვახმაროთ იმას, რომ ადამიანებს ამ საკითხებთან დაკავშირებით ჭეშმარიტება ვამცნოთ.
უფრო მეტიც, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ სჯერათ, რომ ნამდვილად ცხოვრობდა პიროვნება, რომელსაც ბიბლია იესოს უწოდებს. ზოგი ფიქრობს, რომ ის, უბრალოდ, დიდებული ადამიანი იყო. ბევრი უარყოფს იმ აზრს, რომ იესო ღვთის ძეა. ასეთ ადამიანებთან ‘იესოს შესახებ დამოწმებისას’ მოთმინება, ტაქტიანობა და დიდი ძალისხმევაა საჭირო.
როგორი თვალსაზრისიც უნდა ჰქონდეს შენს მსმენელს, ნებისმიერ შემთხვევაში, ღვთის მიერ აღთქმული მარადიული სიცოცხლის მისაღებად მათთვის აუცილებელია იესო ქრისტეს შესახებ ცოდნის მიღება (იოან. 17:3). ღმერთმა ნათლად გამოხატა თავისი სურვილი — ყველამ „საჯაროდ [უნდა] აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი“ და დაემორჩილოს მის მმართველობას (ფილ. 2:9—11). ამრიგად, როდესაც მტკიცე, მაგრამ არასწორი შეხედულების ან წინასწარ შექმნილი აზრის მქონე ადამიანებს ვხვდებით, არ შეგვიძლია, იესოზე არ ვილაპარაკოთ. ზოგჯერ შეიძლება პირველივე შეხვედრისას მოგვეცეს იესო ქრისტეს შესახებ თავისუფლად საუბრის საშუალება. მაგრამ ხანდახან დიდი სიფრთხილე გვმართებს, თუ გვინდა, რომ მსმენელს იესოს შესახებ სწორი წარმოდგენის შექმნაში დავეხმაროთ. ალბათ, იმაზეც უნდა დავფიქრდეთ, შემდგომი მონახულებებისას როგორ გავაცნოთ მსმენელს ამ საკითხის სხვა მხარეები. თუმცა, ყველა საკითხში გარკვევა ბიბლიის შესწავლის დაწყების გარეშე მაინც შეუძლებელია (1 ტიმ. 2:3—7).
იესოს მნიშვნელოვანი როლი ღვთის განზრახვაში. ჩვენი ვალია, დავეხმაროთ ადამიანებს იმის გაგებაში, რომ იესო ქრისტესადმი რწმენის გარეშე შეუძლებელია ღმერთთან კარგი ურთიერთობის დამყარება, ვინაიდან იესო არის „გზა“ და ‘მამასთან მის გარეშე ვერავინ მივა’ (იოან. 14:6). ვერავინ გაიგებს ბიბლიას, თუ ბოლომდე ვერ მიხვდება, რა მნიშვნელოვანი როლი დააკისრა იეჰოვამ თავის პირმშოს. რატომ? იმიტომ, რომ იეჰოვას ნებით იესო მთავარ როლს ასრულებს ღვთის განზრახვის შესრულებაში (კოლ. 1:17—20). ყველა ბიბლიური წინასწარმეტყველება ამ ფაქტთან არის დაკავშირებული (გამოცხ. 19:10). იესო ქრისტეა ის პიროვნება, ვისი მეშვეობითაც ბოლო მოეღება ყველა პრობლემას, რომელიც სატანის დაუმორჩილებლობისა და ადამის ცოდვის შედეგად გაჩნდა (ებრ. 2:5—9, 14, 15).
