მოციქულთა საქმეები
25 პროვინციის მართვის დაწყებიდან სამი დღის შემდეგ ფესტუსი+ კესარეიდან იერუსალიმში ჩავიდა. 2 უფროსმა მღვდლებმა და გავლენიანმა იუდეველებმა მოახსენეს მას ყველაფერი, რაშიც პავლეს ბრალს სდებდნენ.+ ისინი სთხოვდნენ, 3 პავლე იერუსალიმში გაეგზავნა, რადგან აპირებდნენ, რომ გზად ჩასაფრებოდნენ და მოეკლათ.+ 4 ფესტუსმა უპასუხა, რომ პავლეს კესარეიდან ვერ ჩამოიყვანდა, რადგან თავადაც მალე უნდა დაბრუნებულიყო იქ. 5 „ამიტომ, ვისაც სიტყვა გეთქმით, — უთხრა მან, — გამომყევით და ბრალი დასდეთ მას, თუ აქვს რამე ჩადენილი“.+
6 ფესტუსი იქ 8-10 დღე დარჩა და კესარეაში დაბრუნდა. მეორე დღეს სასამართლო ტახტზე დაჯდა და პავლეს მოყვანა ბრძანა. 7 როცა ის მოიყვანეს, იერუსალიმიდან ჩამოსული იუდეველები გარს შემოეხვივნენ და მძიმე ბრალდებებს უყენებდნენ, თუმცა ვერაფერს უმტკიცებდნენ.+
8 პავლემ თავის დაცვა დაიწყო: „არანაირი ცოდვა არ ჩამიდენია არც იუდეველების კანონის წინააღმდეგ, არც ტაძრის და არც კეისრის წინააღმდეგ“.+ 9 ფესტუსს იუდეველების მომადლიერება უნდოდა+ და ამიტომ პავლეს ჰკითხა: „ხომ არ გირჩევნია, იერუსალიმში წახვიდე და იქ გაგასამართლო?“ 10 პავლემ მიუგო: „მე კეისრის სასამართლო ტახტის წინ ვდგავარ და აქ უნდა გავსამართლდე. იუდეველებისთვის ცუდი არაფერი გამიკეთებია, რაც თავადაც კარგად მოგეხსენებათ. 11 თუ მართლა დამნაშავე ვარ და ისეთი რამ ჩავიდინე, რომ სიკვდილს ვიმსახურებ,+ გამომიტანეთ სასიკვდილო განაჩენი, მაგრამ, თუ ესენი ტყუილუბრალოდ მდებენ ბრალს, ვერავინ გადასცემს მათ ჩემს თავს მათი გულის მოსაგებად. კეისართან ვასაჩივრებ!“+ 12 ფესტუსი მრჩევლებს მოეთათბირა და უთხრა მას: „კეისართან ასაჩივრებ და კეისართან წახვალ“.
13 რამდენიმე დღის შემდეგ კესარეაში ფესტუსს მეფე აგრიპა და ბერნიკე ეწვივნენ. 14 ისინი იქ რამდენიმე დღე დარჩნენ. ფესტუსმა მეფეს პავლეს ამბავი მოახსენა:
„აქ არის ერთი კაცი, რომელიც ფელიქსმა პატიმრობაში დატოვა. 15 იერუსალიმში რომ ვიყავი, უფროსმა მღვდლებმა და იუდეველთა უხუცესებმა მას ბრალი დასდეს+ და მის დასჯას მოითხოვდნენ, 16 მაგრამ მე ავუხსენი, რომ რომაელებს ვინმეს გულის მოსაგებად არ სჩვევიათ კაცისთვის მსჯავრის დადება და რომ ბრალდებულს ჯერ ბრალმდებლები უნდა დაუპირისპირდნენ და თავდაცვის საშუალება უნდა მიეცეს.+ 17 ამიტომ, როცა ჩამოვიდნენ, აღარ დავაყოვნე, მეორე დღესვე დავჯექი სასამართლო ტახტზე და მისი მოყვანა ვბრძანე. 18 ბრალმდებლებმა ვერ დასდეს მას ბრალი ისეთ ბოროტმოქმედებაში, როგორსაც ველოდი.+ 19 ისინი მას რაღაცას ედავებოდნენ თავიანთ სარწმუნოებაზე+ და ვიღაც იესოზე, რომელიც მომკვდარა, მაგრამ პავლე ირწმუნებოდა, ცოცხალიაო.+ 20 რაკი ვერ გავერკვიე, როგორ გადამეწყვიტა ეს სადავო საქმე, ვკითხე მას, იერუსალიმში წასვლა და იქ გასამართლება ხომ არ ერჩივნა.+ 21 მაგრამ, როცა პავლემ კეისართან მოითხოვა გასაჩივრება, რათა მის უდიდებულესობას გამოეტანა გადაწყვეტილება,+ ვბრძანე, რომ ის კეისართან გაგზავნამდე პატიმრობაში დაეტოვებინათ“.
22 მაშინ აგრიპამ ფესტუსს უთხრა: „მეც მინდა მაგ კაცის მოსმენა“.+ მან მიუგო: „ხვალვე მოუსმენ“. 23 მეორე დღეს აგრიპა და ბერნიკე დიდი ზარ-ზეიმით მივიდნენ, ათასისთავებსა და ქალაქის დიდებულებთან ერთად მისაღებ დარბაზში შევიდნენ და ფესტუსის ბრძანებით პავლე მოიყვანეს. 24 ფესტუსმა დაიწყო: „მეფე აგრიპა და დამსწრე საზოგადოებავ, თქვენ ხედავთ კაცს, რომლის გამოც მრავალმა იუდეველმა იერუსალიმშიც მომმართა და აქაც, გაჰყვიროდნენ, ეს კაცი სიცოცხლის ღირსი არ არისო.+ 25 კი მივხვდი, რომ მას ისეთი არაფერი ჩაუდენია, სიკვდილს რომ იმსახურებდეს,+ მაგრამ, რადგან მის უდიდებულესობასთან თავად გაასაჩივრა, გადავწყვიტე, მასთან გამეგზავნა, 26 მაგრამ მის შესახებ კონკრეტულს ვერაფერს ვწერ კეისარს. ამიტომაც მოვიყვანე ის ყველას წინაშე, უმთავრესად კი თქვენ წინაშე, მეფე აგრიპა, იქნებ სასამართლო განხილვის შემდეგ მაინც შევძლო რამის დაწერა, 27 რადგან უგუნურებად მიმაჩნია პატიმრის გაგზავნა ბრალდების გარეშე“.