გუნდის ხელმძღვანელს. დავითის, იეჰოვას მსახურის, საგალობელი, რომელიც მაშინ უმღერა იეჰოვას, როცა იხსნა იგი იეჰოვამ ყველა მისი მტრის, მათ შორის, საულის ხელიდან. აი, რა თქვა მან:+
18 მეყვარები, იეჰოვა, ჩემო ძალავ!+
2 იეჰოვაა ჩემი კლდე, ჩემი ციხესიმაგრე და მხსნელი.+
ჩემი ღმერთი ჩემი კლდეა,+ თავს ვაფარებ მას,
ჩემს ფარსა და ძლევამოსილ მხსნელს, ჩემს თავშესაფარს.+
3 ვუხმობ იეჰოვას, დიდად საქებარს,
ის დამიხსნის მტრებისგან.+
4 სიკვდილის საბელებით შევიკარი;+
უვარგისი ხალხის მოზღვავებამ თავზარი დამცა.+
5 სამარის საბელები შემომეხვია
და სიკვდილმა დამიგო მახე.+
6 გასაჭირში მოვუხმე იეჰოვას,
შველას ვთხოვდი ჩემს ღმერთს;
თავისი ტაძრიდან მოისმინა ჩემი ხმა,+
მომისმინა, როცა შველას შევთხოვდი.+
7 შეირყა და შეიძრა დედამიწა,+
შეტორტმანდა მთათა საძირკვლები,
შეირყა მისი რისხვისგან.+
8 კვამლი გამოვარდა მისი ნესტოებიდან
და შთამნთქმელი ცეცხლი — მისი პირიდან;+
გავარვარებული ნაკვერჩხლები ცვიოდა მისგან.
9 მოდრიკა ზეცა, როცა ჩამოდიოდა,+
წყვდიადი იყო მის ფეხქვეშ.+
10 ქერუბიმზე ამხედრებული მოფრინავდა,+
სულის ფრთებით დაეშვა ძირს.+
11 სიბნელე მოიბურა,+ თავის კარვად აქცია
საავდრო სქელი ღრუბლები.+
12 მის ბრწყინვალებაზე
სეტყვამ და ნაკვერჩხლებმა გამოარღვიეს ღრუბლები.
13 ციდან დაიქუხა იეჰოვამ,+
უზენაესის ხმა გაისმა+
და ჩამოცვივდა სეტყვა და ნაკვერჩხლები.
14 ისრები დაუშინა და დაფანტა მტრები;+
გასტყორცნა ელვა და თავგზა აუბნია მათ.+
15 იეჰოვა, შენმა რისხვამ,
შენი ნესტოებიდან მონაბერმა ქარმა
გააშიშვლა მდინარის კალაპოტები,+ გამოაჩინა მიწის საძირკვლები.+
16 ჩამომწვდა, ხელი ჩამჭიდა
და ღრმა წყლიდან ამომიყვანა.+
17 მიხსნა ძლიერი მტრისგან,+
ჩემს მოძულეთაგან, ჩემზე ძლიერთაგან.+
18 გაჭირვებაში მყოფს დამიპირისპირდნენ,+
მაგრამ იეჰოვა იყო ჩემი ბურჯი.
19 უსაფრთხო ადგილას გამომიყვანა,
მიხსნა, რადგან სასურველი ვიყავი მისთვის.+
20 იეჰოვა მაჯილდოებს ჩემი სიმართლისამებრ,+
მომიზღავს ჩემი უდანაშაულობისამებრ.+
21 იეჰოვას გზებით დავდიოდი,
ბოროტება არ ჩამიდენია, არ განვდგომივარ ჩემს ღმერთს.
22 არცერთი მისი მითითება არ დამვიწყებია;
არ უკუვაგდებ მის წესებს.