ადამიანმა ბოლომდე რომ გაიგოს ქრისტეს როლი, უნდა აღიაროს, რომ კაცობრიობა ნამდვილად სავალალო და გამოუვალ მდგომარეობაშია. ჩვენ ყველა დაბადებიდან ცოდვილნი ვართ. ცოდვამ შეიძლება სხვადასხვანაირად იმოქმედოს თითოეულის ცხოვრებაზე. ადრე თუ გვიან კი ცოდვის შედეგად ყველა ვკვდებით (რომ. 3:23; 5:12). დააფიქრე ამ საკითხზე ისინი, ვისთანაც ქადაგებ. შემდეგ აჩვენე, რომ იესო ქრისტეს მსხვერპლის საშუალებით იეჰოვამ სიყვარულით იზრუნა იმაზე, რომ ყველა, ვინც რწმენას გამოავლენს ამ მსხვერპლისადმი, გათავისუფლდეს ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან (მარ. 10:45; ებრ. 2:9). ასეთი სახით, მათ გასრულყოფილებისა და მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა ეძლევათ (იოან. 3:16, 36). ამის მიღწევა სხვა გზით შეუძლებელია (საქ. 4:12). როგორც მასწავლებელი, არასოდეს დაკმაყოფილდე ამ საკითხის მხოლოდ მოხსენიებით, იმისდა განურჩევლად, კრების წინაშე გამოდიხარ თუ ბიბლიის შესწავლას ატარებ. მოთმინებითა და სიყვარულით დაეხმარე მსმენელს, რომ იესოსადმი — ჩვენი მხსნელისადმი — უდიდესი მადლიერება გამოავლინოს. იესოს მსხვერპლისადმი მადლიერებამ შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს პიროვნების შეხედულებებზე, ქცევასა და მიზნებზე (2 კორ. 5:14, 15).
ცხადია, იესომ ერთხელ გაიღო სიცოცხლე მსხვერპლად (ებრ. 9:28). დღეს ის მღვდელმთავრად მსახურობს. დაეხმარე დაინტერესებულებს ამის გაგებაში. ხომ არ უწევთ მათ სტრესთან, გულგატეხილობასთან და იმ პრობლემებთან ბრძოლა, რომლებიც გარშემო მცხოვრები უგულო ადამიანების გამო ექმნებათ? ეს ყველაფერი იესომაც გამოცადა დედამიწაზე ყოფნისას. ამიტომ მას კარგად ესმის ჩვენი გრძნობები. ვგრძნობთ თუ არა, რომ ჩვენი არასრულყოფილების გამო ღვთის გულმოწყალებას ვსაჭიროებთ? თუ ღმერთს ლოცვაში ვთხოვთ, გვაპატიოს ცოდვები იესოს მსხვერპლის საფუძველზე, იესო იქნება ჩვენი „დამხმარე მამასთან“. ის გვითანაგრძნობს და „გვშუამავლობს“ (1 იოან. 2:1, 2; რომ. 8:34). იესოს მიერ გაღებული მსხვერპლისა და მისი მღვდელმთავრად მსახურების საფუძველზე, შესაძლებლობა გვეძლევა, მივუახლოვდეთ იეჰოვას „წყალობის ტახტს“, რათა დროულად მივიღოთ დახმარება (ებრ. 4:15, 16). იესოს — მღვდელმთავრის — მიერ გაწეული დახმარება შესაძლებლობას გვაძლევს, არასრულყოფილების მიუხედავად ღმერთს სუფთა სინდისით ვემსახუროთ (ებრ. 9:13, 14).
ღმერთმა იესოს უდიდესი ძალაუფლებაც უბოძა. ის არის ქრისტიანული კრების თავი (მათ. 28:18; ეფეს. 1:22, 23). ამგვარად, იესო, ღვთის ნების თანახმად, კრებას საჭირო ხელმძღვანელობას უწევს. როდესაც სხვებს ბიბლიას ასწავლი, დაეხმარე იმის გაგებაში, რომ ქრისტიანული კრების თავი იესო ქრისტეა და არა რომელიმე ადამიანი (მათ. 23:10). პირველივე შეხვედრებიდანვე მიიწვიე დაინტერესებული ადგილობრივი კრების შეხვედრაზე, სადაც „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მოწოდებული პუბლიკაციების დახმარებით ბიბლიას ვსწავლობთ. აუხსენი, ვინ არის „მონა“ და ვინ — „მონის“ ბატონი, რათა იცოდნენ, რომ კრებას იესო ხელმძღვანელობს (მათ. 24:45—47). გააცანი კრების უხუცესები და აჩვენე ის ბიბლიური მოთხოვნები, რომლებსაც ისინი უნდა შეესაბამებოდნენ (1 ტიმ. 3:1—7; ტიტ. 1:5—9). აუხსენი, რომ კრება უხუცესების საკუთრება არ არის; უთხარი, რომ ისინი იესო ქრისტეს ნაკვალევის მიყოლაში გვეხმარებიან (საქ. 20:28; ეფეს. 4:16; 1 პეტ. 5:2, 3). დაეხმარე დაინტერესებულებს იმის დანახვაში, რომ ეს საერთაშორისო ორგანიზაცია ქრისტეს ხელმძღვანელობით მოქმედებს.
