ღირს ამ კითხვაზე პასუხის გაგება?
„ათი წლის ვიყავი, როცა ბიჭებში სიარული დავიწყე. თავიდან ხელჩაკიდებული დავდიოდით და ვკოცნაობდით. შემდეგ კი ინტიმურ ადგილებზე ვეხებოდით ერთმანეთს და ათასგვარ გარყვნილებას მივმართავდით. 15 წლისამ მუშაობა დავიწყე. სამუშაოზე კაცები ხშირად მთავაზობდნენ სექსს. მინდოდა, ყველასთვის დამემტკიცებინა, რა „მაგარი“ ვიყავი და ამიტომ, თანამშრომლების მსგავსად, უკან არაფერზე ვიხევდი. მსურდა, მათ თვალში აღიარებული ვყოფილიყავი, რამაც უფრო აღვირახსნილი სქესობრივი ცხოვრებისკენ მიბიძგა“ (სარა,a ავსტრალია).
ალბათ, გაგაოცებთ იმის გაგება, რომ სარა მორწმუნე ოჯახში გაიზარდა. მშობლები ცდილობდნენ, სარა ისე აღეზარდათ, რომ მას ღვთის ზნეობრივი ნორმებით ეცხოვრა. მაგრამ მან სხვაგვარი ცხოვრების წესი აირჩია.
დღეს შეიძლება ბევრმა გაამართლოს სარას არჩევანი. ისინი, ალბათ, ფიქრობენ, რომ ბიბლიის თვალსაზრისი სექსზე დრომოჭმულია. ზოგს მორწმუნედ მოაქვს თავი, მაგრამ აღვირახსნილ ცხოვრებას ეწევა.
ღირს გავიგოთ ბიბლიის თვალსაზრისი სექსზე და შესაბამისად ვიცხოვროთ? ბიბლიაში წერია, რომ ეს წიგნი „ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად“ (2 ტიმოთე 3:16). თუ გჯერათ, რომ ადამიანები ღმერთმა შექმნა და ბიბლია მის მიერ შთაგონებული წიგნია, მაშინ, ალბათ, თქვენთვის საინტერესო იქნება იმის გაგება, თუ რას ამბობს ბიბლია ამ საკითხზე.
სამწუხაროდ, ბევრს ვეღარ გაუგია, რას ამბობს ბიბლია სექსზე. რელიგიური ლიდერები, რომლებიც აცხადებენ, რომ ბიბლია მათთვის ავტორიტეტია, სექსის შესახებ ურთიერთგამომრიცხავ შეხედულებებს ავრცელებენ. უფრო მეტიც, ბევრი წამყვანი რელიგია ამ საკითხს სხვადასხვაგვარად ხსნის.
ნაცვლად იმისა, რომ სხვების ნათქვამი ბრმად დაიჯეროთ, კარგი იქნება, რამდენიმე წუთი გამოყოთ ამ საკითხის გამოსაკვლევად. მომდევნო სტატიაში განვიხილავთ ათ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვას სექსის შესახებ და გავიგებთ ბიბლიის თვალსაზრისს. სტატიიდან დავინახავთ, რას ასწავლის ბიბლია სინამდვილეში სექსზე. ამ სერიის ბოლო სტატიაში კი განვიხილავთ, რატომ აქვს ჩვენს არჩევანს დიდი მნიშვნელობა.
[სქოლიო]
a სახელი შეცვლილია.