ხსნა იეჰოვასგანაა
„ღმერთი არის ჩვენთვის ღმერთი მშველელი“ (ფსალმუნი 67:21).
1, 2. ა) რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იეჰოვაა ხსნის წყარო? ბ) როგორ ახსნიდით იგავნის 21:31-ს?
იეჰოვაა იმ ადამიანების მხსნელი, რომლებსაც უყვართ ის (ესაია 43:11). ისრაელის სახელგანთქმულმა მეფე დავითმა პირადი გამოცდილებიდან იცოდა ეს და მთელი გულით მღეროდა: «უფლისაგან [„იეჰოვასგან“, აქ] არის ხსნა» (ფსალმუნი 3:9). იგივე სიტყვები გამოიყენა წინასწარმეტყველმა იონამ, როდესაც, დიდი თევზის მუცელში მყოფი, მგზნებარედ ლოცულობდა (იონა 2:10).
2 დავითის ძემ, სოლომონმაც, იცოდა, რომ იეჰოვაა ხსნის წყარო: „ცხენი გამზადებულია ბრძოლის დღისათვის, მაგრამ შველა უფლისგან არის“ (იგავნი 21:31). ძველ დროს შუა აღმოსავლეთში გუთანს ხარი ეწეოდა, ვირებს ტვირთი გადაჰქონდათ, ხალხი ჯორცხენით დადიოდა, ხოლო ცხენებს ომების დროს იყენებდნენ. მაგრამ აღთქმულ ქვეყანაში შესვლამდე ღმერთმა ისრაელებს უბრძანა, რომ მათს მომავალ მეფეს ‘არ უნდა ჰყოლოდა ბევრი ცხენი’ (მეორე რჯული 17:16). საბრძოლოდ ცხენები საჭირო აღარ იქნებოდა, რადგან ღმერთი იხსნიდა თავის ხალხს.
3. რომელი კითხვები იმსახურებს ჩვენს ყურადღებას?
3 უზენაესი უფალი იეჰოვა ‘მშველელი ღმერთია’ (ფსალმუნი 67:21). რა გამამხნევებელი აზრია! მაგრამ როგორ ‘შველოდა’ ხალხს იეჰოვა? და ვინ იხსნა მან?
იეჰოვა იხსნის მართლებს
4. საიდან ვიცით, რომ იეჰოვა იხსნის ღვთისმოსავთ?
4 ყველასთვის, ვინც თავი მიუძღვნა ღმერთს და მის სწორ გზებზე დადის, ნუგეშის მომგვრელია პეტრეს სიტყვები: „იცის ღმერთმა, როგორ იხსნას განსაცდელისაგან ღვთისმოსავნი, ხოლო უკეთურნი შემოინახოს განკითხვის დღისათვის დასასჯელად“. ამ სიტყვების დასამტკიცებლად პეტრე ღვთის შესახებ აღნიშნავს, რომ ღმერთმა „არც პირველი წუთისოფელი დაინდო, შეინახა რვა სული და მათ შორის ნოე — სიმართლის მქადაგებელი, როცა წარღვნა მოუვლინა უღვთოთა წუთისოფელს“ (2 პეტრე 2:5, 9).
5. რა მდგომარეობა იყო გამეფებული, როდესაც ნოე ‘სიმართლის მქადაგებლად’ მსახურობდა?
5 წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ნოეს დღეებში არსებულ გარემოში. დედამიწაზე ხორცშესხმული ანგელოზები ცხოვრობენ. ამ ურჩი ანგელოზების შვილები ხალხს საშინლად ეპყრობიან და ‘ქვეყანა უსამართლობით ივსება’ (დაბადება 6:1–12). მაგრამ ნოეს დაშინებას ვერ ახერხებენ და ის განაგრძობს იეჰოვასადმი მსახურებას. ის ‘სიმართლის მქადაგებელია’. ნოე და მისი ოჯახი აშენებენ კიდობანს და ეჭვი არ ეპარებათ, რომ ბოროტების განადგურებას იხილავენ. ნოეს რწმენა წუთისოფელს მსჯავრს სდებს (ებრაელთა 11:7). დღევანდელი მდგომარეობა ნოეს დღეებში არსებული მდგომარეობის მსგავსია, რითაც ცხადი ხდება, რომ ამ ბოროტი სისტემის უკანასკნელი დღეებია (მათე 24:37–39; 2 ტიმოთე 3:1–5). მაშ, ღვთისგან ხსნის მოლოდინში იქნებით თუ არა თქვენც ნოეს მსგავსად ღვთის ხალხს შორის, რომლებიც სიმართლის მქადაგებლებად მსახურობენ?
