იეჰოვას სიტყვა ცოცხალია
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „დანიელი“
„დანიელის წიგნი ბიბლიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წიგნია . . . მასში მარადიული ჭეშმარიტებაა ჩაწერილი“, — ნათქვამია ერთ ბიბლიურ ლექსიკონში (Holman Illustrated Bible Dictionary). დანიელის ამბავი იწყება ძვ. წ. 618 წელს, როდესაც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი მიდის იერუსალიმში, ქალაქს ალყაში აქცევს და მას „ყმაწვილები ისრაელის ძეთაგან“ ბაბილონში ტყვეებად მიჰყავს (დანიელი 1:1—3). ყმაწვილებს შორის არის დანიელი, რომელიც იმ დროს ალბათ მოზარდი იყო. წიგნის ბოლო თავებიდან ვიგებთ, რომ დანიელი ისევ ბაბილონშია. თითქმის ას წელს მიღწეული დანიელი ღვთისგან დანაპირებს იღებს: „დაისვენებ, მაგრამ აღდგები შენი წილის მისაღებად დღეების ბოლოს“ (დანიელი 12:13).
დანიელის წიგნის პირველი ნაწილი მასში აღწერილ მოვლენებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით გადმოგვცემს. წიგნის ეს მონაკვეთი მესამე პირშია დაწერილი, ხოლო ბოლო ნაწილი — პირველ პირში. დანიელის მიერ დაწერილი ეს წიგნი შეიცავს წინასწარმეტყველებებს, რომლებიც ეხება მსოფლიო იმპერიების აღზევებასა და დაცემას, მესიის გამოჩენის დროს და იმ მოვლენებს, რომლებიც ჩვენს დროში ხდებაa. ხანში შესული წინასწარმეტყველი თავის ხანგრძლივ ცხოვრებასაც იხსენებს და იმ მოვლენების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც გვეხმარება, ღვთის ერთგულები დავრჩეთ. დანიელის მიერ გადმოცემული ცნობა ცოცხალი და მოქმედია (ებრაელები 4:12).
რას ვსწავლობთ წიგნის ქრონოლოგიური ნაწილიდან?
ძველი წელთაღრიცხვით 617 წელია. დანიელი და მისი სამი მეგობარი შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო ბაბილონში, სამეფო კარზე იმყოფებიან. სამწლიანი სწავლების განმავლობაში ეს ოთხი ებრაელი ბიჭი ღვთისადმი ერთგულებას ინარჩუნებს. დაახლოებით რვა წლის შემდეგ მეფე ნაბუქოდონოსორი ხედავს სიზმარს, რომელიც მას საგონებელში აგდებს. დანიელი მეფეს სიზმარს უყვება და შემდეგ მის მნიშვნელობასაც უხსნის. მეფე აღიარებს, რომ იეჰოვა „ღმერთთა ღმერთი, მეფეთა უფალი და საიდუმლოთა განმცხადებელია“ (დანიელი 2:47). მაგრამ, ნაბუქოდონოსორს, როგორც ჩანს, მალევე ავიწყდება ეს. როდესაც დანიელის სამი მეგობარი უარს ამბობს უზარმაზარი კერპის თაყვანისცემაზე, მეფე მათ გავარვარებულ ღუმელში ყრის. ჭეშმარიტი ღმერთი შველის ამ სამ ებრაელს და ნაბუქოდონოსორი იძულებულია, აღიაროს, რომ „არ არსებობს სხვა ღმერთი, რომელსაც მის მსგავსად შეეძლოს ხსნა“ (დანიელი 3:29).
ნაბუქოდონოსორს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიზმარი ესიზმრება. ის ხედავს უზარმაზარ ხეს, რომელსაც ჭრიან და ბორკილებს ადებენ, რომ არ გაიზარდოს. დანიელი უხსნის მეფეს სიზმრის მნიშვნელობას. ეს სიზმარი ნაწილობრივ მაშინ სრულდება, როდესაც ნაბუქოდონოსორი ჭკუიდან იშლება, შემდეგ კი მას კვლავ უბრუნდება შეგნება. ათწლეულების შემდეგ მეფე ბელშაცარი დიდ ნადიმს მართავს თავისი დიდგვაროვნებისთვის და უპატივცემულოდ ეპყრობა იეჰოვას ტაძრიდან წამოღებულ ჭურჭელს. იმავე ღამეს ბელშაცარს კლავენ და სამეფო დარიოს მიდიელის ხელში გადადის (დანიელი 5:30, 31). დარიოსის მეფობის დროს, როცა დანიელი უკვე 90 წელს არის გადაცილებული, მოხუცებულ წინასწარმეტყველს მეფის შურიანი მოხელეები სასიკვდილო მახეს უგებენ. მაგრამ, იეჰოვა ‘იხსნის დანიელს ლომების ტორებიდან’ (დანიელი 6:27).