სახარებებიდან ვიგებთ, რომ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, იერუსალიმში შესვლისას მოწაფეები იესოს ასე ესალმებოდნენ: „კურთხეულია იეჰოვას სახელით მომავალი მეფე!“ (ლუკ. 19:38). როდესაც ადამიანი უფრო ღრმად იკვლევს ბიბლიას, იგებს, რომ იეჰოვამ იესოს მისცა მმართველობის უფლება, რაც ყველა ეროვნების ადამიანზე ახდენს გავლენას (დან. 7:13, 14). როდესაც მოხსენებით გამოდიხარ კრებაში ან ბიბლიის შესწავლას ატარებ, დაეხმარე მსმენელს იმის გაგებასა და დაფასებაში, თუ რა მნიშვნელობა აქვს თითოეული ჩვენგანისთვის იესოს მმართველობას.
ჩვენი ცხოვრებით უნდა დავამტკიცოთ, რომ ქრისტეს მეფობა ჩვენთვის რეალურია და სიხარულით ვემორჩილებით მის მმართველობას. ხაზგასმით აღნიშნე ეს და ყურადღება გაამახვილე იმ საქმეზე, რომლის შესრულებაც მეფედ ცხებულმა იესომ თავის მიმდევრებს დაავალა (მათ. 24:14; 28:18—20). იმსჯელე, რას ამბობდა იესო, საოცარი მრჩეველი, იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი (ეს. 9:6, 7; მათ. 6:19—34). ყურადღება გაამახვილე, მშვიდობის მთავრის სიტყვების თანახმად, როგორ სულს უნდა ავლენდნენ მისი მიმდევრები (მათ. 20:25—27; იოან. 13:35). ფრთხილად იყავი, რომ არ განსაჯო სხვები და თავად არ განსაზღვრო, აკეთებენ თუ არა ისინი მსახურებაში იმდენს, რამდენსაც უნდა აკეთებდნენ. აღძარი ისინი დაფიქრდნენ, მოწმობს თუ არა მათი საქმეები, რომ ემორჩილებიან ქრისტეს ხელმძღვანელობას. ამასთან, ნუ დაგავიწყდება, რომ შენც იმავეს გაკეთება გმართებს.
იესო ქრისტე — საძირკველი. ბიბლია ქრისტიანი მოწაფეების მომზადებას ადარებს შენობის აშენებას, რომლის საძირკველიც იესო ქრისტეა (1 კორ. 3:10—15). ბოლომდე „ასაშენებლად“ დაეხმარე ადამიანებს ბიბლიიდან იესოს შესახებ საფუძვლიანი ცოდნის მიღებაში. ფრთხილად იყავი, რომ ისინი შენს მიმდევრებად არ აქციო (1 კორ. 3:4—7). მათი ყურადღება იესო ქრისტესკენ მიმართე.