23 უბიწო დავრჩები მის წინაშე+
და თავს ავარიდებ დანაშაულს.+
24 იეჰოვამ მომიზღას ჩემი სიმართლისამებრ,+
მან მომაგოს ჩემი უდანაშაულობისამებრ!+
25 ერთგულს ერთგულებით უპასუხებ,+
უბიწო კაცს უბიწოდ მოექცევი,+
26 წრფელთან წრფელი იქნები,+
მზაკვართან კი — გამჭრიახი.+
27 საწყლებს იხსნი,+
ამპარტავნებს კი ამცირებ.+
28 იეჰოვა, შენ ანთებ ჩემს ლამპარს;
ჩემი ღმერთი მინათებს ბნელს.+
29 შენი შეწევნით მოთარეშეებს შევებრძოლები;+
ჩემი ღვთის ძალით გალავანზეც გადავალ.+
30 სრულყოფილია ღვთის გზა,+
განწმენდილია იეჰოვას სიტყვა.+
ფარია იგი ყველასთვის, ვინც თავს აფარებს მას.+
31 ვინ არის ღმერთი, თუ არა იეჰოვა?!+
ვინ არის კლდე, თუ არა ჩვენი ღმერთი?!+
32 ღმერთი მმოსავს თავისი ძალით,+
ის მომისწორებს გზას.+
33 ირემივით ფეხმარდს გამხდის,
მაღლობებზე დამაყენებს.+
34 ჩემს ხელს ბრძოლას ასწავლის,
სპილენძის მშვილდს მოვზიდავ მკლავით.
35 შენს ფარს მაძლევ, რომ მიხსნა,+
შენი მარჯვენაა ჩემი შემწე,
შენი თავმდაბლობით განვდიდდები.+
36 სავალ ბილიკს გამიფართოებ
და ფეხი არ მომიცურდება.+
37 დავედევნები ჩემს მტრებს და დავეწევი;
არ დავბრუნდები, სანამ არ შეიმუსრებიან.
38 გავაცამტვერებ მათ, რომ ვეღარ წამოდგნენ;+
ჩემს ფერხთით დაეცემიან.
39 შენ მომცემ ძალას საბრძოლველად;
შენ დაამხობ ჩემს მტრებს ჩემ წინაშე.+
40 შენ უკუაქცევ ჩემს მტრებს
და მე მოვსპობ ჩემს მოძულეებს.+
41 შველას ითხოვენ, მაგრამ არ არის მხსნელი,
შეღაღადებენ იეჰოვას, მაგრამ არ პასუხობს მათ.
42 მტვერს დავამსგავსებ, ქარი რომ წარიტაცებს,
და ქუჩის ტალახივით მოვისვრი გარეთ.
43 შენ მიხსნი შარიანი ხალხისგან.+
შენ დამაყენებ ერების მთავრად;+
ჩემთვის უცხო ხალხი მომემსახურება.+
44 ჩემზე გაგონილის გამოც კი დამემორჩილებიან;
შიშისგან აცახცახდებიან ჩემ წინაშე უცხოტომელები.+
45 მხნეობა დაეკარგებათ უცხოტომელებს,
აცახცახებულები გამოვლენ თავიანთი ციხესიმაგრეებიდან.
46 ცოცხალი ღმერთია იეჰოვა! კურთხეული იყოს ჩემი კლდე!+
დიდება ღმერთს, ჩემს მხსნელს!+
47 ღმერთი შურს იძიებს ჩემ გამო,+
ის მიმორჩილებს ხალხებს;
48 ის მიხსნის მრისხანე მტრებისგან.
მაღლა მაყენებ და ვეღარ მწვდებიან თავდამსხმელნი;+
შენ მიხსნი მოძალადისგან.
49 ამიტომაც განგადიდებ ერებში, იეჰოვა,+
ვუგალობებ შენს სახელს.+
50 დიდებულ საქმეებს იქმს თავისი მეფის სახსნელად,+
ურყევია მისი სიყვარული თავისი ცხებულის მიმართ,+
დავითისა და მისი შთამომავლობის მიმართ მარადიულად!+