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
1:11—15. მცენარეული საზრდოს წყალობით იყო, რომ ოთხი იუდეველი სხვებზე უკეთ გამოიყურებოდა? არა. არანაირ საკვებს არ შეუძლია ასე საგრძნობლად იმოქმედოს ადამიანზე სულ რაღაც ათ დღეში. ის, რომ ოთხი ებრაელის გარეგნობა უკეთესობისკენ შეიცვალა, იეჰოვას ძალით მოხდა, რადგან ღმერთმა აკურთხა ისინი მასზე მინდობის გამო (იგავები 10:22).
2:1. როდის ნახა ნაბუქოდონოსორმა სიზმარში უზარმაზარი ქანდაკება? როგორც დანიელის წიგნში ვკითხულობთ, ეს მოხდა „ნაბუქოდონოსორის მეფობის მეორე წელს“. ნაბუქოდონოსორი ძვ. წ. 624 წელს გამეფდა. ამგვარად, მისი მეფობის მეორე წელი იქნებოდა ძვ. წ. 623 წელი — ამ დროს ნაბუქოდონოსორი ჯერ არ იყო შესული იუდაში. ფაქტია, რომ იმ დროს დანიელი ბაბილონში არ იმყოფებოდა და, შესაბამისად, არც სიზმრის ახსნა შეეძლო. „მეორე წელი“, როგორც ჩანს, უნდა გადავითვალოთ ძვ. წ. 607 წლიდან, როდესაც ბაბილონის მეფემ გაანადგურა იერუსალიმი და მსოფლიო იმპერიის მმართველი გახდა.
2:32, 39. რა გაგებით იყო ვერცხლის სამეფო ოქროს თავზე ნაკლები, ხოლო სპილენძის სამეფო — ვერცხლისაზე ნაკლები? კერპის ვერცხლის ნაწილით წარმოდგენილი მიდია-სპარსეთის იმპერია იმ გაგებით იყო ბაბილონზე, ანუ ოქროს თავზე, ნაკლები, რომ მას არ მისცემია იუდას დამხობის შესაძლებლობა. შემდეგი მსოფლიო იმპერია გახდა საბერძნეთი, რომელიც სპილენძით იყო წარმოდგენილი. საბერძნეთი თავის წინამორბედზე ნაკლები იყო ისევე, როგორც სპილენძია ვერცხლზე ნაკლები. მართალია, საბერძნეთის იმპერიას საკმაოდ დიდი ტერიტორია ეკავა, მაგრამ მას, მიდია-სპარსეთისგან განსხვავებით, არ ჰქონია პატივი, რომ ღვთის ხალხი ტყვეობიდან გაეთავისუფლებინა.
4:8, 9. იყო თავად დანიელი გრძნეული ქურუმი? არა. გამოთქმა „გრძნეულ ქურუმთა უფროსი“ უბრალოდ იმაზე მიუთითებს, რომ დანიელი „ბაბილონის ბრძენკაცთა მთავარ გამგებლად“ იყო დაყენებული (დანიელი 2:48).
4:10, 11, 20—22. რა იყო წარმოდგენილი უზარმაზარი ხით, რომელიც ნაბუქოდონოსორმა სიზმარში იხილა? პირველ რიგში, ხით წარმოდგენილი იყო თვითონ ნაბუქოდონოსორი, როგორც მსოფლიო იმპერიის მმართველი. მაგრამ, რამდენადაც მმართველობა „დედამიწის კიდეს“ სწვდებოდა, ხით უფრო მეტი რამ უნდა იყოს წარმოდგენილი. დანიელის 4:17 ამ სიზმარს კაცობრიობაზე „უზენაესის“ მმართველობას უკავშირებს. აქედან გამომდინარე, ხით აგრეთვე წარმოდგენილია იეჰოვას უზენაესი მმართველობა, რომელიც განსაკუთრებით დედამიწას უკავშირდება. ამგვარად, სიზმარში ნანახი ხით წარმოდგენილია ორი რამ — ნაბუქოდონოსორის მმართველობა და იეჰოვას უზენაესობა.