ფუნდამენტი თუ სწორადაა ჩაყრილი, შემსწავლელი მიხვდება, რომ ‘ერთგულად უნდა მიჰყვეს იესოს ნაკვალევს’ (1 პეტ. 2:21). მოწაფეებს მოუწოდე, რომ ის, რაც სახარებებშია ჩაწერილი, მისაბაძ ნიმუშად აღიქვან და არა მხოლოდ ისტორიად. დაეხმარე, გაითავისონ იესოს თვისებები და შეხედულებები. წაახალისე, ყურადღება მიაქციონ იმას, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა იესოს მამასთან, როგორ ემორჩილებოდა მას, როგორ იტანდა განსაცდელებსა თუ ცდუნებებს და როგორ ეპყრობოდა სხვადასხვა მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილე იმაზე, თუ რით იყო იესო უმთავრესად დაკავებული. შედეგად კი, როდესაც ბიბლიის შემსწავლელი გადაწყვეტილებების მიღებისა და განსაცდელების წინაშე აღმოჩნდება, დაფიქრდება: „როგორ მოიქცეოდა იესო ჩემს ადგილზე? ვაჩვენებ ჩემი მოქმედებით, რომ ნამდვილად ვაფასებ იმას, რაც იესომ ჩემთვის გააკეთა?“
როდესაც კრებაში მოხსენებით გამოდიხარ, ნუ იფიქრებ, რომ საჭირო არ არის იესოზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება, ვინაიდან და-ძმებს ისედაც სწამთ მისი. შენი მოხსენება მათ მეტ სარგებლობას მოუტანს, თუ ამ რწმენის საფუძველზე ილაპარაკებ. როდესაც კრების შეხვედრებზე დასწრების აუცილებლობაზე ლაპარაკობ, ეს იმ ფაქტთან დააკავშირე, რომ კრების თავი იესოა. ხოლო სამქადაგებლო მსახურებაზე საუბრისას მსმენელს დაანახვე, როგორი სულისკვეთებით მსახურობდა იესო და როგორ კრებს გამეფებული იესო დღეს ხალხს, რათა გადარჩნენ და ახალ ქვეყნიერებაში იცხოვრონ.
აშკარაა, რომ იესოს შესახებ ძირითადი ფაქტების ცოდნა საკმარისი არ არის. ჭეშმარიტი ქრისტიანი რომ გახდეს, ადამიანმა რწმენა უნდა გამოავლინოს იესოსადმი და მთელი გულით შეიყვაროს ის. ასეთი სიყვარული კი მისდამი ერთგულებისა და მორჩილებისკენ აღძრავს (იოან. 14:15, 21). ეს შესაძლებლობას მისცემს, გაჭირვებისას მტკიცედ იდგეს რწმენაში, მთელი ცხოვრების განმავლობაში ქრისტეს ნაკვალევს მიჰყვეს და დაამტკიცოს, რომ მოწიფული ქრისტიანია, რომელიც მტკიცედ არის „ფესვგადგმული და საძირკველზე დაფუძნებული“ (ეფეს. 3:17). ასე მოქცევას დიდება მოაქვს იეჰოვა ღმერთისთვის, იესო ქრისტეს მამისთვის.
„სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“
როდესაც თავისი მოსვლისა და ამ ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანს წინასწარმეტყველებდა, იესომ თქვა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათ. 24:14).
კონკრეტულად რას ეხება ეს ცნობა, რომელიც ასე ფართოდ უნდა გაცხადდეს? ეს არის ცნობა სამეფოს შესახებ — იმ სამეფოს შესახებ, რომლისთვისაც, როგორც იესომ გვასწავლა, უნდა გველოცა: „მოვიდეს შენი სამეფო“ (მათ. 6:10). ვინაიდან იეჰოვამ იზრუნა სამეფოს შექმნაზე და მან ქრისტეს უბოძა მეფობა, გამოცხადების 11:15-ში ნათქვამია, რომ სამეფო არის „ჩვენი უფლისა [იეჰოვასი] და მისი ქრისტეს[ი]“. ყურადღება მიაქციე იმას, რომ ცნობა, რომელიც ქრისტეს წინასწარმეტყველების თანახმად ჩვენს დღეებში უნდა გაცხადებულიყო, იმ ცნობაზე მეტს მოიცავს, რომელსაც პირველ საუკუნეში ქრისტეს მოწაფეები ქადაგებდნენ. ისინი ხალხს აუწყებდნენ: „ღვთის სამეფო მოგიახლოვდათ“ (ლუკ. 10:9). იმ დროს სამეფოს მომავალ მეფედ ცხებული იესო ჯერ კიდევ მათთან იმყოფებოდა. მაგრამ მათეს 24:14-ის თანახმად, იესომ იწინასწარმეტყველა უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლითაც შესრულდებოდა ღვთის განზრახვა.
