დაბადება
40 ეგვიპტის მეფის მწდეთუხუცესმა*+ და მეპურეთუხუცესმა შესცოდეს თავიანთ ბატონს, ეგვიპტის მეფეს. 2 განრისხდა ფარაონი იმ ორ მოხელეზე, მწდეთუხუცესსა და მეპურეთუხუცესზე,+ 3 და ჩაყარა მცველთა უფროსის+ სახლის საპატიმროში, იქ, სადაც იოსები იყო.+ 4 მცველთა უფროსმა მათ იოსები მიუჩინა, რომ ეზრუნა მათზე.+ ისინი რამდენიმე ხანს იყვნენ საპატიმროში.
5 ეგვიპტის მეფის მწდეთუხუცესმა და მეპურეთუხუცესმა, რომლებიც საპყრობილეში იყვნენ, ერთ ღამეს ნახეს სიზმრები; თითოეულ სიზმარს თავისი ახსნა ჰქონდა. 6 დილით, როცა იოსები მათთან მივიდა, დამწუხრებულები დახვდნენ. 7 იოსებმა ფარაონის მოხელეებს, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ მისი ბატონის სახლის საპატიმროში, ჰკითხა: „რატომ ხართ სახედაღვრემილნი?“ 8 მათ მიუგეს: „სიზმრები ვნახეთ, მაგრამ ამხსნელი არავინ გვყავს“. იოსებმა უთხრა: „ღვთისგან არ არის ახსნა?!+ მომიყევით“.
9 მწდეთუხუცესმა იოსებს თავისი სიზმარი უამბო: „ვაზი მესიზმრა. 10 სამი რქა ჰქონდა. ვაზმა კვირტი გამოიტანა, გაიფურჩქნა და მტევნები დამწიფდა. 11 ხელში ფარაონის სასმისი მეჭირა. ავიღე ყურძენი, სასმისში ჩავწურე და ფარაონს მივაწოდე“. 12 იოსებმა უთხრა: „აი, როგორი ახსნა აქვს ამ სიზმარს: სამი რქა სამი დღეა. 13 სამ დღეში გაგიყვანს ფარაონი და დაგაბრუნებს შენს სამსახურში.+ კვლავ მიაწვდი ფარაონს სასმისს, როგორც ამას მწდეთუხუცესობის დროს აკეთებდი.+ 14 ოღონდ არ დამივიწყო, როცა ხელი მოგემართება; გამიკეთე სიკეთე* და მახსენე ფარაონთან, იქნებ მეც გამიყვანო. 15 ებრაელთა მიწიდან მომიტაცეს;+ ისეთი არაფერი გამიკეთებია, რომ ახლა დილეგში ვიჯდე“.+
16 როცა მცხობელთა უფროსმა დაინახა, რომ იოსებმა სიზმარი მწდეთუხუცესის სასიკეთოდ ახსნა, უთხრა: „მეც ვნახე სიზმარი: თავზე სამი კალათა მედგა, რომლებშიც თეთრი პური ელაგა. 17 სულ ზემოთა კალათაში ფარაონისთვის გამომცხვარი ნაირ-ნაირი ნახელავი ეწყო, რომელსაც ფრინველები ჭამდნენ ჩემს თავზე დადგმული კალათიდან“. 18 იოსებმა მიუგო: „აი, როგორი ახსნა აქვს ამ სიზმარს: სამი კალათა სამი დღეა. 19 სამ დღეში ფარაონი თავს მოგკვეთს, ძელზე ჩამოგკიდებს და შენს ხორცს ფრინველები შეჭამენ“.+
20 მესამე დღეს ფარაონის დაბადების დღე იყო.+ მან ნადიმი გაუმართა ყველა მსახურს; მოიყვანა მწდეთუხუცესიც და მეპურეთუხუცესიც. 21 მწდეთუხუცესი თავის ადგილზე დააბრუნა და ის კვლავ აწვდიდა ფარაონს სასმისს, 22 მეპურეთუხუცესი კი ძელზე ჩამოკიდა. ისე მოხდა, როგორც იოსებმა აუხსნა მათ.+ 23 მაგრამ მწდეთუხუცესს იოსები არც კი გახსენებია, დაავიწყდა იგი.+