მსაჯულები
18 იმ დროს მეფე არ ჰყავდა ისრაელს.+ დანის ტომი+ დასასახლებლად სამკვიდროს ეძებდა, რადგან ჯერაც არ ჰქონდა საკმარისი სამკვიდრო ისრაელის ტომთა შორის.+
2 გაგზავნეს დანელებმა ხუთი კაცი თავიანთი ტომიდან, მამაცი კაცები ცორიდან და ეშთაოლიდან,+ რათა მოევლოთ და დაეზვერათ მიწა. უთხრეს მათ: „წადით და დაზვერეთ მიწა!“ მივიდნენ ისინი ეფრემის მთებში მიქას სახლთან+ და იქ გაათიეს ღამე. 3 მიქას სახლთან მყოფთ ახალგაზრდა ლევიანის ხმა* ეცნოთ, მივიდნენ მასთან და ჰკითხეს, აქ ვინ მოგიყვანა, რას აკეთებ და რა გინდაო. 4 მან მიუგო, ასე და ასე მომირიგდა მიქა, დამიქირავა და მღვდლად დამიყენაო.+ 5 სთხოვეს მას: „ჰკითხე ღმერთს, მოგვემართება თუ არა ხელი ჩვენს გზაზე“. 6 მღვდელმა მიუგო: „მშვიდობით წადით თქვენს გზაზე, იეჰოვა იქნება თქვენთან!“
7 განაგრძო გზა იმ ხუთმა კაცმა და მივიდნენ ლაიშში.+ ნახეს, რომ იქ ხალხი სიდონელებივით სხვებისგან დამოუკიდებლად, მშვიდად და უშფოთველად ცხოვრობდა;+ არც დამპყრობლები აწუხებდნენ. სიდონელებისგანაც შორს მკვიდრობდნენ და მათ გარდა სხვა არავისთან ჰქონდათ კავშირი.
8 დაბრუნდნენ ისინი თავიანთ მოძმეებთან ცორასა და ეშთაოლში;+ მათ ჰკითხეს, აბა რას გვეტყვითო. 9 მათაც მიუგეს: „ავდგეთ და გავილაშქროთ; ვნახეთ ის მიწა და ძალიან კარგია. რატომ ყოყმანობთ?! ნუ აყოვნებთ, წადით და დაეუფლეთ მას! 10 მიხვალთ და ნახავთ უზრუნველ ხალხს;+ ვრცელია ის მიწა. ღმერთმა ჩაგიგდოთ ხელში ადგილი, სადაც ყველაფერია, თუკი რამეა ამქვეყნად“.+
11 დაიძრა 600 იარაღასხმული დანისტომელი ცორიდან და ეშთაოლიდან.+ 12 მივიდნენ და დაბანაკდნენ კირიათ-იეარიმთან+ იუდაში. ამიტომ ამ ადგილს, რომელიც კირიათ-იეარიმის დასავლეთით არის, დღემდე მახანე-დანი*+ ჰქვია. 13 იქიდან ეფრემის მთიანი მხარისკენ განაგრძეს გზა და მიქას სახლს მიადგნენ.+
14 ლაიშის მიწის დასაზვერად წასულმა იმ ხუთმა კაცმა+ თავიანთ მოძმეებს უთხრა: „იცით, რომ ამ სახლებში არის ეფოდი, თერაფიმები* და ქანდაკებები, ჩამოსხმულიც და გამოთლილიც?+ მოიფიქრეთ, როგორ მოვიქცეთ“. 15 ამიტომ იქ გაჩერდნენ და მივიდნენ მიქას სახლში, სადაც ის ახალგაზრდა ლევიანი ცხოვრობდა,+ და მოიკითხეს იგი. 16 გარეთ კი, კარიბჭესთან, 600 იარაღასხმული დანისტომელი იდგა.+ 17 ხუთი კაცი, მიწა რომ დაზვერა,+ შიგნით შევიდა ეფოდის,+ თერაფიმებისა+ და ქანდაკებების+ გამოსატანად (მღვდელი+ კარიბჭესთან იდგა იარაღასხმულ 600 კაცთან ერთად). 18 შევიდნენ მიქას სახლში და გამოიტანეს ეფოდი, თერაფიმები და ქანდაკებები. მღვდელმა ჰკითხა, რას აკეთებთო. 19 მათ უთხრეს: „ჩუმად იყავი, არაფერი თქვა! წამოგვყევი და მრჩევლად* და მღვდლად გაგვიხდი. რა გირჩევნია, ერთი კაცის სახლის მღვდელი იყო+ თუ ისრაელის მთელი ტომისა და საგვარეულოსი?!“+ 20 ეამა ეს მღვდელს; აიღო ეფოდი, თერაფიმები, ქანდაკება+ და ხალხს გაჰყვა.
21 წავიდნენ თავიანთი გზით. ბავშვები, ცხვარ-ძროხა და ქონება წინ გაუშვეს. 22 მიქას სახლს რომ გასცდნენ, შეიკრიბნენ მიქას მეზობლები და დანელებს წამოეწივნენ. 23 დაუძახეს დანელებს, ისინიც მოტრიალდნენ და მიქას ჰკითხეს, რა ამბავია, რას შეკრებილხართო. 24 მან მიუგო: „ჩემი გაკეთებული ღმერთები წაიღეთ, მღვდელიც წაიყვანეთ, და მე რაღა დამრჩა?! როგორღა მეუბნებით, რა ამბავიაო შენს თავს“. 25 უთხრეს მას დანელებმა: „ხმა გაიკმინდე, თორემ დაგეცემათ ეს გაშმაგებული ხალხი და სიცოცხლეს* გამოგასალმებენ შენც და შენს სახლეულობასაც!“ 26 განაგრძეს გზა დანელებმა; მიხვდა მიქა, რომ ძალით მათთან ვერაფერს გახდებოდა და შინ გაბრუნდა.
27 წაიღეს მათ, რაც მიქას ჰქონდა გაკეთებული, წაიყვანეს მისი მღვდელი და მიადგნენ ლაიშს,+ სადაც მშვიდი და უზრუნველი ხალხი ცხოვრობდა.+ მახვილით დახოცეს ისინი, ქალაქი კი ცეცხლს მისცეს. 28 არავინ იყო მათი მხსნელი, რადგან შორს იყო ის მიწა სიდონიდან და მათ გარდა სხვა არავისთან ჰქონდათ კავშირი. ბეთ-რეხობის+ ველზე იყო ის ადგილი. აღადგინეს მათ ქალაქი და დასახლდნენ. 29 ქალაქს თავიანთი მამის, ისრაელის ძის,+ დანის,+ სახელი დაარქვეს. თუმცა ადრე ქალაქს ლაიში ერქვა.+ 30 ამის შემდეგ დაიდგეს დანელებმა ქანდაკება.+ მოსეს ვაჟის, გერშომის,+ ვაჟი იონათანი+ და მისი ვაჟები დანელთა ტომის მღვდლები იყვნენ იმ დრომდე, სანამ იმ მიწის მკვიდრთ არ გადაასახლებდნენ. 31 ედგათ მათ მიქას გაკეთებული ქანდაკება მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც ღვთის კარავი შილოში იყო.+