წმინდა საიდუმლო
ის, რაც ღვთისგან მომდინარეობს და მის მიერ დადგენილ დრომდე დაფარული რჩება. ის მხოლოდ მათთვის ხდება ცხადი, ვისაც ღმერთს სურს, რომ გაუმჟღავნოს.
წმინდა საიდუმლოდ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა მისტერიონ უპირველესად აღნიშნავს იმას, რაც მხოლოდ განდობილებმა იციან. ადრინდელი ქრისტიანული კრების პერიოდში მათ, ვისაც ძველი მისტიკური რელიგიების საიდუმლო რიტუალებში მონაწილეობა სურდა, განდობის რიტუალი უნდა გაევლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მიიღებდნენ მონაწილეობას მისტერიებში და არც ეცოდინებოდათ მათ შესახებ. განდობილები დებდნენ დუმილის აღთქმას, რომ არავის გაუმჟღავნებდნენ საიდუმლოებებს. თუმცა ამ სიტყვას არარელიგიური დატვირთვაც ჰქონდა და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოიყენებოდა პირადი საიდუმლოს, მეგობრებს შორის საიდუმლოს ან ოჯახური საიდუმლოს აღსანიშნავად. მოციქულმა პავლემ ამ მნიშვნელობით გამოიყენა სიტყვა მიეო (ვნებითი გვარი), როცა წერდა: „ყველა ვითარებაში ვისწავლე [სიტყვასიტყვით: საიდუმლოები გამანდეს], რა არის სიმაძღრე და შიმშილი, რა არის სიუხვე და სიდუხჭირე“ (ფლ. 4:12).
განსხვავდება მისტიკური რელიგიების საიდუმლოებისგან. ბერძნული სიტყვა მისტერიონის შესახებ ძველი და ახალი აღთქმის ერთ ლექსიკონში ნათქვამია: «[„ახალ აღთქმაში“] ის რაღაც იდუმალზე კი არ მიუთითებს (როგორც ინგლისური სიტყვა), არამედ იმაზე, რაც აუხსნელად ადამიანის აღქმის საზღვრებს სცდება, რაც მხოლოდ ღვთის გამოცხადებით შეიცნობა და ისე და იმ დროს ცხადდება, როგორც ღმერთს სურს, თანაც მხოლოდ მათთვის, ვისაც მისი სული ეფინება. ჩვეულებრივ, საიდუმლოში დაფარული ცოდნა იგულისხმება, ბიბლიური მნიშვნელობით კი ის გამჟღავნებულ ჭეშმარიტებას ნიშნავს. აქედან გამომდინარე, განსახილველ საკითხს განსაკუთრებით უკავშირდება სიტყვები: „გაცხადებული“, „გამჟღავნებული“, „ნაქადაგები“, „გაგებული“, „განაწილებული“» (Vine’s Expository Dictionary of Old and New Testament Words, 1981, ტ. 3, გვ. 97).
ღვთის წმინდა საიდუმლოები და ბიბლიაში მოხსენიებული სხვა საიდუმლოები, მათ შორის დიდი ბაბილონის შესახებ საიდუმლო, მარადიულად არ რჩება გაუმჟღავნებელი. იეჰოვა ღმერთი მის მიერ დადგენილ დროს უმჟღავნებს მათ თავის რჩეულებს, თავის მოიმედეთ. მოციქული პავლე ამ საკითხზე ყურადღებას 1 კორინთელების 2:6—16-ში ამახვილებს. ღვთის წმინდა საიდუმლოს ის „დაფარულ სიბრძნეს“ უწოდებს, რომელიც ღვთის სულის მეშვეობით უმჟღავნდება ღვთის ქრისტიან მსახურებს. მას ვერავინ ჩასწვდება ქვეყნიერების სულით ან ადამიანური სიბრძნით. მას ლაპარაკობენ და იგებენ მხოლოდ ისინი, ვინც სულიერ საკითხებსა და სულიერ სიტყვებს ერთმანეთს უკავშირებს. უფრო ადრე იესო ქრისტემ უთხრა თავის მოწაფეებს: „თქვენ მოცემული გაქვთ ღვთის სამეფოს წმინდა საიდუმლო [ბერძ. მისტერიონ], გარეშეებს კი ყველაფერს მაგალითებით ველაპარაკები, რათა, თუმცა იყურებიან, უყურონ, მაგრამ ვერ დაინახონ, თუმცა ისმენენ, მოისმინონ, მაგრამ აზრს ვერ ჩასწვდნენ, ვერც მობრუნდნენ და არც ეპატიოთ“ (მრ. 4:11, 12; მთ. 13:11—13; ლკ. 8:10).