6. როგორ ამტკიცებს 2 პეტრეს 2:7, 8, რომ იეჰოვა იხსნის მართლებს?
6 პეტრეს კიდევ მოჰყავს იმის მტკიცება, რომ იეჰოვა იხსნის მართლებს. მოციქული ამბობს: „[ღმერთმა] მართალი ლოტი, ურჯულოთა ლაგამახსნილი ქცევით დაჩაგრული, იხსნა, რადგან ეს მართალი კაცი, რაკი მათ შორის ცხოვრობდა, დღითი დღე თავისი მართალი სულით იტანჯებოდა, მათ უკანონო საქმეებს რომ ხედავდა და ისმენდა“ (2 პეტრე 2:7, 8; დაბადება 19:1–29). ამ უკანასკნელ დღეებში სქესობრივი უზნეობა მილიონებისთვის ცხოვრების წესი გახდა. ლოტის მსგავსად თქვენც იტანჯებით დღეს მრავალთა „ლაგამახსნილი ქცევით“? თუ დიახ და თუ სიმართლეს იქმთ, თქვენც აღმოჩნდებით მათ შორის, ვისაც იეჰოვა იხსნის ამ ბოროტი სისტემის განადგურებისას.
იეჰოვა იხსნის თავის ხალხს შემავიწროებლებისგან
7. როგორ ამტკიცებს ეგვიპტეში ისრაელებისადმი იეჰოვას მოპყრობა, რომ შემავიწროებლებისგან იხსნის თავის ხალხს?
7 სანამ ეს ძველი სისტემა არსებობს, იეჰოვას მსახურები მტრებისგან დევნასა და შევიწროებას დაექვემდებარებიან. მაგრამ მათ შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ, რომ იეჰოვა უშველის, ვინაიდან მას წარსულში არაერთხელ უხსნია თავისი შევიწროებული ხალხი. დავუშვათ, რომ მოსეს დღეებში მცხოვრები ისრაელი ხართ და ეგვიპტელი მჩაგვრელები გავიწროებენ (გამოსვლა 1:1–14; 6:8). ღმერთი ერთიმეორეზე მიყოლებით უბედურებებს ატეხს თავს ეგვიპტელებს (გამოსვლა 8:5—10:29). როდესაც მეათე უბედურების დროს მათი პირმშოები იხოცებიან, ფარაონი უშვებს ისრაელებს, შემდეგ კი კრებს ჯარს და ედევნება მათ. მაგრამ მალე ის და მისი ჯარისკაცები წითელ ზღვაში იხრჩობიან (გამოსვლა 14:23–28). თქვენც მოსესა და მთელი ისრაელის ხალხთან ერთად მღერიხართ: «მეომარია უფალი [„იეჰოვა“, აქ], უფალია [„იეჰოვაა“, აქ] მისი სახელი. ზღვაში ჩაყარა ფარაონი და მისი ლაშქარი, მისი რჩეული მხედართმთავრები დაიღრჩვნენ მეწამულ ზღვაში. მორევმა ჩაიხვია ისინი, ქვებივით ჩაიძირნენ ღურღუმელში» (გამოსვლა 15:3–5). მსგავსი უბედურება მოელის ამ უკანასკნელ დღეებში ღვთის ხალხის ყველა შემავიწროებელს.
8, 9. წიგნიდან „მსაჯულნი“ მოიყვანეთ იმის მაგალითი, რომ იეჰოვა შემავიწროებლების ხელიდან იხსნის თავის ხალხს.
