დანიელი
9 ქალდეველთა+ სამეფოში მიდიელთა შთამომავალი, ახაშვეროშის ძე დარიოსი,+ გამეფდა. 2 მისი მეფობის პირველ წელს მე, დანიელმა, წიგნებიდან გავიგე იმ წლების რიცხვი, რომელიც იეჰოვამ იერემია წინასწარმეტყველს გამოუცხადა — იერუსალიმი+ 70 წელი+ უნდა ყოფილიყო განადგურებული. 3 ლოცვით მივმართე იეჰოვას, ჭეშმარიტ ღმერთს, ვიმარხულე,+ ჯვალოს სამოსი ჩავიცვი და ნაცარი დავიყარე. 4 შევევედრე იეჰოვას, ჩემს ღმერთს, და ვაღიარე ცოდვები:
„იეჰოვა, ჭეშმარიტო ღმერთო, დიდებულო და შიშის მომგვრელო, შეთანხმებას რომ იცავ და ურყევი რომაა შენი სიყვარული*+ შენს მოყვარულთა, შენი მცნებების დამცველთა მიმართ!+ 5 შევცოდეთ, ცუდად მოვიქეცით, ბოროტება ჩავიდინეთ და გეურჩეთ,+ შენი მცნებები დავარღვიეთ და შენს სამართალს ზურგი ვაქციეთ. 6 არ გავუგონეთ შენს მსახურებს, წინასწარმეტყველებს,+ რომლებიც შენი სახელით ელაპარაკებოდნენ ჩვენს მეფეებს, მთავრებს, მამა-პაპას, მთელ ხალხს. 7 იეჰოვა, შენ მართალი ხარ, ჩვენ კი, იუდეველები, იერუსალიმის მკვიდრნი, მთელი ისრაელი, ახლოს თუ შორს მყოფნი, იმ ქვეყნებში მცხოვრებნი, სადაც შენ გაგვფანტე, შერცხვენილნი ვართ, რადგან გიორგულეთ.+
8 იეჰოვა, შერცხვენილნი ვართ ჩვენ, ჩვენი მეფეები, მთავრები და მამა-პაპა, რადგან შეგცოდეთ. 9 იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, შენ გულმოწყალე+ და მიმტევებელი ხარ, ჩვენ კი არ დაგემორჩილეთ.+ 10 იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, გეურჩეთ და არ დავიცავით შენი კანონები, რომლებიც შენს მსახურთა, წინასწარმეტყველთა მეშვეობით გადმოგვეცი.+ 11 მთელმა ისრაელმა გადააბიჯა შენს კანონს, არ დაგემორჩილა და გზიდან გადაუხვია. შეგცოდეთ, ღმერთო, და ამიტომაც დაგვატყდა ჭეშმარიტი ღვთის+ მსახურის, მოსეს, კანონში ჩაწერილი წყევლა. 12 შენ შეასრულე ჩვენ და ჩვენი მსაჯულების წინააღმდეგ წარმოთქმული სიტყვები+ და დიდი უბედურება დაგვატეხე თავს. არაფერი მომხდარა ცისქვეშეთში იმის მსგავსი, რაც იერუსალიმს დაემართა.+ 13 გვეწია მოსეს კანონში ჩაწერილი ყველა უბედურება.+ თუმცა ჩვენ მაინც არ ვწყვეტდით დანაშაულის ჩადენას და არ ვუკვირდებოდით შენს ერთგულებას,+ შენი გული რომ მოგველბო, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო.