ამ მოვლენასთან დაკავშირებულია დანიელ წინასწარმეტყველის ხილვა. მან იხილა „კაცის ძის მსგავსი“, იესო ქრისტე, რომელსაც „ძველ დღეთასგან“, იეჰოვა ღმერთისგან, „მიეცა მმართველობა, დიდება და სამეფო, რათა ყველა — ხალხები, ერები და ენები — მას ემსახუროს“ (დან. 7:13, 14). ეს საყოველთაო მნიშვნელობის მოვლენა 1914 წელს ზეცაში მოხდა. ამის შემდეგ სატანა და მისი დემონები ზეციდან დედამიწაზე იქნენ გადმოყრილნი (გამოცხ. 12:7—10). იმ დროიდან მოყოლებული ეს დრომოჭმული ქვეყნიერება ბოლო დღეებს ითვლის. მის საბოლოო განადგურებამდე მთელ მსოფლიოში აუწყებენ, რომ იეჰოვას მიერ დანიშნული მეფე უკვე მეფობს ზეცაში. ამის შესახებ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებთ ატყობინებენ. ამ ცნობაზე რეაგირებით ხალხი აჩვენებ იმას, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ უზენაესის მიმართ, რომელიც „მმართველობს კაცთა სამეფოზე“ (დან. 4:32).
უნდა ვაღიაროთ, რომ მნიშვნელოვანი მოვლენები ჯერ კიდევ წინ გველის. ჩვენ კვლავაც ვლოცულობთ: „მოვიდეს შენი სამეფო“. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღვთის სამეფო ჯერ არ დამყარებულა. ამ სიტყვებში იმას ვგულისხმობთ, რომ ზეციერმა სამეფომ აქტიურად დაიწყოს მოქმედება დანიელის 2:44-ისა და გამოცხადების 21:2—4-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველებების შესასრულებლად. სამეფო დედამიწას გადააქცევს სამოთხედ, სადაც ღვთისა და მოყვასის მოყვარული ადამიანები იცხოვრებენ. როდესაც ვქადაგებთ სასიხარულო ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ, ადამიანებს ამ კურთხევების შესახებ ვესაუბრებით. გარდა ამისა, მთელი დამაჯერებლობით ვაცხადებთ, რომ იეჰოვამ თავის ძეს უკვე მიანიჭა მმართველობის სრული უფლება. ამახვილებ ყურადღებას ამ სასიხარულო ცნობაზე, როდესაც სამეფოს შესახებ ქადაგებ?
განმარტე, რას ნიშნავს სამეფო. როგორ შევასრულოთ ჩვენი დავალება — როგორ ვაუწყოთ ღვთის სამეფოს შესახებ? საუბარი შეგვიძლია სხვადასხვა თემით დავიწყოთ, მაგრამ მალე მსმენელი უნდა მიხვდეს, რომ ჩვენი ცნობა ღვთის სამეფოს ეხება.
