გამოსვლა
12 იეჰოვამ ეგვიპტეში მყოფ მოსესა და აარონს უთხრა: 2 „ამ თვით დაიწყებთ თვეების ათვლას. ეს იქნება წელიწადის პირველი თვე.+ 3 გადაეცით მთელ ისრაელს, რომ ამ თვის მეათე დღეს თითოეულმა ოჯახმა გამოყოს თითო ცხვარი,+ სახლზე ერთი ცხვარი. 4 მაგრამ, თუ ცხვრის შესაჭმელად სახლეულობა პატარაა, მაშინ მას ყველაზე ახლოს მცხოვრები მეზობელი შეეზიაროს. დაიანგარიშეთ, რამდენი სული შეგროვდებით და ვინ რამდენს შეჭამს. 5 ცხვარი მამალი უნდა იყოს, საღი,+ ერთი წლის. შეგიძლიათ თხაც დაკლათ. 6 ისრაელში თითოეულმა ოჯახმა ამ თვის მე-14 დღემდე+ მოუაროს მას და შებინდებისას* დაკლას.+ 7 აიღონ სისხლი და მიაპკურონ იმ სახლის კარის ორივე წირთხლსა და ზედა ძელს, რომელშიც შეჭამენ მას.+
8 იმ ღამესვე შეჭამონ ხორცი.+ ცეცხლზე შეწვან და ხმიადთან+ და მწარე მწვანილთან ერთად ჭამონ.+ 9 არც უმი ჭამოთ და არც მოხარშული, შემწვარი ჭამეთ თავფეხიანად და შიგნეულიანად. 10 თუ რამე მოგრჩებათ, დილამდე ნუ შეინახავთ, ცეცხლში დაწვით.+ 11 ასე ჭამეთ: წელზე სარტყელი გქონდეთ შემორტყმული, ფეხზე სანდლები გეცვათ და ხელში ჯოხი გეჭიროთ; ჩქარ-ჩქარა ჭამეთ. ეს არის პასექი* იეჰოვას განსადიდებლად. 12 მოვივლი იმ ღამით ეგვიპტის მიწას და დავხოცავ ყველა პირმშოს და ყველა პირველმოგებულს;+ აღვასრულებ ეგვიპტის ღმერთების მიმართ გამოტანილ განაჩენს.+ მე ვარ იეჰოვა. 13 თქვენს სახლებზე, სადაც იქნებით, ნიშნად სისხლი გქონდეთ; სისხლს რომ დავინახავ, გვერდს აგივლით; თქვენ არ დაგატყდებათ უბედურება და არ განადგურდებით, როცა კიდევ ერთ სასჯელს მოვუვლენ ეგვიპტის მიწას.+
14 სამახსოვროდ გქონდეთ ეს დღე და იზეიმეთ თაობიდან თაობაში იეჰოვას განსადიდებლად. სამარადისო წესად გქონდეთ და იზეიმეთ. 15 შვიდი დღე ჭამეთ ხმიადი.+ პირველ დღესვე მოიშორეთ საფუარი თქვენი სახლებიდან. ვინც პირველი დღიდან მეშვიდე დღემდე საფუვრიანს შეჭამს, უნდა მოკვდეს. 16 წმინდა შეკრება მოაწყვეთ პირველ და მეშვიდე დღეს. ამ დღეებში არ იმუშაოთ.+ მხოლოდ საჭმელი მოამზადეთ, ოღონდ იმდენი, რამდენიც დაგჭირდებათ.
17 იზეიმეთ უფუარობის დღესასწაული,+ რადგან სწორედ ამ დღეს გამოგიყვანთ თქვენ, მრავალრიცხოვან ხალხს, ეგვიპტის მიწიდან. იზეიმეთ ეს დღე თაობიდან თაობაში. ეს იქნება სამარადისო წესი. 18 პირველი თვის მე-14 დღის საღამოდან ამავე თვის 21-ე დღის საღამომდე ჭამეთ ხმიადი.+ 19 შვიდი დღე სახლში საფუარი არ უნდა გქონდეთ; ვინც საფუვრიანს შეჭამს, მკვიდრი იქნება თუ უცხოელი,+ უნდა მოკვდეს.+ 20 საფუვრიანი არაფერი ჭამოთ. ყველამ ხმიადი ჭამეთ თქვენ-თქვენს სახლებში“.
21 მაშინვე მოუხმო მოსემ ისრაელის უხუცესებს+ და უთხრა: „წადით, აირჩიეთ საკლავი* თქვენ-თქვენი ოჯახებისთვის და დაკალით როგორც საპასექო მსხვერპლი. 22 ამოაწეთ ერთი კონა უსუპი თასში ჩასხმულ სისხლში და შეასხურეთ სისხლი კარის ორივე წირთხლსა და ზედა ძელს. დილამდე სახლიდან არცერთი თქვენგანი არ გავიდეს. 23 როცა ჩაივლის იეჰოვა, რომ ეგვიპტეს უბედურება დაატეხოს, და დაინახავს სისხლს კარის ორივე წირთხლსა და ზედა ძელზე, გვერდს აუვლის იეჰოვა კარს და უბედურებას არ დაატეხს თქვენს ოჯახებს.+
24 იზეიმეთ ეს დღესასწაული. ეს იქნება სამარადისო წესი თქვენთვის და თქვენი ვაჟებისთვის.+ 25 როცა მიხვალთ იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა მოგცემთ თავისი დაპირებისამებრ, ყოველთვის აღნიშნეთ ეს დღესასწაული.+ 26 თქვენი ვაჟები რომ გკითხავენ, რატომ აღვნიშნავთ ამ დღესასწაულსო,+ 27 უთხარით, ეს საპასექო მსხვერპლია იეჰოვას განსადიდებლად, რომელმაც გვერდი აუარა ისრაელების სახლებს ეგვიპტეში, ეგვიპტელებს უბედურება დაატეხა, ჩვენი ოჯახები კი იხსნა-თქო“.