ღვთის წმინდა საიდუმლო და მისტიკური რელიგიების საიდუმლოებები უპირველესად ძალიან განსხვავდება შინაარსით: ღვთის საიდუმლო სასიხარულო ცნობაა და არა სიცრუე ან ადამიანთა გამონაგონი (ინ. 8:31, 32, 44; კლ. 1:5; 1ინ. 2:27). ამასთან, მათ, ვისაც ღმერთმა თავისი წმინდა საიდუმლო გაუმჟღავნა, ევალებათ, კი არ დამალონ ის, არამედ სახალხოდ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუცხადონ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამაზე მოწმობს ის ფაქტიც, რომ „სასიხარულო ცნობის წმინდა საიდუმლოსთან“ ბიბლიაში გამოყენებულია სიტყვები: „ქადაგება“, „უწყება“, „გაცხადება“ და „ლაპარაკი“. ჭეშმარიტი ქრისტიანები უდიდესი თავგამოდებით აუწყებდნენ „ყველა ქმნილებას ცისქვეშეთში“ სასიხარულო ცნობას წმინდა საიდუმლოს შესახებ (1კრ. 2:1; ეფ. 6:19; კლ. 1:23; 4:3, 4). ღმერთი წყვეტს, ვინ არის უღირსი და ვინ ვერ ჩასწვდება წმინდა საიდუმლოს, თუმცა ის მიუკერძოებელია. ის „უგრძნობი გულების გამო“ არ უმჟღავნებს მათ თავის წმინდა საიდუმლოს (ეფ. 4:17, 18).
ქრისტე წმინდა საიდუმლოს მთავარი ფიგურაა. „იესოს შესახებ დამოწმებაა წინასწარმეტყველების მიზანი“, აქედან გამომდინარე, ქრისტე „ღვთის წმინდა საიდუმლოს“ მთავარი ფიგურაა (გმც. 19:10; კლ. 2:2). ღვთის ყველა „წმინდა საიდუმლოება“ მესიის სამეფოს უკავშირდება (მთ. 13:11). მოციქული პავლე თანაქრისტიანებს სწერდა: „მასში საგულდაგულოდ არის დამალული სიბრძნისა და ცოდნის მთელი განძი“ და „მასშია სხეულებრივად დამკვიდრებული ღვთაებრიობის მთელი სისავსე“ (კლ. 2:2, 3, 9).
პავლემ თავის თავს „ღვთის წმინდა საიდუმლოთა“ მმართველი უწოდა (1კრ. 4:1). მან თქვა, რომ ესმოდა „წმინდა საიდუმლო ქრისტეს შესახებ“ (ეფ. 3:1—4). როგორც პავლე ამბობს, წმინდა საიდუმლო დაფარული სიბრძნეა, რომელიც ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა ამ ქვეყნიერებამდე (1კრ. 2:7). ეს წმინდა საიდუმლო იეჰოვამ პირველად მაშინ გააცხადა, როცა დაბადების 3:15-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება წარმოთქვა. საუკუნეების განმავლობაში ღვთისმოსავი მამაკაცები ელოდებოდნენ აღთქმულ შთამომავალს, რომელიც კაცობრიობას ცოდვისა და სიკვდილისგან დაიხსნიდა, მაგრამ მათ ბოლომდე არ ესმოდათ, ვინ იქნებოდა ის, როგორ მოვიდოდა და როგორ იხსნიდა ადამიანებს. ეს მხოლოდ ქრისტეს დედამიწაზე მოსვლის შემდეგ გახდა ცხადი, როცა მან „სიცოცხლესა და უხრწნელობას შუქი მოჰფინა სასიხარულო ცნობით“ (2ტმ. 1:10). ამ დროიდან მოყოლებული ქალის შთამომავლის შესახებ საიდუმლოს უფრო და უფრო ეფინებოდა ნათელი.
მესიის სამეფო. თავის წერილებში მოციქული პავლე სრულ წარმოდგენას გვიქმნის ქრისტეს შესახებ წმინდა საიდუმლოზე. ეფესოელების 1:9—11-ში ის ამბობს, რომ ღმერთმა „გვამცნო თავისი ნების წმინდა საიდუმლო, რომელიც მოსაწონია მისთვის, და გადაწყვიტა, განეგო დანიშნული დროების გასრულებიდან, ანუ ქრისტეში კვლავ მოუყაროს თავი ყველაფერს, რაც ზეცაშია და რაც დედამიწაზეა; დიახ, მასში, ვისთან ერთობაშიც დავინიშნეთ მემკვიდრეებად, წინასწარ ვიქენით განწესებულნი მისი განზრახვით, ვინც ყველაფერს თავისი ნებისამებრ ამოქმედებს“. ეს „წმინდა საიდუმლო“ უკავშირდება ხელისუფლებას ანუ ღვთის მიერ არჩეულ მესიის სამეფოს. სიტყვებში, „ყველაფერი, რაც ზეცაშია“ პავლე გულისხმობს ზეციერ სამეფოში ქრისტეს თანამემკვიდრეებს; ხოლო ყველაფერი, რაც დედამიწაზეა, მიუთითებს ამ სამეფოს ქვეშევრდომებზე. წმინდა საიდუმლოსა და ღვთის სამეფოს შორის კავშირი იესომაც დაანახვა თავის მოწაფეებს: „თქვენ მოცემული გაქვთ ღვთის სამეფოს წმინდა საიდუმლო“ (მრ. 4:11).