ჩვენი დავალების შესასრულებლად დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამეფოსთან დაკავშირებული ბიბლიური მუხლების ამოკითხვასა და ციტირებას. დარწმუნდი, რომ მან, ვისაც სამეფოს შესახებ ესაუბრები, ბოლომდე გაიგო მისი მნიშვნელობა. ნუ დაკმაყოფილდები მხოლოდ იმის თქმით, რომ სამეფოში ხელისუფლება იგულისხმება. ზოგს შეიძლება გაუჭირდეს უხილავი ხელისუფლების წარმოდგენა. ამის უკეთ აღსაქმელად, შეგიძლია სხვადასხვა არგუმენტი მოიყვანო. მაგალითად, მიზიდულობის ძალას ვერ ვხედავთ, მაგრამ ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ის გავლენას ახდენს ჩვენზე. ჩვენ ვერც მიზიდულობის კანონის ავტორს ვხედავთ, მაგრამ აშკარაა, რომ ის უსაზღვრო ძალის მფლობელია. ბიბლია მას „მარადიულობის მეფეს“ უწოდებს (1 ტიმ. 1:17). შეგეძლო გეთქვა, რომ დიდ ქვეყნებში ბევრი არასოდეს ყოფილა დედაქალაქში ან ზოგს პირადად არ უნახავს სახელმწიფოს მეთაური. მასთან დაკავშირებულ ინფორმაციებს ისინი ახალი ამბებიდან იგებენ. მსგავსად, ბიბლია, რომელიც 2 200-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი, გვაწვდის ინფორმაციას ღვთის სამეფოს შესახებ. მისი მეშვეობით ვიგებთ, ვის აქვს მინდობილი მმართველობა და რას აკეთებს სამეფო ამჟამად. ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ იბეჭდება უფრო მეტ ენაზე, ვიდრე სხვა რომელიმე პერიოდული გამოცემა და მისი მიზანი, როგორც ჟურნალის გარეკანიც მიუთითებს, იეჰოვას სამეფოს შესახებ უწყებაა.
ადამიანებს უკეთ რომ გააგებინო, რა არის სამეფო, მოიხსენიე ზოგიერთი რამ, რასაც ხალხი ხელისუფლებისგან ელის. მაგალითად, ეკონომიკური სტაბილურობა, მშვიდობა, დამნაშავეობის აღმოფხვრა, ეთნიკური თანასწორობა, განათლების მიღების შესაძლებლობა და სამედიცინო მომსახურება. აჩვენე, რომ ხალხის ეს და კიდევ სხვა მრავალი სურვილი მხოლოდ ღვთის სამეფოს მეშვეობით დაკმაყოფილდება (ფსალმ. 145:16).
ეცადე, ადამიანებს იმის სურვილი აღუძრა, რომ გახდნენ იმ სამეფოს ქვეშევრდომები, რომლის მეფეც იესო ქრისტეა. აუხსენი, რომ იესოს მიერ მოხდენილი სასწაულები იმის მაჩვენებელია, რასაც ის — როგორც ზეციერი მეფე — მომავალში გააკეთებს. ხშირად ისაუბრე მის შესანიშნავ თვისებებზე (მათ. 8:2, 3; 11:28—30). აუხსენი, რომ მან სიცოცხლე გაიღო ჩვენთვის; ღმერთმა კი მკვდრეთით აღადგინა და მას უკვდავი სიცოცხლე უბოძა ზეცაში. სწორედ იქიდან მეფობს დღეს იესო (საქ. 2:29—35).
ხაზი გაუსვი, რომ ღვთის სამეფო ზეციდან უკვე მმართველობს. მაგრამ ისიც გაითვალისწინე, რომ დღევანდელი მდგომარეობის შემხედვარე ადამიანისთვის ეს რთული დასაჯერებელია. დაეთანხმე, რომ ეს ასეა და ჰკითხე, იცის თუ არა, იესო ქრისტეს სიტყვების თანახმად რა იქნებოდა სამეფოს დამყარების მაჩვენებელი. ყურადღება გაამახვილე მათეს 24-ე, მარკოზის 13-ე ან ლუკას 21-ე თავებში ჩაწერილ წინასწარმეტყველებებზე. შემდეგ კი აუხსენი, ქრისტეს ზეცაში გამეფებამ რატომ გამოიწვია ასეთი სავალალო მდგომარეობა დედამიწაზე. ყურადღება გაუმახვილე გამოცხადების 12:7—10, 12-ზე.
