დაბადება
21 მოხედა იეჰოვამ სარას თავისი სიტყვისამებრ და ის გააკეთა იეჰოვამ, რაც ნათქვამი ჰქონდა.+ 2 დაორსულდა სარა+ და ვაჟი გაუჩინა მოხუც აბრაამს დანიშნულ დროს, რომელზეც ღმერთი ელაპარაკა.+ 3 აბრაამმა თავის ვაჟს, რომელიც სარასგან შეეძინა, ისაკი დაარქვა.+ 4 წინადაცვითა რვა დღის ისაკი აბრაამმა, როგორც ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები.+ 5 ასი წლისა იყო აბრაამი, როცა ვაჟი, ისაკი შეეძინა. 6 სარამ თქვა: „გამაცინა ღმერთმა; ყველა გაიცინებს, ვინც ამას გაიგებს“.+ 7 ამბობდა: „ვინ ეტყოდა აბრაამს, სარა შვილებს ძუძუს მოაწოვებსო?! მე კი ვაჟი გავუჩინე მას, მოხუცებულს“.
8 წამოიზარდა ბავშვი და ძუძუს მოსწყვიტეს.+ იმ დღეს, როცა ისაკი ძუძუს მოსწყვიტეს, დიდი ნადიმი გამართა აბრაამმა. 9 ამჩნევდა სარა, რომ ეგვიპტელი აგარის+ ვაჟი, რომელიც მან აბრაამს გაუჩინა, დასცინოდა ისაკს.+ 10 მან უთხრა აბრაამს: „გააძევე ეს მხევალი და მისი ვაჟი, ვერ იქნება ის მემკვიდრე ჩემს ვაჟთან, ისაკთან ერთად!“+ 11 მეტისმეტად დამწუხრდა აბრაამი თავისი ვაჟის გამო.+ 12 ღმერთმა აბრაამს უთხრა: „ნუ დამწუხრდები იმის გამო, რასაც სარა გეუბნება ამ ყმაწვილსა და შენს მხევალზე. მოუსმინე მას, რადგან ის, ვისაც შენი შთამომავალი ეწოდება, ისაკისგან წარმოიშობა.+ 13 შენი მხევლის ვაჟსაც+ ვაქცევ ერად, რადგან შენი შთამომავალია იგი“.+
14 ადგა აბრაამი დილით ადრე, აიღო პური, წყლით სავსე ტიკი, ზურგზე მოჰკიდა აგარს+ და შვილთან+ ერთად გაუშვა. წავიდა იგი და ბეერ-შებას+ უდაბნოში დაეხეტებოდა. 15 ბოლოს ტიკში წყალი გაუთავდა+ და ბავშვი ბუჩქის ძირში დატოვა,+ 16 თვითონ კი წავიდა და ისრის სასროლ მანძილზე დაჯდა თავისთვის, ამბობდა, არ დავინახოო ბავშვის სიკვდილი.+ შორიახლო დაჯდა და ხმამაღლა ატირდა.+
17 გაიგო ღმერთმა იმ ყმაწვილის ხმა.+ დაუძახა ზეციდან ღვთის ანგელოზმა აგარს და უთხრა:+ „აგარ, რა მოგივიდა? ნუ გეშინია, რადგან გაიგონა ღმერთმა ბიჭის ხმა იმ ადგილიდან, სადაც ის არის. 18 წამოდექი, წამოაყენე ყმაწვილი და ხელი მოჰკიდე, რადგან დიდ ერად ვაქცევ მას“.+ 19 აუხილა ღმერთმა მას თვალი და დაინახა მან ჭა.+ მივიდა, ტიკი წყლით აავსო და შვილს დაალევინა. 20 ღმერთი იყო ყმაწვილთან.+ იზრდებოდა იგი. უდაბნოში ცხოვრობდა და მშვილდოსანი გახდა.+ 21 ფარანის უდაბნოში+ დასახლდა იგი, დედამისმა კი ცოლი ეგვიპტიდან მოუყვანა.
22 აბიმელექმა და მისი ჯარის მხედართმთავარმა აბრაამს უთხრეს: „ყველაფერში, რასაც აკეთებ, შენთან არის ღმერთი.+ 23 ღვთის სახელით დაიფიცე+ ჩემ წინაშე, რომ არ მიმტყუნებ არც მე, არც ჩემს შთამომავლობას და არც ჩემს მოდგმას,+ და მე და ჩემს ქვეყანას, სადაც ხიზნობდი,+ ურყევი სიყვარულით* მოგვექცევი, როგორც მე გექცეოდი“.+ 24 აბრაამმა უთხრა: „ვფიცავ!“+
25 როცა აბრაამმა მკაცრად უსაყვედურა აბიმელექს ჭის გამო, რომელიც აბიმელექის მსახურებმა ძალით ჩაიგდეს ხელში,+ 26 მან მიუგო: „არ ვიცი, ვინ ჩაიდინა ეს. შენც არ გითქვამს ჩემთვის და ეს დღეს პირველად გავიგე“.+ 27 მისცა აბრაამმა აბიმელექს ცხვარ-ძროხა+ და ორივემ დადო შეთანხმება.+ 28 როცა აბრაამმა შვიდი დედალი ბატკანი ცალკე დააყენა, 29 აბიმელექმა ჰკითხა აბრაამს: „ცალკე რატომ დააყენე ეს შვიდი ბატკანი?“ 30 მან მიუგო: „ჩემი ხელიდან უნდა მიიღო ეს შვიდი ბატკანი იმის ნიშნად,+ რომ ეს ჭა ჩემი ამოთხრილია“. 31 ამიტომ უწოდა იმ ადგილს ბეერ-შება*,+ რადგან ორივემ იქ დაიფიცა. 32 დადეს მათ შეთანხმება+ ბეერ-შებაში, რის შემდეგაც ადგა აბიმელექი და თავისი ჯარის მხედართმთავარ ფიქოლთან ერთად დაბრუნდა ფილისტიმელების მიწაზე.+ 33 ამის შემდეგ დარგო აბრაამმა ბეერ-შებაში იალღუნის ხე და იქ მოუხმო იეჰოვას,+ მარადიული ღვთის სახელს.+ 34 აბრაამი კიდევ დიდხანს ხიზნობდა ფილისტიმელების მიწაზე.+