პილატე
იუდეის რომაელი გამგებელი იესო ქრისტეს დედამიწაზე მსახურების დროს (ლკ. 3:1). ჰეროდე დიდის ვაჟისთვის, არქელაესთვის იუდეის ეთნარქის წოდების ჩამორთმევის შემდეგ იმპერატორი იუდეის გამგებლებად პრეფექტებს ნიშნავდა. პილატე, სავარაუდოდ, რიგით მეხუთე პრეფექტი იყო. ტიბერიუსმა პროვინციის გამგებლად ის ახ. წ. 26 წელს გაამწესა. იგი იუდეას ათი წელი განაგებდა.
პონტიუს პილატეს ცხოვრების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. არსებული ისტორიული ცნობები მხოლოდ იუდეაში მისი გამგებლობის პერიოდს უკავშირდება. ერთადერთი ქვა, რომელზეც მისი სახელია ამოტვიფრული, 1961 წელს კესარეაში აღმოაჩინეს. ამ ქვაზე ნახსენებია „ტიბერიუმი“, შენობა, რომელიც პილატემ იმპერატორ ტიბერიუსს მიუძღვნა.
პროვინციაში უმაღლესი ძალაუფლება პრეფექტს, იმპერატორის წარმომადგენელს, ეპყრა. მასვე გამოჰქონდა სასიკვდილო განაჩენი. ისინი, ვინც ამტკიცებენ, რომ სასიკვდილო განაჩენი სინედრიონს გამოჰქონდა, იმასაც აღიარებენ, რომ განაჩენის აღსრულება მხოლოდ პრეფექტისგან ოფიციალური ნებართვის მიღების შემდეგ იყო შესაძლებელი (შდრ. მთ. 26:65, 66; ინ. 18:31). ვინაიდან ამ რომაელი გამგებლის რეზიდენცია კესარეაში იყო (შდრ. სქ. 23:23, 24), რომის ჯარის ძირითადი ნაწილი იქ იყო განთავსებული, იერუსალიმში კი მცირე გარნიზონი იდგა. თუმცა, დღესასწაულების (ერთ-ერთი იყო პასექი) დროს, როგორც წესი, იუდეის გამგებელი თავისი მაშველი ჯარითურთ იერუსალიმში სახლდებოდა. პილატეს ცოლი თან ჰყავდა იუდეაში (მთ. 27:19). რომის სამხედრო წესდებაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე კონფლიქტურ პროვინციებში მომსახურე გამგებლებს უფლება მიეცათ, თან ჰყოლოდათ ცოლები.
პილატეს გამგებლობამ ხალხს დიდი მღელვარება მოუტანა. ებრაელი ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის ცნობით, პილატეს თავის ებრაელ ქვეშევრდომებთან თავიდანვე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ერთ ღამეს მან იერუსალიმში რომაელი ჯარისკაცები გაგზავნა იმპერატორისგამოსახულებიანი ბაირაღებით ხელში. ამან იუდეველებში დიდი აღშფოთება გამოიწვია. უკმაყოფილების გამოსათქმელად და ბაირაღების მოშორების მოთხოვნის წარსადგენად კესარეაში რამდენიმეკაციანი ჯგუფი ჩავიდა. ხუთდღიანი მოლაპარაკების შემდეგ პილატე მათ დაემუქრა, რომ თავისი ჯარისკაცების მეშვეობით გაუსწორდებოდა, თუმცა ბოლოს, იუდეველთა შეუვალობის გამო პილატემ პოზიცია დათმო („იუდეველთა სიძველენი“, XVIII, 55—59 (iii, 1), ინგლ.).
პირველ საუკუნეში მოღვაწე ებრაელი ღვთისმეტყველი ფილონ ალექსანდრიელიც მოიხსენიებს შემთხვევას, როცა პილატემ თავისი საქციელით იუდეველების პროტესტი გამოიწვია. ამჯერად პილატემ იერუსალიმის რეზიდენციაში დააწყო ოქროს ფარები, რომლებზეც პილატესა და ტიბერიუსის სახელები იყო ამოტვიფრული. ებრაელებმა ეს რომის იმპერატორთან გაასაჩივრეს. პილატეს ფარების კესარეაში გადატანა ებრძანა (The Embassy to Gaius, XXXVIII, 299—305).