8 ეგვიპტიდან გათავისუფლების შემდეგ წლები გავიდა. ისრაელები აღთქმულ ქვეყანაში შევიდნენ. მათ შორის სამართალს მსაჯულები განიკითხავდნენ. ხალხს დროდადრო უცხოელები ავიწროებდნენ, მაგრამ ღმერთი მათ გასათავისუფლებლად ერთგულ მსაჯულებს იყენებდა. ჩვენც შეიძლება ‘ვგმინავდეთ მჩაგვრელთა და შემავიწროებელთა ხელში’, მაგრამ იეჰოვა ჩვენც გვიხსნის, თუ ერთგულად ვემსახურებით მას (მსაჯულნი 2:16–18; 3:9, 15). ამაში გვარწმუნებს ბიბლიის წიგნი „მსაჯულნი“. ეს წიგნი აგრეთვე გვარწმუნებს, რომ ღვთის მიერ დანიშნული მსაჯულის, იესო ქრისტეს, მეშვეობით უფრო დიდ ხსნას მივიღებთ.
9 გადავინაცვლოთ მსაჯულ ბარაკის დღეებში. ისრაელები ცრუ თაყვანისმცემლობას ეწევიან. ეს ღმერთს არ მოსწონს და აი, უკვე 20 წელია, რაც მათზე ქანაანის სასტიკი მეფე იაბინი ბატონობს. ქანაანის ჯარების მხედართმთავარი სისარაა. ებრაელები ოთხი მილიონი არიან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ‘ორმოცი ათასსაც არ უჩანს ფარ-შუბი ისრაელში’ (მსაჯულნი 5:6–8). ისრაელები ინანიებენ და იეჰოვას შეჰღაღადებენ. წინასწარმეტყველ დებორას მეშვეობით ღვთის მიერ მიცემული მითითების თანახმად, ბარაკი თაბორის მთაზე განალაგებს 10 000 მეომარს, ხოლო იეჰოვა მტერს მაღალი თაბორის მთის ძირში უყრის თავს. სისარას ჯარები და 900 საბრძოლო ეტლი გრუხუნით ჭრის ვაკეს და კიშონის ამომშრალი მდინარის კალაპოტთან გროვდება. მაგრამ უეცრად წამოსული კოკისპირული წვიმის წყლით კიშონის ხევი ივსება. ბარაკი და მისი მეომრები ამ თქეშში შეუმჩნევლად ეშვებიან თაბორის მთიდან და იეჰოვას რისხვით გამოწვეული განადგურების მოწმეები ხდებიან. ბარაკის ჯარისკაცები ხოცავენ შეძრწუნებულ ქანაანელებს, რომლებიც გარბიან. რა კარგი გაფრთხილებაა ჩვენი შემავიწროებლებისთვის, რომლებიც იეჰოვას წინააღმდეგ ბრძოლას ბედავენ! (მსაჯულნი 4:3–16; 5:19–22).
10. რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთი ყველა შემავიწროებლისგან იხსნის თავის დღევანდელ მსახურებს?
10 იეჰოვა თავის დღევანდელ მსახურებსაც ზუსტად ისევე იხსნის შემავიწროებელი მტრებისგან, როგორც ღვთისმოშიშ ისრაელს შველოდა ძნელბედობის ჟამს (ესაია 43:3; იერემია 14:8). ღმერთმა დავითი ‘ყველა მისი მტრის ხელიდან იხსნა’ (მეორე მეფეთა 22:1–3). ამიტომ, როდესაც იეჰოვას მოწმეობისთვის გვავიწროებენ ან გვდევნიან, გული გავიმაგროთ, რადგან ღვთის მესიანური მეფე შემავიწროებლებისგან გვიხსნის. დიახ, ღმერთი „ღარიბთა სულებს დაიხსნის. ვერაგობისა და ძალადობისგან დაიხსნის მათ სულებს“ (ფსალმუნი 71:13, 14). ხსნა, მართლაც რომ, ახლოს არის.
ღმერთი იხსნის მასზე მინდობილებს
11. იეჰოვაზე მინდობის რა მაგალითი მოგვცა ჭაბუკმა დავითმა?
