წმინდა შეკრებები
ფრაზაში „წმინდა შეკრებები“ სიტყვა „შეკრება“ ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან მიკრაʼ, რომელიც მოხმობას, მოწვევას ნიშნავს. მისი ძირითადი მნიშვნელობა კარგად ჩანს რიცხვების 10:2-დან, სადაც ისრაელის კრებულის შეკრების აზრის გადმოსაცემად გამოიყენება (შდრ. ეს. 1:13).
წმინდა შეკრებებად ითვლებოდა: 1) ყოველი შაბათი (ლვ. 23:3); 2) უფუარობის დღესასწაულის პირველი და მეშვიდე დღე. ეს დღესასწაული პირველ თვეს, ნისანის თვეში (მარტ-აპრილი) იმართებოდა (რც. 28:18, 25; ლვ. 23:6—8); 3) კვირების ანუ პირველი ნაყოფის დღესასწაული, რომელსაც მოგვიანებით ორმოცდამეათე დღის დღესასწაული ეწოდა და იმართებოდა მესამე ანუ სივანის თვეში (მაის-ივნისში) (ლვ. 23:15—21); 4) მეშვიდე ანუ ეთანის, იგივე თიშრის (სექტემბერ-ოქტომბერი) თვის პირველი და მეათე დღეები. მეათე დღე გამოსყიდვის დღე იყო (ლვ. 23:23—27; რც. 29:1, 7); 5) პირველი დღე კარვობის დღესასწაულისა, რომელიც მეშვიდე ანუ ეთანის, იგივე თიშრის თვის მე-15 დღეს იწყებოდა. აგრეთვე ამ შვიდდღიანი დღესასწაულის მომდევნო დღე (ლვ. 23:33—36).
ეს „წმინდა შეკრებები“ იმით გამოირჩეოდა, რომ ხალხს ამ დროს მძიმე სამუშაოს შესრულება ეკრძალებოდა. მაგალითად, უფუარობის დღესასწაულის პირველ და მეშვიდე დღეებში წმინდა შეკრებები იმართებოდა, რომელთა შესახებაც იეჰოვას ნათქვამი ჰქონდა: „არავითარი საქმე არ აკეთოთ. მხოლოდ ის გააკეთეთ, რაც თითოეულს საჭმელად დაგჭირდებათ“ (გმ. 12:15, 16). მაგრამ წმინდა შეკრებების დროს მღვდლები იეჰოვასთვის მსხვერპლის შეწირვით იყვნენ დაკავებულნი (ლვ. 23:37, 38), რაც მათი მხრიდან სამუშაოსთან დაკავშირებული კანონის დარღვევად არ ითვლებოდა. მუშაობის აკრძალვა იმას არ ნიშნავდა, რომ ხალხი ამ დროს უსაქმურობდა. ისინი სულიერად მხნევდებოდნენ. შაბათობით ხალხი ერთად იკრიბებოდა ღვთის თაყვანსაცემად და დარიგების მოსასმენად. მათ საჯაროდ უკითხავდნენ და უხსნიდნენ ღვთის წერილობით სიტყვას, ისევე როგორც ეს მოგვიანებით სინაგოგებში ხდებოდა (სქ. 15:21). მართალია, ხალხი შაბათობით თუ სხვა „წმინდა შეკრებების“ დროს მძიმე სამუშაოს არ ასრულებდა, მაგრამ სამაგიეროდ ისინი ლოცულობდნენ და შემოქმედსა და მის განზრახვებზე ფიქრობდნენ (იხ. შეკრება).