იოსებ ფლავიუსი კიდევ ერთი შემთხვევის შესახებ მოგვითხრობს. წყალსადენი მილის გასაყვანად, რომელიც იერუსალიმს წყლით 40-კილომეტრიანი მანძილიდან მოამარაგებდა, პილატემ ფული იერუსალიმის ტაძრის საგანძურიდან აიღო. იერუსალიმში შესულ პილატეს ხალხი ხმაურიანი პროტესტით დახვდა. პილატემ უბრძანა ჯარისკაცებს, რომ სამოქალაქო ტანსაცმელგადაცმულნი ბრბოს შერეოდნენ და ნიშნის მიცემისთანავე თავს დასხმოდნენ ამბოხებულებს. ამ თავდასხმის დროს ბევრი იუდეველი დაშავდა და ზოგი დაიღუპა („იუდეველთა სიძველენი“, XVIII, 60-62 [iii, 2], ინგლ.; „იუდეველთა ომი“, 175-177 [ix, 4], ინგლ.). წყალსადენი მილის გაყვანის საქმე, სავარაუდოდ, ბოლომდე მიიყვანეს. ამ ინციდენტს ხშირად ლუკას 13:1-ში ჩაწერილ ამბავთან აიგივებენ, როცა პილატემ გალილეელთა სისხლი მათივე მსხვერპლის სისხლს შეურია. ეს გალილეელები, როგორც ჩანს, პირდაპირ ტაძრის ტერიტორიაზე ამოხოცეს. თუმცა დანამდვილებით ვერ ვიტყვით, ლუკას 13:1-ში იოსებ ფლავიუსის მიერ აღწერილ მოვლენაზეა საუბარი თუ რომელიმე სხვაზე. გალილეელები ჰეროდე ანტიპას, გალილეის მხარის მმართველის ქვეშევრდომები იყვნენ, ამიტომ ზემოხსენებული ინციდენტი, რომელიც იესოს გასამართლებამდე მოხდა, შესაძლოა პილატესა და ჰეროდეს შორის არსებული მტრობის ერთ-ერთი მიზეზი ყოფილიყო (ლკ. 23:6—12).
იესოს გასამართლება. ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს, გამთენიისას, რელიგიურმა წინამძღოლებმა იესო პილატეს მიჰგვარეს. ცხადია, ისინი არაებრაელის რეზიდენციაში ვერ შევიდოდნენ, ამიტომ პილატე გარეთ გამოვიდა იმის გასაგებად, რაში სდებდნენ ბრალს იესოს. ბრალდება ასეთი იყო: იესო ხალხს რყვნიდა, გადასახადების გადაუხდელობისკენ მოუწოდებდა და თავს მეფედ ასაღებდა, რაც კეისრის წინააღმდეგ ამბოხებას ნიშნავდა. პილატემ უთხრა რელიგიურ ხელმძღვანელებს, წაეყვანათ ბრალდებული და თავად გაესამართლებინათ, რაზეც მათ უპასუხეს, რომ ვინმეს სიკვდილით დასჯის უფლება არ ჰქონდათ. ამის შემდეგ პილატემ იესო სასახლეში შეიყვანა და დაკითხვა დაუწყო (სურათი, ტ. 2, გვ. 741). პილატე ბრალმდებლებთან დაბრუნდა და განუცხადა, რომ ვერაფერში სდებდა იესოს ბრალს. იესოს წინააღმდეგ ბრალდებები არ წყდებოდა. როცა გაირკვა, რომ იესო გალილეიდან იყო, პილატემ ის ჰეროდე ანტიპასთან გაგზავნა. ჰეროდემ იესოსგან ნიშანი ითხოვა, მაგრამ ვერ მიიღო. უკმაყოფილო ჰეროდემ იესოს დამცირება და დაცინვა დაუწყო, შემდეგ კი ისევ პილატესთან გაგზავნა.
პილატემ კვლავ შეკრიბა რელიგიური ბელადები და ხალხი და კიდევ ერთხელ სცადა უდანაშაულო კაცის გამართლება. მან ბრბოს იესოს გათავისუფლება შესთავაზა იმ ჩვეულების საფუძველზე, რომელიც პასექის დღესასწაულზე ერთი პატიმრის გათავისუფლების უფლებას იძლეოდა. რელიგიური წინამძღოლების წაქეზებული ხალხი სანაცვლოდ ბარაბას — ქურდის, მკვლელისა და მეამბოხის — გათავისუფლებას ითხოვდა. პილატეს მხრიდან იესოს გათავისუფლების ყოველი მცდელობის მიუხედავად, ხალხი ყვირილითა და მეტი დაჟინებით ითხოვდა იესოს ბოძზე გაკვრას. თავიდან რომ აერიდებინა ამბოხება და ბრბო დაეშოშმინებინა, პილატე ხალხის ნებას დაჰყვა. მან ხელები დაიბანა იმის საჩვენებლად, რომ ბრალი არ მიუძღოდა სისხლისღვრაში. მანამდე ცოტა ხნით ადრე მას ცოლმა შეუთვალა, რომ არაფერი ევნო ამ უდანაშაულო კაცისთვის, რადგან შემაძრწუნებელი სიზმარი ნახა (მთ. 27:19).