11 იეჰოვასგან ხსნა რომ მივიღოთ, გაბედულად უნდა მივენდოთ მას. ასე მოიქცა დავითი, როდესაც გოლიათთან საბრძოლველად გავიდა. წარმოიდგინეთ ჭაბუკი დავითი, რომელიც მის წინაშე აღმართულ ფილისტიმელს მიმართავს: „შენ ხმლით, შუბითა და ფარით გამოდიხარ ჩემთან, მე კი ცაბაოთ უფლის, ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით გამოვდივარ, რომელიც შენ შეურაცხყავი. დღეს ჩამაგდებინებს ხელში შენს თავს უფალი და დაგამარცხებ, თავს მოგაცლი და ფილისტიმელთა გვამებს ცის ფრინველთ და მიწის ცხოველებს გადავუყრი დღეს, რათა გაიგოს მთელმა ქვეყანამ, რომ ჰყავს ისრაელს ღმერთი. გაიგოს მთელმა კრებულმა, რომ არა მახვილითა და შუბით იხსნის უფალი, რომ უფლის ნებაზეა ომი“. მალე გოლიათის უსულო გვამი მიწაზე ენარცხება და ფილისტიმელები მარცხდებიან. აშკარაა, რომ იეჰოვამ იხსნა თავისი ხალხი (პირველი მეფეთა 17:45–54).
12. რატომ შეიძლება დავითის მოყმის, ელეაზარის, გახსენება ჩვენთვის დამხმარე აღმოჩნდეს?
12 როდესაც მდევნელების პირისპირ აღმოვჩნდებით, საჭიროა ‘გავმაგრდეთ’ და იეჰოვას მეტად მივენდოთ (ესაია 46:8–13; იგავნი 3:5, 6). განვიხილოთ შემთხვევა, რომელიც ფას-დამიმში მოხდა. ფილისტემელების შეტევის შედეგად ისრაელები უკუიქცნენ, მაგრამ დავითის სამ მოყმეთაგან ერთ-ერთს, ელეაზარს, შიში არ აქვავებს. ის დგება ქერის ყანაში და ცალი ხელით, რომელშიც მახვილი უპყრია, მუსრს ავლებს ფილისტიმელებს. ასე რომ, ‘დიდი ხსნა მოაქვს მათთვის [ისრაელებისთვის] უფალს [„იეჰოვას“, აქ]’ (პირველი ნეშტთა 11:12–14; მეორე მეფეთა 23:9, 10). არავინ მოელის, რომ ცალი ხელით მთელ ჯარს დავამარცხებთ. მაგრამ ზოგჯერ შეიძლება მარტო აღმოვჩნდეთ და მტერმა ჩიხში მოგვიმწყვდიოს. ვილოცებთ გამუდმებით და მთელი გულით მივენდობით მაშინ იეჰოვას, მხსნელ ღმერთს? დავუწყებთ ძებნას იეჰოვას დახმარებას ისე, რომ მდევნელებთნ არ გავცეთ თანამორწმუნეები?
იეჰოვა იხსნის უმწიკვლოების დამცველებს
13. რატომ იყო ძნელი ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოში ღვთისადმი უმწიკვლოების შენარჩუნება?
13 იეჰოვასგან ხსნის მისაღებად, რადაც უნდა დაგვიჯდეს, მისადმი უმწიკვლოება უნდა შევინარჩუნოთ. ძველ დროში ღვთის ხალხმა სხვადასხვა გაჭირვება გამოიარა. დაფიქრდით, რა მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩენილიყავით, ათი შტოსგან შემდგარ ისრაელის სამეფოში რომ გეცხოვრათ. რობოამის სისასტიკემ ათ შტოს მისთვის მხარდაჭერის აღმოჩენაზე უარის თქმისა და ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოს ჩამოყალიბებისკენ უბიძგა (მეორე ნეშტთა 10:16, 17; 11:13, 14). ისრაელის მეფეებიდან იეჰუ იყო საუკეთესო, მაგრამ ისიც კი „მთელი გულით არ იცავდა. . . უფლის, ისრაელის ღმერთის რჯულს“ (მეოთხე მეფეთა 10:30, 31). მიუხედავად ამისა, ჩრდილოეთ სამეფოში იყვნენ იეჰოვასადმი უმწიკვლოების შემნარჩუნებლები (მესამე მეფეთა 19:18). ისინი ღვთისადმი რწმენას ავლენდნენ, რის გამოც ღმერთი მათთან იყო. რწმენის გამოცდის მიუხედავად, ინარჩუნებთ თუ არა თქვენც იეჰოვასადმი უმწიკვლოებას?