4:16, 23, 25, 32, 33. რა ხანგრძლივობის იყო „შვიდი დრო“? ყველაფერი, რაც მეფე ნაბუქოდონოსორს გადახდა თავს, მიუთითებს იმაზე, რომ „შვიდი დრო“ გაცილებით მეტი ხანგრძლივობის უნდა ყოფილიყო, ვიდრე პირდაპირი გაგებით შვიდი დღე. მის შემთხვევაში ეს დრო მოიცავდა შვიდ 360-დღიან წელს, ანუ 2 520 დღეს. „შვიდ დროსთან“ დაკავშირებული წინასწარმეტყველების უფრო დიდი მასშტაბით შესრულება 2 520-წლიან პერიოდს მოიცავს (ეზეკიელი 4:6, 7). „შვიდი დრო“ დაიწყო ძვ. წ. 607 წელს, როდესაც მოხდა იერუსალიმის განადგურება, და დასრულდა ახ. წ. 1914 წელს, როცა იესო ზეციერი სამეფოს მეფე გახდა (ლუკა 21:24).
6:6—10. რაკი იეჰოვასადმი ლოცვისას არ არის აუცილებელი რაიმე განსაკუთრებული პოზის მიღება, დანიელის მხრიდან გონივრული ხომ არ იქნებოდა, რომ 30 დღის განმავლობაში ფარულად ელოცა? დანიელი რომ დღეში სამჯერ ლოცულობდა, ეს ყველასთვის ცნობილი იყო. მის წინააღმდეგ შეთქმულებსაც სწორედ ამიტომ მოუვიდათ ის აზრი, რომ კანონით აეკრძალათ ლოცვა. თუ დანიელი რაიმე სახით შეცვლიდა ამ ჩვევას, სხვებს შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება დარჩენოდათ, თითქოს დანიელმა თავის პრინციპებს უღალატა და იეჰოვასადმი ერთგულება ვერ შეინარჩუნა.
რას ვსწავლობთ:
1:3—8. ის ფაქტი, რომ დანიელმა და მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, იეჰოვას ერთგულები დარჩენილიყვნენ, კარგად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად კარგად იყვნენ ისინი აღზრდილნი მშობლების მიერ. თუ ღვთისმოშიში მშობლები სულიერ ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებენ და შვილებსაც იგივეს ასწავლიან, მათი შვილები შეძლებენ წინააღმდეგობა გაუწიონ ნებისმიერ ცდუნებასა და ზეწოლას, რასაც, შესაძლოა, სკოლაში ან სხვაგან შეხვდნენ.
1:10—12. დანიელს ესმოდა, თუ რატომ ეშინოდა „კარისკაცთა უფროსს“ მეფის და აღარ დააძალა სათხოვრის შესრულება. თუმცა, დანიელი მოგვიანებით დაელაპარა „მეურვეს“, რომელსაც, შესაძლოა, თავისი მდგომარეობა საშუალებას აძლევდა, დანიელისთვის თხოვნა შეესრულებინა. რთულ სიტუაციებში ყოფნისას ჩვენც გონიერები და გამჭრიახები უნდა ვიყოთ და გაგების უნარი უნდა გამოვავლინოთ.
2:29, 30. სულიერი საზრდოს მიღების შედეგად რა ცოდნასაც არ უნდა ვფლობდეთ, რა თვისებებიც არ უნდა გვქონდეს გამომუშავებული და რისი უნარიც არ უნდა შეგვწევდეს, დანიელის მსგავსად ამ ყოველივესთვის იეჰოვას უნდა ვუმადლოდეთ.
3:16—18. თავისთავად ცხადია, რომ სამი ებრაელი ახალგაზრდა ასე მტკიცედ ვერ დაუდგებოდა მეფეს, თუ მანამდე დათმობაზე წავიდოდნენ საკვებთან დაკავშირებით. ჩვენც უნდა ვეცადოთ, რომ ყველაფერში „ერთგულები“ ვიყოთ (1 ტიმოთე 3:11).
