ჩარჩო 15ა
მეძავი დები
ეზეკიელის 23-ე თავში ღმერთი კიცხავს თავის ხალხს ორგულობის გამო. ეს თავი ბევრი რამით ჰგავს მე-16 თავს. მაგალითად, 23-ე თავშიც იეჰოვას თვალსაჩინოების მიზნით მეძავი დების მაგალითი მოჰყავს, რომელთაგან უფროსი სამარიას განასახიერებს, ხოლო უმცროსი — იერუსალიმს. ორივე თავში დანახულია, თუ როგორ მიჰბაძა უმცროსმა დამ უფროსს მეძაობაში და უფრო მეტიც, როგორ გაასწრო მას. 23-ე თავიდან ვიგებთ, რომ იეჰოვამ ამ დებს სახელებიც უწოდა: უფროს დას, სამარიას — ოჰოლა, რომელიც ისრაელის ათტომიან სამეფოს განასახიერებდა, ხოლო უმცროსს, იერუსალიმს — ოჰოლიბა, რომელიც იუდას ორტომიან სამეფოს განასახიერებდაa (ეზეკ. 23:1—4).
ამ ორ თავს სხვა ბევრი რამეც აქვს საერთო. მათ შორის ყველაზე თვალშისაცემია შემდეგი: ორივე და თავდაპირველად იეჰოვას „ცოლი“ იყო, რომლებმაც უღალატეს. ამასთანავე, როგორც მე-16, ისე 23-ე თავი იმედის მომცემ ცნობასაც შეიცავს. მართალია, 23-ე თავში ბევრი რამ არაა ნათქვამი ხსნაზე, მაგრამ მაინც შესაძლებელია პარალელის გავლება მე-16 თავთან. მაგალითად, 23-ე თავში იეჰოვა ამბობს: „ბოლოს მოვუღებ შენს გარყვნილებას და შენს მეძაობას“ (ეზეკ.16:16, 20, 21, 37, 38, 41, 42;23:4, 11, 22, 23, 27, 37).
ქრისტიანულ სამყაროს განასახიერებენ ეს დები?
უწინ ჩვენს პუბლიკაციებში იხსნებოდა, რომ ოჰოლა და ოჰოლიბა ქრისტიანული სამყაროს პირველსახეს წარმოადგენდნენ, რომელიც მოგვიანებით კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიებად დაიყო. ამ საკითხის ლოცვით აწონ-დაწონამ და სიღრმისეულმა გამოკვლევამ კითხვები გააჩინა. მაგალითად, წარმოადგენდა ოდესმე ქრისტიანული სამყარო, რაიმე გაგებით, იეჰოვას ცოლს? ჰქონდა იეჰოვას მასთან დადებული შეთანხმება? რასაკვირველია, არა! იეჰოვამ სულიერ ისრაელს იესოს მეშვეობით „ახალი შეთანხმება“ რომ დაუდო, მაშინ საერთოდ არ არსებობდა ქრისტიანული სამყარო; შესაბამისად, ის ვერც ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარი სულიერი ერის ნაწილი იქნებოდა (იერ. 31:31; ლუკ. 22:20). ქრისტიანული სამყარო მოციქულების სიკვდილიდან კარგა ხნის შემდეგ, ახ. წ. მე-4 საუკუნეში, განდგომილების საფუძველზე აღმოცენდა. გახსოვთ იესოს წინასწარმეტყველური იგავი ხორბალსა და სარეველაზე? ქრისტიანული სამყარო სწორედ სარეველასთან შედარებული ცრუ ქრისტიანებისგან შედგება (მათ. 13:24—30).
წინასწარმეტყველებაში მოხსენიებულ ორ დასა და ქრისტიანულ სამყაროს შორის სხვა არსებითი განსხვავებაცაა: იეჰოვამ ორგულ იერუსალიმსა და სამარიას ხსნა აღუთქვა (ეზეკ. 16:41, 42, 53—55). ვკითხულობთ ბიბლიაში მსგავს დაპირებას ქრისტიანული სამყაროს მისამართითაც? არა! არც მას და არც სხვა ცრუ რელიგიებს, რომლებიც ბიბლიაში „დიდი ბაბილონის“ სახელითაა ცნობილი, ხსნის იმედი არ გააჩნიათ!
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ოჰოლა და ოჰოლიბა არ წარმოადგენენ ქრისტიანული სამყაროს პირველსახეს. თუმცა მათ მაგალითზე ნათელი ეფინება კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს, თუ რა დამოკიდებულება აქვს იეჰოვას მათ მიმართ, ვინც შეურაცხყოფს მის წმინდა სახელს და არაფრად აგდებს წმინდა თაყვანისმცემლობისთვის დადგენილ ნორმებს. ამ მხრივ ქრისტიანული სამყაროს ბრალეულობა ყველაზე დიდია, რადგან სწორედ მისი წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ემსახურებიან ღმერთს, რომელზეც ბიბლია გვამცნობს. უფრო მეტიც, ისინი აცხადებენ, რომ ღვთის საყვარელი ძე, იესო ქრისტე, მათი წინამძღოლია. თუმცა ისინი, შეიძლება ითქვას, საკუთარ თავს უპირისპირდებიან, როცა იესოს სამების ნაწილად მიიჩნევენ და უგულებელყოფენ მის ნათელ მითითებას, რომ არ იყვნენ ქვეყნიერების ნაწილი (იოან. 15:19). ქრისტიანულმა სამყარომ, თავისი აქტიური ჩართულობით კერპთაყვანისმცემლობასა და პოლიტიკაში, ცხადყო, რომ „დიდი მეძავის“ ანუ „დიდი ბაბილონის“ ნაწილია (გამოცხ. 17:1). ეჭვგარეშეა, რომ ის თავს დაიტეხს ღვთის მიერ ცრუ რელიგიებისთვის გამოტანილ განაჩენს!
a ამ მეძავი დების სახელებს მნიშვნელობები აქვს. „ოჰოლა“ ნიშნავს „მის კარავს“, რაც, როგორც ჩანს, ერთგვარი მინიშნებაა იმაზე, რომ ისრაელმა „საკუთარი კარავი დაიდგა“ ანუ იერუსალიმის ტაძარში აღარ სცემდა თაყვანს იეჰოვას. რაც შეეხება „ოჰოლიბას“, ეს სახელი ნიშნავს „ჩემი კარავი მასშია“, და იმაზე მიუთითებს, რომ იეჰოვას ტაძარი იერუსალიმში იყო.