ხალხმა მუხლი მოიყარა და პირქვე დაემხო. 28 წავიდნენ ისრაელები და ზუსტად ისე გააკეთეს, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნაბრძანები მოსესა და აარონისთვის;+ ზუსტად ისე გააკეთეს.
29 შუაღამისას იეჰოვამ ყველა პირმშო დახოცა ეგვიპტის მიწაზე,+ ტახტზე მჯდომი ფარაონის პირმშოთი დაწყებული საპყრობილეში მყოფი ტყვეების პირმშოებითა და საქონლის პირველმოგებულებით დამთავრებული.+ 30 ადგა ღამით ფარაონი, ყველა მისი მსახური და ყველა ეგვიპტელი; ატეხეს დიდი მოთქმა ეგვიპტელებმა, რადგან სახლი არ დარჩა, ერთი მკვდარი მაინც რომ არ ყოფილიყო.+ 31 იმ ღამითვე მოუხმო ფარაონმა მოსესა და აარონს+ და უთხრა: „ადექით, გაეცალეთ ჩემს ხალხს, თქვენც და დანარჩენი ისრაელებიც; წადით და ემსახურეთ იეჰოვას, რასაც მთხოვდით.+ 32 წაიყვანეთ თქვენი ცხვარ-ძროხაც და წადით,+ ოღონდ უნდა დამლოცოთ“.
33 ეგვიპტელები მოითხოვდნენ, რომ ისრაელებს მალე დაეტოვებინათ+ მათი ქვეყანა; ამბობდნენ, თუ არ წავლენ, ყველანი დავიხოცებითო.+ 34 წაიღეს ისრაელებმა უსაფუვრო ცომი; ტანსაცმელში გახვეული ვარცლები მხარზე ჰქონდათ მოკიდებული. 35 მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ ისრაელები და ეგვიპტელებისგან ოქრო-ვერცხლის ნაკეთობანი და ტანსაცმელი ითხოვეს.+ 36 კეთილგანწყობა მოაპოვებინა იეჰოვამ თავის ხალხს ეგვიპტელთა თვალში და მისცეს ისრაელებს ყველაფერი, რაც ითხოვეს. ასე გაძარცვეს ეგვიპტელები.+
37 გამოვიდნენ ისრაელები რამსესიდან+ და სუქოთისკენ+ გაემართნენ. მათ შორის, ბავშვების გარდა, დაახლოებით 600 000 მამაკაცი იყო.+ 38 გაჰყვა მათ უამრავი ჭრელი ხალხი*;+ წაასხეს ცხვარ-ძროხა, ურიცხვი საქონელი. 39 ეგვიპტიდან წამოღებული ცომით მრგვალი ხმიადები დააცხვეს; ცომი უსაფუვრო იყო, ვინაიდან ისინი სწრაფად გამოყარეს ეგვიპტიდან, და საგზლის მომზადებაც ვერ მოასწრეს.+
40 ისრაელების ხიზნობის დრო, რომლებიც ეგვიპტეში ცხოვრობდნენ,+ 430 წელი იყო.+ 41 იეჰოვას მრავალრიცხოვანი ხალხი 430 წლის ბოლოს, სწორედ იმ დღეს, გამოვიდა ეგვიპტიდან. 42 იეჰოვას მიერ ეგვიპტიდან ისრაელების გამოყვანა ამ დღეს ღამით უნდა აღინიშნებოდეს. ეს ის ღამეა, რომელსაც ისრაელთაგან თაობიდან თაობაში იეჰოვას განსადიდებლად ყველა უნდა აღნიშნავდეს.+
43 იეჰოვამ მოსესა და აარონს უთხრა: „ეს არის პასექის აღნიშვნის წესი: არცერთმა უცხოელმა არ უნდა ჭამოს საპასექო ვახშამი.+ 44 მაგრამ, თუ გყავთ ნაყიდი მონა, წინადაცვითეთ+ და მერე ჭამოს. 45 ხიზანმა და მოჯამაგირემ არ უნდა ჭამონ. 46 საპასექო ვახშამი ერთ სახლში უნდა ჭამოთ. ხორცი სახლიდან გარეთ არ გაიტანოთ და ძვალი არ გადატეხოთ.+ 47 პასექი მთელმა ისრაელმა უნდა აღნიშნოს. 48 თუ თქვენ შორის მცხოვრები უცხოელი იეჰოვას განსადიდებლად პასექის აღნიშვნას მოისურვებს, წინადაიცვითონ მანაც და მის სახლეულობაში მყოფებმაც; მერე კი შეუძლია იზეიმოს. ამის შემდეგ იგი იმ მიწის მკვიდრივით იქნება. არცერთმა წინადაუცვეთელმა კაცმა არ ჭამოს საპასექო ვახშამი.+ 49 ერთი კანონი იქნება როგორც მკვიდრისთვის, ისე თქვენ შორის მცხოვრები უცხოელისთვის“.+
50 ისრაელთაგან ყველამ ისე გააკეთა, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნაბრძანები მოსესა და აარონისთვის; ზუსტად ისე გააკეთეს. 51 სწორედ იმ დღეს გამოიყვანა იეჰოვამ მრავალრიცხოვანი ისრაელი ეგვიპტიდან.