4:24—27. სამეფოს შესახებ ცნობა, რომელშიც ღვთის განაჩენის გაცხადებაც შედის, ისეთივე რწმენასა და გაბედულებას მოითხოვს, როგორიც დანიელმა გამოავლინა ნაბუქოდონოსორის წინაშე, როცა უთხრა, თუ რა მოუვიდოდა მას და როგორ უნდა მოქცეულიყო, რომ ‘გახანგრძლივებოდა კეთილდღეობა’.
5:30, 31. „იგავი ბაბილონის მეფეზე“ გამართლდა (ესაია 14:3, 4, 12—15). სატანა ეშმაკსაც, რომლის სიამაყე ძალიან წააგავს ბაბილონის მეფეთა სიამაყეს, სამარცხვინო აღსასრული ელის (დანიელი 4:30; 5:2—4, 23).
რას გვიმჟღავნებს დანიელის ხილვები?
ძვ. წ. 553 წელს, როდესაც დანიელი პირველ ხილვას ხედავს, ის 70 წელს არის გადაცილებული. დანიელი ხედავს ოთხ უზარმაზარ მხეცს, რომლებითაც წარმოდგენილია მსოფლიო იმპერიები დანიელის დროიდან მოყოლებული ჩვენს დრომდე. ხილვაში ის ხედავს, რომ ზეცაში „ვიღაცას, კაცის ძის მსგავსს“ ეძლევა „მარადიული მმართველობა“ (დანიელი 7:13, 14). ორი წლის შემდეგ დანიელი ხედავს ხილვას, რომელიც ეხება მიდია-სპარსეთს, საბერძნეთსა და „პირქუშ მეფეს“ (დანიელი 8:23).
ძვ. წ. 539 წელია. ბაბილონი ეცემა და დარიოს მიდიელი ქალდეველთა სამეფოს მმართველი ხდება. დანიელი თავისი სამშობლოს აღდგენისთვის იეჰოვას ლოცვით მიმართავს. ის ჯერ კიდევ ლოცულობს, როცა იეჰოვა უგზავნის ანგელოზ გაბრიელს, რომ დანიელმა ‘უკეთ გაიგოს და ჩასწვდეს’ მესიის მოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებს (დანიელი 9:20—25). ახლა ძვ. წ. 536—535 წლებთან მივდივართ. ისრაელების მცირე ჯგუფი იერუსალიმში ბრუნდება. მაგრამ მტრები წინააღმდეგობას უქმნიან მათ ტაძრის აღდგენის საქმეში. დანიელს ეს ძალიან აწუხებს. ის მხურვალედ ლოცულობს ამის შესახებ და იეჰოვაც მაღალი წოდების ანგელოზს უგზავნის მას. ანგელოზი ამხნევებს და აძლიერებს დანიელს, შემდეგ კი უმჟღავნებს წინასწარმეტყველებას ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეების შესახებ, რომლებიც ძალაუფლებისთვის ერთმანეთს უპირისპირდებიან. ამ ორი მეფის ორთაბრძოლა იწყება იმ დროიდან, როდესაც ალექსანდრე მაკედონელის იმპერიას მისი ოთხი მხედართმთავარი ინაწილებს, და გრძელდება იმ დრომდე, როცა „აღსდგება მიქაელი, დიდი მთავარი“ (დანიელი 12:1).
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
8:9. რა იგულისხმება „მშვენებაში“? ამ შემთხვევაში „მშვენებაში“ იგულისხმება დედამიწაზე მყოფი ცხებული ქრისტიანების მდგომარეობა ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიის დროს.
8:25. ვინ არის „მთავართა მთავარი“? ებრაული სიტყვა, რომელიც ნათარგმნია როგორც „მთავარი“, ძირითადად ნიშნავს თავკაცს, ანუ უფროსს. წოდება „მთავართა მთავარი“ მიესადაგება მხოლოდ და მხოლოდ იეჰოვა ღმერთს, რომელიც ანგელოზთა შორის ყველა მთავრის, მათ შორის „მიქაელის, ერთ-ერთი პირველი მთავრის“ მთავარია (დანიელი 10:13).
9:21. რატომ მოიხსენიებს დანიელი ანგელოზ გაბრიელს როგორც „კაცს“? იმიტომ, რომ ადრინდელ ხილვაში გაბრიელი მას ადამიანის მსგავსი სახით ეჩვენა (დანიელი 8:15—17).