14. როგორ იხსნა თავისი ხალხი იეჰოვამ მეფე ხიზკიაჰუს დღეებში და რამ მიიყვანა იუდა ბაბილონის ტყვეობამდე?
14 ღვთის რჯულისადმი ფართოდ გავრცელებულმა უპატივცემლობამ ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოს უბედურებები დაატეხა თავს. ძვ. წ. 740 წელს, როდესაც აშურმა ჩრდილოეთ სამეფო დაიპყრო, ზოგი ისრაელი იუდაში გაიქცა, სადაც მათ შეეძლოთ იეჰოვასთვის თაყვანი ეცათ მისსავე ტაძარში. დავითის შტოს 19 მეფიდან ოთხი — ასა, იოშაფატი, ხიზკიაჰუ და იოშია — ღვთისადმი განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩეოდა. ერთ-ერთი უმწიკვლოების დამცველი მეფის, ხიზკიაჰუს, მმართველობის დროს აშურმა თავისი ძლევამოსილი ჯარით იუდას წინააღმდეგ გაილაშქრა. ხიზკიაჰუს ლოცვაზე საპასუხოდ ღმერთმა ერთი ანგელოზი გამოიყენა მხოლოდ ერთი ღამის განმავლობაში 185 000 აშურეველის დასახოცად და ამგვარად იხსნა თავისი თაყვანისმცემლები! (ესაია 37:36–38). მოგვიანებით რჯულის დაუცველობამ და ღვთის წინასწარმეტყველთა გაფრთხილების უგულებელყოფამ ძვ. წ. 607 წელს იუდა ბაბილონის ტყვეობამდე და თავისი დედაქალაქის, იერუსალიმისა, და მისი ტაძრის დანგრევამდე მიიყვანა.
15. რატომ იყო ბაბილონის ტყვეობაში მყოფთათვის აუცილებელი მოთმინება და, საბოლოოდ, როგორ გაათავისუფლა იეჰოვამ თავისი ხალხი?
15 გადასახლებაში მყოფ იუდეველებს მოთმინება სჭირდებოდათ, რომ ბაბილონის ტყვეობაში ყოფნის დაახლოებით 70 შავბნელი წლის განმავლობაში უმწიკვლოება შეენარჩუნებინათ (ფსალმუნი 136:1–6). ტყვეობაში მყოფი უმწიკვლოების შემნახველი ერთ-ერთი ღირსეული პიროვნება წინასწარმეტყველი დანიელი იყო (დანიელი 1:1–7; 9:1–3). წარმოიდგინეთ მისი სიხარული, როდესაც ძვ. წ. 537 წელს ძალაში შევიდა სპარსეთის მეფე კიროსის ბრძანება, რომელიც იუდეველებს სამშობლოში დაბრუნებისა და ტაძრის აღდგენის ნებას რთავდა! (პირველი ეზრა 1:1–4). დანიელი და სხვები წლების განმავლობაში ითმენდნენ და, ბოლოს, ბაბილონის დამხობასა და იეჰოვას ხალხის გათავისუფლებას მოესწრნენ. ეს კი ჩვენ ‘დიდი ბაბილონის’, ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელის, დამხობის მოთმინებით ლოდინში უნდა დაგვეხმაროს (გამოცხადება 18:1–5).
იეჰოვა ყოველთვის იხსნის თავის ხალხს
16. როგორ იხსნა იეჰოვამ თავისი ხალხი დედოფალ ესთერის დღეებში?