იმის საჩვენებლად, თუ რას აკეთებს დღეს რეალურად სამეფო, წაუკითხე მათეს 24:14 და მოუყევი მთელ მსოფლიოში მიმდინარე ბიბლიურ-საგანმანათლებლო პროგრამაზე (ეს. 54:13). მოუყევი სკოლებზე, სადაც იეჰოვას მოწმეები თეოკრატიულ განათლებას იძენენ. აუხსენი, რომ სასწავლო პროგრამები ბიბლიაზეა დაფუძნებული და სწავლა უფასოა. განუმარტე, რომ ჩვენ არა მარტო კარდაკარ ვქადაგებთ, არამედ ბიბლიის უფასო შესწავლასაც ვთავაზობთ როგორც ცალკეულ პირებს, ისე ოჯახებს. ასეთი სახით, ბიბლიის შესწავლები 230-ზე მეტ ქვეყანაში და ტერიტორიაზე ტარდება. რომელ მიწიერ ხელისუფლებას შეუძლია, ასეთი საგანმანათლებლო პროგრამით უზრუნველყოს არა მარტო თავისი ქვეყნის მოქალაქეები, არამედ მთელი მსოფლიოს მოსახლეობა? მიიწვიე მსმენელი იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზში და კონგრესზე, რათა დაინახოს, რა გავლენას ახდენს ბიბლიური განათლება ადამიანის ცხოვრებაზე (ეს. 2:2—4; 32:1, 17; იოან. 13:35).
მაგრამ მიხვდება მობინადრე, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს უშუალოდ მასთან? შეგიძლია ტაქტიანად აუხსნა, რა არის შენი სტუმრობის მიზანი. უთხარი, რომ ყველას აქვს ღვთის სამეფოს მმართველობის დროს დედამიწაზე ცხოვრების შესაძლებლობა. რა არის საჭირო ამისთვის? ღვთის მოთხოვნების გაცნობა და შესაბამისად ცხოვრება (კან. 30:19, 20; გამოცხ. 22:17).
დაეხმარე სხვებს, სამეფოს ინტერესები პირველ ადგილზე დააყენონ. მას შემდეგ, რაც ადამიანი სამეფოს შესახებ ცნობას გამოეხმაურება, კვლავაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. რა ადგილს დაიკავებს ღვთის სამეფო მის ცხოვრებაში? იესო თავის მოწაფეებს მოუწოდებდა: „უპირველესად ეძებეთ სამეფო“ (მათ. 6:33). როგორ დავეხმაროთ ამ მხრივ თანაქრისტიანებს? თავად მიეცი კარგი მაგალითი და დაანახვე, რისი გაკეთება შეიძლება მის შემთხვევაში. შეეკითხე, თუ დაფიქრებულა თავის შესაძლებლობებზე, და უთხარი, რას აკეთებს ბევრი. ეცადე, ბიბლიურ მაგალითებზე მსჯელობისას იეჰოვას სიყვარული გაუღრმავო. ხაზი გაუსვი ღვთის სამეფოს რეალურობას და იმას, რომ სამეფოს შესახებ ქადაგება მნიშვნელოვანი საქმეა. ხშირად რაიმე სერიოზული საქმის გასაკეთებლად საკმარისი არ არის მხოლოდ იმის თქმა, თუ რის გაკეთებაა საჭირო; გაცილებით ეფექტურია, ადამიანს ამის სურვილი აღუძრა.
უმნიშვნელოვანესი ცნობა, რომელიც ყველამ უნდა ვაუწყოთ, ყურადღებას იეჰოვა ღმერთზე, იესო ქრისტესა და სამეფოზე ამახვილებს. ამასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე ყოველთვის ხაზგასმით უნდა ვილაპარაკოთ ქადაგებისას თუ კრების შეხვედრებზე. ამაზე უნდა ავაგოთ ჩვენი ცხოვრება. ამგვარად ვაჩვენებთ, რომ თეოკრატიული მსახურების სკოლას ნამდვილად მოაქვს ჩვენთვის სარგებლობა.