უკავშირდება კრებას. წმინდა საიდუმლო მრავალ ასპექტს მოიცავს. პავლე წმინდა საიდუმლოს შესახებ დამატებით დეტალებს გვამცნობს და ხსნის, რომ იგი კრებასაც უკავშირდება, რომლის თავიც ქრისტეა (ეფ. 5:32; კლ. 1:18; გმც. 1:20). კრების წევრები ქრისტესთან ერთად სამეფოს მემკვიდრეები არიან (ლკ. 22:29, 30). ღმერთმა ისინი როგორც ებრაელებიდან, ისე უცხოტომელებიდან აირჩია (რმ. 11:25; ეფ. 3:3—6; კლ. 1:26, 27). „წმინდა საიდუმლოს“ ამ ასპექტს მხოლოდ მაშინ მოეფინა ნათელი, როცა ახ. წ. 36 წელს ღვთის მითითებით უცხოტომელ კორნელიუსთან მისული პეტრე იმის მოწმე გახდა, როგორ მიიღო კორნელიუსმა თავის ოჯახთან ერთად წმინდა სულის ძღვენი (სქ. 10:34, 44—48). პავლე არაებრაელ ქრისტიანებს სწერდა: „ქრისტეს გარეშე იყავით ... დანაპირების შეთანხმებებისთვის უცხოები, უიმედოები და უღმერთოები იყავით ქვეყნიერებაში. ერთ დროს შორს მყოფნი, ახლა ქრისტეს სისხლით გახდით ახლოს მყოფნი ქრისტე იესოსთან ერთობაში“ (ეფ. 2:11—13). ის, თუ როგორ შეასრულებდა ღმერთი კრებასთან დაკავშირებულ თავის განზრახვას, „ზეციურ მთავრობებსა და ხელისუფლებებს ... ღვთის მრავალმხრივ სიბრძნეს“ დაანახვებდა (ეფ. 3:10).
იოანეს „გამოცხადებიდან“ ვიგებთ, რომ ეს კრება შედგება 144 000 წევრისგან, რომლებიც „ადამიანთაგან იქნენ ნაყიდნი, როგორც პირველი ნაყოფი ღვთისა და კრავისთვის“. ისინი კრავთან, იესო ქრისტესთან ერთად დგანან სიონის მთაზე, სადაც „ცოცხალი ღვთის ქალაქი — ზეციერი იერუსალიმი“ მდებარეობს. ძველ დროს „იეჰოვას ტახტი“ იერუსალიმში იდგა და მასზე მსხდომი მეფეები დავითის შთამომავლები იყვნენ. იერუსალიმშივე იდგა იეჰოვას ტაძარიც. იესო ქრისტე ზეციერ იერუსალიმში გამეფდა. მასთან ერთად მისი ერთგული სულით ცხებული მიმდევრებიც იმეფებენ (გმც. 14:1, 4; ებ. 12:22; 1მტ. 29:23; 1პტ. 2:4—6). ქრისტეს მოსვლის დროს ამ კრების წევრების უკვდავებისა და უხრწნელობისთვის აღდგენა კრებასთან დაკავშირებული ღვთის განზრახვის ერთ-ერთი მხარეა. ამასაც „წმინდა საიდუმლო“ ეწოდება (1კრ. 15:51—54).
ღვთისადმი ერთგულების წმინდა საიდუმლო. პავლემ ტიმოთეს მისწერა: «მაინც გწერ ამას, რათა ... იცოდე, როგორ მოიქცე ღვთის სახლეულობაში, რომელიც ცოცხალი ღვთის კრებაა, ჭეშმარიტების სვეტი და საყრდენი. ღვთისადმი ერთგულების წმინდა საიდუმლო უეჭველად დიდია: „ის [იესო ქრისტე] გამოცხადდა ხორცში, მართლად იქნა აღიარებული სულში, ეჩვენა ანგელოზებს, მასზე იქადაგეს ყველა ხალხში, ირწმუნეს ქვეყნიერებაში და აყვანილ იქნა დიდებაში“» (1ტმ. 3:14—16).