16 იეჰოვა ყოველთვის იხსნის თავის მსახურებს, თუ ისინი მისი სახელის ერთგულები არიან (პირველი მეფეთა 12:22; ესაია 43:10–12). ახლა კი გადავინაცვლოთ დედოფალ ესთერის დღეებში, ძვ. წ. V საუკუნეში. მეფე ახაშვეროში (ქსერქსე I) ჰამანს პირველ კარისკაცად ნიშნავს. ჰამანი ძალიან არის გაბრაზებული ებრაელ მარდოქაიზე, რადგან ეს უკანასკნელი მუხლს არ იდრეკს მის წინაშე. ჰამანი გულში მის მოკვლასა და სპარსეთის სამეფოში ყველა იუდეველის განადგურებას განიზრახავს. ის იუდეველების შესახებ ამბობს, რომ კანონს არღვევენ, და ფულსაც კი არ იშურებს მათ დასასჯელად. ჰამანს ეძლევა შესაძლებლობა, მეფის ბეჭედი იუდეველების განადგურების საბუთზე დასასმელად გამოიყენოს. ესთერი გაბედულად უმხელს მეფეს თავის იუდაურ წარმოშობას და სააშკარაოზე გამოაქვს ჰამანის ვერაგობა. მალე ჰამანს იმ ძელზე ჰკიდებენ, რომელიც მარდოქაის სიკვდილით დასასჯელად იყო გამზადებული. მარდოქაის პირველ კარისკაცად ნიშნავენ, რაც მას იუდეველებისთვის თავდაცვის უფლების მიცემის საშუალებას აძლევს. მათ მტრებზე დიდი გამარჯვება მოიპოვეს (ესთერი 3:1—9:19). ამ მოვლენამ იმის რწმენა უნდა განგვიმტკიცოს, რომ იეჰოვა იხსნის თავის თანამედროვე მორჩილ მსახურებს.
17. რა როლი შეასრულა მორჩილებამ იუდაში მცხოვრები პირველი საუკუნის ებრაელი ქრისტიანების გადარჩენაში?
17 კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ღმერთი თავის ხალხს იცავს, ღვთისა და მისი ძისადმი მორჩილებაა. წარმოიდგინეთ საკუთარი თავი იესოს პირველი საუკუნის იუდეველ მოწაფეებს შორის. იესო მათ ეუბნება: „როცა იხილავთ იერუსალიმს ლაშქრით გარშემორტყმულს, მაშინ იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი აოხრება. მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიხიზნონ“ (ლუკა 21:20–22). გადის წლები და გაინტერესებთ, როდისღა შესრულდება ეს სიტყვები. და აი, ახ. წ. 66 წელს იუდეველები ჯანყდებიან. ცესტიუს გალუსის ხელმძღვანელობით რომაელთა ჯარები იერუსალიმს ალყაში აქცევენ და ტაძრის კედლებისკენ მიიწევენ. მოულოდნელად რომაელები ყოველგვარი ხილული მიზეზის გარეშე უკან იხევენ. რას იზამენ ებრაელი ქრისტიანები? თავის წიგნში ევსები ამბობს, რომ ისინი გაიქცნენ იერუსალიმიდან და იუდეიდან (Ecclesiastical History [Book III, chapter V, 3]). ისინი გადარჩნენ, ვინაიდან დაემორჩილნენ იესოს წინასწარმეტყველურ გაფრთხილებას. ხართ თუ არა თქვენც მზად, მიჰყვეთ ბიბლიურ მითითებებს, რომელსაც იესოს მიერ მთელ „ქონებაზე“ დაყენებული „ერთგული. . . განმგებელი“ გვაძლევს? (ლუკა 12:42–44).
ხსნა — მარადიული ცხოვრება
18, 19. ა) რა ხსნის გზა გახსნა იესომ თავისი სიკვდილით და ვისთვის? ბ) რა გადაწყვეტილება მიიღო მოციქულმა პავლემ?