9:27. რა შეთანხმება ‘რჩებოდა ძალაში ბევრისთვის’ 70-წლიანი კვირების დასრულებამდე, ანუ ახ. წ. 36 წლამდე? კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმება გაუქმდა ახ. წ. 33 წელს, როდესაც იესო ძელზე გააკრეს. მაგრამ იეჰოვამ აბრაამთან დადებული შეთანხმება ახ. წ. 36 წლამდე დატოვა ძალაში ხორციელი ისრაელისთვის, რითაც შესაძლებლობა მისცა ისრაელებს, ესარგებლათ მისი განსაკუთრებული კეთილგანწყობით იმის საფუძველზე, რომ აბრაამის შთამომავლები იყვნენ. აბრაამთან დადებული შეთანხმება ძალაში რჩება „ღვთის ისრაელისთვის“ (გალატელები 3:7—9, 14—18, 29; 6:16).
რას ვსწავლობთ:
9:1—23; 10:11. დანიელი იყო თავმდაბალი, ღვთისადმი ერთგული, გულმოდგინე და ლოცვაში მდგრადი. სწორედ ამიტომ იეჰოვა მას „ძვირფას ადამიანად“ მიიჩნევდა. ეს თვისებები დაეხმარა მას, სიცოცხლის ბოლომდე ღვთის ერთგული დარჩენილიყო. მოდი ყოველთვის მივბაძოთ დანიელს.
9:17—19. როდესაც ვლოცულობთ, რომ მოვიდეს ღვთის ახალი ქვეყნიერება, „სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“, ჩვენთვის ყველაზე მთავარი იეჰოვას სახელის განწმენდა და მისი უზენაესობის დამტკიცება უნდა იყოს და არა ის, რომ ბოლო მოეღოს ჩვენს სირთულეებს (2 პეტრე 3:13).
10:9—11, 18, 19. დანიელთან მისული ანგელოზის მსგავსად ჩვენც უნდა გავამხნევოთ და გავაძლიეროთ ერთმანეთი პრაქტიკული დახმარების აღმოჩენითა და მანუგეშებელი სიტყვებით.
12:3. ბოლო დღეების განმავლობაში „წვდომის უნარიანნი“ — ცხებული ქრისტიანები — ‘მნათობებივით ანათებენ’ და „მრავალი ადამიანი“, მათ შორის ‘სხვა ცხვრებისგან’ შემდგარი „უამრავი ხალხი“, ‘სიმართლემდე მიჰყავთ’ (ფილიპელები 2:15; გამოცხადება 7:9; იოანე 10:16). ცხებულები სრული გაგებით ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს „გაანათებენ ვარსკვლავებივით“, როდესაც ქრისტესთან ერთად მორჩილ კაცობრიობას გამოსასყიდის საფუძველზე სრულ სარგებლობას მოუტანენ. „სხვა ცხვარმა“ ყოველმხრივ ერთგულად უნდა დაუჭიროს მხარი ცხებულებს.
იეჰოვა ‘აკურთხებს თავის მოშიშებს’
რას გვასწავლის დანიელის წიგნი ღვთის შესახებ, რომელსაც თაყვანს ვცემთ? დაფიქრდით მასში მოცემულ წინასწარმეტყველებებზე, რომლებიც უკვე შესრულდა ან ჯერ კიდევ უნდა შესრულდეს. ეს მართლაც შესანიშნავად გვიჩვენებს, რომ იეჰოვა თავისი სიტყვის შემსრულებელია! (ესაია 55:11).
რას ვიგებთ ჩვენი ღვთის შესახებ დანიელის წიგნის ისტორიული ნაწილიდან? ოთხმა ებრაელმა ახალგაზრდამ, რომლებმაც არ შეითვისეს ბაბილონის სამეფო კარზე მიღებული ცხოვრების წესი, ‘ცოდნა, წვდომის უნარი და სიბრძნე’ მიიღო (დანიელი 1:17). ჭეშმარიტმა ღმერთმა თავისი ანგელოზი გაგზავნა და გავარვარებული ღუმლიდან დაიხსნა შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო. ღმერთმა დანიელი ლომების ხაროდან იხსნა. იეჰოვა ‘შველის და იფარავს თავისზე მინდობილებს’ და ‘აკურთხებს თავის მოშიშებს’ (ფსალმუნი 115:9, 13).
[სქოლიო]
a დანიელის წიგნის თითოეული მუხლი განხილულია წიგნში „ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!“ გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[სურათი 18 გვერდზე]
რატომ იყო დანიელი „ძვირფასი ადამიანი“?