19 იობმა მიუგო:
2 „როდემდე უნდა მიშფოთებდეთ სულს+
და როდემდე უნდა მმუსრავდეთ სიტყვებით?!+
3 ათჯერ გამკიცხეთ;
არა გრცხვენიათ, ასე დაუნდობლად რომ მექცევით?!+
4 თუ მართლა შევცოდე,
ეს ხომ ჩემი დანაშაულია.
5 ჩემთან რომ მედიდურობთ
და ირწმუნებით, დამცირება სამართლიანად დაიმსახურეო,
6 იცოდეთ, რომ ღმერთმა შემიტყუა
და ბადეში გამაბა.
7 ვღაღადებ, ძალადობაა-მეთქი, მაგრამ არავინ მპასუხობს.+
შველას ვითხოვ, მაგრამ არ არის სამართალი.+
8 გზა ქვის კედლით ჩამიკეტა და წინ ვეღარ მივდივარ;
ჩამიბნელა გზასავალი.+
9 დიდება შემომაძარცვა
და თავიდან გვირგვინი მომხსნა.
10 ყოველმხრივ მანადგურებს, წასულია ჩემი საქმე,
ხესავით ძირკვავს ჩემს იმედს.
11 განრისხებულია ჩემზე
და მტრად მთვლის.+
12 მწყობრად მოემართება მისი რაზმი და ალყაში მაქცევს,
ჩემი კარვის ირგვლივ ბანაკდებიან.
13 ძმებს დამაშორა
და ვინც მიცნობდა, ზურგი მაქცია.+
14 ახლობლები შემომეფანტნენ
და მეგობრებმა დამივიწყეს.+
15 ჩემს სტუმრებსა+ და ჩემს მხევლებს ვეუცხოები,
მათთვის უცხოტომელივით ვარ.
16 ვეძახი ჩემს მონას, მაგრამ არ მპასუხობს;
ვევედრები, რომ თანამიგრძნოს.
17 ჩემი ცოლი ჩემს სუნთქვასაც ვეღარ იტანს;+
საკუთარი ძმებისთვისაც კი სიმყრალედ ვიქეცი.
18 ყმაწვილებიც კი არაფრად მაგდებენ;
ჩემს დანახვაზე სიცილი უვარდებათ.
19 ყველა ჩემმა მეგობარმა შემიძულა+
და ვინც მიყვარდა, მტრად მექცა.+
20 ცარიელი ძვალი და ტყავიღა დავრჩი,+
სული კბილით მიჭირავს.
21 შემიბრალეთ, მეგობრებო, შემიბრალეთ,
თავად ღვთის ხელი მომწვდა.+
22 ის არ მეყოფა, ღმერთი რომ მდევნის,
თქვენ რატომღა მდევნით?!+
რით ვერ გაძეხით ჩემი ხორცით?!+
23 ნეტავ დაიწერებოდეს ჩემი სიტყვები!
ნეტავ წიგნში ჩაიწერებოდეს!
24 ნეტავ კლდეზე სამუდამოდ ამოიტვიფრებოდეს
საჭრისით და ამოივსებოდეს ტყვიით!
25 კარგად ვიცი, რომ ცოცხალია ჩემი გამომსყიდველი,+
ის ჩემ შემდეგ მოვა და მიწაზე წამოიმართება.
26 კანი რომ შემომეცლება,
მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი ვიქნები, ღმერთს ვიხილავ.
27 მე თვითონ ვიხილავ მას.
ჩემი თვალი იხილავს მას და არა სხვისი,+
მაგრამ შინაგანად განადგურებული ვარ.
28 თქვენ ამბობთ, როდის ვდევნითო,+
არადა, უბედურების მიზეზს ჩემში ხედავთ.
29 გეშინოდეთ მახვილის,+
მახვილით ისჯებიან დანაშაულის ჩამდენნი;
იცოდეთ, რომ არის მოსამართლე“.+