18 იესოს გაფრთხილების მხედველობაში მიღებამ იუდეველი ქრისტიანების სიცოცხლე იხსნა. მაგრამ იესოს სიკვდილით ‘ყველა ადამიანს’ ეძლევა ხსნა და მარადიულად ცხოვრების საშუალება (1 ტიმოთე 4:10). კაცობრიობისთვის გამოსყიდვის აუცილებლობა წამოიჭრა მას შემდეგ, რაც ადამმა შესცოდა, რის შედეგადაც მან დაკარგა სიცოცხლე და მთელი კაცობრიობა ცოდვისა და სიკვდილის მონობას მიჰყიდა (რომაელთა 5:12–19). ცხოველური შესაწირავი, რომელსაც მოსეს რჯულის თანახმად სწირავდნენ ცოდვების დასაფარავად, მხოლოდ სიმბოლური იყო (ებრაელთა 10:1–4). რადგან იესოს მიწიერი მამა არ ჰყავდა და, როგორც ჩანს, ღვთის სული ‘ჩრდილავდა’ მარიამს ბავშვის მუცლადღებიდან მის დაბადებამდე, იესოს მემკვიდრეობად არავითარი ცოდვა ან არასრულყოფილება არ მიუღია (ლუკა 1:35; იოანე 1:29; 1 პეტრე 1:18, 19). იესო სრულყოფილად იცავდა უმწიკვლოებას და, როდესაც მოკვდა, სრულყოფილი სიცოცხლე კაცობრიობის გამოსასყიდად და გასათავისუფლებლად წარადგინა (ებრაელთა 2:14, 15). ამგვარად, იესომ თავი „გასწირა ყველას გამოსახსნელად“ (1 ტიმოთე 2:5, 6). ყველა ისე არ მოიქცევა, რომ მათაც შეეხოს ხსნის ეს ღონისძიება, მაგრამ ღმერთი ამ ღონისძიებიდან მომდინარე სიკეთეს განავრცობს მათზე, ვინც რწმენით იღებს ყოველივე ამას.
19 ზეცაში ღვთისთვის გამომსყიდველური მსხვერპლის ფასის წარდგენით ქრისტემ ადამის შთამომავლობა გამოისყიდა (ებრაელთა 9:24). იესო ამგვარად იძენს საპატარძლოს, რომელიც 144 000 ცხებული მიმდევრისგან შედგება და რომელიც ზეციერ ცხოვრებას მიიღებს (ეფესელთა 5:25–27; გამოცხადება 14:3, 4; 21:9). იესო ‘მარადისობის მამაც’ ხდება მათთვის, ვინც იღებს მის მსხვერპლს და მარადიულად იცოცხლებს დედამიწაზე (ესაია 9:5, 6; 1 იოანე 2:1, 2). რამხელა სიყვარულია ყოველივე ამაში ჩადებული! როგორც მომდევნო სტატია გვიჩვენებს, ყოველივე ამისთვის პავლეს მადლიერება ჩანს მის მეორე წერილში, რომელიც ღვთის შთაგონებით კორინთელებს მისწერა. პავლე გადაწყვეტილებით იყო აღსავსე, რომ ყოველი ღონე ეხმარა, რათა ადამიანებს ისე მოქცევაში დახმარებოდა, რომ ესარგებლათ ხსნასთან დაკავშირებული იეჰოვას შესანიშნავი ღონისძიებით, რაც მათ მარადიულ ცხოვრებას მოუტანდა.
როგორ უპასუხებდით?
◻ რა ბიბლიური მტკიცება არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ღმერთი იხსნის მართლებს?
◻ საიდან ვიცით, რომ იეჰოვა იხსნის მათ, ვინც მასზეა მინდობილი და ვინც უმწიკვლოებას ინარჩუნებს?
◻ რა იღონა ღმერთმა ხსნის, მარადიული ცხოვრების, უზრუნველსაყოფად?
[სურათი 12 გვერდზე]
დავითი მინდობილი იყო იეჰოვაზე, ‘მშველელ ღმერთზე’. თქვენ?
[სურათი 15 გვერდზე]
იეჰოვა ყოველთვის იხსნის თავის ხალხს, როგორც ეს დედოფალ ესთერის დღეებში დაამტკიცა.