14 შენ ფხიზლობდი, იეჰოვა, და დაგვატეხე კიდეც უბედურება; შენ ყველაფერში, რასაც აკეთებ, მართალი ხარ, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, მაგრამ ჩვენ მაინც გეურჩეთ.+
15 იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, შენ გამოიყვანე შენი ხალხი ეგვიპტიდან შენი ძლიერი ხელით+ და სახელი გაითქვი, რაც დღესაც ასეა,+ ჩვენ კი შეგცოდეთ და ბოროტება ჩავიდინეთ. 16 იეჰოვა, გთხოვ, მთელი შენი სიმართლისამებრ იმოქმედე,+ ნუღარ განურისხდები და ნუღარ დაატეხ რისხვას შენს ქალაქს, იერუსალიმს, შენს წმინდა მთას; ჩვენი ცოდვებისა და ჩვენი მამა-პაპის დანაშაულის გამო იერუსალიმსა და შენს ხალხს გარშემომყოფნი ძრახავენ.+ 17 ახლა კი, ჩვენო ღმერთო, ისმინე შენი მსახურის ლოცვა-ვედრება და შენი სახის ნათელი მოაფინე შენს გაპარტახებულ+ წმინდა ადგილს+ შენი სახელის გულისთვის, იეჰოვა. 18 ყური მომაპყარი, ჩემო ღმერთო, და მომისმინე. თვალი გაახილე და დაინახე, რომ გაპარტახებულნი ვართ; შეხედე ქალაქს, რომელიც შენი სახელით იწოდება. გევედრებით არა ჩვენი სიმართლის, არამედ შენი დიდი წყალობის გამო.+ 19 ისმინე, იეჰოვა! გვაპატიე, იეჰოვა!+ მოგვხედე და იმოქმედე, იეჰოვა! ნუ დააყოვნებ შენი სახელის გულისთვის, ჩემო ღმერთო, რადგან შენი სახელით იწოდება შენი ქალაქი და შენი ხალხი“.+
20 ჯერ კიდევ ვლაპარაკობდი, ვლოცულობდი, ჩემი და ჩემი ხალხის, ისრაელის, ცოდვებს ვაღიარებდი და ჩემი ღვთის წმინდა მთისთვის წყალობას ვთხოვდი იეჰოვას, ჩემს ღმერთს,+ 21 ჯერ კიდევ ვლოცულობდი, როცა გაბრიელი,+ კაცის მსგავსი, რომელიც ხილვაში მყავდა ნანახი,+ მომიახლოვდა დაღლილ-დაქანცულს საღამოს შესაწირავის შეწირვის დროს. 22 ამიხსნა და მითხრა:
„დანიელ, მე იმისთვის მოვედი, რომ აგიხსნა და გაგაგებინო ყველაფერი. 23 შენი ვედრების დასაწყისში ბრძანება მივიღე, რომ შენთან მოვსულიყავი და ეს ცნობა გადმომეცა, რადგან ძალიან ძვირფასი ხარ.+ დაუკვირდი ამას და ჩასწვდი ნანახს.
24 შენი ხალხისთვის და შენი წმინდა ქალაქისთვის+ 70 კვირაა დადგენილი, რათა შეწყდეს ცოდვა,+ ბოლო მოეღოს მას, გამოსყიდული იყოს დანაშაული,+ მარადიულად იარსებოს სიმართლემ,+ ბეჭედი დაესვას ხილვასა და წინასწარმეტყველებას+ და ცხებულ იქნეს წმინდათაწმინდა. 25 უნდა იცოდე და გაიგო, რომ იერუსალიმის აღდგენისა+ და აშენების ბრძანების გამოცემიდან მესიის,+ წინამძღოლის,+ გამოჩენამდე 7 კვირა და 62 კვირა გავა.+ იერუსალიმი გაჭირვების დროს აღდგება და აშენდება თავისი მოედნითა და თხრილით.
26 მესიას 62 კვირის შემდეგ მოკლავენ+ და მას არაფერი დარჩება.+
ქალაქსა და წმინდა ადგილს+ მომავალი წინამძღოლის ხალხი გაანადგურებს; აღსასრული წარღვნასავით დაატყდება. აღსასრულამდე ომი იქნება. გაპარტახება გადაწყვეტილია.+
27 ის ბევრისთვის ძალაში დატოვებს შეთანხმებას ერთი კვირით, შუა კვირაში კი შეწყვეტს მსხვერპლისა და შესაწირავის აღვლენას.+
სისაძაგლის ფრთებით მოვა გამაპარტახებელი.+ შემუსვრამდე გაპარტახებულზეც შესრულდება ის, რაც გადაწყვეტილია“.