პილატემ იესო გააშოლტვინა. ჯარისკაცებმა იესოს თავზე ეკლის გვირგვინი დაადგეს და ალისფერი მოსასხამი მოასხეს. პილატე კვლავ ბრბოსთან გავიდა და განაცხადა, რომ ვერანაირი დანაშაული ვერ ნახა იესოში და შემდეგ ბრძანა მოსასხამმოსხმული და თავზე გვირგვინდადგმული იესო მათ წინაშე გამოეყვანათ. პილატემ ყველას გასაგონად თქვა: „აი კაცი!“. ხალხის ლიდერები უფრო მეტად აყვირდნენ და ახლა უკვე პირველად დასდეს იესოს მკრეხელობაში ბრალი. როცა მათ თქვეს, რომ იესო თავს ღვთის ძედ ასაღებდა, პილატე შეფიქრიანდა და იესო ისევ დასაკითხავად გაიყვანა. პილატემ ბოლოჯერ სცადა იესოს გათავისუფლება, თუმცა იუდეველებმა მიახვედრეს, რომ თუ იესოს გაათავისუფლებდა, კეისრის მტერი გახდებოდა. მოისმინა რა პილატემ ეს მუქარა, იესო გარეთ გაიყვანა და სასამართლო ტახტზე დაჯდა. პილატეს წამოძახილმა — „აი თქვენი მეფე!“ — ხალხი მეტად გააშმაგა. ისინი გაჰყვიროდნენ: „ჩვენ არა გვყავს მეფე კეისრის გარდა“. ამის შემდეგ პილატემ იესო მათ ბოძზე გასაკრავად გადასცა (მთ. 27:1—31; მრ. 15:1—15; ლკ. 23:1—25; ინ. 18:28—40; 19:1—16).
ებრაელი მწერლები, მათ შორის ფილონ ალექსანდრიელი, თავიანთ ნაშრომებში პილატეს შეუდრეკელ და თავნება კაცად ახასიათებენ (The Embassy to Gaius, XXXVIII, 301). თუმცა, სავსებით დასაშვებია, რომ მკაცრი ზომების მიღებას ამ მმართველს თავად იუდეველები აიძულებდნენ. ასეა თუ ისე, სახარებები ზოგად წარმოდგენას გვიქმნის ამ კაცის ნამდვილ ბუნებაზე. ის ისე უდგებოდა საკითხებს, როგორც ნებისმიერი რომაელი მმართველი. ის ლაპარაკობდა მოკლედ და კონკრეტულად. მართალია, გარეგნულად სკეპტიკური და ცინიკური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა (ამის მიმანიშნებელია თუნდაც იესოსთვის დასმული კითხვა: „რა არის ჭეშმარიტება?“), მაგრამ, როცა გაიგო, იესო თავს ღვთის ძეს უწოდებდა, ერთგვარი ცრუმორწმუნეობრივი შიში დაეუფლა. ის არ იყო ლმობიერი მმართველი, თუმცა, როგორც პოლიტიკოსს, ხასიათის სიმტკიცე აკლდა. მისი მთავარი საფიქრალი თანამდებობა იყო და ის, თუ რას იფიქრებდნენ მისი ზემდგომნი, როცა მის პროვინციაში შექმნილი მორიგი შფოთის შესახებ გაიგებდნენ და ამას ამბოხებაში ბრალდებულთა მიმართ ზედმეტი ლმობიერების გამოჩენაში ჩაუთვლიდნენ. პილატემ იცოდა, რომ იესო უდანაშაულო იყო და რომ მის ბრალმდებლებს შურდათ მისი. ამის მიუხედავად, ის დაჰყვა ბრბოს ნება-სურვილს და თავის პოლიტიკურ კარიერას საფრთხე რომ არ დამუქრებოდა, უდანაშაულო კაცი მოსაკლავად გაიმეტა.