„ცოცხალი ღვთის კრება“ ფლობდა ჭეშმარიტებას და ზუსტად იცოდა ღვთისადმი ნამდვილი ერთგულების წმინდა საიდუმლო. ამასთან, კრება მხოლოდ გარეგნულად კი არ ავლენდა ღვთისადმი ერთგულებას, არამედ ის გავლენას ახდენდა კრებაზე (შდრ. 2ტმ. 3:5). ამიტომ მას შეეძლო ყოფილიყო „ჭეშმარიტების სვეტი და საყრდენი“ ქვეყნიერებაში, სადაც გაბატონებულია მცდარი აზროვნება და ცრუ რელიგია, რომელიც სატანისა და მის მიერ დაბრმავებულთათვის წმინდა საიდუმლოს წარმოადგენს (2კრ. 4:4). იესო ქრისტეს ღვთისადმი ერთგულება ნაწინასწარმეტყველები და აღწერილი იყო ღვთივშთაგონებულ ებრაულ წერილებში. მას შემდეგ, რაც სატანამ გაილაშქრა ღვთის უზენაესობის წინააღმდეგ და ეჭვქვეშ დააყენა ადამიანის ერთგულება, საუკუნეების მანძილზე „წმინდა საიდუმლოს“ წარმოადგენდა ის, შეძლებდა თუ არა ვინმე ეშმაკის ზეწოლის მიუხედავად ღვთისადმი სრული, ურყევი და უმანკო ერთგულების შენარჩუნებას. საერთოდ იქნებოდა შესაძლებელი, რომ ვინმეს განსაცდელი ბოლომდე მოეთმინა და დარჩენილიყო წმინდა და უცოდველი და იეჰოვასადმი განსაკუთრებით ერთგული? გარდა ამისა, ვინ იქნებოდა ქალის შთამომავალი, რომელიც თავს გაუჭეჭყავდა გველს? ეს ყველაფერი საბოლოოდ მაშინ გახდა ცხადი, როცა ქრისტე „გამოცხადდა ხორცში, მართლად იქნა აღიარებული სულში, ეჩვენა ანგელოზებს, მასზე იქადაგეს ყველა ხალხში, ირწმუნეს ქვეყნიერებაში და აყვანილ იქნა დიდებაში“ (1ტმ. 3:16; 6:16). ეს მართლაც დიდი საიდუმლო იყო. ღვთისადმი ერთგულებასთან დაკავშირებული საკამათო საკითხის გადასაწყვეტად მთავარი როლი იესო ქრისტეს ეკისრა. ღვთისადმი ქრისტეს მიერ გამოვლენილ ერთგულებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ის უამრავ კურთხევას მოუტანს მთელ კაცობრიობას და განადიდებს იეჰოვას სახელს (იხ. ღვთისადმი ერთგულება).
დასასრული. ხილვაში მოციქულმა იოანემ შემდეგი სიტყვები მოისმინა: „იმ დღეებში, როცა მეშვიდე ანგელოზის ხმა გაისმება, როცა ის საყვირის ჩაბერვას დააპირებს, დასრულდება ღვთის წმინდა საიდუმლო, როგორც მან ახარა თავის მონებს, წინასწარმეტყველებს“ (გმც. 10:7). წმინდა საიდუმლოს დასასრული უკავშირდება მეშვიდე ანგელოზის მიერ საყვირის ჩაბერვას, რის შემდეგაც ზეცაში გაისმება სიტყვები: „ქვეყნიერების სამეფო ჩვენი უფლისა და მისი ქრისტეს სამეფო გახდა და ის იმეფებს მარადიულად“ (გმც. 11:15). ამგვარად, ღვთის წმინდა საიდუმლო მაშინ სრულდება, როცა იეჰოვა თავისი მესიის, ანუ ქრისტეს მეშვეობით იწყებს მმართველობას. იესო ქრისტე ვრცლად ესაუბრა თავის მოწაფეებს, ღვთის მონებს, ღვთის სამეფოს შესახებ და უთხრა, რომ „სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ“ ქვეყნიერების აღსასრულამდე (ბერძ. ტელოს) იქადაგებდნენ. ღვთის წმინდა საიდუმლოს დასრულების შემდეგ „სასიხარულო ცნობაში“ შედიოდა ისიც, რასაც ზეცაში აცხადებდნენ: „ქვეყნიერების სამეფო ჩვენი უფლისა და მისი ქრისტეს სამეფო გახდა“ (მთ. 24:3, 14).
ინფორმაცია „უკანონობის საიდუმლოს“ შესახებ (2თს. 2:7) იხ. სტატიაში უკანონობის კაცი; ინფორმაცია „დიდი ბაბილონის“ საიდუმლოს შესახებ (გმც. 17:5) იხ. სტატიაში დიდი ბაბილონი.