პილატეს — „უმაღლეს ხელისუფალთა“ ერთ-ერთი წარმომადგენლის — მმართველობა ღვთის ნებით იყო დაშვებული (რმ. 13:1). ის იყო პასუხისმგებელი თავის გადაწყვეტილებებზე და ხელის დაბანვით თავის პასუხისმგებლობას ვერ გაექცეოდა. პილატეს ცოლის სიზმარიც ღვთისგან იყო, ისევე როგორც იმ დღეს მომხდარი მიწისძვრა, უჩვეულო სიბნელე და საწმინდრის ფარდის ორად გახევა (მთ. 27:19, 45, 51—54; ლკ. 23:44, 45). ცოლის სიზმარს უნდა მიეხვედრებინა პილატე, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი სასამართლო და არც ბრალდებული იყო ჩვეულებრივი ადამიანი. და მაინც, იესოს თქმით, უფრო დიდი ცოდვა მას ჰქონდა, ვინც მისი თავი პილატეს გადასცა (ინ. 19:10, 11). იუდას, რომელმაც იესო გასცა, „დაღუპვის ძე“ ეწოდა (ინ. 17:12). იესოს წინააღმდეგ შეთქმულებაში ფარისევლებიც იყვნენ დამნაშავე, რომლებსაც იესომ გეენის კერძი უწოდა (მთ. 23:15, 33; შდრ. ინ. 8:37—44). მაგრამ ღვთის წინაშე მთავარი დამნაშავე მღვდელმთავარი, სინედრიონის ხელმძღვანელი იყო, რომელმაც ღვთის ძე მოსაკლავად უცხოტომელ მმართველს გადასცა (მთ. 26:63—66). პილატეს საქციელი დასაგმობია, მაგრამ მისი დანაშაული მათსას ვერ შეედრება.
პილატეს ანტიპათია იესოს დასჯის ინიციატორების მიმართ მაშინ გამოჩნდა, როცა პილატემ ძელზე გაკრულ იესოს თავზე წარწერა — „იუდეველთა მეფე“ — გააკეთა და იუდეველთა უფროს მღვდლებს წარწერის შეცვლაზე ცივად უთხრა უარი. „რაც დავწერე, დავწერე“ — თქვა მან (ინ. 19:19—22). როცა იოსებ არიმათეელმა იესოს ცხედარი ითხოვა, პილატემ მისი თხოვნა მხოლოდ მას შემდეგ დააკმაყოფილა, რაც რომაელი მოხელისთვის ჩვეული პედანტიზმით შეამოწმა, იყო თუ არა იესო მკვდარი (მრ. 15:43—45). იესოს ცხედრის მოპარვის საშიშროებით შეშფოთებულ უფროს მღვდლებსა და ფარისევლებს პილატემ მკვახედ უთხრა: „თქვენ გყავთ მცველები. წადით და როგორც იცით, ისე დაიცავით“ (მთ. 27:62—65).
თანამდებობის დატოვება და სიკვდილი. პილატეს მოგვიანებით თანამდებობა დაატოვებინეს. იოსებ ფლავიუსის ცნობით, ამის მიზეზი ის საჩივრები იყო, რომლითაც სამარიელებმა პილატეს ზემდგომს, სირიის გამგებელ ვიტელიუსს მიმართეს. ისინი პილატეს ბრალს სდებდნენ იმ სამარიელების მკვლელობაში, რომლებიც ვიღაც თვითმარქვიამ გერიზიმის მთაზე აიყვანა ვითომდა მოსეს მიერ დამალული წმინდა საგანძურის საძებნელად. ვიტელიუსმა უბრძანა პილატეს რომში ტიბერიუსს ხლებოდა, პილატეს ადგილი კი მარცელუსს დააკავებინა. ტიბერიუსი ახ. წ. 37 წელს მოკვდა, მაშინ როცა პილატე რომისკენ მიემგზავრებოდა („იუდეველთა სიძველენი“, XVIII, 85-87 [iv, 1]; XVIII, 88, 89 [iv, 2], ინგლ.). სანდო ისტორიული ცნობები იმის შესახებ, თუ რით დასრულდა პილატეს სასამართლო, არ მოიპოვება. ახ. წ. III ს. დამლევსა და IV ს. დამდეგს მოღვაწე ისტორიკოს ევსები კესარიელის მტკიცებით პილატე იძულებული გახდა თავი მოეკლა ტიბერიუსის მემკვიდრის, გაიუსის (კალიგულა) მმართველობის დროს („საეკლესიო ისტორია“, წ. II, VII, გვ. 57, 58).
[სურათი]
1961 წელს კესარეაში ნაპოვნი ქვა, რომელზეც პონტიუს პილატეს სახელია ამოტვიფრული